გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თამარ შაიშმელაშვილი - ლექსები



ჩამოსიზმრებულ დღეში

ჩამოსიზმრებულ დღეში,
როცა ეძინა ტყეს და სოფელს,
სოფლის სოფელსაც,
რული ერეოდა სავარსკვლავოს.
იჯდა და ცრემლებს
ნაწნავებში იწნავდა,
იჯდა და ყვავილად
დარდი ეზრდებოდა.
ხვალაც წავიდოდა წყაროზე,
ხვალაც  მოინატრულებდა,
მხარზე კოკა ედგა და მიიმღეროდა,
მხარზე მტრედი შემოესვა და მიღუღუნებდა,
გულისპირი - ხორბლისფერი გაზაფხული,
სუნთქვა - ალიონის,
ნაბიჯები - მღერით დაკვალული,
კაბა - სახელოები  - საყდრისფერი...
სევდა დიდი - მარგალიტის ღილი.
სევდას იზომავდა და მოიხდენდა,
სევდაში იზრდებოდა და მშვენდებოდა, 
მზერას არშიებად გაიშლიდა, 
სიყვარული კი მოდიოდა, მოიმღეროდა...
მკერდს ასხმული ცრემლის უსურვაზით
შემოსილი, შემოხვეული, 
როცა ელი და მარტოვდები
რტოებნატირალი 
ნატვრის ხე ხარ
და თბილ ჩიტებად აცოცხლებ იმედს,
სანოტო რვეულს,
გადაშლი და ქანაობს სული,
დახურავ და ცეცხლი გიკიდია.
ცხელ თონეში ვარსკვლავები
უნდა ამოხადო,
ცის ბილიკზე წყაროს წყალი ააცეკვო,
თოვლი იყო, 
მზის სადედით ჩადაფნული,
მთვარეს ცრემლი გაუგორო...
ვნების ველზე სურვილს კრეფდე - 
ბროწეულის წითელ მარცვლებს... 
წითელ წყაროს დაეწაფო,
ოქროსფერი დალალებით
რთავდე სივრცეს,
ზრდიდე მოლოდინს...
ზრდიდე მარტოობას!
ცრემლს იწნავდე
ნაწნავებად...
უწყლო ველად
გდევდეს სევდა... 
მოდიოდეს სიყვარული,
მოდიოდეს სიყვარული,
მოდიოდეს სიყვარული
შვიდფერ მზეთა...
ჩამოსიზმრებულ დღეში
ეჯდა ანგელოზი  მხარზე 
და მიიმღეროდა...


მზის კაცს - მირზას

მზე შემოიხსნის  უხსოვარ სიზმარს
და გააოცებს წარღვნით აისებს…                       
თბილბედისწერად დაგყვება, მირზა
მაისი - სევდის ედელვაისი…
ცის კაბადონი  გვირილებს ისხამს,
თუგაუვლელი რჩება ბილიკი,
ვინგადაუსხამს სიყვარულს სისხამს,
დასაბრუნებელ ლოცვას ვინ იტყვის?                      
ვინ გადაუხვევს ჭრილობას ღამეს,
რომ შეჰყინვია ყაყაჩოს ღიმი,
ვრთავ მონატრებას, სინათლენარღვევს
და ბედისწერის ყურს ვუგდებ ღვივილს... 
ტყვია, რომელიც გულმა იმღერა, 
სავსეა თბილი ცრემლით პოეტის…
წამლეკავია ახლა მზის ღელვა
გადარჩენილი ერთი სონეტის...
ცა შემოისხამს უხსოვარ სიზმარს
და გააოცებს ელვით აისებს...                
ჩუმსახსოვარად დაგყვება მირზა
მაისი - ლექსის ედელვაისი...


ზღვაზე მამაჩემი გამახსენდა

ზღვაზე მამაჩემი გამახსენდა
ვაზის მოშრიალე სანახებით...
ცრემლი ხელისგულზე გზას აგნებდა,
მუხლებს დაჰკარგვოდათ ასაფრენი...
ტალღებს გვირილები მოჰყვებოდა,
მინდვრის მოგალობე ბალახები,
ვგრძნობდი, სიზმარ-ცხადში რაც ხდებოდა -
შორს, კვლებს ჩასდგომოდა მამაჩემი...
და გულს ზღვის შრიალით იმშვიდებდა,
და ბანს კვლავ აძლევდა გაღმა ხევი...
და მზეს, ჩამუხლული იმ შინდებთან,
ერთად მალულ ღელვით დავარხევდით...
გვალვა სწვავდა ქიზიყს ოქრო-ცურვილს,
უკვე იწყებოდა მამას რთველი,
ტალღებს მივყვებოდი ქროლვა-ცურვით
და ცრემლს მიგზავნიდა ცა სამფერი...
ზღვაზე მამაჩემი გამახსენდა... 


გარეჯო

ქარი ვარ, ფრთებით გიცავ, გარეჯო,
რომ გაზაფხულზე მზეს შეგავედრო...
ამ სამოთხეში სისხლის წვეთია,
ეკლიან ღრუბლებს რად უწვეთიათ?
რად მგლოვიარობს კოშკი მდუმარე 
და გულის ძახილს ვით იმდუღარებს? 
ვინ ამოშანთა მზერა მარიამს,
ცხონების ქედზე ავსიზმარია? 
მოწვეთავს წყარო მადლის მახარე,
მაგრამ ცისთვალებს ვეღარ ახარებს...
ბინდის ნამგლებით მოდის ურჯულო,
ამ ბედშავ ჟამში ვინ მოარჯულოს?
მხოლოდ ქარნია! მეც ფრთებით გიცავ,
რომ შემოვევლო შენს მართალ მიწას... 


***
ღალატის ყვავილს ვერ დავარქვი ისევ სახელი…
მარტომზე ჩადის, ჩადრიანი ღიმილი მიაქვს...
დავტოვე გზაში შეწყვეტილი ჩემი სამღერი,
ყაყაჩოს მხარი შევუხვიე ბილიკზე იმ ქარს,
რომელიც ახლა მარტოობის ჭრილობას იზრდის
და სულში მაინც საკურნებელს მალულად ფარავს...
თითებით ვსინჯავ ნაწიბურებს უხსოვარ სიზმრის,
შავი კუნელის სამზეოზე ეშვება ფარდა...


მერე რა, რომ

მერე რა, რომ მაისია...
თოვლი მოდის, _
ჩემს თითებზე, ქარებზე და
ბილიკებზე...
თოვლი მოდის,
როგორც ტრფობის სონეტები,
თოვლი ტირის,
დაისივით მწე
და უცხო...
მერე რა, რომ 
გაზაფხულის სიმწვანეა,
გაზაფხული საედემო 
ფარჩას იცვლის...
მოიხედე...
მაისია თეთრი ნისლი!
მაისია პოეტების 
მზე და სისხლი!


***
მაისს არ ვუმალავ სევდას, 
თოვლის ტირილია, ჩემო... 
შენი სურვილების მზეს ვსვამ, 
ნატვრის ყვავილობას ვჩემობ... 
გულში მეპარება ნისლი  - 
ცრემლად ანთებული დეკა, 
როგორ დამეღალა სისხლი, 
ქარებს მინდობილო ბედად... 
ცისკენ შევუყვები ნაპირს – 
შენი გვირილების ჩეროს... 
სევდის გავიხურე კარი, 
თოვლის ტირილია, ჩემო...


ფერს ვიშრობ შენით

უშვილო ღამის ფიქრია წვიმა,
ცრემლს დაულამბავს გულის ნაპირებს,
იცი თუ არა, ფოთლები წირვას 
და გადაფრენას ქარი აპირებს...
იცი, რომ ახლა თოვლს ვუსმენ სულში,
ფერს შევშლი - ველზე მთვლემარ  მარაოს,
დაჭრილი სისხლი დამყვება სულ მზის,
იღბალმაც ამ გზით ამიარაო... 
მგავს დეკემბერი შიშველი გეშით,  
ემარტოება არეულ დროჟამს...
ფერს ვიშრობ შენით, გაშლილ მინდვრებში
ვარ დაწინწკლული სამშობლოს დროშა...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge