გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მაგდა გორგიძე - ლექსები


   წიგნიდან ,,ბეღურები თუ იქნება უფრო მეტი"

სადაც მეტყვი

წამიყვანე, წამოგყვები სადაც მეტყვი,
არც კი გკითხავ, სად მიგყავარ, რატომ, რისთვის...
ბეღურები თუ იქნება უფრო მეტი,
თუ მეტყვი, რომ გემეტები მხოლოდ მზისთვის.

თუ იქნება სულის ხუთვა სიყვარულით,
თუ იქნება სიკვდილი და გაცოცხლება,
ჩავიძირო შენს თვალებში, შენს სხეულში
დამაბნიოს  და შემიკლას გაოცებამ.

დავიფანტო გვირილებით სავსე ველზე,
გადავევლო, გადავესხა ლორთქო ბალახს,
ჩემი გემო შერჩეს ყვავილს ყველა ღერზე
და არ გავდეს ეს სიგიჟე დღემდე ნანახს.

წამოგყვები აქოჩრილი მთების იქეთ,
და ვიკმარებ მხოლოდ წყაროს და მთის ჰავას
შევიფერებ, შევერევი ტყის სილურჯეს,
თვალს შევავლებ ქარაფებს და ჯიხვთა სავალს.

წამოგყვები, დამამსხვრიე და დამფანტე,
ქარს მიანდე ჩემი სულის ამოკვნესა,
მერე ისევ გამამთელე და მასწავლე
ჭრილობების სიყვარულით ამოკემსვა…
წამოგყვები, სადაც წახვალ! წამიყვანე!
16.04.2021



რაფსოდია

მე რომ აღმართები გაგივაკე,
გული რომ აგინთე კელაპტრებად,
სული გაგიშალე სპეტაკ სარკედ,
ჩემო უცნაურო მონატრებავ.

ცისფერ სიმშვიდეში შერეულო,
ღელვას, ოკეანურს რად არ იმჩნევ,
ჩემი  სიმძიმილის დასამალად,
შენგან დატოვებულ მზერას ვიცმევ.

დავდივარ, ვაგროვებ მელოდიებს,
ჩემი უნდა ვპოვო რაფსოდია,
შემოდგომის ცაზე ანთებულ მზეს,
რა აღმაფრენა და წვა ცოდნია!
და მეც, მომთაბარე რაფსოდივით,
განაბული ვუსმენ  ყველა ბგერას,
ასიათასში არ ამერიოს
შენი უცნაური გულის ძგერა.









***
შენ არ გინახავს, როგორ ვნებდები
დილასისხამზე მზის პირმშო სხივებს,
არც ის გიგრძვნია, როგორ დრტვინავს ჩემში აზია,
ან ჩემი ყელი, როგორ იხდენს  ამბორის მძივებს.
არ დაგინახავს, ჩემი მკერდი რა ლამაზია,
შენ არ გიგრძვნია ჩემი კანის რძისფერი ბაცი,
არც ჩემი ბაგის დაგიცლია ამბროსიები,
ან, როგორ კვნესის ქარი, როცა მარტს ყვავილს აცლის.
როგორ ელიან ნაზი წვიმის ამბორს იები,
გინახავს იქნებ, შემოდგომის მზით გალეშილი,
როგორ მღელვარებს მუქ მტევნებში ძოწეულები,
ან ჩემი  ტანი,  კალმახივით აღმა მცურავი,
ან გახლეჩილი, მოცახცახე ბროწეულები.
შენ არ გინახავს, მხოლოდ ერთხელ, სიზმარში მნახე,
მაგრამ არ მიკვირს, ასე ცხადად  ვით შემიყვარე!

***
ძვირფასო, შენ  ჩემი დილაც ხარ,
ღამეც და შუაღამეც..
უჩემოდ როგორ ცისკრობ და მწუხრობ,
შენს მზერას, შენს სუნთქვას,
შენს წყურვილს უსაზღვროს,
მუზათა სიშლეგით ვუხმობ.
გონს ვკარგავ! შევდივარ მუზების ფერხულში,
თანდათან ფიცხდება რიტმი,
არც წლებს და არც  თვეებს, დღეებს ან ღამეებს,
საუკუნეებს ვითვლი.
ჩემს ხელებს საშენოდ ჩავჭიდებ სამყაროს,
შენით დავიურვებ სიცოცხლის სამ წყაროს,
წყალს, ჰაერსა და მიწას,
ვიცი, მირაჟია ავსება საწყაოს,
მაგრამ ბედისწერა მიტანს.
შენ ვნება არა ხარ, შენ ცოდვა არა ხარ,
შენა ხარ სიწმინდე ჩემში,
უმანკო, უშხამო, უბიწო ყოფნა ხარ-
სინათლე, ადამის გენში.
შენ ჩემი დილაც ხარ, შუადღეც, საღამოც,
ჩემი ცისკარი და მწუხრი.
სისხლის ყველა წვეთში სამუდამოდ მყავხარ
და ზენარს მადლობას ვუხდი.
19.04.2021



სონეტი

მოგწერდი, მაგრამ, ფურცელსაც ვერ ვანდობ იმ სიტყვებს,
რასაც ბაგენი ყურთან ახლოს ამოხეთქავდნენ.
მხოლოდ ჩურჩულით თუ გავამხელ იმ  გრძნეულ ფიქრებს,
შენი ხელები კი ხელახლა გამომძერწავდნენ.
უკვე, ისედაც ამირიე გულიც, გონებაც,
თავის ადგილას აღარ შემრჩა არც ერთი ძარღვი,
ეს უცნაური, იდუმალი აბობოქრება,
დასაწყისია ცეცხლის წვიმის, ვნებათა წარღვნის.
მოგწერდი, მაგრამ მესაკუთრე გავხდი გრძნობების.
ვეღარ ვენდობი ვერც თეთრ ფურცელს, ვეღარც შავ  მარცვლებს,
მწამებლურ რითმით გნატრულობენ ჩემი თვალები.
მოგონებები ჭიანჭველებს მთელს ტაზე მაცმევს...
გიმზერ  შორიდან და მზეს გიყოფ, სულს გინაწილებ.
შენი სიშორე მოკამკამე ცას მინაცრისფრებს,
გეძებე, როგორც საგანძური გადამალული.
ბოლოს გიპოვე, ჩემს სუნთქვაში გადახლართული!
21.03.2021


ან რაჭის და ან სვანეთის
რომ ჩამხედე თვალებში და დაატყვევე ჩემი მზერა,
მომიჩრდილე ლოდინისგან ნაწამები წამწამები,
ყველაფერი გამიმხილა შენმა მზემ
და მომისია სურნელები ნაქარები.
ჰო, ქარების მოტანილი ტკბილი სუნი
და მაისის დახვითქული ნაქარგები,
არ გიცნობდი ბატონებად მჭირდა მარტი,
გაგიცანი - შემორჩენილ თოვლად დავდნი.
სად წამიყვან, ზაფხულში სად გადამმალავ?
რომელ მთას და რომელ ჭიუხს შემაფარებ,
ენგურს ანდობ ჩემს დასიცხულ, მწყუვალ სხეულს,
თუ რიონში მაბანავებ?
მომიტაცე, გამაქანე იმ მთებისკენ,
სადაც ლურჯი ყველა ფერზე იბატონებს,
შენი ბაგით წარმოთქმული - შემიყვარდი…
საგალობლად გაუხდიათ იადონებს,
წამიყვანე, ან რაჭის და ან სვანეთის
ჟრუანტელად შემომაცვი მთების ექო.
წამიყვანე, მომიკალი მთის სურვილი
მწყურიხარ და დამარწყულე ერთადერთო.


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge