გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარინა თექთუმანიძე - ლექსები



სახლი

სახლიდან გასულსუკან,
შინისკენ რაღაც რომ მექაჩება,
ამ რაღაცას ნეტა რა ჰქვია?
იქნებ საწოლი, სადაც ყოველღამ მკვდრებთან შეხვედრის
სიხარულის განცდა მაძინებს?
იქნებ ნახატი- ჩემი ოცნების უფლისწული,
რომელიც არა, ანდა, სულაც, ვეღარ მოვიდა
და მხოლოდ კედელსშერჩა უხმოდ, უსიტყვოდ,
რომ შემახსენოს ოცნებების ამაოება...
იქნებ წიგნები, კარადიდან გადმოღებულს
წასაკითხად რომ ვეშურები
და უფრო მშვიდი(გამოგონილი),
დღის მოლოდინში გადაუშლელი რომ მელოდება?
იქნებ ქვაბები, თეფშები, დანა-ჩანგალი
და ათასი ჯახნაბ-ჯანდაბა,
გადასაგდებად რომ ვერ ვიმეტებ?
მაინც უკან რა მექაჩება?
თაყვანისცემა უსახლკაროებს... 
...აი, აქ არის ძველი ბინა, რომელიც, წესით,
ატირებული კედლების გამო აღარც უნდა მახსოვდეს
და სადაც უკვე დიდი ხანია სხვები ცხოვრობენ...
აბა, მაინც რად ვჩერდები მისი ფანჯრის ქვეშ
და ფიქრში რატომ ვაჭრიალებ
იმ ძველ სავარძელს,
რომელიც უკვე აღარ არსებობს?
ან ეს რა არის, ეს ცრემლები,
გულისპირი რომ დამისველა?
ან სოფელში, ოდასახლის 
საძინებლის ის ფანჯარა,
საიდანაც ყურს ვუგდებდი
წვიმის შეთხზულ კომპოზიციებს
სველი ყანის ბასრ სიმწვანეზე,
ტირილამდე რად მენატრება?
სადაც მივედი, შეკონილი ტკივილები ჩავდე ლარნაკში,
სად გავიცინე, სადაც ვიყავი
ბედნიერიც და უბედურიც,
ის სახლები ფიქრშიც რატომ ვერ მივატოვე?..
რად მივათრევ ყოველდღიურად
შინისკენ ტკივილის იმ ტვირთს,
რომელმაც უკვე წელში მომხარა?
ეს მაშინ, როცა, ,,ამაოება ამაოებათა
ყოველივე ამაოა“?..
რად მეშინია იმ ბინის
და რად მზარავს
ეს გასაკვალი ბილიკები,
რომელიც, ალბათ,
ყველაზე მეტად უნდა მიყვარდეს
და ასე, შიშით,
ჩემს ნამდვილ სახლს 
რად ველოდები?..


"მე ლექსს არა ვწერ"...
***
მე ლექსს როდი ვწერ,
ტკივილები ამომაქვს ხოლმე,
გავამზეურებ, 
ნაფტალინს ვაყრი
და ისევე უკანა ვყრი,
რადგან ტკივილი
გადამდებია
და ის არის თავად
საპყარი,
სხვასაც ატკიებს გულს 
და ნერვებს,
სულს და
წარსულს
უკვე გასულს...
ვის რად უნდა შენი ტკივილი 
მხოლოდ შენთვის საესავი?!
აგერ ვიღაცამ 
თვალი მოკრა
და ატკივდა მასაც ჩემსავით...
რას ვერჩოდი 
ადამიანს,
იმ ბედნიერს,
წინამასწარამ
მთელი დღე ასე რომ წავამწარე?!.
ამას წინათ მაჩუქეს ვერცხლი-
მცირე ზომის კიდობანში
90-ე ფსალმუნი ჩაედო
შემქმნელს,
რათა "ეხსნა" ჩვენი სულები...
ცოტა მერე ისე გავცხარდი,
ეს კიდობანიც 
ტკივილივით
მოვათავსე უფრო დიდ ზარდახშაში
და ამითი სულიც ვახარე,
სინანულიც წამეკიდა
ტანზე ალმურად,
ვინაიდან
"რომელი დამკვიდრებულ არს
შეწევნითა მაღლისაითა"...
ცხოვრება უნდა ექცეს
ერთ დიდ ფსალმუნად...
ფარისეველი ვის მოვატყუებ?!
ან მარტო ჯვარი რა ბედენაა
თუ მოყვასისთვის
ყოველდღიურად არ გაეკვრები?!
ცის ჰორიზონტზე
ვჭვრეტ დასალიერს
(ისევ ტკივილი ვაზეიმე)...
თქვენ მომიტევეთ
სიმწრის ცრემლები და
გათანგული სიცარიელე...


***
იცხოვრე დღეის დღითო...
ნუ იყურებიო უკან...
დაივიწყეო, რაც მოხდა გუშინ...
მე კი წამებით ვფურცლავ ტკივილებს
პირველიდან სამოცდამეოთხე გვერდამდე...
არ გადავფურცლო (თუნდაც ტანჯვით) ნიშნავს,
თითქოს არასდროს დავბადებულვარ,
თითქოს არასდროს მყოლიხართ,
თითქოს არასდროს მიყვარდით,
ამ წიგნის რომელიღაც სველ ფურცელზე
სათითაოდ და სამუდამოდ რომ დამემშვიდობეთ...
იმ ღამეს ქარიშხლის ხმა ჩიტების ჟივილს წააგავდა...


***
იმ ღამეს ქარიშხლის ხმა ჩიტების ჟივილს წააგავდა...

ახლავე წამოვდგები,
ფანჯარას გაგიღებთ,
ჩიტის გულს
არავის ავატკივებინებ,
მაგ ფრთებს
ქარიშხალს
არ დავალეწინებ,
ისიც მეყოფა,
მე რომ დავდივარ ფრთებდალეწილი...
კარადებს გამოვაღებ,
ზედ შემოსხედით.
ისიც ხომ ტოტი იყო,
სანამ კარად ანდა
ცულის ტარად აქცევდნენ,
რომ მერე თვისტომს დარეოდა...
მოდით, ჩიტებო,
ჩემს ბუდეში,
აქ ადგილია,
პურის ნამცეცები,
სითბო,
ერთგულება...
შემომეფარეთ,
ვიდრე არ არის გვიან,
ვიდრე წუთისოფელივით
გაგიფრინდებით...


დას 

ვერა და ვერ გაგიშვი...
თავს ვიტყუებ, რომ
სამოგზაუროდ ხარ წასული,
სანამ არ შემახსენებ,
რომ მიწამ ჩაიწია და ახალ, 
შავ მიწას ითხოვს...
ვიცი, უნდა გაგიშვა,
მაგრამ რა ვქნა,
როცა ყოველ დილით
სარკიდან მიყურებ,
როცა ხელებსაც შენსავით ვიბან,
როცა სიარულშიც მე-არა,
შენ ხარ,როცა საუბარშიც 
შენი ნოტები ფარფატებენ...
ვიცი, უნდა გაგიშვა,
უნდა გაგიშვა...
გაწუხებ, ვიცი,
მაგრამ რა ვუყო ჩემში
მიტაცებულ "შენს",
რა ვუყო ერთ სხეულში
ორიდან ერთ ჩამქრალ სიცოცხლეს...
რა ვუყო შენ მერე
ყელში გაჩხერილ სიმღერას...
იცი, გაგიშვებ,
ოღონდ ითხოვე,
მანდ ითხოვე,
რომ მამღერონ
სიცოცხლის ჰიმნი
კოვიდპალატებს
შეზრდილ მწუხარე დებთან...


დამემართოს

ნეტა სიყვარული დამემართოს,
ისევ ამირიოს გზა-სავალი,
თითბრის კაცი ოქროდ მომაჩვენოს,
წლები ცას გაზიდოს ცასწავალამ,
უშნო ლამაზი თუ მეგონება,
დაე, დამიბნელოს ეს გონება.
ოღონდ სიყვარული დაერქვას და...
ჩუტყვავილასავით დამაყაროს,
ვთვალო ,,მისკენ“ შორი მანძილი და
თუნდაც დამავიწყოს აწ ძილი და...
ოღონდაც კი მივაყურიადო,
როგორ ამიფეთქა
პულსმა ყელი,
სხვების სიყვარულის ჩანჩქერებში
ისევ მაპოვნინოს სიტყვა - გელი.
ნეტა სხვების ქირქილს
რა ქვად ვიხლი,
ნეტა გზებმა კიდევ გადამყაროს,
არასოდეს მეთქვას სიტყვა - მახლას,
"მიყვარს" -
მოვახსენო ცასამყაროს,
...ოღონდ სიბერისა არ მემართოს...
ოღონდ სახადივით
დამემართოს...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge