გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თემურ ჭახნაკია - ლექსები



შეხვედრა ლონდონში

კაფეში ჩვენ ვსხედვართ მარტონი,
ვუკვეთავ ჩაის და კოქტეილს,
- თუ გნებავს, დავლიოთ მარტინი,
- იცი, რომ უშენოდ მოვკვდები?!..
მივირთვით ჩვენ პიტნის ჩაიღა,
სველდება მინა და კრამიტი...
იელვა, ცა თითქოს ჩაიხა,
შენ გიყვარს ასეთი ამინდი.
წინ გვიდგას ლარნაკით ტიტები,
ვჩურჩულებ, - "სულ მინდა მეტრფოდე",
თვალებით სიყვარულს მპირდები,
მზერა უშტერდება მეტრდოტელს.
დასრულდა ხანგრძლივი ლოდინი,
შევხვდით ოცდარვაში სექტემბრის,
დამხვდა წვიმიანი ლონდონი
და შენი ნაზი ხმის ეგ ტემბრი...
სიცილით გავდივართ კაფედან,
სველდება კაბა და პორტმანე,
ცამ ჩვენი გალუმპვა გაბედა...
ჩანს ტემზა, ტალღების ტორტმანი.
შეგაკრთო ჩიტების ჟივჟივმა,
აღმოვჩნდით ღრუბლების ალყაში,
შენ მაინც როგორი გიჟი ხარ...
წვიმაში ქოლგას რომ აღარ შლი...
იდარა, ქარს თქორი მოჰქონდა,
ავყურებთ ცასა და ცათამბჯენს.
გულში იმას ვფიქრობ, ოღონდაც,
ახლა გაციებას გადავრჩეთ.
ნელ-ნელა მივდივართ სითბოსთან,
გზაზე ხეტიალმა დაგვქანცა,
რაღაც სხვა დაიწყო თითქოსდა
და მყისვე დასრულდა რაღაცა.


სოფლის მოგონება

ცას კვამლით მიება ბუხარი,
ტაბლა დგას და ირგვლივ ჯორკონი.
წინკარში ლეკვების ბურხალი.
სექვთან ფოტოასლი ჯოკონდას.
თხმელის მუგუზლებზე კეცები
თუშურ ქუდებივით მიყრილან,
ხტიან ცეცხლის ურა კვიცები,
დილამ მამალივით იყივლა.
ბებოს მოსწოლია ნაღველი,
კეცი გაუვარდა კინაღამ...
გულში ტკივილების ნაღვერდალს
დიდი მოთმინებით ინახავს.
სერზე ჭიხვინებენ ჭაკები.
ყალიონს აბოლებსბაბუა.
მე არყით ავავსე ჭიქები...
და ორი ყლუპიც კი მაბრუებს.
სუყველამ მივირთვით საუზმე,
დრო მიუახლოვდა რვა საათს.
თითქოს ახლაც ვზივარ და ვუსმენ
ბუხართან ცეცხლის თბილ მასლაათს.
მახსოვს მთა, სოფელი, სიცივე,
კედელზე ბაბუის კიტელი,
უწმინდესი შუქით ციმციმებს,
სულში მოგონების კანდელი.


განწყობილება

მე შემზარავი მარტოობისშიში ვიწამე, 
ეჰ, ნეტავ სადმე, ამ სამყაროს გარეთ მაცხოვრა, 
აქ სულერთია სად ვიქნები, ცაში, მიწაზე, 
არც ადამიანს ვახსოვარ და აღარც მაცხოვარს.
ყველა წავიდა დაშემოვრჩი მთვარის ამარა,
შმაგი პეგასი მღვრიეღამეს უფრთო, უბელო,
ჩემი ოთახი-პოეტურისევდის სამარე,
რომელშიც ვწევარ, როგორც ცაში მარტის ღრუბელი.
ხელს ვაფათურებწიგნაკებში, ყვითელ ქაღალდებს,
მორიგი ლექსისემოციად დავეწერები,
ჩუმად ვლოცულობ,თავდახრილი ღმერთს შევღაღადებ,
ბროლის ჭიქაშიტიტებია და ენძელები.
მე საკუთარ თავსსარკაზმით რომ გავაქილიკებ,
მჩატე სხეულიუძილობით მომეთენთება,
განთიადისკენ შევუყევიღამის ბილიკებს
და აივნიდან ვაკვირდები, როგორ თენდება.
სრულდება დილის მოკლეკადრი და ზანტი ტემპით,
ცაზე ნისლებიგამოდიან წვიმის ტიტრებად,
თითქოს ნეკნებზე დამაჭირა სამყარომ ტერფი,
მოვიდა მძიმე კაეშანი და გაფითრება.



ზამთრის ელეგია

ცა ბარდნის თოვლს უშეღავათოდ, 
უკრავს და თან მღერის ჯაზმენი.
მითხარი, დავლიოთ ყავა, თუ
ჩაი გირჩევნია ჟასმინის?!
ჩავიცვით მანტო და პიჯაკი, 
ოთახი გვეჩვენა კარცერად,
დივანზე ფეხმორთხმით ვიჯექით
და თოვლში მოგვინდა გაქცევა...
სარკმლის წინ დადებულ ლანგარზე
ფეტვი დაუყარე ჩიტუნებს,
როდესაც ხისტი ხმა ნაგაზის,
ბზარავდა თოვლის თეთრ სიჩუმეს.
შეშა დაიწვა და მინავლდა...
შანდალში სანთელი პარპალებს
და ნაცნობ ჰანგებით ვივალდის
გვევსება სულის ღრმა ნაპრალი.
გელოდნენ ლარნაკში ტიტები,
შენ ჭკნობა იდარდე ტიტათა,
ცა სველი ღრუბლით იტვირთება
და მიდის... ცა მიდის ტაატით...
ბუხრის წინ დგას თუჯის ღუმელი,
რომელიც გათბობს და არ გცივა,
მე შენი სუნთქვა და ღიმილი...
ფიფქები სახლს უხვად აცვივა.
ქალური ჟინით და ალღოთი,
ჩემს ღრმა თვალებში რომ ეძებდი,
იპოვე, როს მომიახლოვდი,
ტკბილი სიყვარულის რეცეპტი.
გავედით ურბანულ სივრციდან
და დარჩა შორს მეგაპოლისი...
ხეებს კბენს ქოფაკი სიცივე
და მგლების ყმუილი მოისმის.
ზურგზე ნაზი მკერდით მეკვრი და 
გარეთ ქარშოშინი ვიშვიშებს.
შექმნილო, ამ ჩემი ნეკნისგან,
თითქოს ხელმეორედ იშვი შენ....
გაქრა სიშორეთა ტიხარი,
სულის ყველა სიმი შეირხა,
როცა ერთი სიტყვა მითხარი,
როცა ყურს მოესმა შენი ხმა:
"მიყვარხარ!"


მონატრება

ცაში ვარსკვლავების ტივტივი,
მთვარე კრთის ღრუბელთა ნაბდიდან.
მზერა შორს გაფრინდა ჩიტივით
და ღამე ზეცამდე ადიდდა.
თითქოს სული მექცა ბარძიმად,
რომელშიც ცრემლის ზედაშეა.
სევდა ნაყოფივით დამწიფდა
ლექსში და მეტყველ მზერაშიაც.
ეკიდა ცა მთვარის ნამგალზე,
ალვის ხე მოჰგავდა ობელისკს,
სიჩუმეს უყეფდა ნაგაზი
და ძილში ფშვინავდა სოფელი.
მოლოდინის ღამემ გამტეხა,
სულიდან აორთქლდა მაჟორი,
სადა ხარ, სადა ხარ ამდენ ხანს...
მცივა, უშენობა მაჟრჟოლებს.
შენ უნაპირო ხარ ცასავით
და გწვდები მხოლოდღა ლექსებით,
გული - სიყვარულის საცავი,
მძაფრი მონატრებით მევსება.
ყინვამ სახურავებს დაჰკიდა
ლოლუების თეთრი ჩურჩხელა,
მესმის, ჩემი მყუდრო საკნიდან
სიოს ფანჯარასთან ჩურჩული.
ბედის ცას მზის არა ეცხო რა..
ვწუხვარ უსასრულო მოლოდინს.
იქნებ ბედნიერად გვეცხოვრა,
ერთმანეთს გვერდით რომ ვყოლოდით.
ტიტები ჰყვავიან შპალერზე,
მოხვალ და გალღვება ეს ურვა,
ფერება და შენი ალერსი,
რაღაც უსაშველოდ მესურვა...
ჩვენ ერთად ვერასდროს ვიქნებით,
თმენის ამვსებია ჭინჭილა,
ხელებს დემონები მიქნევენ
და სული კბილებით მიჭირავს.


ოკუპირებული სოფლის სევდა

ცაზე ჩანს ელვა, როგორც ნახმლევი,
ნისლები მთვარის ლამპარს ამკობენ,
უჩუმრად დგანან ძველი სახლები
და დუმილით ბევრს ლაპარაკობენ.

ძაღლი აღარ ჰყავს ეზოს დარაჯად,
სახლში ნიავი დადის ჩურჩულით,
ჩამსხვრეულია ყველა ფანჯარა,
ძირს უწესრიგოდ ჰყრია ჭურჭელი.

ვერ გადაურჩნენ ჭურვებს ჭურები,
გადაუარეს ვაზნარს ტანკებით,
ნეტავ ყურძნები რას ჩურჩულებენ?
პატრონი არ ჩანს, მათი დამკრეფი.

კეცის ნატეხი გდია ბუხართან...
ჯვარდასმულ მჭადებს აცხობდნენ ერთ დროს,
ერთმანეთი კი ძლიერ უყვარდათ,
ნეტავ, ის ხალხი სად გაქრა, ღმერთო?

სიჩუმე უზის დამტვერილ ტაბლას,
ექვსივე ჯორკო შეჭამა ჩრჩილმა.
ზოგი იმქვეყნად გაუშვეს ალბათ,
ზოგმა დარჩენას წასვლა არჩია.

დატოვეს მწარე ცრემლით მათ კერა,
ნაშრომ-ნაღვაწი მამა-პაპათა.
ეს კარ-მიდამო ვინ გადათქერა
და მცხოვრებლები საით დაფანტა?

დაუკორტნიათ შაშვებს ძახველი,
ბარდები ფარავს ეზოს ბლებიანს,
არც რამე ჩქამი, გადაძახილი,
არც მეცეცხლური მეზობლებია.

ცაზე ბრჭყვიალა თვლები ბრწყინავენ,
ნასოფლარის ცას ღრუბელი ჩასცდა,
უსათლო, გრძელი ხის ოწინარი
დგას ანკესივით ჩაქცეულ ჭასთან.

მუხლჩაჩოქილი დგანან ოდები
და გასცქერიან სოფლის შარაგზას.
ოდებო, ნეტავ ვის ელოდებით,
- ხელისცახცახით ვინც გადაგრაზათ?!

არ მოფრინავენ თქვენთან მერცხლები,
ბნელ ოთახებში ღამურებია.
თქვენგან წასულნი სხვაგან ვერ ძლებენ
და ალბათ მალე დაბრუნდებიან.

მაყვლის ლერწები გზაზე გართხმულან,
სოფლის შარაზე სიჩუმე დადის,
ვერაგი მტერი ავლებს მავთულხლართს,
ქართველებს გულში გვეზრდება დარდი. 

განცდა მაქვს, თითქოს გულზე მესობა
ყოველი ბოძი, იმ მავთულხლართთა,
გაუმაძღარ და ბოროტ მეზობელს,
- უმეზობლობა სჯობია, მართლა...

მიდამოს აკრთობს ყვავის ჩხავილი
და მოწყენილი დგას ხის საყდარი,
ზარი ჰკიდია ჩამომხრჩვალივით,
სოფლის მოძღვარიც აღარსად არის. 

ტაძართან ვხედავ ბზას, როგორც მლოცველს,
ირგვლივ კი მკვდარი საფლავებია,
წლების უნახავ საფლავთა ბორცვებს
მწვანე ბალახი გადავლებია.

მავთულხლართიდან მოსჩანს გზაწვრილი,
შორს სახლები და ხოდაბუნებიც
და ეკითხება მამას ყმაწვილი:
- მა, შინ ოდესმე, ხომ დავბრუნდებით?!..


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge