გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ბოკო ჭიღლაძე - ლექსები




*   *   *

ძველ ადგილას 
მოსვენება მომინდა,
სადაც ჯერ კიდევ
მკრთალად ჩანს რამდენიმე ასო,
ვერც ერთმა წვიმამ თუ წყლიანმა ბუშტმა,
თუ შარდმა, თუ თოვლის დნობამ, 
ვერ წაშალა ჩემი სახელი,
ამ ქალის ხმა ყველა ბავშვის 
სიმშვიდეს კლავდა,
კითხვებით მავსებს 
როგორც ყოველთვის,
მოთმინებით მაინც ვპასუხობ,
ნეტავ იმ კაცისთვის
სხვა სახელი შეერჩიათ,
მურმანი - ავძახე და ზურგი ამიხურდა,
ის იჯდა შვილთან ერთად,
სვეტის ქვეშ, რომლის თავზე
კომუნისტური სიმბოლიკა
არსებობას წყვეტდა,
მან ვერ გაუძლო წვიმას და სკლინტს,
კენჭებგარეულ გუნდებს და ქვებს 
და ჩამოწოლილ ალუბლის ხეს,
რომლის გამხმარი ტოტებიც ფხეკდა
რუსულ წარწერებს,
ის იჯდა შვილთან ერთად, 
სუფთა და აუღელვებელი, 
ვიცანი ქმრით, 
მანქანისკენ სტვენა-სტვენით
მოსეირნე ქმრით,
რამდენჯერმე შეუმჩნევლად გავხედე,
და თუ მიცნო,
მიცნო ცოლის გარეშე,
იმ კაცისთვის აუცილებლად
სხვა სახელი უნდა შეერჩიათ.      




*  *   *

აივანზე ვეწეოდი 
როგორც ყოველთვის,
მოულოდნელად
წყლით სავსე ბუშტი გადმოისროლეს,
შევხედე,
წამით მისი ბავშვობა დავაპაუზე.


           

*  *  *

იყო სიზმარი,
სადაც მიგაკვლიე
მეგობრებთან ერთად,
ისინი ოთახიდან თავჩაქინდრული 
გავიდნენ,
შენ კი საწოლზე ფეხმორთხმული
მელოდებოდი,
ნეტავ რეალობაშიც ასე 
მჟღერი ხმით გაისმოდეს
დაპირებები,
შენი ხმა
ჩემს მთლიან სხეულს
როცა დაივლის,
დასაბრუნებლად ჩემივე სიტყვებს 
გამოიყენებს,
ჩვენი თითები 
დაეძებენ ერთურთს ყოველდღე,
ჩვენმა თვალებმაც გადალახეს 
უხერხულობა,
ნაბიჯებს შორის 
დაშორებაც ერთია უკვე,
ჩვენს სუნამოებს
შეძლებიათ თანაცხოვრება,
და ვინღა დავრჩით?
მხოლოდ ჩვენ ორნი.





         *  *  *

სიცხე დილით,
სიცხე შუადღით,
სიცხე ღამით ყველაზე მეტად,
საწოლზე მიკრობილს
მოსასვენებლად მხრის
შეცვლა მიწევს,
არც ეს მიშველის,
ფეხზე სამი ნაკერი მადევს,
მათგან თავის დახსნა
არც ისე მარტივია,
რა ხდება მაშინ,
როცა ვერ ვწერ,
პირს და გონებას რამდენ ნაკერს 
ადებენ ნეტავ,
ან არ იღლება განუწყვეტლივ
აღებ-დადებით,
იქნებ რომელიმე ჯერზე
სცადოს შეხორცება,
მაგრამ მანამდე 
ფრანგი პოეტი ქალი
მიზიარებს ღამეს,
ცაში გამოკიდებული
უამრავი ჩიტით,
ჩვენი სახელები ხმოვანებით
წააგავს ერთურთს,
მე მას შევპირდი 
არყის დალევას,
ფეხის დამუშავებას,
ასე უმიზეზოდ,
და როცა მთხოვა
ყველა წუხილზე 
მოკლედ მომეთხრო,
კავშირი გაწყდა,
ნაძვებში მიმალული ჭოტი
მეტად უნიჭოა,
ასე მგონია,
ვერასდროს შეძლებს
ყოფა უფრო მოსაწყენი გახადოს.



*  *  *

ჩვენ ვცვლით იდეებს,
მაგიდას შემომსხდარი 
სამეგობრო ღვინით გამტყვრალი,
მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი
თავების იმედი დავკარგეთ,
არასპირიტუალური ძალა
შლის წლობით ნაძებნს,
იქნებ რომელიმე მათგანმა
სხვა რიტუალის დროს
დამიბრუნოს ჩემი აზრი,
თუნდაც იმ ფორმულირებით,
სადაც ავტორი არ ვარ,
ნეტავ გავიხსენო ყველა სიბრძნე,
რაც კი გამიმხელია,
თუ დროის ათასგვარ მონაკვეთში
ქმედება გამომხატავდა,
ახლა ყველა მათგანში თავად მე ვარ,
მოდებული ვარ მთელ სამყაროს.




*  *  *

რატომ შეიძლება 
ვიხედებოდე სხვაგან?
ვაკვირდებოდე კედელზე აყოლებულ სუროს,
ცენტრში დადგმულ გიგანტურ
კონსტრუქციას, 
გვერდით მსხდომ წყვილს
ღვინით ხელში,
"მარლბოროს" ნამწვს,
ლაბრადორს, რომელიც 
სიზარმაცის მეტს არაფერს 
გამოხატავს,
ფეხთან მკვდარ უზარმაზარ მწერს,
ვუყურებდე თეფშებს და ჭიქებს 
და ვითვლიდე მათ,
როცა შემეძლო ყველა წამი
შენს ყურებაში გამეტარებინა,
და ამ დანაკლისს
ანაზღაურება არ უწერია,
შენ მიყურებდი აღფრთოვანებით,
და სიყვარულით,
სხვათა გამო, 
მაგრამ ეს მზერა,
უფრო მეტს ავლენდა,
მათზე მეტს, 
ვინც ჯიუტად ცდილობდა 
ჩემთან სიყვარულის გაზიარებას,
გაგიჟებამდე მომინდა ვყოფილიყავი
უდიადესი, 
თავს კიდევ ერთხელ შევახსენე 
თუ რა კარგია ამაზე ფიქრი, 
სხვა დროს არც ერთ წამს
არ დავკარგავ მათ ყურებაში.





*  *  *

აზრი გამექცა,
ხედავ კიდეც როგორი 
დაბნეული ვიხედები
აქეთ-იქით,
და ამ ჭიქაშიც
სითხე არადა არ 
თავდება,
თითქოს ვერქმნადობის წისქვილზე
შენ ასხამდე
წყალს,
არა, მე ვერ ვწერ,
თორემ წისქვილს არასდროს 
გამოვიყენებდი ლექსში,
არც ძველ ბერძულ ქალაქებს,
არც ლაფშას და ბედაურს,
არც აწყვეტილ ღილს,
სენაკს, ბაზილიკას,
ქარავანს,
ფრთებს,
არც ქოთანს,
ქეიფს, ფესვებს,
წილხვედრს,
ვენებს დაბერილს,
და სხვა სისხლძარღვებს,
გულის ტოკვას,
ასე ვერ იქმნება პოეზია,
ასე მხოლოდ ყალბდება,
საკვირველია,
პოეზიას ისევ აცოცხლებენ ტყით,
ჩიტით,
ყვავილთა სხადასხვა
სახეობით,
აღწერებით, მაგრამ აღწერა 
ვერ ქმნის პოეზიას,
აღწერით უკვე პროზაც კი კვდება,
პოეზიას სჭირდება აზრი,
მაგრამ როგორც ხედავთ,
ზოგჯერ აზრის გარეშეც
მკაფიოდ ჟღერს მისი მოტივი,
რაც მთავარია,
დღეს გაყალბებას გადავურჩი.



     

*  *  * 

რატომ არ ირჩევს
ეს გოგო ბედნიერებას,
ან რატომ ფიქრობს
მარტო ყოფნაში ეყაროს რამე,
მერამდენედ შეეცდება
საკუთარი თავით
გასწვდეს ყოველივეს,
და მერამდენედ,
განიცდის მარცხს,
რა გადარდებს?
ან რა გბოჭავს?
შენი სირთულე
სირთულეებს შორის
ყველაზე მარტივია,
ძილის წინ მონოლოგი
უცვლელი რჩება,
როგორ უნდა იბეზრებდე
ჯერ ვერ მიღებულს,
ან ჯერ ვერ განცდილს,
როცა სხვა დანარჩენი
ერთსა და იმავეს აკეთებს
მთელი ცხოვრება,
და ინარჩუნებს გზას,
რომელიც თავს
ისევ და ისევ
ამოუწურავად აგრძნობინებს,
დაუშვებელია ყველაფრის რომანტიზება,
განსაკუთრებით მარტოობის,
შფოთვის,
გაურკვევლობის,
თურმე ბედნიერების რომანტიზებაც,
შესაძლებელია,
შეუძლებელიც შესაძლებელია,
თავის პოვნა ნიშნავს დასასრულს,
შეეშვი ამ უტოპიურ იდეას,
ყველა ის წყვილი
დღის მანძილზე სახლთან რომ ჩაივლის,
განწირულია სამუდამო ძიებისთვის. 
შევსებაც არარეალურია,
დანაკლისის პოვნა არასდროს გიჭირს,
რა გადარდებს?
ან რა გბოჭავს?
შენი სირთულე
სირთულეებს შორის
ყველაზე მარტივია.




* *  * 

დღეს ვერ ვწერ ლექსს,
დღეს ლექსი ვერ დაიბადა,
ცხრათაგან უმთავრესს მუცელი მოეშალა,
კიბიდან დააგორეს,
ლექსს ფილტვები არ გაეხსნა,
ლექსი დღენაკლული დაიბადა,
ლექსის კისრის ნაოჭი
სამ მილიმეტრს გადასცდა,
დაუნის,
პატაუს,
ედვარდსის სინდრომი,
თავი უნდა დაგვეზღვია,
საშვილოსნოდან გამოფხიკეს
ჩემი ლექსი,
დაჩეხილი,
დაძიძგნილი,
ჩემი ლექსი,
ბებიაქალს პირზე
სიტყვა შეეყინა,
“ლექსია, ლექსი”
მაგრამ მაინც,
ლექსის შობადობა
სიკვდილიანობას აღემატება.




                 
*  *  *

ყველა ის მუსიკა,
რომელსაც შენთან
შეხვედრამდე ვუსმენდი,
ახლა წამის სისწრაფით
ისმინება,
ვერც ერთ სიტყვას
ვერ ჩავეჭიდე,
არ ვიცოდი,
დროის აჩქარება 
დასრულებას თუ მოასწავებდა,
ის, რაც სუნამო გეგონა
ლოსიონი იყო,
ახლა ამის თქმა 
ბევრად მარტივია.



скачать dle 12.1