გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ელისაბედ ჯავახიშვილი - ლექსები



***
ემოციების შემგროვებელი
კოლექციონერი ვარ დედამიწაზე...
ყველაზე მეტად რომელი 
მხიბლავს, ცრემლები თუ სიხარულებით
მზე ნაკოცნები ათინათები?!..
დილით ვენთები, როცა ჩიტების ხმაურს
გამოვყავარ საძილეთის აბრაკადაბრას დარბაზებიდან,
ფრთოსანთა ჟივჟივს ფეხის წვერებზე 
ვეგებები და ჩემს თვალებს ორ სუფთასა მრუდე ნატეხს, სარკეებისას,
ცაში ავყავარ საიალაღოდ...
ღრუბლის ფთილებზე დავრბივარ ფეხშიშველი, ასე ვხალისობ;
მერე მუჭებით მზიდან ვიღებ ბევრ ოქროსფერს,
ციდან მიწაზე ასე ვაბნევ
სიხარულებს ხელგაშლილი,
გულმხურვალედ...
მიყვარს!
მიყვარს!
გავკივი არეს შეშლილი და ბედნიერი,
გონდაკარგული,
თრიაქშენაგრძნობ, დაბოლილ სხეულს
ნეტარებისას ამ ყველაფრით პირსსავსესა და უჯრედებავსილ ბურთულაკებს
ცაში ვუშვებ სიყვარულით
ნაპასდარტყმულებს და
ვაბოლებ ყოფას, უაზროს, არაფრობის მსურველობისას,
ჩემს მხრებს ადგია უღელი მძიმე არსებობისა.
არას ვაკეთებ დედამიწაზე გარდა იმის, 
ემოციები ვაგროვო ცრემლებისა და სიხარულების,
გაცვეთილი ქურთუკივით, ტანთ მაცვია
ჩემი სხეული და მხიბლავს,
ვიყო კოლექციონერი გრძნობებისა,
დაღლილი ევა,
ადამს დავეძებ,
ადამ! ადამ! მოდი, გამოდი!..
ღმერთივით ვუხმობ...
პასუხი არ ჩანს,
ლეღვის ფოთლებით შემოსილი
ადამი არ ჩანს,
ასე ვაგრძელებ არსებობას მე,
კოლექციონერი გრძნობების და
ემოციების...
წვალებ-წვალებით შენაგროვებ,
სიყვარულს ვფანტავ
მუჭებიდან დედამიწაზე...


დედა ჩიტი

დედა ჩიტი ვარ, ფრთაღუნღულა,
ცის ლაჟვარდზე ფრენით მოღლილი,
ნისკარტით ვკემსე, ვაგვირისტე ჩემი ბუდე,
გვირილებით, ხმელი ფოთლებით...
მზრუნველობით, ცრემლებით ვლესე
ბუდის კედლები,
შიგ ჩავაქსოვე უფერული დღეების წყება,
მზის სხივებით ვაფერადე, სიყვარულებით...
მისი მყუდრო სიცარიელე, მიმოვქარგე
გაზაფხულებით...
ნისკარტით ვთვალე, გამოვზარდე
სიმცხუნვარით დაჩეკილები,
ჩიტაბუმბლები, ღაბუები, ფრთაღუნღულები
ერთი, ორი... ვითვალე და ავედი ცხრამდე,
სულ ცხრა ბარტყი დავაფრთიანე, ჩემი უბიდან
გავუშვი ცისკენ, მივაყოლე იმედის თვალი
უკიდეგანო სიყვარულით ნასაზრდოები...
ახლა ვზივარ ჩემს ბუდეში მოწყენილი,
ნისკარტით ვაწყობ მოგონებებს, 
საკენკს ვეძებ სიყვარულისას, რომ დავიპურო
სული მშიერი, იმ დღეებით ნაშიმშილები...
დედა ჩიტი ვარ, ფრთაღუნღულა,
ცის ლაჟვარდზე ფრენით მოღლილი,
ფრთამოტეხილი...


***
სად წავიდა, ღმერთო ჩემო... სიყვარულიდან დავიწყე და
მეძავად ვიქეც,
დავატარებ სისხლიან პეშვით დანაწევრებულ გულის 
პარკუჭებს,
ვითხოვ შველას, ვით გლახაკი,
მიწილადეთ ერთი პეშვი
ნამდვილი, წრფელი, სუფთა, ანკარა,
ხელშეუხები, სიცოცხლის არსი,
წამალი სულის გადარჩენისა ეს სიყვარული...
არავინ მისმენს, ვის სჭირდება,
ნეტავი, ღმერთო!
ნუთუ ამანაც აზრი დაკარგა?!
რაღა გვაკავებს დედამიწაზე ვიცხოვროთ ისე,
როგორც ნახირმა, მწყემსის გარეშე...
დავდივარ, ვეძებ, საით წასულა?!
რატომ განქარდა, ვით ნისლი მზეზე,
გავყვირი სივრცეს: -ჰეი! თქვენ არ გაქვთ?!
ერთი პეშვი მიწილადეთ, შემასვით მყისვე,
მომაბრუნეთ,
გადამარჩინეთ!
არავინ მისმენს, ღმერთო ჩემო!
ვინ მიშველის, საით წავიდე?!
სიყვარულიდან დავიწყე და მეძავად ვიქეც...
ყველას ვთავაზობ ჩემს სიყვარულს
- ნუთუ არ გინდათ?!
წრფელი და ტკბილი, უმწეო, ჩვილი,
თოთო, პატარა...
სიჩუმე მიტევს...
დიდი გრძნობით დარახტული ბედაური
უნაგირს ირგებს, მიჰქრის ცისაკენ...
მიწაზე ვდგავარ მუხლმოყრილი,
ვით მეძავი დაღლილი და მოქანცული,
თვისი სხეულით ნაწამები; ნაალერსალი
ვითხოვ შველას,
ხელებგაწვდილი,
სასოწარკვეთით დავატარებ
ამ გულს დაჩეხილს,
სისხლით დაწრეტილს.
არავინ ხართ, გეკითხებით?..
მიწილადეთ წამალი სულის,
ერთი პეშვი სიყვარული...
გადამარჩინეთ!..


***
საღამოჟამი, ალბათ ის დრო, როცა ღამის პერანგსაც თვითონ ვიცმევდი, 
მეორე პერანგს ბალიშის ქვეშ დამალულს, გულში ვიკრავდი (არ ვიცი რატომ).
ნაწნავებს იმიტომ ვიშლიდი, რომ მისი სიმძიმე მაწუხებდა.
თან ჩემი თმები დედის მკლავებივით გულში მიხუტებდა, მათბობდა...
სახლი სადა და ღარიბული, უბრალო
მბჟუტავი განათებით. ზღაპარსაც არავინ მიამბობდა,
ყველა შრომისაგან დაღლილ-დაქანცული...
მე კი ის ნათურა მზე მეგონა,
ჩემთან ჩამოსული ცის პირიდან,
ისიც ჩემსავით საძილედ გამზადებული...
შევცქეროდი და ათას რამეზე ვუყვებოდი,
რა მინდოდა?
და რა მინდოდა?!
ჩემი ფერადი ოცნებები...
მეგონა, რომ ცაზე მანათობელი მზე დედა იყო,
მთვარე - მამაჩემი
(,,მზე დედაა ჩემი, მთვარე მამაჩემი“...).
მზე ყოველ ღამით მოდიოდა,
პირმცინარი დედაჩემივით მეფერებოდა,
მიკოცნიდა ღაწვებს, მეალერსებოდა შუბლზე
ლბილი თითებით...
როცა თვალები მებლიტებოდა, მივცურავდი
ძილის მორევში, გულში ჩახუტებულ საღამურს
გამომართმევდა და ისევ ბალიშის ქვეშ დებდა...
არ ვიცოდი ვინ მკოცნიდა მე მზე მეგონა,
ძილშიაც ვგრძნობდი მის სიახლოვეს,
დილით ისევ მისი მცხუნვარე თითები მეხებოდა,
ჩვენი აივნის ქვეშ მერცხლების ბუდე,
ჩამწკრივებული ყვითელნისკარტა ბარტყებით სავსე,
ელოდებოდნენ დედის მოფრენას, დაპურებას,
ეზოში კრუხი დაკუტკუტებდა საქმიანად, მზრუნველად,
ყვითელგულა წიწილების დასაპურებლად
მიწას ქექავდა...
მე ხელმოჩრდილვით მზეს შევყურებდი,
მიკვირდა თვალებს რად მიწვავდა
და ასე თამაშ-თამაშით ვთამაშობდი დამალობანას,
მზე ჩემს სხეულში შემომყავდა,
ჩემს სისხლძარღვების ოღრო-ჩოღროებს
მცხუნვარებით, უცნაურ გზნებით მიქარგავდა
თმის ღერიდან ფერხთა ტერფამდის...
დავდიოდი მზით დამთბარი, გამაძღარი
დიდი სინათლით, ჩემი სოფლის მტვრიან შარაზე,
დავდიოდი და ყველა მიყვარდა,
ყველა ჩემიანი იყო, განცდა არ მქონდა გაუცხოების
მსუყე ბავშვობის მძაფრი განცდებით.
ასე მოვედი აქამომდის, სიყვარულის ასკინკილებით,
ახლაც ისევ ფანჯარაში მზეს ველოდები,
მტრედებს ვაჭმევ, პურის გულს ვუფშხვნი, მის მოლოდინში...
მინდა ვუთხრა: მადლობა, მზეო, გათენებისთვის!
ამ განცდისათვის რომ მიხარია შენთან მყოფობა,
რომ მიყვარს და არ მძულს,
რომ შემიძლია პატიება,
ბოდიშის მოხდაც, სამყაროს აღქმა ჩემებურად
და მაინც რამდენს ვცოდავ,
ასე დავდივარ ცოდვებისაგან წელში მოხრილი
იმ იმედით, რომ ღმერთი მიყვარს, მისი მჯერა,
ვიცი გამიყვანს იასამნობას თავის სივრცეში...
ის მბჟუტავი ნათურა კი ჩემი გულია,
ტკივილებისგან დაცრემლილი, ბჟუტავს, ციმციმებს,
ცდილობს წყვდიადის განათებას და როგორც ხის ტოტზე
დაკიდებული ხმელი ფოთოლი,
განწირული ძირს დასაცემად, ისევ მზეზე ოცნებობს,
ცას შესცქერის უნებლიედ, გადასარჩენად...
დრო რამდენია, მოვასწრებ სათქმელს?!
იანვრის ჭირხლით მოქარგული მაქმანები მაცვია თითქოს,
მარტოობის ველ-მინდვრები მაქვს დასალაშქრავი
და ისევ მზეს ვითხოვ, მასთან ხელჩაკიდებულს 
მსურს ღმერთთან საუბარი,
მინდა ვკითხო: სადაა დედაჩემი, რომელიც იყო და არ იყო,
რატომ მაკლდა ასე სიყვარული, რატომ ვერ ვიპოვე 
დედამიწაზე ის სითბო, რაც ასე მსურდა, ასე მეწადა...
ამაზე გამუდმებით სულ ვფიქრობ და აგერ, სადაცაა,
თავს დამათენდება, მოვა დედაჩემი, დარდისაგან
გაჭაღარავებული გარიჟრაჟი,
შემომხვევს მკლავებს დრო და ჟამი,
მე, სამწუხაროდ, ასე ვფიქრობ, ჩემს სიმარტოვის დარბაზებში გზადაკარგული, ეული ბავშვი,
თუმცა ისევ ვეძებ ცაზე მზეს, მიწაზე კაცს, - გულში ღმერთს
და განაჩენს ვითხოვ:
მომისაჯეთ ის სიყვარული სამუდამო,
ასე დამსაჯეთ! 
როგორ დავიღალე, ღმერთო!
ეს ძახილია, უხმო ყვირილი!.. ვაპროტესტებ...
გამასამართლეთ, გთხოვთ! სადაა სიყვარული,
მითხარით ვინმემ, ან დამაბრუნეთ იმ ბავშვობაში,
სადაც მზე დედა იყო, მთვარე მამაჩემი და 
მიხაროდა!!!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge