გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ცოტნე ღუღუნიშვილი - კაენი, როგორც ეგზისტენციალური ფიგურა

                     
   სიცოცხლე ადამიანისთვის უნკალური ღირებულებაა. როგორც ე. ფრომი აღნიშნავდა, ადამიანში სიცოცხლის წყურვილი ბუნებრივადაა ჩადებული. რა გზას განვლის ადამიანი და რით იქნება მისი ცხოვრება დამძიმებული არ ცვლის იმ ფაქტს, რომ კაცობრიობას სურს მარადიულობა მიუხედავად იმისა, რომ ვიცით- ადამიანი სასრული არსებაა. სწორედ ეს სასრულობა გახლავთ ის, რასაც ესოდენ მტკივნეულად განიცდის მოკვდავი მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჩვენ გამუდმებით ვსვამთ კითხვებს: ვინ ვართ? რა არის სიცოცხლე? რა მისიით მოვედით ამ ქვეყნად და რაში მდგომარეობს სიცოცხლის საზრისი? ეს ის ურთულესი კითხვებია, რომელთა პასუხის გაცემაც ვერავინ შეძლო პირველი ადამიანიდან უკანასკნელი ადამიანის ჩათვლით. 
   სამყაროში სიცოცხლის ჩასახვას იმთავითვე მოჰყვა შემეცნების წყურვილი. პირველი ადამიანებიც- ადამი და ევა- ცოდნის შესაძენად იღწვოდნენ მიუხედავად იმ მრავალი სიკეთესია, რომელთაც სამყაროსგან უსასყიდლოდ იღებდნენ. ადამიანი მაძიებელი არსებაა და მიუხედავად ჩვენი შეზღუდული ცოდნისა, რომელიც აბსოლუტურ მოდელამდე ვერასდროს განვითარდება, ადამიანი არსობრივად მიდრეკილია თუნდაც მცირეოდენის შემეცნებისაკენ, ეს საფრთხისშემცველიც რომ იყოს, ვიდრე ყველაფერი უცხოსაგან მოშორებით ჰარმონიულად ცხოვრებისაკენ. ადამიანში სიცოცხლის წყურვილთან ერთად ცოდნის დაუფლების სურვილიცაა ჩანერგილი, ვინაიდან ამ ორი კომპონენტის გარეშე ადამიანი ვერ შეინარჩუნებს არსობრივ სახეს. 
   ვინაიდან უკვე აშკარაა, რომ სიცოცხლე ცოდნის გარეშე ვერ შედგება და რომ ადამიანს ბუნებრივად აწუხებს კითხვები თავისი მისიის, სამყაროს მოწყობისა და სხვადასხვა მიზეზ-შედეგობრივი მოცემულობების შესახებ, უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ეგზისტენციალურ ნიშნებზე, რომელთა დანახვაც შესაძლებელია პირველქმნილი ადამიანების მაგალითებზე. 
   ლორდ ბაირონის პოემა „კაენი“ პირველივე მოქმედებიდანვე კონფლიქტის დემონსტრირებით იწყება. ეს კონფლიქტი იმაში მდგომარეობს, რომ კაენი უარს ამბობს მონაწილეობის მიღებაზე სამადლობელ რიტუალში, რომელიც უფალს უნდა მიუძღვნან. მასში თავიდანვე ვხედავთ განდეგილ, უცხო პიროვნებას, რომელიც მეამბოხე სულისკვეთებით ხვდება ტრადიციულ რიტუალს, თითქოს არც რაიმე აქვს სამადლობელი და არც სათხოვარი. კაენი სვამს ისეთ ეგზისტენციალურ კითხვებს, რომლებიც მის გარშემომყოფებს არ აწუხებთ. მას არ მიაჩნია, რომ სიცოცხლე საჩუქარია, რადგან მის შემდეგ სამუდამოდ მეფდება სიკვდილი. 
„- მაგრამ შენ სცოცხლობ. 
-მე მოვკვდები“  (გვ. 138)
კაენი ხსნის რომ სიცოცხლეს აქვს თავისი საზღაური და რომ ის გადაიხდის ამით როცა დრო მოვა, იქამდე კი სამადლო არაფერი აქვს. ეს მეტყველებს კაენის იმგვარ ხასიათზე, რომელიც თავიდანვე განსაზღვრავს მის აღსრულს. ესაა სიტყვები, რომლებშიც იკითხება დასასრულის დასაწყისი. 
   კაენი ვერ იგებს თუ რატომ იყო ცოდნის მოპოვება ადამიანთა დაცემის მიზეზი, ვინაიდან:
„...ცხოვრება ხომ არის სიკეთე,
ცოდნაც უთუოდ სიკეთეა, ნუ თუ ორივე
არიან ერთად ბოროტება.“   (გვ138)
მაშ რა აზრი აქვს ისეთ ცხოვრებას, სადაც ადამიანი ისჯება შემეცნების სურვილისთვის. რა არის საზრისი ისედი ყოფისა, სადაც იძულებული ხარ დათრგუნო ჭეშმარიტი არსი, რაც გაყალიბებს ინდივიდად. ადამიანზე ამბობენ, რომ იგი მიწაა, მტვერია და როცა დრო მოვა ამადვე იქცევა. მაგრამ ადამიანი უპირველეს ყოვლისა არსია, რომელიც განსაზღვრავს მის ეგზისტენციასა და ინდივიდუალურ ნიშას. ადამიანი არსია, რომლის გარეშეც იგი იდენტობას ვერასოდეს შეიძენდა და თუ ცოდნა არის ის არსი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაშინ რამდენადაა გამართლებული იმის დათრგუნვა, რაც ჩვენი მასულდგმულებელი ბერკეტია. 
„რისთვის შევწირო მას მადლობა? იმისთვის, რომ მე
მტვერი ვარ მხოლოდ და ვიბობღებ სულ მუდამ მტვერში
მანამდე, ვიდრე მე ისევე მტვრად არ ვიქცევი?
არა, თუ კი მე არაფერი არა ვყოფილვარ...
მე არ ვაჩვენებ თითქოს ტანჯვა მეადვილება.“ (153, მეორე წიგნი)
   ეგზისტენციალიზმის ფილოსოფიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება შიშის, მღელვარების კატეგორიას. აქ იგულისხმება არა მხოლოდ რაიმე ფორმაშეძენილი, არამედ არაცნობიერი შიში. კაენისთვისაც სიკვდილი არაცნობიერი შიში იყო, რადგან იქამდე არავის განუცდია გარდაცვალება, შესაბამისად, ცნება სიკვდილისა რჩებოდა მხოლოდ და მხოლოდ ცნებად. როგორც პლატონი ამბობდა: „არავინ იცის, რა არის სიკვდილი, და არის თუ არა იგი უდიდესი სიკეთე ადამიანისათვის. მიუხედავად ამისა, მისი ეშინიათ, თითქოსდა იციან, რომ იგი უდიდესი ბოროტებაა.“ კაენსაც სწორედ ეს უცხო რამ ათრთოლებდა, რომელზეც მხოლოდ ის იცოდა, რომ საშიში იყო, მაგრამ ზუსტად არ ესმოდა რისი უნდა შეშინებოდა- სახიერის, უსახოსი, ცნობიერის თუ არაცნობიერის. 
   კაენი, როგორც ეგზისტენციალური ფიგურა, ხშირად ფიქრობს ბედნიერებისა და აბსურდის შესახებაც. ბედნიერება არ არის ისეთ ცხოვრებაში, რომელშიც იძულებული ხარ საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოხვიდე და აუმხედრდე შინაგან პრინციპებს, თუმც კი მის ირგვლივ მყოფთათვის ამგვარი ბორკილებიც კი მისაღები იყო.
„რა უნდა ვუყო მე იმნაირ ბედნიერებას,
რომელიც ითხოვს ჩვენს მოდრეკას და დამცირებას.“ (157)
   კაენისთვის ბედნიერება უბრალოდ არსებობის შესაძლებლობა კი არა, თავისუფალი სიცოცხლეა, რომელსაც იგი თავისებურად იაზრებს. მას წარმოუდგენლად მიაჩნია, იყოს მადლიერი იმისათვის, რაც მისდაუნებურად უბოძეს დროებით და თანაც უბოძეს იმგვარად, რომ ადამიანი არსობრივად წინააღმდეგობრივ ჩარჩოებში მოექცა. 
   კაენის ცხოვრებაში ერთ-ერთი ცენტრალური რგოლი არის სიკვდილის პრობლემა. იგი ტაგიკულად აღიქვამს ერთი მხრივ უცნობ საფრთხეს, ხოლო მეორე მხრივ- სიკვდილს, როგორც მემკვიდრეობით მიღებულ უსამართლობას. იგი პრობლემას აფასებს შემდეგნაირად:
„განა სიცოცხლით დაჯილდოვება არსებების, 
რომლებმაც მთელი წლები ტანჯვისა უნდა განვლონ
მხოლოდ იმისთვის, რომ დაიხოცნონ-
არა ნიშნავს ეს გამრავლებას სიკვდილისა და მკვლელობისას?“ (164) 
   მისი პერსპექტივით ღმერთი არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ქმნის რათა დაანგრიოს და სიცოცხლეც არის არა უმეტეს იმისა, რაც გვეძლევა იმ მიზნით, რომ ბოლოს წაგვერთვას. ასეთი სამყაროსეული აღქმის შედეგად, რომელიც მას ყოფიერების უარსობის განცდას უტოვებს, კაენს უნდება სიკვდილის სამეფოში დარჩენა. მას ცხოვრება იმდენად აბსურდულად ეჩვენება, რომ ურჩევნია თავადვე გადაწყვიტოს საკუთარი ბედი და გააკეთოს არჩევანი აბსურდისგან თავისუფლების სასარგებლოდ. და რა ხდება ბოლოს? ღმერთი კაენს სჯის სიცოცხლით, რომ კიდევ დიდხანს იცხოვროს ასე უბადრუკად, რადგან მისთვის სიკვდილი ჯერ კიდევ მაშინ იყო საჩუქარი, როცა არაფერი დაუშავებია დედამიწაზე. 
   კაენი ცდილობს მიღმიერი სამყაროს შეცნობას, არეალის გაფართოებას, კითხვების დასმას და იგი მაძიებელი პერსონაჟია, იმდენად რამდენადაც სხვებისაგან განსხვავებით ბევრს რისკავს და ცდილობს წამოჭრილი კითხვების პასუხები თავად აღმოაჩინოს. კაენი ცდილობს შეიცნოს საკუთარი თავი, რომელსაც ვერასგზით გაუგია რატომ უნდა მოკვდეს მაშინ, როდესაც სიცოცხლე მას არ უხოვია და რატომ კლავს ის, ვინც სიცოცხლე ისედაც საკუთარი ნებით აჩუქა. 
„რისთვის ვარსებობ? რისთვისა ხარ შენ უბედური?
რად არის ასე უბედური ყოველი არსი 
მთელს ქვეყანაზე? თითონ იგი, ვინც ჩვენ შეგვქმნა-
უბედურ არსთა შემოქმედი- განა იგი კი ბედნიერია? (185)
კაენი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ყოფის ამაოებას, მაშინ როცა უბედურების გარდა სხვა გზას არ გიტოვებენ. გზა ბედნიერებისაკენ გადის სამართალსა და თავისუფლებაზე- იმ თავისუფლებაზე, როცა ადამიანი არ ზღუდავს საკუთარ ეგზისტენციას და სრულად ავლენს იმ თვისებებს, რომლებიც მის არსშია ჩაქსოვილი. კაენი უზენაესი ბედისმსაზღვრელის სამართალს მიიჩნევს ისეთ შრომად, რომელიც მისთვისაც კი არ უნდა იყოს სასიხარულო, ვინაიდან იგი აშენებს იმისთვის, რომ შემდეგ დააქციოს.
   კაენი კიდევ ერთხელ ხსნის მიზეზსს კაცობრიობის ხვედრის ტრაგიზმისა:
„ ჩვენ მეტად მცირე საჩუქრები მივიღეთ მისგან 
და ყველა მწარე.“  (192)
   რა იგულისხმება ამ საჩუქრებში? ცოდნა, რომელსაც ბედნიერება არ მოაქვს და მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის არარაობას უსვამს ხაზს. სიცოცხლე, რომელიც შეიძლება იქცეს სასჯელად და ნებისმიერ შემთხვევაში სრულდება სიკვდილით. და ბოლოს, ადამიანის კომპლექსური არსი, რომელიც, როგორც ჩანს, მხოლოდ იმისთვის მოგვენიჭა, რომ დავთრგუნოთ და არ გამოვავლინოთ სისრულეში. 
   და ბოლოს, თხრობა შეგვიძლია დავასრულოთ გოდერძი ჩოხელის გენიალური ფრაზით, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს კაენის ეგზისტენციალურ ფიგურას ბაირონის შემოქმედებაში: „სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა... სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა.“

скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ცოტნე ღუღუნიშვილი - ადამიანის ყოფის არსი და აბსურდის თემა ალბერ კამიუს “უცხოს“ მიხედვით ცოტნე ღუღუნიშვილი - ადამიანის ყოფის არსი და აბსურდის თემა ალბერ კამიუს “უცხოს“ მიხედვით ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფსიქოლოგია / მომხმარებლები / გამოქვეყნებული გორვანელი - გონითი ემანაცია (რაულ ჩილაჩავას შემოქმედების შესახებ) გორვანელი - გონითი ემანაცია (რაულ ჩილაჩავას შემოქმედების შესახებ) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ ანტონ გაგუასთან ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ ანტონ გაგუასთან ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები მამუკა სურმავა - ექსისტენციალიზმი ადამიანისა და თავისუფლების შესახებ მამუკა სურმავა - ექსისტენციალიზმი ადამიანისა და თავისუფლების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები შოთა ზივზივაძე - საზრისული ძიებისათვის შოთა ზივზივაძე - საზრისული ძიებისათვის ჟურნალი / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / სტატიები / გამოქვეყნებული