გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიზო თავაძე - ორი ნოველლა


ბებია, მერცხლები და ფელამუში


მინდოდა, თან როგორ, ბებიაჩემი საუკუნეს გატოლებოდა...
ზაფხული იდგა. მერცხლები ბარტყებს აფრთიანებდნენ.
შუაღამისას, აივანზე ვიჯექი, თან მერცხლების ბუდეს ავყურებდი, რომელშიც ოთხი შებუმბლული მოჭიკჭიკე იზრდებოდა. უეცრად, ოთახის კარები გაიღო და ბებია გამოვიდა ხელჯოხის კაკუნით.
- რეიზა არ გძინავს, ბებია (გურული გიორგაძე გახლდათ)?
- ვწერ, თან ჯერ არ მეძინება.
- მაგენი, - ბუდეს ახედა, - ოთხმოცდათოთხმეტი წელია, მასე მიფრი-მოფრინავენ, დაჩეკავენ ბარტყებს, გაზრდიან და მიგვატოვებენ შემოდგომაზე...
- რა ქნან, გოგუცა, ესენი ყინვას ვერ უძლებენ, დარჩენა დაღუპვაა...
- ჩვენი ბეღურები რომ უძლებენ, თოვლში და ყინვაში ფეხს რომ არ იცვლიან, იმგენზე უნდა წერო ლექსები და არა მომთაბარე მერცხლებზე...
- მერცხალზე არც არასდროს დამიწერია რამე და არც ვაპირებ, თუმცა, ლამაზად კი დაფრინავენ და...
- მოდი, წნევა გამიზომე, მაბრუალებს რაცხა...
წნევის აპარატი გამოვიტანე, მკლავზე პერანგის სახელური ავუწიე და სული ამეწვა, ასე გალეული ბებიაჩემი არასდროს მენახა.
- 140/100-ზე, წამალს მოგიტან, რომელს სვამ?
- „კორინფარია“ საწოლთან რომ სკამი დევს იქ, კოლოფში.
დალია და ხელჯოხის კაკუნით შებრუნდა ოთახში.
ბებია ახლა 94 წლისაა (მე 46-ის გავხდი). ორთავე იანვრის შვილები ვართ (დიდთოვლობას ვარ დაბადებულიო, ამბობს).
რაც თავი მახსოვს, სულ მსახურებაში გაატარა თავისი წუთისოფელი, რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. უგემრიელესი კერძებით იყო განთქმული, ქორწილებსა და ძეობებს (მაშინ ვინ ქირაობდა პოვარს სოფელში) მისი ნახელავი ამშვენებდა. სტუმარს რომ ჩავიყვანდი, ბოსტნისკენ გაფრინდებოდა, მწვანილეულს დაკრეფდა და წყაროს გამდინარე წყლით გარეცხდა, კეცებზე ხაჭაპურებს დააცხობდა და ღადარს მიუკალათებდა, ზომიერად რომ შეპიწკინებულიყო.
სამოცდაათს გადაცილებული იყო, სტუმრად რომ ვაწვიე: ოტია იოსელიანი, ავთანდილ ყურაშვილი, გოვენ ჭეიშვილი, თემურ ამყოლაძე, ფრიდონ ხალვაში, რეზო ჭეიშვილი, ელგუჯა თავბერიძე და ნანა მჭედლიძე; ნანა ისე მოიხიბლა, „იმერულ ესკიზებში“ გათამაშებდი ბებიას როლსო!.. - გაეხუმრა.
რვეული დავხურე და ფიქრებს გავედევნე...
მახსოვს, რამდენიმე თვე მიგროვებდა პენსიის ფულს, ჩემთვის ჯინსის შარვალი რომ ეყიდა...
ახალგაზრდობა გაუმწარდა, ადრე დაქვრივდა და მეორე მსოფლიო ომის დროს ობლები გაზარდა. ბიბლიოთეკაშიც მუშაობდა და ჩაისაც კრეფდა გაგანია სიცხეში, ბოლოს კი, სოფლის სასადილოში იმუშავა...
მომეხმარე, წამომაყენეო, მითხრა რამდენიმე დღის წინათ. ხელი შევაშველე და ხელზე ამყვა, როგორ ამჩატებულა-მეთქი, გავიფიქრე; ეტყობა, გასაფრენად ემზადება, არადა, როგორ მინდა საუკუნეს გაუტოლდეს; სულ რაღაც ექვსი წელია საუკუნემდე...
ოთხმოცი წლის იუბილე ბუკიას ქუჩაზე გადავუხადე, ყველანი შევკრიბე, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, ვუთამადე კიდეც და ვიდეოფილმიც გადავიღე (ბარე ოცჯერ ნახა ეს, ორსაათიანი, ზურიკო აბულაძის გადაღებული ფილმი). მას შემდეგ თოთხმეტი წელი გავიდა...
შემოდგომამაც შემოაღო კარები და ისევ ვეწვიე სოფელს.
ბებია - ორი ჯოხით, ახალფეხადგმულივით გამოვიდა აივანზე. ბუდეს ახედა რაღაცნაირად, მერცხლები გასაფრენად შემზადებულიყვნენ...
ეჰ, რა შორს ჩანდა საუკუნე...
ექვსი წელი უსაშველოდ გადიდებულიყო...
მერე და მერე, უფრო ხშირად ჩავდიოდი სოფელში და უფრო და უფრო დაპატარავებული მეჩვენებოდა ჩემი გოგუცა. სულ მალე, ლოგინში ჩაწოლილი დამხვდა, აღარ დგებაო, მითხრეს; მეგობარ ექიმს დავურეკე, გადასხმები ხომ არ დავუდგათ-მეთქი. არაო, მკურნალმა, გავაწვალებთო. ისევ უფლის იმედად დავრჩი, რომელიც ისე ლამაზად ამზადებდა ბებიაჩემს ასაფრენად, მიკვირდა, ამჩატებდა და ამჩატებდა (მე შენ გეტყვი და გაუჭირდებოდა უფალს ეს!..), საკვებსაც აღარ ითხოვდა დაღლილი და მსუბუქი სხეული; ვიგუმანე, ბოლო კვირა ჩამომდგარიყო, საუბარიც აღარ უნდოდა (აღარ შეეძლო)...
ქალაქისკენ გამომიწია გულმა, თუმცა არც საქმე, არც სამსახური (უმუშევარი გახლდით) და არც რაიმე ვალდებულება მომაჩქარებდა...
ადამიანის წუთისოფლიდან გასვლა არაა იოლი საქმე და ეს მდგომარეობა, ყოველ ნორმალურ ძეხორციელს, აშინებს. ეშინოდა ბებიაჩემსაც, რაც ჭრელ და ლამაზ თვალებში ეტყობოდა...
ასაკის მიუხედავად, სმენა არ დაკლებია, ჩქამიც კი ესმოდა და როცა ვთქვი, ქალაქში წავალ-მეთქი, თვალები ცრემლებით დაენისლა.
ადამიანი, ამ დროს, მარტოა, შთამომავალთა სიმრავლე ვერაფერს შველის (რარიგ მოინდომონ...). აი, უფალი კი, არასოდეს ტოვებს ადამიანს და მე ვიგრძენი, ბებია, ტუჩების ოდნავი მოძრაობით, უფალს რომ ესაუბრებოდა... ისიც ვიგრძენი, მეც რომ მეშინოდა, ბებიაჩემის სიკვდილი არ მეხილა... პირველი შვილიშვილი და ნახევრად მისი გაზრდილი ვიყავი...
უმიზეზოდ ვტოვებდი ბებიაჩემს, უმიზეზოდ და არაფრის გამო, რადგან მეშინოდა...
წამოსვლამდე აივანზე გამოვედი, ფანჩატურს გავხედე. ენკენისთვეს ყურძენი შეეთვალა, „იზაბელა“ (გურულად „ადესა“), ჰა და ჰა, მწიფდა. სასწრაფოდ ჩამოვკრიფე, კალათი ავავსე, მარანში შევიტანე, ხელით დავწურე და ბადაგი ქეთინოს (რძალს) მივუტანე:
- ფელამუში გამიკეთე!
გამომართვა და უხმოდ შებრუნდა სამზარეულოში.
ბებია ხილის მოყვარული გახლდათ. ახლადშემოსული ხილით პირის გასველება (ასე იტყოდა) უყვარდა. სურნელოვანი ფელამუში თეფშზე დავასხი და ბებიას ოთახში შევაბიჯე. თვალები გაახილა, რომლებსაც ფერი დაეკარგათ. ბალიშებზე წამოვაჯინე და კოვზით მივაწოდე. ვიცოდი, სამი დღე არაფერი ეჭამა. ეცადა, უსაშველოდ ეცადა, მე ხომ პირველად ვაჭმევდი ჩემი ხელით ულუფას, ტუჩები უთრთოდა და ცდილობდა ლუკმის გადაყლაპვას, გაჭირვებით შეძლო... სულ სამი კოვზი და თავი დამიკრა, მადლობა მითხრა, კურცხალი გადმოუგორდა; გაგუდვას არაფერი მიკლდა. ბალიშზე მივაწვინე, თეთრ თმებზე ვაკოცე, ხმას ვერ იღებდა, თვალებით მელაპარაკებოდა.
გამოვედი და წამოვედი...
სად მივდიოდი?!
ერთ საათში სახლში ვიყავი. აღარც ვახშამი მინდოდა, აღარც წიგნი, აღარც ტელევიზორი, საუბარიც კი...
თვალწინ ბებიაჩემის უენო საუბარი და ცრემლებით სავსე თვალები მედგა. შეთქმულივით ვიჯექი სავარძელში და რაღაცას ველოდი... ამ წლის ფელამუში რომ გავასინჯე, ეს მახარებდა, გულში სინათლედ მეღვრებოდა...
ტელეფონმა რომ დარეკა, აღარც კი დამიხედავს, არც არაფერი მიკითხავს. ავდექი და სოფლისკენ წავედი, შუაღამისას.
დილით აივანზე გავედი და მერცხლების ბუდეს ავხედე. გაფრენილიყვნენ.







ფეხით ჩავალ ხონში



რაც თავი მახსოვს, სულ ვკითხულობ (წაუკითხავად ვეღარც ვიძინებ...), მაგრამ, რაც ახლა მჭირს (ალბათ ბარეორსაც), ამ პანდემიისას და „დარჩი სახლში“ მოწოდების ჟამს, რამდენიმე თვის წინათ, ვერც კი წარმოვიდგენდი.
გადავიკითხე უამრავი მონატრებული წიგნი, ვკითხულობ პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, „ყვითელ პრესასაც“ კი გადავავლე თვალი (უფრორე შემთხვევის წყალობით, მეზობელმა მათხოვა); გავშალე გაზეთი, სავარძელშიც მოხერხებულად მოვკალათდი და... ღირს მოყოლად: „როცა ვირუსის გავრცელება დაიწყო, პირველად ჩვენ დაგვხურეს, რესტორნები, თანაც გაურკვეველი დროით. მეუღლეს ვუთხარი, (რომელიც სიყვარულით მყავს შერთული და დღემდე ველოლიავები): ერთი კვირით მამაჩემს ავაკითხავ მთაში, საკარტოფილე მიწას დავახვნევინებ, სხვა საქმეებზეც წავუკრავ ხელს-მეთქი და სამარშრუტო ავტობუსით, რაიონულ ცენტრამდე ვიმგზავრე. იქედან კი ნათესავის „ნივით“, ჩემს მიუსაფარ სოფელში, - სადაც ხუთიოდ კომლი თუ დარჩა, - ავედი.
გავახარე 75 წლის ბერიკაცი, რომელიც ცხენით ისე დაჯირითებს, როგორც ჯეელობისას.
მეორე დილით, როცა ცხენი გუთანში შევაბით და საკარტოფილეს ვხნავდით, დაიწყო ჩემი თავგადასავლები: ჯერ ტელეფონი გადამივარდა გულის ჯიბიდან და გუთანით გადავუარე ზედ (მინა დაიბზარა), მერე იყო და აღმოვაჩინე, გზაში დამმუხტველი დამკარგვოდა (არადა, ორ დღეზე მეტხანს, ვერ გაძლებდა ჩემი „სამსუნგი“).
მეორე დღეს, ცოლს ვაუწყე, ვეღარ დაგირეკავ და არ იჯავრო-მეთქი. ასეც მოხდა, ტელეფონი საღამოს გაითიშა.
მამაჩემი ხომ კარგი მზარეულია, მაგრამ მე რას შემედრება (20 წელია პოვარი ვარ), ჰოდა, ვამზადებდი სადილ-ვახშამს, ხილის არაყსაც ვაყოლებდით და ვიძინებდით.
ღამით ციოდა, წამოთოვა კიდეც. ბარში და ქალაქში რა ხდებოდა, აღარ ვიცოდით, რადგან არც ტელევიზორი გვქონდა და აღარც ტელეფონი.
მეოთხე დღეს, სოფლის ბოლოში ჯიპი ამოვიდა. ჩვენ კენწეროში ვცხოვრობთ და ხელისგულივით ჩანს სოფელი. მეც ავდექი და ცხენით ჩავედი ამბის გასაგებად.
ჯიპით ჩვენი შორეული ნათესავი ამოსულიყო. ოჯახი გამოეხიზნა დედაქალაქიდან. ხვალიდან, მთელ საქართველოში საავტომობილო მიმოსვლა იკრძალება და თბილისიც იკეტება, ჩიტიც ვერ შეფრინდებაო. ტელეფონი გამოვართვი და ცოლს დავურეკე: არ შეშინდე, შენს დასთან და სიძესთან გადადი დროებით-მეთქი. იქვე, მეორე კვარტალში ცხოვრობენ.
ამოვბრუნდი. მამაჩემს ვუთხარი: თბილისი ჩაიკეტა, კომენდანტის საათი გამოცხადდა და დავრჩი მთაში-მეთქი. ეგონა, ვხუმრობდი. არ მიჯერებდა.
დილით ძაღლუმადურად ავდექი. ცუდად მეძინა. ცოლი შემეცოდა, არასოდეს არ მიმიტოვებია განსაცდელში და ახლა მარტო ვტოვებდი. ერთი შვილი გვყავს და, ისიც, ჩეხეთში ცხოვრობს, კარგა ხანია. უმცროსი და იქვე ყავს, მაგრამ...
განსაცდელში ქალის მიტოვება რა ვაჟკაცის საქმეა (ათი წლის წინ, ბიძაშვილმა რესტორანი გახსნა ორჯონიკიძეში და შეფ პოვრად წამიყვანა, კაი ხელფასიც მომცა, მაგრამ სამი თვის მეტი ვერ გავძელი, უკან დავბრუნდი), ჰოდა, იმას ვამბობდი, ასეთ დროს კი არ უნდა მიატოვო საყვარელი ადამიანი, პირიქით, თუ შორს ხარ, უნდა დაბრუნდე და ერთად გადაიტანოთ გადასატანი (მეტი რაღა განსაცდელი უნდა დადგეს!..).
ბებია მყავდა იმერელი ქალი და ხშირად იტყოდა ხოლმე, „ფეხით ჩავალ ხონშიო...“ და ამეკვიატა ეს ნათქვამი. თვალს მივლულავდი თუ არა, ჩემი ცოლის შეშინებული სახე წამომელანდებოდა და იქვე ბებიაჩემის ხმა ჩამესმოდა, „ფეხით ჩავალ ხონშიო...“
დილით მამაჩემს გავანდე ჩემი ნაფიქრი. შეწუხდა, მაგრამ არ დაუშლია. შევკაზმე ცხენი და დავეშვი, ლამის მთელი დღე მოვუნდი რაიონის ცენტრამდე ჩასვლას. მთელი გზა ვფიქრობდი, ასი წლის წინათ, აქ ავტომობილი არც ენახათ და არც გაეგონათ. ასე, ცხენით დადიოდნენ და გაჰქონდათ წუთისოფელი...
ცხენი ნათესავს დავუტოვე, რომელიც არაფრით არ მიშვებდა (ეზოში ორი "ჯიპი" ედგათ, მაგრამ დაძრავდი და დიდი ჯარიმაც მზად არ იყო...), კაცო, 9 საათიდან კომენდანტის საათია და შინიდან გასვლა იკრძალება, გახვალ და 3000 ლარიანი ჯარიმაა ჩასაფრებულიო!..
შენ ცხენს მიმიხედე, ან მე ჩამოვალ, ან მამაჩემი ჩამოგაკითხავს ამ დღეებში-მეთქი და დავემშვიდობე.
ბინდდებოდა. გზისპირებს მოვყვებოდი (აქა-იქ, საპატრულო მანქანები აშუქებდნენ ფარებს). ერთი-ორჯერ ორმოშიც ჩავვარდი. შუაღამისას მცხეთას მივაღწიე. განათებულ ჯვრის მონასტერს ავხედე, მერე მტკვრის გაღმა, გადაბრდღვიალებულ სვეტიცხოველს გავუსწორე თვალი, პირჯვარი გადავიწერე და გზა გავაგრძელე. უეცრად, ავტომობილის შუქმა დამარტყა ბეჭებში, გზიდან ვისკუპე და თხრილში მოვადინე ზღართანი, ჩავწექი. სასწრაფო დახმარების მანქანამ ჩამიშხუილა. ისე ვიყავი დაღლილი, ადგომა მეზარებოდა; წამოვდექი და... წინაპრები შემეცოდა, ურმებით და ცხენებით რომ ჩამოდიოდნენ დედაქალაქში; ვაჟა-ფშაველა შემეცოდა, ასე არ ჩამოდიოდა თბილისში?
ფეხები ძლივს მემორჩილებოდნენ, რა დრო იყო არ ვიცოდი, არც საათი, არც ტელეფონი. სადღაც, საპატრულო ეკიპაჟმა ჩაიარა. უკვე აღმაშენებლის ხეივანს მივუყვებოდი. ცისკარმაც ინათელა და გამახსენდა... ცოლი შეიძლება თავის დასთან ყოფილიყო (მე არ ვთხოვე?!..). სადარბაზოში ალალბედად შევაბიჯე, მეოთხე სართულზე ისეთი გაჭირვებით ავედი, თითქოს მყინვარწვერზე ავდიოდი და ნანატრი კარებიც გამოჩნდა... ფრთხილად დავაჭირე თითი ზარის ღილაკს, გული ამოვარდნაზე მქონდა, თან, ამ დროს, ჩქამიც კი ისმის...
- ვინ არის?
- ვინ უნდა იყოს, გოგია ვარ.
მუხლები მეკეცებოდა, ძლივს ვიდექი და კარიც გაიღო...
თითქოს პირველად ვხედავდით ერთმანეთს, მინდოდა კისერზე ჩამოვკიდებოდი არაქათგადაცლილი და... ვაჟკაცი ვიყავ, ის უნდა შემომხვეოდა კისერზე, მეხვეოდა და ტიროდა... მერე რა, რომ უსწავლელი ვარ, პოვარი, სიყვარული და ერთგულება მომდევს მამა-პაპათაგან, ქალი გასაჭირში არ უნდა მიატოვო, მით უფრო, ასეთ დროს, ჟამიანობისას... ამიტომ არ დამიშალა მამაჩემმა, თუმც კი შეწუხდა, მანაც იცის სიყვარული და მასაც არასოდეს მიუტოვებია დედაჩემი, ვიდრე არ მოუკვდა!..
ღირდა ამ ცრემლად ეს დაღლა, კუნთების ტკივილი, რადგან ის ხმა, კარს იქედან რომ გავიგონე „ვინ არის“, იყო უტკბილესი დედამიწაზე... ჰოდა, ამ ხმამ იკითხა (ცრემლის ღვრას რომ მორჩა):
- გოგია, ბიჭო, ვინ და რა ძალამ ჩამოგიყვანა?
- ბებიაჩემმა, „ფეხით ჩავალ ხონშიო“ და...“
P.S. ყვითელი პრესა ეძახე შენ. ამ ამბავს გავუშვებდი ხელიდან?! მეც ავდექი, აქა-იქ, ჩემი მწერლური გამოცდილება მოვიშველიე, ფინალი შევულამაზე და სათაურიც შევურჩიე.

скачать dle 12.1