გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

იოსებ ჭუმბურიძე - ძიებათა ფრაგმენტები

                         
                        „გლოვა“ და „შერხევა“

„1924 წელს, საყოველთაო გლოვის ჟამს, როცა კაცობრიობა გამოეთხოვა ლენინს, დაიბეჭდა ჟურნალი „კავკასიონი“.
        - ასე იწყებს სოსო სიგუა 1983 წლით დათარიღებულ მიმოხილვას: „პოეზია „კავკასიონისა“ და „ახალი კავკასიონის“ ფურცლებზე“... 
       „საყოველთაო გლოვის ჟამი“ ბრჭყალებში არაა ჩასმული. 
       ასე რომ ყოფილიყო, ირონია გამოვიდოდა.
       და მიმოხილვაც ვერ გამოქვეყნდებოდა.
1983 წელსაც კი ვერავინ დაბეჭდავდა.
        ეს ისეთივე მწარე რეალობაა, როგორც ის ფაქტი, რომ „კავკასიონის“ პირველი ნომერი ამ სახელწოდების ესსეთი იხსნება: „ვ. ი. ულიანოვ-ლენინი“, ავტორი კი... გრიგოლ რობაქიძეა. 
       არადა, ლენინის გარდაცვალებიდან თითქმის სამოცი წელია გასული.
       ამ სამოც წელიწადში კი ჩვენი ბედკრული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავ-ბნელი მონაკვეთი - საბჭოური ჯოჯოხეთი გაწოლილა.
       
       ***
       მიმოხილვა საინტერესო ჟანრია, თუმცა, სწორედ ჟანრობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, მაინც ვერ შეედრება ესსეს, რომელიც იშვიათ ოსტატობას მოითხოვს  - თავისუფალ კომპოზიციაში განფენილ „თავისუფალ“ აზროვნებას, ღრმა ინტელექტსა და სტილის უკიდურეს დახვეწილობას. 
     გრიგოლ რობაქიძის ესსე ამ ჟანრის ნამდვილი შედევრია.
    ორ გვერდზე ბრწყინვალე პორტრეტია დახატული.
    გასაოცარი მეტაფორები, პარალელები, შედარებები...
    შედარებები - ვისთან?!  
    ჰამლეტთან, ნაპოლეონთან, ნიცშესთან...
     რა თქმა უნდა, გენანება, რომ ასეთი ელვარე ნიჭი, ერუდიცია, მხატვრული თუ პუბლიცისტური ოსტატობა ლენინის პორტრეტის შესაქმნელად იხარჯება.
     ***
     განსაცვიფრებელია ფინალი:
     „როცა რადიომ ლენინის სიკვდილი მსოფლიოს აცნობა, ალბათ, ჰაერში მისი ტალღა სხვანაირად დაიკლაკნა. მე არა მგონია, არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ლენინის სიკვდილით არ შერხეულიყოს.“
     ეს სიტყვები ლენინისთვის იმდენად არ გემეტება, რომ გინდა, იფიქრო:  ქვეტექსტშისაწინააღმდეგო აზრი ხომ არ იმალება? იქნებ, სიტყვა „დაიკლაკნა“ შემთხვევით არ არის გამოყენებული, ისევე, როგორც ლენინის სისასტიკის საკმაოდ ორაზროვანი ხაზგასმა:
      „ლენინში მოცემულია მთელი რუსეთის „საშო“... მაგრამ ლენინს კიდევ სხვა რამ ახასიათებს: რუსეთის „საშო“ რბილია და უნებო, ლენინი სასტიკია და ნებიანი. ლენინი ნებაა, როგორც ხალიბის რკინა.“
      კარგ დამწერს კარგი წამკითხველი სჭირდება.
      რობაქიძისეულ  „შერხევას“ სამოცი წლის შემდეგ ეხმიანება სიგუასეული „საყოველთაო გლოვის ჟამი“ და ორივე ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ. 
***
       ჟურნალ „კავკასიონის“ გაერთიანებულ პირველ-მეორე ნომერს ექვსი განყოფილება აქვს, მესამე-მეოთხეს კი (ასევე გაერთიანებულს) - შვიდი. მათ შორის არ არის პუბლიცისტიკის განყოფილება, მაგრამ არაერთ პუბლიკაციას მხოლოდ პუბლიცისტიკას თუ მივაკუთვნებთ. ისინი გაბნეულია განყოფილებებში: „კულტურის მატიანე“, „მემუარები და დოკუმენტები“, „ქართული კულტურის საკითხები“... 
     ბოლოსდაბოლოს, თვითონ ჟურნალი, პერიოდული გამოცემა, ხომ, თავისთავად, პუბლიცისტური ფენომენია. აქ ისევ სოსო სიგუას აზრს მოვიხმობ(სხვა სტატიიდან) და დავეთანხმები, რომ კარგი ჟურნალი „მიმდინარე პროცესის დირიჟორია.“
     „კავკასიონი“ კი, უბრალოდ, კარგი კი არა, ძალიან კარგი ჟურნალია. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი მისი ხელახალი (რეპრინტული) გამოცემა. იდეის ატორებმა ზურაბ კიკნაძემ  და ზაზა კვერცხიშვილმა, სარედაქციო მინაწერში, მკაფიოდ გამოკვეთეს ჟურნალის წარუვალი ღირსებანი:
      „ჟურნალის ყოვლისმომცველი დიაპაზონი იმ დროისათვის სრულიად ახალი იყო და არც შემდგომ განმეორებულა... „კავკასიონმა“, რომლის ნომრები ათწლეულების განმავლობაში თითქმის არალეგალურად ინახებოდა ქართველი ინტელიგენციის ოჯახებში, ფასდაუდებელი მნიშვნელობა შეიძინა საბჭოთა რეჟიმის პირობებში. მისი ფურცლებიდან ქროდა თავისუფალი სული, სიყალბისა და უიმედობის მძლავრობისას იგი ნამდვილი ფასეულობებით პასუხობდა ახალგაზრდობის სულიერ მოთხოვნებსა და მოლოდინებს.“
      ამ მიზანს ჟურნალი აღწევდა არა მხოლოდ ორიგინალური თუ თარგმნილი მხატვრული ნაწარმოებებით, არა მხოლოდ მეცნიერების, ხელოვნების, ფილოსოფიის საკითხების გაშუქებით, არამედ ზემოხსენებული რუბრიკებითაც. აქ სრულიად „ნეიტრალურ“ ჟანრსაც ვგულისხმობ - ინფორმაციულ შენიშვნას, ანუ თანამედროვე დეფინიციით, ნიუსს. სხვათა შორის, განყოფილებას „კულტურის მატიანე“ ორი ქვერუბრიკა აქვს: „ქართული კულტურის ქრონიკა“ და „ევროპის კულტურის ქრონიკა“. ეს გეოგრაფიისა და თვალსაწიერის გაფართოებაზეც მიგვანიშნებს და პუბლიცისტური აქცენტის გაძლერებაზეც. 
      მკვლევართა ნაწილი ქრონიკას პუბლიცისტურ ჟანრად არც კი განიხილავს, იმ მოტივით, რომ ის ფაქტის დახასიათებას, ტენდენციის გამჟღავნებას არ გულისხმობს. 
      ნოდარ ტაბიძე ამ მოსაზრებას არ იზიარებს და აღნიშნავს: 
     „ტენდენცია სხვა მხრივაც შეიძლება გამომჟღავნდეს. ამჯერადაც, სწორედ ირიბ დახასიათებასთან გვაქვს საქმე. ეს არის ფაქტის შერჩევა-აქცენტირება... არც ერთი სიტყვა იმის შესახებ, კარგია თუ ცუდი ეს სიახლე, მაგრამ ფაქტი რომ ფრიად მნიშვნელოვანია, ეს ჩანს მასზე ყურადღების გამახვილებით, პრიორიტეტულობის შეცნობით“.
  სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ „კავკასიონში“  გამოქვეყნებული „ქრონიკები“.
       ***
      რაზე ამახვილებს ყურადღებას ჟურნალი?
     იმაზე, რომ:
    „საქართველოში დაბრუნდა ნიკო ნიკოლაძე“;
     „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა ივანე ჯავახიშვილის ნაშრომები“;
      „პროფესორი გრიგოლ წერეთელი გაემგზავრა იტალიაში, ნეაპოლის უნივერსიტეტის 700 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო სხდომაზე დასასწრებად, ხოლო პროფესორი ანდრია რაზმაძე - საფრანგეთში, მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესზე“;
     „აკადემიკოსი ნიკო მარრი, როგორც გადმოგვცემენ, ამ ახლო ხანში ტფილისში ჩამოვა და აქედან აფხაზეთს გაემგზავრება აფხაზური ენის შესასწავლად“;
     „ლ. გუდიაშვილის სურათი - ქართველი გლეხი სახედარით, მოთავსებულია პარიზულ ჟურნალში „კრაპუიონ“...
      აშკარაა, რომ ტენდენცია სწორედ შერჩევა-აქცენტირებაშია გამჟღავნებული. 
     რაც შეეხება „კავკასიონის“ ნამდვილ პუბლიცისტიკას, მათი მნიშვნელოვნების ხაზგასასმელად, მხოლოდ ავტორებისა და სათაურების დასახელებაც იკმარებს:
     ალექსანდრე ყაზბეგი - „ავტობიოგრაფიული წერილები და მასალები“;
      ნიკო ნიკოლაძე - „მოგონებანი სამოციან წლებზე“;
     იაკობ ნიკოლაძე - „ერთი წელიწადი როდენთან“;
    ირ. ტატიშვილი - „პეტრე მელიქიშვილის იუბილე“...
  ***
     ერთ სტატიას გვერდს ვერ ავუვლი.
   კოტე მარჯანიშვილი - „ელეონორა დუზე.“  
   გრიგოლ რობაქიძის მწერლური ან პუბლიცისტური ოსტატობა რა გასაკვირია, მაგრამ, როცა რეჟისორი ასე საინტერესოდ წერს, სასიამოვნო გაოცება გიპყრობს.
    წერის სურვილი კი სამწუხარო ფაქტს აღუძრავს:
    „...და თუ მე ახლა ნებას ვაძლევ ჩემ თავს, ვილაპარაკო მის შესახებ, ეს იმიტომ კი არა, რომ შემეძლოს, მიუმატო რაიმე მასზე ნათქვამს, არამედ იმიტომ, რომ ამ ორმა ტრაგიკულმა სიტყვამ „დუზე მოკვდა“ - გააღვიძეს ჩემში რაღაც დიდი ნათელი სიხარული მხატვრული აღტაცებისა, ოდესღაც განცდილი მასთან ერთად - მისი ხელოვნების ჯადოსნური გავლენის ქვეშ“.
     აქ აუცილებლად უნდა ითქვას: ეტყობა,  „კავკასიონის“ რედაქცია იმდენად მოხიბლა კოტე მარჯანიშვილის „მხატვრული აღტაცების“ ნაყოფმა, რომ მისეულ „თავისუფალ ორთოგრაფიას“ ხელი არ ახლო. 
     კოტე მარჯანიშვილი იგონებს იმ მომენტს, როცა ელეონორა დუზეს ხელოვნებამ, პირველად, „მარგარიტა გოტიეში“ გააოცა:
     „იმ წუთში, როცა მარგარიტამ გადასწყვიტა არმანის მოშორება, მან თვალი მიმოავლო სცენაზე თითო-თითოდ ყოველ ნივთს, და უეცრად მისი მზერა შეჩერდა ერთ სავარძელზე. დიდ ხანს უცქირა მას, თითქოს, იგონებდა თავისი ბედნიერების ყველა წუთს; და ამ დროს სასწაული მოხდა, - ფერ-უმარილის ქვეშ მისმა სახემ გაფითრება დაიწყო, და ისე თვალსაჩინოთ, რომ ამ გაფითრებამ დაუკარგა მას ხელოვნური ფერი“.
      კიდევ უფრო მეტყველია სტატიის ის პასაჟი, რომელიც ელეონორა დუზეს ხელებს ეძღვნება. 
      ამას კი ნამდვილად მოაწერდა ხელს ნებისმიერი დიდი ესეისტი.
      ამიტომაც ღირს ვრცელი ციტატის გადმოწერა:
„მახსოვს, როცა პირველად ხელში ჩამივარდა დ’ ანუნციოს წიგნი „მკვდარი ქალაქი“, - მე მეწყინა ავტორის ვულგარული მიძღვნა: „ელეონორა დუზეს მშვენიერ ხელებს“, მაგრამ, როცა შემდეგ ვნახე ეს ხელები, მე მივხვდი ამ მიძღვნის დიდ მნიშვნელობას.
      მართლაც ეს მშვენიერი ხელები მეტყველებდნენ და შეუდარებლად გადმოგვცემდნენ ყველა მისი გრძნობის უნაზეს განცდას. როგორ შეიძლება, ამ ხელების დავიწყება „სასტუმროს დიასახლისში“, როცა იგი ამ ხელებს საკოცნელად უწვდის სამს კავალერს, - ეს ხელები დასცინოდნენ სულელებს, - იმდენი ირონია იყო მისი თითების ყოველ მიმოხვრაში“...
     ***
      მხოლოდ ამას თუ დავსძენთ:
     ალბათ, ასევე ფითრდებოდა ვერიკო ანჯაფარიძე „მარგარიტა გოტიეში“, ასეთივე მეტყველი და ირონიული იყო მისი ხელები „სასტუმროს დიასახლისში“...
    ***
   ბოლოს, ორიოდე სიტყვით, ჟურნალის სახელწოდებაზე.
    „კავკასიონი“ - ეს სახელდება ხომ, თავისთავად, პუბლიცისტური მეტაფორაა, ძლიერების, უდრეკელობისა და ქედუხრელობის სიმბოლო. 
    დღევანდელობის გადასახედიდან, ზუსტად ასეთნი მოჩანან ჟურნალიც და მისი რედაქტორიც, ვისაც პაოლო იაშვილმა ასე მიმართა: „ძმავ ინგოროყუ, პოეტო ადრე / და მერე დარდო წარსულ დიდების“...
      დღეს შეგვიძლია, ვთქვათ: პავლე ინგოროყვა წარსულის დარდიცაა და მომავლის იმედიც.
     
        
                                  უპირადო სატრფო
                                     
       ნიკო ლორთქიფანიძეს ვრცელი პუბლიცისტური მემკვიდრეობა არ დაუტოვებია. 
       მისი თხზულებების ოთხტომეულში პუბლიცისტიკა მხოლოდ ოცდაორი სტატიითაა წარმოდგენილი და ორმოცდაათ გვერდზეა დატეული.
       ყველაზე ვრცელი სტატია ხუთ გვერდს ძლივს ავსებს.
       ნიკო ლორთქიფანიძისგან ეს ისევე არ უნდა გაგვიკვირდეს, როგორც  მისი მხატვრული შემოქმედების სამიოდე ტომში ჩატევა. ეს ხომ ის ბედნიერი შემთხვევაა, როცა რაოდენობა „თვალნათლივ გადადის ხარისხში“(გ. ასათიანი).
       ლაკონიზმი ნიკო ლორთქიფანიძის პუბლიცისტიკას ისევე გამოარჩევს, როგორც მისსავე პროზას. ეს თვისება კი პუბლიცისტურ ტექსტს განსაკუთრებულ ექსპრესიულობასა და სიმძაფრეს ანიჭებს. 
       როცა არჩილ ჯორჯაძე ილია ჭავჭავაძე - პუბლიცისტზე, წერდა, მიზნად იმის ჩვენებას ისახავდა, თუ „რას ემსახურებოდა ჩვენი მწერალი, რას სცემდა იგი თაყვანს“.
      თუ ნიკო ლორთქიფანიძის პუბლიცისტიკასაც ამავე საზომებით განვსჯით, ადვილად დავინახავთ, რომ ისიც იმასვე ემსახურებოდა და ეთაყვანებოდა, რასაც ილია. 
       არჩილ ჯორჯაძე ილიას „ეროვნულ პუბლიცისტს“ უწოდებს.
     ნიკო ლორთქიფანიძეზეც, რასაკვირველია, იგივე ითქმის.
      „ხელიდან გვეცლება მიწა,
        იკარგება ენა,
       თავს გვენგრევა ციხე-ტაძარი“...
      როგორ გვაგონებს ილიასეულ სულისკვეთებას, მის სამ ღვთაებრივ საუნჯეს?!
      ოღონდ, არსებობს ერთი ტრაგიკული განსხვავება: ილია სამი ღვთაებრივი საუნჯის მოვლა-პატრონობას გვიქადაგებდა, ნიკო ლორთქიფანიძე კი უკვე შედეგზე წუხს, იმაზე, რომ ვერ მოვუარეთ და ხელიდან გვეცლება.
      
      ***
      ნიკო ლორთქიფანიძე - პუბლიცისტს, კიდევ ერთი ნიშანდობლივი თვისება გამოარჩევს: მწვავე პრობლემას რომ დასვამს, მისი გადაჭრის ორიგინალურ გზასაც დასახავს. 
    ერთ-ერთ სტატიაში („მთავრობის სასწავლებლებში“) ქართული ენის სწავლების პრობლემაზე მსჯელობს. უმძიმეს სურათს ხატავს. პრობლემის გადაწყვეტის მისეული გზა კი ასეთია: „მე რომ რაიმე გავლენა მქონდეს, თვით აკაკისაც კი მივმართავდი თხოვნით... მთავრობის სასწავლებლებში ქართულის მასწავლებლად შევიდეს... ერთი მისი კათედრაზე დანახვა საუკუნოთ შეაყვარებს შეგირდებს ქართულის გაკვეთილებს და როგორც ტრადიცია მოდგმიდან მოდგმაზე გადავა სურვილი ქართულის შესწავლისა ასეთ ცუდ მდგომარეობაშიც კი“.
     იდეა ორიგინალურიც არის და მოულოდნელიც.
     შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელობა ნიკო ლორთქიფანიძის პუბლიცისტიკის ერთ-ერთი თავისებურებაა. 
     როცა ილიასეულ „სამ ღვთაებრივ საუნჯეს“ შეეხება და შემზარავ რეალობას დახატავს, აშკარად მოულოდნელ ფრაზას დაწერს:
     „ყველა ეს არაფერია!
      სული დაკნინდა, სული! დაბეჩავდა გული,
      სული აშენებს ციხე-ტაძარს,
     სული ქმნის ენას,
    სული იძენს და აპოხიერებს მიწას,
    ეს სული დაიკარგა!“.
   
   ***
   „ყველა ეს არაფერია!“ - შეუძლებელია, ამ ფრაზამ არ შეგვაცბუნოს. არადა, თუ ღრმად ჩავუკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ უცნაური და მიუღებელი აქ არაფერია: სწორედ მებრძოლმა ქართულმა სულმა უნდა გადაარჩინოს და ააღორძინოს მამულიც, ენაც, სარწმუნოებაც.
     
    ***
     მოულოდნელ თვასაზრისს გამოხატავს ნიკო ლორთქფანიძე ესსეში, რომელიც ასეა დასათაურებული: „მგოსანი მხოლოდ ერთის მისწრაფების“.
       ეს ორგვერდიანი ესსე, აკაკი წერეთელს რომ ეძღვნება, პუბლიცისტური ოსტატობის კლასიკური ნიმუშია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია დანტესთან გავლებული პარალელი:
      „ბატონებო, ბეატრიჩე ის ლამაზი ქალია, რომელიც 9 წლის დანტეს გამოეცხადა, მაგრამ, ბატონებო, თქვენ გგონიათ, რომ ამ ლამაზ ჩვენებას შესწირა პოეტმა მთელი თავისი ცხოვრება, რომ ქალის სახელისთვის შექმნა დაუღალავი შრომით „ღვთაებერივი კომედია?“ არა და არა.
       ბეატრიჩე მხოლოდ ფსევდონიმი იყო: ბეატრიჩე პირადი სახელია უპირადო სატრფოსი - მამულის! დაქსაქსული, მტრებისგან აოხრებული იტალია - ესაა ნამდვილი ბეატრიჩე“.
      ეს ბრწყინვალე შედარებაც არის და უტყუარი საბუთიც, რომელიც აკაკის პატრიოტული ლირიკის მასშტაბს წარმოაჩენს. გვიდასტურებს იმას, რომ  ზოგადსაკაცობრიოც სწორედ ის არის, რაც ჭეშმარიტად ეროვნულია.
      ესეც არ უნდა გამოგვრჩეს: სიტყვა „უპირადო“ სხვაგან არსად შეგვხვედრია, არადა, დასავიწყებლად გასამეტებელი არა გვგონია. პირიქით...
  ***
     შეიძლება ითქვას, რომ აკაკი ნიკო ლორთქიფანიძის პუბლიცისტიკის ერთ-ერთი მთავარი გმირია. ამ მგოსნისადმი მისი დამოკიდებულება მეტად თავისებურია: თაყვანისცემას უცნაურად ერწყმის მოულოდნელი კადნიერება. 
     როცა დაწერს, აკაკისთვის ყველაფერი საქართველოაო, დასძენს:
    „ეს, - მომიტევეთ, ბატონებო, კადნიერება! - თავისებური მონოთეიზმია, ეს ავადმყოფური სიყვარულია, ყოველ საგანში ერთი და იმავე სახის დანახვა პატალოგიური მოვლენაა!“.
      თვითონაც გრძნობს, რომ ეს ერთგვარი კადნიერებაა და მიტევებასაც ამიტომ ითხოვს, თუმცა, გულახდილობა და აკაკისადმი ნამდვილი თაყვანისცემა მის არაორდინალურ აზრს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. 
      რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ეს გულწრფელი აზრი 1908 წელს, ანუ აკაკის სიცოცხლეშია გამოთქმული.
      რაც მთავარია, ყოველგვარ კადნიერებას აბათილებს ის, რომ თვითონ ნიკო ლორთქიფანიძისთვისაც „ყველაფერი საქართველოა“ - ის და აკაკი ერთი ისრით არიან ნაჩხვლეტნი და „პატალოგიაც“ ერთნაირი სჭირთ. 
     ***
    საინტერესო პუბლიცისტურ ხერხს მიმართავს ნიკო ლორთქიფანიძე სტატიაში „ოცნება და სინამდვილე“.
    აღსანიშნავია, რომ ეს სტატია 1936 წელსაა დაწერილი. 
   კარს მომდგარა „ხანი უნდობარი“ - ოცდაჩვიდმეტის უსასტიკესი რეპრესიები.
   მწერალმა გარკვეული ხარკი უნდა გაიღოს, თავი რომ გადაირჩინოს.
    ხოტბა უნდა აღუვლინოს საბჭოთა ხელისუფლებას.
    ნიკო ლორთქიფანიძე სახოტბო სტილს თავს ოსტატურად აარიდებს დათხრობას ოცი წლის წინანდელი საქართველოდან დაიწყებს.
     წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოთახში შეკრებილან ქართული საქმის იმჟამინდელი მესვეურნი და ბაასობენ. სინამდვილეში,  ოცნებობენ - უნივერსიტეტის გახსნაზე, კოლხეთის ჭაობების ამოშრობაზე, სამგორის უდაბნოს გაცოცხლებაზე, გაზეთების ტირაჟის გაზრდაზე, ილიასა და აკაკის რჩეული თხზულებების გამოცემაზე...
     ბოლოს, მწერალი/პუბლიცისტი დასძენს:
    „ეს ოცნებები ხომ გადაჭარბებით განახორციელა საბჭოთა ხელისუფლებამ“.
      სტატია, თითქოს, დამთავრებულია. და უცებ - მოულოდნელი გაგრძელება:
     „სინამდვილეზე აღარაფერს იტყვი, მწერალო? - იქნება მომაძახოს მკითხველმა.
     თქვენს წამოძახილშია უკვე პასუხი, მეგობარო მკითხველო. ამ წამოძახილისთვის დავწერე რამდენიმე სტრიქონი და მიზანს მივაღწიე - თქვენ ადასტურებთ, რომ ოცნება სინამდვილედ იქცა“.
     მართალია, ფინალის ორაზროვნება აუცილებელ ხარკსაც გულისხმობს, მაგრამ მთავარი აქ კითხვის დასმაა.
     აქ შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს გალაკტიონის ასევე აუცილებელი ხარკი:
      „მოხევევ, გახედე/ჩვენს იმერ-ამიერს,/ ეყუდვნის თავის თავს? / - ცხადია, ეყუდვნის“.
      მთავარი აქაც შეკითხვაა.
      შეკითხვა, რომელსაც, სხვა ლექსში, გალაკტიონი ასე უპასუხებს:
      „ჩვენვე ჩვენი თავი/აღარ გვეყუდნების./ სული გვეხუთების,/სუნთქვა გვეხუთების“...
      
    

     скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
მარიამ მარჯანიშვილი - ,,ცისფერყანწელთა“ - ანი და ჰოე მარიამ მარჯანიშვილი - ,,ცისფერყანწელთა“ - ანი და ჰოე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები გიზო თავაძე - „ტანო ტატანო“ ანუ აკრძალული სიყვარულის ამბავი გიზო თავაძე - „ტანო ტატანო“ ანუ აკრძალული სიყვარულის ამბავი ჟურნალი / სტატიები / პროზა / მომხმარებლები ირაკლი გოგაბერიშვილი  -   ფეხბურთის ისტორიის მიმოხილვა ირაკლი გოგაბერიშვილი - ფეხბურთის ისტორიის მიმოხილვა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / სპორტი / გამოქვეყნებული თენგიზ გუმბერიძე  - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ თენგიზ გუმბერიძე - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ ჟურნალი / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / სტატიები / გამოქვეყნებული მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში ჟურნალი / ესეისტიკა / ისტორია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge