გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ცოტნე ღუღუნიშვილი - ადამიანის ყოფის არსი და აბსურდის თემა ალბერ კამიუს “უცხოს“ მიხედვით


სტუდენტი: ცოტნე ღუღუნიშვილი
უნივერსიტეტი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
მიმართულება: ინგლისური ფილოლოგია             
ადამიანის ყოფის არსი და აბსურდის თემა ალბერ კამიუს უცხოს“ მიხედვით
   ალბერ კამიუ გამოჩენილი ფრანგი მწერალია. როგორც რომანისტი და დრამატურგი, მორალისტი და პოლიტიკური თეორეტიკოსი, ალბერ კამიუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა საკუთარი თაობის წარმომადგენელი და მომდევნო თაობის მენტორი არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროპასა და მთელ მსოფლიოში. მისი ნაშრომები, რომლებიც ძირითადად ეხებოდა ადამიანის იზოლირებას უცხო სამყაროში, პიროვნების გაუცხოებას საკუთარი თავისაგან, ბოროტების პრობლემას და სიკვდილის მტკივნეულ დასასრულს, ზუსტად ასახავდა ომისშემდგომი ინტელექტუალის გაუცხოებას და იმედგაცრუებას. იგი მიჩნეულია როგორც ეგზისტენციალური რომანის წამყვანი პრაქტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ მას ესმოდა ნიჰილიზმის არსებობისა მის თანამედროვეთა შორის, კამიუ მაინც საუბრობდა დაცვაზე ისეთი ღირებულებებისა, როგორებიცაა: სიმართლე, ზომიერება და სამართლიანობა. მიუხედავად იმისა, რომ კამიუ არ იყენებდა ტერმინს ეგზისტენციალიზმი, მისი როგორც ესეები, ასევე მხატვრული ნაწარმოებები მეოცე საუკუნის ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ერთ-ერთ უმაღლეს გამოვლინებად არის მიჩნეული. თავის ბოლო ნამუშევრებში კამიუმ ჩამოაყალიბა ლიბერალური ჰუმანიზმის მონახაზი, რომელმაც უარყო ქრისტიანობისა და მარქსიზმის დოგმატური ასპექტები.
XX სუკუნის 1940-იანი და 1950-იანი წლების დასაწყისის არაერთი მწერლის შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ფილოსოფიურ მიმდინარეობა ეგზისტენციალიზმთან. ამ მიმდინარეობის მთავარი მიზანი არის იმის გარკვევა, თუ რას წარმოადგენს ადამიანის ეგზისტენცია, იმის დადგენა, თუ როგორ, რა გზით უნდა შეიმეცნოს ადამიანმა თავისი არსი და როგორ მიაღწიოს ჭეშმარიტ თავისუფლებას. 
ალბერ კამიუს „უცხო“ (L'Étranger) მისი ერთ-ერთი გამორჩეულად ცნობილი და ფსიქოლოგიური ნაწარმოებია. იგი ეგზისტენციალიზმის კამიუსეული გაგების პირველ მანიფესტად ითვლება. ნაწარმოების პროტაგონისტია ფრანგი ახალგაზრდა მერსო, სინამდვილსადმი ემოციურად ზურგშექცეული, აპათიური ადამიანი. ნოველის დასაწყისშივე ყურადღება გამახვილებულია ერთ-ერთ იმ თემაზე, რომელიც პროტაგონისტის კომპლექსური ხასიათის ერთგვარი კომპონენტია. დასაწყისის პირველივე წინადადება შემდეგნაირია: „დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ- გუშინ, რა ვიცი.“ სწორედ ეს არის მონაკვეთი, რომელიც გვიქმნის მოლოდინებს მთავარი პერსონაჟის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესახებ. 
   მოცემული თემის გასაშლელად, საჭირო იქნება განვიხილოთ პროტაგონისტის ცხოვრებისეული გზა. ნაწარმოები იწყება შემდგნაირად- მერსოს აცნობებენ დედის გარდაცვალებას და მისი შეუსაბამო რეაქცია მოცემულ ფაქტზე იმთავითვე წარმოგვიჩენს ამ პერსონაჟს როგორც ინდიფერენტულ ინდივიდს. პირველად ჩნდება შეგრძნება იმისა, რომ მასში თითქოს თანაგრძნობის ან სინანულის გამოხატვის უნარი ჩამკვდარა. იგი გულგრილად აღიქვამს პრობლემას, რომელიც უკავშირდება ადამიანს, დედას, რომელმაც მას ერთ დროს სიცოცხლე აჩუქა, რომლის მანძილზეც, ჩვეულებრივ, ინდივიდი არსის შესაძენად იღწვის. აქ იკვეთება ეგზისტენციალიზმი, რომელიც მოიაზრებს არსისა და არსებობის ერთმანეთისაგან გამიჯვნას. თითოეულმა პიროვნებამ თავისი არსებობის პერიოდში უნდა შეიძინოს არსი. თუ იგი ამას ვერ მოახერხებს, მაშინ იწყება ეგზისტენციალური კრიზისი. მერსო არის ადამიანი, რომელსაც სწორედ ეს არსი ვერ შეიძინა ცხოვრებაში და არც აღიარებს, რომ ცხოვრებას იგი საერთოდ გააჩნია. ეს ისეთი ადამიანია, რომელსაც არ ესმის დედის სიკვდილი რატომ უნდა იგლოვოს, რადგან მიაჩნია, რომ ადრე თუ გვიან მაინც ყველა კვდება. სწორედ ამიტომაა, რომ უკვირს როდესაც ხედავს უცხო ადამიანებს, რომლებიც ტირიან დედამისის გამო და უკვირს ის მზერაც, რომელის მისკენაა მიმართული. მისთვის ეს მომენტი თითქოს შეუცნობელია, რადგან ვერ ითავისებს რატომ უნდა დაღვარო ცრემლი იმაზე, რაც ისედაც გარდაუვალია. თავიდან იგი ფიქრობს, რომ ამ ადამიანებს თითქოს მისი განსჯა აქვთ განზრახული. ასეთი ფიქრები კი იმის მანიშნებელია, რომ გულის სიღრმეში ის შესაძლოა აანალიზებდეს, რომ უდიერად იქცევა. ეს ასეა, რადგან დანაშაულისგან შეწუხებული ადამიანი იწყებს ფიქრს და ამ ფიქრში მან შეიძლება დამნაშავე საკუთარ თავშივე აღმოაჩინოს და შემდეგ მას ჰგონია, რომ გარშემო ყველაფერი თითქოს იმიტომ ხდება, რომ საკუთარი თავი შეახსენოს და რომ მისი ცოდვები და მანკიერებანი უკეთ დაანახოს ყველას. შესაბამისად, პირველად სწორედ აქ ვხვდებით, რომ მერსოს ვერ შეუცვნია ადამიანისა და საკუთარი თავის არსი და შინაგანი ღირებულებები. ამიტომაცაა, რომ იგი ვერ აფასებს სიტუაციას ადეკვატურად და მისთვის სიცოცხლისა და არსის მიმცემის სიკვდილს არ მიიჩნევს არც ტრაგედიად და არც დანაკლისად.
   პროტაგონისტი ყოველგვარი ემოციური მღელვარების გარეშე გვიამბობს თავის თავგადასავალს. იგი არაფრისკენ არ მიისწრაფვის. საყურადღებოა ის მომენტიც, როდესაც მერსო თავის მეგობარ რეიმონდს ეხმარება მისი მზაკვრული გეგმის განხორციელებაში. იგი სრულიად ინერტულია, სამყაროში მიმდინარე არცერთ მოვლენაზე რეაქციას არ გამოხატავს. იგი არაფერს მოიმოქმედებს მაშინ, როცა რეიმონდი თავის შეყვარებულს სცემს. ეს მონაკვეთი საინტერესოა, რადგან შეიძლება ადამიანმა ვერ გააცნობიეროს მორალური ღირებულებები, მოთხოვნები, ვალდებულებები და ყველაფერი ის, რაც დაუწერელი კანონივით არსებობს საზოგადოებაში, მაგრამ იმაზე თვალის დახუჭვა, რაც ხილულია, რაც ნორმებიდან ამოვარდნილია და ეს აშკარად შეგიძლია დაინახო, ყოვლად გაუმართლებელია. მაგრამ მერსოსთვის ყველაფერი სულ ერთია. ეს არის ფრაზა, რომელიც მერსოს ცხოვრებას ლაიტმოტივივით გასდევს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს რაოდენ უშინაარსო და ცარიელი პიროვნებაა იგი. რა აზრი აქვს ადამიანის არსებობას, თუ მას ამ ქვეყნად არაფერი სარგებელი მოაქვს, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობს, არაფერი ადარდებს, არაფერს ცვლის ცხოვრებაში და არ ცდილობს სამართლის აღდგენას. ასეთი ადამიანები პარაზიტებივით არიან საზოგადოებაში, ტვირთად აწვებიან სხვებს და ივიწყებენ მოქალაქეობრივ და მორალურ ვალდებულებებს. ამგვარად, მერსოს არსებითი ნიშან-თვისება სრული გულგრილობაა; იგი „უცხოა“ არსებული ყოფის მიმართ. იგი უარს ამბობს ნებისმიერ არჩევანზე. მისთვის სინამდვილე აბსურდია, ხოლო მას არ სურს ამ აბსურდში მონაწილეობა, რის გამოც ნებაყოფლობით ეგებება სიკვდილს, ანუ არჩევანს აკეთებს აბსურდისაგან თავისუფლების სასარგებლოდ.
   საყურადღებოა ის მომენტიც, როდესაც მერსოს შესთავაზებენ პარიზში მუშაობას და ეუბნებიან, რომ ეს ახალი ცხოვრების დაწყების საუკეთესო შანსია. მაგრამ იგი პასუხობს, რომ ცხოვრების შეცვლა შეუძლებელია და ყველაფერს ერთნაირი ფასი აქვს. იგი კომფორტულადაა იმ ცხოვრებით, რომელიც აქვს, არ სურს რაიმეს შეცვლა და არც ეძებს სიახლეებს, რადგან, მისი აზრით, ამ ქვეყნად არაფერში მოინახება უნიკალურობა, ყველაფერი ერთნაირია და უინტერესო. მერსო იხსენებს იმ პერიოდსაც, როდესაც სტუდენტი იყო, როდესაც რაღაც მიზნები და რწმენა ჰქონდა, მაგრამ არც ეს აფიქრებს, რადგან მტკიცედ სწამს, რომ ყველაფერი უმნიშვნელო და სულ ერთია. 
   მერსო ის ადამიანია, რომელიც იყო პარიზში და მხოლოდ ჭუჭყიანი და ჩაბნელებული ქუჩები დაინახა. მერსო ის ადამიანია, რომელმაც გამოიარა დედის სიკვდილი, ჰქონდა დაქორწინების შესაძლებლობა და კიდევ მრავალი სხვა მომენტი, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანში ძლიერ ემოციურ ტალღას გამოიწვევდა, მაგრამ არა მერსოში, რადგან მას ყოველთვის ყველა სიტუაციაში ერთი და იმავე პასუხი ჰქონდა "ჩემთვის სულ ერთია.“ უილიამ შექსპირმა თქვა: 
                   „ვისაც არა სურს თავის ბედის სხვასთან გაყოფა
                   ამ ქვეყანაზე მისი ყოფნა არის არყოფნა.“
და ასეცაა, ვინ არის მერსო არ ვიცით და არც თავად იცის, რადგან იგი როგორც პიროვნება არც არსებობს. მან ხომ უარყო ადამიანის სოციალური ბუნება და ადამიანთა საზოგადოების გარემოცვაში განდეგილი გახდა. ეს ემართებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვერ შეუცნიათ საკუთარი თავი და მიზნები ცხოვრებაში. რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივ ციკლს მიჰყვებიან- იბადებიან, იზრდებიან და კვდებიან. სხვა რაიმე ღირებულის გაკეთებაში აზრს ვერ ხედავენ და ისე კვდებიან, თითქოს არც უცხოვრიათო. გავიხსენოთ დოსტოევსკის საეტაპო ნაწარმოები „იატაკქვეშეთის ჩანაწერები“ რომელშიც გატარებელია ის აზრი, რომ ყოველ ადამიანში არის საკუთარი „იატაკქვეშეთი“, რომ ყოველი ადამიანი ყველასგან დაფარული და დაგმანული სამყაროა, რომლის არსს მისი ზნეობრივი მრწამსი, მის მიერ გაკეთებელი არჩევანი და ღირებულებათა სისტემა განაპირობებს. მაგრამ მუსო ისაა, ვისაც ეს იატაკქვეშეთი ვერ აღმოუჩენია და არც სწამს რომ აქვს. მერსო ეული ადამიანია, რომელიც ხალხშია, მაგრამ ვერასდროს შეამჩნევ, ვერ დაინახავ და თუ დაინახავ ვერ შეიცნობ. რა არის ადამიანის ყოფის არსი? პასუხი რთულია, მაგრამ ის თუ რა არის უარსობა ამას მერსოს ცხოვრება ნათლად წარმოგვიჩენს. 
   ეგზისტენციალიზმის თანახმად, იმისათვის რომ ადამიანმა შეიმეცნოს თავისი ეგზისტენცია, თავისი არსებობა, იგი უნდა აღმოჩნდეს ზღვრულ სიტუაციაში, უნდა აღმოჩნდეს ყოველდღიური ყოფისაგან განსხვავებულ კრიტიკულ ვითარებაში. ასეთ დროს ადამიანი თავის არსებობასა და სამყაროს არსს შეიმეცნებს. წიგნის მთავარი პერსონაჟის ცხოვრებაში დადგება კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი, როდესაც იგი ადამიანს მოკლავს. ამ მონაკვეთიდან ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ვეცნობით მის ფსიქოლოგიას. მკითხველისდა გასაკვირად, ამ ამბავმა იგი არა თუ დაამწუხრა, არამედ მცირეოდენი რეაქციაც კი ვერ გამოიწვია მასში. მერსომ ხელყო ადამიანის სიცოცხლე და პასუხად აქვს რომ მისი „საქმე უბრალოა“ და ისიც სხვა ადამიანებს ჰგავს. სწორედ ესაა ის ზღვრული სიტუაცია, რომელსაც მერსო ადამიანურ საწყისებამდე უნდა დაებრუნებინა, მაგრამ მან იმაზე მალე დაივიწყა ეს ამბავი, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა. შემზარავად საოცარია, რომ სისხლში გასვრილმა ხელებმაც კი ვერ შესძრა სულიერად, თუმცა რა გასაკვირია, ეს ხომ არც გააჩნდა. მერსოს ციხეში ყოფნის მონაკვეთიდან ვიგებთ, რომ მას არ უყვარს საუბარი სენსიტიურ თემებზე, როგორიცაა გრძნობების განხილვა. ახლა კი მასზე ვიცით, რომ მან დაკარგა არათუ ადამიანური, არამედ ცხოველური საწყისებიც კი, რაც გვიდასტურებს იმას, რომ მერსომ სიცოცხლეშივე თქვა უარი სიცოცხლეზე. ციხეში მყოფი გარემომ დათრგუნა და მოანატრა ის სიამოვნება, რომელიც მას ამ კედლებს გარეთ ელოდა. მაგრამ მალევე დასძენს, რომ ადამიანი ყველაფერს ეგუება რაც არ უნდა მოხდეს. თუმცა ეს განა სიმართლეა? თუკი რამ ცვლილება მომხდარა სამყაროში, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი რაღაცას ვერ ეგუებოდა და ცვლილებებისკენ მიისწრაფოდა. თუ მთელი ცხოვრება ყველაფერს მიიღებ, ყველას დაეთანხმები და შეეგუები ყველა გამოწვევას, შენ დაკარგავ საკუთარ არსს და გარდაიქმნები ისეთ არსებად, რომელიც მხოლოდ არსებობს და არა ცხოვრობს. მაგრამ საქმე ისაა, რომ თავად მერსოს არაფერი აწუხებს, არც შეუწუხებია ოდესმე და არც თავს მიიჩნევს უბედურად. მერსო ფიქრობს, რომ ადამიანისთვის ერთი დღის მოგონებებიც კი კმარა, რომ ციხეში 100 წელიც გასძლოს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს დაცემული ადამიანის ისეთივე ფერმკრთალ პორტრეტს, როგორიც მერსოს მთელი უარსო ყოფა იყო. 
   პროტაგონისტმა ცხოვრებაში უამრავი რამ გადაიტანა,  ბევრი რამ გამოსცადა, მაგრამ ვერაფერმა მიანიჭა მას ვერც სიხარულის, ბედნიერებისა და ვერც მწუხარების განცდა. ყველაფერი „სულ ერთი იყო.“  ამას თითქოს თავადაც ხვდებოდა, ამიტომაც მოინდომა ისეთი რამის ჩადენა, რომელიც მძაფრ შეგრძნებებს აღძრავდა მასში. ამიტომაცაა, რომ როცა არაბს ესვრის პირველად თითქოს ელის რომ რაღაც ცვლილება უნდა მოხდეს მასში, მაგრამ როდესაც 4 სროლის შემდეგაც ამ ყველაფერმა ვერც სევდა ან დანაშაულის გრძნობა და ვერც რაიმე სხვა რეაქცია გამოიწვია, მისთვის ყველაფრის იმედი გაქრა. მაგრამ ბოლოს, სწორედ ამ მიზეზით სურს საკუთარი სიკვდილის დასჯის დღეს ხალხი ზიზღის ყვირილით შეეგებოს, რომ იქნებ მაშინ მაინც  განიცადოს თუნდაც ტრაგიზმი, სინანული ან სირცხვილი... მერსოს სურს, რომ ამ ხალხის სიძულვილმა გამოაღვიძოს მასში არსის ან ადამიანად ყოფნის შეგრძნება, მაგრამ იგი ქვაა და ბოლოსაც ქვასავით კვდება, შეუმჩნევლად, უფერულად, რადგან იგი ვერ ახერხებს რომ ბედნიერებასა ან სხვა ადამიანურ გრძნობებს საკუთარ თავში მოუნახოს საცხოვრისი. სწორედ ეს არის პიროვნების გაუცხოება საკუთარი თავისაგან, ის, რაზეც ალბერ კამიუ ასე მგზნებარედ წერდა.
ალბერ კამიუ აცხადებდა, რომ შეგნებული ცხოვრება ნიშნავს აბსურდის გაცნობიერებას, მის გააზრებას და ამასთანავე მის წინააღმდეგ ამბოხებას. „აბსურდიდან სამი დასკვნა გამომაქვს: ჩემი ამბოხება, ჩემი თავისუფლება და ჩემი ვნებები. გონებრივი ძალისხმევის შედეგად ცხოვრების ნაწილად ვაქცევ იმას, რაც სიკვდილს გვახსენებს,- და უარვყოფ თვითმკვლელობას“. სხვაგვარად: აბსურდის დაძლევა და მასთან გამკვლავება შესაძლებელია მარადიული ღირებულების აღიარებითა და გონებრივი ძალისხმევით. კამიუს მიაჩნია, რომ აბსურდზე ამაღლების, აბსურდულ სამყაროში ადამიანური „მე“-ს დამკვიდრებისა და გამოვლენის უმაღლესი ფორმა არის შემოქმედება. რაც შეეხება მერსოს, იგი, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში აბსურდს ხედავდა, არასდროს წასულა მის წინააღმდეგ, იგი დანებდა და ჩაახშო საკუთარ თავში ადამიანის ხმა. სწორედ ამიტომაც იგი რეალურად თვითმკვლელია, რადგან მთელი მისი ცხოვრება მიმართული იყო თვითდესტრუქციისაკენ. 
ალბერ კამიუ „უცხო-ში“ წამოჭრილ პრობლემას ცხოვრების აბსურდულობასთან დაკავშირებით განიხილავს თავის ესეში „სიზიფეს მითი“, რომელშიც იგი აბსურდსა და თვითმკვლელობას შორის გავლებულ ზღვარზე საუბრობს. მართალია, ცხოვრება სავსეა აბსურდით, მაგრამ სწორი პასუხი ამ მოცემულობისადმი იქნება არა მხოლოდ ამ ფაქტის გაცნობიერება, არამედ მასთან ამბოხება იმით, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია თავისი საზრისი და სილამაზე მიანიჭოს თავის არსებობას, მოძებნოს ის რაღაც, რისთვისაც ღირს არსებობა ამ აბსურდულ სამყაროში. სწორედ ამიტომაა, რომ  ბერძნული მითის სიზიფე თან ტრაგიკული პიროვნებაა და თან მომხიბლავი პერსონაჟიც იმის გამო, რომ იგი ცხოვრების აბსურდს პასუხობს არა თვითმკვლელობით, არამედ არსებობისათვის ბრძოლის აუცილებლობის შეგნებით, რაც ესოდენ უცხო იყო მერსოსთვის. კამიუს თანახმად, ადამიანი შინაგანად თავისუფალია მხოლოდ მაშინ, როდესაც გაცნობიერებული აქვს ადამიანური ბედის ტრაგიზმი და ამასთანავე ცდილობს საზრისი მიანიჭოს თავის არსებობას. რა არის ამ შემთხვევაში მერსოს დანაშაული? სწორედ ის, რომ იგი დანებდა, იგი გახდა აბსურდული სინამდვილის ბინადარი და უარყო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. აბსურდულ სინამდვილეში ადამიანს რჩება ერთადერთი გამოსავალი: თავისი არჩევანის გაკეთება. ყოველი ადამიანის წინაშე დგება საკითხი არჩევანისა მოქმედებასა და უმოქმედობას შორის. მოქმედების არჩევა ნიშნავს აბსურდულ სამყაროში გარკვეული ეთიკური ნორმების დაცვას, ანუ ადამიანად ყოფნას. მერსო კი ყოველგვარ არჩევანს გმობს, იგი ცხოვრების მდორე დინებას უსიცოცხლოდ მიჰყვება და ასევე უსიცოცხლოდ ასრულებს ცხოვრებასაც.
   ადამიანი, რომელიც ცხოვრების არსს ვერ ხედავს, ვერც თავისუფლების არსს ჩასწვდება. საოცარია, რომ მთელი მისი ციხეში ყოფნის პერიოდში, მერსო ერთხელაც კი არ ნანობს ჩადენილს, რადგან ვერ მიმხვდარა "როგორ უნდა ქცეულიყო ჩვეულებრივი ადამიანის თვისებები დამნაშავის გამანადგურებელ ბრალდებად." იმ კაცის გულცივობა, რომელმაც დედა მორალურად მოკლა, გაიგივებულია იმ კაცის ქმედებასთან, რომელმაც საკუთარი მამა რეალურად მოკლა. თუმცა მას არც ეს ადარდებს. პროტაგონისტის მსოფლმხედველობაში, ადამიანის შრომა მოხსენიებულია, როგორც აბსურდული შრომა, იგი მთელი ცხოვრება „წვალობს“ იმისთვის რომ ბოლოს უბრალოდ მოკვდეს. არაფერი იცვლება მის ყოფაში, მხოლოდ ბუნების ციკლს მისდევს უხმოდ. შესაბამისად, მერსოსთვის არ ღირს ცხოვრება იმისათვის, რომ იწვალო და არ აქვს მნიშვნელობა ახლა მოკვდება ადამიანი თუ 10 წელში, რადგან სიკვდილი სიკვდილია და გარდაუვალია. ეს სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ მერსო დაკარგული ადამიანია. ის დაიკარგა საკუთარ თავში ან საზოგადოებაში. მან ვერ შეძლო ცხოვრება და ალბათ ცხოვრებამაც ვერ გაუგო მერსოს. ეს არის მიზეზი, რის გამოც იგი გახდა უცხო. მერსო, უარსო ადამიანი, რომელიც თანაარსებობდა ისეთ საზოგადოებაში, რომლის ღირებულებებისაც არ ესმოდა. მისთვის უცხო და შეუცნობელი იყო ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც მის გარშემომყოფებს ჰქონდათ. მიუწვდომელი იყო მისი გონებისთვის ის სიღრმეები, რომლებიც ემოციებსა და ადამიანობაში იმალება. მერსოს ჰქონდა მხოლოდ ერთი რამის რწმენა და ეს იყო სიკვდილი. იგი ვერ ხედავდა ცხოვრების სილამაზეს ან მნიშვნელობას რადგან "ყველაფერი სულ ერთი იყო.“ ამიტომაც მერსომ ვერ შეიცნო საკუთარი უნიკალურობა, ადამიანისა და ადამიანურობის განსაკუთრებულობა, რომ ჩვენ უბრალოდ კი არ ვვარსებობთ, არამედ რაღაც არსი აქვს თითოეულ ჩვენგანს, ვცხოვრობთ, გამუდმებით ვიღწვით და ვილტვით რაღაცისკენ. ამიტომაც მერსო კვდება როგორც ქვა და არა როგორც ადამიანი, სრულიად ეული, უფერული და უცხო. 
ფოსტა:Ghughunishvili.tsotne@gmail.com 
ტელ: 598-58-71-85
ფოტო
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ცოტნე ღუღუნიშვილი - კაენი, როგორც ეგზისტენციალური ფიგურა ცოტნე ღუღუნიშვილი - კაენი, როგორც ეგზისტენციალური ფიგურა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფსიქოლოგია / მომხმარებლები / გამოქვეყნებული ინგა ჟღენტი - ოთარ ჯირკვალიშვილის ,,ბეკეტი“ - პოსტმოდერნისტული კრიზისის ქაოსის დაძლევის შესაძლებლობა? ინგა ჟღენტი - ოთარ ჯირკვალიშვილის ,,ბეკეტი“ - პოსტმოდერნისტული კრიზისის ქაოსის დაძლევის შესაძლებლობა? ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / გამოქვეყნებული ცოტნე ღუღუნიშვილი - რენესანსული ,,ვეფხისტყაოსანი“ ცოტნე ღუღუნიშვილი - რენესანსული ,,ვეფხისტყაოსანი“ ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები მარიამ ჩხეიძე - ქართული რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილი მარიამ ჩხეიძე - ქართული რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები ნათია ზოიძე - ეგზისტენციალიზმი მილან კუნდერას რომანში ,,ხუმრობა’’ ნათია ზოიძე - ეგზისტენციალიზმი მილან კუნდერას რომანში ,,ხუმრობა’’ ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მომხმარებლები
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge