ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
თეიმურაზ ლანჩავა - სამი ნოველლა
30 მაისს, საქართველოს მწერალთა სასახლემ უმასპინძლა ქრისტიანული პოეზიის მეთორმეტე ფესტივალს „წმინდა ნინოს ჯვარი“. ფესტივალის ჟიურიმ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მწერალი თეიმურაზ ლანჩავა დაჯილდოვდა ფესტივალის მთავარი პრიზით - „წმინდა ნინოს ჯვარი“. ჟურნალი „აფინაჟი“ თეიმურაზ ლანჩავას ულოცავს კიდევ ერთ შემოქმედებით წარმატებას!
მიუწვდომლობა
გულივითაა საათი, შეუსვენებლივ მუშაობს. ითვლის წამებს, წუთებს, თუ გაჩერდა... ფუი ეშმაკს!.. გაჩერებული გული სიკვდილია.
მეშინია სიკვდილის. სიჭაბუკეში ამაზე ფიქრი სასაცილოდ მეჩვენებოდა, ვერ ვგრძნობდი, არ განვიცდიდი. ახლა?! ღამით არ მაძინებს. თუ ჩამთვლიმა, სიზმრები შემომისახლდებიან. საოცრებაა სიზმარი. მკვდარს გააცოცხლებს. ზოგჯერ ისე მომხიბვლელია, გინდა სიზმარში ცხოვრობდე. გარკვეულ მომენტში მოგაკითხავს შემაფხიზლებელი, ძილიდან გამოგათრევს, შეგანჯღრევს. სიზმარი ამოუცნობი ფენომენია, გონების სიფხიზლეა, შეუცნობელის შეცნობაა, დაუნახავის დანახვაა.
ვერ იტყვი რაა, ვერ განსაზღვრავ მის არსებობას, დანიშნულებას. გაკრთობს, გამშვიდებს, გასევდიანებს, საფიქრალში ჩაგიტოვებს. ეძებ გაუგებრობიდან გამოსავალს. ვერავინ ახსნა სიზმარი, ვერავინ ამოიცნო მისი დანიშნულება, არსი. ძნელია, შენში არსებობდეს და არ იცნობდე. არ ხედავდე, შენში მონაწილეობდეს და ვერ ხვდებოდე მის დანიშნულებას.
ამხდარა ბევრი სიზმარი, ბევრი არ ამხდარა. არა და სიზმრისგან უკმაყოფილო ბევრი ვინმე შეიძლება ჩამოვთვალოთ.
სიზმარში რომ დაფრინავ, წარმატების ნიშანია. კბილები რომ გტკივა და გცვივა, ახლობელის სიკვდილის მაუწყებელია. სისხლი ახლობლის გასაჭირის გამოცხადებაა. სიზმარში თუ გძინავს, გაუგებრობის მომასწავლებელია. ფეხის განავალში გასვრა ფულის შოვნის ნიშანია. თვითონ ფული - ავადმყოფობაა.
ადრე ნოველების წიგნიც გამოვეცი სათაურით: ,,სიზმრების გამყიდველი“, „გაღვიძებული სიზმარი“, ატყდა მითქმა-მოთქმა, ჯერ სიზმარი რაღაა და მერე სიზმრის გაღვიძება რაღას ნიშნავსო. ვიღებდი შენიშვნებს და ვდუმდი.
სიზმრის გამოცხადება ნებისმიერ დროს შეიძლება, დღეც, ოღონდ უნდა გეძინოს. დავწერე კიდეც ერთი წიგნი „დაუძინებლად ნანახი სიზმრები“. ეს კი მეტისმეტიაო, ჩემა პროფესორმა, ბატონმა მიხეილ ალავიძემ მისაყვედურა. უცნაური კაცი ხარო, ხითხითებდა, სტუდენტებს სულ შენზე ვესაუბრებიო, მარწმუნებდა.
ეს ცხოვრება რომ სიზმარია, გამიგია, მაგრამ, სიზმრებს უძილოდ მარტო შენ ნახულობ ამ ქვეყანაზეო? ბატონმა კონსტანტინემ მკითხა.
დამესიზმრება, ხელში ქოლგა მიჭირავს და მივფრინავ, ქარი იცის.
თოვლი და მასში სიარული - სიახლესთან მიახლოება, წვდომაა. თოვლს თუ ნაფეხურები არ აჩნდება, გაურკვევლობაა. თუ ზამთარში ხეები ყვავილობენ, სასიამოვნო ამბავთა სმენაა. სხეულის გათმიანება - ახლის შეძენის ნიშანია. შიშველი ქალის მკერდი - წყურვილია. მთების დაპყრობა - სიმაღლეთა ძლევაა. სარკის ხელიდან გავარდნა და დაბზარვა - გულგატეხილობაა. ვირის ყროყინი - ამბავის გახმაურებაა. ლამაზი ქალის ჩახუტება ძილშიც და ღვიძილშიც სიამოვნებაა.
არსებობენ ადამიანები სიზმარი რომ არ უნახავთ. ვერ გეტყვით ამის გამო ბედნიერად თუ უბედურად ჩაითვლებიან. ვერავინ დამაჯერებს, რომ ფრინველები უსიზმროდ ცხოვრობენ და არსებობენ. მინახავს ძილში ატირებული ძაღლი როგორ თრთის და კრუსუნებს. თაფლით დამთვრალი დათვი გულის მომკვლელად რომ ბუზღუნებს და დრუნჩზე დაფრენილ ფუტკრებს თათებით იგერიებს.
პეპელა თვითონაა სიზმარი, ღამეს რომ გამოეპარა, ორი სამი დღე ინავარდა და მერე თვითონვე იქცა მოგონებად. ციცინათელები სიზმრის მანათობელია, დღისა და ღამის თანხვედრაა, სიკვდილ-სიცოცხლედ განაწილებული.
ადამიანის სიცოცხლე თვითონაა სიზმარი, დათვლილი წლებითა და წუთებით, აუხსნელი წინათგრძნობებით, მოლოდინის სიმძაფრით.
ადამიანი სიზმრის შვილი, შეცნობილი და შეუცნობელია, თავისივე მცდარობით და მრავალფეროვნებით. საოცრებათა მარადიული ფენომენია საინტერესო და მიუწვდომელი, ამოუხსნელი სამყაროა, საკვირველი და მიმზიდველი.
ვერავინ შესძლო საკუთარი ნაბიჯები დაეთვალა, გულის ძგერა და სინანული ხელოვნებაში გადაეტანა და მიღწეულის სიდიადით დაკმაყოფილებულიყო.
გამომეცხადა მამაჩემი. მოდი აქო, ხელით მანიშნებს, ოცი წლის მკვდარი. როგორ მოვახერხო, როგორ მივუახლოვდე.
მოდიო, _ ისევ მანიშნა.
გადავდგი ნაბიჯი.
მოიწი, მოიწიო, _ გამათამამა.
წავჩოჩდი.
რას უხერხულობ, რას ეკრძალვი, რისი გეშინიაო.
სიკვდილის-თქო, _ გავუმხილე.
სადაა სიკვდილიო, _ გაიოცა.
მივიხედ-მოვიხედე.
მშიშარა ყოფილხარ, გული მატკინეო.
იქეთ შევუტიე.
შენ რატომ მეკრძალვი-მეთქი.
რასაც ხედავ, მოჩვენებაა, მე უკვე სული ვარ და სულს ეკრძალება მოგიახლოვდესო, _ დამარწმუნა.
რატომ, რისთვის? _ გავიკვირვე.
ხორცისა და ხორციელის ეშინია, თავი ძლივს დაიხსნა, მიახლოებაც აკრძალული გვაქვსო.
კი მაგრამ, სულს ლაპარაკი შეუძლია?
ენით და მეტყველებით არა, სხვაფრობით, რაც მინდა ვთქვა, გაგრძნობინებ, სულს ენა არ სჭირდება, სულები რომ ალაპარაკდნენ, დაიმსხვრევა საწუთრო, უგემური გახდება სიკვდილი, იქ გადავინაცვლებთ, საიდანაც გამოვთავისუფლდითო.
,,მენატრები, მამაა!“ _ ვიყვირე და ხელები მისკენ გავიწვდინე. დაგრძელდა ხელები, გაიჭიმა თოკივით.
ვეხები, მაგრამ სითბოს ვერ ვგრძნობ, ადამიანურ სითბოს, შეხების გამოხატულებას. უთქმელად მიმიხვდა სათქმელს.
- გიკვირს ხომ ჩემი სიცივე, გულგრილობა?!
ვდუმდი.
სული ცივია და დაუნახავი, სიზმარშიც ცივია სული, ასე რომ არ იყოს, გავარვარდებოდა სამყარო, ცეცხლი შთანთქავდა ყველაფერს, ფერფლი დაფარავდა თვალსაწიერს.
სული უცრემლოდ არსებობს, ნუგეში და მარადიულობაა მისი საკვები, ყოფილა შემთხვევა, სულიც მომკვდარა.
- შენ ხომ სიზმრის სული ხარ, მამა, შენ ხომ...
სათქმელი აღარ დამამთავრებია, მისკენ გაწვდილი ხელები თვალებზე აიფარა.
- არ შეგეშინდეს, ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლო, მე რომ მომიახლოვდე, მიგრძნო და გამითავისო.
თვითონვე დარჩები სასოწარკვეთილი, როცა დამშორდები და განმარტოვდები. შენ მომავალში ხარ, მიწასა და ზეცას შორის, დადიხარ თუ დაფრინავ, თვითონვე ვერ გაგირკვევია, მარტივია შენი არსებობა, ვიდრე თავს მონახავდე. შენ ჩემი იყავი და გაიქეცი. ჩემში რომ დაბრუნდე, მე მამაჩემი უნდა გავხდე, მამაჩემი ვერ ვიქნები, იმიტომ, რომ შენ დამეკარგები. იქნები ჩემთან თუ მე დავრუნდე მამაჩემთან?!
ვერ ავხსენი ბერიკაცის ფილოსოფია, გაოცებული მივჩერებოდი. ჩემს თვალწინ გაცვივდა თმები, სახეზე გაუჩნდა ნაოჭები, წვერ-ულვაშით შეიმოსა.
- მატყუებ, არა ხარ მამაჩემი! _ ვიღრიალე.
- ღმერთმა ისურვა ამგვარი გჩვენებოდი. შენშია სისხლი, მამაჩემმა რომ მომცა, მამაჩემს მამამისმა უბოძა, თუ სისხლი გაშრა, გადავშენდებით, სისხლი არ იცვლება, გვარი არ გადაიკეთო, თავს უხერხულობაში ნუ ჩაიგდებ, თუ ამას გააკეთებ, გვარის მოღალატე გახდები. შენი სისხლი შენი გვარის გამთლიანებაა, თუ ვისმეს სისხლი შენზე აღმატებულად გეჩვენოს, ეცადე შენი გვარი და სახელი თვითონვე გახადო აღმატებული.
გულისჯიბიდან რაღაც ამოიღო, ქაღალდში გახვეული.
- ეს ტყვია მამაჩემს მოხვდა, სიკვდილის შემდეგ გულიდან ამოვაცალე და ბედისწერის სამახსოვროდ დავიტოვე. ეს კიდევ, ბერდენკის ტყვიაა, მამაჩემს ჰქონდა შენახული, ვიღაცას ჩემი დიდი ბაბუისთვის გულში მოურტყამს. ასეთი იღბალი გვაქვს ჩვენ, მტრის მიერ ნასროლი ტყვია გულში გვხვდება, განძივით ვინახავთ, დროდადრო დავხედავ და სევდით ვივსები.
უბედურება ისა, როცა ვერ ხედავ ვინ გკლავს და გიმეტებს. მამები შვილებს ათასგვარ განძს უტოვებენ, მე შენ ტყვიებით დაგასაჩუქრებ.
ზურგში ნასროლი ტყვია მსროლელისათვის უფრო სამარცხვინოა, ვიდრე იმისათვის, ვისაც ესროლეს. თუ იმსახურებ, ტყვია გულში უნდა მოგარტყან და დაისვენო. მხდალია მიპარვით ზურგს უკან რომ გესვრის. ბედნიერება ერთი წამია და ბედნიერებაა ისიც, როცა ხედავ ვინ გესვრის და რისთვის გკლავენ, დაიხსომე. _ შეტრიალდა, მომიხედა და წავიდა.
- მამა, მამაააააა! - ავყვირდი.
- დამშვიდდი, არსადაც არ მივდივარ, შვილიშვილებში, შვილთაშვილებში ვარ, სისხლის დაშრობამდე მარადიულად ვიმჩქეფარებ, თქვენთან ვიქნები.
ლანდი გაკრთა.
- მამაააა! _ სიცარიელეში გავხმიანდი.
სიცარიელე ფიქრით შეივსო.
მედოლე
დიმპიტაური, დამპიტაური, ტაური, ტაური, ტაური...
დაეწიე ბიჭო მაგ გოგოს, ხომ არ ჩაგეძინა.
დამპი ტაური, დიმპი ტაური, ტაური, ტაური, ტაური.
გოგო, ცოტა შეანელე ნაბიჯი და მოუხედე მაგ ბიჭს. მოახერხეთ, რომ მაყურებელმა იგრძნოს ერთ საქმეს რომ აკეთებთ.
დამ... დიმ... ტაური.
ბიჭო, არაა სავალდებულო რეპეტიციებზე ცერებით იარო, კონცერტისთის გამოიყენე შენი შესაძლებლობები. წრეს რომ დაარტყამ, შეანელე ტემპტი, მიეცი გასაქანი მაგ გოგოს ამოისუნთქოს, ამოუვარდა გული.
- არა, მასწ. გული არ ამომვარდნია, რომ მითხარი მკერდი გაზნიქე და თვალსაჩინო გახადეო, ვცდილობ...
- კი ბატონი, გაზნიქე და გამოაჩინე შენი ავლადიდება, მაგრამ სულ ნუ ამოიგდებ უბიდან და თვალებს ნუ დაუელამებ ბიჭებს. დაავიწყდებათ ტაშის დაკვრა, სხვა ფიქრს გაჰყვებიან, მიგატოვებენ.
- გავითვალისწინებ, მასწ.
- ტემპი, ტემპი არ დაკარგო. რიტმს დიდი მნიშვნელობა აქვს, უნდა აიყოლო მაყურებელი, მოანდომო შენთან გათამაშება. ასაკოვანი წარსულში დააბრუნო, უასაკოს სისხლი აუდუღო, გააშმაგო.
- ხვალ რეპეტიციაზე არ მოხვიდეთ, არც ზეგ. ჩაივლის ეს დღესასწაულები, ცოტა ჭამეთ, ცოტა სვით, წელს გაუფრთხილდით, მუცელს ნუ გადააყოლებთ ყველაფერს. სტუმრებს მოაწონეთ თავი, ოღონდ მასპინძლობით.
ყველას დაკრულ ტაშზე ხელს ნუ გაშლით და ნუ აცეკვდებით. ფასი დაადეთ თქვენს საქმიანობას, რაც ცოტაა და იშვიათი, უფრო საინტერესოა.
საერთოდ არ ვიცეკვებ, მასწ...
- აბა, ცეკვას რისთვის სწავლობთ? ხელოვნებაა მაგი, თავის მოწონება, ხასიათის გამჟღავნება, ტემპერამენტის გამოვლინება. ვის უნდევხარ მოდუნებული და მიძინებული, თვალებიდან ცეცხლს უნდა ყრიდე...
წასვლის წინ შემახსენეთ, დოლი მოჭიმული არ დამრჩეს.
- მასწ. ყოველ დღე ჭიმავთ?
- ადრე იყო ასე, ახლა... რომ გაუწკიპურტებ თვითონ უნდა აგყვეს დოლი, მოგთხოვოს შემახურე, ამაკაკანეო. აბა, დააკვირდით...
დამპიტაური, დიმპიტაური ,ტაური, ტაური, ტაური.
- ,,დამ. დამ“. არაა საჭიროა ტაურია აუცილებელი. ჯდები რითმში და ფეხის თითები ტვინის დაწოლას ისე გრძნობენ, როგორც ნათურა დენის სიახლოვეს.
ახლა ყველა გადახურულში რომ ქორეოგრაფიული სასწავლებელია და გარმონი ღიღინებს, არ იყო ასე ადრე. იშვიათობა გახლდათ ამ საქმიანობაში მონაწილეობა. მამები ხშირად არ თანხმდებოდნენ ქალიშვილებს ვისმესთან ეცეკვათ. დააკვირდით ქართულ ცეკვას ისე იწყება წყვილის შეხვედრა-დაშორება, ქალ ვაჟი ერთმანეთს ვერ ეხებიან, ერთმანეთის კრძალვას აყალიბებს ასეთი ქმედება. სულ ცოტა მაინც ჟრუანტელი თუ არ გაგიჩინა სიახლოვით დანაპერწკლებამ, დუნი ხდება სხეული და ვერ ამჟღავნებს ერთმანეთისკენ მისწრაფებას.
ცეკვა თქვენ ის ნუ გგონიათ...
- რაა, მასწ?!
- გართობა. ზეაღმატებული ბრძანდები იმაზე, ვინც ცეკვა არ იცის, შენი ტაშის დამკვრელია და შორიდან გეარშიყება. წელი ისე უნდა დაზნიქო... მკერდი ისე უნდა გამობურცო... მაგნიტივით უნდა ჰქონდეს თვალი, მიიზიდო, მაგრამ არ მიიკრა და გაუშინაურდე მაყურებელს. უნდა ეგონოთ, დაგიმორჩილებენ, მაგრამ ამაოდ. ,,დიმპის“ ,,ტაური“ თუ არ მოჰყვა, ცერზე ვერ შეიმართები, თავს ვერ მოიწონებ. ცერებზე სიარულე სხვების დარწმუნება იმაში, რომ დაანახო როგორი დამოკიდებულება გაქვს პარტნიორთან. ცერები პათოსის ამაღლებაში გეხმარებიან და სულიერ ამაღლებისაკენ გიბიძგებენ. იატაკმა უნდა იგრძნოს, რომ ფეხის გულებს, ქუსლსა და თითებს მარტო ერთი დანიშნულება - სიარული არ გააჩნიათ. თუ ამ დანიშნულებას შენებურ დატვირთვას მისცემ, საინტერესო ხდება შემართება, რომელსაც ემსახურები. გრძნობა უნდა ჩანდეს ყოველწამიერ ურთიერთობაში, ქალსა და მამაკაცს აღტაცებისაკენ რომ მოუწოდებს. სხვათა შორის, ამ გრძნობას საწოლშიც უნდა შენარჩუნება, როცა...
ტაური, ტაური, ტაური, ტაური, ტაური...
დიმპიტაური დამპიტაური.
- მასწ., მოჭიმულს ნუ დატოვებთ მაგ დოლს...
- კარგია, რომ შემახსენეთ.
სასეირო
დეკლარაციის შევსების შემდეგ უცხოეთში წამსვლელთა სია ერთხელ კიდევ გადაამოწმეს. ავტობიოგრაფიებს უფრო გულდასმით გაეცვნენ, ვისაც ბაბუის სახელი ერქვა, სიიდან ამოიღეს. კომისიის წევრებს არ მოსწონდათ „პროვინციული“, დრომოჭმული ტრადიციები, ვერ იტანდნენ შვილიშვილებს რომ პაპის პაპის სახელები ერთქვათ. ფესვებს ჩაჭიდებული და „დახავსებული“ ურთიერთობები სასაცილოდ მიაჩნდათ.
— დავივიწყოთ, აბა, ჩვენი სახელოვანი წინაპრები?! — იკითხა შეშფოთებულმა, ერთმა დაწუნებულმა, რომელიც გუმანით მიხვდა რაც ხდებოდა.
— ვინ გკადრათ, ბატონო, — მხარზე ხელი მოუთათუნეს, დაამშვიდეს, კარებამდე მიაცილეს.
— ბაბუაჩემს ყარამანი ერქვა, იმის პაპის–პაპასაც, მეც ყარამანი ვარ...
— ჰოდა, წადი, ყარამან, მიიტანე ყვავილები წინაპართა საფლავებზე, — დაასაქმეს გაყარამანებული.
*
თვითმფრინავის ტრაპთან შიშველი ქალები შემოგვეგებნენ. თმაში ჩაბნეული გვირილებით, მკერდამდე დაშვებული, მოელვარე თმის ბოლოები ძუძუსთავებს უღიზიანებდათ.
სავიზიტო ბარათებს გვთავაზობდნენ, გვეპატიჟებოდნენ.
— პროგრამაში ასეთი შეხვედრა რომ არ იყო გათვალისწინებული? — გაიკვირვა ხანში შესულმა წვეროსანმა, რომლისთვისაც სულ ერთი იყო თვითმფრინავის ტრაპთან შიშველი გოგონები დახვდებოდნენ, თუ ჯაჭვის პერანგ გადაცმული ჯვაროსნები.
— უყვართ ჩვენს მასპინძლებს სიურპრიზები, — ჩაიღიმილა დელეგაციის ხელმძღვანელმა (ბუხუტიმ), კბილები გააკრაჭუნა.
კიდევ რაღაცის თქმა დააპირა წვეროსანმა, რომ ბუხუტიმ კბილების გაკრაჭუნება დაასწრო.
წვეროსანი გაისუსა.
— მტრედები საიდან გაჩნდნენ? — ახლა ცისკენ ღრანჭმოქცეულმა ტრაქტორისტმა გაიკვირვა.
— შიშველმა ქალებმა ააფრინეს მტრედები უბიდან, — მიუგდო სიტყვა ბუხუტიმ.
— მტრედები ძუძუებში რომ არ დამინახავს! — ვერ ისვენებდა ტრაქტორისტი.
— ყველა შიშველ ქალს მტრედი უბეში უზის, თუ არ იგრძნე, ვერ დაინახავ! — გაუწყრა დელეგაციის ხელმძღვანელი.
— ესენი რაა, ჰაერში რომ ფრიალებენ? — ახლა ჩაის მკრეფავმა, ორგზის სოციალისტური შრომის გმირმა აგრაფინამ გაპარჭყა თითები ცისკენ.
— ნიფხვებია, ქალბატონო აგრაფინა, ნიფხვები! — სათვალე მოიძია ბუხუტიმ, დააორთქლა, ცხვირსახოცით გაწმინდა, ბუკივით ცხვირზე მოირგო და ისევ გაიხედა ცისკენ ნათქვამის სისწორეში რომ დარწმუნებულიყო.
— კი, ნამდვილად, ნიფხვებია! — წამოიძახა აღტაცებულმა.
— ნიფხვები დროშებად?! — გაიკვირვა აგრაფინამ, თვალები დააელმა.
— ქალო, შენს ნიფხავს მიხედე, ვიღაც ოხერი ხარ, უნდოდა ეპასუხა ბუხუტის. თქვა: — დიახ, ქალბატონო აგრაფინა, ალბათ ასეა საჭირო.
— ქალაქამდე ფეხით ვივლით, გზა და გზა ჩვენს ღირსშესანიშნაობებს გაგაცნობთ, — განუცხადათ დამხვდურმა.
სასეიროში უცნაური ხალხი ცხოვრობდა. სატირალზე იცინოდნენ, სასაცილოზე ტიროდნენ. შეხვდებოდით ცალყურა, ცალთვალა, უშუბლო ადამიანებს. ისეთებსაც, თავის ადგილზე რომ ტრაკი ჰქონდათ. ქუდს ტრაკზე იხურავდნენ, ქუდის მოხდით გვესალმებოდნენ.
ღმერთის სურვილს და გადაწყვეტილებას ვერავინ შეცვლიდა, სასეირო ასეთი ადამიანებით დაესახლებია.
უცხვირპირო ბევრი გვენახა, მაგრამ გაოცებული ვრჩებოდით ორცხვირიანი, ცალყურა კაცები ჩვენს თვალწინ რომ ცხენებივით ფრუტუნებდნენ, ცალი ყურით გვისმენდნენ, ცალი თვალით გვიმზერდნენ.
მრავლად გვხვდებოდნენ შიშველი ქალები. მზის სხივებმა ყველგან უნდა შეაღწიოსო, გვარწმუნებდნენ. თუ ვისმეს ნიფხავი მოენატრება, მაღლა აიხედოს, კიდევ ერთხელ თავის თვალით ნახოს და დარწმუნდეს რა უფლებები მივანიჭეთ ქალებს, დემოკრატია თუ მძლავრობს და ჰყვავის, ჩვენთანო.
— თქვენთან მეძავები თუ არიან? — „ჩამჭრელი“ კითხვა დაუსვა გიდს მეცხვარე მიხეილმა.
სიტყვა მეძავის მნიშვნელობა ვერ გაიგო დაბნეულმა გიდმა, ლექსიკონი მოიმარჯვა, ეძება, მაგრამ ამაოდ.
— აბა, ჩვენთან ცხოვრებაა საინტერესო?! — იფურთხებოდა ასაკში შესული პროქტოლოგი, ნერვიულობით ხელის თითებს ისე ამოძრავებდა, იფიქრებდით, სამსახურებრივი დანიშნულებით, პროფესიის მიხედვით მოქმედებსო.
პროქტოლოგი პოეზიით იყო გატაცებული, ლექსი ცოლ-შვილს ერჩივნა, უკვირდათ თითები მუდამ სულ სხვის ტ–ში აქვს, რა ელექსებაო. რა იცოდა ტრაქტორისტმა, მეჩაიემ, მწყემსმა, მეწისქვილემ, რას ნიშნავს ლექსის სიყვარული.
პროქტოლოგის სიხარული მაშინ უნდა გენახათ, როცა შეიტყო სასეიროში წელიწადის ერთი დღე პოეზიის ზეიმადაა გამოცხადებულიო. ეს დღე მათ იქ ყოფნას დაემთხვა.
ლექსებს ამბობდნენ და ცაში დაფრინავდნენ. როგორც კი ლექსი გაუთავდებოდათ, ისევ მიწაზე ეშვებოდნენ, სევდიანი, თვალცრემლიანი, გაბუტულები.
ისეთი განწყობა იქმნებოდა, თითქოს მიწაზე ყოფნა აღარავის სურდა.
პროქტოლოგმაც სცადა მისი პოეტური ენერგია მოესინჯა.
ლექსის პირველი სტრიქონის თქმისთანავე მისი სიმძიმე, უცბად, გადანაწილდა ფეხის თითის წვერებზე, შეიმართა, აფარფატდა, ჯერ სახრჩობელაზე კისრით დაკიდებულს დაემსგავსა, მერე ხელები აიქნია და ჰაერში შეინავარდა.
იმდენი ლექსი იცოდა, ერთი დღე რას ეყოფოდა. ეხვეწებოდნენ დაგვიბრუნდი, ფრენის დრო ამოიწურაო. ამაოდ.
— ეტყობა, აქ სხვანაირად გრძნობენ ლექსს. დედამიწის მიზიდულობის ძალას, — ვითომ მართლა ცაშია და იქედან დაგვცქერის? — დოინჯშემოდებული მეწისქვილე, პროქტოლოგის ოღრაშობაში არწმუნებდა მეჩაიე აგრაფინას. სწორი ბრძანდებითო, ემოწმებოდა ტრაქტორისტიც.
ხეებს წითელი ფოთლები ესხათ. სირცხვილის პარკი დაერქმიათ უზარმაზარი, თვალუწვდენელი მიწისთვის, სადაც შიშველი ქანდაკებები მოძრაობდნენ, დრო და დრო გადაადგილდებოდნენ.
ცოცხალი ძეგლებია, — აგვიხსნა გიდმა (თარჯიმანმა). შიშველ ქანდაკებას საჯდომზე საჩვენებელი ჯოხი მიუკაკუნა.
ქანდაკებამ გაიღიმა, შებრუნდა, ზედმეტი სითხე გადაღვარა და ისევ ჩვენკენ შემოტრიალდა.
— ღამითაც აქ დგანან?! — დაინტერესდა მეცხვარე გრიშა.
— ღამით იძინებენ, — მშვიდად უპასუხა გიდმა.
— რით დაიმსახურეს „პრივილეგიები“? — ახლა ჩაის მკრეფავი, ორგზის სოციალისტური შრომის გმირი აგრაფინა ალაპარაკდა.
— იმაზე მეტის ცოდნა გამოამჟღავნეს, რაც ჩვეულებრივ, რიგით ადამიანს არ მოეთხოვება. იყონ ახლა, ასე ქარში და სიცხეში, სიშიშვლის დაფარვა არც ისე იოლია, — მწყრალად თქვა გიდმა და სხვა მიმართულებით წაგვიყოლა.
— ხვალ გინების დღეა, — გამოგვიცხადა, როცა ვეება მარმარილოს შადრევანთან შევიკრიბეთ.
— გინების დღეე?..
ჩვენ ხომ, როცა გვინდა, მაშინ ვაგინებთ ერთმანეთს, აქ, სასეიროში, ამისთვის ერთი დღე დავთმოთ საჯარო სანახაობად ექციათ.
მხოლოდ მთავრობას ვაგინებთ. ერთი დღე მათ „ხოტბა–დიდებას“ ეძღვნება. თუ სხვა დღესაც მოინდომე ეს საქმე, დიდი ჯარიმებია, გაგვაფრთხილა.
— რა გვჭირს, კაცო, საგინებელი?
გაიხსენა ტრაქტორისტმა როგორ უნდა მოქცეულიყო უცხოეთში, დელეგაციის ხელმძღვანელს თავი მოაწონა.
„ყოჩაღ, მიშაია“ — გაიფიქრა ბუხუტიმ.
სასეიროში ციხე თუ გაქვთ? — წყალმოწყურებულივით იკითხა მეხანძრე კოლიამ, ულვაშებზე ხელი გადაისვა, თვალები გადმოკარკლა.
— ცხოვრება ისედაც ციხეა და სასჯელად ისიც კმარა, რომ უნდა მოვკვდეთ, — ხელი ჩაიქნია გიდმა, კოლიას დამცინავად შეაჩერდა.
ფარშევანგები ქუჩებში და სკვერებში, ოქროს თევზები აუზებში, ცისარტყელა ცაზე, მოგალობე ბულბულ–შაშვები და არც ერთი ხელგაწვდილი მათხოვარი.
ჰარმონიულობას მაინც აკლდა რაღაც შესავსებად და თავის მოსაწონებლად - მოწყენილობა!
ერთი კვირა უცებ შემოგვეხარჯა. გულდაწყვეტილები და ჯიბეცარიელები ვიდექით აეროპორტში. თვალით და ფიქრით ვემშვიდობებოდით აქაურობას. თითებით ვსინჯულობდით პალტოს გულისჯიბეში ჩადებულ შიშველ გოგონათა სავიზიტო ბარათებს.
მოხდა კურიოზიც.
მეწისქვილეს (გრიშას) შიშველმა ქალმა მოსდია აეროპორტამდე. შეგვიყვარდა ერთმანეთიო, ირწმუნებოდა.
— ვინ მოგყავს, ძმაო, ცოლად, უნიფხო?! — გაუწყრა დელეგაციის ხელმძღვანელი. ჭკუაზე აღარ იყო, დელეგაციის წევრთა თითქმის ნახევარი არ ჩანდა, სიმწრის ოფლს ცხვირსახოცით იწმენდდა, აქეთ–იქით იხედებოდა, იგინებოდა.
ძლივს დავარწმუნეთ მეწისქვილე, რომ უნიფხოს და უსახელოს ძებნა არ უნდოდა, ჩვენშიც უამრავი იყო, ტირილით დაცილდნენ ერთმანეთს „შეყვარებულები“.
მალე თვითმფრინავში ვისხედით. აგრაფინა პირჯვარს იწერდა, ღმერთს თხოვდა ჩემს მიწაზე მშვიდობით დამაბრუნეო. მის სიგრძე სანთელს პირდებოდა (აგრაფინას სიმაღლე მეტრანახევარს არ გადააჭარბებდა).
— რამდენი ვართ? — მწყრალად იკითხა დელეგაციის ხელმძღვანელმა და კიდევ ერთხელ დაგვთვალა.
— ჩავფრინდებით თუ არა აეროპორტში, დეპუტატების მოსაცდელში შევიკრიბებით! — გასაგებია? — კბილები გააღრჭიალა.
ასეც მოხდა.
ბუხუტიმ პიჯაკის ჯიბიდან დელეგაციის წევრთა სია ამოაცოცა, გაშალა, რაღაცები ფანქრით მოინიშნა.
— მდაა... — ჩაახველა, თავი მოიფხანა, განაცხადა: — არსადაც არ ყოფილხართ, გეძინათ, ყველაფერი სიზმარი იყოო.
— რაი, ბატონოო?! — ყური ხომ არ მატყუებსო, გაიოცა მეწისქვილემ.
— ერთმანეთიც დაივიწყეთ! — მკაცრად თქვა ბუხუტიმ.
*
შინ მისულს ჟივილ–ხივილით შემომეგებნენ.
— რა ნახე? როგორ იმგზავრეთ?! — მეკითხებოდნენ. ვდუმდი და ერთ წერტილს უაზროდ მივჩერებოდი.
— არსადაც არ ვყოფილვარ! — ჯიუტად განვაცხადე, თვალწინ ბუხუტი მედგა, განცდილისა და ნანახის სხვისთვის გაზიარების უფლება რომ აგვიკრძალა.
*
— პირი რატომ გაქვთ დამუწული, ბატონო!
— ენას ვასვენებ.
— ამეტყველდით, მითუმეტეს, რომ...
— სიტყვები ფრთაშესხმული ფრინველებია. ბგერებით ხმიანდებიან, ვინ იცის, ვინ სად და როგორ აჭიკჭიკდება. ბუხუტის ყველგან აქვს ყური...
— ბუხუტი ვინ ოხერია?
სამსახური აქვს ისეთი, ყველას გვაკვირდება.
როგორ ფიქრობთ, მარტო ჩიტები ბუდობენ ადამიანის არსებაში? ზოგჯერ ბაყაყებიც ამოხტებიან ხორხიდან, პირის ღრუში მოიკალათებენ და ყიყინებენ.
— კი მაგრამ, სიტყვები ბაყაყებსაც ჰგვანან?
— საუბედუროდ...
P.S.
ასანთი მინდოდა მეყიდა.
გარეუბნის ჩაბნელებულ ქუჩაზე პატარა ფარდულთან მანქანა შევაჩერე, გადავედი.
დახლთან ბუხუტი იდგა. მივესალმე. ვერ მიცნო. სასეიროში ერთად ყოფნა გავახსენე. დავბრუნდით თუ არა იქედან, სამსახურიდან გამანთავისუფლესო, შეიგინა.
აეწყოთ ამ შეჩვენებულებს ცხოვრება უკეთესად და იქით არავინ დარჩებოდა, გაამხილა. ახლა, ამ პატარა ფარდულით ვირჩენ თავს, შვილები თბილისში გადასახლდნენ, ცოლი გარდამეცვალა, ლუკმაპურის ფულს ვშოულობო.
სასეიროდან რომ დავბრუნდით, როგორც დაგვარიგე, ისე მოვიქეცი, საიდუმლო არ გავეცი, განვაცხადე, არსადაც არ ვყოფილვარ–მეთქი.
ცოლმა იფიქრა, საყვარელთან გაატარა მთელი კვირა, ჩვენ უპატრონოდ დაგვყარა და მიგვატოვაო. ჩააწყო რაც ჰქონდა ჩემოდანში და წავიდა.
— უკანმოუხედავად?!
— სწორედ რომ ეგრე ქნა.
— დამიღუპიხარ! — მოიჯავრა. არაყი ჩამოასხა, სიცივეა, შეგვათბობსო.
ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ავლაპარაკდით. უთქმელი და დაუნახავი არაფერი რჩება ამ ქვეყანაზე.
ახალი სტატიები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან) 00:10ქეთი დუღაშვილი - ლექსები 22:50ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე 22:12თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები 21:58რაულ ჩილაჩავა - ლექსები 21:49იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა* 21:22გიორგი ბუნდოვანი - ლექსები 21:14სოფიო ღლონტი - ლექსები 19:10
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
სოფიო ღლონტი - ლექსები
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ნაწილი პირველი)
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები