გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ელია მორანელი - ნაწყვეტი პოემიდან - ,,მუზაგეტოსი“



ნაწყვეტი პოემიდან - ,,მუზაგეტოსი


მე შავმეწამულ მუსტანგების მსახრავს ქროლება, 
დღეს სისხლი წვეთავს, მელანივით, კალმის შაშრიდან
და ყველა სტროფის ახლა მინდა მოოქროვება...
ნახევარმთვარის ვრცელ ქარქაშიდან,
მსწრაფლ ამოვაგებ ჩემს ექსკალიბურს,
რომ ნეტარმნათი ვშვა ალმასიდან
და სისხლის ღვარი ოლიმპოსური
შევსვა ყირმიზმზის ოფაზთასიდან.
ელისეს მთვარევ, - პოეზიის სკრიპტორიუმო,
ამაღლდი, რადგან მსურს მიღმიურ ხმაზე გიუბნო,
თუ როგორ განვლო გოლგოთას გზა, კვდომის მელოსით
და როგორ ევნო ლექსის ჯვარზე მუზაგეტოსი.
ვწერ და სულს ღაფავს მისხალ-მისხალ ამ ლექსებიდან
შენი თვალების ცაფერტბებში ჩამხრჩვალი ფრანტი,
ღრუბლების ხომალდს მთვარე მოაქვს ელისეიდან
და ბრწყინვალდება ჩემს სკიპტრაზე, ვით ანდამატი.
ვწერ, ვხატავ, ვძერწავ, მხოლოდ შენ გესავ
და საამბოროდ ლოყას გიშვერ, როგორც იუდას;
ქარისგან წელში მოხრილი ძეწნა 
ტოტებით მიწას ისე შეუვრდა,
ვით ენკრატისი მეტანიის დროს 
ტაძრის ფილაქანს მოღლილ მუხლებით,
ღამე ვარსკვლავთა ცეცხლით ქვირითობს
და მორანელის ხმის აქუხებით!
ელისეს მთვარე აელვარდა ცისკრის ემბაზზე,
შენს ტანთეთრ აჩრდილს მოტევების ცრემლი ვანთხიე
და ისე კრძალვით ვეამბორე ხელის მტევანზე,
თითქოს ღვთისმშობლის მირონმდინარ ფრესკას ვემთხვიე.
შენს სახელს გულზე რიჟრაჟამდე შევიბნევ შანად,
რომ მკერდაკოკრილ ქარიტებმა არ გამაღვიძონ,
შენი სხეულის სურნელს აფრქვევს თეთრი შროშანა
და უშენობამ ასპიტური ჭარი გაიძრო.
დგას შემოდგომა, ვით პიეტა მიქელანჯელოს
და ფოთოლცვენის მწუხარების ჩანან ხედები,
ვუმზერ ოქტომბერს, - ფუტკრის ცვილის ფრთიან ანგელოზს,
ჰყრია ფოთლები, - ქარვისფერი, მკვდარი მტრედები.
წამწამთა შტოებს ცრემლის მწიფე ნაყოფი დახრის
ბალახზე მიხრწნილ დილის ნამის ასურნელებით,
ამეტანიებს ქარი ძეწნას ეზოში ტაძრის
და ზურგზე როზგავს თავისსავე ტოტთა წნელებით.
მთებზე ფოთლების ნარინჯისფერ კამელოტს ვაგებ,
რომ ჩემს წინაშე ცრუ მეფეთა მოვრკალო ქედნი,
მე წინ მოვუძღვი შავმეწამულ, შეშლილ მუსტანგებს
და ოსტატურად ვიმორჩილებ, ვწაფავ და ვხედნი.
გარშემო ტყეა და ნისლების თავსაკვეთელი,
ამ ოქრორტოვან კორომებში მზე ჩაიწურა,
მესმის მუსიკა, - შორეული სივრცის მჭვრეტელი
და ფოთოლცვენის სევდიანი უვერტიურა.
შენ უკვე გათბობს, უკვე გთენთავს გაისის წვიმა,
ხმაქორალურად ამოქროლილ ქარებს მიენდე,
ავტოპორტრეტის მკრთალ შტრიხივით გაისისწვრივა
გზა ბედისწერამ, რომ სიკვდილით გამშვენიერდეს.
სანამდის გულის ღრმა ბარძიმში სისხლი შეჭმახდა,
ვქროლავ ფრთაფარნად მუსტანგების ქარიშხალეთში,
თოვლით გათოშილ ხელებივით სივრცე შეჭარხლდა,
ჩემი თვალების მზედაცხრომილ ოკეანეში.
ღამე მალანდებს მელავანდებს და დასტანაგებს,
შენს თხელ მაჯებზე მოკამკამეს, ფიქრით თვითმკვლელის,
მე წინ მოვუძღვი შავმეწამულ, შეშლილ მუსტანგებს,
მე, - პოეზიის პარნასული ლურჯი ფრინველი.
დამსხვრეულ ტბებში ჩაცვენილი ვარსკვლავებია
და ბურბურებენ, რომ ეს ფიქრნი ჩემგან განოტდნენ,
იქ,სადაც თვითმკვლელ პოეტების საფლავებია,
ირმის რქებივით მრუმე ცისკენ ნისლნი განტოტდნენ...
სანამ ლამპარში დამწყვდეული მზე ჩამიქრება,
ყორნები ზურგში ჩამასობენ ალმასურ ჭანგებს,
ო, რა ძნელია პოეზიის ჟამთა კირთება
და მაინც მედგრად მივაგელვებ შეშლილ მუსტანგებს.
შენ გულის ეკვდრის ნააღსარებ ცრემლით მბან ტერფებს,
ვით დედაჩემი, - თმაბროლვილი მაგდალინელი,
მივქრი მერმისის ლაჟვარდების მარადი მეტრფე,
მე, - პოეზიის უდიდესი ლურჯი ფრინველი.
ელისეს მთვარე გასახმილდა ამეთვისტოსფრად
და აჩირაღდნებს ვარსკვლავთ ხომლი ღამის ცის ტატნობს.
მე მაშინ მოვალ, დაგაჩნდები გულზე მწველ ტვიფრად,
როცა ბნელი ფრთა მოეღლება ფრენით თანატოსს.
ანგელოზები გადმოფრინდნენ ზეცის გოდლიდან,
საკრამანგმოსილ განთიადის სევდის მინორით
და ნელაზიზად მოწყდა ძეწნას ლეშხი ფოთლიდან,
როგორც ღვთისმშობლის ფრესკის თვალებს ცრემლი მირონის.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge