გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

აკსელ ბაკუნცი - მორჩილი გოგო (თარგმანი - გელა გელაშვილი)

     
         ԱԿՍԵԼ ԲԱԿՈՒՆՑ «ԽՈՆԱՐՀ ԱՂՋԻԿԸ»
      აკსელ ბაკუნცი (1899-1937) - სომეხი კლასიკოსი მწერალი, რომელიც სატალინის რეჟიმის რეპრესიებს შეეწირა.

                     სომხურიდან თარგმნა - გელა გელაშვილმა 


გაზაფხულის დილა ნათელ და მზიან დღეს გვპირდებოდა. ჩვენი ფერდსავსე ცხენები ქვიან ბილიკზე სწრაფი ნაბიჯებით ადიოდნენ და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას,მოუსვენრად ფრუტუნებდნენ. მუქი ლურჯი კისრები ოფლისგან დასველებოდათ.
ბილიკი გველივით იხვეოდა.სოფელს რაც უფრო ვშორდებოდით, ტყე ხშირი და დაბურული ხდებოდა. მსხვილტანიანიხეების გადახლართული ტოტები ბილიკს ჩამოსთრევდნენ, რის გამოც უნაგირიდან ხშირად ვიხრებოდით, ცხენის კისერს ვეკვროდით, რომ ტოტებს სახე არ დაეკაწრათ ან ეკლებს არ დავეჩხვლიტეთ.
მდუმარედ მივდიოდით. მათრახის ბოლოთი ფოთლებს ვსხეპდი და ჩამოკონწიალებულ ტოტებს ვანჯღრევდი, რადგან ფოთლებზე შერჩენილი ღამეულინამი მე და ჩემ ცხენს წვიმასავით დაგვდიოდა.
ჩემი მეგობარი რომელიღაც მელოდიას მშვიდად უსტვენდა და ცხენის ნაბიჯებს შეწყობილი, უნაგირზე ირწეოდა.
  • ამ ბილიკით, თორმეტი წლის წინათ, ძორაგიუღში ვიყავი, - თქვა მან. გეგონებოდა, თავის თავს ესაუბრებოდა.
გავხედე. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, რაღაც შემთხვევას იხსენებდა, რომლის თვითმხილველნიც თითქოს ეს ბილიკი და ძველი ტყე ყოფილიყვნენ.
ვკითხე, თუ რა ქარმა გადააგდო იმ შორეულ ხეობაშიჩაკარგულ სოფელში?
⁃ სწორედ იმ დღეს, ციხიდან ახალი გამოსული ვიყავი. ჩვიდმეტი-თვრამეტი წლის ახალგაზრდას, იმდენი ენერგია და ისეთი შემართება მქონდა, რომ... ის ახალგაზრდობა ახლაცრომ შემრჩენოდა!
ბილიკი დამთავრდა, ტყის სიღრმეში უფრო ფართო და რბილ გზას შეერია, რომელიც ხეობიდან ამოდიოდა. ცხენები შეჩერდნენ, ღრმად ჩაისუნთქეს და სვლა განაგრძეს.
⁃ ზოგჯერ ადამიანის მეხსიერებაში რაღაც შემთხვევა ისე ჩაიჭედება, რომ ათწლეულების შემდეგაც კი ნათლად გახსოვს, თითქოს გუშინ მომხდარიყო. ადამიანს ავიწყდება სახელი, ადგილი, წელი, თუ,როდის ნახა, ავიწყდება დეტალები, მაგრამ სახე და თვალები სამუდამოდ ამახსოვრდება. სიკვდილამდე, საფლავამდე წარუშლელია ის პირველი შთაბეჭდილება.
არ მაცადა, მეკითხა იმ შემთხვევისა და წარუშლელი შთაბეჭდილების შესახებ, რომელიც იმ წუთებში, როგორც მზის ოქროს სხივი დაბურულ ტყეში, მეხსიერებაში სინათლედ უკრთოდა.
⁃ ცხადად მახსოვს დღეები, როდესაც ძორაგიუღში წასვლა გადავწყვიტე. საჭირო იყო, ქალაქს გავცლოდი და თანარსადგამოვჩენილიყავი. სიხარულით მივიღე მეგობრის შეთავაზება, რომ შორეულ სოფელში მასწავლებელი ვყოფილიყავი. ორი აზრი მამხნევებდა:ერთი ის, რომ იქ ჩემ თვალთვალს ვერავინ შეძლებდა და მეორეც, რომ სოფელში უნდა მემუშავა.
როდესაც სკოლების ინსპექტორმა ძორაგიუღი დამიხასიათა და მითხრა, რომ ადგილი მიუდგომელია, ჰაერი სუფთაა, გარშემო დაბურული ტყეებია და ნადირიც უხვადაა, მაშინვე დავთანხმდი. როგორც მახსოვს, იმავე დღესვე დავადექი გზას.
ზამთრის პირი იყო.თოვლი ახლად მოსულიყო. ამ ბილიკამდე უკვე დაღამებულზე ჩამოვაღწიეთ და ტყის მთავარ გზას დავშორდით. მთვარის შუქზე თოვლი ბრწყინავდა, თეთრ მარმარილოში ხეების ტანი შავად ირეკლებოდა. ძორაგიუღის მეჯინიბემ თითი ქვედა ხეობისკენ გაიშვირა:
⁃ აი,ის არის ჩვენი სოფელი!
თოვლის სითეთრეში, ზემოდან, სოფლის სახლები, ბალახისა და წივის ზვინები პატარა შავ წერტილებად მოჩანდა. ერთ-ერთი სახლის ფანჯრიდან ჭრაქის თეთრი შუქი გამოკრთოდა, გეგონებოდა, იმ სიბნელეში, ჩრდილებს შორის ერთ ციცქნა ვარსკვლავს გზა დაბნეოდა. ფერდობს ცოტა რომ ჩამოვცდით, ძაღლების მჭახე ყეფა გაისმა, რაც ტყეში ცულის დარტყმის ექოსავით ჟღერდა.
⁃ ეს ჩვენი ბოღარის ხმაა, - თქვა მეჯინიბემ და ცხენმაც თითქოს გაიგო, რომ სოფელი ახლოსაა, რომ ბოღარი ყეფს და ნაბიჯს უმატა.
მეჩვენებოდა, რომ რომელიღაც შორეულ ქვეყანაში მივდიოდი, რომელზეც გეოგრაფიის მასწავლებელი ზღაპარივითგვიამბობდა. პატარები შორეულ ქვეყნებზე ხშირად ოცნებობენ, სადაც წითელკანიანი ადამიანები და ნაირფერ ბუმბულებიანი ფრინველები არიან. როდესაც სახლს შორდებიან, ჰგონიათ, რომ უკვე ძალიან ახლოსაა საოცნებო სამყარო.
მეც ასე ვფიქრობდი, თუმცა უკვე ჭაბუკი ვიყავი. ალბათ, ტყე განმაწყობდა ასე ან კიდევ, ზამთრის ღამის სიდიადე, კლდეების უფორმო მოხაზულობა ან გაურკვეველი ხმები, ტყიდან და ხეობიდან რომ მოდიოდნენ. 
არ მახსოვს, იქნებ დაღლილობას დაენისლა ჩემი გონება. მხოლოდ ის ვიცი, რომ ძორაგიუღში ჩემი პირველი მისვლა, ცხოვრების საუკეთესო ღამეებიდან ერთ-ერთი იყო.
მეჯინიბემ თავის სახლში მიმიყვანა. როგორ ტკბილად ჩამთვლიმა იმ ღამეს თონესთან ტახტზე! თვალი რომ გავახილე და ერდოს ავხედე, ზამთრის ღამისგან ცოტაღა დარჩენილიყო. ისევ საბანში გავეხვიე და ფეხები თბილ ნაცარს მივუფიცხე. ძილისა და სიზმრის საზღვარზე ღამის საოცარი სამყარო დაირწა. 
დილით, როდესაც გავიღვიძე, შემრცხვა. სხვები დიდი ხნის ამდგრები იყვნენ და მელოდებოდნენ, რომ თონე დაენთოთ.
გარეთ გამოვედი. ეზოდან სოფელი და ჩვენი ღამეგამოვლილი გზა ჩანდა. საქათმესთან ბოღარმა დამიყეფა, მაგრამ მის ყეფას საშიშიექო აღარ ახლდა და აღარც ცისკენ აზიდული კლდეები იყო უფორმო. თოვლსა და სახურავებზე ზამთრის ნარინჯისფერი მზე ბრწყინავდა, ერდოებიდან ბოლი ამოდიოდა.
იმავე დღეს ერთ-ერთ სახლში დამაბინავეს, სადაც უნდა მეცხოვრა.  პატრონი - ბიძია ოჰანი, პატრიარქალური ზნის კაცი იყო. ჩვენს სოფლებში მისი მსგავსი ადამიანები უკვე აღარ არიან. ზამთარში ბუხართან მშრალ შეშას აწყობდა, თითო-თითოდ უკეთებდა და შაჰის პერიოდზე, გარდასულ დღეებზე,ტყესა და ნადირობაზე საოცარ ისტორიებს ჰყვებოდა, ხოლო, როდესაც არავინ უსმენდა, მარტოობისა თუ მოწყენილობისგან, ბუხართან ფსალმუნთა წიგნს კითხულობდა.
სახლში ოთხნი ვიყავით:მე, ბიძია ოჰანი, მისი დედაბერი და ათი წლის აშოტი, რომელიც ჩემი ერთგული მეგობარი იყო, როცა სკოლაში მიმავალს, ერდოებიდან, მიუჩვეველი ძაღლები გაცხარებით მიყეფდნენ და ჩემკენ იწევდნენ. 
სკოლა სოფლის ბოლოს, ბორცვზე მდებარეობდა.ძველი სასაფლაო მის ეზოდ გადაქცეულიყო. ერთი დიდიოთახი იყო, ორ მწკრივად ჩალაგებული ხის უბრალო მერხებითა და წინა კედელზე დაკიდებული დაფით. გაულესავ კედლებსსხვა რაიმე მორთულობა არ ამკობდათ. ფანჯრებზე შუშების ნაცვლად გაქონილი ქაღალდი აეკრათ.
სკოლის ერთადერთი საათი ჩემთან ინახებოდა. ერთ დღესაც, როდესაც ბორცვზე ავდიოდი, ფეხი დამისხლტა, ყინულზე დავეცი და ჯიბეში საათი დამემსხვრა. წლის ბოლომდე საათის გარეშე დავრჩით. მზიან დღეებში დროს ჩრდილითვსაზღვრავდით, ხოლო მოღრუბლულ ამინდში - როცა დავიღლებოდით.
ორი კვირის შემდეგ, ჩემს ორმოცამდე მოსწავლეს უკვე სახელებით მივმართავდი, ბევრის სახლი ვიცოდი და ზოგიერთების მშობლებსაც კი ვცნობდი. მკვირცხლი ბავშვები იყვნენ, მოელვარე თვალებით. ერთმანეთს ძალიან ჩქარა დავუახლოვდით.
მორიგის ზარზე სახლის კიბეს ჩავივლიდი, ბორცვის თავთან, სკოლის წინ შეკრებილიბავშვები მხვდებოდნენ და ჯგუფად შიგნით შევდიოდით.
გაკვეთილების შემდეგ, ძირითადად, სახლში ვიყავი. ბიძია ოჰანი გომურში მიდიოდა და საქონელს საკვებს უყრიდა. აშოტი საბძლიდან გოდრით ბზას ეზიდებოდა, ხოლო დედაბერი ცეცხლს ანთებდა ან ვახშმისთვის ბურღულს რეცხავდა.
შებინდებისთანვე, აშოტი და ბიძია ოჰანი სახლში შემოდიოდნენ, ქალამნებს იხდიდნენ და ცეცხლთან სხდებოდნენ. ბიძია ოჰანი ბუხარში ხმელ ფიჩხს აწყობდა, ცეცხლთან წვებოდა და მდუმარედ უყურებდა, თუ როგორ ინაცრებოდნენ შეშის ნაჭრები, თუ როგორ აჰქონდათ ცეცხლის ენებსნაპერწკლები ერდოში. ვიდრე დედაბერი ბურღულისგანსადილს ხარშავდა, ბიძია ოჰანი რაღაც ძველი ამბის მოყოლას იწყებდა და ზოგჯერ, იმისთვის, რომ დასასრული მოგვესმინა, მე და აშოტს მისი გამოფხიზლება გვიწევდა.
⁃ ჰო, სად გავჩერდი? - იღვიძებდა და ვიდრე შევახსენებდით, ჩიოდა:
⁃ დავბერდი, ძილი მალე მერევა, - და დაუსრულებელი ამბის მოყოლას აგრძელებდა.
***
ყურადღებით ვუსმენდი მეგობარს. ხეების ფოთლებს მათრახით აღარ ვსხეპდი, ტოტები კვლავ გზაზე ეკიდა, თუმცა მზე საკმაოდ ამოწვერილიყო და ფოთლებიდან ნამის წვეთები აეორთქლებინა.
⁃ ძორაგიუღში ერთი მონადირეა, კისერმოგრეხილ ანტონს ეძახიან. ახლაც ცოცხალია, მაგრამ საკმაოდ ბებერი. კარგად ვეღარ ხედავს და ამიტომაც სანადიროდ აღარ დადის.
მის შესახებ ბიძია ოჰანი ბევრს ყვებოდა. ერთხელ ანტონი ტყეში დათვს დასჭიდებია, ნადირს თოფი დაუმტვრევია და მორის ასაღებად დახრილა, რომ მონადირისთვის დაერტყა, ანტონს კი დათვი მოუკლავს. 
ბიძია ოჰანი იმასაც ყვებოდა, როგორ დაიჭირა ანტონმა მელა სოროში.
⁃ რომ ნახო, გაგიკვირდება. გამხდარია, ტანმოკლე, კისერმოგრეხილი. იფიქრებ, რომ შემოჰკრა, ძირს გაეკვრება, - ასე ახასიათებდა ბიძია ოჰანი მას.
ანტონთან ერთად სანადიროდ წასვლა განვიზრახე, თუმცა მანამდე იშვიათად მინადირია. ბერიკაცი დამპირდა, რომ მეზობელს კაჟიან თოფს სთხოვდა.
მომდევნო კვირას, დილაუთენია, როდესაც ერდოებიდან კვამლი ახლად ამოვიდა, მე და ანტონი ტყის გზას დავადექით. იმ დღეს ოთხჯერ ვისროლე. ტოტებიდან თოვლი ჩამოიყარა, მაგრამ ჩემს დენთს მელიისთვისბეწვი არ ამოუწვავს.
ანტონი მამხნევებდა, მეუბნებოდა, რომ პირველ ჯერზე ესეც საკმარისია, მაგრამ მოხუცის ნაყვავილარ სახეზე ეშმაკურ ღიმილს ვხედავდი. თვითონ ერთი ბებერი მელა და ორი ტყის ქათამი მოინადირა. მელამ საკმაოდ გაგვაწვალა.
ანტონმა ესროლა.კვამლში დავინახე, თუ როგორ დაგორდა ცხოველი. დავედევნეთ. მელამ კბილები დააღრჭიალა და კუდამოძუებულმა მოკურცხლა. თოვლზე ნაკვალევი და სისხლის წვეთები დარჩა. რამდენჯერმე ძალამიხდილი დაცემულა, სისხლი უფრო ძლიერ სდიოდა და თოვლზე ბეწვიცდასცვენია.
დაჭრილის ძებნაში ანტონმა კიდევ ერთი ტყის ქათამი მოკლა. იმ მხარეს გავიქეცით და ბებერ მელას ორმოში წავაწყდით, რომელიც მოკუნტულიყო და ცხვირი ჭრილობასთან მიეტანა. ეტყობოდა, რომ  სისხლი გაელოკა. ანტონმა მელა მხარზე გადაიკიდა, მე ქათმებს მოვკიდე ხელი და შემოვტრიალდით.
რვა-ათი წლის ბიჭი თოვლში გაშლილ თოკზე ფიჩხს ალაგებდა. ცოტა მოშორებით, გოგო დამდგარიყო, რომელსაც ხელში თოკის სისქე თხელი ტოტი ეჭირა. მათ უფრო ადრე დავუნახივართ. იდგნენ და გვიყურებდნენ.
აი, სწორედ ეს სახე იყო, მეხსიერებაში რომ ჩამეჭედა, თუმცა იმ დღიდან თორმეტი წელი გავიდა და ისიც, რა წლები!
მეგობარი გაჩუმდა. მის სახეზე იგივე ნეტარების ღიმილი დავინახე, როგორიც პირველად, როდესაც ბილიკზე ამოვდიოდით.
გეგონებოდა, რომ თვალწინ, თოვლიან ტყეში გოგონა ედგა, ხელში ხმელი ტოტით.
⁃ დავინახე და გავჩერდი, - მძიმედ განაგრძო მან, - და თუმცა, ანტონმა კი მითხრა,ვისი გოგო იყო, ისიც მითხრა, რომ ტყეში ფიჩხისთვის იყვნენ მოსულები, მაგრამ მისი აღარ მესმოდა. 
მახსოვს, როდესაც ტყის ღია ველობი გავიარეთ და სოფლის კალოებისკენ დავეშვით, ერთხელაც გავიხედე უკან. მან თავი დახარა და ტოტი დაამსხვრია.
მოგვიანებით, სახლის აივნიდან, ზურგზე ფიჩხმოკიდებული ის გოგო დავინახე. ჩვენი სახლის გასწვრივ, კალოებით ეშვებოდა. ნაცრისფერი სამოსი ეცვა, სახლში მოქსოვილი შალის თავსაფრით. აივნიდან გავცქეროდი.ბიძია ოჰანი ტყის ქათმებზე მეკითხებოდა,აშოტი მათ ბუმბულს აცლიდა,მე ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვპასუხობდი და თვალი გოგოსკენ მეჭირა, მინდოდა მენახა, რომელ სახლში შევიდოდა.
მეორე დღეს, რაოდენ უსაზღვრო იყო ჩემი სიხარული,როდესაც გავიგე, რომ მისი პატარა და ჩემთან, სკოლაში სწავლობდა.
სწორედ იმ დღიდან, წითელთავშლიანი გოგონა, რომელიც იქამდე ერთ-ერთი იყო ჩემი ორმოცი მოსწავლიდან, ყველასგან გამოირჩა და იმ წერტილად იქცა, რომლის გარშემოც მთელი ჩემი შინაგანი სამყარო ბრუნავდა.
სახელის გაგება მინდოდა.ამისთვის ერთგვარი გაკვეთილი გამოვიგონე -როცამოსწავლეები თავიანთი ოჯახის წევრების შესახებ ჰყვებიან. ვინაიდან მათ ოჯახში ორი და იყო, ძნელი არ იყო გაგება, რომ ტყეში ნანახ გოგოს ხონარი (მორჩილი) ერქვა. სხვა მოსწავლეებმაც ასწიეს ხელი,თავიანთ ოჯახზეუნდოდათ მოეთხროთ და გაუკვირდათ, როცადაფაზე მიმატების ახალი სავარჯიშო დავწერე.
ხონარი, ხონარი!.. ვუყურებდი დაფაზე რიცხვებს და შალის თავსაფრიანი გოგოსსახესვხედავდი, რომელიც თოვლში იდგა და იმ სითეთრეში გველივით შავი თოკი გაეშალა.
ეს სახე ზოგჯერ უფსკრულში იძირებოდა, ჩვეულებრივი ხდებოდა, მახსენდებოდა, რომ ტყეში ერთი ბებერი მელა და ორი ტყის ქათამი მოვკალით. ზოგჯერ კი - მიახლოვდებოდა, თვალწინ მიდგებოდა და გონებას ვძაბავდი რომ გამეხსენებინა, მართლა გამიღიმა გოგომ, როდესაც უკან გავიხედე, თუ მომეჩვენა? 
ანტონთან ერთად კიდევ ერთხელ წავედი სანადიროდ. როდესაც ტყის ველობს მივაღწიეთ, იმ მორთან მივედი, რომლის სიახლოვეს,ერთ დროს, გოგონა იდგა. მონადირემ უკნიდან მომაძახა, რომ გზა მარჯვნივ უხვევდა. ხონარის ნაფეხურები თოვლს დაეფარა. არაფერი ჩანდა. ხის ქვეშ ხმელი შტო ეგდო. დავიხარე და ავიღე.
უკან სოფლის მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით დავბრუნდით, რომ მათი სახლის წინ გაგვევლო. იმ უბნის ძაღლები ყეფით გამომიდგნენ. ნახევრად ღია კარიდან ეზოში ხონარი დავინახე.კალთაში ბალახის ძნით. მანაც დამინახა, იმწამსვე სახე შეაბრუნა და სახლში შევიდა. შევნიშნე როგორ გაწითლდა.
იმ დღეს ისეთი გახარებული ვიყავი, რომ ბიძია ოჰანმაც შენიშნა და სიცილით მითხრა, რომ კისერმოგრეხილ ანტონთან ერთად, ალბათ, ტყეში რაღაც ოინი მოვაწყვეთ. ვახშმის შემდეგ, როდესაც ბიძია ოჰანს ბუხართან ჩათვლიმა, ფსალმუნთა წიგნი სწრაფად გადავფურცლე და შალის სანიშნი ძაფი სხვა გვერდზე ჩავდე, რომ დილით გაკვირვებოდა, ეჭვით შეეხედა ხან ჩემთვის, ხანაც აშოტისთვის.
ზამთრის განმავლობაში ხონარი ორჯერ ვნახე. ერთი თვე ავად იყო და ყველიერის დღესასწაულების წინ გამოჯანმრთელდა. მის ამბავს ხშირად ვეკითხებოდი პატარა დას,ყველა ჯერზე სხვადასხვა საბაბით, შორიდან ვუვლიდი, ბევრჯერ,ვითომ შემთხვევით, სხვის ნათქვამს ვიშველიებდი.
ყოველთვის საბაბის მოძებნა რთული იყო. მახსოვს, ერთხელ, როდესაც სამი დღე მის შესახებ არაფერი მსმენოდა, ვყოყმანობდი, მეკითხა თუ არა. ვაითუ,გოგონას სახლში მოეყოლა... მეოთხე დღეს სკოლაში ჩვეულებრივზე ადრე მივედი. ბავშვი ჯერ არ მოსულიყო. შესასვლელ კართან ვიდექი. მოსწავლეები ღუმელთან თბებოდნენ. თვალი ბორცვისკენ მეჭირა. უცებ პატარა გოგო გამოჩნდა, დამინახა, იფიქრა, რომ დაგვიანებისთვის გავკიცხავდი, ნაბიჯს აუჩქარა და როდესაც ჩემამდე მოაღწია, სუნთქვაშეკრულმა მითხრა: 
- ხონარი უკვე ადგა...
შემდეგ გავიგე, რომ კიდევ ოთხი დღე წოლილა. გოგონას მოუტყუებია.
ყველიერის ერთ დღეს, ჩვენი სახლის მოპირდაპირე ბანზე, ხონარი დავინახე. გოგონები თამაშობდნენ, ერთმანეთს თოვლის გუნდებს ესროდნენ და მღეროდნენ. უმეტესობას ხელში ვაშლი ეჭირა.ახალი კაბები ეცვათ - წითელი, ლურჯი, მწვანე. ხონარს გრძელზოლებიანი წითელი ჩითი ჩაეცვა. ხელები წინსაფრის ქვეშ ჩაეწყო,ბანის კიდესთან დამდგარიყო და უმცროსი ასაკის გოგონებს უყურებდა, რომლებიც მხიარული სიცილით დარბოდნენ.
აივნიდან ფერმკრთალი და ცოტა გამხდარი მეჩვენა. ახალ კაბაში უფრო ტანმაღალი და წელწვრილი ჩანდა. ლურჯი წინსაფრის თასმები წელთანგაენასკვა. ჩემსმხარეს შემთხვევით გამოიხედა, დამინახა, ბანს სწრაფად მოსცილდა და გოგონებს შეერია.
ისევ დავინახე ხონარის თეთრი სახე და პატარა თვალები. მომეჩვენა, რომ ეს წითელკაბიანი გოგო ტანმაღალი ბავშვი იყო, იგივე შალის თავსაფრით. სახლში შევედი, რომ მისთვის ხელი არ შემეშალა, რადგან დანარჩენმა გოგონებმა ჩურჩული დაიწყეს.მცირეწლოვნებიდან რამდენიმემ, რომლებიც სკოლაში სწავლობდნენ, წინსაფრით სახე დაიფარეს და დამემალნენ.
***
ტყე უკვე დამთავრებულიყო და მთის დიდებული მდელო დაწყებულიყო. აქა-იქ შემორჩენილი ბუჩქები მოწმობდნენ, რომ ერთ დროს, ამ შავ მიწაზე მუხა იზრდებოდა.
სიმწვანეში ღელე მოედინებოდა, რომელიც სათავეებსტყის დაბურული ხეობების წყაროებიდან იღებდა. მის ზედაპირზე, მწვანე ბალახთან ერთად ხმელი ფოთლები დაცურავდნენ.
ცხენები დაიღალნენ. მთის სიმწვანე მიმზიდველი იყო ჩვენთვისაც და დაქანცული პირუტყვისთვისაც.
⁃ შევჩერდეთ, ცხენებმა დაისვენონ, - თქვა მეგობარმა. 
ცხენებმა ლითონის ლაგამი ენით გასწიეს და ბალახი ხარბად მოწიწკნეს. ჩვენ ღელის ნაპირთან ბალახზე წამოვწექით.
⁃ ბიძია ოჰანს წიგნები ბევრი ჰქონდა -ძველი წიგნები. ერთ კვირა დღეს, აივანზე მჯდარი, მისი ძველი წიგნებიდან ერთ-ერთს ვკითხულობდი, მგონი მეფე იუსტინიანეს შესახებ. თოვლი ჯერ არ დამდნარიყო, მაგრამ მზის სიმხურვალიდან უკვე იგრძნობოდა, რომ გაზაფხული შორს არ იყო. ასეთ დღეებში კატაც კი თონის თბილ ქვას სცილდებოდა და თვალებდახუჭული მზის გულზე წვებოდა.
კიბეზე ვიღაც ამოდიოდა. თავი მაღლა ავწიე. ხელში წიგნი ამიკანკალდა. ხონარი იყო. თითებით წინსაფრის კიდეს ათამაშებდა. ჩემთან ასე ახლოს არასდროს მდგარა. ამიტომ იყო, რომ ასოები გამრუდდადა წიგნი ხელში აკანკალდა.
⁃ მამა გთხოვს, რომ სადილზე ჩვენთან მოხვიდე.
თვითონაც არ ვიცი,რატომ, წიგნი მოვიმიზეზე და ვუთხარი, რომ არ შემეძლო მისვლა. ხონარმა ხელის სწრაფი მოძრაობით წიგნი დამიხურა და ვიდრე გონზე მოვიდოდი, უკვე ეზოდან გამიმეორა მამის თხოვნა.
არ წავედი. წიგნიც აღარ გადამიშლია. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა.
რვეულების გასწორება ვცადე, ვერ შევძელი. ბიძია ოჰანი მოვიდა და იმ დღეს მასთან ერთად გომურში წავედი, ძროხებისთვის ბალახი და ბზერომ დაგვეყარა.
არ ვიცი, ძორაგიუღში გაზაფხული ყოველთვის ისეთივე ლამაზია თუ არა, როგორიც იმ წელს იყო. ქვებიც კი გაზაფხულის სურნელით სუნთქავდნენ. სოფელში, დღე და ღამე, ტყის ათასობით ცაცხვის სუნი იდგა. გაკვეთილების შემდეგ ტყეში მივდიოდი, ცაცხვების ქვეშ ვწვებოდი და თავბრუ მეხვეოდა.
ხევებში, სადაც ახლაც ხილის ბაღებია გაშენებული, გაზაფხულზე ვაშლის ხეებსყლორტები დაბერვოდათ. ერთი კვირა თბილიამინდი სჭირდებოდა, რომ ვაშლის წითელი ყვავილები გაშლილიყვნენ და ხევები სურნელში გაეხვიათ. თეთრად აყვავებული ტოტები შორიდან დათოვლილივით ჩანდა. გაზაფხულს ხეებზე ფერადი და სურნელოვანი ფიფქებითდაეთოვა.
სოფლის ქუჩებიდან მზე ჭუჭყიან წყალს აორთქლებდა.ძროხებს წყალში გავლისას მზის სხივი თვალს სჭრიდათ.მოზვრები ბღაოდნენ, გარემოს ყნოსავდნენ, აღმა-დაღმა დარბოდნენ,ფეხით ნესტიან მიწას თხრიდნენ და გომურის დაბალ კარში უკმაყოფილოდშედიოდნენ.
გაზაფხულის დღეები მახსენებდნენ, რომ მალე მაისი დადგებოდა, სკოლას დავითხოვდი და იმავე გზით, უკან დავბრუნდებოდი.ვერასდროს, ვერასდროს ვეღარ ვნახავდი ძორაგიუღს!
მათ სახლში რომ არ წავედი, ვნანობდი. ერთ დღესაც, ქუჩაში, დედამისმა მისაყვედურა, რომ მიწვევა არ მივიღე. 
მინდოდა, ხონარს ერთხელ კიდევ დაეძახა, თუნდაც უმნიშვნელო მინიშნება მაინც გაეკეთებინა.
იმ დროს, სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავად,სკოლაში ზეიმის გამართვა წესად იყო. მეც ვემზადებოდი. მოსწავლეები სიმღერებსა და ლექსებს სწავლობდნენ. უფროსი ასაკის ბავშვებმა სახლებიდან ფიცრები, ხალიჩა და ფარდაგიმოიტანეს.სცენა მოაწყვეს. მოსწავლეებს დავავალე, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დაეპატიჟათ. თვალი  გამუდმებით ხონარის პატარა დისკენ მეჭირა.
კვირაც დადგა. ალბათ ამ დღეს, არც ერთ წელიწადს, სოფლის სკოლაში ამდენი ხალხი არასდროს შეკრებილა. 
გაზაფხულს ღია ფანჯრებიდან ხეების კეთილსურნელება შემოჰქონდა. სკოლის სახურავზე,ბუდიდან ბუდეზე შოშიები ჟღურტულით დაფრინავდნენ, შავი ბუმბული უბრწყინავდათ, თითქოს ისინიც მორთულიყვნენ. 
ხალხის სიმრავლეში  მხოლოდ მის სახეს ვხედავდი,ამჯერად, თავსაფრის გარეშე,გულმოდგინედ დავარცხნილი და შუაზე გაყოფილი თმით. როგორი თხელი და ნაზი ტუჩები ჰქონდა!
შესვენების შემდეგ, ზეიმის მეორე ნაწილი ლექსით იწყებოდა, რომელსაც მისი პატარა და კითხულობდა. ფარდა შეირხა, სცენის უკან ხონარი გამოჩნდა, დას თმები სავარცხლით შეულამაზა.
ბავშვური გამკივანი ხმით, გაბედული პატარა სცენაზე რაღაცას წარმოთქვამდა. ხალხი განაბული უსმენდა. მე არ მესმოდა. გვერდით ხონარი მედგა. მის თვალებში სიხარულის ღიმილი იდგა. შავი თვალები შოშიის ბუმბულივით უბრწყინავდა. ხელი ჩავჭიდე. 
- ხონარ... - ხმა ამიკანკალდა. - გამიშვი! - მითხრა და ხელი დას გაუწოდა, რომელსაც გამოსვლა დაემთავრებინა და უჩვეულო სიამოვნებისგან გაწითლებულიყო. დარბაზი ტაშს უკრავდა. ზოგიერთი კმაყოფილებას უცნაური შეძახილებითა და ხელჯოხის ქნევით გამოხატავდა.
მალე ზეიმი დასრულდა. მომეჩვენა, რომ უღიმღამოდ ჩაიარა და გაზაფხულის დღეც აიმღვრა. ყურში ხონარის ხმა მესმოდა - გამიშვი! 
ხელს დავყურებდი და მინდოდა შემემოწმებინა - ნამდვილად ჩავჭიდე თუ არა მას ხელი? ან მისი თითები რატომ იყო ესოდენ თბილი?
ამის შემდეგ ხონარი რამდენჯერმე ვნახე. მათი ბაღის გზა შემთხვევით გავიგე. გაკვეთილების მერე ხეობაში მივდიოდი, ბიძია ოჰანის ბაღშილურჯ ქვაზე ვწვებოდი, რომლის ზემოთ, წნული ღობის უკან, ბაღიდან მომავალს,მას უნდა ჩამოევლო. არ შემეძლო რამე მეთქვა. წინ,ზურგზე ფიჩხმოკიდებული მამა მიდიოდა, უკან  გოგო - ხელში წყლის ჭურჭლითა და ბოხჩაში გამოხვეული პურით.
ქვაზე წამოწოლილი წიგნს ვიღებდი, მაგრამ არ ვშლიდი, რადგან ყოველი ფეხის ხმის გაგონებაზე, ღობის უკან, მის გზას გავყურებდი. მხოლოდ ერთხელ შემომხედა და გამიღიმა. მომეჩვენა, რომ პურის ბოხჩა განზრახ დააგდო ძირს, რომ დახრილიყო და ცოტა მეტ ხანს დაყოვნებულიყო. ან იქნებ ასეც არ იყო და ბოღჩა ნამდვილად ჩამოუცურდა. იგივე თვალები ჰქონდა, როგორიც ყველიერის დღეს ბანზე მდგარს, იგივე ბავშვური გამომეტყველება, თუმცა უკვე თხუთმეტი წლის იყო და ღილებგაკოჭილი კაბის ქვეშიდან მოწიფული მკერდი უჩანდა.
მეგობარი გაჩუმდა. ხელით შუბლი და თვალები მოისრისა.თითქოს იმ სახის მოცილებას ცდილობდა, რომელიც წარსულიდან ესოდენ ცხადად უღიმოდა. 
გაზაფხულის მოწმენდილ ცაზე თეთრი ღრუბელი მისრიალებდა და თითქოს მთელ ქვეყნიერებას სიამაყით უჩვენებდა, რომ მიუწვდომელ სიმაღლეზე მზის სხივებში ბანაობს.
⁃ ბოლო დღეც დადგა. სკოლა დავითხოვე. მოსწავლეებს ძველი რვეულები დავურიგე და უკან დაბრუნების სამზადისს შევუდექი. 
ბიძია ოჰანი დილაობით ფსალმუნს აღარ კითხულობდა. დილაუთენია ბაღში მიდიოდა ან ხვნა-თესვის საზრუნავით იყო დაკავებული.
დამშვიდობება ძნელი აღმოჩნდა. სახლში შემეჩვიენ და მათთვის ახლობელი ვიყავი. ეზოში მეჯინიბე ჩემ ნივთებს ტვირთავდა, მოხუცი ბებია ჩანთაში ქადასადა საგზალს მიწყობდა.
ხონარი რამდენიმე დღე არ მენახა.მეჩვენებოდა, რომ ვეღარასდროს შევხვდებოდი. ბოლოჯერ ნახვის სურვილმა მაიძულა, სოფლის ქუჩები ჩქარ-ჩქარა დამევლო, მის სახლთან წამით შევჩერებულიყავი და ღია კარიდან ეზოში შემეხედა.
ხონარი ეზოში ვერ ვნახე. ქუჩაშიც არავინ იყო. ყველანი სამუშაოდ წასულიყვნენ. ყანებში მარგვლა დაწყებულიყო და გაღმა-გამოღმა ფერდობებზე ჰოროველის ხმა ისმოდა. ერთ მხარეს საშემოდგომო ხორბლის მუქი მწვანე ყანები ჩანდა, მეორე მხარეს კი - საგაზაფხულო შავი ნახნავები.
ბიძია ოჰანმა რამდენიმე დარიგება წამიკითხა. დაიხარა და შუბლზე მაკოცა. მის კეთილ თვალებში ცრემლი შევნიშნე. დედაკაცი მეჯინიბეს აფრთხილებდა, რომ ყურადღებით ყოფილიყო, ჩანთა არ ჩამომვარდნოდა. თვალზე მომდგარ ცრემლებს წინსაფრით იწმენდდა.
პატარა ხევი, წყარო და ტირიფის სქელი ღარი გავიარეთ, საიდანაც ზამთარში ძროხები წყალს სვამდნენ. აი, ბიძია ოჰანის ბაღის კარიც. ხევი სწრაფად ავიარე, კარი შევაღე, ბაღში შევედი, ლურჯ ქვასთან მივედი, წნული ღობის უკან არავინ იყო. სიჩუმე სუფევდა, ყვავილცვენა დაწყებულიყო და ხეებზე ყლორტების ნაცვლად ციცქნა მწვანე ნაყოფი გამოზრდილიყო.
სკოლასთან ბავშვები შეგროვილიყვნენ. დამინახეს თუ არა, ბორცვიდან დაეშვნენ. მიამიტური გულწრფელობით კეთილი მგზავრობა მისურვეს. რამდენიმეს ყვავილები მოეტანა. როგორც კი ერთმა ყვავილი გამომიწოდა, დანარჩენებმაც მიბაძეს.
გოგონებიდან ზოგიერთი ატირდა კიდეც. ისინი თან მიღიმოდნენ და თან ცრემლებს იწმენდდნენ, რომელიც წყაროსავით ჩამოსდიოდათ. ხონარის დაც ტიროდა. 
ერთმა კი - ,,მასწავლებელო, არ დაგვივიწყო!". კარგად მახსოვს ჭუტიკის (მეტსახელად - ,,წიწილას") სახე, რომელიც სკოლაში ყოველთვის მამის დიდი ფაფახითა და დიდი, გაცვეთილი ქალამნებით დადიოდა. ობოლი იყო. ჩუმი, გულჩათხრობილი ბავშვი, ყველას უყვარდა. 
შეკრებილთ შორის ჭუტიკიც იყო. სხვების მსგავსად ისიც ხელის ჩამოსართმევად მომიახლოვდა, ქალამნის წვერები ერთმანეთს გამოედო და კინაღამ დაეცა. მუხლებზე მომეხვია. დიდი ფაფახის ქვემოდან ჭკვიანი თვალები დავინახე. იმდენი სევდა იყო მის თვალებში...
მეჯინიბის  ძახილმა შემახსენა, რომ გამომშვიდობების დრო დამდგარიყო. პატარებმა ხელი კიდევ ერთხელ ჩამომართვეს. დავიხარე და ჭუტიკს შუბლზე ვაკოცე, ისევე, როგორც ბიძია ოჰანმა - მე. 
ცრემლი მომადგა. აცრელებულმა კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ბაღის კარს, სკოლის შეღებილ თუნუქს. შემდეგ, ყველაფერი ხეებმა დაფარეს.
მეჯინიბე წინ მიმიძღოდა. დაღმართის დაწყებამდე გზა პატარა პლატოზე გადიოდა. მწვანე ყანები იმარგლებოდა. ცოტათი ზემოთ, მთის ფერდზე, ხარები მძიმედ ექაჩებოდნენ გუთანს და დასვენებულ მიწას ხნულებშიაბრუნებდნენ. ყანების სიმწვანეში წითელ-ყვითელი ყვავილები ჩანდა. ყაყაჩო იშლებოდა.
თეთრ ქვასთან, ხეობის უბეში გრძივად დაშვებულ ყანებში მმარგვლელ ქალებს შორის ხონარი შევნიშნე. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. მის თვალებში ღიმილი ვერ ვნახე. რას ამბობდა? ემძიმებოდა ძორაგიუღიდან ჩემი წასვლა? მაგრამ მას, მორჩილ გოგოს, ჩემთვის ხომ არასდროს არაფერი უთქვამს?! იგივე რუხი სამოსი ეცვა, როგორიც პირველად, ტყეში. ყანაში იდგა, ხელში სამარგლი თოხით, წითელი ყაყაჩოთი და სარეველას შეკვრით.
არაფერი ვუთხარი, გავშორდი. ბილიკზე ასვლისას,გამუდმებით უკან ვიყურებოდი. ყანაში დახრილი ქალები სიმწვანეში ჩაცვენილ ფრინველებს ჰგავდნენ და ამ გუნდიდან ერთი, რუხსამოსიანი გოგო, წელში სხვებზე უფრო ხშირად იმართებოდა, ხელით შუბლს იჩრდილავდა, რომ მზის სხივებს ტყეშიჩაკარგულ ბილიკზემიმავალი მარტოხელა მგზავრის დანახვაში ხელი არ შეეშალათ. 
ხეობის თავთან შევჩერდი,შევბრუნდი და როდესაც ხონარმა კიდევ ერთხელ გამოიხედა, ხელი დავუქნიე. უმალყანაში ჩაიმალა. ნაბიჯს ავუჩქარე, რომ მეჯინიბეს დავწეოდი.
როდესაც მეგობარი გაჩუმდა, მომეჩვენა, რომ ღელეც იგივე ჰანგზე ჰყვებოდა, იგივე ფორმით საუბრობდა, როგორც ის, რომელიც ზურგზე წამოწოლილი,დახუჭული თვალებით ცისკენ, ბიძია ოჰანის ძველი წიგნებიდან ერთ ნაცნობ ისტორიას ზეპირად ამბობდა.
ავდექი, უნაგირს თასმები მოვუშვი. მწვანე ბალახით დანაყრებული ცხენები წამოწოლილიყვნენ და გაზაფხულის მზეს ჩვენსავით მიფიცხებოდნენ.
⁃ მერე თორმეტი წელი... და ისიც,რა წლები! ომი, შიმშილი, ქალაქები, ქვეყნები,სხვადასხვა ტომის ათასობით ადამიანი, მეხსიერებაში დალექილი ზოგი ტკბილი და ზოგიც მწარე მოგონება... და მათ შორის ხონარის სახე, წნული ღობის ეკლების ღრიჭოებიდან დანახული ორი პატარა თვალი, როგორც შავი ზეთისხილი და მისი თხელი წითელი ტუჩები!
უცებ მეგობარი  მომიბრუნდა, წინ გადმოიხარა, თვალები გაუდიდდა. 
- იცი, ხონარი ვნახე. 
- როდის? 
- გუშინ. ზედა სოფელში. შენ გეძინა. სკოლის ეზოში სოფლელები 
შეკრებილიყვნენ. მიწის შესახებ საუბრობდნენ. ჩიოდნენ, რომ მიწა უწინდელ მოსავალს აღარ იძლევა. ამ წლის ჟამიანობაზე ყვებოდნენ. ბევრი საქონელი დაეხოცათ, ზოგიერთს საუღლე ხარიც აღარ დარჩა. შემდეგ ერთი ქალი მომიახლოვდა, დაკონკილი, ფეხშიშველი, ფეხებზე კანი დახეთქოდა. კალთებზე სამი ნახევრადშიშველი ბავშვი ჩასჭიდებოდა. ისინი ხან მე მიყურებდნენ, ხან დედას.
ქალი ცრემლიანი თვალებით ოთხ ფუთ ხორბალს მთხოვდა, კალოობამდე.
⁃ მერე რაღაც იქნება, - თქვა მან. 
მეუღლე შარშან გარდაეცვალა. ერთადერთი ძროხა ჭირმა მოუკლა. ოჯახში სხვა მარჩენალი აღარ დარჩა.
მე ვიცანი ხონარი... თვალები ისევ უწინდელი ჰქონდა, მაგრამ ბრწყინვალება დაეკარგათ. 
მე ვიცანი ხონარი... მაგრამ არ ვიცი,მან მიცნო,თუ არა?
... უსიტყვოდ შევსხედით ცხენებზე და ღელე გადავიარეთ. მზე უკვე დაისისკენ გადახრილიყო.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge