ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
აკაკი თევზაძე - ლექსები
***
ფიქრებში გთანგავს სევდით ქსოვილი _
ცრემლად დამდნარი სულის წამება
და გენანება წუთი ყოველი,
ვით სიცოცხლესთან გამოსალმება.
რად გიკვირს, რომ შენც გადაუხდელი
გაფრენილ დღეთა გედოს ბეგარა?!
ჯერაც არ გწყალობს ბედი მუხთალი
ისე, მართლაცდა დაგემკვეხარა,
ჩახჩახა ლექსით და უკვდავების
შუქად ჩაღვროდა სტრიქონს აისი...
წარსულის ეკლებს ისე დაები,
ბორკილს კვლავ დიდხანს ვეღარ აიხსნი.
,,ნახტომი მზისკენ“ _ სანამ შეგყრია
სიბერის წლებზე ფიქრი ციებად...
ქარტეხილები ოდეს შეგხრიან,
მაშინ სიკვდილიც გეპატიება!
***
ახლა მზის გულზე სტვენენ, დახტიან
და ბუღრაობენ ჩემი ბიჭები...
თითქოს თავს ბევრი რამ გარდახდიათ,
ზოგჯერ იმგვარად დააბიჯებენ;
თვალებმერცხალა,ცელქი გოგონა
ხშირად გადადის ჩვეულ ნაპირებს,
ფაფარაშლილი ველის ქარივით
წუთით ჩადგომას რომ არ აპირებს...
გადმომედება მათი ხალისი,
მეც ავცეტდები ანცი ბავშვივით...
ისე ვეძლევი თავდავიწყებას,
ვინა ვარ, რა ვარ _ სულაც არ ვჩივი!
სხვა უკვდავებას აღარ დავეძებ,
რა ბედენაა თვითონ დიდებაც?..
სხვა სიყვარულის ცეცხლი, მითხარით,
გულს ნუთუ ასე წაეკიდება?!
დაფრთიანდება ყველა სურვილი,
სულის საწყაოს, ვიცი, ავივსებ,
ოღონდ ბოლომდე შემრჩეს ბავშვური
განცდა, სიწრფელე და სიხალისე!
***
მე რომ ვარ-ისე მოგეწყოთ მტერი!
მგონია გედის სიმღერას ვმღერი,-
მსურს დამეფინოს სალბუნად გულზე
მშობელი მიწის მსუბუქი მტვერი.
მოგონებები ცრემლივით ვღვარე,
გრძნობათა ცეცხლად მივანდე პწკარებს,
მშფოთვარე სული-ბეჭედად აზის
ქართული მზე და ქართული მთვარე.
უფალო! _ შენი მივლია გზებით,
სავსე ღვთიური მადლით და გზნებით,
ცისფერი სევდის ბურანში მხვევდა
უმშვიდეს თვალთა უძირო ტბები.
შენს მცნებას ვენდე _ უარვყავ თავი,
ავიღე ჯვარი, უცოდველ კრავის
მოგყვები ნდობით _ მარადჟამს შენი
მწამს _ სიყვარულის დამიტანს ზვავი!
სანამ ამიშლი ამ ქვეყნით კარავს,
ნისლივით შემრევ ღრუბელთა ფარას,
მასულდგმულებდეს სუფევა შენი,
მეც ვრეკდე რწმენის პატარა ზარად.
რა მყვარებია ოცნების გარდა?
დამჭკნარი ვარდის შერჩება დარდად
ხორცშეუსხმელი ფიქრები ჩემი
მიმწუხრის დღეთა დაშვებულ ფარდას.
მარად ვინატრებ მშვენიერს, დიადს,
სიკვდილს-საწყისი რომელსაც ჰქვია,
სულ სხვა სიცოცხლის და ჰფანტავს მზისებრ
ჩამოქუფრული არყოფნის წყვდიადს.
ო, ზეციერო, მოწყალე ნათლი!..
ნუგეშინს ჰფენდე ჩემს დღეებს დათვლილს, -
რომ უკვდავება ვიწამო სულის
და საუკუნო ცხონების მადლი.
***
როლანდ ტაბიძეს
ბახუსის ალერსს ერიდე-გიჯობს,
ბოჰემის ცრემლში ჩამტკბარო ნიჭო,
შენ აგცდა მოძმის ნასროლი ტყვია, -
ამად იტოვებ იჭვის კარს ღრიჭოდ.
გაქვს საღერღელი აშლილი - წერის,
ბალახის ღერი _ თავისთვის მღერი!..
ჯავარი სიტყვის გიგრძვნია გემო,
გხიბლავს სინათლე აზრის და ფერის.
თამაშად გიჩანს სიკვდილთან ბრძოლა,
არც იცი რაა შიში და ძრწოლა;
ბედნიერებად თვლი კეთილ მოყვასს
და მარტოობას საყვარელ ცოლად.
მაგ შენი სახლის კუნჭული ერთი,
დამითმე, ძმაო, იწამე ღმერთი!..
იქნებ როგორმე მოვითქვა სული
თავისუფალი ქარების გვერდით.
მზეო ტიტანო
მთვარეული მირაჟები
კრთიან მზისფერ ალებად,
ვარსკვლავების ვირაჟები,
მშვიდი ფერისცვალება.
ცა ლალებით დაგანძული
და შემკრთალი შურებით-
უძილობით დაქანცული
თვალთა ბუდეშურები.
სიყვარულით დაისრული
გული კვნესის ბერულად,
დაცხრი გულო, ერთი რული
წყალსაც კი მიერულა.
განწირულის ბედით გრძნობად
ყეფს ყორანი საზარად,
დარდის შტოზე უბედობამ
თავი მოიმწყაზარა.
უხილავი ღამის კრილი _
გალობს ჭრიჭინობელი,
სულიც ცეცხლით დამეწყრილა
ჭირსა შიგან მყოფელი.
უნდა ავყვე, თუნდაც წამით,
ქარიშხლების მძაფრ ენას
და გავშალო სითამამის
ფრთები ცაში საფრენად.
ჩამაჭრებულ სივრცის ფერი
მასვი, მზეო ტიტანო!-
რომ არყოფნის მიწიერი
სევდა გადავიტანო.
ჭყვიში
მეგობარ პოეტებს
I
ერთი გეენა გვიკიდია
დღეს სამთავეს და
სულში ორპირის იწურება _
მღვრიე დნება მზე...
ისე ახლოს ვართ პოეზიის
ჩვენ სათავესთან _
ღმერთმანი, მართლაც კი ღირს ფიქრი
უკვდავებაზე!..
II
აქ ტაბიძეთა
ისე ღრმაა
ლექსის მორევი,
თუ ჩაგითრია _
გატრიალებს
ტანაჯორივით.
გაოგნებული,
ზაფრისაგან
ზარდაცემული,
ფონს თუ ეწიე,
ვით მშიერი
ძაღლი, გვემული,
წალასლასდები,
მწირ ოცნების
მსუბუქ ყურთბალიშს
დაიდებ თავქვეშ გადამტანი
ამ დარდუბალის, _
რომ გონს მოეგო, მტკიცე რწმენად
სულში ჩაჰკირო:
სიტყვაზე მეტად არ იწვალო
და იჯახირო!
III
შური სულს გაუწყვდიადებს
კაცს უნიჭოს და ვერაგსა, _
რომ პოეზიის დიადის
ჭყვიშისკენ მიდის ყველა გზა.
შენ _ მომავალში ვინც კალამს
ხელში აიღებ შიშითა, _
იწამებ ნაღდი ლირიკის
ყველა გზა მოდის ჭყვიშიდან.
***
ტიციან ტაბიძეს
აპრილის ზეცას ზეთი მოტირის...
გულში იმედი ვით არ გავივლო,
აფეთქებული ატმის ტოტივით,
როს შენი ნაზი სულიც ყვავილობს.
და ნედლი ფიქრის სუნთქვა უკვდავი
ვაშლებს გამოაქვთ მწვანე კვირტებად...
თაობებს სიტყვა მზით დამმუხტავი
ძარღვში სისხლივით აუყვირდებათ.
მაცხოვრის ხვედრს ვინ, ვინ გაზიარა?
ვის სინდისს შერჩა ცოდვა ლაქებად?!
თუ მოაშუშებს დროის იარებს _
კვლავ შენი ლექსის პაპანაქება.
გულს მოხვედრია აზრი ფხიანი,
ჩანგიც მოვმართე სააპრილოდა, _
ლერწმოვანივით შეგეხმიანე
ორპირის ფშანის სანაპიროდან.
დღეს მარტოობა ჩემი სახლია
გულცივი გახდა ბედი თაღლითი,
არ ემეტება სხივი ციერი,
მე თვით გოლგოთის გზაც ვერ დამღლიდა_
იჭვი არ მღრღნიდეს სალმობიერი.
ნეტარ მხარეთა სივრცეს ამცდარი
ჩავიფერფლები სადმე ცდომილი,
ზეშთაგონების სისხლად დამწდარი,
ფიქრით სნეული და დავრდომილი.
უშენოდ ყოფნა, ღმერთო, ბნელია,
მომეც არსობის პური, მსურს წყალი...
შემრთე, შემრიე სევდის ლელიანს-
ნამტირალევ მზის ერთი კურცხალი.
სხვა ცეცხლი მდაგავს ახლა სრულიად,
რომ ასხივოსნებს მხოლოდ სიკეთეს-
ალმოდებული ჩემი გულია,
ჩემს სულში, აბა, ვინ ჩაიხედეთ?!
შხამიან ისრებს მკერდზე მახლიან,
არ დამცდენია სიტყვა მუდარის...
დღეს მარტოობა ჩემი სახლია
და საუკუნო ნავთსაყუდარი.
***
,,მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი“
ნუგეშად-მოწყალების დაო-ხარ!..
დიდით განვირიდე ეშმა რიდით,
ვლოცულობ ტანჯულ სულის საოხად.
ვხედავ ბედი ჩემი იცარება,
ვეხვევი ოცნების ბროლის ყელს...
სულო! - გმართებს მეტი მღვიძარება,
გულო! - გადამწყვეტი ბრძოლისკენ!!!
***
მომქანცველია ღამეების თეთრად თენება,
ყელზე ყულფივით მომდებია დარდის გრეხილი,
ნუთუ ოდესმე ეღირსება სულს მოსვენება?
მთვარეულივით დავაბიჯებ ძილგატეხილი.
სიკვდილზე ფიქრი უსიამო ჟრჟოლვად დაუვლის
დაჭიმულ ძარღვებს, ვით მაღალი ძაბვის სადენებს...
დიდ წკვარამ ღამეს - მარადიულს, რა სასწაული,
ო, ღმერთო ჩემო, ნეტავი რა, რა გაათენებს?!
***
ნურცა რა გაკრთობს
ბედისაგან ესრეთ გათელილს,
ოდესმე, ალბათ, ჩამოდგება
სულში სინათლე...
რა დარჩენია ცხოვრებაში
მას სანატრელი _
ვინც სიცოცხლეში
სიკვდილს ინატრებს?!
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა