გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლალი ასაბაშვილი - ლექსები



გაზაფხული

გაზაფხული შეიმოსავს მწვანე ფარჩას,
ვიცი,სოფლად იყვავილებს ჩვენი ბაღჩა.
წლები მიდის სიყმაწვილე არსად არ ჩანს,
ამ ცხოვრების ქარიშხალში, სადღაც დამრჩა.
დავალ ქვეყნად,დავატარებ დარდის ჩანთას,
გადამღალა წუთისოფლის ალთა-ბალთამ.
ვეღარ ვარჩევ, ტყუილისგან ზოგჯერ მართალს,
ეს ფიქრებიც თამაშობენ ცეცხლის ალთან.
გაზაფხული კვლავ დაიყრის ტანზე კვირტებს,
დავაპურებ, ბაღთან ახლოს, მტრედებს, გვრიტებს,
ვბერდები და გული დარდებს ვეღარ იტევს,
გაზაფხული თვალს ჩამიკრავს ალბათ ისევ.


მოვედი

იასამნის სურნელებას გამოვყვები შენამდე,
უცხო ქვეყნად გადახვეწილს, შენთან მოსვლა შემარგე.
სად არ ვიყავ, რა არ ვნახე, რა გზა გამოვიარე,
ახლა შენს წინაშე ვდგავარ, გვერდი ვერ აგიარე.
მოვდიოდი,თან მომქონდა სიყვარულის დავთარი,
აღარ მინდა გავიხსენო ის ყინვა და ზამთარი.
ჩემი ყველა გაზაფხული აპრილობით იწყება,
სადაც ვნახავ იასამანს, ვიგრძნობ თავდავიწყებას.
მოვედი და შენთან ვრჩები, აღარ მინდა სიცივე,
მე არასდროს შევიცვლები, სულ ვიქნები იგივე.
მიყვარს ლურჯი აპრილი და ამ ჩემს გულში სამალი,
მოვედი და კვლავ ვიხილე ჩემი იასამანი.


შენი მონატრება

შენი მონატრებით ვცოცხლობ,
ბნელშიც შენ მინათებ ლამპარს.
ხანდახან ღრუბლებში ვსახლობ,
გიყვები სევდიან ზღაპარს.
უშენოდ ვაბიჯებ მიწას,
ცრემლი ჩამიგუბდა თვალში,
ყველაფერს დავთმობდი,ვფიცავ,
სიკვდილთან არ ვიყო ვალში.
მომბეზრდა ამგვარი ყოფა,
ქვას ვურტყამ სევდიან როდინს.
ამას ვერ დავარქმევ ყოფნას,
ვეღარც ვეგუები ლოდინს.
ნუ მკითხავთ, ეს იყო როდის?!
ამაზე ფიქრიც კი მზარავს.
დღეები უაზროდ მიდის,
ნაღველს ვერ გავატან არავს.
ყველგან შენ მიკვალავ ბილიკს,
შენ ჩემი ცხოვრება ზიდე.
ვერ შევეგუები ქილიკს,
უფლის წინაშეც რომ ვიდგე.
ზეცა კვლავ დაიყრის ღრუბელს,
წვიმა ჩემს ნაკვალევს წაშლის.
სადღაც ფრთებს შევისხამ დიდველს,
შენთან შესახვედრად გავშლი..


სურნელი

შემოდგომის სიო დაქრის ქუჩა-ქუჩა,
ბაღი ისევ ნარინჯისფრად ელვარებს.
ქრიზანთემებს წელს რა კარგი პირი უჩანს,
მისი სუნი მოსდებია მწვერვალებს.
შემოდგომა დადის, ტყეში დააბიჯებს,
ძოწისფერად შეფერილან შინდები.
იქ ასკილი თავმომწონე გაგვაგიჟებს,
აქეთ ზღმარტლის თვალის ჩაპაჭუნებით.
დაუღიათ პირი წაბლის ზღარბუნიებს,
მსხმოიარე თვალს მოგვტაცებს კუნელი.
რაც დათესა კაცის ხელმა, ვალს გვიბრუნებს,
თავბრუს გვახვევს დედამიწის სურნელი.
საოცარი რამე არის შემოდგომა,
სიკეკლუცე მისგან მონაგონია.
უყვარს, როგორც კარგ მეგობარს გვერდში დგომა,
მისი მსგავსი არსად გაგვიგონია.


შორეული მოგონება

იმ შორეულ მოგონებებს ვეფერები,
ბაღში ვზივარ, საქანელა ქანაობს...
ფეხშიშველი ხევის დაღმართს მივუყვები,
ჩემს ტოლებთან მდინარეში ვბანაობ.
იმ შორეულ მოგონებებს დავტრიალებ,
თუთის ხეზე ჭიკჭიკებდნენ ჩიტები.
ის ფრიალა ჭრელი კაბა მენატრება
მამიდა რომ მიკერავდა ჩითებით.
იმ შორეულ მოგონებებს ვერ ველევი,
ატმის ხეებს ასკდებოდათ ტოტები...
ნაწვიმარი ალუბლები მენატრება
და წვიმაში ტყაპატყუპი ბოტებით.
შორეული მოგონებაც არა მტოვებს,
ჩვენ ერთი გვაქვს, ის ბილიკი, ის წყარო...
სად არ ვიყავ, რა არ ვნახე, მაგრამ მაინც
ცარიელი მეჩვენება სამყარო.


მხატვარი რომ ვიყო 

მხატვარი რომ ვიყო, დავხატავდი ზღვას,
ზღვის ტალღებში ჩუმად გავახვევდი დარდს.
მხატვარი რომ ვიყო, დავხატავდი ცას,
ცის ტატნობზე ზღვასთან ვიცეკვებდი ვალსს.
მხატვარი რომ ვიყო და არ მქონდეს ფუნჯი,
დავდგებოდი ზღვასთან, ვიქნებოდი მუნჯი.
მხატვარი რომ ვიყო, დავხატავდი ზღაპარს,
ზღვის ნაპირზე ტალღებს დავუნთებდი ლამპარს.
მხატვარი რომ ვიყო, ცას წავუშლი ღრუბელს,
დავხატავდი მზეს და თოლიების გუნდებს.
მხატვარი რომ ვიყო, შემოვდგამდი მოლბერტს,
ზღვის ტალღების ხმაურს დავუწერდი ნოტებს.
მხატვარი რომ ვიყო, ვიცხოვრებდი ზღვაზე,
თოლიები მინდა მაღვიძებდნენ ადრე,
რამდენ რამეს ვნატრობ, ვერ მოვსულვარ აზრზე,
ჩემს ოცნებებს, ზღვასაც, ბევრი ნატვრა ვანდე.
მხატვარი რომ ვიყო, ზღვისგან შევქმნი შედევრს,
დავხატავდი ზღვასთან ქალს სევდიანს ჩემებრს.
დავხატავდი ზღვაში ხომალდს აფრადაშლილს
და იპოგრაფს ჩემსას დრო-ჟამიც ვერ წაშლის.


ქორწინება ზღვასთან

მე,დღეს, ჩუმად, ვიქორწინე ზღვასთან,
მზის ჩასვლისას დავიწერეთ ჯვარი...
მოწმეებად თოლიები გვყავდა,
არა მქონდა სულ არაფრის ჯავრი.
ზღვას მოჰქონდა გვირილების ტალღა
და მომხვია ვებერთელა ხელი.
ამიტაცა მეცხრე ცაზე მაღლა,
დამანახა ვარსკვლავების ველი.
მის ტალღებში ვნებივრობდი დიდხანს,
დაგვნათოდა მთვარის შუქი მკრთალი.
მე დღეს ჩუმად ვიქორწინე ზღვასთან
და ვიყავი სიყვარულით მთვრალი..


ვიდრე ფეხზე ვდგავარ

გულში ყველა სინანული 
ცრემლით დამინამავს,
ღმერთო! _ ერთად მომიტევე, 
ვიდრე ფეხზე ვდგავარ.
ვიდრე ჯერ არ დავცემულვარ, 
ვიდრე შემწევს ძალა,
სინანული მომერია, 
ახლა ცოდვილს ვგავარ.
გულში თუ არ ჩავიხედე, 
თუ არ ვიტყვი მართალს,
სინანული დამიმძიმებს 
კარზე მომდგარ ზამთარს.
ღმერთო! _ ვიდრე ფეხზე ვდგავარ
და მაფარებ კალთას,
სევდის ბილიკს ამაცილე,
დაუნდობელ აფთარს.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge