გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გივი ჩიღვინაძე - რატომ არ ჩამოიარე?

 

                   მოძველებული ამბებიდან

თოვლიან ბილიკს ნელა მიუყვება ფიფქებში გახვეული ივანე. სოფლის მიმდებარე ხევში უნდა ჩავიდეს და პატარა მღვიმის შესასვლელთან გუშინ დაგებული ხაფანგი ნახოს. მელიას დაჭერას ვარაუდობს, ადრეც დაუჭერია რამდენიმე და წელსაც მოუარა ნადირობის სურვილმა. საღამოვდება, გული სიამით უძგერს, რადგან ახალი წლის შემოლოცვის საღამოა. ჯერ შინ დაუშალეს და მერე მეზობლებმაც დასცინეს - რა დროს მელიაზე ნადირობააო?! არ უნდა წამოვსულიყავიო, თვითონაც ასე ფიქრობს შუა ხანს გადაცილებული კაცი, მაგრამ ვერ ჩერდება შინ, თოვლიანი ტყისა და ხევის თვალის შევლება უფრო უნდა, ვიდრე გაქუცული მელიას ტყავი, თუმცა ვერავის აგებინებს ამას. სხვა რამეზეც ფიქრობს, - კარგი იყო, ბიჭები ჩამოსულიყვნენ, მეტი სიხალისე გვექნებოდა ოჯახშიო, - ორი ცოლშვილიანი ვაჟი დედაქალაქში ცხოვრობს და ამჯერად ვერ მოახერხეს ჩამოსვლა, - კიდევ კარგი, გოგონა ჩამოვიდა და ის გაგვილამაზებს ახალი წლის დღეებს მე და ჩემს მეუღლესო, - მაიკო სტუდენტია და საახალწლო არდადეგებზე სწვევია მშობლებს, - ისე მართალს მეუბნებიან, მეც დიდი ახირებული ვარ, თავის საქციელსაც იწუნებს ივანე, რა დროს ტყე და ხევია, გავჩერებულიყავი შინ და მეცქირა ქალების ფუსფუსისათვის, მელია კიდეც რომ დამხვდეს გაბმული, გავუშვებ და იმ ხაფანგს სახლში წამოვათრევო.
მღვიმის ახლოს ზედა სოფლებში მიმავალი გზაა, ტრანსპორტი არ მოძრაობს დიდი თოვლის გამო. ხაფანგი ცარიელი დახვდა ივანეს, გაეხარდა კიდეც, დროზე მივალ შინ და ბესოს გავძახებ, იქნებ თორმეტ საათამდე გადმოვიყვანო ჩვენთან, თორემ სანამ ის მეკვლეობას მოიფიქრებს, ციალა და მაიკო სადღეგრძელოებში არ ამყვებიან და მარტოკაცი უნდა ვიჯდე სუფრასთანო.
გზაზე ვიღაც შენიშნა, დაგვიანებიაო, ტყიდან გამოვიდა, სწრაფად გადაჭრა იქამდე დარჩენილი დათოვლილი მინდორი და უცნობს დაელოდა. ახოვანი ვაჟი ენერგიულად მოაბიჯებდა თოვლში. მიესალმენ ერთმანეთს, გამოელაპარაკა ივანე. ზემო სოფელში მიდიოდა ყმაწვილი, სტუდენტი ყოფილა, დედაქალაქიდან ჩამოსულიყო რაიონის ცენტრში და ახლა ფეხით მიიჩქაროდა მშობლებთან. გვიანი იყო უკვე და არ მოეშვა ივანე, ბინდდება, ბიძიკო, ნუ ენდობი თოვლიან გზას ღამით, ხიფათს არაფერს გადაეყარო, წამოდი ამაღამ ჩემთან, ერთად შევხვდეთ ახალ წელს და ხვალ გაახარე მშობლები შენი მშვიდობით მისვლითო. იმდენი ეხვეწა, რომ უარი აღარ გააწყობინა მგზავრს, დაიყოლია. კარგიო, ყმაწვილმა, დაყაბულდა - დღეს მაინც არ მელოდებიან მშობლები და წამოვალ, მხოლოდ იმ პირობით, მერე თქვენც თუ გვესტუმრებით ზემო სოფელშიო. გეწვევით აუცილებლადო, უთხრა ივანემ და გახარებული გამოუძღვა წინ სტუმარს, კარგი მეკვლე მეყოლება ახალ წელსო.
კიბეზე ფეხის ხმა რომ გაიგონა მაიკომ, სიცილით გამოსძახა ივანეს, რა ჰქენი, მამა, დაიჭირე მელაო? მელა არა, შვილო, ზემოური ვეფხვი დავიჭირე და გამოგვხედეთო. მაიკო გაღიმებული მივიდა კართან და შემცბარ-გაოცებული დარჩა, როცა თეთრად დაფიფქულ სტუმარში უნივერსიტეტელი მეხუთეკურსელი შეიცნო. ამასწინანდელ პოეზიის საღამოზე მოწონებით უკრავდა ტაშს ახლად აღმოჩენილ ავტორს, რომელმაც იდუმალებით სავსე მშვენიერი ლექსები წაიკითხა. მერე ჟურნალშიც ნახა მისი ნაწერები და ახლა ეს სასურველი ადამიანი მისი სახლის კართან იდგა მოახლოებული ახალი წლის საღამოს ბინდში და ღიმილით იფერთხავდა გარედან შემოყოლილ ფიფქებს.
*
- გაიგე ახალი ამბავი? - მისალმებამდე ჰკითხა წყაროსთან მდგარ ოთიას დათიამ.
- რა ამბავი, რაშია საქმე?
- ქორწილი გველოდება, ქორწილი!..
- რა ქორწილი, თუ კაცი ხარ, ვისი ქორწილი დაგეგმე ამ დილაადრიან?
- მე კი არა, გამჩენს დაუგეგმავს ასე, ახალ წელს რომ ვიქეიფეთ ივანესთან, ხომ გახსოვს?
- რავა არ მახსოვს, ერთი თვეა გასული მას მერე, მეტი ხომ არა?
- თვე-ნახევარია თითქმის... ჰოდა, მელიის მაგივრად სტუმარი მოვიყვანე გუშინ სახლშიო, რომ იძახდა ივანე, ისიც გეხსომება.
- აპა არა? სტუმარი კი არა, მეკვლე მოვიყვანეო... ზემოურ სოფელში მომავალი მგზავრი უნახავს, სტუდენტი ბიჭი და არ მოშვებია, ხომ იცი მაგის ამბავი? - წამოუყვანია შინ... ბესო ხუმრობდა, მგონი ხაფანგში ნახა გაბმული ის ბიჭიო... ჩვენ მეორე დღეს, ახალწლის საღამოს დაგვიძახა მაგან. ის ზემოური მეკვლე წასული იყო უკვე.
- ჰოდა, მეკვლე კი არა, სასიძო მოუყვანია სახლში, სასიძო...
- როგორ, კაცო?
- როგორ და მაიკო გათხოვილა, იმ ბიჭს გაჰყოლია ჩუმად...
- რას ამბობ, როდის? ღმერთმა კაი ბედი მისცეთ!.. მაგისთანა გოგო არც კი იყო ჩვენს სოფელში, როგორ ხასიათზეა ივანე?
- კაი ბედი მისცემია სწორედ, გახარებულია ორივე ცოლ-ქმარი, თუმცა ივანე არ იმჩნევს, გაბრაზებულია ვითომ, მარა ეტყობა, მოსწონს სასიძო, თანაც მაგან შემოიყვანა ოჯახში ის ვაჟი და ახლა რომც არ მოსწონდეს, ვის დააბრალებს?..
- კაი საქმეა. ამბობდა ივანე, განათლებული და წესიერი მეკვლე მოვიყვანე სახლში, კარგი წელი მექნებაო... მოიყვანა ბიჭი მეკვლედ და გააბედნიერა ქალიშვილი, არა?
- ჰო, აგრე გამოდის. მაიკოც ჩამოსული იყო მაშინ, ხომ გახსოვს? ჰოდა, კარგი სტუმარი ბიჭი, კარგი მასპინძელი გოგო და გაიჩარხა აგერ საქმე - ჩასულან არდადეგების შემდეგ თბილისში, შეხვედრიან ერთმანეთს, რატომ არ ჩამოიარეო, უკითხავს მაიკოს. თქვენ რატომ არ ამოხვედით, ხომ შემპირდით შენ და მამაშენიო, იმას უთქვამს. დიდმა თოვლმა შეგვიშალა ხელიო, ამას უპასუხნია...
- მოიცა, შენ რა იცი, იმან რა უთხრა და ამან რა უპასუხა?
- ასე იქნებოდა, რა ცოდნა უნდა ამას? ეჰ, ჩვენ ვინ გვეტყვის რა ილაპარაკეს, ჩემო ოთია, მარა ვხვდები, რომ ხშირად ხვდებოდნენ ალბათ ერთმანეთს, მერე ვეღარ გაუძლიათ უერთმანეთოთ და პირდაპირ წაუყვანია იმ მელიას მაგიერ მოყვანილ ბიჭს ზემო სოფელში, ახლა ხომ ამოვა მამაშენიო!..
- ჰე, რას ამბობ, კაცო? ისიც კაი მელია ყოფილა...
- მელია კი არა, ვეფხვი ყოფილა, მაგ გოგოს თუ ვინმეზე შეუჯერდებოდა გული არ მეგონა, ხომ იცი, რა წუნია იყო?.. ა, საქეიფო ამინდი კი გვიდგას, - ფიფქებს გახედა დათიამ და კოკა მიუდგა წყაროს, - გვიჭამია კაი ქორწილი, არა, მანამდე ჩვენც კი მოგვიწევს ხელის განძრევა, - უნდა მივეხმაროთ ივანეს, მერე კი მოვილხინოთ ჯერ აქ და მერე იმ ბიჭის სოფელში...
*
    ბინდი წვება ტყეში. ნაქორწილარი სტუმრები მიჰკვალავენ თოვლიან გზას, მიდიან, მიღიღინებენ, ბრუნდებიან ზემო სოფლიდან. მანქანა ვერ წაიყვანეს დიდი თოვლის გამო, ცხენით მაყრობა კი გადასულია ჩვეულებიდან, ვიღას ჰყავს ამდენი ცხენი?
- რამდენი თოვლი მოვიდა წელს, იანვარში ხომ იყო და იყო, მაგრამ ახლაც არ გვანებებს თავს, ისევ თოვს...
- ჩამთავრდა მაიკოს ქორწილი და წავა, ალბათ, ეს ზამთარიც, მაგისთვის თოვდა ამ წელს, დიდი თოვლი რომ არა, ხომ ვერ მოიყვანდა იმ ჩვენს სიძე კაცს ივანე სახლში?
- ჰო, კარგი გოგოა და თოვლმაც შეუწყო ხელი, თუმცა ერთ სასწავლებელში ყოფილან და იქაც გაიცნობდნენ ერთმანეთს როდესმე, მაგრამ თოვლმა მართლა დააჩქარა ეს ამბავი.
სოფლის გადასახვევთან, პატარა მღვიმის ახლოს მგზავრებს დამფრთახალმა მელამ გადაუჭრა გზა და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა. მაინც დაინახეს ფიფქიან ბინდში და ატეხეს ყვირილი წინ მიმავალმა ვაჟებმა.
- ბიჭო, შეხედე, მელა!..
- არიქა, ესროლეთ რამე!..
- რა ვესროლო, შე კაცო?!.
- ე, ბიჭო, იქნება დავიჭიროთ!..
- გაუშვით, მაგის თავი აღარა გაქვთ თქვენ, მაგან მაშინაც უშველა თავს და ახლაც უშველის...
- კიდევ როდის უშველა თავს, დათია ბატონო, გვითხარით ჩვენც.
- როდის და მაშინ, ივანეს ხაფანგში რომ არ გაება, მაგია ყველაფრის მიზეზი, თქვენ კი თოვლს აბრალებთ. ივანეს რომ მელა დახვედროდა იმ საღამოს ხაფანგში, უცხო მგზავრისთვის ვეღარ მოიცლიდა და ჩვენი მაიკოს ქორწილიც დაგვიანდებოდა...
- მართალი ხარ შენც, დათია ბატონო, თუმცა რაღა დროს ამაზე ლაპარაკია... მოვუცადოთ ქალებს და გოგოებს, არ დაგვეკარგონ ამ თოვაში...
- აგერ მოგვყვებიან სიცილ-კისკისით, რაზე იცინიან ნეტავი?
- მოვუცადოთ და შემოვძახოთ ერთი სიმღერა, ქორწილიდან რომ მოვდივართ ხომ უნდა გაიგოს სოფელმა?
- მოვიდნენ გოგოებიც და ავიყოლოთ ისინიც...
- ჰე, რატომ არ ჩამოიარე, მე რომ დაგიბარე, ლალეეე!..
თოვს, ფიფქიან ღამეში გახვეულან მთები, მხიარული სიმღერით ბრუნდებიან ნაქორწილარები შინ…
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge