გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ეკატერინე გურული - ლექსები

***
იტყვიან ჩემზე:
- ვერ გადარჩაო,
ასდევნებია ბოდვას ქარისას,
შენ ხომ გამიგებ, სიგიჟეს ცაო,
ვით კვირტი უგებს დღეებს მარტისას.
მითქვია ბევრჯერ:
- რომ არსი მოსვლის,
თანდაყოლილი, ან შეძენილია,
ფოთოლს თუ ხედავ, მიწას რომ ჰკოცნის,
მაშინ ნურაფრის ნუ გეშინია.
ნუგეში იარს, იარს და გპოვებს,
იმედი ხშირად სულზე დიდია,
ცა გამიარსებს ანი და ჰოეს,
ვიდრე სიკეთე გადამიდია.
იტყვიან ჩემზე:
- რაღა დარჩაო,
ხშირად ფოთლებსაც ესაუბრება,
რა აღარ დამრჩა?!
ან რით დავცალო?!
ლექსში სათქმელი დედაბუნება.
დაე, არც დავრჩე! გადასარჩენად,
რადგან დარჩენა უფრო მითია,
მე ფოთოლცვენის გადასარჩევად,
მათი გადაყრაც არ შემიძლია.
იტყვიან ჩემზე, ბევრსაც იტყვიან,
რომ სულის ცა მაქვს ჩამოქცეული,
ის არ იციან, ნაგავზე ჰყრიან,
მე წამოვკრიფე, მე შევიფარე,
მათი სიყვარული,
დედამიწიდან გამოქცეული.




***
ცა მიწით მენთო
და შენ, სხეულო,
სულისთვის დენთო,
ოდეს, სიმშვიდევ უევაელო...
ადამის ნეკნით შემორღვეულო.
უზენაესო.
უნდა გითხრა,
უნდა გავბედო,
რომ იმ თავითვე აბატონე
ჩემ სულზე და ყველა ნაკვთზე
ნება ადამის
და არ გიკითხავს,
მნებავს
სადამდის?
თიხის მარყუჟი,
იქ, სადაც
უჩემუარსოდ ჩემი დარჩენა,
თვითმკვლელობაა თმენის მაყუჩი.
ცოდვავ,
გაყუჩდი!
თითის გაშვერა გვექცა საშველად
და თუ ვალია ჩემთვის გაჩენა,
მე, შენ და ღმერთი...
ვართ ერთმანეთის გადასარჩენად.
...მცირეა ჯვარი მხრების გაშლამდე,
მეც მცირემ გამთქვა
და დაბადება სიკვდილებში გადასახვეწად...
იყო სიცოცხლე, ტირე პატარა,
ღმერთო!
გამცარი თიხის დაცლამდე,
ადამ!
შემირგე, მარგე რომ არ ვთქვა;
- გწყევლი განცდილით, განსაცდელის ყველა
განცდამდე!
დაე, მცირედით ისე განვდიდდეთ...
სიყვარულში ნურასოდეს ვიქცეთ სახვეწრად.
...და მაინც, ღმერთო,
ჩემი მოსვლით სამყარო თუ  გადატრიალდა,
ცოდვას ნუ იტყვი ჩემი პირით,
მეც ანგელოზი ვიყავ ართქმამდე.
მივიღე ჰაერით...
სულით, გონით და გულით რაც შემოვუშვი,
ისე გადიან, ვით სისხლის კვალი ძარღვის დაცლამდე
და მაინც, ღმერთო,
ისე შეძელი, ისე დაუშვი,
რომ არ წახვიდე ევაელისგან სხვების წასვლამდე.
ცა მიწით მენთო
და შენ, სხეულო, სულისთვის დენთო...
უნდა გაიყოთ, ადამ,
ეშმაკო,
უფალო, ღმერთო!
...თქვენ ის გამოგრჩათ, რაც ჩემია,
საჩემოდ მერგო.



***
ღიად დატოვებულ სივრცის მესამედში
ვაწყობ დედამიწას... გრძნობა აბსტრაქტული,
ღმერთო, შემეგებე თმენით შესასვლელში,
გადაასასრულე ყველა დასასრული.

შენი თარგებიდან ვქარგო საქარგველი,
რომ არ ამერიოს სახე ავკაცისა,
ჩემში უპირობოდ მზიზღობს ახლა გველი,
ევათ მოტანილი ცოდვა ბრმა განცდისა.

სურვილს სულს შეაჭმევს კაცი უგუნური,
ხელის გულზე მიდევს ჩემი სამყოფელი,
ღამე მხრებზე მაწევს ნეკნით უგუნური,
დედაკაცში ვნახე ძალა, კაცში არმყოფელი.

ღიად დატოვებულ სივრცის მესამედში
მიმზერს ზე სიხშირის მზერის დინამიკა,
ღმერთო, შემეგებე სულის შესასვლელში,
თორემ ჩემ სიკვდილებს ჩემით ვერ ავიტან.
24.10.21.




***
ჩემ წინ გადახსნილი მუზის მაუზერი
ტყვიას ალაგებს და სიღრმე ეყინება,
- ცოტაც აიტანე, ცოტაც გაუძელი,
მერე... ისე წახვალ, აღარ გეტკინება.

ქარი ხიდებიდან მაჩვევს თვითმკვლელობას,
შენი დაწერილი მეც მკლავს მონოლოგი,
ჰკარგავს გადარჩენა ახლა მნიშვნელობას,
ჩემი პროცესია დღეთა ქრონოლოგი.

მე გწერ ცის იქითას, სულ სხვა პლანეტიდან,
მიწამ დაიტოვა ჩემი მემუარი,
ისე ჩამოვცურდი შენი  განედიდან,
როგორც თეძოებზე შავი პენუარი.

ახლა შენ ხარ ჩემში ჩემზე ბევრად დიდი,
უნდა შევეწირო ლექსის დაბადებას,
ვწერ და სიკვდილებზე მეტად აღარ ვყიდი,
უკვდავსამყოფელად ვიწყებ დაბანდებას.

შენ კი, გადატენე მუზავ მაუზერი,
ლექსის აკლდამებში უნდა ჩაგასვენო,
ცოტაც მომითმინე, ცოტაც გაუძელი,
შენი უკვდავება უნდა გაგახსენო.




***
მე ლურჯ ღამესთან ფიქრი მისანი
გონების არით შემოვისაზღვრე,
ჭეშმარიტების ბასრი ისარით,
აღქმას სიმართლედ შემოვესაჯე.

ჩემო მესაჭევ, მთვარის გემბანზე,
ჩრდილებო ქარით გადატეხილო,
ახლა სისხლი მაქვს გადარბენაზე,
ლექსო, განმკურნე, სულის ექიმო.

რა სიყრუეა თიხის სიმხდალე,
როგორ გაუძელ, ღმერთო, მაღალო?!
წუხელ, სულის წილ დაგასაფლავე,
სხეულო, მიწად გადასატანო.

შემომეცანი, ვბედავ დაგცალო,
დედის საშოში ვნახე სიზმარი,
შენ, ჩემი ყოფის დედინაცვალო,
გადამიწიე შეშლის ისარი!

რომ ყველა ძვრაში ვიმშობიარო,
თუ ღმერთი არა, მიწის ცისკარი.

29.10.21.





მე და შენ, ადამ

და ასე მოვდივართ გაანებიდან მე და შენ, ადამ
და ასე ვივლით, გაჰოებამდე. მარად და მარად.
ზოგჯერ ეშმაკით, წარღვნებიდან, ნგრევით და რღვევით,
ზოგჯერ კი უფლის სადიდებლად, დარად და ხატად.
ჟამმა მაშენა და დრომ გამყო, რისგან, არ ვიცი
და შენც შემირგე, ვით ივნისმა მინდვრის სოსანი,
შენ მინაკლოვე, მისურვილე, დღემდე განვიცდი,
ნეკნია ჯვარცმა ყველა ქალის და სიკვდილი პატიოსანი.
გახდი მგოსანი ამ სხეულის ყველა ნაკვთისა,
მომიჩუქურთმე ანბან-ანბან ვნების თითებით,
გადამავიწყე ხატთა სახატეში გახატება ყველა ხატისა,
გაარსდი ჩემში, ხორცის ყივილად!
სულის შენდობად! გრძნობის ჩანჩქერთა შემოდინებით!
გამთენიისას მზეს დაგიკრეფ ძუძუს თავებით,
ყელზე შემოვხსნი ნამთვარეულ ცას სათითურებს,
წუხელ მე და შენ დედაბუნების თოკით დავებით,
და მერე ვნების სარეცლიდან ვკრეფდით  ნაწიბურებს.
ღამის სილუეტს მოეხატა კედლის ჩრდილები,
ხელის მტევნები გზააბნეულ ტრფობას ხატავდნენ,
ხელოვნებათა ტანდემია ახლა წყვილები
და სხეულებსაც ვნების ხელით ჟრუანტელის მიწით მარხავდნენ.
ესა ვართ, ადამ, განშორება, შეხვედრები, გზა...
მანძილები, დაცემა და ერთმანეთით დიდი ჭიდილი,
ერთმანეთისთვის გაჩენილნი... დანამდვილებით,
და მერე უერთმანეთოდ სიარული, ცოცხლად სიკვდილი.
ვცადე გამეგო, რა იყო მიწა ლეშის გახრწნამდე,
ადამიანებად მომევლინენ დღეთა იარა,
ვერ ამოვაძვრე სხეულს სული თიხის გახდამდე,
დაბადების წილ მთელმა სამყარომ გადამიარა.
უარყოფაა სამყოფელის, ჩემო ადამელ,
ბორკილდადებულ სამოთხიდან ყველა მარცვალი,
შენში მცირედსაც ეჭვის თვალით უმზერ, განაგებ
და ჭეშმარიტი აზრი გრჩება დაუმარცვლავი,
და ასე ვივლით უმადურნი... ამ სამყაროს ორი მეობა,
მტვერში დაცემულთ, ქარიშხლებით გველის სამარე,
დიდი სცენაა წუთისოფლის უღიმღამო ამაოება,
დიდი ფარსია ამ ცხოვრების ყველა კაბარე.
ევანგელია... ერთ სიტყვაში დაგივიწყებს ბაგე ადამელის,
არ აქვს ცხონება მიტევებას უგულწრფელობით,
ევა, გელიან და მაინც... აღმოჩნდება, რომ აღარ გელის,
რა სულმოკლეა სიყვარულიც უსულგრძელობით.
და მაინც, ვივლით გაანებიდან მე და  შენ, ადამ
და ასე ვივლით, გაჰოებამდე დასასრულებლად,
ზოგჯერ, ეშმაკით, ნგრევით და რღვევის ფასად,
ზოგჯერ კი... ღმერთში, ახდენელი სიყვარულის ასასრულებლად.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge