გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნიკოლოზ შამუგია - იტალიური და ბერძნული პოეზიის თარგმანი



                             ლექსები


უგო ფოსკოლო

საღამოს (სონეტი I)

ბედად წერილი სიმშვიდის ხარ რადგან ხატება,
სულს აგრერიგად ეგებ ამად ეძვირფასები,
საღამოვ! და გინდ გვერდით გახლდნენ გულის სალხენად
თიბათვის წვიმა, ძეფიროსის გრილი ალერსი,
გინდ მოუძღოდე თოვლიანი ციდან ამქვეყნად
გრძელ, ბნელ ღამეებს ქარიშხლით და ყინვის ნაბდებით,
მაინც ნანატრი სტუმარი ხარ, შენ გებარება
ამ გულის გზანი იდუმალი და სადავენი.
მოხვალ, გულისთქმით ამადევნებ მარადიული
არარას ბჭემდის მიმცილებელ მიღმურ ბილიკებს;
ამასობაში ეს ლირფი დროც მიჰქრის, მიუძღვის
საზრუნავთა ჯარს, მეც და მასაც რომ გვთანგავს ძლიერ;
თუმც მყუდროებას ვჭვრეტ შენსას და მეომრის სული,
ჩემში მგრგვინავი, მყის ყუჩდება, თვლემს... ძალას იკრებს.


ძაკინთოსს (სონეტი IX)

ფეხს ვეღარასდროს ვეღარ დავდგამ წმინდა ნაპირზე,
სად ჩემი ყრმობის ირწეოდა თბილი აკვანი,
ჩემო ძაკინთოს, ირეკლები შენ ლაჟვარდისფერ
ელადის ზღვაში, აფროდიტე რომ შვა მწყაზარი
და შენს გარშემო ცისიერმა სხვა კუნძულებიც
ღვთიურ ღიმილით სმარაგდისფრად აახავერდა,
შენი წიწვნარით თუ ქათქათა ღრუბლის ქულებით
ვეღარც პოეტმა ვერ დამალა აღფრთოვანება[1]
იმღერა გზნებით, ბედისწერის წყლები მღელვარე
რა გადაცურა ოდისევსმა, ჭირთა მძლევარმა,
კლდოვან ითაკას დაუჩოქა და ეამბორა.
ჩემგან კი მხოლოდ ლექსი მოვა, ვგონებ, შენამდე,
მშობელო მიწავ; შვილს, მარადჟამს რომ შეგნატროდა,
უცრემლოდ წასვლა უწერია ბედისწერადა.


კონსტანტინოს კავაფისი

ითაკა

ნანატრი ითაკის გზას როცა გაჰყვები,
ისურვე, წინ შორი გელოდეს სავალი,
თავგადასავლებით, ღრმა ცოდნით აღსავსე!
ლესტრიგონ-კიკლოპთა შიშს ნუ კი აჰყვები,
ნურც პოსეიდონი შეგაკრთობს საზარი,
ვერ გადაეყრები მათ ვერსად ამ გზაზე,
თუ სულით ხორცამდე რჩეული განცდა გწვავს,
თუ შენი გულისთქმა ზენაარსს შეერთვის.
ლესტრიგონ-კიკლოპებს თვალსაც კი ვერ მოჰკრავ,
ულმობ პოსეიდონს გზად ვერსად შეხვდები,
ოღონდაც მათ სულში ნუ გააჭაჭანებ,
რათა არ დაბრკოლდე აღძრული ეჭვებით.
ისურვე, წინ შორი გელოდეს სავალი,
ზაფხულის კრიალა დილა დაგნათოდეს
ყოველთვის, როცა – ო, რა შვება-სიამით! –
გზად უცნობ ნავსადგურს ეწვევი რაოდენს!
იქ კი ფინიკიურ დახლებთან შეჩერდი,
ძვირფასი, კარგი რამ ხელგაშლით იყიდე:
ქარვა, ეკალმუხა, ძოწი თუ სადაფი
და ნელსაცხებლები, ამო, გულწარმტაცი,
რომელთა შეძენად შენ გული გითქმიდეს!
ეგვიპტის არაერთ ქალაქშიც წადი და...
ბრძენთაგან ისწავლე, ღრმა ცოდნა მიიღე!
ნიადაგ, ყოველ წამს გახსოვდეს ითაკა!
იქ ჩასვლა გხვდა მიზნად და დანიშნულებად.
მაგრამ, მოგზაურო, სულაც ნუ იჩქარებ,
დე, წლობით გატაროს სავალმა უგრძესმა,
რომ კუნძულს მოხუცი მიადგე სრულებით,
თუმც გზად მონაგარით მდიდარი ნუ ელი,
საუნჯით აგავსოს ითაკამ უეცრად!
ითაკამ ზღაპრული მგზავრობა გაჩუქა.
არ გაუყვებოდი უმისოდ სავალ გზას.
სხვა ან რა გიბოძოს, არც აბადია რა.
ღარიბი თუ ნახო, როდი მოგატყუა,
მან გამოცდილებით შენ სიბრძნე გასწავლა,
ბრძენი კი მიხვდები, რას ნიშნავს ითაკა.


გაბრიელე დ’ანუნციო

წერს ქარი

მსუბუქ ქვიშაზე ფრთის კალმებით სათქმელს წერს ქარი
და ნაწერი კი მოქათქათე თვალუწვდენ ზღვისპირს
ესაუბრება გატაცებით, ვინ იცის რაზე...
თუმცა, როცა მზე გადიხრება, მცირედი რკალიც,
ოდნავი რხევაც ბაც ლანდებში ეხვევა ირგვლივ,
თითქოს წამწამთა ჩერო ადგას უტურფეს ღაწვებს.
და ვრცელ ნაპირთა გახუნებულ იერს უეცრად
შენი ღიმილი ასხივოსნებს დაუსრულებლად.


ჯოზუე კარდუჩი

შუადღე ალპებში

ალპების დიად გარემოში, სადაც გრანიტის
ფერნამკრთალი და სალი კლდენი დგანან მდუმარედ,
სადაც ქათქათა მყინვარები გარინდებულან,
თაკარა, ლურჯი, უსასრულო მეფობს შუადღე.
ფიჭვებს და ნაძვებს მზე ეღვრებათ გაშლილ ტოტებში,
ცამდე აშოლტილთ სულ ოდნავი სიოც არ არხევთ,
წკრიალებს მხოლოდ ნაკადული, ვითარცა ქნარი,
ანკარა, ქვებზე მონანავე და მორაკრაკე.


ჯაკომო ლეოპარდი

მთვარეს

ნარნარო მთვარევ, მაგონდება, ამ ბორცვის კალთებს –
სულ ერთი წელი თუ გავიდა მას შემდეგ მხოლოდ –
დამწუხრებული რომ ვსტუმრობდი მე შენს საჭვრეტად,
შენ კი ციაგით დასცქეროდი მაღლით ამ კორომს,
როგორც ამწუთას, როს კვლავ შენი შუქით ნათდება.
თუმც წამწამთაგან მონაწვიმი ცრემლები მზერას
მიბინდავდა და დანისლული, ათრთოლებული
ეჩვენებოდა შენი სახე ჩემს მგზნებარ თვალებს,
რაკი ცხოვრება მქონდა დარდით ერთობ ვნებული,
და კვლავ ასეა, არრა ცვლილა, ძვირფასო მთვარევ!
და მაინც, სულს რა საამური მოიცავს გრძნობა,
იმ ტკივილიან დღეთა ხსოვნა როს მფიფქავს გულში.
სიყრმისას, როცა გრძელი უძევს სავალი იმედს,
მოგონებებს კი სულ არ ჰყავხარ ჯერ დახუნძლული,
მაინც ტკბილია, იხსენებდე წარსულს, თუნდ მწარეს,
გინდაც ცხოვრება ძველებურად გქონდეს ტანჯული!


ერრი დე ლუკა

საახალწლო სადღეგრძელოს წესდება

ამ ჭიქით გაუმარჯოს, ვინც დღეს მორიგეა, ვინც მატარებელშია ან საავადმყოფოში,
სამზარეულოშია, სასტუმროში, რადიოში ან საამქროში,
ზღვაზე, თვითმფრინავში თუ გზატკეცილზე,
მას, ვინც ამ ღამეს ისე გაატარებს, რომ არვინ მიულოცავს,
მთვარეს გაუმარჯოს ამომავალს, გაუმარჯოს ფეხმძიმე გოგოს,
მას, ვინც პირობას დებს, ვინც პირობის ერთგულია,
ვინც გადასახადი გადაიხადა, ვინც ახლა იხდის,
ვინც არსად არ არის დაპატიჟებული,
უცხოელს, ვინც იტალიურს სწავლობს,
მას, ვინც მუსიკას სწავლობს, ვინც ტანგოს ცეკვა იცის,
ვინც სხვისთვის ადგილის დასათმობად წამოდგა,
ვისაც ადგომა არ შეუძლია, ვინც წითლდება,
ვინც დიკენსს კითხულობს, ვინც ფილმის ყურებისას ტირის,
ვინც ტყეებს იცავს, ვინც ხანძარს აქრობს,
ვინც ყველაფერი დაკარგა და ყველაფერს თავიდან იწყებს,
ვინც ღვინოს არ სვამს, მაგრამ ხალისით სწევს თანამეინახეობას,
მას, ვინც არაფერს წარმოადგენს მისთვის, ვისზეც შეყვარებულია,
ვინც სხვათა ხუმრობა-დაცინვას ითმენს 
და მისი პასუხი ის იქნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს გმირი გახდება,
ვინც შეურაცხყოფას ივიწყებს, ვინც ფოტოში იღიმის,
ვინც ფეხით დადის, ვისაც ფეხშიშველა სიარული უყვარს,
ვინც აბრუნებს იმას, რაც მიიღო,
ვისაც ანეკდოტები არ ესმის,
დაე, უკანასკნელი შეურაცხყოფა უკანასკნელი იყოს,
გაუმარჯოს ფრეს, იქსებს ბარათებზე,
მას, წინ რომ დგამს ნაბიჯს და მწყობრს არღვევს,
ვინც ცდილობს, წინ ნაბიჯი წარდგას, თუმც ვერ ახერხებს,
და ბოლოს ამ ჭიქით გაუმარჯოს ყველას, 
ვინც სადღეგრძელოს ღირსია ამ საღამოს,
მაგრამ ჩამოთვლისას არ გვიხსენებია!

[1] უგო ფოსკოლო გულისხმობს ჰომეროსს. „ოდისეაში“ ჰომეროსი ხუთჯერ ახსენებს ძაკინთოსს და აღნიშნავს, რომ იგი კორომებით დაჩრდილული კუნძულია.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge