გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნათია კაპანაძე - ლექსები



***
ეს ქარები სიშორისგან წამოსული ქარებია.
ჯერ არავის ვყვარებივარ, ჯერ არავინ მყვარებია!
თუკი სულის ვგრძნობდი დაღლას, მარტოობით ნაწამები,
არასოდეს დამიხუჭავს თვალები და წამწამები.
სად იქნება ჩემი სატრფო, დაღლილი და სანუკვარი,
უწინ არც კი მინატრია უცხო სულთან საუბარი.
თუ რაიმეს შემოგფიცავ,ერთგული ვარ ჩემი ფიცის,
რა ტკივილი ბუდობს ჩემში, ვინ მიხვდება, ან ვინ იცის?!
დავდიოდი, თითქოს რაღაც მაკლდა, თითქოს ვერ ვიცხოვრე,
არაფერი ამისრულდა,რაც ვინატრე, რაც ვითხოვე.
დრო კი ისე გადიოდა, ისე სწრაფად, ისე მალე,
ვერაფერი ვერ შევცვალე, ფურცელი ვერ გადავშალე...
ყველაფერი დავივიწყო, მინდა, თითქოს არც ყოფილა,
მერე ჩემი თავი ვიქო დაღლილმა და კმაყოფილმა.
სანამ სრულად დასრულდება ცხოვრება და თავის გვემა,
ვერაფერი შეიცვლება, რაც არ უნდა მითხრან სხვებმა.


მირაჟი

მთელი ეგ შენი კარგად ყოფნა, მთელი ეგ შენი
ცხოვრება, დიდი სიყალბეა - სხვა არაფერი.
შებინდებისას იღვიძებ და ეგრევე დგები,
რომ მთელი ღამე მოძალებულ სიზმრებს გაექცე.
სიზმრებს დღეების ეშინიათ, დღე მშვიდად წვები,
რას გაურბიხარ ჯერ ვერ ხვდები, მაგრამ შიგნიდან
ძალიან ცუდი შეგრძნებები გჭამენ და გხრავენ.
შებინდებულზე გამოდიხარ მუდამ შინიდან
და სახლთან ახლოს მდგომ ჭადრისკენ კვალავ ბილიკებს.
გინდა,როგორმე გამოერკვე უცხო ფიქრიდან,
ვეღარც იხსენებ ეს ფიქრები როდის დაგეწყო,
მას შემდეგ ბევრი სიკვდილი და წელი გავიდა.
ბევრი ამბავი პირუკუ და ცუდად აეწყო.
შენ თავს იმშვიდებ: უმიზეზოდ არა-რა ხდება...
როგორმე მაინც დადებითად უნდა განეწყო.
შენი შიშები, ყოველ ღამე, დაგყავს და მისი
თანხლებით ყოველ გარიჟრაჟზე ეძლევი თვლემას.
შენი ცხოვრებით აღარ ცხოვრობ, ცხოვრება სხვისი
შეისისხლხორცე. ანუ რაღაც ისეთი ხდება, რომ
შენ ვერაფრით ეგუები, შიგნიდან გწიწკნის...
აყვავებული ატმებია სადღაც მახლობლად,
მისი სურნელი ისე ცხადად იგრძენი ძილშიც.
უწინ, ატმების ქუჩაზე რომ გოგო სახლობდა,
მისი ღიმილი გელანდება. იღვიძებ შიშში,
შუაღამეა. ფანჯრის გასწვრივ აღარ ხარობდა
იასამნის ხე. პირველად დღეს შენიშნე, თუმცა,
ალბათ დიდი ხნის მკვდარი არის ფესვები მისი.
თვალი შეავლო ამ გარემოს, გინდა, მოხუცმა,
ცხოვრება კი არ გენანება, უფრო სიკვდილი
გაშინებს, რადგან სიცოცხლეა ხანგრძლივი მოცდა,
სანამ სიკვდილი ეუფლება შენს მჩატე სხეულს.
ცდილობ როგორმე ეს სურათი წარმოიდგინო...
ვერ გაურბიხარ შენს ნასახლარ სხეულში გრძნეულს,
რადგან ის შენი ნაწილია, განუყოფელი.
მაგრამ რატომღაც ცხადად გრძნობ,რომ მოხდება წლეულს
ის, რასაც ასე გაურბოდი, რაც შიშს ნერგავდა,
ამიტომ არის, უჩვეულო სიმშვიდე ჰპოვე.
შენ ხარ ნამყნობი! (შენ ვერავინ ვეღარ გხედავდა
რადგან ცდილობდი ორი კაცის გეცხოვრა მუდამ,
ერთმანეთს ასე უჩვეულოდ რომ შეეზარდა
-შენში ცუდი და კარგი მხარე) ასე იქეცი
ადამიანად. სანამ შიშის გემომ წაგლეკა.
ახლა, ცხადია, რომ ვერასდროს ვერაფერს შეცვლი,
რადგანაც, ფიქრობ, ამის შანსი რომ არ გვეძლევა
და სევდიანი მიუყვები ძველ ბილიკს. დაცლილ
სახლებს გაჰყურებ, დაობლებულ ქუჩებს და კარებს,
რომელსაც, ალბათ, აღარავინ შეაღებს დიდხანს.
მთელი ეს შენი წარმოსახვა ისეთ დარდს ბადებს,
რომ ლამისაა დაიჯერო. უკან გახედავ
უკვე გამოვლილ ბილიკებს და სახლის კარს აღებ
სიზმრებს დღეების ეშინიათ, შენ კი სიზმრები
ისე ძალიან მოგენატრა აღარც გადარდებს
ახლა რა დროა. უჩვეულო სიმშვიდით კრთები,
ხვდები, რომ დიდი სიყალბეა - სხვა არაფერი,
მთელი ეგ შენი კარგად ყოფნა, ცხოვრება შენი...
აქ არის მთელი უშენობა, მთელი ამბავი.
სიტყვა ბოლოჯერ წარმოთქმული. როგორც მოჰიკანს
-მოვალ და ჩემი სიყვარულის ნარჩენ ნაწილებს
უკანასკნელი ამოსუნთქვის მსგავსად მოგიტან!
მოვალ და ჩემი ფიქრებივით დაგიზეპირებ
და მოგიყვები,როგორია სიზმარგაცლილი
ღამე. მივყვები ძირგამოცლილ, მომცრო ჯებირებს,
ვერ მოგიტევე! ვერც დავტოვე გზები განვლილი...
ეს იყო მთელი არსებობა, ასე ვეწამე,
შევისისხლხორცე უშენობა, დარდი მრავლდება...
სიყვარულია ყველაფერი, მაგრამ ვიწამე
რომ სიყვარულიც უფრო ხშირად ცუდად მთავრდება!
არაფერია, სხვა გზას თუკი ვეღარ მოვნახავ,
შენი თვალები მოუვლელი მიწის ფერია.
ვიცი, ვერასდროს შემეჩვევი, ვიცი, ვერ გნახავ,
ჩემი სათქმელიც ასე მორჩეს, არაფერია!


ფრაგმენტი
1.
თუკი ოდესმე კვლავ შემეხება ფერგადასული შენი ხელები,
ჩემს უკანასკნელ სურვილს ჩავუთქვამ, მოგენდობი და მოგეკედლები.
გავიხსენებდი ყველა გასულ დღეს, ყველა ღიმილს და გულის ფორიაქს,
რომ ვერაფერი დრომ ვერ წაიღო და რომ დროს ახლა მხოლოდ დრო მიაქვს.
არ მექნებოდა აღარც სურვილი, აღარც ნატვრა და აღარც ოცნება,
გადამავიწყეს სხვა საფიქრალი - შენმა თვალებმა, შენმა კოცნებმა.
ყველაფერს, რასაც გავაკეთებდი, მხოლოდ გულით და მხოლოდ ხალისით,
იმაზე, უწინ ტკივილს რაც მგვრიდა, აღარ ვდარდობ და აღარ განვიცდი.
არ მექნებოდა შიში, კანკალი ამ სხეულის და მომცრო თითების
და შენს გარშემო იტრიალებდა დაუშრეტელი ჩემი ფიქრები.
ნაცვლად კვამლისა,გავებმებოდი შენი მკლავების ლაბირინთებში,
შეგაყვარებდი მუდმივ ხეტიალს ნისლებ ჩაძირულ, ოქროსფერ მთებში.
ჩემი ცხოვრება აღარ იქნება მხოლოდ შავი და თეთრი ფერები,
თუკი ოდესმე კვლავ შემეხება ფერგადასული შენი ხელები.
2.
ყველა ალიონს ვეგებები ყალბი ღიმილით, უთქმელი სევდა,
რომ უფიქრებო დილა გათენდეს. მინდა სიმშვიდე და გადარჩენა.
მინდა, რომ ყველა ამბავს რომელსაც გამახსენებენ, - ახლდეს ღიმილი...
რომ ოდნავ მაინც შემიმსუბუქდეს ნაჭრილობების მძაფრი ტკივილი...
როცა წარსული გამახსენდება, შეუცვლელი და მთელი სიცხადით,
ნუ გამახსენებ შეცდომებისთვის როგორ გძულდი და როგორ მკიცხავდი.
ნუ გამახსენებ,რომ ყველაფერი მხრებით კი არა გულით ვატარე
და შენ უბრალოდ გადაივიწყე, გადამალე თუ დაასამარე.
რომ ნება ჩემი - შენი სურვილის წინააღმდეგ თუ იყო პირისპირ,
რომ ძილში შიშით მეღვიძებოდა და ფორიაქი მქონდა ძილის წინ.
სად გადავმალო ამდენი განცდა?! უკვე განვლილი თუ გასავლელი.
რა დაღლას გრძნობენ ჩემი თვალები, ჩემი ხელები და ჩემი მხრები.
ახლა სიმშვიდეს თუ რამ მომიტანს, ასე ვიტყოდი ან ვისურვებდი,
გაქრეს ფიქრები შენზე მუდმივი და ტანზე შენი ნათითურები.
3.
მაშინებს ყველა უძილო ღამე და ხასიათის ცვალებადობა,
ადამიანი - დარდის გარეშე და ჩემი თავის სხვისთვის განდობა.
სადაც იქნები,თან გამოგყვება შენთვის ვერ თქმული ჩემი სიტყვები,
შენ კი, რაც გითქვამს, მემახსოვრება, მთელი სიცხადით, სადაც ვიქნები
(გადაბიჯებულ ყველა ბარიერს და მცდელობების უდიდეს დასტას
არ დამავიწყდეს, აქვე ვამატებ, თუ სადმე ფეხი შეცდომით წამცდა).
ყველა შეცდომა გამოსწორებას საჭიროებს და იმასაც დავძენ,
ნებისყოფა რომ აღარ მეყოფა, მორიგ ბარიერს რომ ვეღარ დავძლევ.
უნდა იცოდე: რომ ჩემი სევდა, ჩემი დარდი და ჩემი ტკივილი
მინელდებოდა შენი თვალებით, შენი თითებით, შენი ღიმილით.
მახსოვს, რა ხშირად გეფიქრებოდი, როგორ გსურდი და როგორ გიყვარდი,
სანამ ხელები ჩემი გეჭირა, სანამ მყავდი და სანამ იყავი.
და თუ ოდესმე კვლავ შემეხება ფერგადასული შენი ხელები,
ჩემს უკანასკნელ სურვილს ჩავუთქვამ, მოგენდობი და მოგეკედლები.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge