გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები



***
ყოველწლის ბოლოს, დეკემბრის თვეში,
მშვიდად აღვნუსხავ არსებულ წვრილმანს,
როგორ მოვედი და დავრჩი თქვენში,
გამოქცეული ქარსა და წვიმას.
ვაჯამებ თვეებს, სახსოვარ რიცხვებს,
დღისა და ღამის შფოთვას და რისხვას,
ვის ვენდობოდი, აღარ ვახსოვარ,
ვინც ცდილობს დროის მწუხრისგან მიხსნას.
ყოველ წამს ჰქონდა ღირსება თავის,
ყოველ წუთს ძალა მორჩილის თმენის, 
კმარა სიცოცხლედ გახელა თვალის
და ცქერა მშვიდად თოვლიან მთების.
ყოველ წლის ბოლოს, დეკემბრის თვეში
ვეპატიჟები ჩემს მკითხველს რთველში,
მინდა წლის ბოლოს აღმოვაჩინო
ჩემი განცდების სიმრავლე თქვენში.
ვხვდები, სურვილი რჩება იმედად
და ოცნებები როგორ წვალობენ,
ვხვდები, დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
ვისაც ვუყვარდი, აღარ მწყალობენ.


***
საოცარია ბედი მაცივრის,
ცარიელია, თავისთავს ჰყინავს,
საოცარია, ღმერთი დასცინის,
სათვალსეიროდ გალაქულ რკინას.
ზის ჩემი კატა მშვიდად, მოწყენით 
მაცივრის კართან, ჩუმად ნატრულობს
(თავისი ნებით, არვის მოწვევით)...
ცდილობს, რაიმე რომ იხალტუროს.
თვალასახვევად დგას სამშვენისად
შეუცნობელი, მყოფი მდუმარედ,
ვით როიალი, რომელიც მოკვდა, 
რადგან სიმღერებს ვერ მოვუარეთ.
და ბჟუტავს ჭაღი, იმის იმედი,
რომ განათდება, ოდესმე შეძლებს,
დაინახავენ გაოცებული 
ხორცის გარეშე დარჩენილ ჩვენს ძვლებს.
საოცარია ბედი მაცივრის,
განმარტოებით დგას სამშვენისად
და რადგან ვამჩნევ ბედი დამცინის,
არ მიხარია მეც სახლში მისვლა.


***
ნახეთ ცხოვრება რა თვალთმაქცია, 
ეცვა მდიდრულად, უცებ გახადა,
არარაობად უცებ აქცია 
და სანამ თვალი დაინახავდა,
ისევ ჩააცვა, რომ ეგრძნო მდუმარს 
ყოფნა-არყოფნა და ძალა ბედის,
რომ წუთიერი აღფრთოვანება 
არის წამალი წამიერ  ბნედის.
როდესაც ფრთებს შლით,
ზეციურიდან თქვენ შეგიძლიათ
მიწას დახედოთ,
დაიმახსოვრეთ სიმძიმე ხვედრის,
გაშლილი ფრთებით არ ითავხედოთ. 


***
ხვდები, სიბერემ აგითვალწუნა,
ძლივს დაბაჯბაჯებ თოთო ბავშვივით
და სამარემდე რჩება მანძილი,
დამოკლებული ორი არშინით.
სულ ერთი ხელის გაწვდენა დარჩა,
მერე იწყება სულის სიმშვიდე,
ვეღარაფერს გრძნობ, წყვდიადი გაჩნდა,
მინავლებულა სუნთქვის სიხშირე.
ახლა ცხოვრებით ცოცხლობ მარტივით
და ყველაფერი დუმილს გკარნახობს,
თითქოს ხის ქერქში ჩარჩი მატლივით,
დრო ცდილობს თავი არ დაანახოს.
არის სიბერე ტკივილი სულის,
გულს რომ ინახავს ძვირფას განძივით,
რომ ფრთები ცვივა ყოველგვარ სურვილს
და თავს  შორდები დიდი მანძილით.
მოვა დრო, უცებ მიგჩქმალავს, წაგშლის,
გამოეცლება ოჯახს საყრდენი.
ამქვეყნიური თავდავიწყებით
იმ ქვეყანაში გადასახლდები.
სიბერე დროის განსაცდელია,
ყოველდღიურად თავი გეთმობა 
და ხვდები, უკვე გზას აცდენია 
ამქვეყნიურთან ურთერთობა.


***
არ დაგაჯერონ, რომ დაგჯაბნეს და მიგატოვეს,
არ შეეგუო უჩემობას და სიმარტოვეს.
შენ ისევ ის ხარ, ისევ ბოლო, ისევ პირველი,
ხარ იმედივით უიმედოდ გასაკვირველი.
შენს ნაფეხურებს ისევ ასდის ტრფობის ალმური,
გამოვიზოგოთ სიყვარული და სიბრალული.
ნუ დათმობ იმ წლებს, შენი ერქვა, დღეს რომ იცვლება,
მოკვდება გული, უშენობით გარდაიცვლება.
არ დაიჯერო, ვინმემ დაგთმო, სხვაში გაგცვალა,
ჩემო ბეღურავ, მოჟღურტულე ჩიტონაცარა.


***
არ წავალ არსად, არც აქ დავრჩები,
ვერ დავადგინე სად უნდა ვიყო, 
ვხვდები, რომ მაინც ვერ გადავრჩები,
დროის საწუხარს თანაბრად ვიყოფ. 
მიწამ დამქანცა, ცას შევაფარე 
თავი, მიხმობდა, მენატრებოდა, 
ზეციურობა ვერ შევიფერე,
ვგრძნობდი, რომ წლები მემატებოდა. 
ცა გამიბრაზდა და გამინაზდა
სული რომელმაც ცა იმსახურა, 
ფრთებმა, რომელიც ღრუბლებში დაცა
ცის საყვედური დაიმსახურა. 
ვთვლიდი ნაბიჯებს მივყავ-მოვყავდი
მტრიდან მოყვრამდე, დარჩნენ ერთგული
და იმედს მე რომ მანუგეშებდა,
შევეგუე და აღარ ვემდური.
არ წავალ არსად, სიკვდილის ფასად,
ბევრჯერ შემაკრთო დროის ალმურმა,
მაგრამ მასწავლა ღირსება ფერფლის
ზომიერებამ და სინანულმა.


***
მიმაქვს ჩემი კუბო მხრებით, 
ვგრძნობ, სიკვდილი სხვისია,
ვგრძნობ, გზადაგზა ტაშით მხვდებით,
დრო აღნიშვნის ღირსია.
მივალ, მაგრამ თქვენთან ვრჩები,
ვრჩები, თუმცა მივდივარ,
ეს ლანდია, ძმებო, ჩემი,
გარიჟრაჟის ბინდი ვარ.
მივალ, ვწვალობ, თან მივათრევ 
წუთისოფლის ნარჩენებს,
შენდობისთვის ღმერთს მივმართე
და დრო ვეღარ მაჩერებს.
მინდა ხორცით განვიძარცვო,
სული დარჩეს უბილწო,
ჩემს დღევანდელ არსებობას 
მომავლისკენ ვუბიძგო.
მიმაქვს ჩემი მწარე ხვედრი 
ცრემლითა და გოდებით,
რასაც ვწერდი, იქვე ვხევდი,
ნაცოდვილარს ბოდვებით.
გული მუდამ იყო სუფთა 
და ხელები სპეტაკი,
მიმაქვს ცაში მიწის სუნთქვა,
მიწიერი სპექტაკლი.
მიაქვთ ჩემი კუბო მხრებით,
კუბოს ტყვიას ესვრიან
და მიზეზი ტყვიის სროლის,
ვხვდები, ჩემი ლექსია.


***
შორსა ხარ, თუმცა მე მაინც გხედავ, 
შენი სიშორე მოთმენას მაჩვევს,
ასე მგონია, რომ ხელებს გხვევ და
შენი ხატება გაექცა ჩარჩოს
და ვუცდი წუთებს, იქნებ გაწვიმდეს
(იქნება გძულდეს წვიმის წვეთები),
დროებითობა რომ აღარ მწყინდეს,
ფიქრიდან ფიქრში დავეხეტები.
წვალობს დღეები მონატრებაში 
და სევდიანობს დროით გართობა,
ვარ ერთადერთი მონა ტყვეობის
და ჩემ საფიქრალს წუხს ალბათობა.


***
აატალახა შენმა ლექსმა ფურცელი წმინდა,
გწყინდა, ვამბობდი, ვერ ისწავლა წერა, გაერთო,
საუბედუროდ, მზე იყო და ლექსებში წვიმდა,
პოეზიასთან არაფერი გქონდა საერთო.
ხარ ოპტიმისტი სულელური და არნახული,
ქადაგებ იმას, რასაც ხშირად მტრულად უცქერი,
ხომ ჩაგვამწარე უნიჭობით ეს გაზაფხული,
გააბინძურე შენი ლექსით წმინდა ფურცელი.


***
ევროპული საქართველო მესიზმრება,
რუსთაველის საქართველო მადარდებს,
სიყვარული ვიქადაგეთ ლექსის ძმებმა,
ერთმანეთის სიძულვილი გადაგვდეს.
ერთიანი საქართველო გაიბზარა,
სიძულვილმა ორ ნაწილად გაგვიყო,
თვითონ ვნახეთ ჩვენი თვალით, 
სიძულვილმა რა გვიყო.
რა ცოტა ვართ, რა ცოდვა ვართ,
დავინახეთ ცოდვის დღესაც 
ცოდვილებად ვიქეცით,
ერთმანეთის სიძულვილში დავიმარხეთ
და მომავალს იმედი ვერ მივეცით.
ყველაფერი იყო ძლიერ დასანანი,
თვალთა ხედვის სანიმუშოდ, საჩინოდ,
ფრთხილად, ხალხო, ნაპერწკალი არ გაღვივდეს,
ცეცხლი არ გავაჩინოთ.


***
არ გამომადგა, გულს ვყიდი
ოცნებით, ფიქრით, მოთმენით,
სულ ემაგ გულის ბრალია
ზამთარში ჩემში რომ თბებით.
სულ ემაგ გულის ბრალია,
რომ, ფხიზლობს, აღარ მაძინებს, 
შემოაქსოვა გალია,
აპატარავებს მანძილებს.
ხან მზის სხივს გაეკიდება,
ხან ღრუბლებს ჩამოიწვიმებს,
სიყვარულს დაემკვიდრება,
სინათლედ მზეს ანაწილებს.
იმნაირს მოიმოქმედებს,
ფიქრი, ოცნება, მეცვლება...
წაიღეთ, დაეპატრონეთ,
სანამდე გარდამეცვლება.
არ გამომადგა, გულს ვყიდი,
გადაღლილს შენზე ფიქრითა
ტკივილებს შენს რომ შემყარე
ჩემს ტკივილებში გიქვითავ.


***
ერთხელაც დროს გავექცევი,
სანთელს აგინთებ ლოცვითა,
ერთხელაც შენთვის მოვიცლი,
ტუჩებს დაგიდნობ კოცნითა.
ერთხელაც წვიმად ვიქცევი,
ბროლის ყელს ჩამოგისველებ,
დროს გავაცოცხლებ იმ ცრემლით,
ახლა რომ ვეღარ იხსენებ.
ერთხელაც წავალ უშენოდ
სიცოცხლეს გავეპარები,
მოისურვებ და ვერ მნახავ,
ახლოს არ გაგეკარები.
ერთხელაც, ოი, იმ ერთხელ
დამხედავ, შეგეცოდები... 
სიკვდილიც გაინაბება,
შენი დანახვით ვცხონდები.


***
დაათრევს სული ხორცსა და ითვლის
სევდა თანდათან როგორ იმატებს,
აღარ ვაზროვნებ, დავბერდი თითქმის,
ვეღარ ვანსხვავებ ტყვილს და სიმართლეს.
შემომეცალა, აღარ მკარნახობს 
ხვალინდელი დღის სიკეთეს რწმენა,
რომ მომავალი არ დამანახოს, 
მიჩრდილავს თვალებს დრო, ბედისწერა.
უკან სევდაა და მონატრება 
გაფერმკრთალებულ, ჩამქრალ წარსულის,
იგრძნობა სევდის თვალთმომატება
დღეების მკრთალის, დრო გარდასულის. 
ვხედავ, სიცოცხლე რა მწუხარეა, 
შენთვის ოცნების, ფიქრის დამშლელი
და ვგრძნობ, რომ ამ გულს არ უხარია,
მიჭირს უშენოდ და შენ არ მშველი.


***
შენი ტუჩები მიმყვება სახლში
და სიყვარული შენს თავს მახსენებს
და რომ მგონია, რაც მოხდა წავშლი,
შენი თვალები აღარ მასვენებს.
გავურბი ჩემს თავს, სავსე ვარ შენით
და ვხვდები სიკვდილს სიცოცხლის ბოლოს.
შენ და სიცოცხლე ორივე მშველით,
რადგან სიცოცხლე ლოდინში ცხოვრობს.
შენი ტუჩები მიმყვება სახლში 
და სიყვარული შენს თავს მახსენებს
და რომ მგონია, რაც მოხდა წავშლი,
შენი თვალები აღარ მასვენებს.


***
არის დრო, როცა მოსაწყენი ხდება მშვიდობა,
ომს იგონებენ იმისათვის, თავი გაირთონ,
გამობრწყინდება უეცარი დროებითობა,
ხდება დროებით აღზევება სამაგალითო.
სისხლს ცრემლი რეცხავს და იშუშებს ტკივილს იარა,
ტკივილი მეც მაქვს, სამწუხაროდ ბლომად გროვდება,
რამდენჯერ სევდამ ჩემს ჭიშკართან ჩამოიარა,
გაუჩინარდა, ალბათ აღარც მომაგონდება.
მაქვს შეგუების, მოთმინების მძაფრი უნარი,
ვუბრძანებ სხეულს უპატრონოს სულს და გაერთოს,
ვგრძნობ, უსათუოდ, მოთმინების წუთი თუ არი
და მიწიერი ზეციერთან ვპოვებ საერთოს.
ნახეთ, რამდენი დაიცვინა ფოთოლი მუხამ,
წუხარ საწუთრომ გაგაგონა მწუხრის შრიალი,
დაიმახსოვრე, უსათუოდ, მაგარი თუ ხარ, 
ხმას რომ არ იღებ, სიბრძნე სწორედ დუმილში არი.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge