გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მაყვალა დავლაძე - ლექსები


ბათუმში წვიმა სევდის ფერია

წვიმამ მომისწრო...
დანამა თვალები, ასე რომ უცრემლოდ, ჭკნებიან უშენოდ...
წვიმამ მომისწრო...
ქოლგები მღერიან იმ ლამაზ სიმღერას, ჩვენი სიყვარულის...
სევდასაც უყვარხარო და არ დაიშურა ცრემლები ზეციდან მომფინა უვადოდ.
შეზავდა მისტიკა დაშვებულ გარსიდან და ვეღარ ვიკვალავ გზას ამ წყვდიადიდან.
წვიმა კი თქეშად მოსულა ქუჩებში, ზღვა გადარეული შტორმით დაბობოქრობს.
გელოდი მე დიდხანს, დაღლილი ქუჩებში მივხეტიალობ, ვით ბავშვი უდედოდ.
სველია ფანჯრები ჩემი ცრემლებით.
ქოლგების სიფერადე ამხნევებს თვალებს, თორემ  ნაცრისფერი ისე ჩაიქუფრა,
რომ ზეცას აღარ აცლის მზის სხივთა თარეშს.
სული კი ფრთხიალებს, ამოსვლას ლამობს.
თავისუფლება, სიყვარული ებრძვის კანონს.
ბუნების სილაღე ზეციერს ამკობს და ისევ მოვსულვარ წვიმად მე ამ დროს.
ბათუმში წვიმს და სევდას უხარია... წვიმაა სევდა და ჩემი ნოსტალგია.



სხვა ლურჯი ცა არ არსებობს ჩემთვის

საფიცარო! ჩემო მიწავ მშობელო,
ცას ღრუბელი მოწყვეტია თითქოს,
თეთრ ქალაქში მოფარფატე თოლიებს
ზამთრის სუსხი გამითოშავს ისევ.
ღიმილს გჩუქნი ულამაზეს ფიქრებით,
ჩემს ხსოვნაში ჩაუქრობელ გრძნობის,
რასაც ვხედავ წუთისოფლის საზომით,
ბორგავს სული, ვერ გაუძლებს ამდენს.
შეიმშრალე პირი სველი ცრემლების,
სხვა ლურჯი ცა არ არსებობს ჩემთვის.
მთას მომწყდარი თოვლიანი ზვავები
ჩემს სხეულზე გადაგორდნენ ხვნეშით,
შემომტირის სხალთა, ტაო-კლარჯეთი,
სტუმარი ვარ, წუთისოფლის შვილი,
უფლის თვალში სევდის ცრემლი მოგორავს,
წინაპართა აჩრდილები კვნესის.
ჩემად, ფიქრთა საფარველად გილოცებ,
თეთრ ქალაქის ულამაზეს წალკოტს,
შენს წარსულს და მომავლის გზას დავლოცავ,
შენს სანაცვლოდ სიცოცხლესაც დავთმობ!!





***
უამრავ წრფელ სიტყვას
ვიბრუნებ გულში... ასეა, ასე...
ღამე ქუთუთოს ჩამობერავს
და დაამძიმებს თვალების ხედვას.
შემომეხვია უთქმელი სიტყვა
და არ მასვენებს დღევანდელ დღისა...
დავივსებ ყურებს და დავბრმავდები,
რადგან საშველი ვერ ვიპოვე და ვერ გავუძელ
ჩემს ხალხის ყოფას... სიდუხჭირისგან გათანგულებს,
სველი ცრემლებით შელახულებს, მათი ხმა მზაფრავს და
მტკივა ძლიერ... სული და გული... სასოწარკვეთით რომ იმდღურება.
ფოთლები ცახცახებენ, მიწა ზანზარებს, უცაბედი დაცემა სულისა
ხეობებში კვნესად დადუმებულა... გაჰკივის ქნარი...
გულის კედლები დატიხრულა, ლამის ტკივილმა ამხადოს ქალა,
ჩემი თბილისის და ნარიყალას, ჩემი ბათუმის...
მზისფერ სამშობლოს ცისფერი ზეცა... იწვის და ფეთქავს. ღელავს და ტკივა...
და ამ ზვირთებში, ამ სიყალბეში, ამ სიმართლეში
დავეძებ ბნელში, დავეძებ მზეზე... არა სიმშვიდეს,
არა სიხარულს... მხოლოდ სიყვარულს დავეძებ ჩუმად.
04.06.2018 წელი.






საუბარი დედასთან

შენთან მოვედი, დედა!
მოვედი და შენს კალთაში ჩავრგე თავი...
უხმოდ ვქვითინებ...
აცახცახებული ხელები შემეხო ფრთხილად,
ვტიროდი ყველაფრის გამო, რაც იყო და
რაც აღარ იქნება, რაც ზღვის ტალღებივით
აბობოქრდა და ჩაექანა, რაც ფოთლებივით
დაჭკნა და ქარმა გახვეტა... მივტირი
ბავშვობის ზღაპრულ დროს, სიხალისეს,
სიცელქეს, ლამაზ წლებს...
არ ვწუწუნებ, არც თავს გაცოდებ,
შენ ჩემი დედა ხარ! ჩემი სითბო და ნუგეში.
ქვეყნად ერთადერთს, შენ გეკუთვნის
სამადლობელი! შენ მაჩუქე სიცოცხლე, ეს
თბილი გული და ახლა ნაომარი შენთან მომიტანია,
რომ ჭრილობები შენი სითბოთი მოვიშუშო.
ისე დამძიმდა გული, ისე დაილექა ფსკერზე დარდი,
რომ მარტომ ვერ გავინაპირე...
და შემოგჩივლე, დედა! შენს იქით ვერ ვპოვებ
სიმართლეს, შენთან მინდა ვიპოვო შვება.
კიდევ ერთხელ შევიგრძნო და დავიჯერო,
რომ რაც წავიდა, იმის სანაცვლოდ ახალი კარი
იღება, ცხოვრების სიბრძნეც ესაა, ყოველი
კაცის ცხოვრების ზღვარი, გრძელი და ძნელი გზა.
აცახცახებული ხელები ფრთხილად შემეხო...
ჩემი ყოფა მინდა კვლავ თავიდან დავათარიღო.
შორეული, განვლილი გზის ექოს გამოძახილი
ყურებში დაგუბებულიყო.
შენი მადლით, ყოველთვის გადავრჩი, დედა!
წარსულის სურათები გონების ერთ კუნჭულში
მივმალე და შენი ლოცვით მოვიძიე სხივი,
რომელიც მიჩვენებს, როგორ გავაგრძელო გზა ცხოვრებისა...
საფლავის ქვასთან დანთებული სანთელი მიმქრალიყო.
წამოვდექი, დედის ღიმილიანი მზერა მაცილებდა
ცივ, სუსხიან დღეს და მათბობდა.




ენა მოქარგული, ვაზის ცრემლებია

ქართლის ისტორიებს ახლავს
ტრადიცია განვლილი წლების,
დღემდე მოტანილი ქარს ვერ წაუღია,
გვიცავს წინაპრები ფარით.
ენა მოქარგული, ვაზის ცრემლებია,
ჭირსა გამაგრება რუსთველს უბრძენია,
ჩვენს ბერს და ერს ისევ ხმალი დაუძველდა,
სიტყვის მარჯანებს კი ფერი შეუცვლია.
რაა მთავარი, - რაც შიგნით ხდება?
თუ ის, რაც ხდება ხილულად გარეთ?
კარგადაც მახსოვს, ყველას ხომ გვახსოვს,
განვლილი წლების ქარაშოტების?
თითქოს წაერთვა ხმები იმ დროსაც,
როცა ყოვლისშემძლე იყო ბიზანტია.
ყველამ ჩავფიქრდეთ, ათას წლის მერე
ვის გზა კვალს ავრევთ?
ვის სიხარულს ავეფარებით,
ვის გამარჯვებას დავამარცხებთ
ცდომილიანი გზების წყალობით...
ჩავფიქრდეთ ყველამ, რად გავუშალეთ სუფრა
მოწვეულ ჯალათს,
რად ვიიოლებთ, ყველაზე უფრო,
საკუთარ თავის დასჯას და ღალატს.
ვის ღვარძლიან მოსავალს ვიმკით,
რომელ წინაპრის, რომელი დროის, რომელ თაობის?
დავფიქრდეთ ყველამ...
მომავალი გადავარჩინოთ.
ენა მოქარგული, ვაზის ცრემლებია,
ჭირსა გამაგრება რუსთველს უბრძენია,
ჩვენს ბერს და ერს ისევ ხმალი დაუძველდა,
სიტყვის მარჯანებს კი ფერი შეუცვლია.







სიყვარული შეცვლის სამყაროს

მეხუთე განზომილება სივრცეს დაახშობს?
რეალიზებას შეძლებს აზრები?
მე დავიბენი... ვინა ვარ, რა ვარ,
ამ სამყაროში მაქვს თუ არა ალაგი ჩემი?
ზღვის ლურჯ საფირონს მზის მცხუნვარება
ალბათ აავსებს აისბერგებით,
გარდაცვალბა ისე ახლოა,
როგორც არასდროს მინახავს თვალით.
დაჰკრავს დაფთაფებს ზურნა, კლარნეტი,
ცეცხლს მიეცემა ტყის მწვანე ფლორა,
ის ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვის,
ვინც ბოროტებას უმეგობრდება.
შევიცვლებითო - სამყარო შეგვცვლის,
გადაფასდება ჩვენი გრძნობები,
როგორ მეწვევა ნეტავ ტკივილი,
როგორ გაყინავს სისხლს ჩემს ძარღვევბში?!
არ გავიგონებ უცხოთა მოდგმის,
ვიღაც მასონურ ძალების რისხვას,
რომ გვემუქრება გადაგვარებით,
"წმინდა წერილის" მისიით მოქრის.
როცა ვხედავდი უცხო ქვეყნის ქალს,
პირახვეულს და შავ ჩადრში მავალს,
შეშინებული გვერდს ავუვლიდი,
მასში ვხედავდი დემონს და ეშმაკს...
და, აჰა, ჩვენი ქართული სახე!
აგვიხვევია პირბადეებით,
ქუჩაში შემხვედრს შიშით  შევყურებ,
ვით კეთროვანებს გვერდს ისე ვუვლი.
არა და არა! არ შევიცვლები!
არ გავაგრძელებ ამაზე ფიქრსაც,
ჩემს კარის მიღმა აპრილი კვდება
და გაზაფხულიც აქვე დასრულდა,
იასამნებსაც ჩასძინებიათ,
ჰამაკსაც ალბათ ვეღარ გავარწევ,
ხელს ვერ შეგახებ, ვერ მოგეხვევი,
ეს მე ხომ არ ვარ, არ ვარ და რა ვქნა?
სიყვარულის ხიდს რომ ვაშენებდი,
წლები დამჭირდა და, აჰა, ახლა?
ახლა ჯებირებს მყარად დავიცავ
და სიყვარულის ელექსირს შევსვამ,
რომ არ ჩავცვივდეთ მღვრიე ჭაობში
და მომავალი დავიცვათ მყარად!!!
ანი და ჰოე - არს და იქნება!
ამბობს უფალი!!!
და ჩვენს გულებშიც იქნება მარად!
2020. წელი. პანდემია.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge