გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები




***
პატარა გოგო გაზაფხულს ხატავს,
მერცხლის ფრთებით და ალუჩის ფიფქით,
გაუჩენია ხანძარი ატამს, 
დათოვლილია ტყემლები ფიქრით.
შორს, ჰორიზონტზე ბოლავს სიმწვანე,
მაგნოლიები ამჩატებს სივრცეს,
ვაზის ფოთლები მზის სხივს იწნავენ
და ლურჯი მთები გაზაფხულს იცმევს.
ქარი ყაყაჩოს მიერეკება 
ქართლის ველებზე ცეცხლის ალივით
და ტირის წყარო მარადიულად,
დროით ამომშრალ ნატერფალივით.


***
გისურვებიათ დახატოთ გული,
გსურთ, ჩემი გულის დახატვა შესძლოთ,
საუბედუროდ, თემაა რთული 
და ჩანაფიქრის სირთულეს ვერ გრძნობთ.
მე მეშინია გულში რომ დარჩეთ,
ჩემს გულს რომ გაჩვევთ, ნუთუ ვერ ხვდებით,
ფერებს აზავებთ, საღებავს არჩევთ,
დაგვიწყებიათ სისხლი შემთხვევით.
არადა, ჩემი სისხლია რომ წუხს, 
რომ არ ისვენებს, მქუხარებს, ბორგავს,
არადა, ჩემი ფიქრია, რომ მძულს,
არადა, ჩემი სისხლია, რომ მგავს.
გისურვებია და ცდილობთ ამას, 
რაღაც წაართვათ დროსა და სივრცეს,
გული სიხარულს ვერაფრით მალავს,
რადგან გულში ხართ და გული მიცემს.


***
ზამთარში დავხატე გაზაფხული,
ეს თოვლიც დადნება, დამიწდება,
ხანდახან მთვლემარებს განზრახული,
ყვავილზე პეპელა მავიწყდება.
უთქვენოდ ჩაქრება სურნელება,
ჰაერს ვერ გაბანგავს, ააბოლებს,
რა არ თქვეს მოშურნე სულელებმა,
ნათქვამი ხმამაღლა გამაგონეს.
შევნიშნე ფუტკარი დამვიწყნია,
მზის სხივმა თვალები ვერ ამიწვა,
ქვეყანას სიმწარე მოეძალა,
უთაფლოდ გამწარდა დედამიწა.
ზამთარში დავხატე გაზაფხული,
ზეცამდე ატმების ალი წვდება.
სიბერით მთვლემარებს გაზაფხული,
ყვავილზე პეპელა მავიწყდება.


***
სიყვარულს ახსნა სჭირდება, მწარობს
სიტყვა ნათქვამი, ჩავლილი ყურთან,
რაღაც მაწუხებს და ვატყობ მწყალობს,
მიახლოება საკუთარ გულთან.
მიყვარხარ, ვამბობ და ემატება
გაუცხოება სურვილს დღითიდღე,
ვიღაც მკარნახობს შენს წინ მორჩილად 
ვშიშვლდებოდე და სასჯელს ვიხდიდე.


***
ლაზარე, ძია ლაზარე, 
ფერებს ვაზავებ, ვხატავ, 
გული ცოდვებმა დაბზარეს,
ტკივილს ცდუნებებს ვატან.
ლაზარე, ძია ლაზარე
გული ვერ ითმენს რისხვას, 
ჩემი ყვავილი ყოველდღე 
უამრავ ეკალს ისხამს.


***
გახსენებ ყოველდღე, რა მაწუხებს,
მიყვარხარ, ვჩურჩულებ გამალებით,
ჩემს სურვილს თვალები მოუხუჭე.
მივიწყებ ეშმაკის დავალებით.
არ გინდა მორჩილი დაგიძახონ,
თავნებობ, დღითიდღე მიმხედრდები, 
სურვილობ გაქცევა განიძრახე,
ყოველდღე შენს გულში ვიხედები
და ვუცდი, რომ გული დამშვიდდება,
იქნება ტკივილი გადავლახო,
ვიმედობ მოთმენა დაშინდება 
და როგორ მიყვარხარ დაგანახო.


***
ჩემი სურათი გიჭირავს ხელში,
გასადიდებლად, რომ საფლავს შერჩეს
და შემოვდივარ თანდათან შენში, 
გაჩვევ ყვავილებს - სიკვდილის ელჩებს.
დღემოკლობს ჩემი სუსტი ცხედარი, 
როგორც აკრძალვა სხეულთან გაყრის, 
შენი თვალების მსუსხავი მზერა 
მიკრძალავს ტკივილს და ტანზე მაყრის.


***
დავწვი ლექსები, ცრემლად გავწვიმდი,
გაბოროტებამ ფერფლად აქცია,
დავრწმუნდი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,
წუთისოფელი რა თვალთმაქცია.
თავისუფლებამ ფრთები გაშალა,
მივხვდი რატომღაც გული დაობლდა,
დრომ ოცნებები ამოამშრალა,
ის ჩიტიც მოკვდა, სულ რომ გალობდა.
ვხვდები, შეცდომებს დრო როგორ მაჩვევს,
მპარავს ოცნების ფიქრი გასაღებს,
გულში მიტოვებს ღრუბლების ნარჩენს
და ჩემს ტკივილებს მისად ასაღებს.


***
სიკვდილით სჯიან, ვისაც ერგო სიკვდილის ნიჭი,
თქვენ განაჩანის გამოტანა, რატომღაც გიჭირთ.
რატომღაც ვერ გრძნობთ, რაა ტყვილი, რაა მართალი,
რითი სჯობს ზაფხულს თოვლიანი, თეთრი ზამთარი.
ყოფნა-არყოფნას ზეციური ნიჭი განაგებს, 
საკვირველია, რისთვის ხურავთ ხშირად დარაბებს.
რატომ არ ტოვებთ მოლოდინებს, რომ კვლავ შევხვდებით,
რატომ გგონიათ ყველაფერი ხდება შემთხვევით.
სიკვდილით სჯიან, ვისაც ერგო სიკვდილი ნიჭით,
თქვენ, უნიჭოებს, ნიჭიერის დანახვა გიჭირთ.


***
მზეს ვთესავ, წვიმა ამოდის,
ღამეში ვხედავ დილასა,
ჯვარს ვხატავ, ხატი გამომდის,
მზე წვიმის წვეთში ბრწყინავსა.
ჩვევად მაქვს გზა ავუქციო 
და გადავასწრო წინასა, 
თვალ-ყური არ მივადევნო
არდასანახს და წვლიმანსა.
მზეს ვთესავ, წვიმა ამოდის, 
წვიმა განწყობას პატრონობს, 
ღმერთს დაჩოქილი ვენუკვი, 
შემთხვევით არ მიმატოვოს.
სავსეა წუთისოფელი 
შეხვედრებით და ლოდინით,
ვდგავარ ხავსისგან შეჭმული,
ჩემი საფლავის ლოდივით.
მზეს ვთესავ წვიმა ამოდის...


***
სევდა შეჰყრიათ ბეღურებს
სხედან, სიცივით თრთიან,
ცა ჩამოიქცა წვიმებით,
მარტის დამპალი თვეა.
დაფრიალებენ ქოლგები,
ქალები ფრენენ თითქოს,
აგერ, გუშინწინ წვალებით
გამოეპარნენ დიდ თოვლს.
მალე მზე მოვა, დაცხებათ, 
ცრემლს შეიმშრალებს უჩვევს,
გაჩახჩახდება მზე სხივით,
სევდას ჩამობანს ქუჩებს.
წვიმს უსაშველოდ, არ ცხრება,
ბრძოლა წვიმის და ქარის
და ზეცის გამოფხიზლება
წვიმას უკარგავს ხალისს.
შენც პირმცინარობ მარტივით,
სიცილს ტირილში ახვევ, 
ხარ სათნოების ხატივით
და მარტობას ამხელ.
სევდა შეჰყრიათ ბეღურებს,
საწყლად, სიცივით თრთიან,
თვალები ზეცას შეჰყურებს,
მარტის დამპალი თვეა.


***
მარტო ვარ, მცივა და მაკანკალებს, 
ყინავს და სუსხი ბზარავს მოლოდინს,
შემოაფრინდა უკანა კარებს
ყვავი, სტუმარი ჩემი ბოლო დღის.
ხანდახან ჩემს თავს ვტანჯავ შენიშვნით,
უკმაყოფილო, შენით დამთბარი,
ნუ შემაყოვნებ, გულში შემიშვი, 
მსურს შენთან დავრჩე მთელი ზამთარი.
მთვარე გრძელ ღამეს შეეშველება,
ფიქრი სამოთხის კარებს უხატავს, 
თვლემს ჭრელი კატა, ჩემი მშვენება
და თავის სიზმარს ათბობს ბუხართან.


***
თოვს გაზაფხული ტყემლის ხეებად,
გადამდებია ატმის ალმური, 
იხარჯებიან წლები დღებად 
და ემატება დროს სინანული.
ვერ გაქცევიხარ დროის სირთულეს,
თუმცა ვხვდები, რომ წუთიც ხალისობს,
შენ არ ანათებ, მაინც ასრულებ,
დაუმადლებლად, ხშირად, მთვარის როლს.
თოვს გაზაფხული და სითეთრეში
ხატავს იმერეთს თეთრი ფერები...
იყავი ჩემთან, არ მოიწყინო,
მე უსათუოდ მოგეფერები.


***
გჩუქნი რაც გამაჩნია, 
ესეიგი არაფერს,
მნახულობენ, ამბობენ
ვინც არ მოსწონს, არ აქებს.
ნოეს კიდობანიდან
რაც გადმომყვა, ვყოფინობ,
არასოდეს ვყოფილვარ
ბედის უკმაყოფილო.
ვარ მოშიში გამჩენის,
დრომ სურვილი შელახა.
ვამბობ, შენთან დავრჩები,
ვგრძნობ, იმედი შენახარ.
გაშოლტილი მიწაზე,
ზეციურ თაღს შევცქერი,
ვერაფერი მოვნახე 
მზგავსი, შენი შემცვლელი.
გჩუქნი რაც გამაჩნია 
ესეიგი არაფერს,
რაც არავის არ მოსწონს,
რასაც არვინ არ აქებს.


***
დარჩა სურათი მოწმე წუთების,
როცა შეიხსნა მიწამ იარა, 
მერე მოვიდა მიწა ბალახად,
გულზე სიმწვანედ გადაგვიარა.
რა ცოტა დავრჩით. ტკივილებს გვაჩვევს
საწუთრო მწარე, ქცეული რისხვად,
ტკივილმა ყველა გაგვხვია დარდში,
რომ დარდი ისევ ტკივილით ვიხსნათ.


***
გაშიშვლებული სამყარო 
ჰგავს უპატრონო ბორდერს,
გთხოვ თავი არ შემაყვარო,
ჩემი იმედი გქონდეს.
ჩემი ნაკოცნი ძუძუდან
სხვას არ დავუთმობ მისხალს,
ჩემი ტუჩები თუ გძულდა,
რატომ მალავდი რისხვას.
რატომ წამართვი რაც მქონდა
საინტერესო მგოსანს,
სულ რატომ აგვიანებდი 
სხვებიდან ჩემთან მოსვლას.
მზერა სულ გზისკენ მეჭირა,
სავსე შენს გამო რთოლვით,
რად გამიჩინე ეჭვი, რად,
გზა გამითეთრე თოვლით.
ახლა რაღა ვქნა, ვეღარ გთმობს
გული, გონება, განცდა,
თუმც ძველებურად აღარ თოვს,
ვერ დამიბრიყვა მარცხმა.


***
წუხელი ღამე ვუთიე ფიქრებს,
ეჯიბრებოდნენ სურვილს განცდები,
მითხრა ვიღაცამ - დრო სათქმელს გიქებს, 
დრო გიპატრონებს, არ დამარცხდები.
და თვალხილულმა ვნახე სიზმარი,
დრომ ამოაშრო სევდა გულიდან,
წუხელ დაწერილ ჩემს ლექსს გიგზავნი,
მოპარულს შენი გაზაფხულიდან.
გჩუქნი, წაიღე სიბრძნის მდომელი
მარადიული ხსნის რელიქვია,
ვით სათნოება მიუწვდომელი,
მე რომ შევქმენი და შენი ჰქვია.
მოულოდნელი მაჩუქე განცდა, 
მე რომ სიცოცხლე მეპოვა შენში.
არ შეგაშინოს დროებით მარცხმა,
შენ ჩემი გული გიჭირავს ხელში.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge