გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სერგო ვარდოსანიძე - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობა 1921-1932 წლებში

  
       საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა 1918-1921 წლებში არ იყო ჰარმონიული. დემოკრატიული მთავრობის მიერ შემუშავებული კანონი ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის შესახებ, არ ითვალისწინებდა საქართველოს ისტორიაში მრავალსაუკუნოვანი ქართული ეკლესიის როლსა და მნიშვნელობას. როგორც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდი აღნიშნავდა: ამ კანონით ეკლესიას წაართვეს მოქალაქეობრივი უფლება და შეძლება სარწმუნობრივ-ზნეობრივი ნუგეში ეცა მორწმუნეთათვის ყველა იმ დღესასწაულებში, რომელიც შეადგენს საქართველოს ეკლესიისათვის წმიდათაწმიდას და ისტორიულ ატრიბუტს მათი ქრისტიანული რწმენისას და იძულებულს ხდიან მათ თავისი დღეობანი და ტიპიკონი ამქვეყნიურ და, ისიც სოციალისტურ ანგარიშებს შეუფარდოს. საქართველოს ეკლესიის მესვეურთათვის მისაღები იყო ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფა, რადგან მათი აზრით საქართველოს სამოციქულო ეკლესიას იმხანად პოლიტიკური პრეტენზიები არ ჰქონდა, მაგრამ აუცილებელი იყო ეს გამოყოფა მომხდარიყო ცივილური ფორმით, ურთიერთპატივისცემისა და ინტერესების გათვალისწინებით. სამწუხაროდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ უგულვებელყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესები, თუმცა აშკარა დაპირისპირება და კონფრონტაცია ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არ ყოფილა. როგორც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმიდესი ამბროსი 1923 წელს აღნიშნავდა, - მართალია 1918-1921 წლებში ეკლესიას ავიწროვებდნენ, მაგრამ ერი იყო თავისუფალი და სასულიერო პირნი ახერხებდნენ ერის სულიერ სამსახურს. 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, როცა საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს დაპყრობა და ძალით გასაბჭოება,საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც დამცველი თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესებისა, იმთავითვე მიუღებელი იყო ახალი საოკუპაციო რეჟიმისათვის. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურნი, კათალიკოს პატრიარქები: კირიონი, ლეონიდი და ამბროსი მრევლისადმი მიმართვაში არა ერთხელ შეხებიან ბოლშევიკური იდეოლოგიის მანკიერ მხარეებს. ისინი მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ სოციალისტური მსოფლმხედველობისადმი. ,,ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელთაც ახლა სოციალიზმის დროშით ახორციელებენ ქართველ ერს ზნეობრივ გახრწნა-გადაგვარებამდე მიიყვანს,“ - აღნიშნავდა სრულიად კათალიკოს-პატრიარქი უწმიდესი ამბროსი.
        საქართველოს ანექსიის პირველსავე თვეებში საბჭოთა ხელისუფლების რევკომმა მ.ორხელაშვილისა და შ.გაბრიჩიძის ხელმოწერით 1921 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა N21 დეკრეტი ,,სახელმწიფოსაგან ეკლესიისა და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის შესახებ.” დეკრეტის თანახმად, ეკლესია სახელმწიფოსაგან და სკოლიდან გამოყოფილად
ცხადდებოდა. სარწმუნოება მოქალაქეთა პირადი საქმე იყო. დეკრეტის 16-ე და 15-ე მუხლებში კარგად ჩანდა ხელისუფლების დამოკიდებულება მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ - ,,ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან და სკოლა - ეკლესიისაგან. ყველა ადამიანს აქვს უფლება იწამოს ესა თუ ის რელიგია. აკრძალულია რაიმე ფორმით მისი პროპაგანდა. ეკლესიას არა აქვს იურდიული პირის სტატუსი”. საოკუპაციო ხელისუფლება განსაკუთრებით აღშფოთებული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრაციაში წასული მთავრობით იმის გამო, რომ მან საქართველოს მუზეუმებიდან, ეკლესია-მონასტრებიდან გაიტანა ოქროსა დავერცხლის საეკლესიო ნივთები. ხელისუფლების წარმომადგენლები წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების მოგვარებას საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი საკუთრების წართმევითა და საეკლესიო ნივთების რეალიზიციიდან მიღებული ფულით ცდილობდნენ.
        1922-1925 წლებში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მაზრებში მუშაობდა სპეციალური კომისიები, რომლის შემადგენლობაში ადგილობრივ პარტიულ ხელმძღვანელებთან ერთად შედიოდნენ მოქმედი ეკლესიების მოძღვარნი. მათ აუხსნეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო ეკლესიების სრული აღწერა. აღწერის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ოქროსა და ვერცხლის ნივთებს. აღწერის შემდეგ სასულიერო პირებს ასეთ ხელწერილს აწერინებდნენ : ,,ზემოაღნიშნული ნივთები ვალდებული ვარ შევინახო, არასგზით არავის გადავცე. ჩემი გადაყვანისას ვალდებული ვარ განვუცხადო ადგილობრივ პოლიტბიუროს”. ქართული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები იმთავითვე მიხვდნენ, თუ რა ვერაგული განზრახვა ამოძრავებდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამიტომაც მათ შექმნეს სიძველეთა ხელოვნების და ბუნების ძეგლთა დაცვის განყოფილება, რომლის მუშაობაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, დ. შევარდნაძე, აკ. შანიძე, გ. ბოჭორიძე. კომიტეტის მიზანი იყო ისტორიული მნიშვნელობის საეკლესიო ნივთების მუზეუმში განთავსება და შენახვა. ახალგაზრდა ისტორიკოსის გიორგი ბოჭორიძის დამსახურება იყო, რომ მან ეკლესია-მონასტრებიდან გამოიტანა ისტორიული ღირებულების ხატები, ბარძიმფეშხუმები, ჯვრები და ჩააბარა მუზეუმს, რითიც იხსნა ისინი ადგილობრივი ხელმძღვანელობის მსახვრალი ხელიდან. 
        1922 წლიდან საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის საგანგებო თათბირის გადაწყვეტილებით გაძლიერდა ანტირელიგიური კამპანია. ხელისუფლება ამ ნაბიჯს უკავშირებდა გენიუს საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის უწმიდესი ამბროსის, საკათალიკოსო საბჭოს წევრების მიერ გაგზავნილ მემორანდუმს. საოკუპაციო ხელისუფლებას სურდა მსოფლიოს საზოგადოების თვალში მემორანდუმის ავტორები წარმოეჩინა, როგორც უკმაყოფილოთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელთაც თითქოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ თანაუგრძნობდა. ანტირელიგიური პროპაგანდის გაძლიერების მიზნით 1922 წლის 14 დეკემბერს ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პლენუმზე ახალგაზრდა კომკავშირელებმა მიიღეს გადაწყვეტილება ,,კომკავშირული აღდგომის“, ,,შობის“ დღესასწაულის ჩატარების შესახებ. ამავე დროს საოკუპაციო ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების საიდუმლო დირექტივების საფუძველზე დაიწყეს საქართველოში მოქმედი ეკლესია-მონასტრების გაუქმების კამპანია. 1923 წლის 9 თებერვალს ქ. ონის საზოგადოებრივმა სასამართლომ განიხილა რელიგიური საკითხი და გამოიტანა გადაწყვეტილება, დაეგმოთ რელიგია, როგორც ხალხის მტერი. ქუთაისში ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ვ. ბახტაძის ინიციატივით მოეწყო წმინდა ნეშტების გახსნის კამპანია. მოწამეთას ეკლესიიდან სასულიერო წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად წმ. დავითისა და კონსტანტინეს ნეშტები ამოასვენეს და გადაიტანეს ქუთაისში, სადაც ხალხს არწმუნებდნენ, რომ ისინი არავითარი წმინდანები არ იყვნენ. როგორი მტერი არ უნახავს საქართველოს, მაგრამ რაც ბოლშევიკებმა ეკლესია-მონასტრების მიმართ ვანდალობანი ჩაიდინეს, მსგავსი არ ახსოვს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას. 1923 წლის თებერვალ-მარტში სენაკის მაზრაში დაიკეტა ყველა ეკლესია და გამოცხადდა ისინი კულტურის კერებად. ანტირელიგიური კამპანიის ერთი წლის შედეგები ასეთი იყო: საკათალიკოსო საბჭოს მთელი შემადგენლობა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის ხელმძღვანელობით დაპატიმრებულნი იყვნენ, 1923 წლის აპრილში თბილისის მაზრაში დაიკეტა 48, ქუთაისში 160, სენაკში 148, შორაპნის მაზრაში 148, ოზურგეთის მაზრაში 130, რაჭაში 117, ლეჩხუმში 78, გორის მაზრაში 78, ზუგდიდის მაზრაში 75, სიღნაღის მაზრაში 65, ცხინვალის ზონაში 60 ეკლესია. როგორც სენაკის მაზრიდან იტყობინებოდნენ, ეკლესიის დახურვას წინ უსწრებდა გრანდიოზული მიტინგები, ხალხი ,,ვაშას“ ძახილით დაიძრა ეკლესიისაკენ, სახურავიდან ჩამოხსნეს ჯვარი. გუმბათზე ჯვრის ადგილზე ვარსკვლავი აღმართეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ანტირელიგიურ კამპანიას ისე წარმართავდნენ, თითქოს მოსახლეობის 99% მხარს უჭერდა მათ პოლიტიკას. თუ ეს ასე იყო, რით აიხსნებოდა 1923 წლის 28 თებერვალს საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის მიერ საგანგებო ცირკულარის შემუშავება ანტირელიგიური პროპაგანდის ფორმებისა და მეთოდების შესახებ, რომელშიც საუბარი იყო, რომ მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ, რათა ,,ჩამორჩენილი“ მოსახლეობის ამბოხება არ გამოეწვიათ. მდგომარეობა იმდენად რთული შეიქმნა, რომ საქ. კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტი იძულებული გახდა 1923 წლის მაისში ოფიციალურად დაეგმო ადმინისტრაციული წესით ეკლესიების დახურვის მავნე პრაქტიკა. აღშფოთებული ხალხი ასე ადვილად არ თმობდა მამა-პაპურ ტრადიციებს, ქრისტიანული სარწმუნოებას და სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა ხელისუფლების წარმომადგენლებს. შექმნილი რთული ვითარება კარგადაა აღწერილი ქართველ მართლმადიდებელ მორწმუნეთა განცხადებაში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისადმი. წერილის ავტორები ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ ხელისუფლების მიერ დანიშნულ `კომსომოლისტების შობა~ იყო რაღაც საშინელი. ახალგაზრდა აქტივისტები ძალით შედიოდნენ ეკლესიებში ახდენდნენ უწესრიგობას, ხალხს აშინებდნენ იარაღით; სამხედრო ტაძარში შესული ახალგაზრდები ქუდებითა და სიგარეტით იყვნენ, ირონიით ეხებოდნენ ხატებს, ეკლესიაში ჰყრიდნენ პროკლამაციებს. ყოველივე ამან ისე აღაშფოთა მლოცველები, რომ ზოგიერთს ისტერიკაც დაემართა. ესეც არ იკმარეს, ვიღაცეები ტაძრის გუმბათზე ავიდნენ და ჯვარზე წითელი ნაჭრები ჩამოაცვეს~5. განცხადების ავტორები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ სინდისის თავისუფლების მათ მიერვე მიღებული კანონის დაცვას. დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა თეთრი წყაროს რაიონ სოფ.პატარა ირაგაში, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია კომკავშირელ აქტივისტებს ეკლესიის დახურვისა და კლუბად გადაკეთების სურვილზე. ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის წინააღმდეგობის გასატეხად დააპატიმრეს რამდენიმე აქტიური მორწმუნე. აღშფოთებულმა ხალხმა დეპეშა გაუგზავნა თბილისში ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფ. მახარაძეს და მოითხოვა უკანონობის აღკვეთა. 1923 წლის ნოემბერში თეთრიწყაროს (აღბულაღის) თემაღმასკომს ასეთი საიდუმლო მითითება მიუვიდა: ,,საქართველოს ცაკის საქმეთა მმართველობა გთხოვთ საჩქაროდ მიაწოდოთ ცნობები სოფ. პატარა ირაგაში ეკლესიის დახურვისა და მორწმუნეთა დაპატიმრების შესახებ“.ხელისუფლება იძულებული გახდა დაეტუქსა ადგილობრივი პარტიული და კომკავშირელი აქტივისტები, რათა მოსახლეობა დაემშვიდებანა. თუმცა სინდისის თავისუფლების შესახებ კანონის უგულებელყოფას ადგილი ჰქონდა დედაქალაქშიც. 1923 წლის 9 იანვარს სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს შინაგან საქმეთა კომისარიატისაგან ასეთი შინაარსის წერილი მიუვიდა ,,სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით (N68). რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ტაძრები გადაეცა კომკავშირის ახალგაზრდულ კავშირს. ამიტომ გევალებათ ხვალ 10 იანვარს 13 საათზე გაგზავნოთ თქვენი ორი წარმომადგენელი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში ამხ. კაკაბაძესთან თბილისის სამხედრო ტაძრის მღვდელმსახურების და სხვა საგნების ჩასაბარებლად“.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭო აღაშფოთა ბოლშევიკური ხელისუფლების ასეთმა უტიფრობამ და ცინიზმმა. მან 12 იანვარს შინაგან საქმეთა კომისარიატს ღირსეული პასუხი დაუბრუნა: ,,ძალისა გამო დეკრეტის N21 საკათალიკოსო საბჭო ვერ სცნობს თავისთვის შესაძლებლად დასთმოს თბილისის წმ. გიორგის სახელობის (ყოფ. სამხედრო) ტაძარი არასარწმუნოებრივი მიზნებისათვის და ამის გამო ვერც წარგზავნის შინაგან საქმეთა კომისარიატში თავის წარმომადგენელს აღნიშნული ტაძრის ჩასაბარებლად“. მთავრობის წარმომადგენელთა გააფთრება გამოიწვია საკათალიკოსო საბჭოს ამ წინააღმდეგობამ. 1923 წლის 31 დეკემბერს საკათალიკოსო საბჭოს წევრები მ.ტყემალაძე და ნიკ. არჯევანიძე დაპატიმრებულ იქნენ იმის გამო, რომ ,,არ დაემორჩილნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს საქართველოს სახკომსაბჭოს 8 იანვარის (#68) დადგენილებას თბილისის სამხედრო ტაძრის გადაცემის შესახებ“.დაპატიმრებულმა განაცხადეს, რომ ისინი ემორჩილებოდნენ საქართველოს სასულიერო ხელისუფლებას, საკათალიკოზო საბჭოს და ამიტომ თავს დამნაშავედ არ სცნობდნენ. 1923 წლის 14 მაისს ცეცხლი გაუჩინეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კარის ეკლესიას, მანამდე კი იქიდან ძვირფასეულობანი გაიტაცეს. 
       1923 წლის 7 ივლისის ცაკის საიდუმლო განკარგულებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის რეზიდენცია გადაეცა ქ.თბილისის საბინაო განყოფილებას”.საქართველოს სხვადასხვა მაზრებში შექმნილ განუკითხაობას კარგად წარმოაჩენს 1923 წელს გიორგი ლეონიძის წერილი სიძველეთა სამეცნიერო დაწესებულებათა მთავარ სამმართველოსადმი. ,,გარე კახეთში, - წერდა იგი, - სხვა ეკლესიებთან ერთად დაკეტეს უძველესი ნინოწმინდის საკათედრო ტაძარი, საიდანაც სხვა ნივთებთან ერთად საგარეჯოს რევკომმა გაიტანა ორი უძველესი ხატი: წმინდა ნინოს სასწაულმოქმედი ხატი შეწირული არჩილ მეფისაგან და წმ. ნინოს ვერცხლით მოჭედილი და განახლებული XVIII საუკუნეში ნინოწმინდელ მიტროპოლიტ საბა ტუსიშვილის მიერ. ორივე ხატი წარმოადგენს დიდ ისტორიულ საუნჯეს და ვშიშობ, რომ უცოდინარობის გამო შეიძლება საგარეჯოს რევკომმა მოხსნას ამ ხატებს სამკაულები და ჩუქურთმები. გთხოვთ მიიღოთ ზომები მათ გადასარჩენად. გარდა ამისა,ენისელში არსებობს 20 პატარა ეკლესია, რომელნიც სავსეა ისტორიული ფრესკებით. დღეს ამ ეკლესიებში დამდგარან სომეხი ლტოლვილები, რომელნიც შიგ ცეცხლს ანთებენ და ანადგურებენ ყველაფერს”. რამდენი ასეთი ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა საქართველოს ეკლესია-მონასტრების დიდი ნაწილი და იქ დაცული სიწმინდენი. 1924 წლის 21 ნოემბერს ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ მიღებული იქნა დეკრეტი ,,რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციის შესახებ”, რომლის თანახმად გაუქმებულ იქნა: ,,ყველა მოქმედი დადგენილება, ინსტრუქცია და ადმინისტრაციული განკარგულება, რაც შეეხებოდა რელიგიურ საზოგადოებათ და ზღუდავდა საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეთა მიერ რელიგიური მსახურების თავისუფალ აღსრულებას. ახალი დადგენილებით მოქალაქეებს უფლება ეძლეოდათ სარგებლობაში მიეღოთ ტაძრები, სამლოცველო სახლები, აგრეთვე ღვთისმსახურებისა და რელიგიური წესებისათვის განკუთვნილი ქონება, რისთვისაც დამფუძნებელ წევრთა რიცხვი შვიდზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. დადგენილებაში იყო მუხლი, რომლის თანახმადაც, მოქმედი რელიგიური საზოგადოების რეგისტრაცია უნდა მოეხდინა ადგილობრივ სამაზრო ან ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტს, რომელსაც შეეძლო სხვადასხვა მიზეზით უარი ეთქვა რელიგიური საზოგადოების რეგისტრაციაზე. 1924 წლის 7 დეკემბერს #280 ინსტრუქციით, რომელიც იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატების სახელით გამოიცა სასულიერო პირებს მიეცათ უფლება ,,ქადაგებისა იმ პირობით, რომ შინაარსით ქადაგება იყოს მარტოოდენ რელიგიური და რელიგიურ დამრიგებლური ხასიათის. მორწმუნეებს ასევე შეეძლოთ ხელისუფლების წინასწარი ნებართვის გარეშე მოეწვიათ საეპარქიო თუ საოლქო კრებები”.საბჭოთა ხელისუფლების მიერ რელიგიის შესახებ გამოცემული დეკრეტები, რომელნიც სინდისის თავისუფლების ხელშეუხებლობას აღიარებდნენ, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდგომი ღონისძიება იყო. ხელისუფლების ანტირელიგიური ისტერიის ოდნავ შერბილება განპირობებული იყო მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილებით. 1924 წლის დეკემბერში სრულიად საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში გაიმართა თათბირი, რომელიც ეხებოდა ანტირელიგიური პროპაგანდის სფეროში მომხდარ დარღვევებს. თათბირმა მიიღო ყველა მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის სახელზე საიდუმლო ცირკულარი, რომელშიც ფაქტიურად აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ დაშვებული შეცდომები. ცირკულარში აღნიშნული იყო: ,,მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პოლიტიკა ეკლესიისა და რელიგიის საკითხებში სრულიად ნათელია, მიუხედავად სათანადო კანონმდებლობის კატეგორიული მოთხოვნისა, იმ ცნობებით, რაც სრულიად საქართველოს ცაკში შემოდის, ეჭვის გარეშეა, რომ ადგილებზე ხშირად ირღვევა აღნიშნული კანონები და ამით საბჭოთა ხელისუფლებას მორწმუნეთა თვალში სახელი უტყდება. 
       ადგილობრივი ხელისუფლება წინააღმდეგ მოქმედი კანონმდებლობისა და მისი გვერდის ავლით უხეშად ერევა მორწმუნეთა საზოგადოებების შინაურ ცხოვრებაში... ხურავენ და ანგრევენ არსებულ საყდრებსა და სამლოცველო სახლებს, მათ არ ატარებენ რეგისტრაციაში, ხანდახან კიდეც აპატიმრებენ ცალკეულ მოქალაქეებს“.ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი კატეგორიულად მოითხოვდა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან ხელი აეღოთ ეკლესიების ადმინისტრაციული წესით დახურვის პრაქტიკაზე. ,,უნდა ბეჯითად ერიდოთ მორწმუნეთა რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფას და აგრეთვე არ უნდა მისცეთ საბაბი, რათა საბჭოთა ხელისუფლების ესა თუ ის ღონისძიება მათ მიერ გაგებული იქნეს, როგორც განზრახვა მორწმუნეთა სინდისის თავისუფლების შევიწროების ან შეზღუდვისა“. იმ დროს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს ძირითადი შემადგენლობა უწმიდესი და უნეტარესი კათალიკოს-პატრიარქი ამბროსის მეთაურობით დაპატიმრებულნი იყვნენ საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს სახელით საბჭოთა ხელისუფლების მიმართ ასეთი განცხადება გააკეთა: ,,ვაცხადებთ, რომ ვართ საქართველის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქენი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნი, რომელნიც ვაღიარებთ მუშურ-გლეხურ კომუნისტურ ხელისუფლებას, ვემორჩილებით მას, არ ვაწარმოებთ მთავრობის საწინააღმდეგო მუშაობას“.საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის ასეთი განცხადების შინაარსი იმაზე მიუთითებდა, რომ ისინი მზად იყვნენ საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, ემიჯნებოდნენ საკათალიკოსო საბჭოს იმ წევრებს, რომელნიც კონფროტაციაში იყვნენ საოკუპაციო ხელისუფლებასთან. შეიძლება ეს იყო ერთგვარი დიპლომატიური ნაბიჯი საქართველოს ეკლესიის გადასარჩენად, მაგრამ საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სახელით 1924 წლის 20 ოქტომბრის განცხადება: ,,ვაღიარებთ საბჭოთა ხელისუფლებას, რომელიც წარმატებით ხელმძღვანელობს ქართველი ერის კულტურულ-ეკონომიკურ და ეროვნულ აღორძინებას, ვგმობთ 1924 წლის აგვისტოს ავანტურას” იყო დიდი შეცდომა: ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არ ნიშნავდა თავისუფლებისათვის წამებული მამულიშვილების ავანტურისტებად მონათვლას. 
         საბჭოთა ხელისუფლებას სურდა დაემტკიცებინა მსოფლიოსათვის, რომ 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილენი ერთი მუჭა ავანტურისტები იყვნენ, საკათალიკოსო საბჭოს წევრები, კათალიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი არ გამოხატავდნენ მორწმუნე ქართველი ხალხის ნებას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაში უმრავლესობა არ იზიარებდა გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმის შინაარსს. ხელისუფლების კარნახით, 1924 წლის 25/26 სექტემბერს მოწვეულ იქნა თბილისის ოლქის სამღვდელოების კრება, სადაც დაისვა საკითხი: სამღვდელოების მიმართება მომენტისადმი, მიღებულ იქნა შემდეგი რეზოლუცია: `თბილისის ქართველი სამღვდელოება, როგორც ყოველი პოლიტიკისა და პარტიული ინტერესების გარეშე მყოფი და დიადი ქრისტიანული პრინციპებისადმი ერთგული, იზიარებს ხელისუფლებისადმი მორჩილების პოლიტიკას, არც იდეურად, არც მოქმედებით არ ეთანხმება ამ სისხლისმღვრელს და ძმათა გამთიშველ გამოსვლებს~. რეზოლუციას `ვიზიარებ და ვიწონებ~ ხელს აწერდა ეპისკოპოსი ქრისტეფორე. როგორ არ ჰგავდა მისი ასეთი დამოკიდებულება 1922 წლის 18 მაისს ეპისკოპოსად კურთხევის დროს წარმოთქმული სიტყვის პათოსსა და სულისკვეთებას, თუ მაშინ მეუფე ქრისტეფორე ბრძანებდა: `ძნელია დღეს ღვთისა და ერის სამსახურში ყოფნა. თუ დავაკვირდებით ჩვენს გარშემო ცხოვრების დუღილს, შენიშნავთ რომ საზოგადოების სხვადასხვა წრეებმა თავისებურად, მაგრამ ყველამ უარყოფითად განიცადეს განვლილი ამბები. ჩვენი ინტელიგენცია სხვა მიზეზების გამო ამ უკანასკნელ საუკუნეში არ ყოფილა პატივისმცემელი ეკლესიისა, ამ ბოლო დროს კი ხელისუფლების სათავეში მოექცა ის ნაწილი, რომელიც ეკლესიისადმი გულგრილობას აღარ სჯერდება, არამედ მას სასტიკ ომს უცხადებს. ურელიგიოდ ზნეობის დამყარება ფუჭი ოცნებაა~. 
      იგი ამჯერად უკვე საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალობის და თანამშრომლობის კურსის აქტიურ დამცველად გამოდიოდა.
      1921-24 წლებში ანტირელიგიური ისტერიის პირველი ეტაპი იმით დასრულდა, რომ საქართველოში მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა პარტიული და კომკავშირული ხელმძღვანელობის ინიციატივით დაიხურა ან ქოხსამკითხველოებად, კლუბებად გადაკეთდა. ანტირელიგიური ისტერიით შეპყრობილი ადამიანები ანგრევდნენ ისტორიული ღირებულების ტაძრებს, რომელთა ქვებს იყენებდნენ, როგორც საამშენებლო მასალას. ასეთ რთულ ვითარებაში ეკლესიამონასტრების იქ დაცული საეკლესიო ნივთებს, ხატებს, ბარძიმ-ფეშხუმების, სასულიერო ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების გადარჩენის საქმეში დიდი როლი შეასრულა საქართველოს სიძველეთა, ხელოვნების და ძეგლთა დაცვის განყოფილებამ. ახალგაზრდა მკვლევარმა გიორგი ბოჭორიძემ, რომელიც 1921 წლამდე სასულიერო პირი იყო და მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირის მოღვაწეობა შეწყვიტა ტაქტიკური მოსაზრებით. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ანტირელიგიური ისტერიის წლებში ანაფორიანი ხუცესი ითხოვდა ისტორიული ღირებულების ეკლესია-მონასტრების გადარჩენას, მას არავინ მოუსმენდა, მაგრამ, როგორც საქართველოს სიძველეთა განყოფილების ინსპექტორი საქართველოს სხვადასხვა მაზრებში დაუღალავად მოგზაურობდა, ,,გიორგი ბოჭორიძემ შეუძლებელი შეძლო, მან ქუთაისისა და თბილისის სიძველეთა საცავებში არა მარტო უამრავ ექსპონანტს მოუყარა თავი, არამედ ეკლესიებიც აღწერა, რომელთაგან ბევრი უკვე დანგრეულია და უმდიდრესი ეპიგრაფიული მასალა დაღუპვისაგან იხსნა”. სიძველეთა კომიტეტის ჩარევით დანგრევას გადაურჩნენ გელათის, ალავერდის, მოწამეთას, მეტეხის, ქაშუეთის ეკლესიები. მაგრამ ეპოქის და მედროვე ადამიანების მსახვრალ ხელს შეეწირა ასობით ეკლესია-მონასტერი, საეკლესიო ნივთები, სასულიერო წიგნები... საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ხალხს ქრისტიანული რწმენა არ აქვთ და არც ეკლესიები უნდათო, მაგრამ როგორც კი მიიღეს დეკრეტი ეკლესიების გახსნისა და რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციის შესახებ, სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის, იუსტიციის სახალხო კომისარიატის სახელზე ასობით განცხადება შევიდა, ავტორები მოითხოვდნენ ადმინისტრაციული წესით დახურული ეკლესიების გახსნას. ხელისუფლება არ ელოდა მოვლენათა ასეთ განვითარებას, მათ ხალხის ასეთი განწყობის მიზეზად ანტირელიგიური პროპაგანდის სისუსტე მიიჩნიეს, მოსახლეობის მოთხოვნაზე ეკლესიების კვლავ ამოქმედების შესახებ უარს აცხადებდნენ, მაგრამ ეს უარი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი მმართველობის ინიციატივად აღქმული. მაგ. ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი ოზურგეთის მხარის აღმასკომს საიდუმლოდ ატყობინებდა ,,გთხოვთ გამოუცხადოთ სოფ. შემოქმედის მცხოვრებლებს, რომ მათი შუამდგომლობა შემოქმედის მონასტრის გახსნის შესახებ დატოვებულია უშედეგოდ”. ასეთი შეტყობინებანი გაიგზავნა ქუთაისის, შორაპნის, თეთრიწყაროს, რაჭის, სვანეთის მაზრის აღმასკომების სახელზე. 
          ხელისუფლებამ მოქმედი ეკლესიების ხელახალი რეგისტრაციის გარდა გაზარდა მათი დაბეგვრის თანხა. სასულიერო პირებს, ეპარქიების მმართველ მღვდელმთავრებს აეკრძალათ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ნებართვის გარეშე ეპარქიებში მოგზაურობა. არაერთხელ მომხდარა ადგილობრივი აქტივისტების მიერ ეპარქიის მღვდელმთავრის დაპატიმრება და ეპარქიიდან გაძევება, შეურაცხყოფა. დაწესებული გადასახადები იმდენად მძიმე იყო, რომ სასულიერო პირები ვერ ახერხებდნენ მის გადახდას და იძულებულნი ხდებოდნენ საერთოდ უარი ეთქვათ სასულიერო საქმიანობაზე. საქართველოს საპატრიარქო არქივში არაერთი სინანულნარევი განცხადებაა შემონახული სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქების უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის და ქრისტეფორეს სახელზე, სადაც სასულიერო პირები აღნიშნავენ, რომ აუტანელი პირობების გამო იძულებულნი არიან გამოეთხოვონ თავიანთ სამსახურს. ხშირი იყო შემთხვევები, როცა სასულიერო პირები ცდილობდნენ სასამართლოს წესით საბჭოთა ხელისუფლების მიერ აღიარებული სინდისის თავისუფლების პირობების დაცვას. მაგალითად, სოფ. თერჯოლის მღვდელმა ირაკლი გურგენიძემ სასამართლოზე განაცხადა: `ჩამოიარა თერჯოლის თემის პარტიის მდივანმა ვასილ ობოლიძემ და გამოაცხადა: თუ მღვდელობას თავს არ დაანებებ მიწებს წაგართმევო, ამიტომ იძულებული გავხდი განცხადება დამეწერა მღვდლობისათვის თავის დანებების შესახებ. თუ მიწას შემინარჩუნებთ, სურვილი მაქვს გავაგრძელო სასულიერო მოღვაწეობა~. ამასთან დაკავშირებით ცაკი შორაპნის პროკურორს საიდუმლო წერილით ატყობინებდა თერჯოლის პარტიის მდივნის ვასილ ობოლაძის კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შესახებ.
     ვითარება იმდენად საგანგაშო გახდა, რომ 1928 წლის 22-23 მაისს სრულიად საქართველოს საკათალიკოსო სინოდის სხდომაზე გაიმართა მსჯელობა საქართველოში მოქმედ რელიგიურ საზოგადოებათა და ღვთისმსახურთა მდგომარეობის შესახებ, სხდომაზე აღინიშნა, რომ ,,უკანასკნელ ხანში მორწმუნეთა და ღვთისმსახურთა დევნამ მიიღო მწვავე ხასიათი, რაც გამოიხატება არა მხოლოდ იდეურ ანტირელიგიურ პროპაგანდაში, არამედ და უმთავრესად ადმინისტრაციულ დევნაში და ფიზიკურ შევიწროებაში ღვთისმსახურთა და მორწმუნეთა მიმართ”. ზოგიერთ სოფელში ადმინისტრაცია არ უშვებდა მღვდელს და არ აძლევდა ღვთისმსახურების ჩატარების უფლებას, ართმევდნენ მიწის ნორმას და ხელწერილის საშუალებით პირობას ადებინებდნენ სასულიერო პირებს უარი ეთქვათ ღვთისმსახურებაზე, თვითნებურად და გადამეტებით ბეგრავდნენ სამღვდელო პირებს და ეკლესიებში მოსიარულეთ, სასულიერო პირთა შვილებს უარს ეუბნებოდნენ საერო სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებაზე. საკათალიკოსო სინოდის სხდომაზე დასახელებულ იქნა არაერთი დევნა-შევიწროების ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრივ. მაგ. სიღნაღის მაზრის სოფ. აფენის თემაღმასკომის თავმჯდომარემ ალექსანდრე ლალიევმა მღვდელი დემეტრაშვილი სოფლიდან გამოაძევა, რაჭის მაზრის სოფ. კვაცხუეთის მცხოვრებ მღვდელ მელიტონ გოგობერიშვილს ჩამოართვეს მიწის ნორმა, სოფ. წესის აღმასკომის თავმჯდომარემ სოფლის მღვდელს გიორგი გოცირიძეს მოსთხოვა ხელწერილი დაეწერა, რომ ამიერიდან უარს ამბობდა მღვდლობაზე, ცეცხლს მისცეს გუდაუთის, ცხუკვეთის, ლაილაშის ეკლესიები, დიდ ხარჯებს აწერდნენ ცხინვალის, სიღნაღის, თბილისის სამღვდელოებას. 
      საკათალიკოსო სინოდმა საპროტესტო წერილით მიმართა სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელ კომიტეტს და მოითხოვა რელიგიის შესახებ მიღებულ კანონმდებლობათა შესრულება `იმის მტკიცება - ნათქვამი იყო წერილში - რომ აღარ არიან მსურველნი ეკლესიისა, არ არის სწორი და თუ ეკლესიები მაინც იკეტება, ეს ხდება ისეთისავე ,,ნებაყოფლობით”, როგორც ეს ხდებოდა 1923-24 წლებში. მაშინაც და ეხლაც მორწმუნენი გულის წუხილით უცქერიან ამ ამბავს და ხმას ვერ იღებენ. შეიძლება აქ იმის ბრალიც არის, რომ ასი წლის განმავლობაში დაბეჩავებული მორწმუნენი დღესაც შიშის ინერციით არიან შეპყრობილნი, ხოლო ქართველი ხალხის ფრიად დიდ ნაწილს აქვს სარწმუნოებაც და ეკლესიაც უნდა~. 
      საკათალიკოსო სინოდის მკვეთრმა განცხადებამ ხელისუფლება აიძულა ადგილობრივი პარტიული და კომკავშირული ორგანიზაციებისათვის ზომიერებისაკენ მოეწოდებინა. ფ. მახარაძემ საკათალიკოზო სინოდის განცხადებას ასეთი რეზოლუცია დაადო - `პირად საჩქაროდ რესპუბლიკის პროკურორს ამხ. ვარძიელს სათანადო განკარგულებისთვის~. საქართველოს სსრ რესპუბლიკის პროკურორმა იმავე წელს (1929 წ) გამოსცა ცირკულარი მაზრა - აღმასკომებისა და პროკურორებისათვის. ცირკულარში აღნიშნული იყო, რომ ანტირელიგიური პროპაგანდის საბაბით სასულიერო პირთა დევნამ მასიური სახე მიიღო, რაც სინდისის თავისუფლების დეკრეტის უგულებელყოფაა. რესპუბლიკის პროკურატურა აფრთხილებდა ადგილობრივ ორგანოებს, რომ პასუხისგებაში მიეცემოდა ყველა ის პირი, ვინც ამა თუ იმ სახით წინააღმდეგობას გაუწევდა რელიგიის შესახებ არსებულ დადგენილებების შესრულებას. `მისი დარღვევა აღნიშნული იყო ცირკულარში - ვერ იქნება გამართლებული თუნდაც იმ მოსაზრებით, რომ ყველა ეს ხდება რელიგიასთან ბრძოლის და ანტირელიგიური პროპაგანდის მიზნით, ვინაიდან რელიგიასთან ბრძოლა ანტირელიგიური პროპაგანდის საშუალებით უნდა გამოიხატოს არა რევოლუციონური კანონების დარღვევაში, რაც მხოლოდ ხელს შეუწყობს იმ აზრის განმტკიცებას მასაში, რომ რევოლუციონური მთავრობა უძლურია დაიცვას თავისივე კანონები და მეტიც საერთოდ სახელი გაუტყდეს ხელისუფლებას, არამედ იმაში, რომ იდეურად იქნას შეტანილი მასში შეგნება იმისა, რომ სარწმუნოებამ, რომელიც ცრუმოწმეობაზეა დამყარებული, ადრე თუ გვიან ადგილი უნდა დაუთმოს მეცნიერებას~. 
      ხელისუფლება თითქოს შეეცადა რელიგიისადმი დამოკიდებულებაში შეცდომების გამოსწორებას, მაგრამ საქმით არაფერი არ შეცვლილა. ეკლესიისადმი შეწერილი გადასახადები კიდევ უფრო გაიზარდა. საქართველოს მოქმედი ეკლესიების შემოსავალი მცირე იყო, მაგრამ გადასახადები დაწესებული იყო რუსეთის ეკლესიების შემოსავლის მიხედვით. მაშინ, როცა რუსეთის ეკლესიები გაცილებით დიდი შემოსავლით გამოირჩეოდნენ. 
      საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმძიმეს ვითარებას ასახავდა სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის ქრისტეფორე III წერილი საქართველოს სსრ შინსახკომისა და თბილისისაღმასკომისადმი. `მე მაქვს წარმოდგენილი დეკლარაციები ჩემი შემოსავლისა 1929/30 წლებში, მაგრამ იმდენი გადასახადები შემომაწერეს, რასაც ვერ გადავიხდი. ფინაგენტმა აღწერა ჩემი ბინა და გასასყიდი ნივთები... ვთხოვ აღმასკომს მოახდინოს განკარგულება სრულიად მომეხსნას გადასახადები, როგორც მცირე შემოსავლიანს და მძიმედ დასნეულებულს, ხოლო თუ ეს არ შეიძლება ჩემთვის, მაშინ, როგორც სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქსა და ღვთისმსახურს გადამხდელს გადასახადები ჩემი ფაქტიური შემოსავლების მიხედვით გადამხდეს~. ხელისუფლების წარმომადგენელნი თუ კათალიკოზ-პატრიარქის ქონებას აღწერდნენ და გასასყიდ ნივთებს არჩევდნენ რას უზამდნენ ეპარქიებში მოღვაწე სასულიერო პირებს. ადმინისტრაციული შევიწროება და უზომო გადასახადების შემოღების გარდა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მოსახლეობის რელიგიური შეგნების დასაძლევად 1928 წელს შექმნა `მებრძოლ უღმერთოთა კავშირი~. ეს ორგანიზაცია იყო: `ნებაყოფლობითი პროლეტარული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც თავის ამოცანად ისახავდა საბჭოთა კავშირის მშრომელთა ფართო მასების შეკავშირებას რელიგიის (ყოველი სახის და ყოველი ფორმის) როგორც სოციალისტური რევოლუციის შემაფერხებელი მოვლენის წინააღმდეგ აქტიურ სისტემატიურ და თანამიმდევრობითი ბრძოლის საწარმოებლად~. უღმერთოთა კავშირის პირველ ყრილობაზე კავშირის 106 უჯრედში 10000-მდე უღმერთო ირიცხებოდა. უღმერთოთა კავშირის ერთ-ერთმა წევრმა 1929 წლის იანვარში გაზ. `კომუნისტში~ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა: `თავის მოტყუება იქნებოდა გვეთქვა, რომ საქართველოში მორწმუნენი აღარ არიანო. მართალია, გლეხებმა დაკეტეს ეკლესიები, აღარ სწამთ მღვდელი. მისი უზნეო საქციელისა და მატყუარობის გამო, მაგრამ გლეხობის საკმაო ნაწილს ღმერთის არსებობა ჯერ კიდევ სჯერა, ამიტომ საჭიროა სერიოზულად მოვკიდოთ ხელი ანტირელიგიურ მუშაობას, უღმერთოთა წრეები უნდა არსებობდნენ იქ, სადაც საამისო პირობები და შესაძლებლობა გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხში უკმაყოფილებას გამოვიწვევთო~. 
     უღმერთოთა კავშირის ადგილობრივი უჯრედები ისეთივე ადმინისტრაციული მეთოდებით იბრძოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, როგორც ამას ადგილი ჰქონდა 1921-1923 წლებში. ხელისუფლების ანტირელიგიურ ისტერიას დაემატა ათას ჯურის ავაზაკი, რომელნიც ეკლესია-მონასტრებში შედიოდნენ, ხოცავდნენ იქ დარჩენილ ბერ-მონაზვნებს, ხოლო საეკლესიო ნივთებს იტაცებდნენ. შემზარავი დანაშაულები მოხდა შიომღვიმეში, ბეთანიაში, კაბენის მონასტერში, სადაც უცნობმა პირებმა გაძარცვეს მონასტრები და დახოცეს ბერები. ასეთ ვითარებაში სრულიად საქართველოს საკათალიკოსო სინოდის მიმართვები, თხოვნები საქართველოს საბჭოთა სოციალისტური მთავრობისადმი, შინაგან საქმეთა ორგანოებისადმი აღეკვეთათ ეკლესია-მონასტრების ძარცვა-რბევა რჩებიდა `ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა~. ხელისუფლების წარმომადგენელნი სიტყვით გმობდნენ ადმინისტრაციული წესით ეკლესიების დახურვის პრაქტიკას, მაგრამ საქმით სულ სხვას აკეთებდნენ. 1932 წელს ადმინსტაციული წესით დაიხურა 600-ზე მეტი ეკლესია და მონასტერი. საბჭოთა მთავრობის რელიგიისადმი დამოკიდებულება გულახდილად გამოხატა ი. სტალინმა ამერიკელ მუშათა დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე “პარტიას არ შეუძლია იყოს ნეიტრალური რელიგიური ცრურწმენათა გამტარებლების მიმართ. _აღნიშნა მან _რეაქციული სამღვდელოება, რომელიც წამლავს მშრომელი მასების შეგნებას დავთრგუნეთ თუ არა რეაქციული სამღვდელოება? დიახ, დავთრგუნეთ, ოღონდ უბედურება ის არის, რომ ჯერ კიდევ სავსებით არ არის მოსპობილი. ანტირელიგიური პროპაგანდა არის ის საშუალება, რომელშიც ბოლომდე უნდა მიიყვანოს რეაქციული სამღვდელოების ლიკვიდაციის საქმე”. რეაქციულ სამღვდელოებაში ის სასულიერო პირები იგულისხმებოდნენ, რომელნიც არ სცნობდნენ საბჭოთა ხელისუფლებას. დაიწყო ახალი დევნა-შევიწროება, გადასახლებები და ფიზიკური ლიკვიდაცია. სასულიერო პირობა, ანაფორის და ჯვრის ტარება გადაიქცა მოწამებრივი ცხოვრების გზად. მათ აკრძალული ჰქონდათ საზოგადოებაში გამოჩენის უფლება. საბჭოთა ხელისუფლება ვითომც იცავდა სინდისის თავისუფლებას და ამავე დროს კონსტიტუციით სასულიერო პირებს ჩამორთმეული ჰქონდათ მოქალაქეობრივი თანასწორობის უფლება `დეპუტატთა საბჭოებში ვერ აირჩევენენ და ვერ იქნებიან არჩეულნი ბერები და ყველა სარწმუნოებისა და სჯულის სასულიერო მსახურნი, რომელთათვის კულტის მსახურობა პროფესიას წარმოადგენს~. 
     საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობის ცდა საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალობისა და თანამშრომლობის კურსით შეენელებინათ ანტირელიგიური ისტერია მარცხით დამთავრდა. ხელისუფლება ადმინისტრაციული მეთოდებით, კომკავშირელი და პარტიული აქტივისტების, უღმერთოთა საზოგადოების წევრების საშუალებით ეპარქიებში სასულიერო პირებს ხელისუფლების მიერ მინიჭებული უფლებების განხორციელებას უკრძალავდა. ღვთისმსახურს სარწმუნოების ქადაგების უფლება არ ჰქონდა, ანტირელიგიური პროპაგანდა კი თავის საქმეს აკეთებდა. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც კარგად იცოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი და მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში, 20-30-იან წლების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ახალგაზრდობა კი ბოლშევიკურ მსოფლმხედველობაზე იზრდებოდა, რომელთათვისაც ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ფუნქცია დაკარგა. ხელისუფლებამ მოახერხა სასულიერო პირების სახით კონტრრევოლუციური მტრის ხატის შექმნა, ისინი წარსულის მავნე გადმონაშთად მოინათლნენ. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავის ისტორიაში უმძიმესი ხანა დაუდგა.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
აზა გოგიტაური/ნაწიფაშვილი - ლექსები აზა გოგიტაური/ნაწიფაშვილი - ლექსები ჟურნალი / სტატიები / პოეზია / მომხმარებლები ზურაბ კიკნაძე - მიწიერი კედლები ზურაბ კიკნაძე - მიწიერი კედლები ჟურნალი / სტატიები / ისტორია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები გიორგი გოგუა - დავით აღმაშენებელი - ქრისტიანი მეფის პოლიტიკური პრაქტიკა გიორგი გოგუა - დავით აღმაშენებელი - ქრისტიანი მეფის პოლიტიკური პრაქტიკა ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - რუსეთის მიერ წამებული (მოკლული) და გადასახლებული ქართველი მღვდელმთავრები ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - რუსეთის მიერ წამებული (მოკლული) და გადასახლებული ქართველი მღვდელმთავრები ჟურნალი / სტატიები / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები ევგენი ბლიაძე  -  პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ისტორია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge