გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

როლანდ კოპალიანი - სუბტროპიკული მეურნეობის შესახებ



              სუბტროპიკული მეურნეობის, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგის ჩამოყალიბება-დაშლის მოკლე ისტორია და სამომავლოდ მისი რეაბილიტაციის აუცილებლობა

მსოფლიოს მასშტაბით, სუბტროპიკული კულტურებისაგან მიიღება უაღრესად მნიშვნელოვანი, ძვირფასი და, ამასთან, მრავალფეროვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომელთაც ფართო და მრავალმხრივი გამოყენება აქვთ სახალხო მეურნეობის ამა თუ იმ დარგში. უმეტესობა ამ პროდუქტებისა შეუცვლელია და დღესდღეობით ხელოვნურად, ქიმიური სინთეზის გზით არ მიიღება.
სუბტროპიკული კულტურები ჩამოყალიბებულები არიან დედამიწის ორივე ნახევარსფეროს სუბტროპიკულ სარტყელში 200-დან 430-მდე, შეგუებულები არიან ამ სარტყლისათვის დამახასიათებელ აგროკლიმატურ პირობებს და სხვა პირობებში არსებობა არ შეუძლიათ.
ქვეყანა, რომელიც თვითონ ვერ აწარმოებს ამა თუ იმ სუბტროპიკულ პროდუქტს, იძულებულია განახორციელოს მათი იმპორტი სხვა ქვეყნებიდან.
შორეულ წარსულში, რუსეთის იმპერიაში და მის შემადგენლობაში შემავალ საქართველოშიც, სუბტროპიკულ კულტურებზე მოთხოვნილება იმპორტის გზით კმაყოფილდებოდა. ასე ხდებოდა დასაწყისში საბჭოთა კავშირის შემთხვევაშიც, რომელსაც უზარმაზარი ტერიტორია - დედამიწის თითქმის 1/6 ეჭირა. მაგრამ მალევე, იმპორტისაგან განთავისუფლების მიზნით დაიგეგმა სუბტროპიკული კულტურების შემოტანა-ინტროდუქცია და სამრეწველო მასშტაბით დანერგვა. სუბტროპიკული კულტურების დანერგვა დაიგეგმა აღნიშნულ უზარმაზარ ტერიტორიაზე არსებულ, ერთადერთ სუბტროპიკულ ზონაში - საქართველოს სუბტროპიკებში.
ასე დაინერგა  საქართველოში 20-30-იანი წლებიდან დაწყებული ძვირფასი სუბტროპიკული კულტურები: ჩაი, ციტრუსოვნები, ძვირადღირებული სუბტროპიკული და ტროპიკული ეთერზეთოვანი და ცხიმზეთოვანი კულტურები, იშვიათი სუბტროპიკული და ზოგიერთი ტროპიკული წარმოშობის სამკურნალო მცენარეები. შემოტანილი და დანერგილი იქნა სუბტროპიკული ხეხილოვანი და მერქნოვანი კულტურებიც.
ინტროდუქციის პროცესების პარალელურად, წარმოებდა სუბტროპიკულ მცენარეთა ბოტანიკურ-მორფოლოგიური ნიშან-თვისებებისა და აგროტექნოლოგიური თავისებურებების შესწავლა-დაზუსტება და ამ ნიშნებით უკეთესი და საქართველოს სუბტროპიკების აგროკლიმატური პირობებისათვის უკეთესი ფორმების შერჩევა და ფართო სამრეწველო მასშტაბით დანერგვა.
აღნიშნული მიმართულებით სუბტროპიკული კულტურების თავისებურებათა შესწავლა-დადგენისა და შემდგომში მათზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების მიზნით დაარსდა მთელი რიგი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციებისა: ანასეულის ჩაისა და სხვა სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სოხუმის ეთერზეთოვანი კულტურების საცდელი სადგური, გულრიფშის სუბტროპიკული კულტურების საცდელი სადგური, ქობულეთის სუბტროპიკულ სამკურნალო მცენარეთა საცდელი სადგური და სხვა. ამ მიმართულებით, ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ატარებდნენ ბათუმის და თბილისის ბოტანიკური ბაღები.
სუბტროპიკული კულტურების ფართო მასშტაბით დანერგვას და სამრეწველო პლანტაციების გაშენებას უშუალოდ ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო. დაარსდა მთელი რიგი საზოგადოებრივი მეურნეობები. ფართოდ იქნა დანერგილი სუბტროპიკული კულტურები კერძო სექტორშიც. ამრიგად, გასული საუკუნის 30-იან წლებში, საქართველოში, ჩამოყალიბდა სოფლის მეურნეობის ცალკე დარგი - სუბტროპიკული მეურნეობის სახით. დარგს ესაჭიროებოდა უშუალო ხელმძღვანელი და ამ მიზნით დაარსდა სათაო ორგანიზაციები: ტრესტები, სააქციო საზოგადოებები: „საქჩაი“, ,,საქეთერზეთმრეწვი“ და სხვა.
დარგს ესაჭიროებოდა კადრები. სუბტროპიკული მეურნეობისათვის კადრების მომზადება ხდებოდა თავდაპირველად თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, შემდეგ თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც მოგვიანებით ცალკე ფაკულტეტი - სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა. ამ ფაკულტეტის ბაზაზე 1952 წელს ქუთაისში დაარსდა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1959 წელს ეს ინსტიტუტი, სუბტროპიკულ ზონასთან დაახლოების მიზნით ქუთაისიდან სოხუმში იქნა გადატანილი „საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის“ სახელწოდებით. სწორედ ეს ინსტიტუტი დღემდე რჩება ერთადერთ უმაღლეს სასწავლებლად, რომელიც ამზადებს კადრებს ამ დარგისათვის.
დარგის ჩამოყალიბებისათვის გაწეული საორგანიზაციო სამუშაოების პარალელურად, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა სასწავლო დაწესებულებების მიერ ჩატარებული იქნა ფართო მასშტაბის კვლევითი სამუშაოები, დადგენილი იქნა სუბტროპიკულ მცენარეთა აგრობიოლოგიური თავისებურებები. გამორჩეული და ფართო მასშტაბით დანერგილი იქნა სამეურნეო მაჩვენებლების მიხედვით უკეთესი ფორმები. მოგვიანებით, სელექციონერების მიერ გამოყვანილი და წარმეობაში დანერგილი იქნა მაღალპროდუქტიული, დაავადებებისადმი, სასოფლო-სამეურნეო მავნებლებისადმი და გარემოს ექსტრემალური პირობებისადმი გამძლე ჯიშები.
სუბტროპიკულ კულტურათა მოყვანის ინდუსტრიული ტექნოლოგიის ხაზით შეიქმნა რიგი სპეციალური მანქანა-იარაღები.
წარმოების მუშაკებისათვის, ცალკეულ კულტურაზე, ზოგიერთ შემთხვევაში ჯიშების დონეზეც კი შედგენილი და ტიპოგრაფიულად გამოცემული იქნა მოვლა-მოყვანის აგროწესები.
წარმოების მუშაკთა შრომის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით შემუშავებული იქნა რიგი წამახალისებელი ღონისძიებები, რომელთაც უაღრესად დადებითი როლი ითამაშეს, განსაკუთრებით სუბტროპიკულ კულტურათა კერძო სექტორში წარმოების გაფართოების ხაზით.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის შედეგად მიღწეული იქნა სუბტროპიკული კულტურების წარმოების მაღალი დონე. ზოგიერთი კულტურის შემთხვევაში ქვეყნის სახალხო მეურნეობის მოთხოვნილება მთლიანად კმაყოფილდებოდა. ამგვარად სუბტროპიკული მეურნეობა სოფლის მეურნეობის წამყვან დარგად იქცა და რესპუბლიკის  ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა.
საბჭოთა კავშირის  დაშლამ მთლიანად მოშალა საქართველოში სოფლის მეურნეობის მრავალი დარგი და, მათ შორის, განსაკუთრებით სუბტროპიკული მეურნეობა. მოიშალა მეურნეობრიობის ძველი სისტემა, გაუქმდა საზოგადოებრივი მეურნეობები (საბჭოთა მეურნეობები, კოლმეურნეობები) და მიწა საზოგადოებრივი სექტორიდან კერძო სექტორში გადავიდა. შესაბამისად, რესპუბლიკაში მნიშვნელოვნად, ზოგიერთ სუბტროპიკულ კულტურაზე კი კატასტროფულად შემცირდა მიღებული პროდუქციის რაოდენობა. ზოგიერთი, საქართველოში ფართოდ გავრცელებული კულტურა მთლიანად იქნა ამოღებული წარმოებიდან.
ჩამოყალიბდა მეურნეობრიობის ახალი სისტემა - ძირითადად ფერმერული მეურნეობები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები და სხვ. ცხადია მომავალი ამ სისტემას ეკუთვნის, მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ მცირე მასშტაბითაა წარმოდგენილი და რაც მთავარია, მათ საქმიანობას სახელმწიფო ვერ ხელმძღვანელობს, ჯეროვან კოორდინაციასაც ვერ უწევს.
დღეისათვის, საქართველოში, სუბტროპიკული კულტურებიდან ყველაზე პერსპექტიული გახდა, წარსულში, სუბტროპიკულ კულტურებს შორის არც თუ დიდად პრესტიჟული დაფნის კულტურა. დღეისათვის დაფნისაგან მიღებული პროდუქცია უფრო მეტად გადის ექსპორტზე ვიდრე ოდესმე გადიოდა. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაფნის პროდუქტებზე ექსპორტის მოთხოვნილებას საქართველო ვერ აკმაყოფილებს. საერთოდაც, მსოფლიო ბაზარზე დაფნისაგან მიღებული სასაქონლო პროდუქტები - მშრალი ფოთოლი და ეთეროვანი ზეთი დეფიციტშია და ამასთან მათზე მოთხოვნილება ყოველწლიურად იზრდება, მაშინ როდესაც ყველა სხვა დანარჩენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები ჭარბი რაოდენობითაა წარმოდგენილი.
პირველ რიგში სწორედ აღნიშნული გარემოება იწვევს ამ კულტურის წარმოების მასშტაბების სწრაფ ზრდას საქართველოში. ე. ი. დაფნის სასაქონლო პროდუქციის გასაღება სიძნელეებთან არ არის დაკავშირებული, რასაც ქართული დაფნის შემთხვევაში ისიც განაპირობებს, რომ ქართული დაფნა თავისი ხარისხობრივი მაჩვენებლებით ბევრად უკეთესია სხვა ქვეყნებში წარმოებულ დაფნასთან შედარებით.
საქართველოში დაფნის წარმოების სწრაფი ტემპით მიმდინარე გაფართოებას დიდი პერსპექტივა აქვს, რაც გარდა ზემოთ აღნიშნულისა, იმითაცაა განპირობებული, რომ დაფნის კულტურის წარმოებისათვის საქართველოს და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს აგროკლიმატური პირობები სრულ შესაბამისობაშია ამ კულტურის მათზე მოთხოვნებთან.
ამასთან დაკავშირებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, უმეტეს შემთხვევაში, საქართველოს აგროკლიმატური პირობები დაფნის მწარმოებელი სხვა უმეტესი ქვეყნების პირობებთან შედარებით ბევრად უკეთესიცაა. აღნიშნული განაპირობებს იმას, რომ საქართველოში დაფნისაგან მიღებული სასაქონლო პროდუქტების თვითღირებულება, სხვა ქვეყნებში წარმოებულ იგივე პროდუქტების თვითღირებულების ტოლია, უმეტეს შემთხვევაში კი ბევრად უფრო დაბალი.
ყოველივე ზემოთაღნიშნული განაპირობებს დაფნის კულტურის წარმოების რენტაბელობის მაღალ დონეს საქართველოში და მიუთითებს იმაზე, რომ დაფნის კულტურის წარმოების გაფართოების სამომავლო პერსპექტივა რეალურია.
აქვე დგება დარგის გაფართოების სწრაფად წარმართვის ხელმძღვანელობის და სამეცნიერო უზრუნველყოფის აუცილებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფნის წარმოება, განსაკუთრებით ახალი პლანტაციების გაშენება, როგორც ამჟამად მიმდინარეობს გაგრძელდება ქაოტურად - უაღრესად არაერთგავროვანი ნერგებით და თესლებით, რომელთა მეტი წილი ნელი ზრდის მცენარეებს ან დაბალ ზეთშემცველ ინდივიდებს წარმოშობს და შესაბამისად ფართობის ერთეულზე მწვანე მასის (ფოთლების) და ასევე ეთეროვანი ზეთის დაბალ მოსავლიანობას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გამორჩეული იქნას და ახლო მომავალში წარმოებას გადაეცეს დაფნის მაღალმოსავლიანი მექანიზირებული წესით მოვლა-მოყვანისათვის გამოსადეგი ფორმები და გარდა ამისა, შემუშავებული იქნას ან სრულყოფილი-მოდერნიზებული დაფნის კულტურის აგროტექნოლოგიის ზოგიერთი, ჯერ კიდევ დაუხვეწავი, აგროტექნოლოგიის მეთოდი, იმდენად, რომ ის შეესაბამებოდეს დაფნის კულტურის მოვლა-მოყვანის ინდუსტრიულ ტექნოლოგიას.
ამ პრობლემური საკითხების მაღალ დონეზე გადაწყვეტა მოითხოვს სოლიდური სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას სელექციისა და აგროტექნოლოგიის მიმართულებით, რომლის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ბაზაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შესაძლო თანადგომითა და ხელშეწყობით.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ულრიკე ალმუტ ზანდიგი / Ulrike Almut Sandig / - ლექსები (თარგმანი - ბელა ჩეკურიშვილი) ულრიკე ალმუტ ზანდიგი / Ulrike Almut Sandig / - ლექსები (თარგმანი - ბელა ჩეკურიშვილი) ჟურნალი / სტატიები / პოეზია / გამოქვეყნებული დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / გამოქვეყნებული ევგენი ბლიაძე  -  პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ისტორია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge