გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ქეთი ჯოლბორდი - ლექსები



***
ამ საუბრისთვის 
გული ამინდს თუ დაემსგავსა და 
უცელსიუსო სიმართლე გახდა გამოსავლელი, ვფიქრობ, 
ქარით მაინც როგორ  გავვრცელდეთ,
რადგან მისგან დავიწყებული ყველა ნაპირია 
გადარჩენის იერარქია 
და ადამიანი - უფრო სანდო თავშესაფარი.
როგორი სიტყვაა - გადაკარგვა, დასაწყისისთვის?
სარჩევიან ბგერათა ჩრდილებს რომშევეფაროთ,
(რადგან არცერთ ხეს არ შერჩენია შარშანდელი ფოთოლი)
მეტყველ დუმილს გვიპოვიან, უთანაბარმარცვლოს...
შეწყობილი დიალოგით,
სიცოცხლეში ყველა განცდის გავლა, 
თითქოს მსუბუქი გზაა,
როგორც მუხლზე ვნებით ხელის დაშვება და 
მასზე მეტი ლირიკა - ხმოვანი სიტყვის გახსნა, 
თან ისეთი სათუო,
რომ არ ვიცი, 
ფონეტიკა მეტი ამოვა, მუზა, 
თუ ადამიანზე საუბრის სურვილი...
მერე,როგორ გითხრა,
გული ამინდს რომ დაემსგავსოს
და მცენარესავით დამყოლი გავხდე,
სულ შენი სუნთქვის შესაბამისად?!


საკმარისია

ამინდზე დგომამ ცვალებადობა მოგიწყოს,
ან ორმა სიცისფრემ 
ერთმანეთი გამოიზოგოს სილამაზის რიტორიკისთვის,
რომ საზღვრები ჩაიყენო გულწრფელობაში.
რა არისტოკრატული სითამამე...
ახლა არ იღვრებოდა ვაშლის სურნელი ფლაკონებიდან,
უღრან განცდამდე?
სხეულის გაფიცხება ტროპიკულ ბაღზე ხელოვნურია,
რარიგ ყვავილად,
რარიგ ნაყოფით,
რარიგ სიმწიფედ...
და მეტისმეტი იდილია,
ამ მოზღაპრო სიმშვიდეში,
გადავეჩვიე...


***
ჩემი შვილი დღის სინათლის გამხელამდე მეუბნება,
როგორ გააგრძელა,
ისევ გუშინდელი სიზმარი და
რომ არა ქუთუთოების სიმსუბუქე, 
აუცილებლად დაასრულებდა
დიალოგს მამასთან.
სიტყვებამდე ვიცი,
როგორია იქ მისი სული,
სადაც სიყვარული მოიცავს ღია მკლავებს და 
ემოწმება ცრემლებს შორის წარმოთქმული ბოდვა, 
მხურვალე ლოცვასავით.
ზუსტად ვიცი,
რომ მეტი სიფხიზლისთვის,
უფროდაუფრო გაიმეტებს,
მზარდი თვალით დრო, დაუნდობელი... 
და ზრუნვას დაემსგავსება,
ვაშლის ხის ჩრდილში ნუგეში,
ფერადად მოჰორიზონტო...
ზუსტად ვხვდები,
მისი სახის სიბადრით,
მის სიზმარში როდის მოდის მამაშვილობა...
ზუსტად ვიცი, რომ ჩიტისგულა ძმასაც დაანაყრებს 
საკუთარი სიზმრებით,
როცა ღამე დამალავს შეცდომებს და 
სიტყვითაც ვერ ჩაერევი... მე,
უძვლო,
უხორცო,
უსულო... ვგულიანდები.  


* * * 
უცნაურია ნაწილების განსაზღვრება,
ჩვენ ყველა ერთ გვერდზე ვართ უმნიშვნელოდ შემცირებული.
სითხეს რომ ანდობ  ჭურჭელს,
ვერ იქნები მთლად ვერცხლისწყალი, 
ისე როგორ...
მისმა კედლებმა ცოტა მაინც არ დაგიტოვოს და 
ნათელი ხდება, ერთი მოურგებელი ადამიანით,
როგორ გაკლდება სულის ნაწილი.
ფიქრობ,როგორ ექცევა იმ ნარჩენს დრო, 
ან ცა თუ არსებობს და სინათლე შენარევებით,
ისე,რომ მიწა არ იყოს ერთადერთი გამოსავალი.
პასუხის ნაცვლად, 
გენიშნება იმ მეგობარზე, 
სიბნელის მასავით თუ გეშინია,
რომ გეკითხება გამუდმებით და 
გულწრფელობით მაშინვე კარგავ...
ამ დროს, შენ პირადი ზღვა გაქვს, 
მიდიხარ და თავს იხრჩობ პერიოდულად,
ახალი სიცოცხლისთვის,  
უმტკიცებ, წყალში სიცისფრე მუქ შიშს რომ ფარავს,
სინათლეს როგორ არ  უნდა ენდოს... 
დაარწმუნე,
პირველად მტრედისფერს აღმოსავლეთს რომ აშორებს მზე,
ფოთლებსაც მზისფერიდან ეწყებათ სიყვითლე, მომაკვდინებელი...
მერე, არსი მაინც მთელ ფორმაზე დგება და 
შეფერილობით, ერთიანობის რწმენას იტვირთავ,
დასანაწილებლად როცა მკაფიოდ, 
მიჰქრიან, მოჰქრიან ქარაშოტები.


სტიქიამდე 

თითქმის ყველა დაარწმუნე, 
საკუთარი სიჩუმის ზურგზე ამხედრებით, 
ნეკნებს შორის ლოცვა როგორ გიმძიმდება,
ძვალში რომ არა იშვიათი თეთრის ნაკლებობა,
სევდის შემოსვლისას, 
ფარივით სიტყვებს
ვინ გაგივლებდა რძეში?!  
ბუნებრივი სიტკბო და სიმბოლიკის მოქნილობა 
თუ გაგიმსუბუქებს უარს ამ ხორციელი მადის კულტში, 
ამიტომ იქვე ვედრების კომპოზიცია, - 
ხელები ცისკენ,
თვალები სულში...
ხმა - სიკვდილის არარსებული სიმაღლით - ჯავშანი ყელზე,
რაც მეტი სიტყვა - დიდი მანძილი, 
უპირობო გზის გაშვება 
ტკივილების ხელოვნური სიშორისთვის 
და ექოსავით ბგერა,
შინძლივსმოსული კაცის, 
რომელიც ღმერთთან ბედავს გასაუბრებას, 
გზადაგზა მწიფე ღიმილებით ნაშენებ ხიდზე...
ის კაცი, ბერკეტივით შენი ვერტიკალებიდან, 
ოღონდაც ცივი არ შეგნიშნოს, უხასიათოც... 
სიმძიმის ნაპერწკლებიდანვე მზად რომაა, 
ირიბი მზერის ცეცხლს შეუვარდეს.


° ° ° 
სიტყვებმა სიმართლე უნდა მაჩვენონ,
იქნებ ამიტომაც, 
თითოეულის მიღმა შენ ხარ, მოციქულივით...
სინამდვილეს ვინ ამიხსნის მანამდე,
შეხვეულმა ბუნდოვანებამ ჯერ აუცილებლად ბროლი უნდა გამოიაროს, 
მერე ამდენი მდნარი იმპრესია ვიზუალში, 
სულიერ დონემდე... 
და თუ მოძრაობა განწმენდასავით?!
ჩავდივარ და ყოველ ჩასვლაზე ახალი საკუთარი თავი ამომაქვს, 
მეტიც, - ვენდობი, როცა 
ნდობას ხარისხი კი არა, ფერები აქვს, სიმკვეთრეზე დაგეშილი.
რომელი ერთი მოძღვრება გინდა,
სიყვარულიდან? 
სიყვარულისთვის?...
მათ შორისაა ბუნებრივი დრო, 
როცა ვერ გითმენ და 
მერე, რამდენი მეტრ-წამი ქარის გავლით გარემოცული, 
ფიჭვებზე აუტანელი სიზმრები ქრიან...
მთავარია იქამდე არ გაჩერდნენ, 
ვიდრე არ მიხვდებიან, 
საოცრებები კი არა, 
შენ მომენატრე, ღმერთო! 


შეაყოვნე მაისი

ატმის ყვავილს თუ ნაყოფით ამთავრებს,
სუნთქვა უფრო წყლიანს ხდის სურვილით, სიტყვა რომ უფრო მეტი შეურიოს, 
ვიდრე ჰაერი.
სიტყვას როგორ არ დაიჭერ, 
ამსიშორიდან ამბობს: 
შემეხე და სითბოს იგრძნობ,
სიმწიფის ჟრუანტელსაც კი გავიყოფთ, 
ნახე, ჩემი მხრებიდან დილა ამოდის... 
ვიდრე სიტკბოს გამოგვიწვდიდეს,
ჩვენ თუ ერთად არაფერი არ გვატარებს, 
ველური წყაროსავით როგორ ვარდება
ჩემი მწუხარება შენში და 
მერე შენგან კაცად რომ გამოდის 
თითქმის შეყვარების სიხასხასემდე?!
თორემ, წარსულის რა ახალი რიგითობა, 
დრო ყველაზე გარდაუვალი, 
დღისა და ღამის მონაცვლეობას, 
მარტივ ნატეხებად ისე მაწვდის,
თითქოს სულ ნათელის იყოს ჟამი
და სულზე მინიშნებებიც, 
როგორც აუცილებელი სიცხადე,
მინდობს და მადროვებს.
აბა, ისე ვის უნახავს ქარი, 
პოლარული უმწეობით, 
აყვავებულ ხესთან იდგეს და დუმდეს.


***
გამითავისე როგორც შინაგანი ალქიმია, 
ტკივილიდან სილამაზე რომ გამოჰყავს 
შენთვის,
შენთან ერთად, 
შენამდე...
ჩემით რომ დაიწყებ, 
გახსნილი მზერიდან 
ზღვა გამომიჩნდება
ნაცნობი სიმშვიდით,
მაგრამ ისეთი ცალმხრივი, 
ნაპირებზე სტიქია მარტოდმარტო მოსიარულე...
ჭრელი ქვების ნუგეში 
რომც წავიღო ყოველ ზურგშექცევაზე,
არც კანი იქნება სამზეო და 
არც ქვიშა გაბედავს სიფხვიერეს, 
თავთუხისფერი.
ვიცი, მარტივი არ გგონია 
ამ სიმარტოვის მუჭში მოქცევა, 
მომიახლოვდები და 
ნისლის გამბედაობით
გაქრობის ნაცვლად,
მოცემულობა უხმოდ მომიცვამს, 
სახელოების არშიებიდან 
დამცვივა სიტყვები და იმ დღეების მეხსიერება, 
როცა მარტომ სიკვდილიც კი ვერ მოვახერხე,
როცა საკუთარ თავს არ ავერიდე, 
რადგან სხვაგან კი არა,
აქვე, გულის მონახაზებში 
გადავყროდი ღმერთს, 
რომ სიყვარულის აღტაცება
ახალი და უეცარი სიხარულივით 
როგორმე ისევ გამოეგონა.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge