ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ბაჩანა ჩაბრაძე - ფრანგული პოეზიის თარგმანი
ფრანგული პოეზიის თარგმანი
ჟოაკიმ დიუ ბელე
ნეტავი მას, ვინც მოვლო მსოფლიო
ნეტავი მას, ვინც მოვლო მსოფლიო
და, ვით იაზონ და ოდისევსი,
გამოცდილებით და სიბრძნით სავსე,
კვლავ დაუბრუნდა მხარეს მშობლიურს!
ეჰ, როდის ვნახავ კვამლის დინებას
ჩემი პატარა საკვამურიდან,
ეზოს, ასე რომ საამურია
და ზვრებზე მეტად მეწადინება?
რომის სასახლეს მე მირჩევნია
ქოხი, მშობლით რომ შემომრჩენია,
მარმარილოებს – თხელი ფიქალი,
მე ვამჯობინე ლუარა ტიბროსს,
პალატინს ჩემი სოფელი მიჯობს,
ზღვის ჰავას – ანჟუს მსუბუქი ქარი.
ჟოზე-მარია დე ერედია
მშვენიერი ჩელო
აივნის ზღუდეს დაყრდნობილი, გასცქერის ქალი
გზას, ლუარადან იტალიის წყლებისკენ მავალს,
შუბლს ზეთისხილის გახუნებულ რტოებში მალავს.
წინ, ია ყვავის, თუმცა ისიც დაჭკნება მალე.
ჩელოზე უკრავს, დასტყობია თითებზე დაღლა,
ასე იქარვებს მარტოობის მელანქოლიას.
მისი ოცნება იმ საყვარელ კაცს გაჰყოლია,
ვინც მიატოვა და რომაულ მტვერს ტკეპნის ახლა.
ქალი, რომელსაც ის ეძახდა "ანჟუს სიამეს",
სულს ანგელოსურს მთრთოლავ სიმზე ახეტიალებს,
როდესაც ამღვრევს კაეშანი და გულს უსერავს;
და შორს, ქარს ატანს იმ სიმღერას, მისგან ყურმოკრულს,
მისსავე შექმნილს - ქარი, ალბათ, მიაგნებს ორგულს -
ოდესღაც, ხორბლის გამცხავებელს რომ დაუწერა.
ედუარ აზური
ლიბანი
აქ დღეებს უბე ფორთოხლების სუნით ევსებათ,
აქ ვენახია და ხეხილი აღთქმული მიწის,
აქ მუხამ ტაძრის შესასვლელის მოჩრდილვა იცის,
ხოლო მეცხვარემ - სალამურის მწარედ კვნესება.
აქ ნახავთ წყაროს, ქონდრის ფოთლებს შორის მორბენალს,
ნახავთ მოლაღურს, სტვენა-სტვენით რომ მისდევს ფუტკარს,
აქ ხეივანი მთით ნაბერი ნიავით სუნთქავს
და ფიჭვის წვერზე შემომჯდარა ჭრიჭინობელა.
აქ საფლავია ადონისის, აკვანი სიტყვის,
ეს არის მიწა, სადაც კვლავაც მეფობს კედარი,
მისი სახელი არის ლურჯი და ისე ითქმის,
როგორც გულისთვის ლოცვა, ანდა ბაგისთვის ვნება,
რომელიც ამბობს: "ნეტარია, სამგზის ნეტარი,
ვისაც ლიბანში თხისთვის ბაგა მოეპოვება".
ალექსანდრ ნაჟარი
თავზე ტომარაჩამოცმული
მარტოდმარტო
თავზე ტომარაჩამოცმული
ხელფეხშეკრული
ბოძზე ჩამოკიდებული
ლოცულობ
დრო რომ მოკლა
სანამ თავად მოგკლავს
თვალებს ატრიალებ
შიგნით იყურები
შენს გულს ხედავ
სიყვარულით სავსეს
შენს ნებას
უცვლელს
შენს მოგონებებს
ხელუხლებელს
და თვალები გიცისკროვნდება
დროის
ბოძის
და თავზე ტომრის მიუხედავად
ალექსანდრ ნაჟარი
გულგასაგმირი
შენი კოცნა
ღია ჭრილობასავით ქორფა
შენი გულის ჩქროლვა
მზეზე რომ ხელახლა ცოცხლდება
სიყვარულის სიამეები
ზღვასავით შმაგი
ჩვენი უძრავი სხეულები
და ჩვენი უტყვი ღიმილი
იქ სადღაც
ქარი მოედინება
დაჭრილი ჯვრიდან
ხოლო ბავშვი
სისხლით მოთხვრილი ხელებით
სილაში ცურავს
და ტოვებს ანაბეჭდს
ანაბეჭდს
ქორფას კოცნასავით
ან ღია ჭრილობასავით
ალენ სუშონი
გაფრენილა სიყვარული
(ფრანსუა ტრიუფოს იმავე სახელწოდების ფილმიდან)
კოცნა - აღბეჭდილი მგრძნობიარე კანზე,
სურათები - განზე მოსროლილი განძი...
რას დავეძებთ! თუ ნაღველი დაგვღლის,
შემოვახვევთ გამჭვირვალე გრაგნილს.
ველვარებდით, გული სიყვარულით ძგერდა.
და ვცხოვრობდით ორნი და ვტკბებოდით ერთად...
უმალ: ჭიქის ნამსხვრევები - ხელში,
სისხლის წვეთი - ფაიფურის თეფშზე!
დროს, დროს
ვერ გავუძელით!
ალბობს
შენს ლოყას ცრემლი.
ვამჯობინებთ სიტყვას დუმილს.
გაფრენილა
სიყვარული.
და მოვიდა ბავშვი მაქმანებში ვერცხლის -
დაბრუნება უყვართ შორს გაფრენილ მერცხლებს.
მივატოვე სულ ახალი ბინა!
ანტუანი, კოლეტი, საბინი...
მუდამ იმას ველტვი, რაც ვერ დავიგულე -
გოგოების სურნელს, ცრემლის თაიგულებს.
იმ სითხესაც ეს სურნელი სდევდა,
კეფაზე რომ ისხურებდა დედა.
დროს, დროს
ვერ გავუძელით!
ალბობს
შენს ლოყას ცრემლი.
ვამჯობინებთ სიტყვას დუმილს.
გაფრენილა
სიყვარული.
ახალი სტატიები
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“ 00:38ვლადიმერ ნაბოკოვი - მძიმე ბოლი (თარგმანი - ნანა გაბადაძე) 00:31ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ნინო დარბაისელი - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ქეთევან ნათელაძე - ლექსები