გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზეინაბ მეტრეველი - ლექსები




***
დედამიწასაც ის ფერი დაჰკრავს,
როგორც ლოგინის ბინადრის მომვლელს,
ასე მგონია, ეს ჟამი მკარგავს
და საპოვნრლად ვერასდროს მოვლენ...

ღიმილის ეკალს კბილებით ვიღებ
და საკუთარი სისხლით დაგეშილს,
მგონია, ვგავარ აღებულ ციხეს,
სილას რომ აწნავს მარცხი სახეში.

აღარაფერი აღარ გაშფოთებს
და რაც გაშფოთებს, მასაც ვერ უვლი,
დგახარ სამყაროს ძველ ეშაფოტზე,
ისევ ოცნებით თვალახვეული.

შენს წინ ბავშვივით ჩრდილი მიღოღავს
და თვალებს ზოგჯერ ისე გაფეთებს,
ამოგაქვს ბგერა ქართულ კილოდან
და უწვდი, როგორც ფოთლის კანფეტებს.

ვერას გახდები უკვე დატუქსვით,
ხომ ხედავ, უკვე გულიც აყალობს,
იმედის ბალახს ხელი გადუსვი,
იქნება, მერმისს ტანიც აჰყაროს,

ხომ ხედავ, ყველა როგორ გავცივდით,
დედამიწასაც რა აქვს ნუგეშად,
უმუშევარი მამაკაცივით,
ქალიც რა უცებ გააუხეშა.

დღე ფეხზე ძლივს დგას,ღამე ვერ წვება,
უთქმელი, ტყვიად ისევ ხმაში აქვს,
იაფასიან თუთუნს ეწევა,
რომ არ გაუტყდეს ძვირფას ხვაშიადს...

მე ქალი ვარ და ტუჩის დირედან,
ღიმილს გადმოვფენ ეგრე უჩეროს,
კუთხეში ცოტას წავუტირებ და
მერე, მთელი დღე ვმღერი უშენოდ.

ცას ისევ მზერით დავაუთოვებ,
სველი წამწამი ჯერაც მაქმანობს,
საჩვენებელ თითს ეკალს ვუტოვებ,
რომ არ წამიცდეს სადმე ,,აქ ვარ-ო!“

და თუ საწუთროს კარგა ხანს შევრჩი,
ვეცდები, ქარებს კარში ჩავუდგე,
ვიდრემდე, ბოლო ფოთოლის ელჩი,
პირველ თოვლს სევდის ,,ნოტას“ წარუდგენს.

ან როგორ ვიყო დამშვიდებული,
როცა ყოველ დღე მცემენ ყიჟინად,
ღმერთი ჰყოლია გაშვილებული
იმ დედამიწას, მე რომ მიშვილა!



***
კართან ღამეა მთვარის სანათით,
ვარსკვლავი ასძვრა ცის მრუმე სამხრეს
და მეჩვენება, რაბინდრანათი
ჩემს აყვავებულ ნუშის ხეს არხევს.

მხრების საზიდრად თმებს აღარ ვიზრდი,
ამოვიჩემე გმინვა მოტივად,
სასთუმლის თავში სიზმარი მიზის,
მუდამ უძილო ღამის მომტირლად.

წვიმის ხვევნისგან ცოტა რომ გაშრეს,
ორპირ ქარში დგას იასამანი
და სველ ეზოში ბალახის ბავშვებს
გადაუხდიათ მიწის საბანი.

ხმამაღლა ფიქრი დასჩემდათ საგნებს
და ნადიმებში სხეულს იმსხვრევენ,
დავეძებ ჩემს თავს და სადაც ვაგნებ,
მიუგნებელში ვტოვებ ისევე.

ახლა, იქ უფრო ბევრად კარგად ვარ,
სადაც სივრცეებს დრო არ მიემხრო,
უკვე ვისწავლე ისე დავარდნა,
სული რომ მაინც არ მოვიტეხო.

მივდევ ჩრდილებს და ვეღარ ვეწევი,
იმათგან ერთი მზედ რომ გამოვყო,
მიწა ზეცაა უკვე წელსზევით
და ვით წმინდანი, უნდა ამბორვყო.

დროს ყველაფერი მიაქვს ქარივით,
სუნთქვაც არ ძალმიძს სხვათა უვალოდ
და საგიჟეთის ბინადარივით,
ვადაგასული სისხლით ვმკურნალობ.

ამაღამ უნდა სიზმარში მივქრე,
თორემ ხვალ მზერას ვეღარ გავმართავ,
ხვალ კი სიტყვებზე გათხოვილ ფიქრებს,
მზითვში საჯიშე სევდას გავატან.

დავბორიალობ არყოფნის შიგნით,
სული ცის მიღმა ვერ იჭვრიტება
და რაც ვერაფრით ვისწავლე წიგნით,
ყველაზე მეტად დღეს ის მჭირდება.

დაწვება ღამე - წამგვრელი ფერთა
და წამწამებზე მთვარეს გადაცრის,
მის ძველ სიზმრებში გადამკრთალ ჩემს თავს,
დღესაც კი, დღესაც ვგავარ რაღაცით.

***
რა მოხდა, თუკი არ ვარ მოლხინე,
მტერი თამადად თუ არ დავისვი,
თუ ქართლის ზეცას ცოტა მოვხიე,
გაუხარელი დროის კაბისთვის.

თუ ღობე-ყორეს ისე ვედები,
წამწამქვეშ წვიმა შემფარებია,
თუკი, მშვიდობის თეთრი მტრედები,
ომში მედდებად მეპარებიან.

თუკი, ვერ მივხვდი გზათა არმქონი,
საწუთროს კეფა როგორ მოვწალდე,
უცოდველობის წმინდა ამბორი,
როგორ გავზარდე ცოდვის კოცნამდე.

რა მოხდა, თუ თოვლს მოვისაკლისებ
და ენძელას ვთვლი მარტის მზვერავად,
ფანჯრიდან მზირალ ქოთნის ყვავილებს,
გაუთხოვარი ქალის მზერა აქვთ.

რა ვუყოთ, თუკი ის ვერ მომაგნებს,
რამაც დუმილი დამანამუსა,
მარადიული სევდის ყორღანებს
ღიმილის ჯვარი უნდა დავუსვა.

რა ვუყოთ, თუკი, ვერ გავექეცი,
საათის ისრებს, გრამებს, არშინებს,
სიყვარულებად ვისაც ვექეცი,
სიძულვილებით მომკლა მაშინვე.

რა მოხდა, თუკი, ვერაფერს შევწვდი
ისეთს, რაც მიწას წაინაბადებს,
რა ვქნა, დროც შემხვდა ისეთი ბერწი,
ნაღდი სტროქონიც კი ვერ დავბადე.

რა მოხდა, თუკი, ქარებს ვერ ვჯობდი,
ძლივს შეღინღლული სიოს ქოჩორით,
მე ქართლის მინდვრის ბალახებს ვძოვდი
ჯვარშუბლიანი ორი ბოჩოლით.

მალე ეზოში ისე გავივლი
და იის ბავშვებს წავუთამაშებ,
სოფლის ახალი პატარძალივით
წამოვკრეფ მარტის წვიმის „შაბაშებს“.

მერე, დავიჭერ ცას, როგორც ლოტოსს,
მკვიდრად შეკრული მზეთატივიანს,
ჩემი ყველაზე ლამაზი ფოტო
მაინც ჩრდილების ნეგატივია.







***
აღარც თოვლით და აღარც წვიმით ვარ,
გამხდარ იმედებს ხვალისთვის ვითვლი,
ქალაახდილი დედამიწიდან,
მივფრინავ, როგორც გალიის ჩიტი.

შორეთში, სადაც ჩემს თავსაც ვერ ვმზერ,
ცურავს სამყაროს დაშლილი ტინი
და თავში ნახლელ ძოწისფერ ქვებზე
მინთხეულია ოცნების ტვინი.

საკმარისია, ახლა უკმარიც,
რადგან სასახლეს უკვე მღვიმედ ვთვლი,
წუთისოფლისთვის სევდის ნუგბარი
დამაქვს გახეულ ზეცის ჯიბეთი.

ზოგი დავკარგე, ზოგიც დავუთმე,
ზოგს დავულხინე ჩემთა მორევად,
ამ სამყაროდან, რაც მე მაკუთვნეს,
დარდსაც არ ეყო ერთ გაზმორებად.

საათს ისრების კბილი აჩნია
და წამი სისხლად ეწურწურება,
თმების დავარცხნას გადამაჩვია,
გაოცებული სარკის ყურებამ.

დღეს ვის რა უნდა მოჰფინო ელდად,
როცა მზეც კია ამომთვარული,
კალთაში მიზის მსოფლიო სევდა,
თვალებში ცრემლის ასომთავრულით.

ვგრძნობ ბამბაზიას თოვლით შემოსვის,
სიზმრამდე ძილში ცხრაჯერ ვეცემი,
დღე ისე ბნელა, მზეც კი ეზოში
დაბორიალობს ხელისცეცებით.

გარეთ ჟამია ღორღით ნაგები,
შევალ სახლში და ჩქამიც არ იძვრის,
დაფარფატებენ ჩემი კაბები
ბოლო ღილამდე შეკრულ საკინძით.

წვიმამ ჩახრინწა ყელი ავდრების,
მზე თვალებს ახელს ბოლო მზერისთვის,
დგანან ნოემბრის სველი ვარდები,
ძალით აღკვეცილ მონოზვნებივით...



***
ისევ ხალვათად მაცმევს სიცივე,
ვეღარ ჩათოვლდა ნისლების ხსენი
და ოქტომბერში გარეცხილი მზე
თოკიდან დღემდე ვერ ჩამოვხსენი.

საცაა დროში ჩავინამქრები,
ჩრდილებიც უკვე ხრიან გრძელ კისერს
და წამწამების შავი ფანქრები
მიფერადებენ ცრემლის ესკიზებს.

დაბერდნენ ჩემი ჭრელი კაბები,
ისე უბრად და ისე უბრალოდ,
რომ გადავსილი მთვარის აბებით,
სულჩაქცეული, გულზე ვმკურნალობ.

სამყარო ელდით არის შემკრთალი,
მზე გადაფითრდა, მთვარე ჭიანობს,
ეზოში ქარებს დავდევ ხელკავით,
უჩემობა რომ ვაეჭვიანო.

წამომეზარდნენ ბგერები ოხვრის,
დანაყრებულნი სიტყვის საგზალით.
თრიალეთს თოვლის დახეულ ჩოხით
ქორწილის მაყრად ვეღარ ვაგზავნი.

აღარც ჰაერი შემრჩა ფოფინა,
მხრებზე ხელს რომ მხვევს, ნერვიც არ მითრთის,
მგონი გაიქცა თოვლიც სოფლიდან,
იმედგაფლანგულ ემიგრანტივით.

ცაზე ღრუბლების ფერი მუქდება,
ვზი კუტი გზების ხვეწნით დაღლილი,
ალიკაპიან თავისუფლებას
დავასეირნებ სახლის ძაღლივით.

ჩემი მონობის ცდა არ მოვაკელ
იმას, ღიმილით ვინც ბრბოდ შეგვკრიბა,
თავიც ისე ვერ გავიქოფაკე,
პატრონისთვის რომ ერთხელ მეკბინა.

ჰოდა, დავათრევ ძვირფას საყელოს,
ჟეტონს - ყველაფრის შემცნობნომრიანს  
და ისღა მრჩება დღეს სასახელოდ,
დავიწყებაშიც ვერ მიპოვნიან.

ზოგჯერ, რაღაცას ვბუტბუტებ ჩემთვის
და თვალებიდან ცრემლი მოღოღავს,
მეჩურჩულება შორიდან ღმერთი:
,,ეგრე რომ ფიქრობ, უფრო ცოდო ხარ“...

განვიცდი შიშველ ხეების ურვას,
დავცქერ ბალახის მტვრიან გობელინს
და კენწეროზე შერჩენილ ხურმას
შეჰყურებს ქარი, როგორც გოგენი.



***
მესმის საყდრიდან დაღლილი წირვა,
სულზე გვიანი ლოცვების მირქმით
და ჩემს სარკმლის წინ ჩავლილი წვიმა
ჰგავს ნოემბერში გარდაცვლილ მზის ქვრივს.

ფეხზე ბალახი ვეღარ ჩამიცვამს,
ზღვაც სათარეშოდ დარჩათ თოლიებს,
თითქმის ყოველდღე ვგვი დედამიწას,
მაგრამ ქვა-ღორღი ვერ გამოვლიე.

ცაც ისეთია, ახლა როგორც ვმზერ,
მოჰგავს ბრმა თვალებს - გუგებამოცლილს
და სარკმლის მინას ფერმკრთალ ლოყებზე
შეყინული აქვს მთვარის ნაკოცნი.

უნდა ვიარო კიდევ რამდენხანს,
რომ ვნახო რაა ყოფის შედეგი,
ფეხებზეც მიწა ისე დამეხა,
ბორცვის ქუსლებზეც კი ვერ შევდექი.

წელია სტუმარს არ ჩაუვლია
გზაზე, რომელიც ფეხს ძლივს მიათრევს
და ჩემს ეზოში მსუქან ტუიას
ეხამუშება ალვის სიგამხდრე.

რომ შემძლებოდა თავსაც დავხრიდი
და მივუგდებდი ჯალათსაც კისერს,
რადგან უკაცო სახლის ძაღლივით
თავისუფლების ძვლებსა ვღრღნი ისევ.

გადაეჩვია თვალის დახუჭვას,
მზერას მივაპყრობ ხოლმე თუ მკაცრად,
უფოთლო მკლავს ჰხვევს ჰაერს ალუჩა
და ყელზე ფიფქის ტატუს უკაწრავს.

გარდაიცვალა გუშინ ძველი მზე,
მისი ანდერძიც უკვე გავხსენით,
რომ ახალი მზის პირველ ზეიმზე
პირველებად ჰყონ უკანასკნელნი.

მეც სულს ავივსებ ლოცვის ღელეთი,
ეგებ, შენდობის ,,ამინს“ მივასწრო
და არ მიუვალ დედას ეგეთი,
სიმწრით სული რომ ჩამოიკაწროს.




***
იმ ძველ სატკივარს კვლავ ძვლებს ვუხრავ და
ვკონავ თავთუხებს, ქარის ნალეწებს,
კვლავ ფეხშიშველი ვდგავარ მუხრანთან
და სიყვარულის საფლავს დავეძებ.

გახსოვს? იმ ღამეს მთვარე გვმაყრობდა
და ასტეხვოდა არაგვს ზმორება.
ის ყივჩაღი რომ არ გადაგვყროდა,
ჩვენ რა სიკვდილი გაგვაშორებდა.

გზის პირას იდგა, ვით მუხის მორი
და როს იელვა ნისლის ძნებს იქით,
მე დავინახე ცხვრის დუმის ქონი,
წვერზე ეკიდა სისხლის წვეთივით...

მერე, ხმა მახსოვს ხმლების ქნევის და
როგორ დავემხე მოლზე ნამიანს
და გამახსენდა ხელის ხლებიდან
შეცოდებამდე ხუთი წამია.

მერე, შემმუსვრელ შიშზე ვიდექი
სახით - ნახევებ, ელდა - ფითრიან,
როცა ყივჩაღმა ქართლის მინდვრები
ყაყაჩოს თმებით წამოითრია.

ძლივს ვაკავებდით ვნებით გალეშილს,
მომწვდა ლოყაზე ტუჩების ხოხვით...
გონზე მოსული შენს გრძელ მკლავებში
ვეგდე, ვით მასრა გახეულ ჩოხის...

და დავინახე მისი ნაკოცნი,
როგორ ჩაჰფინე სიმწრით იარებს.
მერე ავკრიფეთ მისი ძვალ-ხორცი
და მივუფალით ფეხქვეშ თრიალეთს...

სისხლი გდიოდა დაჩეხილ ბეჭთთან,
წამოგქცეოდა ეჭვის საღვინე
და იმ ძაღლმიმკვდარ ყივჩაღთან ერთად
ის სიყვარულიც დამამარხვინე...

ნეტავი წასვლა არ ამეტეხა,
მონატრებული მშობლების კარად,
ხომ ვიჯდებოდი ახლა მეტეხთან,
ოცნებასავით მშვიდად და წყნარად.

მტკვარს მოვზიდავდი მზერათა სათლით
იქ, სადაც ციხე მხრებით შემოვდგით,
ვინ იცის, იქნებ მეცა და ქართლიც,
ამ უჯიშოებს არ დავრჩენოდით.

დღეს სიყვარულის ციხე - საძვალეს
დალეწილი აქვს სუყველა კარი
და ყივჩაღის ხმლით დაჭრილ ნაწნავებს
კვლავ ძაძასავით მიძენძავს ქარი.

წყალს წაჰყვნენ წლები ბებერ ხიდივით,
მეც უშენობას ვეღარ მოვცილდი...
ათასი წელი სასჯელს ვიხდიდი,
სასჯელს - ყივჩაღის ერთი კოცნისთვის...




***
მალე იქცევა წლები ნაღვერდლად
და ნაცარს ბოლო სურვილს მიუფლავ,
მაშ, იმან რა ჰქნას, ვინც ვერ დაბერდა,
ვისაც სარკემ ვერ უჭირისუფლა.

ან იმ გზამ რა ჰქნას, ჟამს რომ მისდევდა
და საცალფეხოდ დააბეჩავეს
და სიწმინდესთან მისვლის იმედად,
ცოდვის ვაშლივით მაინც შეჭამეს.

ან იმან რა ჰქნას, გულს რომ მოჰგვის და
მაინც ვერ გაცრის ქვიშას ოქროსგან,
ვინაც საავდრო ღრუბლის გორგლისგან
ერთი პატარა მზე ვერ მოქსოვა.

ვისაც მუხლები გადაუტყავდა
ძებნით და ახლა ვერას მახლობლობს,
ვისაც ყველაში ღმერთი უყვარდა
და ახლა ტაძრის გარეთ მათხოვრობს.

მან რა ჰქნას, ვისაც ჯავრი იცავდა
და ზეცის ნაცვლად მიწას დაყავრდა,
ვინც ოცნებაზე ჯვარი იფსკვნა და
მაინც სიცხადეს შერჩა საყვარლად.

ვისაც ცრემლების წყალქვეშ ნაგები
ტაძრის ფრესკები სულზე არ სცმია,
ვისაც ღიმილის ფარშევანგებით
დარდის ლოყა არ გაუკაწრია.

დასახარჯია ისევ ალერსი,
ბებერი სისხლიც ჯერ არ დედდება,
მაგრამ რას იზამ, დროის სარკეში,
მარადისობაც ადრე ბერდება.

ოცნების წიგნის კითხვაშენაჩვევს
არ მინდა ვექმნე ამ ჟამს სარჩევად
და ვაპატიე უკვე დედაჩემს,
ამ ქვეყანაზე ჩემი გაჩენა.



***
დღეები ისევ სევდას აკმევენ,
დროის ძარღვებში სისხლი დედდება,
აღარ რცხვენიათ უკვე სარკეებს,
ლამაზი ქალი როცა ბერდება.

შენ უკვე მომწყდარ ხავსს ეჭიდები,
ეძებ სივრცეთა დაღლილ ნაპირებს
და იცი, მასაც აღარ სჭირდები,
ვისთვისაც სიკვდილს ხვალე აპირებ.

გულს აღარ იტკენ ფიქრთა მხილებით,
რომ სევდის ფორმა არსით შემოსო
და იცი, დაღლილ თითთა ჩხირებით,
ერთ თბილ ალერსსაც შენთვის ვერ მოქსოვ.

სიტყვას ვერ ეტყვი, როდესაც წავლენ
შენგან, მათ ვინაც, არყოფნას შეგრთავს
და შენს წილ გზებზე ღიღინით გამვლელს
ცრემლით მოკითხვას გაატან ღმერთან.

ახლა შენივე რისხვის სიმცირით
დღეებს სულეთის ტანიდან ითლი,
ზედა ტუჩი რომ ჩუმად გიცინის
და ქვედა, ამ დროს, სატირლად გითრთის.

შენ მანამდე ხარ ალბათ ცოცხალი,
ვიდრე ნაღვერდლით თბება ნაცარი,
ან სად გინახავს, ძლივს გამომცხვარი
ობლის კვერისგან ვინმე მაძღარი...

თუ ამ სევდასაც არ შეელევი,
ალბათ სალხინოს არსად შეგრთავენ,
მანამ არსებობს პარალელები,
ვიდრე ერთმანეთს გადაკვეთავენ.

რას აიჩემე ეს ,,არვისობა“,
რად შერჩი საათს წამის ნარჩენად,
დიდი ისარი ვინც გაისროლა,
პატარა მაინც ვერ შეაჩერა.

ხომ ხედავ, ისე მწარედ არ სტირი,
შეგაკვდეს მიწა მუხლებზე ხოხვით,
არ გამოვიდა შენგან მარტვილი
და ვერც მოლხენით გახიე ხორხი.

ხომ ხედავ, ბედსაც ისე დაზავდი,
ჟამი ლაგდება თითქმის თავისით,
შენ ხომ სიცოცხლეს მაინც არ სვამდი
განსხვავებილი დარდის სასმისით.

გაგიჭირდება, ალბათ, რაც უფრო
აყეფდებიან შენი ავდრები.
ისე ვიწროა შენი საწუთრო,
ღმერთისკენ ძლივს თუ შეტრიალდები.



***

ბოლო ლაგამი მაქვს დაუხრავი,
რასაც ჩემი ბედი დაშანთვია,
ეგეთ გაბრძოლებას რა ვუთხარი,
ვიღაც რომ გიბრალებს ,,ფაშატია“.

არვის უნაგირი არ დამიდგამს,
ფერდნი არ ვილეწე სხვის დეზებით,
ჩემი ნება იყო, რაც არ მითქვამს,
რაც ვთქვი - იმას ჰქონდა მიზეზები.

არავის მათრახი არ დამირტყამს,
თავი ჩირგვებში არ ჩამირგია,
ისე გამოვცურე არაგვიდან,
ანანურსაც კი არ გაუგია.

უცხო არ დამისვამს მეჯინიბედ,
ჩემმა ჯიშ-ჯილაგმა მომაშენა,
ახლა სავსე მთვარეს შევჭიხვინებ,
ის კი ჩამომღიმის _,,ნეტა,შენა“...

კვალსაც აღარსაით აღარ ვტოვებ,
ქარი ჩემს ნეკნებზე დაკვრას სწავლობს,
ისე ეშხით აღარ მღალატობენ,
სული ერთგულებით გავაწვალო.

ქართლში მწვანე მუხა ვერ ვიხილე,
სუყველა თითქმის მორი არი
და როცა შინდისს შევჭიხვინებ,
,,ამისთვის?“_ ამომძახის ონიანი...

ყველაფერს ბალახი მოსდებია,
მალე დრო გრძელ ხელებს დაიმკლავებს,
ისეთი მშვიდი ომებია,
ტყვიას არ გესვრიან_ისე გკლავენ.


მე ვერ გამოვდგები აქ სადოღედ,
ისევ შინაგანი ბრძოლით ვიწვი,
სადღაც კიდევ მიწა გადაღობეს,
წავალ, ჩემს წილს მაინც გამოვწიწკნი.

თვალებში ცეცხლი მაქვს ჩანამქრული,
აღარც ქედი შემრჩა ასახრელი,
მე მაინც ფაფარში მაქვს გამოკრული
ტყვია, ბოლო მარცხზე დასახლელი.

მალე სულ ბოლო ნალს მიმაკრავენ,
ბოლო გაქროლებას მიმანდობენ,
კოჭლ ცხენებს მაინც იქა ჰკლავენ,
სადაც ნადირები ბინადრობენ.


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge