ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
შორენა გორგოძე - ურია
მას ყველა ,,ურიას" ეძახდა, ანდა ლეილა ებრაელის ბიჭად მოიხსენიებდნენ, მისი ნამდვილი სახელი ურიელი, კი რატომღაც ყველამ დაივიწყა. როცა ქვეყანა აირია და ებრაელებმაც ისტორიულ სამშობლოს მიაშურეს, ლეილას არაერთხელ შემოუთვალეს აშდოთიდან ბიძაშვილებმა, ჩამოდი, რით არ მოგწყინდა მანდ წვალება, რასაც მანდ წელიწადში შოულობ, აქ ერთ თვეში გააკეთებ. თან შენი ყისმათი რომ ვიცით, უკუღმა რომ გადააგდო ფეტვი, ისიც წაღმა ამოვაო.
ლეილას გულში უღიტინებდა წასვლის სურვილი, მაგრამ გასაქანი არ ქონდა. როცა მისი სანათესაო მთლიანად გაიკრიბა იზრაელში, ლეილამ თავისი ნაკოწიწები ფული აიღო და ადლერში წავიდა.
ქალმა ფეხდაფეხ მოიარა, სოჭი, ადლერი , ტუაფსე... ქალაქების მაღაზიები რომ გაწმინდა საკერავი მანქანის ნემსებისა, ხელით საკერავი ნემსისა და ძაფ-სათითეებისგან, მერე თითქმის ყველა სოფელს ჩამოუარა. სულ სამი ათასი მანეთი დახარჯა. მერე ეს ყველაფერი ბორანზე აიტანა, მებორნეს კი ბილეთთან ერთად ოცდახუთმანეთიანიც ჩაუკუჭა ხელში და სოხუმისკენ ჰერი- ჰერი.
სახლში მისულ ლეილას ანზორამ ლამის ცა დაამხო თავზე... კაცი დადიოდა და გაჰყვიროდა,
- დამიქცია ოჯახი ამ თმა გრძელმა და ჭკუა მოკლემ. ამდენი ნემსი და ძაფით სურამიდან აშდოთამდე ფარდაგი უნდა შეკეროს თუ რა ხდება?!
ანზორა კი ჯუჯღუნებდა, მაგრამ ლეილას საქმე კარგად მიდიოდა, დაქცეულ და გაღარიბებულ ქვეყანაში ნემსმა და ძაფმა კარგი მოგება მოუტანა , ნელ ნელა აეწყო ბიზნესი. არ უჩიოდნენ ,,პერესტროიკის" მოტანილ ხელმოკლეობას, მაგრამ ... ერთ დღესანზორას გულმა უმტყუნა და სული უფალს მიაბარა.
გაუჭირდა მარტო ქალს, ორი მოხუცის და ორი ცხვირმოუწმენდავი ბავშვის რჩენა...
ერთ დღეს ურიელმა ტელეფონზე მოლაპარაკე დედას შეუსწრო, რომელიც ნათესავს ეუბნებოდა, - რაწყალს მივცე თავი ეს მოხუცები ვის დავუტოვოო.
ურიელს დედის ცრემლები გულში ადუღებული კუპრივით ჩაეღვარა. ბევრი ფიქრის მერე დედას უთხრა:
- შენ და აბრაამი წადით, მე კი აქ დავრჩები, მოხუცებს მივხედავ და კერიას არ გავაცივებ.
უძნელდებოდა ლეილას ტხუთმეტი წლის ურიელის დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ იყო . გულდათუთქულმა ქალმა ჩაჰკიდა უფროს ვაჟს ხელი და გაუდგა გზას იმ ქვეყნისაკენ , რომელსაც მისი სამშობლო ერქვა.
ამ ამბის მერე მრავალმა წყალმა ჩაიარა. ურია უკვე ოცდაერთი წლის ახალგაზრდა, ხან რაზე. მუშაობდა ხან რაზე.
პაპაც მიწას მიაბარა და თვალისჩინგამოლეულ ბებოსაც ისე უვლიდა, როგორც პატარა ბავშვს. დაბაში დარჩენილ მოხუც თანამოძმეებს ჩამოუვლიდა შაბათ კვირას , ბაზრიდან ყველასთვის პროდუქტს ეზიდებოდა, საშინაო საქმეზეც ხელს წაუკრავდა, შეშას და წყალს მოუმარაგებდა და დაღლილი მშობლიურ კერას მიაშურებდა.
ზამთრის ერთ დილას ბებოს ცხელი ჩაი და ორცხობილა შეუტანა,დაუძახა წამოჯექიო , მაგრამ მოხუცმა ხმა არ გასცა. რებეკა ისე მშვიდად გადასულიყო მარადიულ საუფლოში, არც კი შეაწუხა შვილიშვილი.
ურიელმა კეთილი მეზობლების თანადგომით ბებოც მიაბარა სამუდამო საცხოვრისს. ქალი ქმრისა და შვილის შუაში დიდი პატივით დაკრძალეს.
შეუჩნდა დედა და ძმა, მანდ რაღა დაგრჩენია გაყიდე ეგ სახლი და წამოდიო. ბევრი ფიქრის შემდეგ ურიელმა ბოძებსა და ღობეებზე , სახლის გაყიდვის თაობაზე განცხადება გააკრა. მალე მყიდველიც გამოჩნდა და სახლი ავეჯითურთ კარგ ფასად მიჰყიდა. მოილაპარაკეს, ფულს ორი დღის შემდეგ მოუტანს, ხოლო სამ დღეში სამუდამოდ დატოვებს ურიელი საყვარელ სურამს...
გული ეწურებოდა, მაგრამ კარგი ცხოვრების იმედით სულდგმულობდა... დაღამდა, ურიელი ლოგინში ჩაწვა, საბანში თბილად გაეხვია და ფიქრებს მისცა თავი... ახალგაზრდა კაცი ითვლიდა, ხვალ ,ზეგ და მაზეგ დილით გავუყვებიო გზას.
ძმამ უთხრა, მანდ ნამსახურებს არ ჩაგითვლიან, აქ აუცილებლად უნდა წახვიდეო ჯარშიო.
ურიელმა წარმოიდგინა იზრაელის დროშის ქვეშ როგორ დადებდა საზეიმო ფიცს და ოცნებას გაუღიმა.
უეცრადთვალი არაბუნებრივმა ციალმა მოსჭრა, წამოიწია, ფარდა გასწია და ცეცხლის ალში გახვეული სახლი დაინახა. გაიფიქრა დევაძეების სახლი იწვისო, ფეხზე წამოიჭრა, სწრაფად გადაიცვა და გარეთ გავარდა.
ხალხის ყვირილი მისწვდა მის სმენას. ერთი კი გაიფიქრა, ვინმემ არ თქვას, უმძრახი მეზობელი სეირის საყურებლად მოვიდაო. არადა რა ტყუილად მოიმდურეს ერთურთი.
მაშინ ურიელი და მალხაზი ცხრა წლისანი იყვნენ, ველოსიპედის გამო ჩხუბი მოუვიდათ.
ბავშვებს ბებიები გამოექომაგნენ და იქით გახდნენ საქომაგონი. იმ დღის შემდეგ დაუბრდნენ და წლების შემდეგ, ასე უმძრახად გადასახლდნენ მოხუცები იმიერში. ხოლო ამიერში ანდერძად ერთმანეთის უმზრახობა დაუტოვეს შვილ-მომავალს.
ურიელი ამ ფიქრებით გაუბედავად მიადგა მეზობლის ეზოს. თმაგაწეწილი ელენე დაინახა, რომელსაც მხოლოდ ღამის პერანგი ეცვა და ორივე შვილი აქეთიქიდან აეფარებინა სხეულზე. ქალს ხელები ბავშვებისთვის მოეხვია და გამწარებული კიოდა, - გაიღვიძე, მალხაზ, თავს უშველეო.
- სადაა მალხაზი? - ჰკითხა ურიელმა მეზობელს.
- ნასვამიაო და სძინავს, - უპასუხა ვიღაცამ.
ვაჟი არც დაფიქრებულა, მეზობლის კაცს სათლი გამოართვა, წყალი თავზე გადაივლო და ალმოდებულ სახლში შევარდა. იმ სახლში, სადაც მასზე ბევრად ადრე მისულმა მეზობლებმა ვერ გაბედეს შესვლა.
ვაჟიგუმანით გაუყვა იმ ოთახისკენ გზას, სადაც მისი აზრით, მალხაზს უნდა სძინებოდა. გზა და გზა აბრიალებული ხის ნაწილები სცვიოდა და სავალს უხერგავდა.
მიაგნო, როგორც იქნა ტახტზე უსულგულოდ მიგდებულ მეზობელს. ჩია ტანის ურიამ მთასავით მალხაზი ძლივს წამოიკიდა ზურგზე, გასასვლელისკენ წამოვიდა და გულში თორას და ბიბლიას იფიცებდა, ოღონდ აქედან გამიყვანეთ და არსად წასვლაზე არ ვიფიქრებ, სახლის ფულსაც უკან დავაბრუნებ და მალხაზსაც თავისი ოჯახით შემოვისახლებო.
ის იყო კარებთან მივიდა, შებრუნდა, რათა მალხაზი ზურგიდან მოეხსნა, რომ წელში მოხრილ ურიელს ზემოდან ჩამოვარდნილი ცეცხლმოკიდებული მთავარი საყრდენი მორი მოხვდა კეფაში და ვაჟი უსულოდ დაეცა.
მოცვივდნენ ყველაზე გაბედული მეზობლები, ჯერ მალხაზი წამოაყენეს, და სხვებს გადასცეს, მერე თავგაპობილ ურიელს დაეხვივნენ...
ეზოში გამოყვანილ ვაჟს ექიმმა დახედა თუ არა ხელიჩაიქნია. ურიამ თვალი გაახილა, მალხაზი იკითხა, მიაძახეს ცოცხალიაო.
ამ დროს ნიშადურით გამოფხიზლებილი მალხაზი დაემხო ურიელს მკერზე, დასტიროდა და ევედრებოდა:
- მამას გაფიცებ არ დამტოვო ურია, არა!
ურიელს ღიმილისმაგვარი რაღაც გამოესახა შეშუპებულ სახეზე, ძლივს გასაგონად თქვა :
ლობიოს ქოთანში ფული დევს, იმ თანხით გამასვენეთ, რაც დარჩება ისიც გიყიდის პატარა სახლს ძმაო, მე ისევ ისე მიყვარხარ როგორც ბავშვობაში. მიყვარხართ ჩემო მეზობლებო, თქვენი სულის ჭირიმე.
ურიას ციებიანივით გააკანკალა, მერე საშინელი კრუნჩხვა დაეწყო, რასაც ხროტინი დაერთო, ასე გაგრძელდა ორი-სამი წუთი... მერე მოეშვა, მოდუნდა და დაწყნარდა.
სურამის ჩანბელებული ცა ცეცხლის ენებთან ერთად ქალების კივილმა და კაცების ღრიალმა გაჰკვეთა. ყველა ერთად ტიროდა საკუთარი ოჯახის წევრს და არა უცხო ტომისა და სხვა რელიგიის ნაწილს.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა