გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარეხი მემანიშვილი - გენეალოგიის ხე


  მთელ ზაფხულს დედულში ვატარებდი, იმერეთის ერთ ლამაზ სოფელში. თუმცა რაღა სოფელში. ჩვენთვის სიქთარვა მხოლოდ ბებიაჩემის მაღალი ტრიფოლიატის ღობით შემოსაზღვრული, ვეებერთელა ეზო და კარ-მიდამო იყო, ორსართულიანი ხის სახლით  და უზარმაზარი მუხის ხის ჩრდილით.  სახლი კი მართლაც დიდი გვქონდა, ორ საუკუნეს მიღწეული, ყველა ოთახში ბუხრითა და  გუგულიანი საათით. ამ ბუხარში დანთებული ცეცხლი იშვიათად მინახავს, რადგან, ძირითადად, ზაფხულში ვსტუმრობდით იქაურობას. მხოლოდ  შობას იძენდა ფუნქციას, როცა  ღორსდაკლავდნენ და შიგ მწვადებს ააშიშხინებდნენ.
    არდადეგები დაიწყებოდა თუ არა, მშობლები მაშინვე სოფლისაკენ გაგვაქანებდნენ. დედაჩემს ჩვენთვის სამსახურის  გამო არ ეცალა და უფრო საიმედო აგარაკს ვერსად ინატრებდა. თუ ბიძაშვილებიც იქ დაგვხვდებოდნენ, ხომ ნამდვილი საგიჟეთი იყო, დედას მასზე ხუთიოდე წლით უფროსი ძმა ჰყავდა, დათუნა ბიძია. მისი შვილები ჩემზე უფროსები იყვნენ. ამ ,,ბანდაში“ ერთადერთი გოგონა ვიყავი და ბიჭებზე მეტადაც ვცელქობდი. გოგონასათვის შეუფერებელ თავგადასავლებზე უარს არ ვამბობდი და მუხლისთავებიც მეტისმეტად ხშირად მქონდა გადაყვლეფილი. დედას და დათუნა ბიძიას მშობლები ადრე ჰყავდათ  გარდაცვლილი  და მათი გამზრდელი მარიამ ბებია იყო.
    განსაკუთრებული ქალი იყო მარო ბებია. თავადური წარმოშობითაც ამაყობდა და იაშვილების რძლობითაც. ლამაზიო, ვერ იტყოდი, მაგრამ ეს თხელი და სიფრიფანა ქალი ოთხმოცი წლის ასაკში ისეთი  იერით დადიოდა, ყველას გვაკვირვებდა: წელში გამართული, თეთრი ფითქინა თავსაფრით. ისეთი  სისუფთავის მოყვარული იყო,  მჭადიფეხით  რომ მოეზილა,  შეჭმა არ დაგეზარებოდა.
    დამხმარე ქალი ჰყავდა, ხაშურელი ვარა, უთვისტომო და ობოლი გოგო. ბებიას  ახალგაზრდობაშივე  წამოუყვანია ბავშვთა სახლიდან და ახლა საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა.  ვარასაცთავზე მუდამ გახამებული თეთრი ქუდი და წელზე  ასევე თეთრი წინსაფარი ეკეთა. მისი საქმე მხოლოდ ოჯახში სისუფთავე და სადილის გაკეთება იყო.
     ბებია და ვარა საყანე მიწას არ ამუშავებდნენ და, მაინცდამაინც, ქალისათვის შეუფერებელ,  დიდ ჯაფაში არ იყვნენ. აი, როცა ზაფხული დადგებოდა, მაშინ კი თავის მოსაფხანად არ ეცალათ, რადგან ოთხი გადარეული და ცელქი ბავშვი მათი მოსავლელი და საპატრონო ვხდებოდით.
    ბებია ცდილობდა, თავადური სიამაყე არ დაეკარგა. თუნდაც  საშუალებაარ ჰქონოდა, მეზობელს უპატივცემულოდ არასდროს გაუშვებდა და ჩაის მიართმევდა ხოლმე. ასეთი დროისთვის სულ ჰქონდა ჩურჩხელა, ხილი და შაქარყინული. ამ დროით ბავშვებიც მოგებული ვიყავით, რადგან ჭამას არავის ვაცდიდით და სტუმარზე  მეტსაც ვჭამდით.
    მკაცრი ქალი არ იყო,  მაგრამ ოჯახში განსაკუთრებული წესრიგი ჰქონდა: შუადღეს, ორი საათისთვის, გვასადილებდა და ნასადილევს აუცილებლად დასვენებას მოგვთხოვდა. მე ყველაზე მეტად ხელების დაბანა და ეს ,,მკვდარი საათი“ მეჯავრებოდა. 
    არც მგონია ქირურგი იმდენ ხანს იბანდეს ხელს ოპერაციის წინ, როგორც ჩვენ გვაიძულებდა. 
არცშუადღეზე წამოწოლა მიყვარდა. ანდა რა დასვენება მინდოდა ენერგიით სავსე ათიოდე  წლის ბავშვს.
   კვირაში რამდენჯერმე დაბანა-გატყავება გარდაუვალი იყო. თან თმას  მბანდა და თან ლამაზთმებიანი ასულის ამბავს მიყვებოდა, რომ არ მეტირა. თმაშიც აყალოს მაზელდა,  ბზინვარე თმა გექნებაო.
   მარო ბებიას სასტუმრო ოთახში, კედელზე, გენეალოგიის ხე ჰქონდა დახატული, მასზე ყველა მისი წინაპრის და ახლობლის სახელი იყო მითითებული.
    თუ რომელიმეს გარდაცვალების ამბავს შეიტყობდა, ჯერ დასაფლავებაზე წასვლით დააფასებდა და მერე,  სახლში დაბრუნებული, წითელი ფანქრით მის სახელს ჯვრით გადაშლიდა, ხოლო თუ შვილი ან ვინმე ჰყავდა გვარის გამგრძელებლად  დარჩენილი, ხეზე ახალ ტოტს გააკეთებდა და მის სახელს მიაწერდა.
    კედელზე დაკიდებისა და მზის  სხივისაგან რამდენჯერმე გადახუნებულა ეს ხე. ჩემს მახსოვრობაში ორჯერ გადაახატინა ჩემს ძმას და გააახლა.  
    ჩემი გათხოვების  მერე, როცა მოვინახულე, ჩემი შვილებიც ჰქონდა დამატებული და ვიცოდი, როგორ ეხალისებოდა ჩემი შვილები და უფრო მეტად კი წყვილი ვაჟი.


   მარიამი ახალგაზრდა დაქვრივებულა, მერე ობლობაში გაზრდილი შვილიც და მალე მისი მეუღლეც, საყვარელი რძალიც, მიწას  თავად მიუბარებია. მერე კი ობლად დარჩენილი შვილიშვილებიც, დედაჩემი და ბიძაჩემი, მარტოს გაუზრდია.

  ცხოვრებაზე გულდაწყვეტილი თუ  კმაყოფილი, თითქმის ასი წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო ორი წელი ჩაწოლილი იყო და ვერ მოძრაობდა, თუმცა  საღ გონებაზე იყო და მის სიბრძნესა და გონებას პატივისცემით ეპყრობოდნენ ბიძაცა და ბიცოლაც. დასაფლავებაც და ქელეხიც ჩვეული, იმერული წესით გაიმართა. მეორმოცე დღეს კიდევ შევიკრიბეთ შთამომავლები და სტუმრების წასვლის მერე ბიცოლამ  გვერდზე გამიხმო:

- მარი, რაღაც მინდა გითხრა, - წამოიწყო უცნაური ხმით.

- რა  იყო, ბიცოლა, მეთქი, - გაკვირვებულმა ვკითხე მეც.

  - ბებიაშენის ნივთებს, რომლებიც მის ჩემოდანში არის, რა ვუყო?  შენ გეკუთვნის მაინც, ჯერ მისი მოსახელე და, ისედაც, მისი საყვარელი შვილიშვილი ხარ და ძალიან ჰგავხარ. 
   იაშვილების საგვარეულო ბეჭედი, ზურმუხტისთვლებიანი, გათხოვებისთანავე მაჩუქა ბებიამ. მეტი რაღა იყო, არ ვიცოდი.

   მე წავიღებ-მეთქი, - არც დავფიქრებულვარ.
    მომცრო ჩემოდანი ცოტა შელახული  კი იყო, მაგრამ  პეწიანად გამოიყურებოდა. მხოლოდ გასაღები ჰქონდა ჩაჟანგებული. მასში ბებიაჩემის ნაქონი, თითქმის უხმარი, ძვირფასი მაქმანებიანი ბატისტის საღამოს პერანგები, ცხვირსახოცები, ერთი წყვილი, მძივებიანი, ნაქარგი  ქოში და ძველი გაზეთის ქაღალდში ტკბილიკვერივით გადახვეული რაღაც იდო.
    წამოვიღე და მანქანის საბარგულში ჩავდე. ჩემმა ქმარმა იხუმრა, მეორედ გამზითვებენო? პასუხი არ  გამიცია, მანქანაში დავჯექით და სახლისაკენ წავედით.

    სახლში მივედი და ჩემოდანი კარადაში შევინახე. ერთი კვირის მერე, სახლში მარტო ვიყავი და გამახსენდა ბებიაჩემის ჩემოდანი.
   ვიფიქრე, თან გავამზეურებ და თუ საჭიროა გავრეცხავ  კიდევაც-მეთქი. 
   ჩემოდანი გავხსენი და პერანგები გადავათვალიერე,  ნესტისა და ცოტა ობის სუნი ჰქონდა თეთრეულს ცოტა სიყვითლეც აჩნდა. ჩასაცმელად არ მიფიქრია, მხოლოდ ბებიის სუნის გამო, რელიქვიად ღირდა მათი შენახვა. მერე გაზეთში გახვეულ გრაგნილს დავხედე. გავხსენი. სამი ძველებური, სქელი ქაღალდის წერილი იყო, ბებიაჩემისთვის მოწერილი.
   ერთი საერთოდ არ იკითხებოდა და ხელში დამეფშვნა.
მეორე ბებიაჩემის დის, ნინას, წერილი იყო, მარიამისათვის  მოწერილი:

                          ,,მარიამ, დაო!
                    შენი წერილის მერე ვდარდობ ძალიან.
                    შეშფოთებული
ვარ, რა აზრი გაგივლია თავში.
                    იცოდე, კარგად იფიქრე, მერე არ ინანო.
                   
                    კაი ქალია შენი რძალი და მე მგონი უფრო ჩავარდება უხერხულად,
                 
  მაგ საქმის გამო.
                  
ისე მე როგორც მთხოვე,გავიკითხე მაგნაირი კაცი, თანახმაცაა შენ
                    რძალზე  დაქორწინდეს
, ოჯახსაც და დათუნასაც მიგიხედოს და
                    თქვენთანაც იცხოვროს. გვარიც კაი აქვს გოგო,  
მამალაძეა.
                                            შენი დაიაქალი ნინ


                                              მკათათვის 15
(ძველით) 1937 წლისა


    კარგად ვერ გავაცნობიერე, რას წერდა ბებიაჩემი მის დას, ამ წერილით რა შინაარსის წერილზე პასუხობდა. მეორედ  წავიკითხე. სკამზე ჩამოვჯექი. თვალები ამიჭრელდა, ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა. რამდენიმე წუთს იტრიალა და თავბრუ დამახვია.
თანახმააო, რომ შენ რძალზე, ეკაზე იქორწინოსო?! დათუნას მამობა გაუწიოსო?!
დედაჩემის გვარი მამალაძე იყო, დათუნა ბიძია კი იაშვილი. ამის  მიზეზი სულ სხვა მეგონა, აქამდე რატომ  ვერაფერს ვხვდებოდი? ყველაფერი თავდაყირა დადგა და აღარ გასწორდა

   ნუთუ ჩემი მარო ბებო მის დას იმას  თხოვდა, რომ მისი რძალი გაეთხოვებინა? ეკა ოცი წლისაც არ იქნებოდა, როცა დაქვრივდა. მაროს კი რძალთან ერთად ოჯახის ფეხზე  დადგომის ეჭვი გაუჩნდა? დათუნას მარტო გაზრდის შეეშინდა უკაცოდ დარჩენილ ოჯახს? თავისნაირად, უბედური ქვრივობისთვის ვერ გაიმეტა საყვარელი რძალი და როგორც საკუთარ შვილს, ისე მოექცა? როგორც საკუთარი ქალიშვილი, ისე გაათხოვა და სიძეც სახლში შემოიყვანა?
      
    ჩემს  მდიდარ წარმოსახვასაც კი ვერანაირად ვერ შეეძლო ბებიაჩემის სახე წარმოედგინა მისი  რძლის ქორწილში.


   ბევრი  გამოკითხვა არ დამიწყია, დედაჩემმა ყველაფერი დამიდასტურა: მარიამ ბებოს თურმე შეეშინდა, რძალი ახალგაზრდაა, გათხოვდება, დათუნასაც წაიყვანს და ოჯახი უკაცოდ დამირჩებაო. მისთვის ძლიერი ოჯახი მთავარი იყო. ეკაც  შვილივით უყვარდა. შვილი ეტირა თუ რძალი?

  მაროს  დიდსულოვანი ბუნება ეკას უფრო ინაღვლებდა, ოცი წლის ასაკში რომ ჩაუქრა სიყვარული. და მე  ვინ  გამოვდივარ? ერთი წვეთი სისხლიც კი არ გვაქვს მე და მარიამს საერთო?
მე მისი ღვიძლი შვილთაშვილი არა ვარ? მიხაროდა, როცა მეუბნებოდნენ,  შენ მარიამივით ჭკვიანი ხარო. მას ძალიან ჰგავხარო. იაშვილების ქალის ხაზით გამგრძელებელი ხარ და საგვარეულო, ზურმუხტისთვლიანი ბეჭედი შენ გეკუთვნისო!

  ამის მერე მარო ბებიას შრომისგან დამჭკნარი ხელები ჩემი ყველაზე დიდი საფიცარია. ის ხელები, რომლებმაც მისი შვილის სახელი, გენეალოგიის ხეზე ჯვრის დასასმელად ვერ გაიმეტა და დათუნა ბიძიასთან ერთად, დედაჩემი  და  მისი შვილები ისე მიაწერა, როგორც ღვიძლი შვილის, სინამდვილეში კი რძლის, ეკას, შთამომავლები. ჩვენთვის არაფერი დაიშურა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე უთქმელად გვემსახურა და მისი დედობრივი თუ ბებიობრივი სითბო თანაბრად გაგვინაწილა.




скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge