გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლევან კაკლიანი - ბედთან მებრძოლი ოიდიპოსი


,,ვის შევუშინდე? რას შევუშინდე?
დავიწყებული სად არის ჩრდილი?
დაბრკოლებები? - უამისოდ ხომ
    არც გმირობას აქვს ქვეყნად ადგილი?“
გალაკტიონ ტაბიძე
 
      ანტიკურობასა და შუა საუკუნეებში პლატონი, არისტოტელე, სტოელები თავისუფლებას ცხოვრების აბსოლუტურ მიზანთან აკავშირებდნენ. არისტოტელე არ მიიჩნევდა სრულად თავისუფალად იმ ადამიანს, ვინც სიქველეზე მეტად სიცოცხლის ხიბლს იყო მიცემული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სიქველეების კულტივირება შეეძლო მას, ვისაც მოცალეობა ანუ „სქოლე“ ჰქონდა. რას გვასწავლის სტაგირელის მოძღვრება? - საქმე ისაა, რომ ყოველდღიური, წარმავალი საფიქრალით შეპყრობილი ადამიანი თავისუფალ ინდივიდად ვერასგზით ჩამოყალიბდება. სტოლოებისათვის თავისუფლების ინდიკატორი შინაგანი ლოგოსი გახლდათ. საბოლოოდ, სრული მეტამორფოზა ადამიანს აძლევინებს სიკვდილის შიშს, „სიქველის სიყვარულის გამო“. აღსანიშნავია ქრისტიანული ხედვა, რომელიც ამგვარ თვალსაწიერს უვითარებდა ადამიანს: „ნუ გეშინიათ მათი, რომლებიც ხორც კლავენ, მეტის კი არაფრის დაშავება არ შეუძლიათ, არამედ გეშინოდეთ მისი, ვისაც ხორცის მოკვლასთან ერთად სულის ჯოჯოხეთში ჩაგდება შეუძლია“... - მაშასდამე, ფიზიკური სიკვდილი ვერასოდეს გახდება საბოლოო განაჩენი, აღმაშფოთებელი, სწორედ რომ, საკუთარი სინდისია. ადამიანის დამოკიდებულებამ, ხედვამ, აღქმამ მოახდინა სულის ემანსიპაცია სხვადასხვა ინსტიტუტისაგან. მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება და რეალობის აღქმა ანტიკური პერიოდიდან მრავალგზის ტრანსოფრმირდა. ყოველივეს მიეცა განსხვავებული სახე, მიმართულება და მივიღეთ ის, რასაც დღევანდელი ვითარება განაგებს. სწორედ რომ, უძველესი პერიოდიდან აწუხებდა ადამიანს საკითხები, როგორიცაა: სიცოცხლის რაობა, მიწიერი წარმავლობანი, სიკეთის იდეა და, რა თქმა უნდა - გარდუვალი სიკვდილი. ამ ყველაფერმა სხვადასხვა განშტოება ჩამოაყალიბა, ერთ-ერთ მათგანს წარმაოდგენს სიცოცხლე წუთისოფელსა და მიღმიერ ცხოვრებაში. უცილობლად საყურადღებოა ბედისწერა - მოირა - ფატუმი. როგორია ანტიკური ადამიანის თვალით დანახული მოირა?! საქმე ისაა, რომ  ვაწყდებით ერთგვარ ციკლს, რომელიც ღმერთების წიაღს არ სცდება. ადამიანთა ხვედრი გარდუვალია, იგი ყოველგზით აღსრულებადია, - „ბედისწერას ვერვინ დაემალება“. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს, „უკვდავების ღირს ცხოვრება“... - ცხადია, ინერციით მიღებულს აღარ ენდობა!..
  ცალსახად, მარადიული თემების მაცოცხლებელი ანტიკური პერიოდია და მასში აღმოცენებული ბედისადმი დაუმორჩიებლობის იდეა, რომელსაც ხორცი ოიდიპოსმა შეასხა. რაგვარია მისი ხვედრი? - მიუხედავად იმისა, რომ ღმერთების მიერ ყოველივე წინასწარ იქნა გაწერილი.. - საქმე ისაა, რომ ლაიოსს კარგად ჰქონია გაცნობიერებული უკვდავთა ნება, ამიტომაც ერიდებოდა შვილის გაჩენას. ღვინო, როგორც უამრავ მითში, უმთავრესი კვინტენსენციის მატარებელია - მისით მთვრალმა ლაიოსმა ვეღარ შეიკავა თავი და იოკასტეს ნაყოფი ჩაუსახა.. ამბავი ოიდიპოსისა დიაქრონიულად განსახილველია,სვე-ბედი მას კორინთოს მეფისა და დედოფლის სასახლეში მიიყვანს, რომელთაც უშვილობა ადარდებდათ. 
       ნადიმზე მყოფი ოცი წლის ოიდიპოსი შეიტყობს გამომთვრალი თანამესუფრისაგან, რომ იგი აყვანილია. მსგავსად ლაკმუსისა, ბედისწერის ინდიკატორად გვესახება ღმერთების განგებულება. საქმე ისაა, რომ გმირი მოქმედებს არცოდნის სფეროში, ინდივიდმა, რომელმაც ყოველივე იცის და სჭვრეტს უმთავრეს ასპექტებს - არ აქვს ცნობა საკუთარი წარმომავლობის შესახებ... მის ტრაგიზმს განაპირობებს ის, რომ იგი დაბადებისთანავე დაწყევლილია, ცხადია - ამ ყოველივეში ოიდიპოსი არ მონაწილეობს, მისი ტრაგიზმი არცოდნაა. ოიდიპოსი გახლავთ ბედისწერასთან მებრძოლი, რომელიც არასგზის ნებდება: „ლოქსიასმა მითხრა ოდესღაც, რომ უცილობლად შევერეოდი საკუთარ დედას და ჩემი ხელით მამისეულ სისხლსაც დავღვრიდი“... მისი ბედისწერასთან გადაკვეთა განპირობებულია იმით, რომ იგი მოცემულობას არ ემორჩილება. უნდა აღინიშნოს მამისადმი დამოკიდებულება, რომელიც შემდეგნაირია: კრონოსი ურანოსს ასაჭურისებს, ზევსი დაამარცხებს - კრონოსს. ცხადია, ვაწყდებით მამისეულ ზრახვებს; რაც შეეხება ოიდიპოსს - ამ შემთხვევაში ყოველივე პირიქითაა, იგი არ არის მოსურნე იმოქმედოს მშობლის წინააღმდეგ, „დავაგდე კორინთოს მიწა, საშინელ წყევლას გავექეცი, რადგან არ მსურდა, როდესმე მართლა ამხედნოდა დელფოს მისნობა“. - სწორედ ამიტომ, კორინთოდან წასვლის საფუძველზე - გაურბის მამის მკვლელობას. ოიდიპოსი განტევების ვაცია, რომელსაც მოიშორებს ოჯახი, რათა არასგზის აღსრულდეს წინასწარმეტყველება. იგი დელფოშია, უმთავრეს მიზანს კი წარმოადგენს - „შეიცან თავი შენი“ - ცხადია, მოცემული რელიგიური პრინციპი გახლავთ, რომლის თანახმადაც, ყველა არსება ვალდებულია ეძიოს საკუთარი თავი, რათა აღარ გადალახოს მისთვის დადგენილი საზღვარი ე.ი. არ ხელყოს სამყაროს ჰარმონიულობა. ოიდიპოსი წარმოადგენს გმირის სახეს, რომელიც თვალს არ ხუჭავს, ამოძრავებს რაინდული სულისკვეთება... იგი ამსხვრევს ყოველგვარ ჩარჩოს. საქმე ისაა, რომ წინასწარმეტყველებისაგან გაქცევა, სწორედ რომ, გამოხატულებაა თავისუფლების უმაღლესი მწვერვალისა. რა თქმა უნდა, ყველას არ შესწევს ძალა, დაუპირისპირდეს უდიდეს განგებულებას. მაშინაც კი, როდესაც არ ვიცი რომ მსხვერპლს წარმოვადგენ - ოიდიპოსს შესწევს უნარი მსხვერპლობიდან ავიდეს აპოთეოსამდე. იგი შინაგანი გამოხატულების წინააღმდეგ იბრძვის და უპირისპირდება თავისივე სიტყვებს „თუ ღმერთებს არ სურთ, იძულებით ვერაფერს იზამ“... ოიდიპოსი ღმერთებთან მებრძოლი იაკობია, რომლის იდეაფიქსს დაუმორჩილებლობა წარმოადგენს. „გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი“ - მისი მსოფლმხედველობით, თავისუფალ გადაწყვეტილებას ვერვინ აღუდგება წინ.
       თანამედროვე ნეოფროიდისტები ოიდიპოსის თვითდაბრმავებას აღიქვამენ, როგორც თვითკასტრაციის აქტს, რასაც განსხავებულ განზომილებამდე მივყავართ. საყურადღებოა, ს. ავერინცევის შეხედულება, იგი ოიდიპოსის დაბრმავებას განიხილავს, როგორც სიმბოლურ აქტს - ფიზიკური ხედვიდან სულიერ ჭვრეტმადე. ცნობილია, რომ ბერძნულ რელიგიაში დაბრმავება ნიშნავდა სიკვდილთან საკრალურ ზიარებას. გმირის თვითდაბრმავება მისივე თვითმკვლელობის ტოლფასია, მასში იღუპება ძველი სიცოცხლე და წარმოიშობა ახალი. არსი „ბედისადმი დაუმორჩილებლობისა“ მეტამორფოზული ხასიათისაა, რომელსაც მივყავართ გზამდე, რომელთა გასაყარზე იბრძვიან ფიზიკური და სულიერი მეუფენი. საქმე ისაა, რომ ვაწყდებით ბინარულ ოპოზიციას, სოფოკლეს ტრაგედიებში ორივე მათგანი წარმოდგენილნი არიან, როგორც მეუფენი; ერთი ფიზიკურ, ხოლო მეორე - სულიერ პლანში. ვაწყდებით მომდევნო ასპექტს, რატომ სდუმს არსება, რომელმაც ყველაფერი იცის?! - ცხადია, ტირესიასზე გვაქვს საუბარი. ტექსტის მიხედვით, იგი ფლობს ყოველმხრივ ცოდნას, რაც თვით აპოლონმა იცის, განსხვავებით ოიდიპოსისა, რომელმაც საკუთარი ვინაობის შესახებ არაფერი იცის... საქმე ისაა, რომ მეფის არცოდნა, სწორედ რომ, მის არასწორ ცოდნაში მდგომარეობს. თუკი ტირესიასი საკუთარი ნიჭის დამსახურებით ქედმოდრეკილია უფლის, ყოველმხრივი ცოდნისადმი, ოიდიპოსი უმაღლეს განგებულებასაც ეურჩება და არ სჯერდება მოცემულობას, რასაც, საბოლოოდ, ამპარტავნების გზაგასაყარზე მივყავართ. მაგალითი იმისა, რომ ცოდვა დაუსჯელი არასოდეს რჩება გახლავთ - ჰიბრისის მითი. ღმერთთა ძალაუფლებაში ეჭვი იოკასტეს სკეპტიციზმსაც შეაქვს, მსგავსად კრეონის მოქმედებისა „ანტიგონეში“. 
     სერგეი ავერინცევის აზრით, ამბავი ოიდიპოსისა გულისხმობს ბედს უზურპატორი მამაკაცისა, დედის სარეცელის გაზიარება კი მის მიერ სამშობლოს უზურპაციას. სოფოკლეს აზრთა მიხედვით, ოიდიპოსის ამბავი გაიაზრება როგორც - ადამიანის ზოგადი ბედისწერის სიმბოლო. დასტურად გავიხსენოთ სფინქსის ეპიზოდი, სადაც ორთაბრძოლაში, სწორედ რომ, ადამიანი იმარჯვებს, რაც ინდივიდის არსის მითოპოეტურ გამოხატულებას წარმოადგენს. აგრეთვე, საყურადღებოა ამოცანის არსი, რაც ადამიანის ფიზიკური და მორალური რაობის საკითხს ეხება, კონკრეტულად, მის ხვედრსა და ადგილს სამყაროში. რაგვარია ფროიდის დამოკიდებულება მითისადმი და ხელყოფს თუ არა მის საკრალურ ბუნებას? - საქმე ისაა, რომ მან საბოლოოდ განავითარა არაცნობიერის თეორია, გაავლო პარალელი სიზმრისეულ სიმბოლოებსა და მითებს შორის. ფროიდს მიაჩნია, რომ ოიდიპოსის მითი გამოხატავს ადამიანური ინსტიქტების ვრცელი ნუსხიდან - „დედისადმი სიყვარულსა და მამისადმი ეჭვიანობას“. ბირთვული კომპლექსი ტრანსფორმირდა - „ოიდიპოსის კომპლექსად“. იგი წერს: „ჩვენ ყველანი წინასწარ ვიყავით განსაზღვრულნი ჩვენი დედებისადმი პირველი სექსუალური და ჩვენი მამებისადმი პირველი ძალადობისმიერი იმპულსებით. ოიდიპოსის მსგავსად, ჩვენ იმ გარემოების არცოდნაში ვცხოვრობთ, რომ ბუნება ჩვენზე ძალადობს“. - ოიდიპოსის მითი, რა თქმა უნდა, ძველი ბერძნების საკრალურ თემას წარმოადგენს, რასაც ფროიდისეული მოძღვრება სახეს უკარგას. ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ წმინდა თემატიკა პროფესიული ჩანაფიქრისათვის ტრანსფორმირდა, იცვალა სახე... „ბირთვული თეორიის“ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამბავი ოიდიპოსისა გაუფერულებული ტექსტია, რაც მხოლოდ ფსიქოლოგიურ მორალს ემსახურება...
     მაშასადამე, „ოიდიპოსის მითი“ და სოფოკლესეული ინტერპრეტაცია ერთმანეთის შემავსებელ ნაწილებს წარმოადგენს. ოიდიპოსის ბუნებრივი თუ სულიერი მდგომარეობა ორგვარია, როდესაც გმირი თვალებდათხრილია - იგი გვესახება, როგორც გამარჯვებულის პოზიციაში მყოფი ადამიანი, ხოლო მეფის ამპლუაში - დამარცხებული. მას ღრმად სწამს, რომ აქვს განაჩენის გამოტანის უფლება. იგი მეამბოხე სულისკვეთების მატარებელია, წინ აღუდგება უდიდეს გადაწყვეტილებას და ბარათაშვილის სიტყვები „გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი, თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!“ - ოიდიპოსის ქმედებებს მუდმივად გასდევს ლაიტმოტივად.  
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge