გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

შოთა მენიღბე - ლექსები



სავალი

მარადიული სისხლი
და შენ ამ სისხლის არ გწამს.
შენ — მყუდრო, თბილი სახლი,
მე — ქარი ნაბადს მაცვამს.
შენთვის როზგია ბოროტება,
შრამი — ვაება.
მე კიდევ...
ზურგზე პოეზიად დამეხატება.
შენ გაურბიხარ, არ გეტკინოს რაიმე იქნებ...
მე — გავურბივარ
ანარეკლში მხეცის ხატებას.
შენი სამყარო ტკივილს არ ცნობს
და ფანტაზიის იმდენად სჯერა,
მცირე ძვრაც კი ჩამოანგრევს ამ ქაღალდის სახლს.
ჩემი სამყარო ნასროლი ქვით ნაშენი კლდეა
და რაც მეტი ქვა
მევლინება მთის დიდ ზმანებად.
შენ ვერ იზრდები...
მე ხელს გიწვდენ მწვერვალებიდან;
ღრუბლების ზემოთ,
ბულბულის ხმა სადაც ჩამესმა.
05/ 03/ 22.





მომავალს

ჯვარი, რომელსაც ვატარებ,
არა ბაწრით ან ოქროს ნაკაზმით,
არამედ ზურგზე ნატვიფრი შრამით,
არის დიდება!
და აჰა, სახე ჩემი, ობოლი,
რომელიც არასდროს გაიყიდება,
ეკუთვნის მიზანს.
ვისთვის მენიღბე,
ვისთვის პოეტი,
ვისთვის ბატონი...
და მე მსახური იდეის და მისი პატრონი,
ჩემს ანარეკლთან ყოველ ღამით თქვენს სახელს ვფიცავ,
რომ ვდგავარ მედგრად და სიწმინდის ხელმწიფეს ვიცავ.
28/ 03/ 22.



დელი დელია

აბა, რა ვიცი მე ცხოვრების, რა გამეგება!
გვამებთან მძინავს, დღეს ლაღობენ, ხვალით კვდებიან.
ერთ დღეს სიცოცხლეს მივუყვებით ხრმალით და ცეცხლით
და მეორე დღეს ნაცარტუტად გარდიქცევიან!
და სულში, აბჯარს, მძიმედ ასხმულს, თავდასაცავად,
გრძნობენ უცხონი, შიშნარევად მერიდებიან!
დაჭრილი ვმღერი: ო, დილაო, დელი დელია!
დაჭრილი ვმღერი! - განა მტრული, ყველა მტერია?!
და მხოლოდ ყვავილს ფერსაამოს და ვენახები
მუზარადს მიღმა დასერილი სახის ნაკვთებით.
მაშინღა ვიგრძნობ ისევ
მტვერში სიცოცხლის სურნელს
და რომც დაღლილი გულაღმა თუ დავენარცხები,
ძილს მივეცემი ცალი თვალით, გმირულად, ფხიზლად,
ყოველი შრამი ჩემს სხეულზე და მატერია
გაკვეთილია მზად ყოფნის და ცოდნის მიღების.
11/28/2020.


ორთა

ამ მშვიდი მთვარის მოცქერალი,
სარკმელთან მჯდომი მილიარდიდან,
მხოლოდ ის ორი მიცქერდა ისე,
სხვა და სხვა ქუჩის ერთი დარდიდან.
თოვდა,
ოცნებებს არხევდა ქარი - აჰ... არა!
ხეებს,
ხეებს არხევდა.
მუხლში ტეხავდა მხდალებს მათგან და
ყველაზე ნორჩებს ფიფქებს ახვევდა.
თოვდა
და სავსე ერთი ტკივილით,
ერთი აზრების ერთგულ მორევში,
სხვა და სხვა ქუჩას გამოკეტილი
ფიქრობდა — ერთი იყო — ყოველი.
დუმდა მთვარე და ორნი უცქერდნენ,
არ ახარებდნენ სულში სეფიროტს,
ორიდან ერთი ისე წავიდა
და თან ისე შორს მიმოსეირნობს!..
შორია მიწის კუნჭულთაგან და
უშორესს სულის სიღრმე დაბადებს.
კაცს თითგაშვერილ ლამის ჭურჭელად
ორიდან ერთის დაკარგვა აქცევს!
ერთია შორით წასული, მათგან
ერთია ორიც — ორის ერთ გზაზე,
სერაფიმები ლოცვებს მოჰფენენ
მათივე მზერით დამშვენილ ცაზე.
21/03/2020.



ომის მერანი

რა ჯებირი გააჩერებს ომის მერანს,
გადაიფრენს ცხრა-მთას, ცხრა ბარს ალიონზე!
მზის ჩასვლისას ულაყებს რომ მოიტოვებს დამძიმებულთ
ზედ გამობმულ ფაიტონზე
მომსხდარ წყვილებს გადახედავს და ამაყად
ჩაუქროლებს.
მედიდურად, თითქოს გულზე არა აწევს!
რა ჯებირი გააჩერებს ომის მერანს!
გარბის - ისარს კუპიდონიც ვერ დააწევს.
უხორცოა, თითქოს მისი არსება და დაუჭრელი გულით ასე დანავარდობს.
ო! ისეთი დაჭრილია, მკვდარსა ჰგავს და
გარდაცვლილი სულისავით ქარად ლანდობს.
გარბის ისე! გული გასძვრეს! მოიტოვოს!
ამ ზამთარმაც რომ თავისი მოითოვოს..
რისთვინ გარბის? იმედები რომ გათელოს
და თუნდ ასჯერ ნასისხლარმა მოიომოს!
განა უღირს ესებრ შიში, შმაგად რბენა..
დაანარცხეს დახურულმა დარაბებმა..
მხოლოდ გრძნობს თუ რისგან მიჰქრის!
ვერ კი ხვდება
ასე ახლოს სამოთხე რას დაანება.



რასაც

რასაც გაურბიხარ - იმის გეშინია,
რასაც შეიყვარებ - იმას ემონები..
რასაც გააღმერთებ - მხოლოდ ის დაგღუპავს,
შენზე გამეფდება - შენ კი ელოდები;
ტალახს იქ ირეცხავ - სადაც ღმერთი ცხოვრობს,
ძველი ფრესკის უკან ცოდვა უმალ გიტანს;
ვნებას ეტანები, როცა ტანჯვა გშია,
დაგლეჯილი ფრთები სილამაზეს გიგავს;
ისევ სახეს მალავ, ისევ ყალბ ღიმილში,
ნიღაბს თუ გაწვდიან მხოლოდ მაშინ აჩენ;
გაშეშებული სამყაროს წინ დგახარ და
ისევ ხარბად ელი შენთვის შენს განაჩენს.
შენი აღსარება ღმერთის ბიბლიას ჰგავს,
შენი ზიარება მშივრის დაპურებას;
როცა მოინათლე, ეშმაკს ირეცხავდი,
მერე ლოცვების დროს სთხოვდი დადუმებას.
არა, არ დადუმდა,
არა, არ დადუმდა..
რასაც ადუმებდი - ღმერთის დუმილია,
თუ კი კაენისგან ყველა წამოვედით,
ძმაზე მახვილს რომ ვწევთ - სისხლის დუღილია;
სისხლის დუღილია, როცა ცოდვა გვშია,
სისხლის დუღილია, როცა კერპად ვდგებით,
ჩვენთან არც ჯინები - რა გსურს - არ გკითხავენ,
ჩვენთან ვეგუებით ლტოლვას ბედის გზებით.
06/ 06/2016.



უსინათლო ღამეს

მეწამულ მთვარეს დაკიაფობს ღვთისმშობლის ლანდი,
ტრამალზე მგელი ჯვართნაკრავთა მღერის არიას,
მე გადმოვლახავ რუბიკონს და ძირს დავცემ დევებს,
შენ დამელოდე უსინათლო ღამეს, ქარიანს.
ისე თუ ბრმაა ყოველი გზა, ყველა ბილიკი,
სიზიფეს მითი რაღაა და ისე ამაო
და მაინც ისეთ ტკბილ, საამო ვნებას მიღვივებ,
ზედ ჩემს ტყავზე რომ ალებად მცხობს თუნ და მალამო.
მეწამულ მთვარეს დაკიაფობს ღვთისმშობლის ლანდი,
თვალ მიციმციმებს, სადღაც შორით ცეცხლი ანთია,
არ სადარებო, მე დაგლანდე ქარიან ღამით
და შენს მაგვარი, რაც მინახავს, მხოლოდ მნათია.
დიდება უფალს! დე, მიკურთხოს მე ეს ტრაპეზი.
ჩემი საკბილე, ეშვები, ვინც კბილად მიქცია!
ამ სნეულ გონში, ამ შიმშილმა ლეგიონად მქმნა.
აღარ მაფიქრებს საღია თუ მხოლოდ ფიქცია.
მეწამულ მთვარეს დაკიაფობს ღვთისმშობლის ლანდი!
შენ დგახარ, სველი, დაგინამა სხეული ქარმა
გადმონთხეული ზეციური წყლისაგან ისევ
ცრემლად იდინა, სულთმხუთავმა, დიადმა თვალმა.
მეწამულ მთვარეს ვერსად ვხედავ, მხოლოდ წამებულს
და ღმრთისმშობელი მთვარე არ ჩანს, არსად,
ტრამალზე მგელი კურთხეულ კრავს შეეგებება,
დასი ჰანგების გაუძღვება ღამეს ქარიანს.
ციმციმი თვალებს,
ვარსკვლავთმჭედლის ჯადოქრობას ჰგავს
და სინატიფე იპყრობს მხეცთა თითოეულ ბაგეს.
ყოველი ერთი ვარსკვლავიდან მტვრად მოვევლინეთ
და ერთ ვარსკვლავად ვუბრუნდებით ყოველის განმგებს.
დე, მიეცით მგელს სამგელო, ტრამალს ტრამალის.
წმინდა მხეცთა და წმინდა გზათა გზაჯვარედინზე,
სადაც არც ერთი ფერი უკვე წმინდა არ არის.
სრულიად მღვრიე, აღელვებულ ზღვად ჩავედინე.
ჰა! სისხლი ჩემი,
მათრობელად დავიწურები.
ჰა! ხორცი ჩემი,
ეზიარე ნაყროვანებას.
ო! რა უნაკლო სამყაროა,
რა დიდებული,
რომელშიც სუფევს ჭეშმარიტი ნაკლოვანება.
მეწამულ მთვარეს დაკიაფობს ღვთისმშობლის ლანდი,
ტრამალზე მგლურად ჯვართნაკრავთა ვმღერი
არიას.
მე გადმოვლახავ რუბიკონს და ძირს დავცემ დევებს,
შენ იქ მელოდე, უსინათლო ღამეს, ქარიანს.
04/11/2021.



ომი

თავის უფალი მონების ერში,
სადაც სიშიშვლე ერთადერთი ხელო-ვნებაა,
ხოლო შექმნა და აშენება - ტოლ-ფასი მონის,
არაფერია ჭეშმარიტი, გარდა აქ ომის!





სიზიფე

ცეცხლის ალშია გახვეული სამყაროს გული
და ისე იწვის,
რა მიჯნურობა,
რის სიყვარული?!
ყოველ ნაბიჯზე, ზედ რომ ვადგამთ ამ ძირძველ მიწას,
სისხლის ლაქაა დანთხეული და ბრძნული სიტყვა არაფერს არ ცვლის!
მხოლოდ ცეცხლი,
მხოლოდ მახვილი.
ბუნება ისმენს მხეცისა ან კაცის გალობას.
სარის ღირსია, მუხლზე მდგომი, არას მაქნისი,
ყოვლის შემძლეა და მაინც რომ ელის წყალობას.
ლოცვას აღავლენს არა სიტყვა, არამედ საქმე.
ჯვარს არ გაეკრათ მაცხოვარი, ვინ იქნებოდა?!
თქვენ კი აქ დგახართ, რაღაცა ცრუ ცნებებს მარიგებთ,
არა და ვამბობ და ოდესღაც კვლავ ითქმებოდა,
არაფერია სრულყოფილი და სრულყოფილიც სწორედ ეს არის,
რომ ქვეყანაზე, სადაც მეფობს ამაოება,
არა თუ თავის დახვრაა ან სიკვდილს მიცემა,
არამედ ნიშნავს - შეგიძლია ყოველი შექმნა,
იყო ვინც გინდა, მიაღწიო მას, რასაც ნატრობ
და ამაოა მხოლოდ ფიქრი თუ ვინ რას ამბობს,
ან ვინ სად დანებდა, ან რას მიაღწია!
და ამაოა ფიქრი, შემდგომ თუ რა იქნება.
იქ, სადაც სუფევს ნიჰილიზმის მძაფრი სურნელი,
ნიშნავს იპყრობდე, იბრძოდე და თავის უფალმა,
ამ მძაფრ სურნელში თავად დარგო ვარდების რაზმი
და დათესილის მოსავალით თავად გამოთვრე.
04/ 16/ 2021.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge