გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ვახტანგ ღლონტი - ნოსტალგია მეორე ადამზე

               
                          (ნაწყვეტი პოემიდან)

შემოვა იგი და შემოათევს...
იქნება ღამე, როგორც შუადღე.
გამოანათებს მთვარეც მზესავით,
თითქოს კვლავ აღდგა ცის ნათესავი
და უფლის ბაგით ბრწყინავს ლაზარე.
შეწყვიტეს დებმაც მოთქმა და ზარი,
თითქოს გამრთელდა ყველა ნაბზარი
და ვარსკვლავების ვრცელი ბაზარი
მოკირწყლავს ქუჩებს ფილაქანებად.
სუყველას თავი უნდა ვანებო,
რამ ჩამოგყარათ ძირს,ვარსკვლავებო?!
როგორ დაგადგათ,ვარსკვლავებს,ფეხი,
პოეტისა და ღამეულ მეხრის,
თქვენ,ერთადერთო მენუგეშენო,
აქ ამ მიწაზე რით შეგეშველოთ!..
შენც,გოლგოთისკენ შემდგარო ბექობს,
რად მიწყდა შენი ფეხის ხმის ექო,
რად დამეკარგა შენი ჩურჩული,
რატომ დამაგდე ასე ურჯულოდ,
რით ვერ იგუა სულმა ჭურჭელი,
როგორ დავტოვო მკვდარმა აკლდამა,-
ღმერთო, ნუ მიმცემ მიწას საკვდავად.
მე შევეჩვიე მიწას ზემოდან,
თუ დამცემდა და დამეცემოდა -
რისთვის მომზილე მიწიდან მიწა?
ეს ვარსკვლავებიც ფეხისგულს მიწვავს...
ღმერთო, თუ მოხვალ,მოდი ახლავე,
ვიდრე ამ ქუჩებს მომიდახლავენ
და ვარსკვლავების შუქით მოვაჭრე
ჩამიქრობს შუქს და ეშმაკს მომაწევს.
ყველაზე ნაღდი ეს დრო თუ არი -
ცასა ჰგავს ქუჩაც და ტროტუარიც,
ამ ცაში მაინც დამასაფლავე,
ღმერთო,თუ მოხვალ,მოდი ახლავე!
მოდი...შემოდი...ფეხი შემოდგი...
თორემ მომდგარან ,,მუხის ჩემოდნით''.
ვისაც საკუთარ ხატად მჩემობდი
და ვინც ძესავით მტანჯე,გამჩენო,
ამ მკვდრებს - მკვდარ ხეში უნდათ ჩამტენონ.
უნდათ დამთესონ,როგორც მარცვალი.
მამა შენ ხარ და მამინაცვალი
ეშმაკია და ისიც ეშმაკობს,
რომ უშენობა გამიექვსმაგოს,
გამიასოს და გამიათასოს,
რად მეძალება ყველა სადასოდ,
ვინ ვისი უნდა ვიყო დასელი;
თქვენი მამაც და თქვენი დამსმელიც
ურჯულოა და მე რას მარჯულებს...
ღმერთო,დამხსენი ამ ქაჯმაჯუნებს!
მე დაღლილი ვარ, ისე დაღლილი,
თავზე დამექცა ზეცა სახლივით
და გადამექცა შავბნელ მიწურად,
შენს იმედს ნუღარ გადამიწურავ.
შენა ხარ ერთი, ვინც გადამირჩი;
რისი ჩირი და რისი ჩამიჩი,
რისი მოკეთე და მახლობელი,
მე ვარ ჩემივე თავის მღობველი
და რაც,აქამდე, შენთვის მიღობავს,
სხვაზე არაფრით არ გაიყოფა.
არ გაიყოფა,როგორც სამება,
ჯვარი და ერთა შვილის წამება,
რომ იყო სულის ხსნა და ამება;
ცას კი არ ვები, თავად ცა მება,-
სად გამექეცით ციდან, ზეცებო,
ცაში თუ არა,სადღა გეძებოთ?!.
ვეძებეთ... დიდხანს ვეძებეთ (ვირი!)...
ბოლოს ვიპოვეთ... დავჯექ და ვტირი...
გადარჩენილა ვირი ნადირებს,
შენც ხომ ეს გსურდა, მა რა გატირებს?!
შე ვირის კუდო და ჩონჩორიკო,
რად გინდა ხალხი აჭორჭორიკნო.
შენს გამო მეც კი ცერად მიცქერენ,
ვირი ვირია, რა გამიცხენე!
-დაცხრი,ძმობილო,და ნუღარ ყვირი,
განა უფალთან მოვსულვარ ქირით.
მე, როცა ვხარობ, სულ ასე ვტირი,
სევდით სავსე მაქვს გუდაც და სტვირიც.
ჩემად მიმაჩნდა მე სხვების ჭირი,
სხვებმა რად უნდა მაყარონ წვირი.
არც ეს ვირია უბრალო ვირი;
ამ ვირზე უნდა შეჯდეს იესო,
ზეცაში ასე აირჩიესო.
-შენ, რა კიდეში, ან რა შუაში,
როცა ვირია იეშუასი?!
-დაცხრი,უგნურო,იცვალე ნირი,
ვირმა რა იცის - რა არის ვირი;
როგორც არ იცის უფლის რაობა
მასთან წასულმა მრავალთაობამ.
აქ დარჩენილმაც არარა იცის,
ღმერთს ნუ მიჩრდილავ,იქით გაიწი!
განა გინახავს ამგვარი ვირი,
ასე ლამაზი და გასაკვირი.
ისღა აკლია - დააღოს პირი
და რამე გვითხრას... გვითხარი, ვირი -
რამდენი წლის ხარ,თვისა და კვირის?!
შეურცხვეს იმას პირიც და ცხვირიც,
ვინც, შენ, დღეიდან გიწოდოს ვირი.
ანკი რით არის კაცზე პატარა
ვირი,რომელმაც ღმერთი ატარა
თავისი ზურგით,როცა კაცებმა
არ ისირცხვილეს მისი გაცემა.
ჰოი,ვირებო, კარგო ვირებო,
ტვირთმძიმენო და სიტყვაძვირებო.
ტანმორჩილებო, თავმოჭრილებო -
ცხენთა რემაში - გამოჩრილებო
ხან უხერხულად, ხან სასაცილოდ;
მეც მიმიღია თქვენი საწილო
ბევრი მათრახი,ბევრი დაცინვა,
რაც უნდა იყოს - მაინც კაცი ვარ,
ღმერთმა რომ შემქმნა სახედ თავისად,
თავზეც (ღვთის გარდა!) ვერვის დავისვამ.
ჰაი,ვირებო,გაქირ ვირებო,
ასე საყვარლად საშაყირებო.
ფეხზე გკიდიათ თქვენ ეგ შაყირი,
ოღონდ მოგიშვან ცოტა აღვირი.
თქვე ოთხფეხებო, თქვე ორფეხებო,
ამნისტიები თქვენ არ გეხებათ,
რისი მადლობა და რისი ჯილდო;
რაც აიკიდეთ - ის უნდა ზიდოთ...
მაგრამ,დღეს,სხვაა შენი მხედარი
და კაცზეც მეტი ხარ, სახედარი.
მეცა ვარ უფლის ერთი მზიდველი
და გადარჩენას მხოლოდ ცით ველი.
თქვენთან მიგულეთ,ძმებო, თუ რამე...
ვიდრე ახალ ცით გადაგვხურავენ
ძველი ღმერთი და მისი სინოდი;
ბიჭოს,ვირები თუ იცინოდით -
ეს კი ვერაფრით წარმომედგინა,
ყური მოიტა,ხომ არ გეტკინა?!
ჰაიტ,შე ვირო,შე ვირიშვილო,
ზურგი არავის არ შეუშვირო,
რომ შეინახო უფლის ნაჯდომი,
რათა განდიდდეს შენი გვარტომი!
ვირებზე ,მგონი,სუყველაფერი...
სუყველაფერი ითქვა ვირებზე;
დღეს მარაქაში არც გაგვირევენ.
ჩვენც ისღა დაგვრჩა გზაზე გავფინოთ...
შენ ვიღას უცდი, ჰეი, რაბინო!
მანდ რომელია რომ არ გაფინა?
სულ რომ უღმერთო ცაში დაფრინავ,
შენც გაიხადე, დაო, საბრინავ
(წელსქვევით არა!), ზედა სამოსი...
თუ შეგიძლიათ,ახლა ჩამოსვით,
თორემ,როდესაც ჯვარსაც გახედნის,
შეგეშინდებათ ცაში ახედვის...
უკანასკნელი,ვირებს, სალამი...
მოვდივართ... დაგვხვდი, იერუშალაიმ!
1996скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge