ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
19 თებ 22:57ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ეთნოგრაფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული
დავით შავიანიძე - ეთნიკური ერთობის დამაზიანებელი პრობლემის შესახებ
წინამდებარე წერილი შევსებული ვერსიაა პრობლემისა, რომელიც განხილული გვაქვს „ქუთაისური საუბრებსა“ და სხვა სამეცნიერო ფორუმებზე. დაბეჭდილი გვაქვს ჩვენ მონოგრაფიებში - „ეთნოისტორიული კვლევები“ და „სამეგრელო (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი)[1].
არავისთვის უცხო არაა (არ უნდა იყოს!), რომ ქართული სახელმწიფო-სამწიგნობრო-საეკლესიო ენა საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ ეთნოგრაფიული ერთეულების მკვიდრთა ჩართულობით შეიქმნა და მას დღემდე ამარაგებს საქართველოს სხვადასხვა მხარის საოჯახო-სამეტყველოები. აღნიშნულ საკითხს მიაბეს ე.წ. „ქართიზაციის თეორია“, რომელსაც დღემდე აქტიურად იმარჯვებს უცხო, რუსი თავის დამპყრობლური მიზნების განხორციელების გზაზე. აქტიურად იმარჯვეს და „ქართიზაცია“ მართლდება მტრისგან შინაარსმიცემული ეთნოგრაფიული ტერმინებისთვის ჩვენგან, ნებით, თუ უნებლიე გაზიარება-გამოყენებით.
პრობლემისადმი დაბრუნება გამოიწვია საკითხის აქტუალობამ.
მსჯელობისას წარმოვადგენთ ახალ, ჯერ გამოუქვეყნებელ ეთნოგრაფიულ მასალებს და კიდევ ერთხელ ჩვენი, ეთნოგრაფის ხედვას.
ეთნოგრაფიული მასალა სვანეთიდან: „სვანისთვის საამაყო და სანუკვარია ჩვენგანვე ფერებით ნასაზრდოები ქართველობა, ქართული ენა, რომელიც მშობლიურია. საქართველოს ქვეყანა დანარჩენ ქართველებთან ერთად ხომ ჩვენიც სამშობლოა. ერთ-ერთს სვანებსაც შეუქმნიათ ქართული დამწერლობა, ქართული კულტურა“; „ჩვენი კუთხის თემსა და ოჯახში გამოყენებული სალაპარაკოსთვის მეტი ყურადღებაა ჩენგანვე საჭირო, რომ არ დავკარგოთ, არ დავუკარგოთ ჩვენ ქვეყანას. რომ მასზე ამოსული მშობლიური ენა ქართული არ გავაღარიბოთ“ (ბეჩო. ლატალი. 2013, 2015წწ).
ეთნოგრაფიული მასალა სამეგრელოდან: „ჩემი აზრით, მეგრული არის სრულფასოვანი ენა, ოღონდ საოჯახო. ერის მთავარი, ქართული ენა ჩვენგანაც შექმნილი და სიმდიდრეა ჩვენი. მეგრული ენა ერთგვარად შემავსებელია ქართულის. ჩვენი აზრით, იმიტომ იხსნება ბევრი ტოპონიმი[2] მეგრული ენის საშუალებით, რომ უფრო შემორჩა ძველი სახით. არასწორი იქნება თქმა, მეგრელთა კულტურა. ქართულია მეგრელის კულტურა“ (წალენჯიხა, სოფ. ჭალე. 2013).
ეთნოგრაფიული მასალა ხევსურეთიდან: „ჩვენი მზრდელი ჩვენი მიწა, მშობლიური ქართული და ტრადიციაა, ჩვენი სალაპარაკო შინაა. ეს შინაური, განსხვავევული სიტყვა, სიმდიდრეა ჩვენი ქართულობის. ერთნი, რომ ვართ იმიტომ გასაგებიცაა ჩვენი სახლის და თემის საუბარი ყველგან საქართველოში“ (შატილი, 2020).
ეთნოგრაფიული მასალა თუშეთიდან: „ამდენი ტურისტი მოდის საქართველოში. მერე ხვდებიან თუშეთში და სხვა კუთხეებში. ვხვდებით ყველგან ქართულით, ქართულად. თუშეთში, ამ დიდსულიან კუთხეში საკუთარი სიტყვებით ლაპარაკობენ ოჯახში. ზოგი რამ უფრო განსხვავებულია, წოვაში (/ჩაღმა თუშეთი), განსხვავებულია სამეტყველოთი. ამ სამეტყველოთიც ვხვდებით სტუმარს. მშობლიური რაც ყველას შეგვიქმნია, ის ქართულია, რითაც ვწერთ, ვაზროვნებთ სალოცავად ვიყენებთ ქართველობა (ომალო, 2013).
ეთნოგრაფიული მასალა აჭარიდან: „ჩვენი უბედურება ვითომ საკმარისი არ იყო, ჩვენივე ქართველები „თათარს“ გვეძახდნენ. დღესაც გაიგონებ. მტრის ჩანაგონები და ჩვენგან მიღებულია. ჩვენ დაპყრობილი ვიყავით თათრისგან და სამი საუკუნე ომში შევინარჩუნეთ ენაც და ქართულობაც. შევუნახეთ საქართველოს მისი ნაწილი. მერე უარესი, რუსი მოვიდა და თავზე ხელის გადასობით გააკეთა ის, რაც არასდროს მოხდება. „აჭარელი თათარიაო“. სადაურია?! დანაშაულია, ჩვენ ერთობას შლის ამფერი რაღაცები“ (მარეთის ხეობა. მთა „ჩირუხი“, 2018წ)
ცნობილია, რომ XV საუკუნის ბოლოს, ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, შეიქმნა ქართულენოვანი კანცელარიის მქონე პატარა, პოლიტიკური და არა ეთნიკური საქართველოები: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოები და სამცხის სამთავრო. საკუთრივ იმერეთის სამეფოში შეიქმნა გურიისა და სამეგრელოს სამთავროები. XVI ს. შუა წლებში დადიანი იმერეთის მეფეს აღარც ხარკს უხდიდა და აღარც ლაშქრით უწევდა სამსახურს. აღნიშნული დროიდან მოკიდებული ქართული მხარე - სამეგრელო - ცალკე პოლიტიკური ერთეული იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოდესმე რომელიმე ქართული პოლიტიკური ერთეული ცალკე, სხვა ეთნიკური იყო, ეთნიკურობის სხვადასხვა საფეხურზე ან ხალხად(/„ხალხი“), ან ტომად ჩამოქვეითდებოდნენ, არიან!
აღნიშნული სინამდვილისგან განსხვავებულ სურათს ხატავს საბჭოთა და დღევანდელი, დამპყრობლურრუსული ისტორიოგრაფია და იდეოლოგიური მანქანები. ამტკიცებენ პირიქით, რომ გვქონდა ეთნიკური საქართველოები; საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულების მცხოვრებთ ერთი ქართული ტომისგან ასიმილირებულად, სუბეთნოსებად, ნაროდნოსტებად... აცხადებენ.
იმპერიული ძალების იდეოლოგიამ, ჩასაფრებულმა და მიზანმიმართულმა პოლიტიკამ, რომ დაასუსტონ, ჩამოშალონ ქართული ეროვნულ-ეთნიკური სხეული, ასახვა ჰპოვა ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში, ქართველთა (საბედნიეროდ მცირე ნაწილის!) აზროვნებაში. შეიძლება თვალი გავადევნოთ ეთნოსის სტრუქტურაში ეთნოგრაფიული ჯგუფების გენეზისისა და ფორმირების თავისებურებებს. აღნიშნულია, რომ ეთნოგრაფიული ჯგუფის ქვეშ იგულისხმება ეთნოსის გარკვეული ნაწილი, რომელიც გამოირჩევა სალაპარაკო ენის, კულტურისა და ყოფის ლოკალური სპეციფიკით, რომელთაც ზოგჯერ გააჩნია თვითსახელი და როგორღაც გაორებული თვითშეგნება... 1991 წელს გამოცემულ ეთნოგრაფიის საახელმძღვანელოში ვკითხულობთ: ქართველი ხალხის ეთნოგენეზისი ძირითადად გენეტიკურად მონათესავე ტომთა მრავალსაუკუნოვანი კონსოლიდაციის შედეგია. ჯერ კიდევ პირველყოფილი თემური წყობილების რღვევისა და სამხედრო დემოკრატიის აყვავების პერიოდში დაწყებული ეს პროცესები XI-XII სს. ქართული ფეოდალური ეროვნების ჩამოყალიბებით დასრულდა. მის შემადგენლობაში შესულ ქართველთა მრავალი ეთნოგრაფიული ჯგუფი (ქართლელები, კახელები, ხევსურები, იმერლები, გურულები, ინგილოები, მეგრელები, რაჭველები და სხვ.) ძველი ტომობრივი დანაწევრების რელიქტის სახითაა შემონახული...“ (ეთნოგრაფია, 1991, გვ. 9); საქართველოს გეოგრაფიის მეცხრე კლასის სახელმძღვანელოში (რედაქტორები: ი. კაციტაძე, დ. ფაღავა) ვკითხულობთ: „ქართველი ხალხი სამი ძირითადი სუბეთნიკური ჯგუფისაგან _ ქართების, მეგრელების და სვანებისაგან შედგება“ (გვ. 147); ზურაბ დავითაშვილის და ნოდარ ელიზბარაშვილის ავტორობით 2012 წელს გამოცემულ X კლასის სახელმძღვანელო: „სუბეთნოსი _ გამოკვეთილი ეთნიკური ინდივიდუალობის მქონე ერთობები ეთნოსის შიგნით, რომლის წევრებიც აცნობიერებენ ეთნიკურ თავისთავადობას ეთნოსის ფარგლებში და აქვთ საკუთარი ეთნონიმი (მაგ. მეგრელები და სვანები ქართული ეთნოსის შიგნით)“ (გვ. 152); „ეთნოსის შიგნით საკმაოდ ხშირია უფრო დაბალი იერარქიული საფეხურის ეთნიკური ერთობის - სუბეთნოსის არსებობა, რომელშიც, თავის მხრივ შეიძლება გამოიყოს კიდევ უფრო ქვედა დონის ერთობები - ეთნოგრაფიული ჯგუფები. მაგალითად, ქართული ეთნოსი იყოფა 3 სუბეთნოსად: ქართებად, მეგრელ-ჭანებად და სვანებად, ხოლო ქართებში, როგორც სუბეთნოსში, გამოიყოფა 15-ზე მეტი ეთნოგრაფიული ჯგუფი (ქართლელები, კახელები, იმერლები, გურულები, რაჭველები, აჭარლები, მესხები, ხევსურები და ა.შ)“ (გვ. 153). შდრ.: ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფების „სუბეთნოსად“ სახელდების გამო ქართველურ ეთნოკულტურულ სამყაროს არასწორად ახასიათებს ბევრი ცნობილი უცხოელი მკვლევარი. მაგ., ს. არუთინოვი წერს: „Почти все этноформы грузинского этникоса, т.е. лица, осознающие себя грузинами, как в Грузии, так и за ее пределами говорят на различных диалектах и говорах грузинского (картульского) языка. Кроме того, целый ряд субэтнических групп, таких, как мегрелы, сваны, в быту пользуются языками, более или менее отдалено родственными грузинскому. С лингвистической точки зрения бесспорно, что это особие языки, имеющие даже собственное внутреннее диалектное чление. Но их носители осознают себя грузинами и особьх ЭСО эти языки не обслуживают, так что с функционалной, этносоцяльной точки зрения их роль равна роли главных диалектов грузинского языка, тем более что по крайней мере в пределах Грузии почти все их носители владеют и литературным нормативным грузинским языком“; აღნიშნავენ, რომ შეიძლება რამდენიმე ერი ლაპარაკობდეს ერთ ენაზე, მაგრამ მიეკუთვნებოდნენ სხვადასხვა ეთნოსს. რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებით, ერის შიგნით შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ენა და ეს არ იყოს ამ ენათა მატარებელ ეთნოსთა თვითიდენტიფიკაციის მიზეზი. თუმცა ერთი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მკვიდრებს ეთნოსს არქმევენ: „Так немцы и болшинство швеицарев (65%) австриицы и люксембуржцы говорят на немецком языке но принадлежат к разним этносам. С другой стороны, внутри одного этноса могут функционироват несколько языков: у мордвы _ мокша и ерзия, у грузин _ мингрельский и сванский. Наличие различных языков не препятствует самоидентификаций этих этносов...“ (А. П. Садохин, Т. Г. Грушевицкая, Москва, 2003, გვ. 83); შდრ.: იური კორიაკოვისთვის, მაგალითად ქართული ენის საზღვარი სამტრედიაში მთავრდება. საქართველოს ოკუპაციის მომხრე, რუსული პოლიტიკის შემქმნელ გამხმოვანებელი (დუგინი, ჟირინოვსკი...) იდეოლოგებისთვის საქართველო „შეუმდგარი სახელმწიფოა, და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო დამოუკიდებლობის პროცესი იმაზე მეტყველებს, რომ საქმე ამით არ გათავდება“. მათ მიაჩნიათ, რომ გენეოციდის, თუ არა შევიწროების საფრთხის ქვეშაა სამეგრელო, აჭარა, ჯავახეთი, პანკისი და რომ მათ, რუსებმა უნდა დაიცვან ისინი, როგორც უკვე დაიცვეს ორი ერი ქართველებისგან; ისტორიული პროცესების ლოგიკად მიაჩნია რუს ექსპერტს, სტრატეგიულ კონიუქტურის ცენტრის დირექტორის მოადგილეს მიხეილ ჩერნოვს ის, რომ საქართველომ და ქართველებმა უნდა იარსებონ, მაგრამ მხოლოდ თავის ტერიტორიაზე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. მისი აზრით, როგორც არსებობს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართვლო, ასევე არსებობს სამეგრელო, ჯავახეთი, გორის რაიონი...“ (მსჯელობისათვის იხილე, დ. შავიანიძე, სამეგრელო, 2015).
თანამედროვე საზღვარგარეთულ საინფორმაციო ქსელშიც[3] ხშირია სვან-მეგრელებისა და ლაზების არაადექვატური ტერმინებით „ეთნიკური ჯგუფი“, „ეთნიკური უმცირესობა“ ... მოხსენიება[4].
უცხოთა პოლიტიკური მანქანებით მოტანილ სხვადასხვაგვარ ქმედებებს ისტორიულად ვუპირისპირებდით საკუთარ ეროვნულის, თვითშეგნების, ენა-მამულის დაცვისთვის საჭირო აზროვნებას, თავდადებულ, მართალ სიტყვას/ქმედებას. სხვადასხვა დროის გამოჩენილი ეთნოგრაფები, საზოგადო მოღვაწენი წერდნენ ენის გამოყენებით „პოლიტიკანობის“ შესახებ: სვანური ენა და პოეზია არის სალარო ძველი ქართული ენისა, რადგან იქ ბევრი ძველი ქართული სიტყვებია დაცული, ქართული გონია გადმოცემული. თუ რომელიმე აქამდისინ ზერელედ უყურებდა ამ საკითხს და სვანებს შეცდომით თიშავდა ქართველებისგან, დღეს ამ გვარობას ადგილი აღარ აქვს. უკეთ რომა ვსთქვათ, ადგილი არ უნდა ჰქონდეს. აქამდისინ თუ ეს საკითხი პოლიტიკურს ნიადაგზედ გადაჰქონდათ და ამ სახელით ნათლავდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ მთავრობის მოხელეთა გული მოეგოთ და თავი წარმოჩინებულ ეყოთ, დღეს ამ გვარი გარეწრობით ვერავინ ვერ დაუბნელებს თვალებს ვერც ვერც მთავრობასა და ვერც საზოგადოებასა, რომელიც, ეჭვს გარეშეა, ყოველთვის აფასებდა და აფასებს კიდეც ამგვარ ვაჟბატონთა პოლიტიკანობა-გაიძვერობისა და შესაფერს მსჯავრს სდებს“ (დეკანოზ იოანე მარგიანის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა, 2016, 96). შდრ., ეთნოგრაფიული მასალები: „სვანეთში ჩვენებურ ხალხურად რიტუალის შესრულების დროსაც ძირითადად ქართულად ვილოცებით. მთელი საქართველო მოდის კვირიკობის დღესასწაულზე. ჩვენ, შინაურ ენაზე ლოცვასაც ისმენენ, ისმენენ ისინიც, ვისაც არ ესმის. ამინ არ ითქმება სხვანაირად მხოლოდ ქართულად“ (კალა. ივლისი. 2021); „უშგულლებმა დაკლეს ხარი. მღვდელი არ მოვიდა და გზად მომავალი რაჭველი ხურო აიძულეს ეწირა, რადგან იგი ქართულად სწირვდა. სვანურად არ თქვეს იმიტომ, რომ ლოცვის ენა სვანისთვის მუდამ ქართული იყო. სხვანაირად არ შეიძლება... საქართველოს კუთხეებს ერთობას სხვა ყველაფერთან ერთად შეგნება და ენა გვანარჩუნებინებდა" (ჟახუნდერი. 2013); „მშობლიურია ჩვენ მიერაც შექმნილი სამწერლო ქართული. მშობლიურია საქართველოს ნაწილი ჩვენი კუთხის სამეტყველოც, ქართულის შენამოქმედი ქართულის შემავსებელი სვანური“ (ნაკრა. 2017); „მეგრელთა გაქართველების მომხრენიც კი ადასტურებენ, რომ ეკლესიაში წირვა-ლოცვა არასოდეს ყოფილა მეგრულად. რომ არასწორი თქმა იქნება მეგრელთა კულტურა. თაობები იცვლება, ქართული ენა კი უცვლელია, თაობებს ჩვენეული, მშობლიური, ქართული ერთობის ამბავი ქართულით ენახება“ (აბაშა, ნოღოხაში, 2000); „თქვენი აქ ყოფნის პერიოდში სადმე დაიჭირეთ არაქართული ცხოვრების წესი, განსხვავებული შეგნება? სხვა ენა რომ გვქონდეს, სხვანაირადაც ვიაზროვნებდით, სხვაგვარი ცხოვრების წესი გვექნება. მეგრულად ვამბობთ სადღეგრძელოს, ვთამადობთ, თუმცა სუფრის წესი ქართულია. პატივი უნდა სცე სტუმარს, შემოგევლება მასპინძელი. ეს ქართული არაა? საქორთუოს ვიძახით და სხვა ნაცია რომ ვართ, ამას კი არ ვგულისხმობთ, პირიქით. ჩვენი ოჯახის ენაზე საქორთულო საქართველოა; ზანდუკი სამეგრელოშიც და მთელ საქართველოშიც ზანდუკია, თეთრეული თეთრეულია, ნაჭა ნაჭაა... იმიტომ, რომ ქართულად ვაზროვნებთ, ქართველები ვართ; მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები უცხოელები მყავს სახლში. ერთმა მითხრა ორ ენას ხომ ვისწავლიო. მე ვუთხარი, რომ ენას ისწავლი ჩვენ მშობლიურ ქართულს და კუთხურს, მეგრულს; მე ჯერ ქართველი ვარ, მერე ვიცი, რომ საინგილოდან ვიყავი, ახლა სამეგრელოში ვცხოვრობ“ (ახუთის, მუხურის, თაიას ეთნოგრაფიული მასალები. 2014).
საფუძველი იმისა, რომ საქართველომ შეძლო და გადაირჩინა თვითმყოფადობა, შეინარჩუნა მშობლიური სამწიგნობრო-საეკლესიო დედაენა და კუთხური-საოჯახო მეტყველებები, საერთო თვითშეგნებით, საუკუნეებით ნასაზრდოები ერთიანი კულტურულ-ეროვნულობაა. ამ საფუძველზე ლოგიკურია ქართულ სამეცნიერო საზოგადოებაში გამოთქმული, „ქართიზაციის“ „თეორიის“ უარმყოფელი მოსაზრება-არგუმენტირებული მსჯელობები. ჩვენის მხრით დავსძენთ, რომ ტიტულოვანი ეთნოსი საქართველოში მუდამ ქართული თვითშეგნების, მშობლიური დედაენის, კულტურის მატარებელი ქართული ეთნოსი იყო და საქართველოს სხვადასხვა მხარის მკვიდრები არარსებულ ქართის ტომს არ გაუქრთველებია, არასდროს დამდგარა აღნიშნული საჭიროება[5]. შდრ.:ისტორიული წყაროების ხედვის გაგრძელება და ქართველელოგიაში არც ისე დიდი ხნის წინათ გამოთქულ მოსაზრება, რომ ეთნიკური ერთობა -ქართველი იმთავითვე აერთიანებდა მეგრელ-ჭანებს (ლაზებს), სვანებს, ჰერებს, კახელებს, მესხებს, სხვა ქართულ თემებს (ტ. ფუტკარაძე, 2008, გვ. 65).
ჩვენთვის, ეთნოგრაფისთვის მისაღებია:
1.ნაციონალური ერთობის, თვითგამოხატვის, ეროვნული ურთიერთობების გაძლიერება-შენარჩუნების ერთ-ერთი საფუძველი, ქართული სამწერლობო ენის შემქმნელი, მისი ბაზისის, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრთა მეტყველებების შენახვა-შენარჩუნებაა! ქართველთა საოჯახო-სამეტყველო ენების გადარჩენის საშურ გზაზე უმნიშვნელოვანესია თაობებისთვის მისი ოჯახში სწავლება.
- ანგარიშგასაწევია ეთნოლოგთა მიდგომა, რომლის მიხედვითაც ეთნოსის შექმნა-შენარჩუნებისთვის მთავარია თვითშეგნება[6] და თვითსახელწოდება. დანაშაულია საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულების მკვიდრთა ეთნიკურ ჯგუფებად, სუბეთნოსებად, ხალხებად, ტომებად მოხსენიება!
- საქართველოს სხვადასხვა თემის მკვიდრ ქართველთა ბუნებრივი და არცთუ იშვიათად გარე ფაქტორების გამო გამოწვეული იძულებითი შერევა არ იყო შეპირობებული იმ საჭიროებით, რასაც დაერქვა ქართის ტომისაგან საქართველოს მთიანეთის, ჰერეთის, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის გაქართველება“. ფარნავაზისა და ქუჯის ინიციატივით აღმოსავლურქართულ და დასავლურქართულ ერთობათა ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება ასახავდა ჭოროხის, რიონისა და მტკვრის აუზში მცხოვრები ქართველების ერთობის სურვილს. ქართველთა ეთნოსის ერთიანი სახელმწიფოს წარმოქმნა ეფუძნებოდა საერთო ტერიტორიის, საერთო დედაენის, საერთო კულტურის, რელიგიური ერთობის და საერთო ქართული თვითშეგნების ქონას!
[1] ნაშრომები დაბეჭდილია 2010 და 2015 წლებში.
[2] „თუ სადმე ტოპონიმები ზანური მეტყველებითაა გამჭირვალე, ესაა შედეგი არა ძველი ადგილობრივი ზანური მოსახლეობის ქართიზაციისა, არამედ საერთო-ქართული მეტყველების ადგილზე დიფერენციაციისა, დასავლეთ საქართველოში ქართული მეტყველების წარმოქმნისა“ (საქართველოს ეთნოგრაფია-ეთნოლოგია, 2010, გვ. 24)
[3] მსოფლიოს ბევრ ენციკლოპედიაში გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და „ენის ევროპულ ქარტიასთან“ დაკავშირებით პროფ. ტ. ფუტკარაძე წერს: მეზობელი ერების წარმომადგენლებს რომ თავი დავანებოთ, მსგავსი დეზინფორმაციაა მსოფლიოს ბევრ ენციკლოპედიაში; მაგ., მსოფლიო გლობალური ქსელის ძირითადი ეთნოლოგიური ენციკლოპედიის მიხედვით (2012 წლის მდგომარეობით), საქართველოში არის შემდეგი ენები (/ეთნოსები): აზერბაიჯანელები _ 308 000, ასირიელები (აისორები) _ 3 000, აფხაზები _ 101 000, ბაცბები _ 3 420, ბერძნები _ 38 000, ლაზები _ 2 000, მეგრელები _ 500 000, ოსები _ 100 000, რუსები _ 372 000, სვანები (სამწერლობო ენად იყენებენ ქართულს და რუსულს) _ 15 000, სომხები _ 448 000, ურუმები _ 97 746, ქართველები _ 3 901 380, ქართველი ებრაელები _ 20 000, ქურთები _ 40 000. ასეთი მცდარი ინფორმაციაც საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მსგავსი კვალიფიკაციები ჯერ კიდევ მეფის რუსეთიდან იღებს სათავეს და ინერციით დღემდე ვრცელდება. ვრცელდება საქართველოს განათლების სამინისტროსა თუ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჩემთვის გაუგებარი პასიურობის გამო… მეტიც, არაიშვიათად, საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით აგროვებული ბიუჯეტის ფული ისეთი პროექტების დაფინანსებას ხმარდება სამინისტროს მიერ, რომლებიც წყალს ასხამენ მსგავს დეზინფორმაციებზე... „ენის ქარტია“ დიდებული დოკუმენტია; ქარტიის მამების მიზანი იყო, ამ ქარტიით დაცულიყო საფრთხის ქვეშ მყოფი მცირე ხალხების ენები _ ისტორიული ეთნიკური უმცირესობის ენა, მაგ., ესპანეთში _ ბასკების ენა... „ენის ქარტიის“ მამებმა ასევე გაითვალისწინეს სეპარატიზმისა და თავსმოხვეული კონფლიქტების რისკები და „ენის ქარტიაში“ ჩაწერეს რამდენიმე არსებითი სხვა პუნქტიც; კერძოდ: 1. „ენის ქარტია“ არ მოიცავს მიგრანტთა ენებს“ (მუხლი I, ა, II), და, შესაბამისად, „ენის ქარტიის“ მიზანი არ არის უმცირესობის ენობრივი უფლებების ჩამოყალიბება. 2. „ენის ქარტია“ არ მოიცავს სახელმწიფო ენას, მის ადგილობრივ სახესხვაობებსა და დიალექტებს... ქარტიის დებულებები არ ეხება ერთი ენის ადგილობრივ სახესხვაობებსა თუ დიალექტებს, თუმცა ქარტია არ განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოხატვის ესა თუ ის ფორმა ჩაითვალოს ცალკე ენად...
[4] საკითხზე მსჯელობისათვის იხილეთ: ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, 1990; ნ. ბერძენიშვილი, ვ. დონდუა, მ. დუმბაძე, გ. მელიქიშვილი, შ. მესხია, პ. რატიანი, საქართველოს ისტორია, I, 1958; გეორგიკა (ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ), თბ., 1961; „გეორგიკა (ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ), თბ. 1936; გეორგიკა (ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ), 1952; ნ. დობორჯგინიძე, რელიგიური ისტორიოგრაფიის უძველესი წყაროები სამწერლობო და არასამწერლობო ქართველური ენების შესახებ, „ქართული სალიტერატურო ენის საკითხები, ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა“, I, 2007; ეთნოგრაფია, 1991 _ ეთნოგრაფია, 1991; ვ. ითონიშვილი, კავკასიის ხალხთა ეთნონიმიკიდან, „ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი“, IX, 2007; პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ., 1954; პ. ინგოროყვა, 2003; ვ. მაღარაძე, ქართველური ტოპონიმებისა და გვარების წარმოება და ურთიერთმიმართება, 2006; გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთი უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, 1965; გ. მელიქიშვილი, ქართველთა წარმომავლობა, ”საქართველოს ისტორია”, I, თბ., 1970; დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II, თბ., 1980; დ. მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში, თბ., 2004; სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, I, თბ., 1991; სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, II, თბ., 1993; ი. სიხარულიძე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა, წ. I, ბათუმი, 1958; ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, თბ., 1986; თ. ყაუხჩიშვილი, საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, თბ., 1976; ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თბ., 1960; ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტფ., 1908; ზ. ჭუმბურიძე, რა გქვია შენ?, თბ., 1992; ბ. ჯორბენაძე, ქართველურ ენათა დიალექტები, თბ., 1995; А. П. Садохин, Т. Г. Грушевицкая, ЭТНОЛОГИИЯ, Москва, 2003
[5] მსჯელობისათვის იხ: მ. გეგეშიძე, თბ., 1978; ტ. ფუტკარაძე, ქუთაისი, 2008; ტ. ფუტკარაძე, ე. დადიანი, ლ. ხაჭაპურიძე, 2009; რ. თოფჩიშვილი, თბ., 2002; რ. თოფჩიშვილი, თბ., 2008; მ. მიქაძე, დ. შავიანიძე, „მოამბე“, №17, ქუთაისი, 2007; დ. შავიანიძე, ი. გაბელაია, კრებული ქართველური მემკვიდრეობა, XVII, 2013...
[6] ეთნიკური თვითშეგნება გარკვეული ეთნოსისადმი მიკუთვნებულობის, სხვა ეთნოსისაგან განსხვავებულობის შეგენაბაა. შესაბამისად მეგრელებს, საქართველოს ყველა სხვა კუთხის მკვიდრ ქართველებთან ერთად საერთო აქვთ გენეალოგიური გადმოცემები წარმომავლობა, ისტორიული ბედი, ისტორიულ მოვლენებში მონაწილეობა, აქედან გამომდინარე, განსახლების არეალი და ენა
ახალი სტატიები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ნინო დარბაისელი - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ქეთევან ნათელაძე - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი