გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარიამ ჩხეიძე - ავტორი, ტექსტი და მკითხველი

                                           
     ლიტერატურული სამკუთხედი, რომელიც ავტორს, ტექსტსა და მკითხველს აერთიანებს, ხშირად იწვევდა დავას ლიტერატურათმცოდნეობაში და არა მარტო ლიტერატურათმცოდნეობაში. ავტორი, მარტივად რომ ვთქვათ, ისაა, ვინც ტექსტს ქმნის, ვის შემოქმედებით სამზარეულოშიც „იხარშება“ და მზადდება ტექსტი. მკითხველი, კი ისაა, ვისთვისაც ტექსტი იქმნება. მაშ გამოდის, რომ ტექსტი არის ავტორისა და მკითხველის ერთგვარი მაკავშირებელი. ეს ერთვარი ჯაჭვიცაა. თუ არ იქნება ავტორი არ იქნება ტექსტი და თუ არ იქნება ტექსტი, არ იქნება მკითხველი. ეს თვალსაზრისი შეიძლება სიტყვა „ტექსტის“ ეტიმოლოგიის მოძიებითაც გავამყაროთ. სიტყვას ლათინური ფესვები აქვს და ლათინურად „Textus” ნიშნავდა კავშირს, შეერთებას. 
თუმცა, რამდენად დაკავშირებულია ეს სამი ცნება ერთმანეთთან, რთული დასადგენია. პირველად სწორედ ავტორი და ტექსტი გაიმიჯნა ერთმანეთისაგან. რამდენად ექვემდებარება ავტორი ტექსტს და ტექსტი ავტორს? იქნებ ეს ორი უკანასკნელი სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებენ? ავტორისათვის კუთვნილი ადგილის მიჩენაზე პირველად მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში ალაპარაკდნენ, როდესაც ასპარეზზე გამოდიან რუსული ფორმალიზმისა და ფრანგული სტრუქტურალიზმის წარმომადგენლები. მათ შორის ამერიკის „ახალი კრიტიკის“ ხმაც ხშირად გაისმოდა. კონფლიქტში გამოიკვეთა ავტორისეული ინტენციის საკითხი. რამდენად აქვს ავტორს წინასწარგანჭვრეტილი, როგორ წარმათოს სიუჟეტი და რამდენად ცდილობს იყოს  სუბიექტური გრძნობებისა და შეხედულებებისაგან დაცლილი. ამერიკული „ახალი კრიტიკა“ და ფორმალისტები თვლიდნენ, რომ ავტორი საერთოდ უნდა გამოვდევნოთ ტექსტიდან, რომ ტექსტი არის დამოუკიდებელი და ის თავისთავად მნიშვნელობს. კონფლიქტის მეორე მხარე კი მიიჩნევდა, რომ ტექსტში უნდა ვეძებოთ ავტორისეული ჩანაფიქრები, უნდა გავითვალისწინოთ ავტორის მსოფლმხედველობა და ხშირად ბიოგრაფიაც კი. ისინი თვლიდნენ, რომ ტექსტიდან მათ „ავტორზე გასვლა“ შეეძლოთ. ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა მოსაზრება, რომ არა ტექსტი ან ავტორი, არამედ მკითხველია მთავარი, თუმცა ამაზე მოგვიანებით. ახლა კვლავ ავტორსა და ტექსტს მივუბრუნდეთ. 
      ავტორი იმდენად მნიშვნელოვან ფიგურად გვევლინება და იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მის როლს, რომ მე-20 საუკუნეში თეორიული ლიტერატურათმცოდნეობის ცალკე დარგად ყალიბდება „ავტოროლოგია“, როგორც ასეთი.  მე-19 საუკუნეში ვიქტორიანული ეპოქის კრიტიკა ამბობდა, რომ ტექსტის ახსნის მთავარი გასაღები ავტორი და მისი ბიოგრაფია იყო. სწორედ ამიტომ ტექსტის კრიტიკისა და ახსნისას ისინი ყოველთვის ითვალისწინებდნენ ავტორის ბიოგრაფიას, მის სურვილებსა და შეხედულებებს. ტექსტის გააზრებისას ისინი იყენებდნენ ფსიქოანალიტიკურ მიდგომას. სწორედ ამ პერიოდში ჩნდება ე.წ „რეპრესირებული გრძნობების“ ტერმინიც, რაც მოიაზრებს, რომ ტექსტი შეიძლება ავტორის დაუოკებელი სექსუალური სურვილების, ბავშვობის ტრამვებისა და ა.შ. გამოვლინება იყოს. თუმცა, დაპირისპირებულ მხარეს ყოველთვის მოჰყავდა მაგალითად პოეტი ავტორები და ამბობდა, რომ პოეტის სუბიექტური ემოციები პირდაპირ არასდროს აისახება ტექსტში და ეს არც უნდა ვეძებოთ. ერთი მხრივ, ეს თვალსაზრისი შეიძლება სწორად ჩავთვალოთ. მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ან ბაირონის შემოქმედება რომ მოვიხმოთ და მათ ნაშრომებში მათი ტანჯული ცხოვრების კვალი ვეძებოთ, ნაშრომი ნამდვილად დაკარგავს ესთეტიკურობას. რადგან ნებისმიერი ტექსტის მიზანია კულტურათა დიალოგში მიიღოს მონაწილეობა, ატაროს საჭირო ინფორმაცია, რომელიც საჭირო დროს, საჭიროებისამებრ უნდა იქნეს აღქმული.
         ეს დაპირისპირება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან უფრო გამწვავდა, 1968 წელს როლან ბარტმა გამოაქვეყნა სტატია „ავტორის სიკვდილი“. სტატიაში ბარტი უარყოფს კონცეფციას „ავტორი-ღმერთი“ და მხარს უჭერს თვალსაზრისს, რომ მთავარი არის „ენა“, რაც ლაპარაკობს და არა „ავტორი“. და ამბობს: ,,ლინგვისტიკის მიხედვით, ავტორი მხოლოდ ისაა, ვინც წერს, ისევე, როგორც ,,მე“ არის მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ,,მე“-ს ამბობს; ენა იცნობს ,,სუბიექტს“, მაგრამ არა ,,პიროვნებას“ და ეს სუბიექტი – რომელიც სამეტყველო აქტით განისაზღვრება და მის გარეშე შინაარსისგან იცლება – საკმარისი ხდება, რათა თავის თავში ,,დაიტიოს“ მთელი ენა და ამოწუროს მისი ყველა შესაძლებლობა“ (ბარტი, ,,ავტორის სიკვდილი“, თარგმანი მალხაზ ხარბედიასი). იგი ამ თვალსაზრისით მალარმეს ეთანხმება, ვინც მიიჩნევდა, რომ „ლაპარაკობს არა ავტორი, არამედ ენა, როგორც ასეთი; წერა თავის საფუძველში უპიროვნო საქმიანობაა (ეს უპიროვნება არამც და არამც არ უნდა ავურიოთ მწერალი-რეალისტის გამოფიტულ ობიექტურობაში, რომლის მეოხებითაც უკვე არა „მე“, არამედ თავად ენა მოქმედებს, „პერფორმირებს“; მალარმეს მთელი პოეტიკის არსი იმაში მსგომარეობს, რომ გააუქმოს ავტორი და იგი წერით შეცვალოს - ეს კი, როგორც დავინახავთ, მკითხველის უფლებათა აღდგენას ნიშნავს“ (ბარტი, „ავტორის სიკვდილი“, თარგმანი მალხაზ ხარბედიასი). 
       თავის ესსეში ლევან გორვანელი აღნიშნავს, რომ   ეს სიტყვათა თამაში, ერთის მხრივ, დამაბნეველიც კია. თითქოს ავტორი მხოლოდ აზიანებს ტექსტს, რომ მიუხედავად მისი შემოქმედებითობისა, მიუხედავად იმ შემოქმედებითი სამზარეულოსი, სადაც ათასი სიუჟეტი ყალიბდება, მთავარი მაინც მხოლოდ ენაა, ეს კი აკნინებს აზროვნების დამოუკიდებლობას... 
      „ავტორის ცნება აზრშია, როგორც მთლიანობის ფორმა. სამყარო ტექსტია, რომელიც თანადროულად ბადებს ადამიანს (ავტორს), ენა კი, საშუალებაა, რათა სამყაროსა და ადამიანს შორის შედგეს კომუნიკაცია. ენა არ ეკუთვნის ტექსტს, ის ავტორს ეკუთვნის, რადგან ავტორის მთლიანობის ცნების გაგება წინ უსწრებს ტექსტის სიტყვებით გამოხატვას. სიტყვა უნდა მივიჩნიოთ ენის ერთ-ერთ კომპონენტად, ენა კი, აზროვნებისათვის მიღებულ ნორმად, რომელიც საჭიროა და არა აუცილებელი“ (ლევან გორვანელი, „ავტორის დაბადება“). ბარტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ავტორის კატეგორიიდან მკითხველის როლზე გადასვლა, მისი როლის გააქტიურება და მიიჩნევს, რომ უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება დროს. ავტორის დრო კი მკითხველის აწმყოს წარსულია. ბარტის შემდეგ, მისი გახმაურებული სტატიიდან 1 წლის თავზე, მიშელ ფუკო კითხულობს ლექციას „რა არის ავტორი?“. იგი ლექციის დასაწყისშივე იშველიებს სემუელ ბეკეტის სიტყვებს: ,,რა მნიშვნელობა აქვს ვინ ლაპარაკობს?“. ფუკო ამ ლექციაში გამოყოფს ლიტერატურული მიმდინარეობის რამდენიმე ეტაპს და ამბობს, რომ თუ თანამედროვეობაში ავტორის როლი არ არის იმდენად საჭირო, ამას ვერ ვიტყვით შუა საუკუნეების ეპოქაზე. რადგანაც ამ დროს ავტორის ვინაობით, მოღვაწეობის ეპოქითა და ამ ეპოქაში მიმდინარე პროცესებით, ჩვენ, ფაქტობრივად, ვშიფრავთ მის ნაშრომს. იგი ფიქრობს, რომ კონკრეტულ ავტორებს შესწევთ ძალა შექმნან ისეთი წიგნები, რომ ამ წიგნებმა რაიმე სხვას დაუდონ საფუძველი. ეს შეიძლება ცალსახად მოდერნისტულ შეხედულებადაც ჩავთვალოთ: ,,წიგნები მხოლოდ უკვე დაწერილ წიგნებზე იწერება“. ფუკო ასეთ ავტორებს დისკურსის დამაარსებლებად თვლის. „დისკურსულობის ეს დამაარსებლები შესაძლებელს ხდიან იმისგან სრულიად განსხვავებულ რამეს, რასაც რომანისტი ხდის შესაძლებელს“ (ფუკო,119), ესე იგი, გამოდის, რომ მისთვის ავტორი შეიძლება იყოს ტრანსდისკურსული და დისკურსული. პირველ შემთხვევაში, ის მამებს მოიაზრებს, მაგალითად არისტოტელე, ჰომეროსი მოჰყავს, მეორე შემთხვევაში კი - მწერლებს, რომლებიც რთულ კომპოზიციებს უფრო მრავალ და მარტივ კომპოზიციებად შლიან. ფუკოს თანახმად, აღსანიშნი/აღმნიშვნელის დიქოტომიაში, ავტორის სახელი არის, როგორც „ავტორი“, არის აღმნიშვნელი, ხოლო ავტორის საკუთარი სახელი არის ამ აღმნიშვნელის აღწერილობა/განმარტება, რომელიც იდეურად გვაკავშირებს მის ბუნებასა და სხვა მახასიათებლებთან. „ავტორი“ და ავტორის საკუთარი სახელი სხვადასხვა რამაა და ამის ნათელსაყოფად მოჰყავს შექსპირის მაგალითი, ის ამბობს: ,,გამჟღავნება იმისა, რომ შექსპირი არ დაბადებულა იმ სახლში, რომელსაც ახლა ტურისტები სტუმრობენ, არ შეცვლის ავტორის სახელს, მაგრამ თუ ჩვენ დავამტკიცებთ, რომ მას არ დაუწერია ის სონეტები, რომელთაც ჩვენ მას მივაწერთ, გამოიწვევს მნიშვნელოვან ცვლილებას და გავლენას მოახდენს ავტორის სახელის აღქმაზე“ (ფუკო, ,,რა არის ავტორი?“ თარგმანი ჩემი, მარიამ ჩხეიძისა). 
       ავტორი კვდება, თუმცა, როდის იბადება ის? მაშინ, როდესაც ხელში კალამს აიღებს? ლევან გორვანელი თავის ტექსტში „ავტორის დაბადება“, წერს, რომ ავტორი იბადება ტექსტთან ერთად, რომ - „თანადროული დაბადება ქმნის ემპათიურ დარდს, რომლის შედეგადაც ავტორს ეკარგება ორიენტაცია, მიმართულების ნიშნული და მას ვეღარ გაურკვევია: მაყურებელია თეატრში თუ თეატრის სცენაზე დგას და როლს ასრულებს. ავტორი ცდილობს ტექსტთან და-ბრუნებას და საკუთარი ტექსტის მკითხველად გვევლინება“. ეს თვალსაზრისი შესაძლებელია კათარზისის ცნების არსებობითაც გავამყაროთ. არისტოტელე ამბობდა, რომ სულ სამი ტიპის ადამიანი არსებობს: კარგი, საშუალო და ცუდი. საშუალო ტიპის ადამიანი ყველაზე ბევრია დედამიწაზე და სწორედ საშუალო ტიპის ადამიანი უნდა იყოს ტრაგედიის მთავარი გმირიც, ვისშიც მაყურებელი/მკითხველი საკუთარ თავს დაინახავს, ამოიცნობს და მის მიმართ შიშითა და ემპათიით განიმსჭვალება. შიშით იმიტომ, რომ ეშინია, მასაც მსგავსი რამ არ გადახდეს, რადგან პერსონაჟი სწორედ მისნაირია და ემპათიით იმიტომ, რომ ადამიანური განცდებით თანაუგრძნობს მას. სწორედ ამ ორ განცდას მაყურებელი/მკითხველი მიყავს კათარზისამდე/განწმენდამდე, რამაც შეიძლება მასში ახალი იდეალების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, სამყარო ახალი თვალით დაანახოს. თუ დავეთანხმებით ლევან გორვანელის მოსაზრებას, რომ ,,ავტორი ტექსტთან ერთად იბადება“ და ,,ტექსტის მკითხველი ხდება“, მაშინ გასაკვირიც არ იქნება ის ფაქტი, რომ ხშირად ავტორი თავისი ტექსტის, თავისივე წინაპირობების მსხვერპლიც კი ხდება. თითქმის ყოველი მწერალი აღიარებს, რომ შემოქმედებითი პროცესი - ესაა დაუსრულბელი ენერგიისა და სიტყვების ნაკადი, რომელთაც უნდა გაარღვიონ ველი, დალაგდნენ და ფურცელზე დაიდონ ბინა. ამ ველის გარღვევისას კი, ხშირად, პერსონაჟებს იმაზე მეტ ავტონომიას ანიჭებენ მწერლები, ვიდრე საჭიროა, რადგან მათი დაწერილი წინაპირობები ასე მოითხოვს.ხშირად ავტორი თავისი ტექსტის, თავისივე წინაპირობების მსხვერპლიც კი ხდება. თითქმის ყოველი მწერალი აღიარებს, რომ შემოქმედებითი პროცესი - ესაა დაუსრულბელი ენერგიისა და სიტყვების ნაკადი, რომელთაც უნდა გაარღვიონ ველი, დალაგდნენ და ფურცელზე დაიდონ ბინა. ამ ველის გარღვევისას კი ხშირად პერსონაჟებს იმაზე მეტ ავტონომიას ანიჭებენ მწერლები, ვიდრე საჭიროა, რადგან მათი დაწერილი წინაპირობები ასე მოითხოვს. მაგალითად, ალ. პუშკინს როდესაც ჰკითხეს „ევგენი ონეგინში“ ტატიანა ლარინა რატომ გაათხოვეო, უპასუხა, რომ არ უნდოდა, მაგრამ გათხოვდა. აგრეთვე ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც ლევ ტოლსტოიმ „ანა კარენინას“ წერა დაასრულა, საშინელი ქვითინი მორთო, ხოლო როდესაც ჰკითხეს, თუ რა ატირებდა, უპასუხა: ,,ჩემმა ანუშკამ თავი მოიკლაო“. უმბერტო ეკო თავის გახმაურებულ წიგნზე „ვარდის სახელით“ ამბობს, რომ როდესაც გადაწყვიტა ხორხე ბიბლიოთეკარი ყოფილიყო, მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მკვლელი ზუსტად ის აღმოჩნდებოდა. ვაჟა-ფშაველასთან რომ გადავინაცვლოთ, იგი ამბობს, რომ ერთხელ ერთმა თუშმა ჰკითხა „ბახტრიონში“ ლუხუმი ხომ საქართველო იგულისმეო? - მე კი ვუპასუხე, რა ვიცი, იქნებ, მეგულისხმა კიდეცო.
          როგორც ,,ავტორის დაბადებაში“ ლევან გორვანელის მიერ გამოთქმული მოსაზრებებიდან ვხედავთ, თუკი ვამბობთ, რომ ავტორი პერმანენტულად იბადება, მაშინ გამოდის, რომ ტექსტი თავისულდება ყოველგვარი საიდუმლოსაგან და თუ ჩვენ ავტორს ონტოლოგიურად შემოქმედთან გავაიგივებთ, ტექსტს კი - სამყაროსთან, მაშინ ცალსახად დავგმობთ დეისტურ დებულებას, რომლის თანახმადაც ღმერთმა შექმნა სამყარო და აღარ ერევა მის არსებობაში, ანუ დავგმობთ ავტორის ავტონომიასაც.
   მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან დასავლური ლიტერატურათმცოდნეობა უბრუნდება მწერლის კვლევას და ამბობს, რომ ავტორი სრულად არ უნდა განვდევნოთ ნაწარმოებიდან. თუმცა ის ამბობს, რომ არამც და არამც, არაფრის დიდებით ავტორი არ უნდა ავურიოთ მთხრობელში. ავტორი არის ტექსტის ნაწილი, მაგრამ მხოლოდ როგორც სახე-პერსონაჟი, რომელიც მკითხველს სიუჟეტურ ქარგას აცნობს და აუწყებს მოვლენების მიმდინარეობას. გამოდის, რომ ავტორი შეიძლება იყოს სახე-პერსონაჟი, ენის სუბიექტი, ანუ მთხრობელი და სულ ცალკე დგას ე.წ „ბიოგრაფიული ავტორი“. ნამდვილი ავტორისათვის შექმნილი პერსონაჟი უნდა იყოს მისი ავტოპორტრეტი და მის მიერ შეთხზულ სამყაროში უნდა არსებობდეს, თუმცა ამგვარი ნაწარმოებები ძალიან ცოტაა, შეიძლება ითქვას, რომ არც გვაქვს. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ „მგზავრის წერილებში“, მგზავრი ილია ჭავჭავაძეა, თუმცა ეს ასე არ არის. მგზავრი მხოლოდ ავტორის მიერ შექმნილი პერსონაჟია, რომელიც პარალელურად მთხრობელია და მისი მსოფლმხედველობა მაქსიმალურად უახლოვდება ავტორისას, მაგრამ ილია ვერასოდეს იქნება მგზავრი, ისევე, როგორც მერანზე ამხედრებული უდრეკი სული ვერ იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილი. ავტორი ტექსტში ავტორისეული ჩანართებით ამოიცნობა, მაგალითად, როგორებიცაა: მისმინე, შეხედე მკითხველო, აბა რა გითხრა, ჩემო მკითხველო და ა.შ, რომელთაც, მაგალითად, უხვად შევხვდებით „კაცია-ადამიანში“. 
რამაზ ჭილაია, თავის სტატიაში „ავტორი და ტექსტი“ (გვ22) იშველიებს ჰანს გეორგ გადამერის სიტყვებს და ამბობს: „ტექსტის მნიშვნელობა არასდროს ამოიწურება ავტორისეულლი ინტენციით. როდესაც  ტექსტი ერთი კულტურულ-ისტორიული კონტექსტიდან მეორეში აღმოჩნდება, იბადება ახალი ინტენციები, რომლის წინასწარ განჭვრეტა არც ავტორსა და არც პირველ მკითხველს არ შეუძლიათ“. მაშასადამე, ჩვენ უკვე მკითხველის როლის ზრდაზე გადავდივართ. როგორც უკვე აღვნიშნე, ბარტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ავტორის კატეგორიიდან მკითხველის როლზე გადასვლა. ავტორი წერს ტექსტს და ამით ასრულებს თავის საქმეს. მკითხველი კი მის ინტერპრეტაციას ახდენს და დაუსრულებელ პერსპექტივებს სახავს. რადგან ტექსტი არის ფაქტი, დაუსრულებელი მეთოდოლოგიური ოპერაციების სივრცე. ბარტისა და ფუკოს შემდეგ გაიზარდა ნაწარმოების ტექსტზე და ავტორის მკითხველზე გადასვლის ტენდენცია. ამ შემთხვევაში, პირველ ადგილზე გამოდის რეცეფციული ესთეტიკა, ანუ როგორ აღიქვამს მკითხველი ნაწარმოებს, როგორ ინტერპრეტირებს მას. უმბერტო ეკო აღნიშნავდა, რომ მისთვის, როგორც ავტორისთვის, ყოველთვის ფრიად სასიამოვნო იყო, როდესაც ხედავდა, რომ მის ნაწარმოებებში მკითხველი სულ სხვა ტენდენციებს აღმოაჩენდა ხოლმე. ეკო ფიქრობდა, რომ ავტორი ტექსტის დასრულებისთანავე უნდა „მოკვდეს“, რათა ტექსტმა მკითხველთან გადაინაცვლოს. მკითხველი რომ მხოლოდ იმაზე კონცენტრირდეს, თუ რა იდეა ჩადო ავტორმა ამა თუ იმ ტექსტის წერისას, ის ყველაზე მთავარს - სუბიექტურ აღქმას გამოტოვებს და, შეიძლება, ტექსტში დაიკარგოს. ტექსტის გაგება კი, თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობის თვალსაზრისით, ყოველთვის სხვადასხვაგვარად ხდება და ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ ეპოქაზე, თუ როდის შექმნა ტექსტი, არამედ მკითხველის განათლებაზე, მსოფლმხედველობაზე და ხშირად ასაკზეც კი.
ავტორი, ტექსტი და მკითხველი - ამ ლიტერატურულ სამკუთხედს შეგვიძლია ტოლგვერდაც კი ვუწოდოთ. მისი ყოველი კუთხე, მისი ყოველი გვერდი ერთმანეთის ტოლია და თანაბარ როლს თამაშობს სამკუთხედის აგებაში. ავტორი წერს ტექსტს, ტექსტი ესაუბრება მკითხველს და ამ დიალოგში მთავარი ისაა, თუ როგორ აღვიქვამთ ტექსტს. 


გამოყენებული ლიტერატურა:
1.           „არილი“, როლან ბარტი-„ავტორის სიკვდილი“, თარგმანი მალხაზ ხარბედიასი. 2009 წლის 23 ოქტომბერი.
2.           გორვანელი. „ავტორის დაბადება“. „აფინაჟი“. 2018 წლის 30 აპრილი.
3.           რამაზ ჭილაია. „ავტორი და ტექსტი“, ლიტერატურათმცდონეობის შესავალი. თბილისი. 2012. GCLAPress
4.           „რა არის ავტორი“, scribd
5.           Michel Foucault. “what is an author?”1969.
6.           Roland Barthes.”The death of the author”. 1977.Fontana
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ლევან კაკლიანი - ლექსები ლევან კაკლიანი - ლექსები ჟურნალი / სტატიები / პოეზია / გამოქვეყნებული გორვანელი - გამოხმაურება ეკა ოთარაშვილის პროზაული კრებულის (,,გაქცევით შეჩერებულები“) შესახებ გორვანელი - გამოხმაურება ეკა ოთარაშვილის პროზაული კრებულის (,,გაქცევით შეჩერებულები“) შესახებ ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები გორვანელი - რამდენიმე ნიუანსი მაგდა გოშნიაშვილის ნაწარმოებში - ,,ალპური ვარდი, ანუ თოვლზე ამოსული როდოდენდრონი“ გორვანელი - რამდენიმე ნიუანსი მაგდა გოშნიაშვილის ნაწარმოებში - ,,ალპური ვარდი, ანუ თოვლზე ამოსული როდოდენდრონი“ ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები სონია ქართველიშვილი - ბექა ქურხულის ,,ქალაქი თოვლში" სონია ქართველიშვილი - ბექა ქურხულის ,,ქალაქი თოვლში" ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მომხმარებლები გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი)  - ავტორის დაბადება გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - ავტორის დაბადება ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge