გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ანა ახმატოვა АННА АХМАТОВА (თარგმანი - მეგი მოლოდინი) - ლექსები

                თარგმანი - მეგი მოლოდინისა
                         
* * *
გავითავისე მე სიბრძნე ყოფის,
ზეცას ვუმზერ და აღვავლენ ლოცვას,
ბევრს ვხეტიალობ, რომ ვიცხრო შფოთი
და ასე ვუცდი დაისის მოსვლას.
როს შრიალებენ ოროვანდები
და თან ცირცელიც თავს ხრის ღობეზე,
მეწერებიან ლექსნი - ლაღები,
ლამაზ, წარმავალ ჩვენს სიცოცხლეზე.
შინ დაბრუნებულს, ფუმფულა კუდით
ფისო კნავილით ხელს ამილოკავს.
მაშინ შორს მკვეთრი ინთება შუქი,
ძველ კოშკურაზე, სამხერხაოდან.
ზოგჯერ ყარყატი ღამეს აყრუებს,
სახლის თავზე რომ გადაიქროლებს
და თუ შენ კარზე მომიკაკუნებ,
ალბათ, ამას მე ვერც გავიგონებ.


* * *
ოცდაერთი. ორშაბათი. ღამე.
დედაქალაქს ბინდი მწუხრში ხვევდა,
მოაფიქრდა ვიღაც მოცლილ გამვლელს,
რომ არსებობს სიყვარული ქვეყნად.
და მრავალმაც დაიჯერა მართლაც,
მოეწონათ მოწყენილთ თუ ზანტებს,
პაემნობენ, თან უფრთხიან გაყრას
და მღერიან სატრფიალო ჰანგებს.
თუმც, ერთხელაც, როს რჩებიან სახტად,
მათ გუნებას მდუმარება იპყრობს...
უნებურად მეც ვემსხვერპლე ამ ხატს
და მას მერე დავსნეულდი, თითქოს.


* * *
აღარ ვოცნებობ და დაღლილი, მე იდეებით,
როგორც არავინ, ზამთრის მოსვლას ვუცდი და ვიტან,
არ იწვიმებსო, მპირდებოდი, დიმედებით,
თუმცა წვიმები განუწყვეტლივ წვიმან და წვიმან...
სარკმლიდან ზანტად თვალს ვაყოლებ ცისკარს, მთვარიანს,
ზმანებაა თუ ცხადში ვხედავ ნეკერჩხლის რხევას?
გახსოვს, ამბობდი, რომ ცხოვრება - ეს სიზმარია?
გავიღვიძე და ცოცხალი ვარ, ვსუნთქავ რა ჯერაც.
ხვალ კი მომიწევს ჩემი როლის თამაში ამდროს,
რომ კვლავ სიცილით, შეშლილივით მოვყვე ხეტიალს,
ტკივილიაო, სიყვარული - ამბობდი, გახსოვს?
იცი? შენ შეცდი - სიყვარული ჯოჯოხეთია!!!


* * *
მოდი ჩემთან და დამხედე ერთი,
მოდი, ჯერ ვსუნთქავ, ტკივილი მიტევს,
ჩემი ხელები გაათბო ვერვინ,
,,საკმარისია!'' - ტუჩებმა მითხრეს.
ყოველ საღამოს სარკმელთან ეტლში
ვზივარ, გავყურებ გზებსა და სივრცეს,
ო, განა მიზეზს მე ვეძებ შენში,
გული ბოლო ჟამს შფოთვით რომ მიცემს.
არაფრის შიში მე აღარა მაქვს,
სულის ხუთვაში თუმც ვფერმკრთალდები,
მხოლოდ ღამეებს ვუფრთხი, რადგანაც
სიზმრად მსტუმრობენ შენი თვალები.


ნაცრისფერთვალება მეფე

გული უსაშველო ტკივილით აღვსილა,
ნაცრისფერთვალება მეფე გარდაცვლილა!
როს ჩაქრა საღამო, ცხელი და მთანგავი,
დაბრუნდა ქმარი და მიამბო ამბავი:
,,იცი, ნადირობას ის თურმე ემსხვერპლა
და მისი სხეული მუხასთან ესვენა.
რარიგ მებრალება ნორჩი დედოფალი...
ის სულ ერთ ღამეში გათეთრდა, მგლოვარი!..''
მითხრა რა, ჩიბუხსაც შესწვდა მისებურად
და ღამის სამსახურს მყისვე მიაშურა.
ვაღვიძებ ახლა ჩემს გოგონას ალერსით
და ნაზად შევხედავ ნაცრისფერ თვალებში.
გაღმა კი შფოთავენ ალვებიც ამაღამ,
ნაცრისფერთვალება მეფე რომ აღარ მყავს...


* * *
ყარიბ და მიმქრალ სულზე ილოცე,
ჯერ არგარდასულ ჩემს ცოცხალ სულზე,
შენ, მიმავალო თავდაჯერებით,
ქოხში შობილო სინათლის ფუძევ.
შენ, სევდიანო კეთილი სიყრმით,
მე მოგიყვები, თუ როგორ მწარედ
მაშთობდა ღამე, მერე კი დილით
სუნთქავდა ყინვით მოცული არე.
ჩემს სიცოცხლეში ვნახე მცირედი,
ველოდებოდი მხოლოდ, ვიმღერდი,
ძმა მე არ მძულდა, ვიცი, ნამდვილად,
არ ვღალატობდი დას, ვერთგულებდი.
მაგრამ უფალი რად მსჯიდა მუდამ,
ყოველდღიურად, დროის ისრებით?
იქნებ, ანგელოზს მენახა, სურდა
მიუწვდომელი ჩვენთვის, სხივები?


უკანასკნელი შეხვედრის სიმღერა

მკერდს მესვენა უმწეობა მარტოს,
თუმც ვიდოდი სიმსუბუქის მჩენი,
მარჯვენა ხელს გადავაცვი ამ დროს
მე მარცხენა ხელთათმანი ჩემი.
საფეხურნი მომეჩვენა მრავლად,
მაგრამ ხსოვნას მხოლოდ - სამი, კვეთდა!
ნეკერჩხლების ჩუმ შრიალში, სადღაც,
ხმა ითხოვდა: ,,მოდი, მოვკვდეთ ერთად...
მე მიმუხთლა ცრუმ და უნიათომ,
ცვალებადმა და მშანთველმა ბედმა...''
ვუპასუხე: ,, მშვენიერო, სათნოვ,
საყვარელო, მეც მოვკვდები შენთან...''
და ეძღვნება ეს სიმღერა ბოლო,
ჩვენს შეხვედრას, ღამესავით შავბნელს.
საძინებელს ანათებდა მხოლოდ
ის, რაც ყვითლად ეღვრებოდათ სანთლებს.


* * *
ღრუბლის საზღვართან ვით ზეცის სხივებს,
ვიხსენებ მე შენს წარმოთქმულ სიტყვებს.
შენთვის კი ჩემი ბგერების ველით
დღის შუქმა ავსო ღამეთა ბნელი.
და მოვიკვეთეთ მიწისგან აღმა,
როს ვით მნათობნი, ვიწევდით მაღლა.
აღარც რიდით და უიმედობით,
ვართ და ვიქნებით ისე, ვით ოდით.
მაგრამ შენ, ცოცხალს, ცხადსა და ნამდვილს,
რარიგ გეძახი, თუ გესმის მაინც?
და კარს, ღიად რომ მიტოვებ ახლა,
მისი მიხურვის, არ შემწევს ძალა.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge