გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ქეთევან გარაყანიძე - უცხოური პოეზიის თარგმანი

ქრისტინა როსეტი - მინდა გახსოვდე

მინდა გახსოვდე, როცა მიწის გავხდები კერძი
და საუკუნო სიმშვიდისთვის მიმიხმობს ზეცა;
მაშინ, როდესაც, რა ძლიერაც უნდა ეცადო,
ვერ გააქარწყლებ სიკვდილის და არყოფნის სევდას.

როცა ვერ შეძლებ მომაგონო, რომ წინასწარვე
დაწერილია ხვედრი ქვეყნად ყველა მიჯნურის,
როცა ხელებით, ასე თბილი რომ იყო ადრე,
არ შეგეძლება გააცოცხლო ჩემი სხეული.

მინდა, გახსოვდე, მაგრამ, ვიცი, გარდუვალია,
მეხსიერება ვერ ინახავს ძველისძველ ხატებს,
ამიტომ ვფიქრობ, როგორც უნდა გიყვარდე ახლა,
დრო ამ სიყვარულს გაძარცვავს და გააფერმკრთალებს.




ქრისტინა როსეტი - „ჩემი სიმღერა“

როცა მე მოვკვდები, ძვირფასო,
მუდარა მექნება ერთი;
არ მიყვარს ხეების ჩრდილები,
სიმაღლე მაშფოთებს ლერწმის.
სევდიან სიმღერებს გიკრძალავ,
სიშორეც მეყოფა შენი,
ვარდებიც არ მინდა საფლავზე,
არც ბევრი, არც მხოლოდ ერთი.
სამარის მიწაყრილს ეფინოს
ბალახი ნორჩი და ქორფა,
არ მინდა, სიკვდილი გეწყინოს,
გლოვობდე ჩემს აღარყოფნას!




ქრისტინა როსეტი - მეგობრის ხელით

როცა ცხოვრების დაუნდობელ გზას შეუდგები,
მრუდე ბილიკებს დაატყდებათ როდესაც ზაფრა,
ნაკვალევს შენსას როს დაფარავს დროების მტვერი,
როცა მოკეთე არ შეგრჩება ამქვეყნად ბევრი.

ციცაბო ქარაფს ქვათაცვენის წაშლის გრიალი,
ნაბიჯებს მრუდე დაეტყობათ ანაბეჭდები,
მეგობრის ხელით, უყტუარი მეგობრის ხელით,
შენ გადარჩები!





სამუილ მარშაკი - მთვარე და თერძი

ვარსკვლავების ზეიმისთვის
კაბის შესაკერად,
მთვარე თერძთან მიდის,
უცნაურად ღელავს:
უნდა ვიყო ლამაზი,
კაბა მქონდეს ვერცხლის,
ტანწერწეტი, ნამგალა,
შესადარი ვერ–რის.
მიაქვს ულამაზესი
ვერცხლისფერი არშია,
თავიც გადაავიწყდა,
არ სწყურია, არ შია.
თერძმა ზომა აუღო,
დაუხაზა მოდელი,
გამოუჭრა საკაბე,
დაულამბა ზმორებით.
მიაკერა ბაფთები,
ოქროსფერი ნარმისა,
წელს სარტყელი მოავლო
ცისარტყელის რკალისა.
ისე გაალამაზა,
ისე გააფუშფუშა,
თავის ნამოქმედარით,
თერძი მოჰყვა ფუსფუსსა:
ჩემისთანა მკერავი
სამყაროში არ არის,
არც ზეცაში ყოფილა,
თუ ყოფილა, სად არის?!
წვეულების დადგომამდე
მთვარე გამოიძახა,
კაბა უნდა ჩაგაცვა
და პირჯვარი ისახა.
ცის ბილიკს რომ გახედა,
თავს დაესხა რეტი,
საყვედური წამოსცდა
თავისივე ბედის.
თურმე, მთვარეს ცხრომისას
ასეთი აქვს ჩვევა,
მეტისმეტად ბევრს სჭამს,
საჭმლით ვერა ძღება.
ჰოდა, ისე გასუქდა,
მოუვიდა ფერი,
ცისქვეშეთში მისებრ მრგვალი
სხვა არ არის ბევრი.
თერძი, აცრემლებული,
კვლავ შეუდგა კერვას,
დარჩენილი ნაჭრებით
კაბის გამოკერვას.
როგორც იქნა მოარგო
მთვარის ახალ ფორმას,
როცა სირცხვილეული,
მნათი სარკმელს მოდგა.
ცხრომა გადასულიყო,
აღარ ჭამდა ბევრსა,
ტანწერწეტი შუქურა
ირგვლივ ნათელს ფენდა.
თერძი გაბრაზებული
ისევ გმობდა ბედსა,
კაბას ისევ არღვევდა,
ისევ აკერებდა.
და არავინ იცის
ერთი კვირის შემდეგ,
მთვარე დღესასწაულზე
წაბრძანებას შეძლებს?







***    ბელა ახმადულინა

ღია ფანჯრიდან ყოველ დღე ვხედავ, როგორ მიდიხართ
და მეგობრობის ბოლო წამებს წუხილით ვითვლი.
ქუჩა ივსება სევდიანი მოწყენილობით,
რადგანაც ვიცი, ამ სარკმლის წინ ვეღარ ჩაივლით.
მთელი ცხოვრება დავცქეროდი ლითონის კომპასს
და უსარგებლო ინსტრუქციებს ვედექი მონად,
ერთ მშვენიერ დღეს, ეს კომპასიც გაჭიმავს ფეხებს,
ჩემი წასვლის დროც, თქვენს დროსავით, მარტივად მოვა.

***      ელდარ რიაზანოვი

ბუნებას არს სურს შენი დარდის წვიმებად ქცევა,
ყველა ამინდი მზიანიც და სეტყვა-ცვრიანიც
უფლის მადლია – სასიკეთო და საიმედო.
დაე, მიიღე ეს შემოდგომა,
როგორც წელი კიდევ ერთი შენი ცხოვრების,
არ გაქვს მიზეზი წყენისა და მოთქმა-გოდების!




*** ევგენი ევტუშენკო

მეგობრებს შორის სანთლით ვეძებ უერთგულესებს,
შენ არ მოდიხარ, ძველისძველო ქომაგო ჩემო,
ჩვენ დავიკარგეთ მარადიულ აზრთა ჭიდილში
და ერთგულების მოჩვენება შეგვრჩა იმედად.

უმწეობისგან ჩემს ხელებსაც აღარ აქვთ ძალა,
სულიც ვერ იხსნის უნდობლობის მძიმე მარწუხებს,
მე ვიტანჯები, შენი ტანჯვაც ჩემში ხმაურობს,
აუხსნელ ომში გამიწვიე და მიმატოვე.

რა მემართება, რა ძალა კლავს იმედებს გულში?
რატომ რჩებიან მეგობრები შორიშოს მტრებად?
აუხსელ კამათს რად შევწირეთ ერთობის წლები?
ვფიქრობ, ვჯახირობ, აზრებს ვარჩევ, ვერარას ვხვდები!




შენ გაგაწამებს ჯოჯოხეთის კართან ლოდინი,
სულის ჰადესი, სამყოფელის არქონა ღმერთთან,
შენ გაგაწამებს დაწყევლილი ქარების ქროლვა,
ღამისმთეველი ზმანებანი- სიახლე ცეცხლთან.
 
***  ანა ახმატოვა
დაიმახსოვრე, რომ დადგება ოდესმე ის დრო,
როცა  სულის ამ ჯოჯოხეთის ეცდები შველას,
მაგრამ იცოდე, არ გექნება უფლება ფიქრის,
რომ ჩემთან მოხვალ, ან მე მოვალ საშველად შენთან!



რობერტ რაჟდენსტვენსკი - კინემატოგრაფისტის აღსარება

მე ვიღებ კინოს, თქვენ გსმენიათ რამე ამაზე?!
რამე გსმენიათ მარადიულ ტანჯვაზე სულის?!
გმირის კაპრიზზე, წვიმიან დღეს რომ არ სურს ცურვა,
ან სამყაროზე, ცეცხლის ზეწარს რომ მოჰგავს შორით?!
საერთოდ იცით, რას მოითხოვს ჩემგან ხელობა,
რომელსაც ჩემდა სავალალოდ დავუდექ მონად?!

ეს არის ბრძოლა მგლებისა და ვეფხვთა კვალდაკვალ,
უკიდეგანო ქარაფებში ვარდნის ლოდინი,
სცენარი, რომლის ასაკინძად სიცოცხლე დასთმე
და ხელოვნების მარადიულ პინაზე დგები.

მე ვიღებ კინოს, არა, უფრო, - მე ვიღებ კადრებს
და ხელოვნებას უკვდავების ჩარჩოში ვაქცევ.
მე ვიღებ კინოს, ზეცის თაღზე ზის ვიღაც კაცი,
რომელიც ამბობს: გადაიღე, აი, ეს კადრი!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge