გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მამუკა ოჩიაური - ლექსები


დამეკარგე
                          
რატომ დამეკარგე უმიზეზოდ,
მე კვლავ კენტად ვარ და სოფლად ვრჩები,
შორს ხარ, მაგრამ მიხმობს შენი ეზო,
ეზოში მოშრიალე ალუჩები.
ეზოც გავერანდა ნაფერები,
ქალაქს წახვედი და დაიკარგე,
ახლა იმ თუთის ხეს ვეფერები,
რომელიც ბავშვობაში ერთად დავრგეთ.
მინდა ეს დარდები რითმით ვლესო,
მე კი კენტად მყოფი სოფლად ვრჩები.
შორს ხარ, მაგრამ მიხმობს შენი ეზო
და ქარში მოშრიალე ალუჩები.
   

დავაგვიანე
 
 ის ღამეები ფიქრით ავკინძე,
  ძილიც დავკარგე სიზმრის დობილი,
  ნეტავ, ვინ ჩახსნა შენი საკინძე
  და ვინ შეავსო შენი ლოგინი.
  იმ განათევარ ღამეთა კვალში,
  ძველ მოგონებებს კვლავ ვეურჩები,
  ვინ გაეხვია ვნებების ალში,
ვინ დაგიკოცნა ნეტავ ტუჩები.
ვინ ჩაგიხუტა ნეტავი გულში,
შენში არია მწველი ფიქრები
და ჩაგჩურჩულა, ლამაზო, ყურში,
რომ: ,,საუკუნოდ შენი ვიქნები“.
ღამემ მიიღო დილის იერი,
ბნელეთს სინათლის გასტეხს შურდული,
ნეტავ ვინაა ის ბედნიერი,
ვინ გახსნა შენი გულის ურდული.
ის ღამეები ფიქრით ავკინძე,
წლებს გავატანე ძველი სიამე.
მე ვერ ჩავხსენი შენი საკინძე,
სიტყვის გამხელა დავაგვიანე.
  

მოგიტაცებ

ქალის ნაწნავს დაემსგავსა  ნისლი ცაზე,
დამწუხრებულს მხოლოდ ოხვრა აღმოხდება.
  ხმა გავარდა თემში შენზე, მოიტაცეს,
  ნეტავ, კარგო, თქვენს ოჯახში რა მოხდება?
დედაშენის კივილს მთები აიტაცებს,
შენი ძმა და მამაშენი შეკაზმავენ ცხენებს,
გაიგებენ, რომ სოფლიდან მოგიტაცე
და არხოტის გზა-ბილიკებს გაგიყენე.
სულ სხვა სახით დაგვიხვდება ახიელი,
ტაშ-ფანდურას გამართავენ ბანზე,
  ყანწით ხელში დაგვლოცავენ ნათლიები,
გადაჰკრავენ, დაწურავენ ყანწებს თიხის ჯამზე.
მომაწვდიან მეც არყიან ყანწს ჯიხვისას,
გაყუჩდება, ჩაჩუმდება სუფრა,
ვილოცები ამ მთისას და ამ მიწისას,
დავლევ არაყს, ცარიელ ყანწს  გადავაწვდი ჯურხას.
თოფის ზათქი გადაუვლის სოფელს,
გადაცხრილავს ბროლის გულმკერდს ტყვია,
მოწიწებით მოექეცი ყველა მოხუც სოფლელს,
შენ დღეიდან არხოტიონთ პატარძალი გქვია!


მომენატრე

მომენატრე, 
მომენატრე ამ დღეს ერთობ,
ვერ დაძლიე სიჯიუტე, ვხედავ, მტკიცე.
მაპატიე, შევაბერდი ამ მთებს, ვერ ვთმობ,
სადაც წახვალ მოგყვებიო, დამიფიცე,
მაგრამ  ბარი ვერ დატოვე, არ ისურვე,
რომ ამ მთებში გაგვეშალა საწოლი და
მე, ხევსურმა, ნატვრა ვეღარ  ავისრულე,
ვერ დავბრუნდი მთებში ნანატრ საცოლითა...
მომენატრე, მე ღამეთა გავხდი მოძმე,
თურმე ღამით საფიქრალი რამდენია.
სხვა არავინ, ბალიშია ამის მოწმე,
ვითომ გულცივს ცრემლები რომ დამდენია.
მომენატრე, მომენატრე ამ დღეს ერთობ,
მკერდში გული განსხვავებულ ხმაზე მიცემს.
მაპატიე, თმაჭაღარა მთებს რომ ვერ ვთმობ,
თურმე შენაც რა ტყუილად დამიფიცე.
           
               
       
მოხუცი ნაგვის ურნასთან
ურნასთან  მდგარი კაციეული,
წვერმოშვებული, მუდამ  მშიერი.
თვალცრემლიანი, ჩონჩხად ქცეული,
ქართველი, განა გადამთიელი.
ირგვლივ ხორხოცი, ცივი  ღიმილი,
ამპარტავნება და  უზნეობა.
ამ უზნეობით გულისტკივილი
და გათელილი  ფეხქვეშ მეობა.
მის თვალებს დარდის ეფინა ჯანღი,
დამძიმებოდა ნაფლეთი სული,
უწინ ხომ ესეც ვიდოდა ბალღი
და ჩაუთქვამდა მომავალს სურვილს.
ახლა კი ურნას დასჩერებია,
შიმშილმა მისი ლოკა სხეული.
ურნაში პურის ნარჩენებია
მუყაოს პარკში გამოხვეული.
იპოვა ამ დღის მწირი სადილი,
ამ ყოფას ალბათ ყოფა არ ჰქვია,
დაძრწის ამ ქვეყნად ეშმას აჩრდილი,
გულით ბოროტი და თვითმარქვია.
აქ განმკითხავი მისი არ არის,
დადის ეულად, კაცი სნეული,
უახლოვდება კარი სამარის,
უფერო, ბნელი, გულჩახვეული!
ურნასთან მდგარი, ჩვენ რა ვიცით კაცი ეული,
იქნებ ღმერთია, ძველ ძონძებში გამოხვეული.
                                    
                                
                                 
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge