გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ადა ნემსაძე - ,,ბრილკას" შესახებ



„ცხელი შოკოლადის მისტიკური არომატით“ გაჯერებული საუკუნოვანი ამბები...
(ნინო ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“)


ნინო ხარატიშვილის 1197 გვერდიანი რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ (Das achte Leben (Fur Brilka) ჯერჯერობით ყველაზე მასშტაბურია მის ლიტერატურულ პროდუქციაში როგორც დროსივრცული არეალით, ისე მასში გადმოცემული ამბების ისტორიული, სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი თუ პიროვნული ასპექტებით. იგი 2014 წელს გამოსცა გერმანულმა გამომცემლობამ ფრანკფურტერ ფერლაგსანშტალტმა (Frankfurter Verlagsanstalt), ქართველმა მკითხველმა კი 2019 წელს მიიღო ნინო ბურდულის თარგმანით (გამომცემლობა „ინტელექტი“). რომანი ძალიან სწრაფად მოხვდა გერმანული წიგნების ტოპათეულში. ამ რომანისთვის მწერალს მიღებული ჰქონდა ბოშის სტიპენდია (Das Grenzganger Stipendium der Robert-Bosch-Stiftung), რომლის ფარგლებშიც იმოგზაურა რუსეთში, გაეცნო არქივებსა და ბიბლიოთეკებში დაცულ ცნობებს, ფაქტებსა და ინტერვიუებს საბჭოთა პერიოდის შესახებ. ასე შეაგროვა მასალა. ამ გახმაურებული რომანისთვის მწერალმა მიიღო გერმანული ბიზნესის კულტურის კომიტეტის ლიტერატურული პრემია (Literaturpreis des Kulturkreises der deutschen Wirtschaft) და ანა ზეგერსის პრემია (Anna Seghers-Preis). 2016 წელს ნინო ხარატიშვილი კიდევ ერთი სალიტერატურო პრემიის, ზეპ შელჰორნის სტიპენდიის (Sepp-Schellhorn-Stipendium)  მფლობელი გახდა.
გერმანული სალიტერატურო და სახელოვნებო კრიტიკა გამოსვლისთანავე აქტიურად გამოეხმაურა რომანს. მწერალი, რეჟისორი და ჟურნალისტი ნორბერტ კრონი წერს: „ნინო ხარატიშვილი ოსტატურად უკავშირებს ერთი ქართველი ოჯახის სულისშემძვრელ ცხოვრებას მეოცე საუკუნის რევოლუციათა ისტორიას. საუკუნის რომანი, რომელიც კითხვას მოგაწყურებთ და ძლიერი ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავისი სამშობლოს მამაკაცთა საზოგადოებისგან გათავისუფლდა. მასშტაბური ისტორიული რომანი, ადამიანური ტრაგედიებით ისევე სავსე, როგორც ცხოვრება“. ხოლო მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი ფოლკერ ვაიდერმანი აღნიშნავდა: „ნინო ხარატიშვილმა ევროპის ისტორია ოჯახის ისტორიის სახით ხელახლა მოგვითხრო. წლის საუკეთესო გერმანული რომანი. ფენომენალურია!“ (აღნიშნული შეფასებები დართული აქვს რომანის პირველ ქართულ გამოცემას).
„მერვე სიცოცხლე“ საოჯახო რომანია, იგივე თაობათა რომანი. იგი მძიმე ეპოქის რამდენიმე თაობის ტრაგიკულ თავგადასავალსა და თავად ამ ეპოქის რეალურ სურათს აღადგენს, რის გამოც მას ისტორიული რომანიც კი უწოდეს. „ჩემი საყვარელი ორეულის“ მსგავსად, ისიც წრიული სტრუქტურისაა – დასაწყისი წიგნის ფინალში კიდევ ერთხელ მეორდება. აქ მწერალი უკვე ნაცად ხერხს იყენებს: საუკუნის ამბების თხრობის დაწყებამდე ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ნიცა დისშვილს მიმართავს და განუმარტავს, რატომ აპირებს ამ ყველაფრის მოყოლას. ბოლოს კი კვლავ ამ მიმართვით ამთავრებს და ამგვარად იკვრება რომანის კომპოზიციური ხაზი, ერთგვარი წრე, რომელიც ბრილკას მაპროვოცირებელი საქციელით იწყება და სრულდება (ამაზე ცოტა მოგვიანებით).  
„ამ სტრიქონებს ვუმადლი იმ საუკუნეს, რომელმაც ყველა მოატყუა და ყველას უღალატა, ყველას, ვისაც იმედი ჰქონდა. ამ სტრიქონებს ვუმადლი დაუსრულებელ ღალატს, წყევლასავით რომ გადაუარა ჩემს ოჯახს. ამ სტრიქონებს ვუმადლი ჩემს დას, რომელსაც ვერაფრით ვაპატიე, იმ ღამით უფრთოდ რომ გაფრინდა, ბაბუაჩემს, რომელსაც ჩემმა დამ გული ამოგლიჯა, ჩემს დიდ ბებიას – ოთხმოცდასამი წლისა პა-დე-დეს რომ ცეკვავდა ჩემთან ერთად, დედაჩემს, ღმერთს რომ დაეძებდა... ამ სტრიქონებს ვუმადლი უთვალავ დაღვრილ ცრემლს, ვუმადლი იმას, რომ სამშობლო მივატოვე საკუთარი თავის საპოვნელად და კიდევ უფრო დავიკარგე; მაგრამ უპირველესად შენ გიმადლი ამ სტრიქონებს, ბრილკა.
გიმადლი იმიტომ, რომ შენ იმსახურებ მერვე სიცოცხლეს. როგორც ამბობენ, ციფრი რვა უსასრულობის, მარადიული დინების ტოლფასია... ჩვენ ერთი საუკუნით ვართ გადაჯაჭვულნი, წითელი საუკუნით“, – ამბობს ნიცა და აქედან იწყება კიდეც ერთმანეთზე გადაჯაჭვული რამდენიმე ამბავი, რომლებიც თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება ტექსტში.
რომანს არც ისე ცოტა მთავარი პერსონაჟი ჰყავს (შოკოლადის ფაბრიკანტი, სტასია, ქრისტინე, კიტი, კოსტია, გიორგი ალანია, იდა, სოფიო ერისთავი, ანდრო, ელენე, მიქა, დარია, ნიცა, მირო, ბრილკა...), წიგნის 7 ძირითადი პერსონაჟის ამბავს თითო თავი ეთმობა კიდეც, მაგრამ რომანის უმთავრესი გმირი მაინც დროა, საუკუნე, ეპოქა, რომელმაც, ავტორისავე სიტყვით, „ყველა მოატყუა და ყველას უღალატა, ვისაც იმედი ჰქონდა“. ესაა ეპოქა, რომელმაც თაობების ცხოვრება განსაზღვრა, მე-20 საუკუნის ტოტალიტარული სისტემა, რომელმაც უამრავი ტრაგედია მოიტანა, ადამიანებს პირადი ცხოვრება წაართვა, სიყვარული მოუკლა და მიწიერი ყოფა ჯოჯოხეთად უქცია. რომანის ყველა ძირითადი პერსონაჟის ცხოვრებას სწორედ ეპოქის ეს შეუბრალებლობა აქცევს ტრაგიკულად.
სიუჟეტური ხაზი 1900 წელს იწყება საქართველოს იმ პატარა ქალაქში, „კავკასიის ნიცად რომ უნდა ქცეულიყო“ და 2007 წელს თბილისის ცენტრალურ მოედანზე სრულდება (ნოემბრის აქციებისას). საინტერესოა, რომ მწერალს რომანში საქართველოსა და ევროპის ბევრი ქალაქი და სოფელი აქვს დასახელებული, რომანის გეოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ ამ მთავარ ქალაქს, სადაც დაიწყო ეს ამაღელვებელი ისტორია, ბოლომდე გამოცანად ტოვებს და ყოველთვის ასე ახსენებს – „ქალაქი, კავკასიის ნიცად რომ უნდა ქცეულიყო“ – რაც უთუოდ გაბუნდოვანების ხერხის შეგნებული გამოყენებაა, ერთგვარ გამოუცნობ და სასიამოვნო ბურუსშია გახვეული ადგილი, როგორც რაღაც ძალიან კარგი ამბისა და კარგი დროის სიმბოლო. იმ დროისა, რომელიც მალე დასრულდა და იმ ამბებისა, რომლებიც ძალიან სწრაფად ჩაანაცვლა შეუბრალებელმა და სასტიკმა მოვლენებმა. აღსანიშნავია, რომ ამ ხერხს მწერალი კიდევ რამდენიმე შემთხვევაში მიმართავს, მაგალითად, საკუთარი სახელი არ აქვს შოკოლადის ფაბრიკანტს, „პატარა დიდ კაცს“, სოფელს თბილისის შემოგარენში, სადაც კოსტია ჯაში დასახლდება საქართველოში დაბრუნების შემდეგ...
რომანის სიუჟეტური ხაზის თავსა და ბოლოში დგას უდედმამოდ გაზრდილი, ცხოვრების ბილიკზე გზააბნეული 12 წლის ბრილკა ჯაში, რომელსაც საკუთარ თავში გარკვევის ბოლო იმედად უცხოეთში გადაკარგული დეიდა ესახება. ქორეოგრაფიულ ჯგუფთან ერთად საგასტროლოდ ჩასული პატარა მოცეკვავე ამსტერდამის სასტუმროდან იპარება და აქედან იწყება ამბავიც. ნიცა ხვდება, რომ ერთადერთი, რაც ძიების გზაზე მყოფ ბრილკას სჭირდება საკუთარი თავის საპოვნელად, ეს წინაპართა ცხოვრებისეული გამოცდილებაა. აქ მკითხველის წარმოსახვაში უმალ ჩნდება ოთარ ჭილაძის „მარტის მამლის“ 15 წლის პერსონაჟი ნიკო და მისი თვითიდენტობის პრობლემა, რომლის გადაჭრის გზაც მხოლოდ წინაპართა ცოდვების გააზრება-გაზიარება-ტვირთებაზე გადის. ბრილკაც ამ პრობლების წინაშეა. ნიცა ხვდება, რომ, თუ მთელი ამბავი არ უამბო დისშვილს, ისე არაფერი გამოვა. ამიტომაც იწყებს იგი გვარის ისტორიის თხრობას.  
„მერვე სიცოცხლის“ საუკუნოვანი ისტორია შოკოლადის ფაბრიკანტის ამბით იწყება. ამ გენეალოგიურ ხეზე (რომელიც ილუსტრირებული სახით ერთვის კიდეც წიგნს) ბრილკა მეექვსე თაობაა, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილი. 8-თავიანი რომანი ფაქტობრივად 7 თავისაგან შედგება, თითოეულში თითო ცხოვრებაა მოთხრობილი, 7 მთავარი პერსონაჟის თავგადასავლით მწერალი მთელ ეპოქას აცოცხლებს თავისი რევოლუციებით, პოლიტიკური ინტრიგებით, რეპრესიებით, ომებით, საპროტესტო აქციებით, პირადი ტრაგედიებით... საბჭოთა არქივებსა და ბიბლიოთეკებში მოპოვებული რეალური ამბებით ნინო ხარატიშვილი ისეთ სულისშემძვრელ პასაჟებს ქმნის, რომ მკითხველს სულის მოთქმა უჭირს, დაძაბულობა ხშირად უმაღლეს წერტილს აღწევს, კერძო ამბავი კი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ტრაგიზმამდეა აყვანილი.
ნინო ხარატიშვილი მთელი ეპოქის პოლიტიკურ სურათს აცოცხლებს, დაწყებულს ჯერ კიდევ ცარიზმის დროიდან და დამთავრებულს 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულით. იგი ახერხებს, სისტემის მთელი სისასტიკე სულ ერთი პასაჟით გახადოს ნათელი, ეს მისი მხატვრული ხერხია. მაგალითად, 20-30-იანი წლებისა და მისი მთავარი „შემოქმედის“, ლავრენტი ბერიას სახეს მხოლოდ ქრისტინესთან გაბმული მისი რომანით ხდის ცხადს. სხვა კონკრეტული ამბები, რაც მის სახელს უკავშირდება ისტორიულად ან სულაც მწერლის მიერ შეიძლება იყოს გამოგონილი, აქ არ გვხვდება. „პატარა დიდი კაცი“ ქრისტინეს ქმრის, რამაზ იოსებიძის კოლეგა და მისი უშუალო უფროსია, იგი ერთ-ერთი წვეულებისას გაიცნობს თავისი მოადგილის უმშვენიერეს მეუღლეს და უბედურებებიც აქედან იწყება... ის ძალადობა, რასაც ქრისტინე იტანს საკუთარი ქმრისა და ოჯახის დანარჩენ წევრთა გადასარჩენად, არის ზოგადი სურათი მთელი იმ სისტემური ძალადობისა, რომელსაც ქვეყანა განიცდიდა 20-30-იან წლებში. „შენ არაფერი გესმის, არაფერი, როგორ შეგაგნებინო, აღარ ვიცი, ლამისაა შევიშალო! დღემდე ვერ მიმხვდარხარ, ის ვინ არის და რა შეუძლია! ჯერაც ვერ ხედავ, სად ვცხოვრობთ?“ – ეკითხება გაოცებული ქრისტინე სტასიას, როცა ეს უკანასკნელი შეხვედრების შეწყვეტას სთხოვს. ბოლოს კი სასოწარკვეთილი ქალი იმედგადაწურული ამატებს: „ღმერთი აღარ არსებობს, ვერანაირი ღმერთი ვერ დაგვიხსნის ამ გასაჭირისგან, ასეა, რას იზამ...“. ამ ერთი ტრაგედიის ფონად კი მწერალი სულ ერთი აბზაცით ქმნის ეპოქის სურათს საკმაოდ ფართო პლანით: „...ხმა დადიოდა, რომ რუსეთში მაროდიორი ბავშვების ბანდები გაჩნდა, რომ სასურსათო მაღაზიებთან უსასრულო რიგები იდგა, რომ მუშების ცოლები სხეულით ვაჭრობდნენ ოჯახების გამოსაკვებად. ...გამოჩნდა პლაკატები, სახელმწიფო პოლიტიკური მმართველობის მიერ დაბეჭდილი, სადაც ეწერა: „საკუთარი შვილების ჭამა ბარბაროსული აქტია!“ ზოგჯერ კი მწერალი საგნებისა და მოვლენების უბრალო ჩამოთვლით ქმნის ამომწურავ და ინფორმაციულ სურათს. ამ ხერხს იმპრესიონისტული მანერის ელფერი დაჰკრავს და იგი მრავალი მოვლენის კონდენსირებულად გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ამასთანავე, ის კარგად ეწერება თხზულების ერთიან სტილისტიკაშიც, რამეთუ ნინო ხარატიშვილის რომანი სტილთა თავისუფალი სინთეზით ხასიათდება: „მოგვიანებით გაიხსნა კაფე „ფრანცია“, რესტორანი „ბუდაპეშტი“ და ჩაის სახლი უნივერსიტეტის პირდაპირ. ჩუმ-ჩუმად ვუსმენდით „ამერიკის ხმას“. არსებობდა სასმელი წყლის ავტომატები წარწერით „გაზიანი წყალი“, რომლებიც ყოველთვის გაფუჭებული იყო. არსებობდა გერმანიიდან ჩამოტანილი ჟურნალი ბურდა, რომელიც შავ ბაზარზე იშოვებოდა... არსებობდა ტროლეიბუსები, უკმეხი მილიციელები და დისიდენტებისა და მოღალატეების არალეგალურად დაბეჭდილი და გავრცელებული რომანები... ძალიან პოპულარული იყო რომენ როლანი, რაკი კომუნიზმისადმი სიმპათიას გამოხატავდა და საბჭოთა კავშირს სტუმრობდა... ეგზისტენციალისტები ძნელად იშოვებოდა. გორკი განუსაზღვრელი რაოდენობით იყო...
ძირითადად მკვდარ მწერლებს ვკითხულობდით, თუმცა ჟურნალ „ინოსტრანნაია ლიტერატურის“ წყალობით ზოგჯერ ცოცხლების შესახებაც ვიგებდით რაღაცას...
... ცოტა მოგვიანებით ვყიდულობდით „როლინგ სტოუნზს“, „პინკ ფლოიდს“, „ლედ ზეპელინს“, მერე ამათ „ქუინიც“ დაემატა. 80-იანებში გაჩნდა რუსული როკბენდები, კინო და დდტ, რომელთაც, როგორც ჩანს, ფეხებზე ეკიდათ, სახელმწიფოს მიერ ნებადართული იყო თუ არა გრძელი თმა კაცებისათვის.
იმართებოდა რეაქტიული პოეზიის საღამოები შიდა ეზოებში, სხვენებში, სარდაფებში...“
ნინო ხარატიშვილი საბჭოთა სახელმწიფოში მომხდარ მოვლენებს დამოუკიდებლად არ გვიჩვენებს, დროდადრო მათ მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებთან კონტექსტშიც წარმოგვიდგენს. ამით იგი გარკვეული სახის კონტრასტს ქმნის, რათა დასავლურ და საბჭოთა სამყაროებს შორის განსხვავება გამოკვეთოს. ერთმანეთის გვერდით ალაგებს სამყაროში მიმდინარე პარალელურ მოვლენებს და მხოლოდ ჩამოთვლით ქმნის მსოფლიო პოლიტიკური თუ კულტურული სივრცის ფართო ტილოს, რომელზეც ბევრი განსხვავებული ფერია, თავისი ტრაგედიებითა თუ წარმატებებით, მიღწევებითა თუ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სახიფათო თამაშებით: „დადგა ამაღელვებელი წელიწადი! წელიწადი როცა Luftwaffe დაარსდა, როცა „პორგი და ბესი“ დაიდგა და Summertime გაჟღერდა, როცა გერმანულ რაიხში ჯაზი აიკრძალა, მუსიკალური ავტომატები გაჩნდა, როცა ბილი ჰოლიდეიმ What a little moonlight can do შეასრულა, ის წელიწადი, როცა საბჭოთა ბელადმა ახალი კონსტიტუცია დაწერა, რომელიც მომდევნო წლებში უნდა შესულიყო ძალაში და მილიონობით ადამიანს სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა“. ასახვის მეთოდი კვლავ ისეთივეა, რამდენიმე წინადადება და ძირითადი მოვლენები, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ ან თვალსაჩინო კვალი დაამჩნიეს ეპოქას. ხანდახან კი მწერალი რაღაც ტრაგიკული ამბისთვის წინასწარშესამზადებლად ერთგვარ პეიზაჟურ ფოტოს ქმნის, რომელიც სტატიკურია თავისთავად, მაგრამ ისეთი მძაფრი შეგრძნება მოაქვს, რომ მკითხველი წინასწარ გრძნობს მთელ მომავალ საშინელებებს: „უძლურების მთელი კუნძულები გაჩნდა. ღრუბლები შეიკრა, ზეცამ ელვარება დაკარგა და ქამელეონის ფერი დაედო. მდინარის ნაპირზე მდგარი ტირიფი კიდევ უფრო გადაიხარა და მიწას მოეფერა, სანუგეშებლად. უარესი ახლოვდებოდა და ბუნებას თავი უნდა დაეცვა“. ამგვარი სურათი უამრავია რომანში.  
რაც შეეხება 30-40-იანი წლების შსსკ-ის (НКВД) სისასტიკის ჩვენებას, ამისთვის სტასიას ქალიშვილის ცხოვრების ყველაზე კოშმარული ერთი დღის გახსენებაც კმარა: ფეხმძიმე კიტის დაკითხვა სკოლის ბნელ ოთახში, მერე საკაცეზე გადაკვრა და წამება, მისი მუცლადმყოფი შვილის მოკვლა, ხელოვნური აბორტი და საშვილოსნოს ამოკვეთა იმავე საბჭოთა სკოლის ერთ პატარა ბინძურ ოთახში. ამაზე მეტი სიზუსტე, ალბათ, ძალიან რთულია; ხოლო იმაზე შემზარავი პასაჟი, როცა ოდნავ მოღონიერებული კიტი საკუთარი დაუბადებელი შვილის საფლავს იპოვის და თხრის, ალბათ ლიტერატურაშიც კი იშვიათია: „კიტიმ ხელებით შეიგრძნო, დაინახა: ცხვირი და სახის მოყვანილობა, პაწაწინა წარბები, ტუჩები. შინაგანი მზერით ათვალიერებდა მის სახეს, იცნო. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უნდა შეენახა მეხსიერებაში. სახე, რომელიც არასოდეს ენახა, რომელსაც არასოდეს მოჰფერებოდა. ვერც ატირებულს რომ ვერ ნახავდა და ვერც გაცინებულს, ვერც მძინარეს და ვერც გაღვიძებულს. სამარადისოდ უნდა დაეტოვებინა თავის სიზმრებში, პარალელურ სამყაროში, რომელიც მხოლოდ დახუჭული თვალების მიღმა არსებობდა. იქ მასთან ერთად გაატარებდა ცხოვრებას, მასთან ერთად დაიძინებდა და გაიღვიძებდა. სახელი დაარქვა. მიწა მიაყარა ისევ“. ამ  დამთრგუნველი სცენით მწერალი მთელი ბოლშევიკური სისტემის ხასიათს, რუსული КГБ-ს (სუკ-ის – სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) რეალურ სახეს, მის მიერ ჩატარებული რეპრესიების სისასტიკეს გადმოსცემს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომანში ზედმიწევნითი რეალისტური სიზუსტითაა აღწერილი საბჭოთა სისტემის სახე. ამავდროულად, იგი სერიოზულ მისტიკურ პლანსაც შეიცავს. ეს განსხვავებული რეალისტური და მისტიკური პლანები მთელი რომანის მანძილზე პარალელურად არსებობს და ალაგ-ალაგ საბედისწეროდ იკვეთება ხოლმე. სწორედ ამ გადაკვეთის წერტილებში ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთდროულად ლოგიკური, სიუჟეტური ხაზით განპირობებული და თან მისტიკურად ახსნადი ტრაგიკული ამბები. მისტიკურობა, პირველ რიგში, შოკოლადს უკავშირდება. შოკოლადი, რომელიც ზოგადად უცხოა კავკასიური და ქართული სოციალურ-კულტურული არეალისათვის (მის სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა ითვლება), საქართველოში ევროპულად განსწავლული შოკოლადის ფაბრიკანტის ხელში სრულიად განსხვავებულ, უნიკალურ გემოს იძენს: „შოკოლატერიამ მოახერხა ფრანგული პათისერიის, ავსტრიული ცხობის ტრადიციისა და აღმოსავლეთევროპული მრავალფეროვნების შერწყმა“. „ქართული“ შოკოლადი ისეთივე უნიკალური გამოდის, როგორიც, ზოგადად, კავკასიური კულტურაა, აღმოსავლურ-დასავლური კულტურული პარადიგმის საზღვარზე აღმოცენებულ-განვითარებული. განსაკუთრებით კი ეს ითქმის ცხელი შოკოლადის რეცეპტზე, რომელიც საკუთრივ ქართველი ფაბრიკანტის შექმნილია და რომელსაც უკავშირდება რომანის თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი მოვლენა. „ყოველ დილით, ადრიანად, ექვს საათზე მიდიოდა საკონდიტროში და უზარმაზარ, თანამშრომლების მიერ სხვადასხვა სახეობის ნაწარმისთვის გამზადებულ შოკოლადის მასას საკუთარი ინგრედიენტებით აზავებდა, რის შემდეგაც იქმნებოდა განსაკუთრებული გემო. ვერავინ ახსნა ფორმულის საიდუმლო და სწორედ ამის გამო იყო მისი ნაწარმი ასეთი მიმზიდველი. კარგა ხნის განმავლობაში თავის სპეციალურ დანამატებს მხოლოდ მცირე დოზით აზავებდა შოკოლადის პროდუქტებში, როგორც ფინალურ აკორდს, მაგრამ ყველაზე დიდი საოცრება ცხელი შოკოლადის მისეული რეცეპტი აღმოჩნდა.
რაკი ამ ჯადოსნური ფორმულის დიდმა წარმატებამ ხელი გაუმართა და პატივმოყვარეობით აღსავსე ექსპანსიის ოცნება ჩაუსახა, გეგმავდა, თავისი შემოქმედების გვირგვინი – ცხელი შოკოლადი – მხოლოდ დიდებისა და წარმატების მწვერვალზე მყოფს, თბილისში, მოსკოვში ან პეტერბურგში გამოეტანა სააშკარაოზე, რომ სათითაოდ ყველა გაეოგნებინა. ... დაიფიცა, საკუთარი რეცეპტი ოჯახიდან არ გაეტანა და დროებით საიდუმლოდ შეენახა“. ეს „დროებითი ხანა“ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. რომანის ტექსტიც ისე მთავრდება, რომ იგი კვლავ საიდუმლოა. თუმცა რჩება განცდა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი ამბისთვის ფარდის ახდა სწორედ იმ მერვე თავში უნდა მოხდეს, დაუწერელ მერვე თავში, რომელიც ბრილკას ცხოვრებამ უნდა შეავსოს.  
რომანში მომხდარი ყველა უბედურება რაღაცით უკავშირდება ამ ცხელ შოკოლადს. პირველი, ვინც ამ „მისტიკურ უსიამოვნებას“ აღმოაჩენს, თავად რეცეპტის შემქმნელია. „როცა გადაწყვეტილება მიიღო, ცხელი შოკოლადი არ ეწარმოებინა, ისე კარგად და უსაფრთხოდ იგრძნო თავი, თითქოს ამით უბედურებას გადაურჩაო“, – წერს ავტორი. ეს რაღაც ბნელი წინათგრძნობა მუდმივად სდევს ფაბრიკანტს და შიში კი პირველად მაშინ ეუფლება, როდესაც ჯერ მისი ახლადდაბადებული გოგონა (სტასიას ტყუპისცალი) გარდაიცვლება, მალე კი – თავად ქეთევანიც (ვისაც ორსულობის დროს უმზადებდა ხოლმე ამ განსაკუთრებულ დესერტს). „ამ შოკოლადის მიღება მხოლოდ მცირე ულუფებად შეიძლება, ინგრედიენტების უმცირესი დანამატიც კი უგემრიელესს ხდის შოკოლადის ნებისმიერ ნაწარმს, მაგრამ სუფთა სახით, ასეთი სახით, სტასია, შეიძლება უბედურების მომტანი გახდეს“, – ცდილობს, დაარწმუნოს ქალიშვილი და იმ პირობით უმხელს მას ქორწინების წინაღამით რეცეპტს, რომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს და ისიც მცირე ულუფით. მთელი სიუჟეტის მანძილზე, ყველა შემთხვევას, როცა კი ამ რეცეპტით ცხელ შოკოლადს ამზადებენ, რაიმე ტრაგიკული ამბავი მოჰყვება: სტასიას მიერ დამალულ ნარჩენებს იპოვის თეკლა და იმავე დღეს კვდება; ქრისტინე წლების შემდეგ „პატარა დიდ კაცს“ საკუთარი ხელით უმზადებს და მალე მისი მზეც ჩაესვენება; ღამით ქრისტინეს უეცრად წაადგებიან თავს მირო და ნიცა და შოკოლადის ნარჩენებს, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, გასინჯავენ, მეორე დღეს ჩერნობილის ატომური სადგური ფეთქდება...  
ამის პარალელურად იმავე ცხელ შოკოლადს გადარჩენაც უკავშირდება და პოზიტიურობაც. მას აქვს მაგიური ზემოქმედება და უნარი, ყველაფერზე დაითანხმოს ადამიანი, ოღონდ მისი გასინჯვის ნება მისცენ; ასე ემართება ყველას, ვინც მის არომატს იგრძნობს: ქეთევანი მესამე შვილის გაჩენას თანხმდება, თეკლა მშვიდად ეგებება სიკვდილს საკუთარ ძვირფას საწოლში, დამახინჯებული და დაქვრივებული ქრისტინეს სახეზე ღიმილს მხოლოდ მისი გასინჯვა აჩენს, რაც მთავარია, უმძიმეს 90-იან წლებში სწორედ შოკოლადის ტორტით ახერხებს თავის გატანას სტასიას გაღარიბებული ოჯახი. თავის მხრივ, შოკოლადის ფაბრიკანტი გასაბჭოების მერე წყვეტს შოკოლადის მასისთვის იმ საიდუმლო ნარევის დამატებას, რაც თანდათან ჩამოაქვეითებს შოკოლადის ხარისხსა და პოპულარობას (ბოლოს კი საერთოდ კარგავს ფაბრიკას საბჭოთა ეკონომიკის ნაციონალიზაციის სახელით). ამგვარ პოზიციებში ცხელი შოკოლადი დადებითი კონოტაციის მატარებელია.  
ნინო ხარატიშვილის რომანი მრავალშრიანი, რთული მხატვრული ტექსტია. თხრობის ტემპი ისეთი დაძაბული და მიმზიდველია, რომ დასაწყისიდანვე ითრევს მკითხველს სწორედ განსხვავებულ ამბავთა მონაცვლეობით. აქ სასტიკი საბჭოთა ყოფის პარალელურად სიყვარულის რამდენიმე სულისშემძვრელი ისტორიაცაა მოცემული, კერძოდ კი, ქრისტინესა და რამაზის, კოსტიასა და იდას, კიტისა და ანდროს ამბები. თუმცა ყველა სასიყვარულო ამბავს თან სდევს ეპოქის სისტიკი ხელი და ბედნიერებას ხანგრძლივად არსებობის უფლებას არ აძლევს.
ულამაზესი ქრისტინესა და მისი ქმრის, რამაზის, სიყვარულის ამბავი გამორჩეულია წიგნში. რამაზი, რომელიც საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა, საოცრად დადებითი, ნათელი ფერებით არის დახატული. თითქოს უცნაურია, ასეთ დაწესებულებაში მომსახურე ადამიანი, თან იდეურად სისტემის ერთგული, ფიზიკურად და სულიერად ასეთი მშვენიერი იყოს. კონტარასტი განსაკუთრებით საგრძნობია ბერიას ფონზე. ამასთან, რამაზი სქემატური პერსონაჟია, მისი საქმიანობის შესახებ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით. მკითხველი მხოლოდ მისი უსაზღვრო სიყვარულის მოწმეა. ჩვენი აზრით, მწერალი აქ ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანობის შენარჩუნების შესაძლებლობა მეტნაკლებად ყველგან აქვს ადამიანს, თუ ამისი სურვილი ექნება; შესაძლოა, გარკვეულწილად, იმასაც მიგვანიშნებდეს, რომ არ არსებობს სისტემა, რომელსაც თავისი დადებითი გმირიც არ ეყოლება. ალბათ, ეს არის კიდეც ადამიანობის გადარჩენის ერთ-ერთი მიზეზი და ერის იმედის საბოლოოდ მოსპობის წინააღმდეგ მიმართული შეგნებული აქტი მწერლისა. სიყვარულითა და ადამიანობით რამაზი მშვენიერების გადარჩენას ახერხებს რომანში (მიუხედავად იმისა, რომ ქრისტინეს ფიზიკურ სილამაზეს სპობს). საბოლოოდ, ამ ნაბიჯით მან საყვარელ ქალს სიცოცხლე შეუნარჩუნა და ღირსების გზაზე დააბრუნა, ბოროტებას გამოგლიჯა კლანჭებიდან, თუმცა უდიდესი მსხვერპლის ფასად – თავად შეეწირა.
თითქოს უცნაურია კოსტიას ფაქიზი გრძნობა იდასადმი, თუ იმას გავითვალისწინებით, რასაც საყვარელი ქალის დაკარგვის შემდეგ აკეთებს იგი – დაუნდობელი სისტემის სულით ხორცამდე ერთგული ჩინოვნიკი. ამ პერსონაჟის სახით მწერალმა შექმნა საბჭოთა უშიშროების თანამშრომლის რთული და უაღრესად რეალისტური სახე, რომელიც საოცარი თავდადებით ემსახურება მახინჯ სისტემას, რომელსაც ადამიანური განცდები ეკარგება ამ ერთგულების დროს და საკუთარი საქციელი ყოველთვის სწორი ჰგონია. იგი ერთპიროვნულად განკარგავს ახლობელ ადამიანთა ცხოვრებასაც, არად აგდებს მათ სურვილებს და მხოლოდ საკუთარი პრინციპებისა და შეხედულებების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს. მწერალი ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერს, როგორ ყალიბდება მგრძნობიარე ბავშვისაგან უგრძნობელი და მკაცრი, მახინჯი სისტემისაგან ზნეობრივ სახედაკარგული საბჭოთა ფუნქციონერი. „...სოფლის იდილიით გაბრუებულმა, სადაც მყუდროდ მოიკალათა და კარგი, ძვირფასი ღვინით, უკიდეგანო ბიუროკრატიული შესაძლებლობებით, ზღვარგადასული ნომენკლატურული თვითნებობით და იმ წლების პოლიტიკური სტაგნაციით ზურგგამაგრებულმა ვერც კი შეამჩნია, როგორ შეწყვიტა ისეთ რამეებზე დაფიქრება, რაზეც რუსეთში აღშფოთდებოდა და მკაცრ დასკვნებს გამოიტანდა... ყველა იპარავდა, ყველა ქურდობდა... და ბაბუაჩემმაც მიიღო მონაწილეობა საყოველთაო შეგნებიდან უკანონობის ცნების ამოგდებაში...“. ძნელია თქმა, როგორ წავიდოდა კოსტიას ცხოვრება, ის პირველი და ნამდვილი სიყვარული რომ არ დაეკარგა, შეძლებდა თუ არა ადამიანური სახის შენარჩუნებას და სხვა ადამიანთა გრძნობების, ტკივილისა თუ სიხარულის, გაზიარებას.
რაც შეეხება კიტისა და ანდროს ამბავს, იგი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ხაზია რომანში. მათი სახეებითა და ამბით ნინო ხარატიშვილმა ანტისაბჭოთა შეხედულების, თავისუფლად მოაზროვნე იმ ადამიანთა საგა დაგვიხატა, რომელთაც არასოდეს მისცემს ბედნიერებას რეჟიმი. მათი სიყვარული და ერთგულება დაღუპვისთვისაა განწირული. კიტი ჯაში ანდროს დასაცავად ყველაფერს აკეთებს, იმ საბჭოთა სკოლის საკლასო ოთახიდან ფაქტობრივად მკვდარი გამოდის და ამიტომაცაა, რომ მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება ფიზიკური გაძლებისა და არსებობის მაგალითია მხოლოდ. ვერც სამშობლოში და ვერც საზღვარგარეთ ბედნიერებას ვერ პოულობს, დიდებისა და საქვეყნო აღიარების შემდეგაც კი იგი შინაგანად მკვდარია. მის ცხოვრებაში ალაგ-ალაგ გაელვებული სიყვარულიც კი (ფრედ ლიბლიხი იქნება ეს თუ გიორგი ალანია) ვერ ახერხებს მისთვის ბედნიერი და მშვიდი გარემოს შექმნას (რაღაც გამუდმებული შფოთვა მუდმივად ახლავს მის ყოფას). ანდრო კი ფიზიკურადაც და სულიერადაც გაძარცვული და განადგურებული ბრუნდება გულაგიდან, სადაც ომის დროს გერმანელთა მხარეს გადასვლის გამო გადაასახლეს. „იცი რატომ მიგვიჩნევენ საფრთხედ? ან რატომ გვასახლებენ და ხალხთან ურთიერთობას გვიკრძალავენ? იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს მივხვდით, საკუთარი თვალით ვნახეთ ყველაფერი!.. მათ უნდათ, რომ ყველაფერი დავივიწყოთ, რომ აღარ გავიხსენოთ ის, რაც ვნახეთ, მაგრამ იციან, რომ ეს შეუძლებელია... ასე ცხოვრება ხომ ჯოჯოხეთია! იცი, ყველაზე საშინელი ის კი არ არის, რომ ამ წყეულმა ომმა დაგვახეიბრა, მეგობრები წაგვართვა, ცხოვრება დაგვინგრია, არამედ ის, რომ ამ ომმა ეს ყველაფერი თითქოს და სრულებით „გაამართლა“.
საოცრად ზუსტად აღწერს ნინო ხარატიშვილი საბჭოთა ეპოქის სხვადასხვა პერიოდს: ომის უმძიმეს წლებს, საბჭოთა სისტემის ბრძოლას ანტისაბჭოთა განწყობილების ადამიანთა წინააღმდეგ, „უმამო გოგოებისა და უდედო ბიჭების“, „პარტიული სამკერდე ნიშნების დროს“, პოსტსტალინურ ხანას, როდესაც დიქტატურის წლები ხრუშჩოვის ვოლუნტარისტულმა მმართველობამ ჩაანაცვლა, „ოტტეპელს“ და სტაგნაციამდე მისულ ქვეყანას, „პრაღის ნაადრევ გაზაფხულს“, გორბაჩოვის „პერესტროიკასა“ და „გლასტნოსტის“, 1989 წლის აპრილის დღეებსა და ქაოსურ 90-იანებს... როგორც თავად აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში, ამისთვის სპეციალურად მოუხდა მე-20 საუკუნის საბჭოთა ისტორიის შესწავლა: „კვლევის პროცესში აღმოვაჩინე, რომ მთელი ჩემი ცოდნა XX საუკუნის საქართველოს ისტორიის შესახებ ბევრად მწირი იყო დასავლეთის ან თუნდაც ნაცისტების შესახებ ცოდნაზე. დავიწყე კვლევა და იმდენი რამ აღმოვაჩინე, რომ თავი ალისა მეგონა... საოცრებათა ქვეყანაში. ეს დროში მოგზაურობას ჰგავდა, საიდანაც გავიგე, რომ ჩვენ საკუთარ ისტორიას არ ვიცნობთ!  90-იანი წლებიდან გადავედი 80-იან წლებზე, მერე 70-იანებს მივადექი. ამასობაში ნელ-ნელა მეც ჩამოვყალიბდი, რომ ოჯახზე უნდა დამეწერა და მთელი ეს ისტორია ერთი ოჯახის მაგალითით მომეყოლა“. სწორედ ამიტომ ეპოქის ხატვისას მწერალი, რომელიც თავად გლობალიზაციის ეპოქის შვილია, უზუსტესად აღწერს დროს და ამის მიხედვით აწყობს პერსონაჟთა პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებასაც, შესაბამისად – მიზეზშედეგობრივ კავშირებსაც დროსა და ადამიანთა ტრაგედიებსა თუ წარმატებებს შორის. რომანში რეალისტურია საბჭოთა ბელადების სახეებიც, გენერალსიმუსი იქნება ეს თუ „პატარა დიდი კაცი“, ხრუშჩოვი თუ ბრეჟნევი...
ნინო ხარატიშვილის მრავალგვერდიანი რომანი ბევრ თემასა და პრობლემას ეხება: მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის კონფლიქტი, ოჯახის წევრთა იდეოლოგიური შეუთავსებლობა, დანაშაულისა და სასჯელის, აღზრდისა და მენტალიტეტის, თავისუფლებისა და მორჩილების, ძალადობისა და სიყვარულის პრობლემები... ამ ყველაფრისთვის კი მწერალი ფართო მხატვრულ ტილოს ქმნის, ერთ-ერთი პერსონაჟის, სტასიას თქმით, მრავალფეროვან ხელით ნაქსოვ ხალიჩას, რომელშიც ყველა ძაფი ცალკე ისტორიაა და ყველამ მასზე თავისი ამბავი უნდა იპოვოს... ეს რომანი კიდევ ერთი საშუალებაა იმისა, რომ ერმა (ქვეყანამ) საკუთარი განვლილი ცხოვრება გაიხსენოს, შეაფასოს და დასკვნები გამოიტანოს, შეცდომები დაინახოს და გადარჩენის გზა იპოვოს, „თუკი მართლა აპირებს გადარჩენას“ (როგორც ოთარ ჭილაძე ამბობს). ოჯახისა და გვარის ისტორიით ერის ბედისა და გზის ჩვენება ამ რომანს სწორედ ოთარ ჭილაძის „გოდორთან“ აახლოებს.  
თავის მხრივ, ცალკე საუბრის თემაა ნინო ხარატიშვილის მხატვრული ენის თავისებურებებიც, რომელიც ბევრ საინტერესო კომპონენტს შეიცავს. ჩვენ ამჯერად მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევჩერდებით. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ მაგიური რეალიზმის ელემენტების გამოყენება, რაც მის წინანდელ რომანებში არ შეგვხვედრია. აქ უპირველესად ყურადღებას იქცევს სტასიას მხატვრული სახე, რომელიც უნებურად გვახსენებს ურსულასაც მარკესის „მარტოობის ასი წელიწადიდან“ და ფოთოლასაც ოთარ ჭილაძის რომანიდან „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“. თაობები იბადებიან, ცხოვრობენ, ამ ქვეყნიდან მიდიან, სტასია კი რომანში გათამაშებული მთელი ამბის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი აქტორია. იგი 1900 წელს დაიბადა და, მართალია ხანში შევიდა, მაგრამ მაინც მთელი საუკუნის მემატიანეა და ძალიან რთულ 90-იან წლებში – ფაქტობრივად  ოჯახის ერთადერთი გადამრჩენი. მისი ცხელი შოკოლადის რეცეპტი, რომელსაც იგი ტორტებში იყენებს, ფიზიკური დაღუპვისაგან იხსნის შთამომავლობას. თან იმის გავითვალისწინება, რომ სტასია ერთადერთი მცოდნე და შემნახველია ამ რეცეპტისა, რომელიც საკუთარი არჩევანით უნდა გადასცეს ერთ-ერთ შთამომავალს ასევე საიდუმლოს დაცვის პირობით, კიდევ უფრო აძლიერებს ამ მაგიურრეალისტურ ხაზს რომანში. აქვე უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი ნიშანიც: სტასია გამუდმებით ხედავს და ესაუბრება გარდაცვლილ ადამიანებს. რომანის განუყრელი კომპონენტია კარგა ხნის გარდაცვლილი სოფიოსა და თეკლეს კარტის თამაშის სცენა ჯერ ქრისტინეს სასახლის, მერე კი მწვანე სახლის ბაღში, რომელსაც გამუდმებით ხედავს იგი და რომელთა გამოჩენაც ყოველთვის რაღაც ახალი ტრაგედიის მაუწყებელია. მეტიც, სტასია არა მარტო ხედავს მათ, არამედ ესაუბრება კიდეც. ამის შესახებ კი მხოლოდ ნიცას უმხელს, რადგან იგი განსაკუთრებულ ბავშვად მიაჩნია ოჯახში (აკი შოკოლადის რეცეპტის საიდუმლოს მფლობელიც ნიცა ხდება სტასიას შემდეგ).
„ – ხედავ იმ ალუბლის ხეს? იქ ზოგჯერ ჩემი მეგობარი მოდის ხოლმე. დგება ხის ძირას და მიღიმის. ზოგჯერ სხვა მეგობარიც მოდის ხოლმე და მერე ბანქოს თამაშობენ იქ, ქვემოთ. მაგრამ სინამდვილეში ვერ უნდა მოდიოდნენ. რადგან დიდი ხნის მკვდრები არიან.
. . .
– ეს ხომ შეუძლებელია, ბებო.
. . .
– ჩვენ, ადამიანებს, ზოგჯერ რაღაცების ახსნა არ შეგვიძლია, ზოგჯერ არც გვესმის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს რაღაცები არ არსებობს, რაკი ადამიანთა უმრავლესობა მათ ვერ ხედავს და ვერ იჯერებს. .... ახლა არცერთი არ არის აქ. ალბათ, იმათაც სძინავთ ხოლმე. არ ვიცი, შეძლებ მათ დანახვას თუ არა. უმრავლესობა იმიტომ ვერ ხედავს, რომ ან საერთოდ არ იცნობდნენ, ან საკმარისად არ უყვარდათ...“  
საყურადღებოა ასევე რომანის არქიტექტონიკა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი 8 (ფაქტობრივად 7) თავისაგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, ქვეთავებად იყოფა. თითოეულ მათგანს კი რაოდენობრივი (ან სხვა ტიპის) აღმნიშვნელის მაგივრად გამოყოფს ეპიგრაფი, ყველა ქვეთავს საკუთარი ეპიგრაფი აქვს, რომელთა ფუნქციური დანიშნულების კვლევა უთუოდ ძალზე საინტერესო შედეგამდე მიგვიყვანს, თუმც ერთი შეხედვით რაც შეიძლება ითქვას, ისაა, რომ ეს ეპიგრაფები თავისებური სათაურებია ამ ნაწილებისა. ისინი ხან პირდაპირ, ხან კი ირონიულად გამოხატავენ მთავარ სათქმელს. შინაარსობრივად მწერლის ეპიგრაფები მრავალფეროვანია: ციტატები ცნობილი პოეტებისა და მწერლების ტექსტებიდან თუ ხელოვანთა გამონათქვამები:
„მაშ, მწყობრში! არავინ მოდუნდეთ!
მე ყბედ ორატორებს ვაუწყებ:
– თქვენ, ეი! გეყოფათ! დადუმდით!
სიტყვა აქვს ამხანაგ მაუზერს!“;
(მაიაკოვსკი)
„ჭვრეტა იმ დროთა – უიმედო ჭვრეტაა ჩიხის,
ფუჭსიტყვაობა – რაიც დამრჩა – აზრს და გულს მიღრღნის,
და შეფურთხებით არ ვაღვიძებ დინოზავრს მავნეს“;
(ბროდსკი)
„დესპოტები მიდრეკილნი არიან ილუზიებისაკენ“;
(ჩეხოვი)
„ვარ მიმწყვდეული, როგორც ნადირი...
თავისუფლება სულზე ტკბილია...
ირგვლივ მდევნელთა მესმის ქადილი
და გასაქცევიც ჩახერგილია“;
(პასტერნაკი)
„შენ უკვე მკვდარი ხარ, შრიალა
ფიფქებში ხარ მიწას დახლილი.
თავს გადგას ოცდარვა ხიშტიანი
და ხუთიც – ტყვიების დამხლელი“;
(ახმატოვა)
„მან ხომ მემკვიდრენი დატოვა იმდენი,
მსოფლიოს ავსებენ კიდიდან კიდემდე,
მე მგონი, კუბოში უდგას ტელეფონი
და იმ მემკვიდრეებს აძლევს მითითებებს.
იგი არ მომკვდარა... ახლაც არ გვასვენებს...“
(ევტუშენკო)
„ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში,
უდაბურებად იქცა სოფელი,
ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი“;
(გალაკტიონი)
„მწუხარების უფლება პრივილეგიაა“
(შოსტაკოვიჩი)
ასევე ნაწყვეტები საბჭოთა პლაკატებიდან:

„სკკპ ჩვენი ეპოქის გონება, დიდება და სინდისია!“
„რეპრესიები აღმზრდელობითი ღონისძიებებია!“
„მეტი ლითონი – მეტი იარაღი!“
„საბჭოთა ხელისუფლება არ სჯის, ის გამოსწორებას ემსახურება.“
„საბჭოთა რაკეტა მშვიდობისთვის შეიქმნა!“
„სულ უფრო უკეთესი, სულ უფრო ხალისიანია მშრომელთა ცხოვრება!“

საკმაოდ მრავლად გვხვდება სოციალიზმის იდეოლოგთა გამონათქვამები:
„როგორც ცნობილია, სამოქალაქო ომს თავისი კანონები აქვს და ისინი ჰუმანურ კანონებად არასდროს მიიჩნეოდა“ (ტროცკი);
„მიზანი არ მაინტერესებს, მთავარი მოძრაობაა“ (ლუქსემბურგი);
„რუსეთის მასებს რამე ძალიან მარტივი და მათი ტვინისთვის გასაგები უნდა დაანახო, კომუნიზმი კი – მარტივია“ (ლენინი);
„რევოლუციები ყოველთვის უზრდელობით გამოირჩეოდა; ალბათ იმიტომ, რომ გაბატონებული კლასები ზედმეტად არ იწუხებდნენ თავს, ხალხს კარგი მანერები ესწავლა“ (ტროცკი);
„გერმანიაში რევოლუცია არ მოხდება, რადგან ამისთვის გაზონის გათელვა იქნებოდა საჭირო“ (ლენინი);
„ერთი კაცის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონების სიკვდილი კი – მხოლოდ სტატისტიკა“ (გენერალსიმუსი);
„ასე როგორ შეიძლება, თითქოს არ გვცოდნოდა, რა ხდებოდა?“ (ხრუშჩოვი);
იშვიათად, მაგრამ გვხვდება ნაწყვეტებიც სოციალისტური ლექსებიდან და სიმღერებიდან:
„ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს,
ძმებო, დავცინოთ სიკვდილს!
მონობას მოვუღოთ ბოლო,
დავლოცოთ უკანასკნელი ბრძოლა“...
გამონაკლისი ამ მხრივ მხოლოდ ორი ქვეთავია. საექსპოზიციო ნაწილს უზის სათაურად „2006“, ხოლო რომანის ბოლო ქვეთავს – „2007“, რაც წლებზე მიუთითებს და თხრობის დასაწყისსა და დასასრულს აღნიშნავს. ეს ქვეთავები კრავენ სწორედ კომპოზიციურ რკალს. მწერლის ამგვარი გადაწყვეტილება რომანის ქვეთავებად დაყოფისა აზრობრივად ძალიან საინტერესოა და ფუნქციურად მნიშვნელოვანი.        
რომანს ორიგინალური დასასრული აქვს, ფაქტობრივად, ავტორი მხოლოდ შვიდ ცხოვრებას აღწერს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მერვეს კი ცარიელს ტოვებს – წიგნის მერვე თავი „ბრილკა“ ცარიელი ფურცელია, ცარიელი ფურცლით კი მწერალი იმედისა და გადარჩენის სივრცეს ქმნის... ეს მომავალია, რომელიც ბრილკამ საკუთარი ცხოვრებით უნდა დაწეროს. ნიცას მოთხრობილი ამბები მას წარსულსა და მომავალს შორის გადებულ ხიდად უნდა ექცეს, წინაპართა ცხოვრების გააზრებით სწორი გზა უნდა იპოვოს, მათი შეცდომებისა და ცოდვების მიღმა ჭეშმარიტება უნდა დაინახოს, დეიდას მიზანიც ესაა და გადარჩენის ერთადერთი გზაც:        
„შენი ჯერია ბრილკა.
შენ ჯადოსნური ბავშვი ხარ. შენ უნდა გააპო ზეცა და ქაოსი, გაგვცდე ყველას, გაარღვიო ეს სტრიქონები, გაარღვიო მოჩვენებითი სამყაროც და რეალურიც... გაკვეთო ბედისწერა...
მეც უნდა მძლიო და საკუთარ თავსაც.
ყველა ომი უნდა გადაიტანო. ყველა საზღვარი უნდა გადალახო... დაანგრიე ეს ყველაფერი, რადგან შენ ეს შეგიძლია.
შენ შეძლებ ამას“.
წიგნის ბოლო ეპიზოდიც 2007 წლის ნოემბრის აქციაა, სადაც ევროპიდან დაბრუნებული, ვალმოხდილი ნიცა მეამბოხე დისშვილს ეძებს გზაზე დასაყენებლად: „მე ყველა სიტყვა დაგიწერე, რაც მებადა“, – წარმოთქვამს იგი. ეს ისაა, რისი გაღებაც ნიცამ შეძლო საკუთარი ცხოვრების გაანალიზებისა და მოვალეობების გააზრების შემდეგ, შეძლო დიდი ტკივილის ფასად და მომავლის წინაშე აუცილებელი პასუხისმგებლობის აღებით. ეს კი ის მოვალეობაა, რომელიც ობოლი დისწულის წინაშე ეკისრებოდა მას და რომელიც, ბოლოს და ბოლოს, მისი სიმშვიდისა და ჰარმონიული ცხოვრებისთვისაც იყო აუცილებელი:
„სულ რამდენიმე მეტრიღა გვაშორებდა, რამდენიმე წუთი, მაგრამ ისინი რაღას შეცვლიდნენ, როცა ჩვენ უკვე მთელი საუკუნე გადავკვეთეთ ერთად?
ტუჩების მოძრაობაზე შეგატყვე, რომ ჩემი სახელი წარმოთქვი და თავი დაგიქნიე: ჰო, აქ ვარ. ახლავე შენთან გავჩნდები. მერე გაიღიმე, ხელი ასწიე და შორიდან გამომიწოდე. ამის შემხედვარემ რატომღაც გავიფიქრე, რომ ეს ცხოვრება სადღაც ოდესღაც სიზმარში მინახავს.
რამდენიმე წამიც და ჩვენ ერთმანეთს ვიპოვით“.
რაც შეეხება რომანის მერვე დაუწერელ თავს, მწერლის კონცეფციით, იგი შეიძლება ყველაზე საინტერესო და მთავარიც კი იყოს რომანში. მანამდე, მთელ 1197 გვერდზე გათამაშებული ამბავი ერთი დიდი ტრაგედიაა, რომლის ცალკეული შემადგენელი ნაწილები ერთმანეთიდან გამომდინარეობენ, ვერცერთი მთავარი პერსონაჟი ბედნიერებას ვერ პოულობს, ისე მიდის ცხოვრებიდან. ვერცერთი მათგანი ცხელი შოკოლადის წყევლის თავიდან აცილებას ვერ ახერხებს. მხოლოდ ბრილკა იძლევა ამის იმედს (მისი უცნაურობები და განსხვავებული დამოკიდებულება ყველაფრისადმი, თუნდაც საჭმელების ფერებით არჩევა, რომელშიც ყავისფერიც სიკვდილის ფერია და მის მენიუში არ შედის. ბრილკა ერთადერთია, ვინც ცხელი შოკოლადის მისტიკურ მიმზიდველობას სძლევს, გულგრილად შეხედავს და ამბობს: „ყავისფერს ისედაც არაფერს ვჭამ!“); მან – „ზეცისა და ქაოსის გამპობმა“, „ყველა საზღვრის გადამლახავმა“ და „ბედისწერის დამმარცხებელმა“ – უნდა შეძლოს ბედნიერების მოპოვება, რაც, რომანის კონცეფციიდან გამომდინარე, ცხელი შოლოკადის წყევლის გაუვნებელყოფით იქნება შესაძლებელი. ამ გზაზე ბრილკას უთუოდ დაეხმარება წინაპართა გამოცდილება, მათი გამბედაობა თუ შეცდომები, სიყვარულით აშენებული თუ სიძულვილით დანგრეული... მთელი ეს ამბავი, დეიდის მიერ აღწერილი, მისკენ – მომავლისკენ გადასარჩენად გაწვდენილი ხელია; თაობათა შორის გაწვდენილი ხელი კი არსებული უნდობლობის საბოლოო დაძლევის, ჩადენილი შეცდომების დავიწყების, სინანულისა და პატიების მკაფიო ნიშანია.


скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
სოფიკო ჭუმბურიძე - ბექა ქურხულის „სამოთხიდან გაქცეულები“ პოსტმოდერნისტულ ჭრილში სოფიკო ჭუმბურიძე - ბექა ქურხულის „სამოთხიდან გაქცეულები“ პოსტმოდერნისტულ ჭრილში ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები იაშა კუჭუხიძე   -  შალვა ნუცუბიძის მოგონებებიდან იაშა კუჭუხიძე - შალვა ნუცუბიძის მოგონებებიდან ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / გამოქვეყნებული მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში ჟურნალი / ესეისტიკა / ისტორია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge