გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თემურ ჯობავა - ლექსები


***
მახსოვრობიდან გამოჟონილ ათასწლეულებს
სხეულის ყველა რეცეპტორით ცხადად შევიგრძნობ.
დასაწყისიდან მოვდივარ და სიჩუმის ფსკერზე
მოხეტიალე, საწერტილოს დავეძებ ნაპირს.
მე ვარ ჩემივე ისტორიის მკაცრი მეურვე,
მშობელი, შვილი, მოსამართლე, რადგან მსურს ვიცნო
უცნობ ფრაგმენტში არსებობის ნათქვამი ჩემზე
უცნობი სიტყვა და გავიგო სიმართლე რა ღირს.
ან შეუცვლელი ტრადიციის რა ღირს შედეგი,
როზგიდან ტყვიის გასროლამდე ყრუ მანძილს იტევს
დღევანდელობის აუზებში მოცურავეთა
სიმარტივე და შეუგრძნობლად მკვდარი სიცოცხლე.
ტკბილი ნაყოფის შემცნობელთა ყველა შემდეგი
თაობის ჟინს და ველურ შიმშილს ვეღარ ვირიდებ,
დედამიწიდან ოქროს მტვერი ქარმა ახვეტა.
სინამდვილის და ცარიელი გზის ვხდები მოწმე.


***

უსასრულობას არ აქვს ფორმა, არც დასაწყისი,
არც დასასრული. მარადიული მოძრაობის
ჰარმონიაში პლიუს-მინუსის მთლიანობას
მორჩილებს ყველა სულდგმული და ყველა საგანი.
თუმცა გონების თამაშებით მხოლოდ ის ვიცით,
რომ ვიწყებით და დავმთავრდებით, რადგან მგზავრობის
ლიმიტი სწრაფად იწურება, რადგან ახლოდან
ვხედავთ სიკვდილს, ვხედავთ, რომ ჩვენ ვართ ღია საკანი.
სადარდებელიც სანიმუშოდ მორთულ-მოვლილი
დაგვაქვს თვალებით, ნაბიჯების არეულ რიტმში
ვგრძნობთ სანუგეშოდ განწირული ცხოვრების ფეთქვას
და გახშირებულ პულსაციას ვაბრალებთ ზეცას.
ამასობაში, გაცრეცილიც გაგვიკრთა ძილი
და უწყვეტ პროცესს სიცოცხლისას, რომელშიც ვიშვით,
ტკივილისას თუ განვიცდით და რაც უნდა გვეთქვა,
გადასაგდები ქაღალდივით გადაიკეცა.


***
მოიღრუბლა და ტვინის რომელიღაც უჯრედში
დაიბადა აზრი უცნობი აწმყოს შესახებ.
აწმყო, ახავსებული უტოპიის ცივ ტბებში
ვერაფრით, ვერაფრით ერთმანეთს ვერ შევასაღეთ.
დაკარგული დრო ვერცერთ საათში ვერ თავსდება
და სარკის უკანა მხარეს მდგომთა სიმსუბუქეც
არ ცვდება. ამდენად, თვითმნათი მხოლოდ ის ხდება,
ვინც საკუთარი გზა განჭვრიტა მშობლებზე უკეთ.
და იმპულსები, შემალული გონის ღრუბლებში
იფანტებიან ცივ ოთახში შესვლისთანავე,
აწმყო კი, ჩუმად მოდუდუნე მოხუცის პეშვით
ბრმა სიმარტოვეს არყოფნისკენ მიაქანავებს.


***
ფილოსოფიურ სენტენციებს დღეს გვერდს ავუვლი,
არც სილამაზეს მივეძღვნები მწიფე ალუბლის.
ჩემი სავარძლის რაღაცნაირ, მყიფე სიმაგრეს
დავაკვირდები, დამკვირვებლად თუკი ვივარგე.
სარკის წინ ვფიქრობ ცარიელი დუმილის ნაცვლად
და ვხვდები, აწმყომ წარსული რომ გადამისანსლა.
სულ სხვაა იყო უჩინარი, უისტორიო
და მეგობრულად გიწოდებდეს ვინმე ორიონს.
უცნაურია გზაზე გასვლა, შემობრუნება
და საიმქვეყნოდ მომართული გულის ცდუნება.
უცნაურია სიძლიერე ძველი სავარძლის,
ბოლო სტრიქონის მომრგვალებას მაინც რომ გაცლის.


***
დიდი ხანია საკუთარ თავს არ შევხვედრივარ.
ბუნებრიობის დეფიციტს ვერ ანაზღაურებს
სარკე და თავად სარკეც ფასობს იმდენად ძვირად,
რომ მასზე ფიქრში ამომშრალა სიცხადის ყურე.
წარმოსახვითი კარის სახელურს ჩაფრენილი
სიმარტოვის გაუზომავი სიგრძე-სიგანე
თუ იტევს სიტყვას, ისტორიის მკაცრი და ფრთხილი
აჩრდილი რომ გრძნობს შეუცდომლად დროების დამლევს.
და თხელი ფენა შესავსები სიცარიელის
უცნაურ შვებად ადევს დუმილს, სიყრმისდროინდელს,
თითქოს მსუბუქი მორჩილებით ახალ მზეს ელის
ჩრდილი, რომელიც ნაცნობ სხეულს ჯიუტად მისდევს.


***
წარმოსახვის თავშესაფარში განვმარტოვდი
და ეპოქების ზღვარზე ამოსანათებელ
ვარსკვლავს ველოდები.
ათასწლეულთა იმედებს ღრმა ძილშიც ვგრძნობდი,
ვგრძნობდი სინანულსაც, მტკნარი სიჩუმის მხლებელს
სიცხადის ლოდებით.
სამყაროს მუდმივ მეთვალყურეს უკვდავების
თანაგანცდილი წამით თუ მიეახლება
უხმოთა ერთობა.
და სწორედ სამადლობელი გამოღვიძების
შუქში გალღვება გულიც, მეტად თუ ნაკლებად
დილას რომ ენდობა.


***
მარიონეტთა ხმაურში ათქვეფილ დუმილზე
ბევრი მითქვამს და მითქვამს ისიც, თუ როგორ მიმზერს
სიცარიელე მოლოდინის გლუვი სარკიდან.
როცა ვოცნებობ გარდასულზე, თვალებს რომ მჭრიდა
დანისპირივით ალესილი, მშრალი სიზმრებით,
მაშინ ჩემივე სცენარიდან უჩუმრად ვქრები
და არ მაღელვებს დარჩენილი გზამდე მანძილი,
თუმცა ვარ ისევ კატასავით ფიცხი და ფრთხილი.
და სასთუმალთან გატეხილი ბავშვური ძილიც
ამაოების შეუცვლელი ხდება სამხილი,
დაწერილიც და გაგონილიც შეუმჩნეველი
რჩება ისევ და ეპოქას ყრუ რჩება მსმენელი.


***
არავინაა ისეთი უცხო,
როგორიც შენ ხარ შენი თავისთვის.
მიდიხარ გზაზე მკაცრი და უხმო
და ყოველი დღის დუმილს განიცდი.
გსმენია შენი ერთადერთობის
შესახებ, თუმცა სხვა არა იცი,
გაუცხოებას შენსას ეყრდნობი
და ფენიქსივით დროდადრო იწვი.
სივრცეს გაჰყურებ თვალმოჩრდილული
და მაძიებლის ჟინი გაწუხებს,
გაწუხებს შიში მძაფრი, ხილული
და კარს გაუთქმელ მოლოდინს უღებ.


***
ხეების მდუმარებაში ნაგრძნობი სამყაროს
უსასრულობას შეეზარდა სიტყვა და ფიქრი.
გარდუვალობის სიმყარე ნათხოვნ და უქარო
ცვლილებად იქცა და ზედროულ სივრცეში მიჰქრის
უსასოობის შვილობილი - ყოფის იმპულსი,
რომ ხელახალი დაბადების მოწმედ გამხადოს
და უნდობლობით მოუნიშნავ ჯერ კიდევ სულში
გაიხსნას თანმყოფ სიმაღლეთა ვრცელი საბადო.
ამრიგად, ახლომხედველის ჰალუცინაციურ
სიმარტოვეს წყნარი სისავსით ემშვიდობება
ის სინამდვილე, უსაზომო წუთების წრიულ
მოძრაობას რომ წარმართავდა და სიზმრებს ცვეთდა.


***
ფანჯრიდან ვიყურები. ღამეს ათეთრებს ნისლი.
მანქანები დაუნდობლად ტკეპნიან მაგისტრალს.
ქალაქში, შორს, ხმაურობს რომელიღაცა „იზმი“
და ვიღაც ლოთი ხელს ცარიელ ჯიბეზე იკრავს.
ცოცხალ წარსულში მოცეკვავე ცოცხალი მკვდრების
ცივი ყმუილით დაისერა ცხელი ჰაერი
და გაჟღენთილი უძრაობის ტკბილი მანტრებით
ქალაქი შავთეთრ სიზმარს იხდენს უცხო მანერით.
შუაღამისას მოჩურჩულე ჩიხების რიტმში
ცოცხლდება შიში ნატერფალი, ყრუ საფლავების,
და მორიდებით გამოთქმული აზრების რიგში
ცვდება სინათლე გახელილი ფართოდ თვალების.
                    
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge