გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მაია წიკლაური - ლექსები

     

                           წიგნიდან - ,,არ დამეკარგო“ (რედაქტორი - ლევან გორვანელი)
                                      ლექსები


***
დღეს დილით ზეცას, ცოტად ნისლიანს,
მზე ურჩი სხივით გაეთამაშა,
ნეტავ ვინ მიდის, ნეტავ ვის მიაქვს
დღეს ჩემი ცრემლი დამდნარ ალმასად.
ვინ შემატოვებს მოჭირხლულ ქვიშას
და ზღვის ტალღებზე შეყინულ მარილს,
გულის ცემის ხმას ვინ გამითიშავს,
ვინ გამიტარებს თვალწინ გზებს გავლილს!
"Momento mori!", - ღრიალებს სული,
გარშემო ყველა უსულოდ კვდება,
მე წავალ თქვენგან ზღვარს გადასული
და გაცილებაც არ დამჭირდება!
01.10.2021
***
ქალი ვარ, ჰანგებით სავსე სალამური,
ქალი ვარ, რომელიც ნელ-ნელა ღვინდება,
მინდა, ჩემი ტრფობით გული დადაგული
და ყოფნა, ვისთანაც არ დამიბინდდება.
ვისთანაც გვირილას ფურცლებს არ გავაცლი
და ბაბუაწვერებს ნატვრას არ გავატან,
ვისთანაც სიყვარულს სიბერეც დამაცლის
და არ დამჭირდება ჭიდილი ღალატთან!
29.08.2021
***
თუ არ გჭირდები, თვითონ წავალ, შენ ნუ გამაგდებ,
წავალ უხმო და თავდახრილი, ჩუმი ცრემლებით,
თუ ჩემს სიყვარულს, ხალას გრძნობებს გროშად არ აგდებ,
წავალ და ჩემთვის, ჩემს დარდებში მოვიცელები.
თუ აღარ გინდა, რომ შენს გვერდით თუნდაც ვისუნთქო,
ბეღურასავით გავინაბო შენს თბილ მკლავებში,
მაშინ მითხარ და გული მზერით არ დამითუთქო,
მითხარ და წავალ, ყოველგვარი ტყვიის გარეშე!
29.08.2021
***
მითხარ, რად ხარ მახრჩობელა ფიქრის ბადეს გახვეული,
რას ფართხალებ, როგორც ყველა თევზი ლაყუჩახეული,
მითხარ, რატომ დარდობ ასე წუთისოფლის მზაკვარ მზერას,
სული რატომ დაიხავსე, თუკი ბედით არ გეწერა!
მითხარ, რითი განუგეშო, წაგიყვანო, მითხარ, საით,
სიყვარულზე რომ დაგგეშო, აგაღელვო ცხრა ზღვასავით,
ცხრა მთას იქით გადაგხვეწო, სადაც ფიქრი ვერ მოგწვდება,
გაღიმებას რომ გეხვეწო, გამიღიმე, რა მოხდება!
27.08.2021
***
გეფიცები, გაპატიე, თუმცა მაინც ეს ტკივილი
ღამისთევით დარდში მახვევს,
დღის სინათლეს სიყვარული უდარდელად დავატიე,
მაგრამ ღამე რას მანახვებს, რომ იცოდე,
რას მატირებს და ტკივილებს ვერ ვერევი
და რამეს თუ დავაპირებ იცოდე, რომ გაპატიე.
ვეცდები და დავერევი ამ სასტიკი ღამის ჩრდილებს,
ამ ჩურჩულებს ეჭვით სავსეს,
სულის ფსკერში რომ მაცდინეს
და ღამესთან დამახავსეს.
                                       22.08.2021
***
როცა ღმერთებიც დამცინიან, რა მეთქმის მეტი,
გასკდა გული და დაიღვარა ყველას სათქმელი,
ნუ გამაჩუმებ, თორემ მზერით უფრო მეტს გეტყვი
და უფრო მეტად გავგიჟდები, მთლად დასაბმელი
გავხდები ალბათ ამ უზნეო, ურცხვ სამყაროში,
სადაც სიცრუე დაჯირითობს მლიქვნელთა შორის,
სადაც სიმართლეს ვერ ვპოულობ მზეჩამქრალ გონში,
რადგან არავის არ სჭირდება ის, სხვათაშორის...
მოდი, გავბედოთ და წავიდეთ სადმე, არ ვიცი,
სადაც ხეები უსასრულოდ მზეს ეფერება,
სადაც ნისლები არის ვალსი შავი ღამის ცის,
ჩვენთვის კი ალბათ სიმშვიდე და სხვა გათენება.
მოდი! მე და შენ თუნდაც ერთხელ მაინც გავბედოთ!
იმ ჩასაქრობად მზა სიცოცხლით, დღეს რომ გვაწამებს,
თბილი ღიმილით უკვე დამწვარ წარსულს გავხედოთ
და მოვეფეროთ ამ დარჩენილ, უბადლო წამებს...
19.08.2021скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge