ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
რონა ბუბუტეიშვილი - ლექსები
***
არასდროს ვიდრე, სჯობს ალბათ გვიან,
მოვედი, შენს წინ ვდგავარ ძლეული,
კარგადაც უწყი, ვინ ვარ, რა მქვია...
ცოდვით სავსე მაქვს სული, სხეული.
მოვედი, მომაქვს ხსოვნის აკლდამა,
შენამდე როგორ ტანჯვით ვიდოდი,
რაც მისახსოვრა ოდით, ადამმა
იმ საუნჯით და იმსამკვიდროთი...
დარდის სალეწად ვღარავ, კევრიანს
გულის ფიცარს და ვიწვი სირცხვილით,
რომ ყოველი დღეპარასკევია,
იმ პარასკევის უნდო რიცხვივით.
წამერთვა თვალთა შუქი, საბურე,
ვით გავიმართო წელში აწ ოდენ...
როცა მშიერი ვერ დავაპურე
და მწყურვალს წყალი ვერ მივაწოდე.
ძნელია, მაგრამ გთხოვ, მაინც მენდე,
თუმც ნათელს არვინ ელის ბნელიდან.
რომ მარადიულ სითბოდ მდევს დღემდე,
სითბო იმ ფეხთა საბანელიდან.
მომეცი ნება, ცრემლად ვიღვარო,
შუქი მოჰმადლე ჩემს გზას, ნისლიანს,
მადლად ვაქციო ცოდვათა ხარო,
დღემდე გესლით რომ ამომივსია.
რომ განვეშორო ღამეებს, პირშავს,
ვუხმო იმედებს, სად არ ძებნილებს,
რომ ხელმეორედ მე შენში ვიშვა,
უფალო, ლოცვა შემაძლებინე!
***
მასზე, ვინც ვარ და ვინც არ ვარ - მიმაქვს სევდა,
სანთლად ვიწვი, ცასთან ფიქრის შეხებამდე,
ქრისტესავით მსურს ვიცოდე, ვინ გამცემს და
გამცემს ცრემლის საბანელში ფეხებს ვბანდე.
ცოდვიან ტანს ბინდი ტალახივით ეკვრას,
მზე ჩაუქრეთ გზებს-ნისლებით მოცულ ბონდებს...
მინდა დაფნის გვირგვინივით, ათას ეკალს,
ბრბო მადგამდეს და მე ბრბოზევლოცულობდე.
დადგეს ჩემი გაზაფხულის, არსად ჯერი,
ფიქრს ვუსაყდრო არაფინთს და არამზაკვარს...
ვიდგე, როგორც უცოდველი განსასჯელი
და პირველმა შენ მიწამო-ავაზაკმა.
სიყვარული თან წავიღო სასჯელივით,
გული დავთმო, მკერდში მფეთქავ თიხად რომ დევს..
რაც ვიცხოვრე - დარდიანი დავრჩე, იმით
და რაც ვეღარ - მაგ დარდივით მიხაროდეს.
არ მტოვებენ მარტოს, იჭვის მალაყები,
იჭვისფერი ოი, როგორ გვიყვარს ქალებს...
როგორც ლოტის ცოლი, ცრემლის ვარაყებით,
დღეს მარილის სვეტად ქარში მივკანკალებ...
***
მოიქუფრა ზეცის ლურჯი მოაჯირი,
ღრუბელ–ღრუბელ ჩამოადნა წვიმა ხარდანს.
თითქოს გავხდი უიმედო მუჰაჯირი,
ხსოვნაში რომ ძველ ყორღანებს ინახავდა.
ღამის ფუნჯი შემომადნა–ბინდისტარა,
სდუმს მოლბერტი, დე, პასუხი აგონ მთებმა!
მამელუქად გაყიდულიგურჯის დარად,
ჩემს ჭალებში ჩასული მზე მაგონდება.
ეს მაისი არც მოწმედ მყავს, არც თავდებად,
ისევ მივსდევ იმედებით ნავალ სერებს...
ყველაფერი თუ მიწაზე არ მთავრდება,
ცაში გნახავ და სიყვარულს გაგახსენებ!
გირჩები
გაღმა ხარ... მე ისევ გამოღმა გირჩები,
მურყანზე ჯერ კიდევ შემორჩნენ გირჩები...
სადღაც შორს ხეები აქციეს მორებად,
მომბეზრდა უაზრო ლოდინის ზმორება.
ქარებმა გაკრიფეს ფირუზი და ლალი,
აღარც მზე დატოვეს, არც ოქროს დალალი...
არ თლიან დიყისგანდღეს უკვე აჭარპანს,
მომსვლელებს ბოლო დროს წამსვლელმა აჭარბა.
ვის არ შეხებია დროების ავიზნე,
მეც აქილევსივით მიპოვა სამიზნე...
და გაყვა ჟამთასვლას ბავშვობის ამარტა,
სად არის ისია, სუსხი რომ ამარტა.
რას ვიზამ, ვერ შევცვლი ვარდს ეკლით, ბარს დანით.
რად მოდის ასეთიუფერო ბარდანი...
ვინა ვარ, რომ ვცლიდე ცას მიწით,მთას ველით...
შენ მთა ხარ... და მე კი უიღბლო მთამსვლელი..
მოვცოცავ, სანამდე მიღიმის ფორტუნა,
მოჩანხარ მწვერვალი... უშორეს კონტურად.
გაღმა ხარ და ისევ გამოღმა გირჩები,
მურყანსაც ცრემლივით წყდებიან გირჩები...
***
გწერე, მწერე, გხატე, მხატე,
სანამ გზათა გაწყდა ქორდა,
ფრესკებსა და წმინდა ხატებს
შენი თვალთა ფერი ჰქონდა.
ვერც გავიგეთ, როგორ სჯობდა,
ცალ-ცალკე თუ ერთად დგომა,
თურმე კართან გვდარაჯობდა
ნისლიანი შემოდგომა.
რა შევცვალო ნეტა ახლა...
ვფიქრობ.. ადგილს ვუცვლი საგნებს.
რომც ეცადო ჩემი ნახვა..
არსად არ ვარ! ვერ მომაგნებ.
შეეყინათ სუსხი ოდებს,
ალისფერი, გაცვდა მოვი.
ჩემი ხილვა რომც გინდოდეს,
უკვე ჩემშიც ვერ მიპოვი..
ვის შევჩივლო ბედის გარდა,
ვსაყვედურობ ჟამის თარხანს-
სადაც არ ხარ, იქ რომ ხარ და
იქ რომ არ ხარ, სადაცახარ...
***
თუ მიშველის იმედების თოვა - მხოლოდ;
ზღვის ნაპირთან გაწოლილან პირქვე ქვები...
სულის ლუკმა იქნებ ხელს ამოვაყოლო,
დროის ბინძურ სანაგვეში ვიქექები..
***
ყინულისფერ სივრცეს ახლა ისე ვსუნთქავ,
გული მიგრძნობს, კარგა ხანს არ იტაროსებს,
აბურძგლული წიწვები რომ ყალყზე უდგათ,
ისე სცივათ ჩემს ეზოში კვიპაროსებს..
***
არ გეგონოთ, თითქოს რამეს ვაზვიადებ,
ამ ლოგიკას ბრიყვიც ხვდება..
რომ უთუოდ, რასაც ქვეყნად ფასი ადევს,
ყველაფერი იყიდება..
***
გასულ კვირას, ჭადარი რომ ხვატს გადურჩა,
ალბთ სულის მოსათქმელად ეყო რუ ხეს,
შენს ეზოში მოწყენილი დგას ალუჩა,
მკერდს რომ მიდევს, იმ ნაკრძალის მეყორუღე.
***
სულერთია მიწამ გასვა ნებით, თუ ცამ,
რაც ბალღამი იმ შარბათში შიგ ერია..
სამართლმა პური ჭამა... მაინც, თუმცა,
გულმართალი კაცი დღემდე მშიერია.
***
ცხოვრებისგან დანასესხებს, ვითვლი ვალებს,
მზით პეშვს ვივსებ შიშველ მკლავთა ოწინარით,
ვის თავზე რა წისქვილის ქვა იტრიალებს,
შენ არ იცი... დრომ იცის და დრო წინ არი.
***
დედამიწის ბედზე უკვე მოვრჩი დარდი,
ტრიალებსო, ვით შევბედო დავა, ბრუნოს,
იაში რომ მეშლებოდა ყოჩივარდი,
თუ ასეა, ის დრო მინდა დავაბრუნო.
ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე