გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ციცი გურიელი - მარადისობაში დამარხული მზე


         /მხატვრულ-დოკუმენტური ნოველლა/ 


             მარტია. 
             ყინვიანი ქარი შლეგიანივით დაჰქრის ნაძვებში და წიწვებისგან დასერილი ლოყები უხურს. დღისით აჭყაპებული თოვლი ისევ იყინება ქუჩის კიდეებზე და იშვიათ გამვლელს აფრთხობს მისი ცივი სილაპლაპე.
             ლამის გადატყდომამდე იზნიქებიან წელში ბებერი ნაძვები. 
             აღარ ჩანს ცის ფერი. სხვენში მოწყობილი, პატარა ოთახის სარკმლიდან გადაჰყურებს მღვრიე ბინდში ჩაძირულ დებრენეცს ახალგაზრდა კაცი. სიცივე და უმოძრაობის უილაჯობა თრგუნავს, ფიქრი არ ანებებს თავს. საფიქრალი კი იცოცხლე, ბევრი აქვს. თეატრალური დასის დაშლის შემდეგ, უმუშევრად დარჩენილს, მსახიობობა აუხდენელ ოცნებად დარჩა, თუმცა ღმერთისგან სულ განწირული არ ყოფილა, ქუჩაში დარჩენილს, მფარველ ანგელოზად, თეატრის მოლარე, ღარიბი ქვრივი ფოგაში გამოუჩნდა, შეიკედლა და სხვენზე - ამ პატარა, ცივ ოთახში დააბინავა.
       ლოგინზე მოიკუნტა, ლამფის ყვითელი შუქის ციმციმიც შემცივნულივით ცახცახებდა უშპალიერო კედელზე. 
          ფიქრმა და სიმარტოვემ დაღალა. საკმაო დრო გასულიყო. სიჩუმის ფლოქვებით გადათქერილი, ყინვიანი და უმთვარო ღამე ამბიონის ლოცვაში იტანჯებოდა. უვარსკვლავობა უშლიდა ხელს იმის წარმოდგენაში, თუ როგორ ამოცურდებოდა ახალი დღის მოლოდინით ცისკრის სხივებში ოქროცურვილი სიმშვიდე, ბოდლერის „სევდიანი ოაზისივით“ გარინდული...
             მაშინ, მსახიობობის ჟინით აღტყინებული, თექვსმეტი წლისა ფეხით ჩამოვიდა პეშტში. თეატრს ადვილად მიაგნო. წვიმდა. ცხენიან-მეეტლეებიანად გაწუწული ეტლები თეატრთან გროვდებოდნენ. უამინდობის მიუხედავად, წარმოდგენაზე დამსწრე ხალხის რაოდენობა მატულობდა. 
            ერთი ამისი ტოლი ბიჭი ეგებებოდა მოსულებს და რაკიღა ეტლი გათავისუფლდებოდა, მკვირცხლად მიარბენინებდა ცხენებს თეატრის უკან მდებარე ფარდულში. წარმოდგენის დაწყების დრო ახლოვდებოდა. ხალხი ჯერ შეთხელდა, მერე კი ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება აღარ იყო. ნახევრადმბჟუტავი ლამპიონის ქვეშ ატუზულმა აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ლანჩგათხელებული ფეხსაცმლიდან სიცივე უსიამოვნო ჟრიალად უძვრებოდა ძვალ-რბილში.
      მერე იმ ფარდულისკენ გასწია. კოცონს მიფიცხებული მეეტლეების ხორხოცი გარეთ გამოდიოდა და მათი ცეცხლის ალზე მოცეკვავე სილუეტები გართხმულიყვნენ მიწაზე. ფარდული წეკოს, ოფლიანი ცხენების, ნაკელის და არყის სუნით გაჟღენთილიყო. შიგნით შესულისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მალე მოძებნა ის თავისხელა ბიჭი - ცეცხლისფერთმიანი და გრძელხელება, დიდი შარვლის ფართხუნით რომ არიგებდა ჩალას ბაგაში.
           -გამარჯობა, ძმობილო! - ხელი გაუწოდა, - მე შანდორი ვარ, სალკ-სენტ მარტონიდან!
            ბიჭმა ახედ-დახედა, ჩალა დაყარა, ხელები ფართხუნა შარვალზე ჩამოიწმინდა და ღონივრად ჩამოართვა.
         -გაგიმარჯოს! - ცოტა გაოცებული კი აფახუნებდა მწვანე თვალებს, მგონი ფიქრობდა, -ნეტავ ვინ არის და რა უნდაო? თქმით კი უთხრა, - იქით წავიდეთ, ხელს არავინ შეგვიშლისო და ფარდულის სიღრმეში გაუძღვა. ხის გადანაჭერზე ჩამოსხდნენ. შანდორმა მოუყვა ბავშვობიდან ნალოლიავებ ოცნებაზე, თუ როგორ ჩამოვიდა დასში სამუშაოდ, მაგრამ ისეთი არავინ ჰყავდა, ვინც სცენაზე მოხვედრაში დაეხმარებოდა. ცხვირპაჭუა, ჭორფლიანმა და მწვანეთვალება ბიჭმა გულთან მიიტანა შანდორის გაჭირვება და ჩემთან ერთად იმუშავეო, შესთავაზა.
დასში უცბად მოხვედრა მართლა შეუძლებელი იყო, მეტი გზაც არ ჩანდა და შანდორი დასთანხმდა.
             საღამოობით ცხენების მომვლელად მუშაობდა, დღის განმავლობაში კი გულმოდგინედ დაათრევდა სასცენო დეკორაციებს, ლუდით სავსე, პირზექაფმომდგარ კათხებს მსახიობებისთვის. როცა თეატრი იცლებოდა, ოქროსფრად აბრდღვიალებულ ბროლის ჭაღებს აქრობდნენ, ძვირფასსუნამომაპკურები ქალბატონები აბრეშუმის კაბების შარიშურით კავალერებთან ერთად ტოვებდნენ თეატრს, კულისებშიც აღარ ისმოდა ჩამიჩუმი. 
           შანდორი მსახიობ ქალებს აცილებდა, უკაცრიელ ქუჩებში განუყრელ ფანართან ერთად მეგზურობას უწევდა. მერე და მერე, როცა მთელმა თეატრმა შეიყვარა ეს მკვირცხლი და დაუზარელი ახალგაზრდა, რეჟისორები მისთვის მეორეხარისხოვან, უმნიშვნელო როლებსაც იმეტებდნენ, თუმცა ასეთი ბედნიერება იშვიათი ხილი იყო. თავისუფალი დრო თავზე საყრელად ჰქონდა და ისიც, რომელიმე მსახიობის საგრიმიოროში, ან გარდერობში, ანდა სულაც ფოგაშის სალაროში მოყუჩებული თავდავიწყებით წერდა ლექსებს.
    ...ცივი ქარი ფიფქების სიმსუბუქეს წივილით აფრიალებდა კორიანტელად, ლამის გადატყდომამდე იზნიქებოდნენ ბებერი ნაძვები წელში, ლამპის ყვითელი შუქი საიდუმლო ჩრდილებად ციმციმებდა უშპალერო კედლებზე, გაყინული ფეხის თითებს ვეღარ უთბობდა ქვრივი ფოგაშის ნაწყალობევი, ალაგ-ალაგ ჩრჩილით დაჭმული ძველი შალის პლედი, ტვინში თავისთავად ლაგდებოდნენ სიტყვები, იბადებოდა ლექსი ცივ, უმოძრაო უილაჯობაში და გამარჯვების რწმენას მატებდა.
               ასე წვალებით ჩავიდა პეშტში, თუმცა, დიდად  არც აქ არავის სჭირდებოდა ჩამოფლეთილი, სიღარიბის ელჩივით მოსიარულე მსახიობი კაცი. როცა ყველა იმედი გადაეწურა, გადაწყვიტა უკიდურესობისთვის მიემართა - უნგრეთში მცხოვრებ, ცნობილ პოეტ ვერეშმარტისთვის მიეკითხა.
             ვერეშმარტი დიდი გულისყურით მოეკიდა პეტეფის გასაჭირს, აღფრთოვანებული შესცქეროდა მის ანთებულ თვალებს და გრძნობდა, როგორი დამანგრეველი ძალის ქარიშხალი ბობოქრობდა ჭაბუკი პოეტის გულში. ეჭვი არ იყო, იქიდან უიმედო პასუხი არ უნდა გამოსულიყო. მართლაც მიხაი ვერეშმარტიმ გადაწყვიტა საქველმოქმედო აქციით გადაერჩინა ხავსს მოჭიდებული  ბიჭი. სულ რამდენიმე დღეში საზოგადოება „ეროვნული წრის“კრებაზე გაიტანა პოეტის გადარჩენის საკითხი. შანდორის ბედი დახურულ კრებას უნდა გადაეწყვიტა. ვიდრე კრება მიმდინარეობდა, კარს მიღმა, შანდორი ნერვიულობისგან დერეფანში ვეღარ ეტეოდა, ვინ იცის უკვე მერამდენედ გადი-გამოდიოდა, ხელებს იფშვნეტდა,  ტუჩებს იკვნეტდა, გაუჩერებლად აბოლებდა ჩიბუხს და ელოდა...  ვერ წარმოედგინა, მეწარმეებსა და ხელოსნებს რაიმეს გაკეთება თუ შეეძლოთ მისთვის. მერე კარის გასაღების ჭუჭრუტანიდან შეუჭყიტინა და გაოცებული დარჩა. იქაურობას მწველი დებატების გამო ბუღი ასდიოდა. ბოლოს, ერთ-ერთი წამოდგა და გამოაცხადა:
              -მკერავი გამპარ ტოტი! - მან ჯიბიდან სამოცი ფორინტი ამოიღო და მაგიდაზე დადო, -ამ ფულს, წიგნის გამოსაცემად ვიძლევი!.. 
             მერე სხვა მეწარმეებიც აწრიალდნენ, გაიქანეს ხელი ჯიბეებისკენ, სქელი საფულეები ამოაძვრინეს და სულ მალე მაგიდაზე ფორინტების გროვა გაჩნდა. 
            თვალს არ უჯერებდა, როცა მიხაი ვერეშმარტი წამოდგა და კარებისკენ გამოემართა, ეგონა გული გაუჩერდებოდა. დერეფანში გამოსული ვერეშმარტი გულიანად გადაეხვია აცახცახებულ პეტეფს, თვალებგაბრწყინებულ პოეტს დიდი ზეიმით გადასცა  შეგროვებული თანხა. იმ დღესვე, 150 ფორინტი სასწრაფოდ გაუგზავნა დებრენეცში ალბერტ პაკს, ქვრივი ფოგაშისთვის ბინის ქირის გადასახდელად. 
              მწუხარება სიხარულმა შეუცვალა. 
               მალე გამოიცა მისი ლექსების კრებული, წიგნი დიდი სიყვარულით აიტაცა საზოგადოებამ და თავად ეს ფაქტი ისეთი ხმაურიანი გამოდგა, რაღა მეხი გავარდნილიყო... მაგრამ მის ლექსებს მდევნელებიც გამოუჩნდნენ. ვერაფრით ეგუებოდნენ პეტეფის პოეტურ ასპარეზზე გამოსვლას. ეს არ იყო უბრალოდ მოსვლა ლიტერატურულ წრეებში, სალონებში და თქვენ წარმოიდგინეთ, სასაუზმეებშიც კი განიხილავდნენ და იზეპირებდნენ მის ლექსებს.
             1885-ის ზამთრის მიწურულს, როცა ნაზამთრალი, გრძნობაგაუხეშებული ბუნება სველი სინედლით ელამუნებოდა საგაზაფხულედ მოცახცახე ალვებს - ბედნიერება ეწვია. 
            ერთ-ერთ სალიტერატურო სალონში მისი პოეზიის თაყვანისმცემლებს საღამო მოეწყოთ. კუთხის მაგიდასთან სიფრიფანა და თეთრი, ნუშისთვალება ქალიშვილი იჯდა. ხელში მისი კრებული ეჭირა და უღიმოდა. ეს ანგელოზივით გოგონა, მდიდარი ბარონის ქალიშვილი ბერტა მედნინსკაია აღმოჩნდა, რომელსაც, გაცნობისას, ხელი უთრთოდა და თვალები უბრწყინავდა.
            ნაზი, სალონური ფლირტი სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა. ისინი ერთმანეთს ჩუმად ხვდებოდნენ. შანდორი ეტლით მიდიოდა გიოდიოლაში, სადაც ბერტა ცხოვრობდა და მერე ისინი სეირნობდნენ ულამაზეს ვარდების ხეივანში, ერთმანეთით და ხეივნის სურნელით გაბრუებულები...
               საუბრები იყო ფაქიზი და ამაღელვებელი. სიცოცხლეზე, სიყვარულზე, სილამაზეზე...
               აბრეშუმის კაბის შარიშურით, გოგონას სინაზით და ულამაზესი გარემოთი გაბრუებული შანდორი უფრო და უფრო ღრმად ეშვებოდა თავდავიწყების მორევში. მორიდებით გაკეთებული ხელკავი ცეცხლს უკიდებდა, გრძნობით გათანგულს სანუკვარი ქალის ჩახუტება სწყუროდა. სურდა, თავი ჩაერგო მის ქათქათა, სინორჩით მფშვინავ დეკოლტეში და თავდავიწყებამდე გარინდულიყო. 
              წერდა ლექსებს. პეშტსა და გიოდიოლას შორის წინ და უკან სიარულისას იქმნებოდა უმშვენიერესი სტრიქონები, რომლებსაც, შემდგომ, „სიყვარულის მარგალიტების ციკლი“ უწოდა.
              ბოლოს და ბოლოს ის კვირა დღეც მოახლოვდა, როდესაც ბერტასთვის ხელი უნდა ეთხოვა. 
             პაპანაქება სიცხე ბუღად ადენილი მიჰყვებოდა ღორღიან გზაზე რახრახით მიმავალ ეტლს, რომელშიც, სატრფოსთან შეხვედრის სიხარულით აღტყინებული პეტეფი იჯდა. დროდადრო ცხვირსახოცით იმშრალებდა სახეს.
         გზა მეჩხერ ტყეზე გადიოდა და სიცხეში მოჭრიჭინე ჭრიჭინების გულისგამაწვრილებელი სიმფონია ეტლის ბორბლების ხრიგინს ფონად გასდევდა. როგორც იქნა გაილია მტვრიანი გზა და ბარონის მამული გამოჩნდა მთელი თავისი დიდებულებით.
             ეტლი ვარდების ხეივანთან გაჩერდა. ის იყო, ეტლიდან გადმოვიდა, რომ ხეივნიდან ბერტას მოსამსახურე კატრინა გამოძვრა და მოახსენა, ქალბატონი მამასთან ერთად პეშტში წავიდა, ბატონ პოეტს დაუბარა, არ ვიცი როდის დავბრუნდებიო... 
             კარგად არ ენიშნა ეს ამბავი შანდორს. გამშრალ-გაოცებული და გულდამძიმებული დაბრუნდა უკან. აქეთობის გზა საშინლად აუტანელი გამოდგა. ხეებიც კი აღარ ეჩვენებოდა ისეთი ლამაზი, თითქოს ფოთლებსაც დაჰკარგოდათ მწვანე სიხასხასე და გამოხუნებულად გამოიყურებოდნენ... 
          ახლაღა იგრძნო, როგორი ალმურმოდებული და მეტისმეტად ბიწიერი უბრალოებით უახლოვდებოდნენ აგვისტოს დღეები ფერიცვალებას...
             გიოდიოლაში აღარც ჩასულა. 
            წერილობით გაუგზავნა ბერტას მამას მოკრძალებული თხოვნა - მიეთხოვებინა მისთვის ქალიშვილი. 
             პასუხი მოკლე, გულისმომკვლელი და შეურაცხმყოფელი იყო. „არც მსახიობს და არც პოეტს ქალიშვილს არ მივათხოვებ, ამის ნებას ჩემი წინაპრები არ მაძლევენ!“ და სატრფომაც სხვისი პირით შეუთვალა უარი. 
           გაოგნებულ შანდორს ვერ გაეგო, რას ნიშნავდა ის სინაზე, ან ის ტკბილი ამბორის გემო მის ტუჩებზე? დაპირებები, დაპირებები... თითქოს სიცოცხლე მხოლოდ მასთან ერთად უნდოდა, თაფლივით ჩამტკბარი ეკვროდა, ცახცახით ეუბნებოდა - მიყვარხარო!..                 საშინელ ტკივილს გრძნობდა, თითქოს ველური სიგიჟით დაეფლითათ სული მუსტანგებს და ნაფლოქვარებიდან სისხლი სდიოდა... 
   დაცარიელდა. 
             ცხოვრება ცხოვრებას აღარ ჰგავდა, ისევ ლექსების წერაში ეძებდა შვებას...
              მწარე ირონიით აღწერდა უნგრელ არისტოკრატთა ცხოვრებას, რის გამოც საშინლად აუჯანყდა კრიტიკა და დაიწყო პოეტის დევნა-შევიწროება, ყველაფერ ამას ისიც დაემატა, რომ მშობლიური ადგილებიდან მეხის გავარდნასავით ამბავი მოუვიდა - ისედაც გაკოტრებული მისი გვარის ავლა-დიდება ადიდებულ დუნაის გაეტაცებინა... ყველაფერი უცბად შეიცვალა მისთვის, ბევრი მეგობარი განზე გაუდგა, ზურგი აქცია. საშინელ დღეში ჩავარდა, ისევ ძიება, ისევ ყველაფრის თავიდან დაწყება...  პოლიცია თვალს არ აშორებდა, გამომცემლობამაც უარი გამოუცხადა ჟურნალის გამოქვეყნებაზე...  მეტი გზა არ იყო, დროებით უნდა გასცლოდა, დამალვოდა რეაქციონერებს, სადმე გაერიდებინა თავი და ნადკაროიში წასვლა გადაწყვიტა.
    საცხოვრებლად ერთ სუფთა, მყუდრო და იაფ სასტუმროში მოეწყო, ახლა მისთვის აუცილებელი იყო რაღაც სხვა, განსხვავებული, ახალ და უცხო, მშვიდ გარემოში ცხოვრება და აზროვნება. 
                მისი ოთახის აივანი ქუჩის გადაღმა ლამაზ ბაღს გადაჰყურებდა. 
     იდგა 1846 წლის 6 სექტემბერი.
                აივანზე იჯდა და გრძნობდა დახუთულ ჰაერს როგორ ებრძოდა ბაღიდან მონაბერი ნიავი. შანდორი თან მოღეღილ მკერდს იგრილებდა და თან მზერას ბაღში მოსეირნეების თვალიერებით ირთობდა.
                ერთ სკამზე გასაოცარი სილამაზე ჩამომჯდარიყო... 
               მისით მონუსხული შანდორი დიდხანს აღარ გაჩერებულა, სასტუმროს კიბეს გიჟივით ჩამოასკდა და ბაღში მოსეირნეებს შეერია...
                  ქალიშვილის სილამაზემ თითქოს ბურანიდან გამოაფხიზლაო, ისევ იგრძნო ძარღვებში ძალუმად სისხლის ჩქრიალი. ის ცოცხალია და სიცოცხლე კი ამ საოცარ მშვენიერებას სთავაზობდა!
                  ქალიშვილი მასთან შედარებით მთლად ბავშვი იყო. ყველაფრით იგრძნობოდა, რომ შეძლებული ოჯახიდან უნდა ყოფილიყო. ამ დროს შანდორს, ოცდასამი წლის ახალგაზრდას არ გასჭირვებია თვრამეტი წლის იულია სენდრეის გაცნობა, რომელიც გრაფის მამულების მოურავ იგნაც სენდრეის ქალიშვილი აღმოჩნდა.
                  იულიას ბავშვური სიანცით აღაფრთოვანებდა ის, რომ პოეტის მუზად იქცა. ეს ამბავი თანდათან მოედო ქალაქს და მშვენიერი იულიას მამის ყურამდეც მიაღწია.              იგნაც სენდრეი სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა, მას იმის იმედი ჰქონდა, რომ მისი ნებიერა ასულის მხოლოდ გატაცება უნდა ყოფილიყო მათ სიყვარულზე მოარული ამბები და იმის გაფიქრებაზეც კი ძრწოდა, რომ შეიძლებოდა პეტეფი მისი ქალიშვილის მეუღლე გამხდარიყო და ღმერთს შესთხოვდა, შვილი გადამირჩინეო!
                 მშვენიერი, ბედნიერი  იულია,კეკლუცობდა თავისი წრის ხალხში და ცნობილი პოეტის შეყვარებულის ტიტული ერთობ პატივმოყვარული გრძნობებით ავსებდა. გული ჩიტივით უფრთხიალებდა, როდესაც საშაქარლამოში ნუგბარის საყიდლად შესულს, მკერავთან ვიზიტისას ან სულაც ბაღში მოსეირნეს ზურგს უკან ესმოდა ჟრუანტელის მომგვრელი ჩურჩული:
             -შეხედეთ, შეხედეთ, ეს ხომ ის არის, პეტეფის მუზა, მშვენიერი იულია! - აი, მაშინ უნდა გენახათ რა სიამაყით ივსებოდა, ლოყები აეფაკლებოდა, ცხვირს აიბზეკდა და რას არ გაიღებდა, რომ მუდამ ყურადღების ეპიცენტრში ყოფილიყო, რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო მაღალი საზოგადოების საუბრის და ჭორაობის მიზეზი.
              „რა საუცხოოა, იყო პოეტის ოცნება, აღაფრთოვანებდე, შთააგონებდე მას და დარჩე წარსულის ბრწყინვალე შარავანდედში!“ - ეს სტრიქონები ჩაუწერია მშვენიერ იულიას თავის დღიურებში. გამძვინვარებული მამა ვერაფერს უხერხებდა თავნება ქალიშვილის გატაცებას, მათზე უკვე ყველგან და ყველა საუბრობდა, ის კი არა და ცნობილი წყვილის ქორწინებას მთელი ქალაქი სულმოუთქმელად, მოუსვენარი მოლოდინით ელოდა. მართლაც, ამ ურთიერთობის ათიოდე თვის თავზე - 1847 წლის 5 აგვისტოს გამოქვეყნდა განცხადებები მათი ნიშნობის შესახებ, რასაც 8 სექტემბერს ქორწილიც მოჰყვა.
               სენდრეის ოჯახიდან ქორწილში მხოლოდ დედა და და მოვიდნენ, რომლებიც ძვირფასი ტანსაცმლით და თვალისმომჭრელად მბზინავი სამკაულებით მკვეთრად გამოირჩეოდნენ დანარჩენი სტუმრებისგან. გაბრაზებულმა მამამ წყვილს გაბედნიერება არც კი მიულოცა.
             იულია ბედნიერების მეცხრე ცაზე იყო. თეთრი პირბადიდან გამოკრთოდა სიყვარულით სავსე თვალების ნაპერწკალი. ულვაშებაწკეპილი და გაძვალტყავებული შანდორი დიდი გულმოდგინებით ცდილობდა ჯვრისწერის უსერიოზულესი რიტუალისთვის შესაფერისად მოქცეულიყო.
             ერდიოდის სასახლის სამლოცველოში ჩამოკრული ზარების ხმა ნიავს შორს მიჰქონდა. ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო, ისეთი გამორჩეული... ცერემონიალის დამთავრებისთანავე, პეტეფმა ხელში აიტაცა საოცნებო, საყვარელი, პაწაწინა მეუღლე და ულამაზესი ყვავილწნულებით მორთულ ეტლში ჩააბრძანა. შანდორს წინასწარ ეზრუნა თაფლობის თვეზეც და ერთ-ერთი მეგობრის საქორწინო საჩუქარს-სახლს სოფელ კოლტოხში, სიურპრიზად უნახავდა ოცნების ქალს.
                 ახალჯვარდაწერილთ ბუხრიან ოთახში ტკბილეულით, ათასი ნუგბარით და საუკეთესო ღვინოებით დამშვენებული სუფრა ელოდათ.
                 ერთმანეთს ჩახუტებული წყვილი ყვავილებით დახუნძლულმა ეტლმა სახლს რომ მიაყენა, ეზოში უკვე გახურებული ცეკვა-თამაში და ნეფე-პატარძლის მოლოდინი იდგა. სიმღერებით  გამოეგებნენ და ულოცავდნენ, კოცნიდნენ. მალე ყველა გაიკრიფა და ისინი მარტონი აღმოჩნდნენ სანთლებით გადაბდღვრიალებულ სახლში.
                შანდორს ღრმა და წრფელი სიყვარულით უყვარდა იულია. ულამაზეს ლექსებს უძღვნიდა და სიყვარულში ისე გაილია დრო, ვერც კი გაიგეს თაფლის ქილასავით როგორ ამოთავდა თაფლობისთვე, ამასობაში კი, ქვეყანას რევოლუცია უახლოვდებოდა.
                ბარიკადებაღმართული ქალაქი სისხლიანი ქუჩებით ელოდა იმედიან მომავალს. შანდორი უკვე ძალიან შეუძლოდ გრძნობდა თავს. ჩუმი სიცხეები თანგავდა, თითქოს ფილტვებს, რაღაც უჩინარი უხრავდა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ბარიკადებზე დაბობღავდა. ახალგაზრდობა მასში რევოლუციის პოეტს ხედავდა. გამარჯვების რწმენამ დააწერინა „ეროვნული სიმღერა“, მას ხან რომელ ბარიკადზე ეგებებოდნენ ჟივილ-ხივილით, ხან რომელზე. 
                იულია კი იჯდა და ელოდა. 
                აღიზიანებდა არეულობა ქვეყანაში, სიმარტოვე და ვეღარ ეგუებოდა იმას, რომ ახლა შანდორისთვის რევოლუცია და ქვეყნის ბედ-ირბალი იყო უმთავრესი თემა. აღარც სალონური საღამოები და შეხვედრები, ვიღას ახსოვდა კეკლუცი იულია, საკუთარი ქმარიც კი დღედაღამ ბარიკადებზე იყო, ან სტამბაში გარბოდა.
              მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა. მართალია, რევოლუციურმა არმიამ მტერი დაამარცხა, მაგრამ ყოველდღე იცვლებოდა ქვეყნის პოლიტიკური სურათი. ავსტრიის მონარქმა რუსეთის იპერატორს ნიკოლოზ პირველს სთხოვა დახმარება, რომელიც საკმაოდ გაწაფული იყო პოლონელი და კავკასიელი მცირე ერების დამონებაში და არც ავსტრიელი მონარქი გაუწბილებია.
                     ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ეროვნული უმცირესობები ხორვატები და სლავები ერთსულოვნად ედგნენ გვერდში უნგრელებს. ავსტრიელებმა გაიძვერობას მიმართეს, იმდენი მოახერხეს, რომ სლავები მადიარების წინააღმდეგ აამხედრეს, ცბიერმა ნიკოლოზ პირველმა ვითომდა მოძმე სლავების დახმარების მიზნით აჯანყების ჩასაქრობად ფელდმარშალ პასკევიჩის არმია გააგზავნა და ღვთის წყრომასავით, ზუსტად მაშინ ჩამოუსწრეს, როცა უნგრელები ავსტრიის ჯარს ამარცხებდნენ და ბუდაპეშტი ისევ ჰაბსბურგებმა დაიპყრეს.
                 ისევ დამარცხება...
                 საშინელი განცდა იყო, მაგრამ იმედი არ კვდებოდა, ხსნა საიდანმე უნდა გამოჩენილიყო და მართლაც, რევოლუციაში მონაწილე პოლონელმა, არტილერიის გენერალმა ბემმა შესძლო თავი მოეყარა გაფანტული არმიისთვის. რაკიღა ღირსეული წინამძღოლი გამოჩნდა, მის ნიშანსღა ელოდნენ.
             როცა ბამმა პეტეფი პირველად გაიცნო, აღფრთოვანდა მისი პიროვნებით, პოეზიით, ადამიანობით, პატრიოტიზმით. უკიდურესად უფრთხილდებოდა მის ყოფნას ფრონტის წინა ხაზზე, მაგრამ პეტეფი, თავის განუყრელ ცხენთან ერთად, ყოველთვის იქ უნდა გაჩენილიყო, სადაც ყველაზე მეტად ჭირდა...
               ერთხელ, როცა მოწინააღმდეგე ბანაკები  „ისვენებდნენ“, რაც ახალი იერიშისთვის მზადებას ნიშნავდა, პეტეფი ბემთან ერთად ყაზარმაში იჯდა, საყვარელ ჩიბუხს აბოლებდა და თან მომავალ საბრძოლო ნიუანსებს არჩევდა, იულიას ბარათი გადასცეს. ბარათი იტყობინებოდა: „ვწუხვარ ძვირფასო, შეტყობინებაა სალკ-სენტ მარტონიდან, რომ ტიფით მოავადე მამაშენს შენი ნახვა მოუთხოვია, დღესვე უნდა გაემგზავრო! შენი იულია.“
                 აჩქარებით გამოემშვიდობა მეგობრებს. იულიას უკვე გამზადებული ჰქონდა სამგზავრო ჩანთა, საგზალი, სახლთან კი ეტლი ელოდა.
                   მარტის თვის ცივი ქარი ზუზუნით უძვრებოდა ძვალ-რბილში. უსიამოვნოდ აჟრიალებდა. „უნდა ჩავუსწრო, უნდა ჩავუსწრო...“  
                ბორბლების ხმაურს უერთდებოდა ფიქრი.
                   საღამოხანს ჩავიდა სალკ-სენტ-მარტინში. პარმაღზე გაცრეცილი დედის აჩრდილი გამოეგება, გაოცებული, შიშით გაფართოებული თვალებით შესცქეროდა დედას, ძლივს იცნო საწოლში ჩაკარგული მამა. სადღაც გამქრალიყო ჯან-ღონით სავსე კაცი. შუბლზე ნიაღვრად ჩამოსდიოდა ოფლი, ბებერ თვალებში აღარ კვესავდა სიცისფრე, თითქოს ღიღილოები ჩათრთვილულიყვნენ ფოსოებში. 
                ლოგინში გულწრფელობაში ჩანავლებული სიჯიუტე ფეთქავდა სინდისის ქენჯნად. 
                 შანდორმა შეანჯღრია: - რას დაგიკარგავს იმედი, მალე ისევ წამოდგები!..
               -იმედი?! უფერულია იმედი!.. - ამოიჩურჩულეს ტუჩებმა, ღიღილოსფრად ჩათრთვილული თვალებიდან კი გაცრეცილი წყენა იყურებოდა.
                   მამა 1849 წლის 21 მარტს გარდაიცვალა. ცხედარი საგვარეულო სასაფლაოს მიაბარეს. იმ დღეს საშინლად ციოდა. გათხრილ საფლავში შავად პირდაღებული სიცარიელე იცდიდა. მიწის სველი ბელტები მძიმე ბრაგუნით ავსებდნენ სამარეს...                   ღიღილოსფრად ჩათრთვილული, მკვდარი თვალების სიცისფრე ედგა თვალწინ... უცნაურად აჟრიალებდა, ძვლების მტვრევა და ციება ეწყებოდა. გადაწყვიტა დედასთან დარჩენილიყო. ავადმყოფობამ ერთიანად მოკუნტა და კიდევაც ჩააწვინა. დედა გულმოდგინედ უვლიდა, მაგრამ ორიოდე კვირა  ვერც  გაჩერდა ლოგინში, ამბები მოსდიოდა ბემმის არმიაზე და გული იქით მიუწევდა, თან ვერც საშინლად მოტეხილი დედის დატოვება წარმოედგინა უპატრონოდ...
                  ქვეყანაში გაზაფხული შლიდა ფრთებს. 
  შანდორს ძალიან უყვარდა წელიწადის ეს დრო, აღფრთოვანებული შეჰყურებდა ბუნების ცვლილებას და რტოებზე ტკივილიანი გადასკდომის სიხარულს ზეიმობდა...  შორს, ცაზე, მოჩანდნენ სამშობლოში დაბრუნებული წეროები, რომლებსაც, თითქოს, ნისკარტებით, დაუწერელი წერილების სუფთა ფურცლებივით, მოჰქონდათ ჟინი გადმოფრენისა. უხაროდა, მაგრამ გარემოს გაფურჩქვნასთან ერთად მისი ავადმყოფობაც ძლიერდებაოდა, თითქოს ათასი ჭია ერთად ხრავდა, ბეჭები ეწვოდა, ხველა მატულობდა, თავბრუ ეხვეოდა და ხელისგულებიც ერთთავად ოფლიანი ჰქონდა...
   გაზაფხული კი იდგა, მაგრამ ცხოვრებაში კვლავ ფერშეცვლილი გაცრეცილობით მოედინებოდა მარადისობის მდინარე... 
                ავისმომასწავებელი ყრანტალით ირეოდნენ ეზოს თავზე ყვავები... 
               17 მაისს ქოლერაშეყრილი მარია გარდაიცვალა. დედა მამის გვერდით დაასაფლავა. უბედურებით გამოფიტული და შერყეული დაუბრუნდა ბემმის არმიას, რომელიც გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა.
               თენდებოდა1849 წლის 31 ივლისი. პეტეფი ხედავდა თუ როგორ ხვდებოდა ყელგამოღადრული განთიადი ამაოების ფლოქვებქვეშ გათელილ დაფნის გვირგვინებს.
შეგეშვარის ველზე გამაყრუებელად და ავისმომასწავებლად გრუხუნებდნენ ზარბაზნები...
               შეტევაზე გადასულ, ძალამოკრებილ მადიარებს შანდორიც შეუერთდა... იღვრებოდა სისხლი, ობლად დარჩენილი ბავშვების ცრემლივით სუფთა სახეები მოლივლივებდნენ სისხლის მდინარეში...
                ზურგიდან წამოსულმა ცხენოსანმა კაზაკებმა საბოლოოდ გატეხეს მადიარები. ერთიანად ოფლში მცურავი პეტეფი თავგანწირვით იბრძოდა. უცებ მკერდში საშინელი ტკივილი იგრძნო - თითქოს ჭრილობაში უშველებელი კოცონი გიზგიზებდა, ისე ეწვოდა შიგნეული... თვალგაშტერებული აჰყურებდა ცას... ჰაერი აღარ ჰყოფნიდა ჭლექიან ფილტვებს, თითქოს ცის ფერის დამახსოვრება უნდოდა, მაგრამ თვალები ეცრემლებოდა, ეხუჭებოდა...
                 დროისშეგრძნებადაკარგულმა დაინახა, როგორ ხვეტდნენ დახოცილ მადიარებს და უშველებელ, შავადხახადაღებულ უზარმაზარ საფლავში ყრიდნენ...
სულთმობრძავს მარტო მაშინღა შეეშინდა, როცა ისიც იქით გადაუძახეს და ზემოდანაც მკვდრები დააყარეს...
                 გამხმარ პირში ჩასდიოდა მიწასთან ერთად აზელილი სისხლი, თანდათან შავდებოდა მისი წილი მზე და აზროვნებას მტანჯავ ბურთად დაცობოდა ბინძური ღალატით გათელილი ერთგულება...
                 მაინც უსაზღვროდ ბედნიერი იყო!
                ქვეყნისთვის ზვარაკად შეწირული, საკუთარ ხალხთან ერთად იმარხებოდა...
                 თანთათან შავდებოდა მისი წილი მეწამულისფერი მზე...
                 ნელ-ნელა უამდებოდა ჭრილობები... 
                 ცოცხლად დამარხულს იმქვეყნიურობისკენ გადასასვლელი ბილიკები თითქოს ემცნაურა კიდეც... ოქროსფერი თავთუხებით განათებულ მინდორზე კი ხელებგაშლილი მამა ელოდა ისევ ძველებური სიცისფრით ანთებული თვალებით...
                 იქით მიდიოდა და გაუბედურებული სამშობლოს ხვალინდელი დღის დარდი მიჰქონდა... 
                  შავი მზე ჩაჰყურებდა უკვე მარადისობაში გარდამავალი პოეტის თვალებში გარდაცვლილ იმედს...
                  შეგეშვარის მხრჩოლავ ველზე კი აკანკალებული წაბლა ცხენი განწირული ჭიხვინით ამაოდ დაეძებდა საყვარელი პატრონის სხეულს...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge