გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ცირა შალაშვილი - ლექსები

XXX
მდუმარებენ ქედები, სურნელება ენკენის,
აქ, არავის, ჯერ კიდევ,
სულ არავის არ ესმის,
არის ჩაფიქრებაში, რაღაც გენიალური,
იდუმალად ნაცნობი ლანდი ასომთავრულის...
პასტორალი ფერების, ჩუმი ჭალა არესის,
თითქოს არაქაური, თითქოს ნიავქარული,
არის გარინდებაში, რაღაც, გენიალური -
მშობლიურად ნაცნობი ლანდი ასომთავრულის...
უცხოობაკრძალული სილბო სიასამურის,
სივრცეების წიაღში პლანეტათა აღლუმი.
არის უსაზღვრობაში რაღაც გენიალური,
შეუმჩნევლად მიმკრთალი ფერი ასომთავრულის...


XXX
გვალვით გადატრუსული პეიზაჟი ივლისის
წარღვნამდელზე ზეშორი უცხოდ მევიშვიშება,
წამს და წამს შუა მანძილს, ყოფნა ისე გაივლის,
ვერც მიხვდება რა იყო – ამ სოფლიდან – იმ სოფლად...
უცნაურად ქართული ცრემლი სუნთქვას გაიხსნის,
ცას შემსკდარი ბღავილი სივრცეს მიებჯინება
აპრილის თუ მაისის მიწის ლურჯი ყვავილი
იდუმალმიმალული მწუხრის მშვენიერება...
გრძელი როქით მეუფებს ყოფის არარაობა,
ჟამმა, ბრბოს და ხელმწიფეს შეუცვალა ადგილი,
არც რაობა ყოფილა არყოფნაზე ადვილი,
გაჩენამდე, ჩემსავით, წამიც რომ დააობლა...
10.08.21


XXX
ჩვენი ღამიდან,
დილით, გარეთ რომ გამოვედი,
დღის მთვარემ ისე ალმაცერად
ჩამომღიმილა, –
მივხვდი,
წუხელ,
სარკმელიდან გვითვალთვალებდა...
11.08.21


XXX
ხვლიკი ხელკავით აცილებს არვეს,
დინოზავრები
ჰგვანან ცის მგზავრებს,
სავლე,
ათასჯერ იქცევა პავლედ
და დრონი წავლენ...
მოვლენ და
წავლენ...
14.08.21


XXX
მე, შენ, დაგმალე, ჩემს წიაღში,
ჯერაც – ნოემდე...
რომ – მხოლოდ ღირს ჟამს,
ნელა-ნელა
აღმოგაჩინონ...
23.08.21


XXX
მართლა არც ერთხელ არ მოგნატრებიათ,
ბებოს კალთა,
მუხლებდაჩეჩქვილს,
ყოველ ტკივილს რომ გიამებდათ?
23.08.21


XXX
წუთისოფელი –
სნობის იერით,
პირთამდე სავსე სიცარიელით...
აღარ ზანზარებს
მულღაზანზარი –
არც ავთანდილი...
არც – ტარიელი...
14.08.21


XXX
საერთმანეთო სიტყვების ბილიკს
სიცარიელე
ბალახივით გადაეფარა...
14.07.21


XXX
მშვენიერებას,
ვინ სთხოვს იდეას! -
საკმელთან,
ჩუმად,
დგას – ორქიდეა...
27.06.21


XXX
ჩვენ დავიკარგეთ წუთისოფელში...
ხელის ცეცებით ვეძებთ ერთმანეთს
და – ზოგჯერ – იქნებ
სულ ახლოსაც ვართ,
მაგრამ –
ვეღარ ვცნობთ,
უცხოქცეულ ერთიმეორეს...
29.05.21


XXX
ბრალეული ვარ? –
მოგესაჯაო, ყოფნა,
სიცოცხლის გარეშე წლებით...
დღე–ღამეების მიწურ საკანში,
ვსასთუმლობ ზეცის გადავიწყებით,
ნეტავი, როგორ დავიმსახურე
ჯერუსმინარი ბედით წვალება,
შეძრწუნებული შევყურე, ჩემში,
ჩემივე თავის
გარდაცვალებას...
7.11.21


XXX
ტყუპისცალები გეგონება,
კვირის 7 დღე,
უარაფრობით,
ისე ჰგვანან,
ერთიმეორეს...
0.06.21


XXX
ჩემში
მე თვითონ მწყინდება ხოლმე
და – შენ როგორ გისაყვედურო!..
28.07.21


XXX
სიცოცხლეს როცა მოეწყინები
და შეგახსენებს გასვლას ვადისო, –
არ შეგეშინდეს, –
მითხრა სიკვდილმა, –
ჩემთან წაგიყვან,
სამარადისოდ...
27.06.21


XXX
                       „არ გათეთრთდების ყორანი
                       რა გინდა, ხეხო, ქვიშითა!"
                                                                       ხალხური
აღარ სჭირდება, არც ყორანს,
მუდმივად ხეხვა ქვიშითა,
თეთრი სამოსით შემოსეს,
გამორჩეულის ნიშნითა,
თქვენ იკითხეთო, საბრალნო,
უმეცარად რომ იშვითა!
20.06.21


XXX
ჟამი ანატორული,
დარი შემოდგომურა...
ქარი ფიჩხისხელება,
ჩონჩხებს დააჩხრიალებს...
ასე რად მიმატოვეს,
მშვენიერმა ხილვებმა,
წუთისოფლის რომელი
ქედი გადაიარეს...
ალმაცერად მიმზერენ
გონჯი ყოფის კაცები,
ცხადით ფერშენაცვლელებს,
ისე ვეუცხოები –
დაგირავებული ვარ
წუთისოფლის ლომბარდით,
წამის წამიღა დამრჩა
ალბათ,
ცად სახლობამდე...
24.08.21


XXX
ჩემი ბავშვობის მწვანე ეზოში,
ვიღაცა 
ხორბალს ანიავებდა...
ვიფიქრე სულ მთლად შეუმჩნევლად
ჩავივლი მეთქი
და – ზურგით ვიგრძენ,
კედელს აკრულმა სარკმელებმა
თვალი როგორ გამომაყოლა...
2021


XXX
დამარხე სიყვარული,
დამარხე და
გათავისუფლდებიო, –
რომ ჩამჩიჩინებთ,
გგონიათ, არ ვცადე?
ბალიშქვეშ ამოვდე –
ზღაპრად იქცა,
მიწაში ჩავფალი,
იებად ამოიფრქვა,
სხვენზე ავაგდე- 
ვარსკვლავად იქცა,
ზღვაში ჩავძირე –
ოქროს თევზად იქცა
ცაში ჩავმარხე –
ღრუბლად იქცა,
დილას შევატოვე –
ლოცვად იქცა,
ღამეში გამოვამწყვდიე –
სიზმრად იქცა,
გაზაფხულში ჩავმარხე –
ყაყაჩოდ მომენთო,
ზაფხულში ჩავმარხე –
წვიმად მომეშხაპუნა,
შემოდგომაში ჩავმარხე –
ფერებით გადამრია,
ზამთარში ჩავიმარხე –
ფიფქებად მომეხვია,
თვალებში ჩავიმარხე –
ცრემლად იქცა,
ყურებში ჩავიმარხე –
ბგერად იქცა,
ლექსში ჩავმარხე და –
მგალობელ ჩიტად იქცა...
დაბრძანებულა, ეხლა,
ჩემი გულის ორმოცივე კუნჭულში და
ნებივრობს,
როგორც უნდა!
მე კი, გულს ირგვლივ დავბორიალობ და
ახალ ადგილს ვეძებ -
სად დავმარხო!...
7.09.21


XXX
თვალს და ხელს შუა შემომეცრიცა სადედამიწოდ ყოფნის ლიმიტი,
სარკმელთან მიზის ენკენის წვიმა და საწარსულო წამებს მიითვლის,
ჩვენს შორის, მხოლოდ, ცაა და მიწა და არყოფნობით რაც ვიმარხულე,
ირმის ნახტომით, მარტო ამ ერთი წუთის უფლება დავიმსახურე
და ისიც, ისე დრონაკლულია, ისე მწირი და ისე უსახო,
საბედნიეროდ კი არა, ლამის, არა მკმარია, არც სამწუხაროდ...
ლამის ავტირდე – კარიატიდებს, ცა როგორ ედგათ მხრებზე, აქამდე,
სხვები ლხინობდნენ და მცონარობით, სულ ამოხაპეს ნატვრის სახატე
და მოთმინებააჯანყებულებს ხელის გულებზე  მზე აღარ ენთოთ
და ცა ტორტმანებს სვეტებჩაშლილი, უსაყრდენო და უერთმანეთო.
„დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს" – მწუხრი ჰგოდებდა,
არა ვირწმუნეთ, არა ვისმინეთ და... მეორდება და  მეორდება..
დღეს აღარ ახსოვს ფერი სურვილის და სურნელება – ღამეებს – ნატვრის,
მეუფებს ჟამი უარაფრობის, საათი ქვიშის არაფერს არ თვლის,
დროს, ყოველ დროში, სჭირდება მსხვერპლი, მონის თუ გმირის, ბრძენის თუ ხეპრის,
ჩვენივე თვალწინ, საუფლო ყოფა, გამოთვლილ წამებს, ტკეპნის და ტკეპნის...
სდევენ და სდევენ ფოთლები ფოთლებს და ნისლიანი ჩურჩულის ფონზე,
მდუმარი ქუჩა, ვითომ ვერ ამჩნევს, ბგერებით ნაქარგ მეტამორფოზებს...
მახარობლობენ კვლავ მოძულენი, დილამ, წკვარამი დააანონსა,
არა ღირს ხარ, შენ, დროო უგნურო, მემკვიდრეობის გადმოსალოცად!
„ვზივარ ვითარცა ეული ჩიტი", ცივ სახურავზე, ლანდის იერით
და წუთისოფლის უმადურ მგზავრებს, უცხოებივით ვათვალიერებ...
თითქოს მშობლიურ სურათს ვუყურებ, ბინდბუნდში მიმქრალ შუქს რომ მინებდა -
მიწა, მზეს, მტვრიან ფექუქებს ჰბანს და ალერსით მიჰყავს დასაძინებლად...
ვინ შემიცვალა, ეს მშვენიერი მყარი, ამღვრეულ იწილ-ბიწილოდ,
რომ – აღარ ვიცი, ყოვლის მხედველმა, უნდა ვიტირო თუ გავიცინო,
ეს – სიყვარულის გალაქტიკაა და ვშინაურებ თუ ვგარეულობ,
ყოველ შემხვედრში ღმერთის ხატს ვეძებ და ღვთის მაგივრად, ეშმას ვპოულობ,
ცის ჩიტებიც კი, საკენკს ხომ ვუყრი დილ-დილობით და ასე ხარობენ,
ფრთებს იბერტყავენ კმაყოფილები
მიფრინავენ და.... სხვებს უგალობენ....
ყველა ღმერთს ესმის სანთლების ენა, ნეტავ, მას თუ ჰყავს თავისი ღმერთი?
ჟამი ცბიერი მზერით მაჯერებს – თეთრი შავია, შავია თეთრი!
ჩაითქარუნეს ზღვათა მინდვრები, უუსასრულო დროის მხედრებმა,
წარღვნის წინარე ხსოვნის გორგალი მირბის, მიგორავს და არ ჩერდება
ციცინათელას კვალით ფარფატებს ბნელის წიაღში ცა ფერნამკრთალი,
სახილველს გაღმა, დგას ატლანტიდა, ცალ ხელში მზით და ცალ ხელში, მთვარით.
ღამე გავაღე, ცა რომ მეხილა, შენი სახელის ჩუმი პაროლით
და მზის ნამცეცა სხივუკა შემხვდა, სახლიდან დილით გამოპარული,
გზა აბნეოდა სახილველეთში, ასჯერ შეცვლია, თურმე გუნება
და ერთხელაც არ გახსენებია, არც სახლი და არც შინ დაბრუნება...
წამოვიყვანე, რა უნდა მექნა, ჩემს ეულობას, რაღაც ვჩიოდი,
ცა ვარსკვლავების დედამიწაა და მოვდიოდით და მოვდიოდით
და როგორც მიწას შევახე ტერფი, ვიგრძენი, რომ ვარ, საერთოდ თუ ვარ
და რა თქმა უნდა, დედამიწურად, ვმასპინძლობ სიზმარპლანეტელ სტუმარს...
21.10.21


XXX
კარგახანია, ავუკრძალე
ჩემს თავს, სიცილი...
უსამშობლოდ ვარ
სამშობლოში –
რა მეცინება!
5.11.12


XXX
ვზი, როგორც სიტყვა
მრავალტომეულის საპყრობილეში
და მკითხველს ვუცდი...
ხომ უნდა ამხსნას,
ვიღაცამ, წყევლა,
ბგერის ქვადქცეულს,
რომ ვიცოცხლო,
ბოლოს და ბოლოს...
11.11.21


XXX
წუთის დედებო,
სოფლის დედებო,
კერის დედებო,
გუთნისდედებო...
ხალხის მინდორში რომ იდექით,
მზესავით ხნულში
და ბარაქიანი ცის კალთიდან
მარცხნივ და მარჯვნივ,
ხელის წრიული მოძრაობით,
თესდით და თესდით...
რა თესდით, ნეტავ,
წუთის დედებო!
მზეს ეგონა – ვარსვლავებს თესდით!
მთვარეს ეგონა – სიყვარულს თესდით!
ღამეს ეგონა – ციცინათელებს თესდით,
დღეს ეგონა – სიხარულს თესდით
და –
რას თესდით მეთქი,
გუთნისდედებო...
შხამი და ბოღმა,
შური და გესლი რომ ყვავილობს
წყალსა და ხმელეთზე
და ლამის მყარი,
ბოროტების სავანედ იქცა, –
წუთის დედებო,
სოფლის დედებო,
გუთნის დედებო...
7.11.21


XXX
პლანეტის მთავარ მოედანზე
მსოფლიო ბრბოს წინ,
ვიღაცის ხელის ერთი აქნევით,
სახრჩობელებად გადაიქცნენ
საქანელები
და მარიამის ნაქსოვი კვართით
წვიმაში,
თოვლში,
მზეში თუ
ქარში...
ქანაობს
ღმერთის ადამიანი...
პლანეტის მთავარ მოედანზე,
მსოფლიო ბრბოს წინ....
14.10.21


XXX
ქარი, დღეს, ისეთი
თავქარიანია, -
ვერაფერიც ვერ შევასმინე...
6.11.21
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge