გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

შოთა ზოიძე - მეთოთხმეტე მოციქული


                          
                                   პოემა
   

   Я...Тринадцатый апостол!
            Д.Маяковский
უფალმა მომანიჭა ოციდან ოცი ქულა,
მომანიჭა, რადგან ვიყავი მეცენატი,
მე ვიქნები მეთოთხმეტე მოციქული,
მაიაკოვსკი იყო მეცამეტე.
ზოგს გული აწუხებს, ზოგს - თავის ტკივილი,
ჩვენი სიცოცხლე ჰგავს ყინულის დნობას,
რამდენ ვინმეს აწუხებს საკუთარი ტვინი,
არავის არ აწუხებს თავისი უტვინობა.
ჩვენს ტვინშია თხუთმეტი მილიარდი უჯრედი,
თხუთმეტი მილიარდის ერთ პროცენტს ღვიძავს,
ხოლო დანარჩენს ძინავს ყრუ-მუნჯივით,
ამიტომ მძვინვარებს შური და ღვარძლი.
ჩემი გული პლანეტარულ სამყაროს იტევს,
ჩემი გულია ღმერთის სასახლე,
ღმერთი მიგზავნის ჯადოსნურ სიტყვებს,
როგორიც არის გვარი და სახელი,
დედა და მამა, მიწა და წყალი,
ცოლი და შვილი, ღვინო და პური,
მაგრამ უფალი ყველას როდი წყალობს,
ამიტომ მძვინვარებს მტრობა და შური.
უფალმა ნეკნისგან გამოძერწა ქალი,
ზოგში არია თიხა და ალიზა,
ჩვენ მუდამ მზისკენ გვიჭირავს თვალი,
ერთმანეთს ვხოცავთ ლამაზი ქალიზა.
პირველი ევა ვინც დაისაკუთრა,
იმან დააფუძნა კერძო საკუთრება,
ეს არ არის მარტივი საკითხი,
ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.
                             1.
ახლახან ევროპა შეძრა წყალდიდობამ,
მაგრამ არ ვიცი საშველი სად არი?!
ჩემი სახლია ნოეს კიდობანი,
რომელშიც გავმართე თეთრი საყდარი.
აქედან მოჩანს მსოფლიო ხანძრები,
იწვის თურქეთი, საბერძნეთი, აშშ,
ხანძრის ჩასაქრობად ნემსის ყუნწში გავძრები,
თავს არ დავზოგავ და ა.შ.
რომ არა ტაძრები, სული გაგვძრება,
იწვის ხეები, ბუჩქები, წიწვი,
იწვის ტყეები - ბუნების ტაძრები,
ბუნების ტაძრები - ტყეები იწვის.
ხანძრის ჩასაქარობად მეტაფორა დავძარი,
ავამოქმედე სახანძრო სერვისი.
ავაშენოთ ახალთახალი ტაძრები
და გავალამაზოთ მერმისი!
ბუნებაა ჩემი თავშესაფარი,
მე, როგორც მეთოთხმეტე მოციქულმა,
ყველას გავუღე ჩემი საყდრის კარი,
უფალმა მომანიჭა ოციდან ოცი ქულა.
არც მე ვიცი, რატომ მიყვარს მაისი,
მზეს გამოვარბრწყინებ ყვითელი თავშლით,
ზღვას ბათუმიდან ცაში ავისვრი,
მის ადგილას ჩემს მთა-გორებს გავშლი.
ზოგს ჰგონია, ამას არავინ დამაცლის,
ეს არ არის განწირული რისკი,
ჩემს თემში ვერ იბოგინებს ერზაცი,
ჩემს თემში მხოლოდ კეისარს-კეისრისა!
2.
პერმანენტული ზეიმია არაკაცების,
სადაც ისინი, იქ არიან არაქალებიც,
ჩემზე რომ იყოს, ყველა კოდექს გავამკაცრებდი,
ჩემზე რომ იყოს, ამ ქვეყნიდან გავაქარვებდი.
ხმის ჩახლეჩამდე მინდა ვიყვირო,
ამოვიარე გოლგოთის აღმართი,
წითელ მოედანს, როცა მინდა, ავაყირავებ
და ზედ პოეტის პირამიდა აღიმართება.
გავასაიდუმლე პოეტის გვარი,
ეს ის გვარია, ყველას რომ მოსწონდა,
მე ახლა ჩრდილოეთის მიბერავს ქარი
და ხელებს ვითბობ სამხრეთის კოცონთან.
პროსპექტს გადაარქვეს გორკის სახელი,
„ქალიშვილი და სიკვდილი“ ისეთი ლექსია,
ჯალათი ცეცხლსასროლი იარაღით ვნახე,
ლექსს ვერ მოკლავენ, ამაოდ ესვრიან.
ავტორი მოკლეს, ვერ მოკლეს ლექსები,
ლექსები - ვერა, ავტორი მოკლეს,
გორკი მსხვრეპლია უწესო წესების,
ყველამ იცოდეს - ეს გზაა მოკლე!
ახლა პოეტებს აღარავინ უსმენს,
მიდი და იყეფე, რამდენიც გინდა.
იყო დრო, როცა არ უსმენდნენ რუსთაველს,
ფრესკაც კი წაშალეს წმიდათაწმიდა.
ამის გამო მივიღებ უმაღლეს სასჯელს,
რომელსაც ეწოდება „четвертование“,
თუ უნდათ ხელ-ფეხი მომკვეთონ სამჯერ,
გორკის პროსპექტზე მე მაინც გავიარ.
3.
უფალმა დამიწერა ოციდან ოცი ქულა,
მე ვარ მეთოთხმეტე მოციქული,
შური დამდევს, როგორც კაგებეს აგენტი,
ახლა ამის მეტს არაფერს არ გეტყვი.
მე დიდი ხანია ვძულვარ ჩინოვნიკებს
და ღმერთმა ნუ ქნას, მე მათ ვუყვარდე,
მე იმისთანა სიყვარული მოვიმკე,
ჩინოვნიკებს თავს აღარ ვუყადრებ.
მე მიყვარს მეტაფორა ანასეული,
მე ვიცი მისი პოეზიის პაროლი,
არ მიყვარს ხალხი უცხოეთში გაქცეული,
მით უფრო - გაპარული!
ნონამ დააშამათა მსოფლიო ჩემპიონი,
ეს იყო ელენე ბიკოვას “ЧП“
ჭადრაკის თამაში ჰგავს სამამულო ომს,
კარგად მოეხსენებათ უცხო ქვეყნის შეფებს.
იყო დრო, პეტერბურგელ რჩეულებს მოვწონდი,
მოსკოველებიც არ იყვნენ გულგრილი,
ქალები პარტნიორებს ჯიბეებით წონიან,
სასახლეებით და მდიდრული ვილებით.
ამასობაში სიცოცხლე ილევა,
აწეული აქვთ ცარიელი თავები,
ცხოვრებამ რამდენჯერ იქუხა და იელვა,
იმდენჯერ უსახსრობის მახეში  გავები.
ერთხელაც სიკვდილს დავუნიშნე პაემანი,
სიკვდილმაც გამაწბილა, პაემანზე არ მოვიდა,
ამ დროს, უეცრად აყვირდა არემარე
და როცა დაწყნარდა, ჭრელი მოვითა,
თაღიანი ხიდით და ფერებით მოვიდა,
ლამაზი, როგორც თამარ მეფის წარბი,
გამოგიტყდებით და სიცოცხლე მომინდა,
სიკვდილი ჩემგან ცხრამთას იქით გარბის.
ცისარტყელამ მითხრა, - სიკვდილი არ გაბედო,
ქრისტიანი კაცი ხარ, იესომაც ეს თქვა,
მაშინ ჩემს თვალებში სამყარო გაბევრდა.
არემარე ჰგავს ღვთისმშობლის ფრესკას.
                                  4.
მე უფლის რწმენას ავუცრი წარმათებს,
მე მათ მოვაქცევ საყდრის გალავანთან,
ცხოვრებამ, რაც მქონდა, ყველაფერი წამართვა,
მის მერე, როცა ძველი დრო გადავარდა.
ცხოვრებამ მე მხოლოდ რწმენა ვერ წამართვა,
მშობლების, ოჯახის, ცოლის და შვილების,
მეც ავდექი და მახვილი აღვმართე,
ჩვენ არასოდეს არ დავილევით.
მე ვიცავ ჩემი იესოს რწმენას,
იესო მიცავს, მიცავს მისი მადლი,
მეც ყველგან საყდრის ჩრდილივით ვწევარ,
დილით - მზე, საღამოს მთვარეა ბადრი.
                     5.
უფალმა დამიწერა ოციდან ოცი ქულა,
მე ვარ მეთოთხმეტე მოციქული,
შური დამდევს, როგორც კაგებეს აგენტი,
ახლა ამის მეტს არაფერს არ გეტყვი.
მე არ მჭირდება ამწევი ძალა,
ცაში საკუთარი ფრთები ამაფრენს,
- ფრთები, ფრთები გვინდა, - პოეტმა ბრძანა,
მიწაზე დავტოვებ არფას და აფრებს.
უფალთან მიმაქვს ჩემი ცოდვა-მადლი,
მადლი გადაწონის ცოდვის სიმძიმეს,
როგორც ფერადი კინოფილმის კადრი,
უფალთან სიმართლის ნათურა ციმციმებს.
ციმციმებს-მეთქი, უნდა ითქვას, ანთია,
უფალთან ანთია მილიონი მზე,
ცაში შევეგებები დილას და განთიადს,
ლექსებს წავიკითხავ პლანეტების ნადიმზე.
მომისმენენ დიდზე დიდი პლანეტები,
მომისმენენ წვრილ-წვრილი ასტეროიდები
და რაც მიწაზე არ ემეტებათ,
ცაში მივიღებ პატივით და დიდებით.
უფალმა ცაში დამიწერა ოცი ქულა,
მიწაზე დამაბრუნა მეთოთხმეტე მოციქულად!
                             
                                6.
მაგრამ მიწაზე მოციქულის გაგონება
არავის არ უნდა, კიდევ უფრო მეტიც,
ჰგავდა მეხის გავარდნას, შეიძრა მთა-გორები,
დაიძრა ვაგონები, კომლებით და კეტებით,
პირსავსე, როგორც ღვინიანი ქვევრი,
ატყდა ჯახი და დავიდარაბა,
აზრი გამოთქვა ძალიან ბევრმა,
გადაწყდა, მოქიცული ძაღლივით დავაბათო.
არ ვიცი, ამას რაღა დავამატო.
ავდექი და ნოეს კიდობანში ჩავიკეტე.
ამას ვასაჯაროვებ, არა საკამათოდ,
მხოლოდ და მხოლოდ - სასიკეთოდ.
ხალხი ხალხია... მრევლი მრევლია...
ხალხში ურევია ბევრი ღვთისმოსავი.
ერთმა თქვა, - ეს კაცია ევლია!*
მეორემ თქვა, - ჯვარს ვაცვათ იესოსავით!
მესამემ თქვა, - ხომ არ არის მესია!
მეოთხემ თქვა, - ვიღაც შარლატანია!
შარლატანი, თვითმარქვია, ქაფირი!*
გასივდა ჭორი ლუდის ქაფივით.
ბოლოს, ერთმა ღვთისნიერმა მოხუცმა,
მოციქულში ამოიცნო პოეტი,
ჩემი გული ნეტარებამ მოიცვა,
და ვუთხარი, - მე იმიტომ მოვედი,
რომ ქვეყანას სამართალი ვაუწყო,
ხელმწიფედ გვყავს უცხოეთის მსტოვარი,
მსტოვარს ერთხელ უფალიც კი გაუწყრა,
მაგრამ მსტოვარს რის შეასმენს სტუმარი,
როცა ყრუა და ხალხის ხმა არ ესმის!
სეირის გარდა, ხალხს სხვა რამე არ უნდა,
სადაც ბრბოა, იქვე ცხოვრობს იუდა.
იუდები უდრტვინველად გაგცემენ,
თუ დაჭირდათ, ბინძურ ხელსაც გტაცებენ.
მერე იყო, ნაგვემი და ნაცემი,
აიღეს და სამართალში გადამცეს.
                              7.
მოსამართლემ არ იცის სამართლის მისამართი.
ბრალმდებელი სამართალს ატარებს ჩანთით.
ცოტათი თუ ბევრით, ამჯერად გამიმართლა,
მათ თვალში შეშლილი პოეტი ვჩანდი.
შეშლილი არა, მაგრამ ზოგჯერ მეც მეშლება,
პლატონი - გიჟია, ფროიდი - ბრძენი,
უსამართლობა ვეშაპის ეშვებით,
გვებრძვის, რაც საკუთარ თავზეც ვიგრძენი.
პირამიდა აშენდა მონების ცრემლებით,
გიზას პირამიდა რაბათი როდია,
უფალს რომ უყვარს თავისი მრევლი,
ისინიც უფალთან სიყვარულით მოდიან.
პლატონი თუ გიჟია, ფროიდი - ბრძენი,
მაშინ მეც უთუოდ ვიქნები გიჟი,
„ბრძენი“ ტერმინია ძალიან ძველი,
დროებამ ფაშისტური გიჟები გაჟუჟა.
                    
                           8.
სასამართლომ დამინიშნა ექსპერტიზა,
მიუხედავად იმისა, არ აქვთ ალიბი,
მე ახლა ვერაფერს ვეღარ ვიზამ,
ბრალმდებელს ჰგონია მახეში გავები.
ერთმანეთს ერითმება პლატონი და პლუტონი,
მე კი არ გავრითმე ტამერლანი - მელანი,
გამიბრაზდა ჩემი მომტირალი მოტივი,
ისევ ისე მიფრინავს ტატოს მერანი.
                                  9.
სურამის კლინიკა დავტოვე გუშინ,
მე-13 პალატაში წოლილა ტერენტი,
საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულში,
ტკივილმა ტკივილს გადაამეტა.
                                 10.
ასაკმა მომიტანა სახსრების ტკივილი.
სახსრებზე უფრო უსახსრობა მტკივა.
ტკივილების გამო არ მიყვარს კივილი,
ტკივილების გამო ვარ დაშლილი ტივი.
არავის ვჭირდები, არავინ მკითხულობს.
კორონა ვირუსიც არ მოდის ჩემთან,
ახლა ვზივარ და ბიბლიას ვკითხულობ,
მატარებელი გვირაბში გაჩერდა.
ბიბლიას კითხულობს მწყემსიც და ქვითხუროც,
ანტიქრისტე კითხულობს პორნოლიტერატურას,
ბიბლიასთან ერთად „დონ კიხოტს“ ვკითხულობ,
ასეთია ჩემი სახე და ნატურა.
ჩემმა გიორგიმ „წყნარი დონი“ წაიკითხა,
„ანა კარენინაზე“ მესაუბრა დიდხანს,
ერთხელ მოვიდა და გამომწვევად მკითხა_
მამიკო, რუსთვალეზე, რაც გინდა, მკითხე.
დრო-ჟამი ადვილად ვერ მოერევა,
ბიბლიისა და რუსთველის მკითხველს.
ცაში ღრუბლები ალმაცერად ირევა,
მინდვრის ყვავილებს შევყურებ დიდხანს.
             ეპილოგი
სული დამიამა ლაღიძის წყალმა,
შევიძინე უცნობი ავტორის წიგნი,
შუადღის ზღრუბლზე ამინდი გაწყრა,
წვიმამ გამიარა ლაბადის შიგნით.
მიეცით ხალხს ბევრი მზე და სინათლე,
ღამე და სიბნელე სამარეშიც კმარა,
რას იტყვის, რომ იყოს ვაჟას სანათა,
თანამედროვე თბილისის კართან?!
აქედან პირდაპირ პანთეონს ვეწვევი,
მე მისი მცველი კარს გამიღებს ძმურად,
რამდენ ვინმეს ვუყვარვარ, ღმერთის შეწევნით,
ისინიც მიყვარს, მე ვისაც ვძულვარ.
ეს სიყვარულია ქრისტესმიერი,
გამოკრთა სახე პავლე ინგოროყვასი,
იყავი, მკითხველო, ქრისტესავით ძლიერი,
მიმტევებელი და ყველას მოყვასი.
თითქმის ყოველდღე მირეკავს ზალიკო,
მე თვითონ დღეში ორჯერ ვურეკავ,
ორი ძმა და პოეტი კიდევ დიდხანს ვიყოთ,
ერთად ამოვხსნათ იქსი და იგრეკი.
ახლაც თავისუფლად დადის ქუჩაში,
ის ქალი, მე ვარ მისი იმედი,
ათასში ერთხელ ღმერთია შუაში,
უფალთან ორივენი ერთად მივედით.
ვიცი, ვუყვარვარ და სათუთად მალავს,
ტრადიცია არ აძლევს გამხელის უფლებას,
არ არსებობს სიყვარულის მომრევი ძალა,
მისი სიყვარულია ჩემი ფუფუნება.
წლები გარბიან, გარბიან, გარბიან,
სინათლის სიჩქარით გარბიან წლები,
ძალიან ცუდია, ძალიან კარგია,
ზაფხულის წვიმების წყებათა-წყება.
ერთად შევკრიბე რაც თქმულა და არ თქმულა,
უფალი ჩემთან საუბრობს ქართულად,
უფალმა მომანიჭა ოციდან ოცი ქულა
და მომავლინა მეთოთხმეტე მოქიცულად!
                     23 ივლისი, 2021წ.
  
  *ევლია_(არაბ.)წმინდანი
   *ქაფირი_(არაბ.)ურჯულო
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge