გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ელისაბედ ჯავახიშვილი - ლექსები და ორი ჩანახატი

***
გამოკვირტულან ბროწეულები,
ვით სიქალწულის  ნაზი კვირტები,
მე ახლა, კარგო,
ისე მჭირდები,
როგორც მის ყვავილს
მზისა სხივები,
გამთენიისას დაკოცნილები
ვნებიან ჟინით.
წვიმისა ფარდა ჩამოეშვა
მრუმე ზეციდან,
ჩემი ფიქრებით მოგეახლე,
შემოგიკეცე საბნის კიდე,
მზრუნველობით,
დედობრივად,
თან თითქოს ისე,
კოსმიურად,
როცა ვგრძნობ, რომ
ჩემი მამრი ხარ,
მე შენგან  ერთ დროს
ბოძებული
ნეკნით დავდივარ
წელგაშლილი
და გეძებ, გეძებ,
ისე უღვთოდ მენატრები,
იმ პაწაწუნა მატარებლის
ჩამწკრივებულ
ხალებს გიკოცნი
გახელებით.
მოდი და ცხრა მთას გადავივლი
შენთან ერთად,
შენი სუნთქვით
გამთბარ ხელისგულს
გულში ჩავიკრავ,
მოდი და ერთად
ვიჟღურტულოთ
იმ მარადიულ სიყვარულზე,
ერთმანეთს რომ დაგვაკავშირა,
ასე, ამგვარად,
თითქოსადა სხვადასხვანი
ფორმით და ფიქრით,
თუმცა გიჟურად
აღტყინებულნი
ერთად ყოფნის მოლოდინებით;
მოდი, ბროწეულს
დაუკოცნე ემაგ ბაგით
ჯერ გაუშლელი ნაზი კვირტები,
ახლა მზის ნაცვლად
შენ დაკოცნე
მისი ფურცლები.
ახლა ისე წვიმს,
მინორულად ხმიანობენ
წვიმის წვეთები
ჩემს ღაწვებზე დადენილები.
მე გელოდები
უსასრულოდ,
მოდი, მზის შუქო!
მოდი, სინათლევ!
მოდი და ერთად გადავლახოთ
ცის ბილიკები,
სხვას ვერ ვენდობი,
მხოლოდ შენ განდობ
ჩემს ჩიორა, მფრთხალ
გულისცემას;
მოდი, ბარტყო,
ჩემს ბუდეში მოიკალათე,
იქ შენი არის
ყველა სივრცე,
ყველა ადგილი,
მე გელოდები,
ვით მზის სინათლეს,
ალანძული ბროწეულები.







***
გარდაცვლილი შვილივით, ხელებზე მიწევს
ჩემი სიყვარული, უხმოდ ვქვითინებ, დავტირი იმ დროს,
იმ შეგრძნებებს, სიზმრის ჯაგნებს რომ მიფერადებდა,
რომ მათენებინებდა თვალებამოღამებულს ცრემლიანი თვალით და
ზურგზე საბანამოკეცილი,
გამშრალი თვალის გუგებითა და
მოლოდინით, გულის ყუნწში გატარებულით დროით
გავცქერ ალიონს, მამლის ყივილის შემოფეთებას,
რომ, იქნებ, მალე,
რომ, იქნებ, სადმე,
შენი ხმები, ჩემი ხელებით გულის თოკებზე დაფენილნი
ჩამოვხსნა, თითის ბალიშებით ლბილად შევეხო,
მივუალერსო... ნუ, ნუღარო გამომიტყდა.
ისე, როგორც გაკვეთილზე მოსწავლე
მასწავლებელს, დამმოძღვრა არ ეგებისო...
ჩემთვის ხატივით სუფთა ხარო,
ვისმენდი თვალცრემლიანი
გულისწუხილით მის აღსარებას და
მკლავებზე ვარწევდი იმ სიყვარულს,
მკვდარი შვილივით ტკივილიანს,
ჩემში ნაშობს, გულის გრდემლზე გამოჭედილს, ჩემივ განცდებით
ასე უდროოდ გარდაცვლილს და გულდაცრემლილს
გავაყოლე ბოლო მარაგიც იმედებისა.





***
მახსოვს, როგორ ვცდილობდი
პირველი ნაბიჯის სწორად გადადგმას,
გაშლილი ხელებით
მომყვებოდა ბებიაჩემი
აღტყინებული თვალებით
სიყვარლით სავსე ემბაზებისა...
მას მერე მომყვება
მისი გულიდან გადმოდენილი
დალოცვა მონაგარისა,
გვირილები უფინეო ფერხთქვეშ,
თავზე მაქმანი ცის ლაჟვარდისა,
სულში მცხუნვარე ცხრათვალა მზის
სიკაშკაშე მიეციო, ღმერთო, და
გული პირსავსე, ბარაქიან თავთუხებისა...
ისევ ვცდილობ ნაბიჯების სწორად გადადგმას,
ისევ იმ ბილიკს მივუყვები,
სადაც ტაატით დამატარებდა
ბებიაჩემი ლიზა და
აგრემც ბებო გენაცვალოსო,
დამგურგურებდა,
იმედიანი თვალით მიმზერდა,
გზას მილოცავდა გამთენიისას
დღე-ღამის გაყრისას და
საღამოობით როცა კრუხ-ჭუჭულას დაითვლიდა,
როცა კალთას დაღლილი ხელის მტევნით
ჩამოიფერთხავდა, აგრემც დედას გაეზარდეო!
მეტყოდა, შენი თვალების მზემაო,
ბებოს გულისფეთქვავ და სულის
წუხილოვო, იცოდე, საფლავში ნუ ამომატრიალებ
დარდითაო, ქალი შვილთასხმით მშვენდებაო,
როგორც ვაზი ყურძნის მტევნებითაო,
სიმშვიდითა და სილამაზითაო,
ოჯახის ერთგულებითაო...
აგერ, ბები, რთველის ჟამიც ჩამოდგა,
სილამაზემ ფერი იცვალა,
გაკრთა, გაბაცდა,
შენი ხსოვნა კი არ წაიშალა,
არა და არა!
ისევ ჩამესმის შეგონებანი
შენი ბაგეებიდან გადმოდენილი,
ისევ გხედავ სახლის პირმაღზე მომლოდინეს,
როცა მიხმობენ შენებრ სახელით,
ლიზავ, გოგოო!
შენ მახსენდები და
უფრო მიყვარხარ, იმაზე მეტად,
როცა ტაატით დამატარებდი
საურმე გზაზე ხელებგაშლილი...
ისევ იმ გზას ვადგავარ, მოდი!
დამიხვდი გზაგასაყართან,
მგონი, მოვედი, რომ ჩაგეხუტო და გითხრა,
ისევ ისე მიყვარხარ, უფრო მეტადაც,
ვიდრე მაშინ, როცა ახლადფეხადგმულს
დამყვებოდი, როცა გეშინოდა,
არ დავცემულიყავი და სწორად გამევლო!



***
დროში დავიკარგე...
ხოო, სინამდვილეში, გავახილე თვალი
და არ ვიცოდი,
ვინ ვიყავი,
სად ვიყავი,
დილა იყო თუ ღამე...
მხოლოდ შენ იყავი
გულის ძელსკამზე
ჩამომჯდარი...
ხელებს გიწვდენდი,
რა შორს იყავი,
ამავდროულად, ახლოსაც, თითქოს,
მე არ ვიყავი,
დროც არ იყო
აღარსაით,
თითის ბალიშებით
ვერ ვეხებოდი
შენს ქოჩორს,
ვერ ვაყურადებდი
შენს გულისცემას,
ვერ გითვლიდი
სხეულზე ხალებს
თბილი კოცნებით...
უდროობაშიც მინდოდი,
მწყუროდი,
მარტოობის წყურვილით
ვიტანჯებოდი.
ამით მივხვდი, რომ
ცოცხალი ვარ,
რომ ქალი ვარ და
არ აქვს საზღვრები
სიყვარულის მინდორს
გულს გადაშლილს...
არადა, მგონი,
დროში დავიკარგე.






















ჩანახატები



***
მე გავიზარდე იმ სამყაროში, სადაც ჟღურტულა ჩიტებს სიყვარულისგან გული უფრთხიალებდათ... მე გავიზარდე იმ სამშობლოში, სადაც სიყვარულის რძით მაპურებდნენ, მე გავიზარდე იმ სახლის ერდოს, სადაც მზე იყო დედაჩემი. სადაც სიყვარულის აკვანი ნანინანობდა, სადაც ფეხს არავინ არავის უდებდა და ხელს უწვდიდა დასახმარებლად.
მე გავიზარდე ფაფრის ხევის გზა-ბილიკებზე, სადაც სივრცეს თვალუწვდენელს კავკასიონი შემოსაზღვრავდა, მე გავიზარდე იმ ცისქვეშეთში, სადაც ყველა მკვდარს სოფელი ჭირისუფლობდა და დასტიროდა, სადაც მეზობლის ლადია პაპა ყველას პაპა იყო და ყველა ჰყვარობდა, სადაც ბებიაჩემი ლიზა ქვრივობის ტიტულს სიამაყით დაატარებდა, სადაც პაპაჩემი ,,ტოტებასი“ რიდი ჰქონდათ და მისი ცოლისაკენ თვალს არავინ აპარებდა, სადაც პატიოსნება ფასობდა, სადაც სიყვარულისთვის და ერთი უმანკო შეხედვისათვის ტანით ჟრუანტელი დაჰქონდათ და სადაც ერთმანეთი ეღიმილებოდათ, სადაც ერთმანეთის ლუკმას ინამცეცებდნენ, სადაც ჩემ ქართულის მასწავლებელს, დედასავით წრფელსა და ნათელს, ნიურა ერქვა სახელად... სადაც სოფლის სკოლა ეკლესიასავით რეკდა ზარს, ყოველ დილა და სადაც სიყვარული ხელჩანთებით დაგვქონდა... სადაც გლეხებს დაკოჟრილი ხელისგულები ეამაყებოდათ და თავის მიწას არავინ არასოდეს ტოვებდა, სადაც არც ერთი სოფლის სახლი არ გამოკეტილა, იმ ერთის გარდა, იმ ერთ სახლსაც ტკივილით თვალს არიდებდნენ, ნასახლარიაო, დარდობდნენ... სადაც ყველა ყრმას სიცოცხლეს აყვარებდნენ და მელნიანი თითებით ხელით წერდნენ: ,,დედაენა, დედასამშობლო“... სადაც მერცხლები  ბუდეს აშენებდნენ და ბარტყებს ზრდიდნენ, სადაც აღდგომის თვის საფლავზე წითელ კვერცხებს აგორებდნენ და ერთობა ჰქონდათ გარდაცვლილებს და მათ პატრონებს, სადაც სასაფლაოს კარი მუდმივად ღია იყო, სადაც ჰაერი არ იწონებოდა და ხალხი ერთმანეთის სიყვარულში სუნთქავდა, სადაც ერთის ჭირ-ვარამი ყველას ჭირი იყო და სადაც თონეში ქართული პური იბრაწებოდა, სადაც მამალი გაჰყიოოდა ცის რვალს - ყიყლიყოვო, სადაც გუთნით მიწა იხვნებოდა და სადაც ხორბლის ყანა ცას შესცქეროდა, მკის მომლოდინე, სადაც ვენახი დახუნძლულიყო ბარაქიანად, იკრიბებოდა მტევანი სიყვარულით და ალერსიანად, სადაც ღვინო ყანწებში ილექებოდა და მრავალჟამიერით ჭერი იხდებოდა, აკვანი ირწეოდა, იზრდებოდა ქართული სული, გენი და ჯიში, მრავლდებოდა, მტკიცდებოდა ქართველთა მოდგმა და სიტყვა რა იყო, როგორ ვთქვა... როცა ყელში ბოღმა მიჭერს და მკლავს, გული ისე მიკვნესის ტკივილისაგან ემიგრანტების სახლმიტოვებული დედაკაცები, კაცნი კი, კაცნი... არაფერს ვიტყვი და ან კი რა უნდა ვთქვა, როცა სინამდვილე მხრებზე მაწევს ტკივილის ლოდად და ყველაფერი დაიმცრო, გაქრა, ქართული სული  გამუდმებით მოთქვამს და კივის, ყველაფერი გაუფასურდა... არვინ იწვდენს ხელს მის გადასარჩენად, რიონის მიწას გვისხვისებენ ასი წლით, იქით წართმეული აფხაზეთი გვტკივა, აქეთ სამაჩაბლო, ახალგორი. ღმერთო, ეს ტკივილი სად აგორდა, რისთვის ვისჯებით და გადავშენდით. ვუყურებ... ყურებაც კი აღარ მინდა, წარსულის ამბებიც ქართულ ჩოხასავით ტანთ შემოგვაცვდა და ხელებში გვიჭირავს არაფრობა, აწმყო ასეთი სულ არ მინდა, სულგაყიდული ქართველობა, მთავრობა, მისი ხომ აღარც სწამთ! რად გვინდა ასეთნი, ვინღაა ჩვენთვის წმინდა, ვისაც გულ-მუცელი სავსე აქვთ მარაგით, ფულის გროვებით და ქონებით... ხალხი დაბეჩავდა, ერი გადაშენდა, ახლა რაღას ვიცავთ, ანდა ვის, როცა არაფრობა კარს ისე მოგვდგომია, ისიც აღარ ვიცით, რანი ვართ, რა გვქვია, სამშობლო დაგვავიწყეს, სახელმწიფოთი ჩაანაცვლეს, ღმერთო, მე ასეთი სიცოცხლეც არ მინდა, წამართვი, რაც მომეცი, სიცოცხლე წამართვი, ამათი ყურებაც არ მინდა, მტკივა ამოთქმული გულიდან ამონახეთქი, სიტყვა რომ მიფლეთავს ნაწლავებს. რანი ვართ, ვინ ვიყავით, სახელად რა გვქვია, ნეტავ, რაღა გვინდა, ღმერთო, საქართველო დაგვიტოვე სამშობლოდ და სახელად!










***
ნაწვიმარი დილა ნამტირალევი ლამაზი ქალის თვლებივითაა... უყურებ და გინდა გულში ჩაიკრა, შენში შემოიტანო მისი მიამიტი ბალღური სიწრფელე და რაღაცნაირი ღვთიური... ვერაფერს დავამატებ და უფრორე გავაუბრალოვებ სათქმელს. თვალები აღსაქმელად გვეწყალობა და დავტკბეთ სანახაობით, თუმცა... ისევ სათქმელს შევეჭიდები და გეტყვით, რომ არაა ადვილი სიტყვების სიზუსტით გამოხატვა... ქვისმთლელივით გიწევს შრომა, როგორმე აამეტყველო და სრულქმნა ნანახი და განცდილი.
საოცრებაა სამყარო... ულამაზესია დედაბუნება, დამაუნჯებს ხოლმე განცდილი და სიტყვათა ლაბირინთებში ვიკარგები, ვილეშები, ნირვანაში ვარ.
მადლიერება სულისა გავსებული ღვინის ფიალასავით მოლიცლიცებულია და ელის შემსმელს, სადიდებელს რომ იტყვის მთისას და ბარისას!
რამ შემქმნა ადამიანად?!
ჰაი! ჰაი! გავყვირი მეორე ნაპირს და ვფიქრობ, იქ თუ უკეთესი სილამაზეა, ვიდრე აქ, დედამიწაზე, იქაც სიტყვადხურო ვიქნები, იქაც შევეჭიდები და მოვაქანდაკებ სიტყვის დარბაზებს სილამაზის გადმოსაცემად...
ნაწვიმარი, მწიფე ტყემალის ნაყოფები გადავიღე და ვტკბები მისი ცქერით... ფოტოგრაფიითაც ბევრი რამის თქმაა შესაძლებელი...
ყველაზე დიდი შემოქმედი ღმერთია. მე ქედს ვიხრი მის წინაშე.
დილამშვიდობისაო! დილა გულსავსეობისაო! დილა სიყვარულისაო!..
скачать dle 12.1