ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
მარიამ ჯავახიშვილი - ლექსები
ჩემი ლოცვა
უფალო ჩემო, ჩვენ არაფრით ვგავართ ერთმანეთს,
უკვდავი რომ ხარ, სატანჯველი მეტი რა გინდა.
დღეს გულწრფელობას აფასებენ თითქმის ერთ მანეთს
და კლავენ აწმყოს, როგორც ქრისტეს, დასაბამიდან.
უფალო ჩემო, დაგემსგავსო მინდა იერით,
სანამ შევცოდავ, მანამდე მსურს ძლიერ ამტკივდე.
დამაქვს სხეული ავხორცი და სული მშიერი.
ღმერთო, ჩემს გამო, გოლგოთაზე, გთხოვ, არ ახვიდე.
უფალო ჩემო, ქაოსია ჩემს სამყაროში.
დედამიწაზე ჩემთვის ბინა ვერსად ვერ ვპოვე.
ერთადერთ იმედს გეჭიდები შამბიან დროში
და სადიდებლად შენდა, ღმერთო, ლექსსაც ვერ ვტოვებ.
ვნანობ, მოძღვარო, მომიტევო უნდა უფალმა,
ლოცვაც ვერაფრით ვერ ვისწავლე, ვერ ვიზეპირებ
და ამიტომაც, ჩემებურად ვწერ და მოგმართავ:
შემინდე ღმერთო, გადავედი ზღვარს და ჯებირებს.
აპათიასაც ვერ ვუთხარი ისევ უარი,
ჩემს არსებაში მცირე, მაგრამ დარჩა სიმართლე
და ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთი თუ არი,
შემოდი ჩემში, სიყვარულით გამასამართლე!
უფალო ჩემო, დაგემსგავსო მინდა მცირედით,
სანამ შევცოდავ, მანამდე მსურს ძლიერ ამტკივდე.
დამაქვს სხეული ავხორცი და სული მშიერი.
ჩემს გამო, ღმერთო, გოლგოთაზე აღარ ახვიდე...
მე ვარ ლაზარე
ეს მე ვარ, ლაზარე,
მკვდრეთით რომ აღვსდექი
და ჩემი სხეული მიწისა გავათბე.
ეს მე ვარ,ლაზარე,
ღმერთი რომ ვიწამე
და ბნელი ქვეყნისა
სინათლით გავაქრე.
ეს მე ვარ, ლაზარე,
ცოდვა რომ შემინდე
და ჭუჭყის ლოდები
მტვერივით დაფანტე.
ეს მე ვარ, ლაზარე,
გაქე და გადიდე უფალო,
შენ ზეცით ეს მიწა განავრცე
და ჩემი სახელი დამარცვლე
ლა-ზა-რე.
უფალო, მოვედი მიწიდან შენამდე,
უფალო, წყალობა, დიდება!
ეს მე ვარ, მკვდრეთით რომ აღვსდექი,
დღეს შენი სახელი დიდდება!
მამაო, მოვედი და ღმერთად გიწამე,
შენს გამო არ ვევნე, არასდროს ვეწამე.
ეს მე ვარ,
ჩემთან რომ მოხვედი,
წყლულებს და ცოდვებს
ლოცვით რომ უშველე.
- ადექი, გამოდი ლაზარე.
და ისევ ღვთის მადლით
ვისუნთქავ საკმეველს.
დღეს ჩემი სხეული არა,
არ ბერდება.
ვლოცულობ, ვგალობ და
გაღმერთებ!
ეს მე ვარ, ლაზარე,
მკვდრეთით აღდგენილი,
მირონი მაცხია სახეზე.
ეს შენ აღმადგინე
და ჩემი სახელი დამარცვლე
ლა-ზა-რე.
***
ვფიქრობ და უფრორე მეშლება ნერვები,
რომ ისევ ვერაფერს ვერ ვიწყებ თავიდან.
რომ ვეღარ ჩავაქრე ჩემს სულში ღელვები
და მუდამ გავდივარ მეორე კარიდან.
ვიღაცა მკარნახობს თამაშის მანერებს,
მიწესებს წესებს და არ ცხრება, თავხედი!
ჰოდა, უმოქმედოდ მე რა გამაჩერებს,
ან სხვის დაძახილზე როდის ვიხედები.
ვფიქრობ და ყელშია უკვე დედამიწა!
თქვენ კი რას გაიგებთ რატომ ვიყეფები.
თქვენთვის დამითმია ყველა ოვაცია,
ყველა გამარჯვება, ტრიუმფი, მიღწევები!
უკვე არაფრისგან ვიქმნი ილუზიას,
ისევ მიწუნებენ ლექსებს გოშიები.
ახლა ყველაფრისთვის მიმიფურთხებია,
როცა ძვლებს მიხრავენ ხარბად, მოშიებით!
ჰოდა, ამიტომაც უნდა განვმარტოვდე,
კამათი რეგვენთან არ მჩვევია.
ღმერთს ვთხოვ - არასოდეს გავმარტივდე,
ლექსებს სისხლის წვეთი ამჩნევია.
ნერვებდაწყვეტილი სტრიქონები
იმედს ჩემთვის აღარ იმეტებენ.
ღმერთო, რამდენ რამეს ვიგონებდი,
ღმერთო, რამდენ რამეს მიგონებენ!
ხოდა, ამიტომაც გავდივარ კარიდან,
ხოდა, უფრორე მეშლება ნერვები.
რამდენსაც წავაგებ, - დავიწყებ თავიდან,
პოეტში არასდროს ჩაცხრება ღელვბი!
ვუძღვნი საკუთარ თავს
(ავტოპორტრეტი)
ყოველი დილა ფინჯანი ყავით
და ფიქრით რაღაც სიახლის ქმნაზე...
ყოველი დილა იმავე ბაფთით,
მოგონებებით წარსულზე, შორზე...
ყოველი დილა გრიმის კეთებით,
უსიამოვნო პუდრის შეხება.
რაღაც ახალი როლის მორგებით;
პიესა - შენ რომ სულ არ გეხება.
ისევ იგივე სცენა და მტვერი,
უხასიათოდ შედიხარ როლში
და რეჟისორის შენიშვნა მყისვე -
ჰა, გამოფხიზლდი! დრო არ გვაქვს შორი!
შენც ცდილობ როლის გათავისებას,
გმირის ხასიათს სწავლობ და იღწვი,
რომ შექმნა სახე ანგელოზის და
ანგელოზივით შრომობ და იბრძვი.
გაიხსნა ფარდა.
დღეს პრემიერა უნდა დასრულდეს, -
როგორც ყოველთვის!
სპექტაკლის ბოლოს ოვაცია და
ფინჯანი ყავა,- როგორც ყოველთვის!
და შემდეგ ზიხარ შენს ჭრელ ოთახში,
გვერდით მარაო და ძველი ბაფთა.
ჩამოირეცხე გრიმის ნაგლეჯი -
ერთი საბრალო ქალიღა დაგრჩა...
კვლავ ფიქრი, ფიქრი, შემდეგ დილაზე,
როგორ შეხვდები მარტოდ ალიონს,
ძალდატანილი ჩუმი ღიმილით
მძიმედ აბოლებ... გთხოვ, მაპატიო,
რომ შენი სულის ვიქეცი სარკედ
და დაგანახე შენი არსება.
შენი სხეული გრიმის გარეშე
არარაობის არის მსგავსება!
შემდეგი დილა, ისევ იგივე,
ისევ იგივე დილა დაიწყო...
გაყიდულია ყველა ბილეთი
და შენ, მაესტრო, უნდა დაიწყო!
ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე