გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სალომე გოგოლაძე - ლექსები



***
კიდევ ერთხელ გაჭრიალდა მზის ბორბალი ცისფერ ცაზე,
ჯეირანი ნაწნავს შლიდა თბილის ქალაქ აივანზე,
ქუჩა იყო ძველისძველი, მოკირწყლული სიპი ქვებით,
პეპლებივით ფრიალებდნენ ჭრელაჭრულა ქათიბები,
ის დღე იყო, ფიროსმანმა მებადური რომ დახატა,
თითქოს, თავის ძარღვებიდან სისხლის ფერი ამოხაპა,
ვის უნახავს მებადური წყალში მდგარი წითელ კაბით?!..
ხარხარებდა, იცინოდა გაბერილი მიკიტანი.
მაიდანზე მოლა კივის, ზარებს რეკდნენ სიონიდან,
ყროყინებდა თეთრი ვირი, მეეზოვე ქუჩას გვიდა.
დილის მადლი ჩამომისხი, მხატვარი ვარ, არ მაქვს ფული...
და გადაკრა თეთრი სისხლი, მიაყოლა ხმელა პური.
მამაჩემი ვაზებს რგავდა, პაპის პაპა ოქროს თავთავს,
ისიც, წითელ ღვინოს სვამდა, მასაც ჰქონდა წილი ქართან.
მე კი, როგორც მთვარეული, შემოდგომის ფერებს ვეტრფი,
დავალ გზა-გზა არეული, როგორც გაფანტული ფეტვი.
იმ აქტრისა მარგარიტას ყვავილები ყვარებია,
ხვალ ურმებით ჩამოვიტან ვარდების ზღვას ალებიანს,
ჩემო მზეო, ალალ იყოს, ერთი ვინმე მხატვრის ქოხი,
მე თბილისის ცაც მეყოფა, რომ მიტიროს ავადმყოფი.
საიათნოვა ლექსად იტყვის, მე რას ვიტყვი მუნჯი ვარ და...
ამ ჩემს ცრემლებს ვინ დაითვლის, მთვარემ ღამეს უჩირაღდნა.
მე გიჟუა კი არა ვარ, კაცი ვარ და ქუდი მხურავს,
ჩემი ტანი მიაქვს ტალღას, რომ მიტირო ფრანციცულად.
დრო ნისლივით გამეფანტა, საზანდარზე უკრავს კინტო,
ირმის რქებში გაიხლართე ჩემო, მგალობელო ჩიტო.
შენ დაირა დაუკარი, ის დაუკრავს თარს და დუდუკს,
მე აღზევანს მივალ მარილს, ჩამოვიტან ლახათლუქუმს,
ნიკალა ვარ, ფიროსმანი, მხატვარი ვარ, ვინ არ მიცნობს?!..
ჯიბით დამაქვს ნატვრისთვალი და გამხმარი ვარდების რტო.
ფუნჯით ვხატე მთვარე ნაზი, მტკვარზე ტივი, ტივზე კაცი,
ვხატე ფოთლის ფიანდაზი და ზამთარი მატრაბაზი,
ჩემი სული ქარს მიჰქონდა, ჩემი ძვლები... ჭამა მიწამ.
თბილის ქალაქს ისე თოვდა, თითქოს ზეცა ჩამოიქცა.




დაბადება

შიშველი მოველ ამ ქვეყანას, შიშველი მივალ...
გადმომაფრქვია ღმერთმა ციდან ალმასთა წვიმა,
არც ღარიბი ვარ, არც მდიდარი, არც მათხოვარი...
მაცვია ტანზე მზით ნაფერი ლექსის ოლარი.
ლიტანიობენ დაჩოქილი ძეწნები ქარში,
მიმიკრავს გულზე დედაჩემი უსისხლოდ დაჭრილს.
რა დრო დამდგარა?!.. ნიღბების და მასკარადების,
ფეხქვეშ გაგიგე მოხასხასე ნორჩი ვარდები,
სულ, ფურცელ-ფურცელ მიმოვფანტე შენს სასთუმალთან,
ლექსებს გიტოვებთ... სნეულ სულის გასაკურნადა.
სად არ ვიარე... ვინ არ ვნახე... გიჟიც, ჭკვიანიც,
გზა მიმასწავლეთ, რომ ვიპოვო ადამიანი?!..
დათვრება მიწა ოქტომბერში ლეში წვიმებით,
რქაწითელს ფეხით დაწურავენ მიწის შვილები,
ოჰო-ჰოიას გასძახებენ მაღალ მწვერვალებს
და ღრუბლის ჯიქნებს ირმებივით ჩამოწველავენ,
ქვის ნაფერდალზე ააფრენენ სანთლებს პეპლებად,
მწიფობის თვეში მზე მტევნებში არ დაეტევა.
დაიხევს კალთებს ჩოხოსანი, ფიცხი ვაჟკაცი,
ხმალი უელავს ალესილი ვერცხლის ქარქაშში.
ენგურის ტალღებს გადაცურავს თეთრი მხედარი,
რომ აფხაზეთში მოიტაცოს მთვარის ქედანი
და როცა უშგულს დააბრძანებს იგი დედოფლად,
ზღაპრულ სუფრაზე მოულხენენ სანაქებოდაც.
ქარი იკივლებს ფრთებდაჭრილი სალკლდოვანებზე
და ცისარტყელას გადიწვენენ მთები მკლავებზე.
ვერცხლის ქამანდებს გადაუგდებს მაღვშვი ორაგულს
და თვალებს კოცნით ამოუშრობს ცრემლით მონამულს.
ლამარიაში იტირებენ ცვილის სანთლები,
სისხლს შევსვამ, ღმერთო... და თავიდან დავიბადები!








გურჯები

იბერთა ხნის ვარ, ვერაფრით მომკლეს,
რა არ მინახავს!.. რა არ მსმენია!..
მე, გმირი ვიყავ, ისე, ვით ცოტნე,
მაგრამ გამცემი არ დამელია.

გამიბატონდა მრისხანე ხანი,
ამიწიოკეს მიწა, ედემი
და აწყვეტილი, ვით დედო ხარი,
ვებრძოდი მომხდურს თავგამეტებით.

ბრძოლის წინ ტანზე მაცმევდნენ აბჯარს,
შიშის ზარს ვცემდი კაცი, მგლისთავა.
ვერ ამცდა მაინც ღალატი, ტანჯვა,
სულგაყიდული ქართველისაგან.

რასაც მინგრევდენ, კვლავ ვაშენებდი:
გარეჯს, ასპინძას, სხალთას, ვარძიას,
მიყივის სისხლი აღმაშენებლის...
ტანზე მგლისფერი ჩოხა მაცვია.

დაღამდება და მიმეჩქარება,
ხმალს მივაძინებ ვერცხლის ქარქაშში
და ჩემი ცოლი, მერცხლისთვალება,
არწევს მძინარე მთვარეს აკვანში.

და მერე, როცა სისხლით გაპოხილ
აბჯარს გავიხდი, გველისტანიანს,
მოდი და... ისე მომიახლოვდი,
ვით ძუძუსავსე ამორძალია.

გურჯი ვარ, გურჯი...
გურჯად მოვკვდები!..
ერთი ვარ, მაგრამ ათასს ვჯობივარ!
მტერო, იცოდე, ჩვენი მომრევი
ამქვეყანაზე ჯერ არ შობილა!




თოვლი იმერეთში

იმ ძველ სახლში,
იმ ძველ სახლში,
მე ბავშვობა დამრჩა,
ახლა, ალბათ, როგორ ბარდნის
ხეებს, ეზოს, ბაღჩას.
იმ ძველ სახლში,
ბუხრის ახლოს,
სამერცხლეა ერთი
და შეღინღლულ ჩიტის ბარტყებს
ყოველ დილით ვჭვრეტდი,
მოფრინავდა თვალმახარა,
გულთეთრა და სკვინჩა
და ნელ-ნელა, ბალახ-ბალახ,
სახლს აგებდა დინჯად.
იმ თბილ ბუდეს,
იმ თბილ კერას,
რა სურნელი ჰქონდა,
ბებომ ღილი დამიკერა,
მტრედისფერი ჰო და!..
მახსოვს, როგორ მაჭრდებოდა
ღვინობისთვის მადლი,
იმ ძველ სახლში,
ალბათ, ღმერთო,
ბარდნის, როგორ ბარდნის.
მთელი ღამე ქსოვდა ბებო,
თეთრი მატყლის წინდას,
შარშანდელი ქორს წაეღო,
ქორს წაეღო შინ და...
ახლა მხოლოდ ცალი თვალით
ვუმზერ ცისფერ ნათელს,
იმ ძველ სახლში, სადაც ქარი
ვერ ჩაამიქრობს სანთელს.
სადაც დადის დედაჩემის
სული ანათრთოლი,
ეზო-ეზო, ღობე-ღობე,
ეფინება თოვლი.
სანამ კიდევ უდგას ფესვი,
ანგელოზის კერას
და სიცოცხლე, ანაკვნესი,
მიხარია ჯერაც.
სანამ ისევ მეძახიან
შეფიფქული მთები,
მოვალ გზებით გადაღლილი
და ზედ დაგაკვდებით.
იმ ძველ სახლში,
იმ თბილ სახლში,
მე ბავშვობა დამრჩა.
ახლა, ალბათ, როგორ ბარდნის...
ხეებს, ეზოს, ბაღჩას.





საქართველო

ქრისტეს პერანგს იცვამს დილა,
ლოცვად დგება მთებზე რადგან,
ჩემი ქვეყნის დარდი მტკივა,
მხარზე დედამიწა მადგას.

ვარ მდუმარე, როგორც თოვლი,
ქარმა ზათქით ჩამომრეკა,
ვინც მარწევდა დედიშობილს,
ის მასმევდა ლექსის ნექტარს.

მაქვს გულ-მკერდი განგმირული,
დამეფერა სული მზისფრად,
ვარ ვენახი გადარგული,
გაყიდული მამასისხლად.

ღმერთმა მადლად მომივლინა
ენა, ტკბილად მოუბარი,
მტერმა ბევრჯერ დამიტორა
მკერდმოჭრილი ამორძალი.

მოვდიოდი სეტყვის ქარში,
არწივს გვავდი შეუპოვარს,
მე ქართველად მიტომ გავჩნდი,
ხან მეხნა და ხან მეომა.

ჩოხა მეცვა ყორნისფერი,
თავზე ქუდად ზეცა მედგა,
ეს სამოთხე, საკვირველი,
მე სამშობლოდ დამებედა!..

ტანთ მეხვია უსურვაზი,
მთაზე მედგა გაც და გაიმ,
მე ვიყავი ფარნავაზი,
ძმა კი - ქუჯი ერისთავი.

იწვიმა და იჟალტამა,
მზე ავფატრე ირმის რქებით,
დავიმშვენე ფარნავაზმა
ვერცხლისფერი ყაწიმები.

როცა ქართველთ მთელი მოდგმა
ჭედდა ხმალს და არმაზობდა,
მარიამი უფალს შობდა,
მეფე მცხეთას დარბაზობდა.

ვინ ვიყავით, რა ვიყავით?!..
რა მისია გვერგო წილად,
ვინ ჩაგვაცვა ვეფხვის ტყავი,
ნეტავ, ესეც მაცოდინა!..

მაგრამ ქალწულ ნინოს თმებით
შეკონილი ვაზის ჯვარით,
ბევრი ჭირი დავითმინეთ,
ქრისტეს რწმენა გავიყავით.

უფლის სისხლით ნაზიარებს,
არ დაგვირჩა მთა და გორა,
ყველგან ჯვარი აღვმართეთ და
ყველგან ლოდი ამოგვქონდა,

გვმტრობდა ყველა მეზობელი,
გვმტრობდა თურქი,
გვმტრობდა სპარსი,
გვმტრობდა ისიც,
ვისაც თასით ლალისფერი ღვინო ვასვით,

საქართველო, ჩემო მიწავ,
წინაპართა სისხლში მდგარო,
ისევ უფლის მადლი გვიცავს...
შე შვილმკვდარო ამორძალო!

მაგრამ ვაი, ამ დროებას,
არც მეფე გვყავს, არც მხედარი,
საქართველო მიწევს გულზე,
ვით დაჭრილი ამირანი.

სულს ვუბერავ მის სატკივარს,
ლექსით ვუშრობ ცრემლის ღვარებს,
ღმერთო, იქნებ მაცოდინა,
ვინ მოგვირჩენს ამ იარებს?!..
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge