გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი ბალახაშვილი - ლექსები



ქეშო

ქეშო პირველად ჩხუბში ვნახე, შორით „რასხოდო“,
ისეთი ეშხით დაიძახა, ყველა გაჩერდა...
ქეშო სან-ზონის სახე იყო, ხანაც რაფსოდი,
ხანაც მამაო, ხანაც გიჟი, ხშირად ვამჩნევდი,
ჩუმად, თავისთვის ბუტბუტებდა: „მამაო ჩვენოს“,
ხან „კრისტალბეთში“ ალალ ბედზე ბილეთებს წერდა,
ხან კოტესავით იძახოდა: „ჩეჩენ ვეჩენო“,
ქეშოს თვალებში ხშირად ედგა უძირო სევდა.
თავად ქეშო კი, „ბესეტკასთან“ იდგა ბიჭებთან,
უცქერდა გუბეს, ვინძლო, მთვარის რხევას და ლიცლიცს,
დღემდე არ ვიცი ან სიხარულს რა ანიჭებდა,
ან ტკივილისთვის სიცილის ჟამს როგორ იცლიდა?
წითელ მარლბოროს ეწეოდა, სამედიცინო
სპირტს აზავებდა კოლაში და სვამდა საცხობთან,
მერე მეტყოდა, მოვიხევი, შენ კი იცინე...
იქნება, ქეშოც სამომავლო გეგმებს აწყობდა?
ქეშოსთან ერთად ვეწეოდი და ვახველებდი,
მიყვარდა მასთან მოსაწევის გახვევ-შეხვევა...
ერთხელაც ქეშო არ გამოჩნდა, მგონი, თელეთის
თუ შავნაბადას მონასტერში შემხვდა შემთხვევით.
ქეშოს ისეთი სახე ჰქონდა, ერთხანს შევშინდი,
ქეშოს ისეთი მზერა ჰქონდა, ახლადმონათლულ
პატარას რომ აქვს, უნებლიედ წყლისკენ მომართულ
მზერაზე ვამბობ, ქეშომ მკითხა: ,,აბა, მეშვიდე
კორპუსის ამბებს მოყვები თუ თავად გიამბო,
რომ უკვე აქ ვარ, რაც ვერ მხედავ, კვირა-შვიდივე,
მოდი და გულით წავიკითხოთ ერთი იამბი...
...თქვენ არაფერი გეშველებათ, ისევ იგივე,
ნეხვში იქნებით, დამიჯერე, ნუ გეცინება,
ახლა წადი და თან წაიღე შენი ეჭვები...
ვერ მივატოვე დალევა და ლანძღვა-გინება,
მაგრამ ერთხელაც რომელიმეს გადავეჩვევი“.
ქეშო მას მერე არ უნახავს თითქმის არავის,
იქნებ გინება მიატოვა საწყალმა მხოლოდ?
ჭორი სიმართლედ გადაიქცა და შემზარავი
რამე გავიგე, თურმე ქეშო ცეროზით მოკვდა...


ჩვენ გავიმარჯვებთ, დედაჩემო

ჩვენ გავიმარჯვებთ, დედაჩემო, ნუ გეშინია,
იქნებ უპუროდ, უმარილოდ, ზეთის გარეშეც,
სანამ ჩადგება ამ წყეული ქარის თარეში,
დადე ფირფიტა, იტრიალოს და უგერშვინოდ,
გადავატაროთ ეს საღამოც, უშაქრო ჩაის
ხშირად თავისი ხიბლიცა აქვს, ასე მგონია,
მერე დავუსხამ წყალს კაქტუსებს და ბეგონიას,
ვერაფერს ვიზამ, დამიჯერე, დღეს უფრო კაის,
დავსხდეთ და თვალი გავუსწოროთ ჩვენივე ყოფას,
ანაც არყოფნას, სულერთია, როგორც ინებებ,
მოგცლია ერთი, ყოველ დილით წმინდო მინები,
თითქოს ღმერთისთვის ამზადებდე ამ მომცრო ოთახს,
თითქოს დღე-დღეზე დაბრუნდება მამა ფრონტიდან,
რომელსაც უკვე ნაადრევად დაარქვეს გმირი
ან უგზო-უკვლოდ დაკარგული, ტყუილად ტირი,
არცერთი მოვა. წამლის ფული არ მაქვს, ფრონტიტიც
რა უდროო დროს აიკიდე, შენ რა გითხარი,
ვინმე მეგობარს დავურეკავ, გთხოვ, არ იჯავრო,
წინა თვის უკვე გავისტუმრეთ ბინის იჯარა,
იქნებ ვისესხო, ჯიბეში მაქვს გაზის ქვითარიც,
გიყიდი წამალს, იქნებ მომრჩეს თუთუნის ფულიც,
ტკბილსაც მოგიტან, გენატრება, დიდი ხანია,
ვიცი, წვრილმანი ყურადღებაც რომ გიხარია,
ვიცი, სხვაგვარად გიძგერდება იმ წუთას გული,
ჩემს წიგნსაც მალე დაბეჭდავენ, იქნებ ცოტა ხნით,
ამოვისუნთქოთ, გავისტუმროთ თუნდაც ნაწილი
მაღაზიაში პურის, კვერცხის, შაქრის, მწვანილის
და მისთანების, პირველ რიგში, მომცრო ოთახის.
ჩაიც დავატკბოთ, უშაქროზე მეტი ხიბლი აქვს,
ფანჯრის რაფაზე ჩამოგიდე წითელი პლედი,
არ დაგავიწყდეს, როგორც იცი, ხანდახან, დედი...
გაზაფხულდება უსათუოდ, პირველ ნიბლიას
დილით სარკმელთან შეეგებე, ოღონდ მოიცვი,
აღარ გაცივდე, დედაჩემო, ხომ, იცი, მარტი...
არ მომიმატო საფიქრალი და შენზე დარდი,
არ მომიმატო, დედაჩემო, მარტი, ხომ იცი?
ნუღარ იფიქრებ ჩვენი ბედის ვარსკვლავის ქიმზე,
წყალმა წაიღოს ყოველგვარი ქირომანტიაც,
საცაა წავა თებერვალიც, ხვალე მარტია,
კვლავ სავარძელში მიგეძინა, ვზივარ და გიმზერ:
ჩვენ გავიმარჯვებთ,
დედაჩემო,
ნუ გეშინია...


როგორ დაბერდი, დედაჩემო

როგორ დაბერდი, დედაჩემო, თვალს და ხელს შუა,
უქმროდ და უძმოდ, უმშობლებოდ, როგორ დაბერდი?
სასწაულებს რომ ჩავდიოდე, ვით იეშუა,
საკუთარ თავს ვთხოვ, შენი წლები ისე გაბევრდეს,
როგორც... რა გითხრა, მაფიქრდება არც არაფერი...
„ჩემმა ოცნებამ ქარტეხილებს თავი უდარა“,
მე ძლიერ ვდარდობ იმ დღეებზე, უკვე გაფრენილ
დღეთა ნუსხაში რომ არიან და სამწუხაროდ,
არ ბრუნდებიან, დედაჩემო, არ ბრუნდებიან-
ისინი ჰგვანან ომში წასულ, უწვერულ ბიჭებს
და მათი სისხლით ამლაშებულ, თავთუხებიან
მინდორში ვდგავარ. ალბომისთვის პეპელას ვიჭერ,
თან მეღიმება, დედაჩემო, „გოგო, დაბერდი“?-
ხანდახან გკითხავ, დედაჩემო, შენც გეღიმება,
როგორ დაბერდი, დედაჩემო, როგორც შატბერდი,
მე ძველებურად ვაგვიანებ და გეძინება-
შვილის ლოდინში, აივანზე, თვალს და ხელს შუა.
გკოცნი. გაღვიძებ. მებუტები. ღმერთო, სადა ხარ?
მაგრამ, რა ვუყოთ, დედაჩემო, მე იეშუა
არა ვარ, შენი გიორგი ვარ, შენი ბალახა!


მანქანის მრეცხავი თომა
1
მუშაობს, სადღაც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე,
დღედაღამ რეცხავს ათასგვარი მარკის და ზომის,
ფერის და ფასის ავტომობილს, თან პაპიროსის
მოწევისთვისაც არ სცალია ხანდახან თომას.
ბევრჯერ უცდია სხვა საქმისთვის დაედო გული,
ბევრჯერ მოსინჯა სხვა საქმეში თავისი ბედი...
მაგრამ ნაკლებად იშოვება იმდენი ფული,
სამრეცხაოში რომ აკეთებს, თუმცაღა ყბედებს,
რა დალევს ქვეყნად, ხშირად უწევს მათი მოსმენაც,
ასეთი გახლავთ სპეციფიკა რჩეული დარგის,
საქმისგან დაღლილს, ვერ შეამჩნევთ იოტ მოწყენას, 
გულზე მალამოდ ეფინება: ხელი აქვს კარგი...
არ იმჩნევს ღიმილს, თუნდაც მცირედ კმაყოფილებას,
მეორე წრეზე გაათეთრებს მანქანის ქაფით,
თვალს და ხელს შუა ათი წუთიც არ მიილევა,
რომ ძველ მანქანას იერს უცვლის, რომელიც ლაფით
მოსვრილი იყო, თითქოს მძღოლმა იარა ტყე-ტყე,
ღრე-ღრე და ვინძლო, არც ორმოში, აღარც თხრილებში
მორიდებია, რომ ჩაერტყა, ფიქრობდა შემდეგ,
თომა გარეცხავს, იპრიალებს, თომა პირველი
მრეცხავი არის მთელ მარცხენა სანაპიროზე,
დღედაღამ რეცხავს ათასგვარი მარკის და ზომის,
ფერის და ფასის ავტომობილს, თან პაპიროსის
მოწევისთვისაც არ სცალია ხანდახან თომას.
2
თომა პირველი მრეცხავია, მართლაც მარცხენა
სანაპიროზე, თომას იცნობს იმდენი მძღოლი,
მხოლოდ მათ გამო შეიძლება ღირდეს გაცდენად
ყველა სხვა საქმე-უქმეებზეც, შვილი და ცოლი
არა ჰყავს თომას, სახლში მხოლოდ დედა თუ ელის,
მის ჭაღარასაც შიგადაშიგ შეღებავს ინით...
ამბები დადის, თომას აქვსო ისეთი ხელი,
გარეცხვის შემდეგ ემსგავსება მანქანა ვინმე
ფერმწერის ტილოს, ვთქვათ, დეგასი ანდა მონესი,
მოკლედ რომ გითხრათ, უნდა გქონდეს, თომას იმედი,
ზოგჯერ სადილად ჰყოფნის პური-მაიონეზით,
ზოგჯერ ფინჯანი ყავისთვისაც დროს ვერ იმეტებს.
სახლამდე თომა ფეხით მიდის, არ ჰყავს მანქანა,
სასაცილოა, უფრო მეტად, ირონიულიც...
ვისთვის ტრანსპორტი, ვისთვის ნივთი, ვისთვის საგანი,
ვისთვის უბრალოდ გატაცება და ქრონიკული
მოთხოვნილება, ყოველ ჯერზე მანქანა ცვალო,
როცა გაქვს კარგი სამსახური, კეთილდღეობაც
ან შემოსავლის სტაბილური, ურყევი წყარო
ან სულაც მდიდარ მშობლებისგან მემკვიდრეობა,
თომას კი სახლში, თომას მხოლოდ დედა თუ ელის,
მის ჭაღარასაც შიგადაშიგ ინით შეღებავს...
ამბები დადის, თომას აქვსო მოქნილი ხელი,
თომას კი უყვარს მხოლოდ სახლის კარის შეღება.
3
კარის შეღება, წინსაფრიან დედის დახვედრა,
რომელიც აცხობს თომასათვის ოქროს ალადებს...
წასვლისას რომ არ ისაუზმა, იმას აყვედრებს,
პარალელურად ვახშმისათვის სუფრას ალაგებს,
გამოაქვს ჩაი, არაჟანი, ყველი, მურაბა,
რაც მთავარია ალადები-ტკბილი, ფაფუკი,
ცოტაოდენი ნიგოზი და ცოტაც კურაგა,
ნუ იცმუცნები, ერთი ჭამა არ გაგასუქებს -
ეტყვის და გულით გაიცინებს იმ წუთას თომა,
ეს ერთი სიტყვა დაღლილობას უმალვე წაშლის...
დედასაც უწევს არანაკლებ გარჯა და შრომა,
პედაგოგია და ქართულში ამზადებს ბავშვებს.
გამოჰკითხავენ რა ხდებოდა, ერთიმეორეს,
დღემ ვისთვის როგორ ჩაიარა, ავად თუ კარგად?
ამოალაგებს დედა მეფეს, ცხენს და მეომრებს
და სანამ ძილი მოერევა, თომასთან ჭადრაკს
წაითამაშებს, გაერთობა, მორჩება ყაიმს,
ეს დღეც ჩამთავრდა, მეტ-ნაკლებად კარგად თუ ავად,
დაიმატებენ თითო ჭიქა პიტნიან ჩაის,
დედას თომამდე მოერევა ძილი და წავა
დასაძინებლად, თომა ჩართავს ლეპტოპს ცოტა ხნით,
იუთუბზე შევა, ინსტაგრამზეც, ღმერთია მოწმე...
თამბაქოს კვამლით გაივსება მისი ოთახი,
დაძინებამდე ორ ან სამ ღერ პაპიროსს მოწევს.
4
იღვიძებს. დგება. ფეხზე იცვამს ჩექმებს-რეზინის,
წასვლამდე ჩართავს დაბალ ხმაზე killing me softly-ს...
უჩუმრად გავა, შაბათია, დედას ეძინოს,
სანაპიროსკენ შეუყვება, ჭადარი ფოთლებს
ააშრიალებს, შეცივდება უძილო თომას,
შინ მიბრუნებაც შეიძლება, მოასწრებს შევლას,
საეჭვო არის განიზრახოს ქარმა ჩადგომა,
არც თომას აწყობს გაციება, სურდო და ხველა.
ბრუნდება. ეძებს კარადაში უფრო თბილ ქურთუკს,
პოულობს. ირგებს. იხედება სარკეში. მიდის
და ფეხაკრეფით იპარება, თითქოსდა ქურდობს
საკუთარ სახლში, ოღონდ დედას ეძინოს მშვიდად.
ისევ ჭადრები. სანაპირო. ქარი. ჭადრები.
დღეები დღეებს მისდევენ და ჭადრები-ჭადრებს...
ხეებს ფოთლებით დაუფარავთ სახე ჩადრივით,
აშარი ქარი აშრიალებს ჭადართა ჩადრებს.
საცაა მივა სამსახურში, სულ ათი წუთის
გზაღა აშორებს აწი თომას-სამრეცხაომდე,
ქუჩა. ძაღლები. რიკულები. სანაგვე ყუთი...
ხანდახან ეს გზა იწელება, მართლაც რაოდენ
უსაშველოდ და უთავბოლოდ, ვინ იცის, თომა,
ვინ იცის, თომა რას ფიქრობდა წეღან ჭადრებთან?
თომას კი უწევს ათასგვარი მარკის და ზომის,
ფერის და ფასის მანქანების რეცხვა-გაწმენდა.
5
თომა არასდროს იგვიანებს, არ მახსოვს, ვთქვი თუ
გამომრჩა მეთქვა, განა რას ცვლის ჩემი სიტყვები?
თქუანა თე დროს, ირი ართო ირთუ დო ირთუ,
მჯერა, ამ სიტყვებს უთარგმნელად ბევრი მიხვდება.
თომა ტრიალებს, არ ჩერდება, თომას ბეჯითი,
რაც მთავარია, სანდო კაცის სახელი ახლავს
და იშვიათად თუ იხილავთ ტაძრად, მეჩეთში,
მას ხომ ღმერთივით უსასრულო დრო სულაც არ აქვს.
სანთელს კი დედა უფრო ანთებს დილა-საღამოს,
სახლში სანთელი მუდამ არის, რადგანაც იქვე,
ერთი პატარა ჯიხურია, უჭირს და ვაჭრობს
მოხუცი კაცი, როგორ ჰგვანან იმ კაცის ყვითელ,
ჩამომდნარ, თითქმის უსიცოცხლო თითებს-სანთლები,
რარიგად ჰგვანან ეს სანთლები, თითებს-ჩამოქნილს,
მოხუცსაც სჯერა, არიანო ნეტარ-მართლები,
მოხუცსაც სჯერა, რომ არსებობს სადღაც სამოთხე
და ჯოჯოხეთიც, რა თქმა უნდა, იქვეა, სადღაც,
ცხადზე ცხადია, აშკარა და გარდაუვალი...
კარგი იქნება, ამ მოხუცთან თუნდ ერთი კათხა
ლუდის დალევა - ფიქრობს თომა, განა უფალი,
სხვა რამეს ამბობს? - გაიხსენეთ სიტყვა - მათესი
თუ ღვთის სახელით იკრიბება ორი ან სამი,
ღმერთიც იქაა, იმათ შორის, შენ კი დათესე
მხოლოდღა იფქლი. დაისვენე. მოიმკე. ჭამე.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge