გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები

***
დრომ ყველაფერი გახვია დარდში,
ჩამოირეცხა ჭრელი ფერები,
მიყვარხარ, თუმცა ზაფხულში დარჩი,
ჩემი ზამთრიდან ვერ გეფერები.

აღარ ბრუნდება ის, რაც წავიდა,
ფიქრის ამარა ვრჩები უშენოდ,
რაც სიყვარულად დარჩა წამიდან,
რით ვუმკურნალოთ, როგორ ვუშველოთ.

თვალი შეგხედავს, დარდი იმსხვრევა,
მოულოდნელად როცა შევხვდებით,
აღარ ზეიმობს ძველი ღირსება,
ვგრძნობ, ყველაფერი ხდება შემთხვევით.

დრომ ჩაიარა და მე გადავრჩი,
წაიყოლია ჭრელი ფერები,
მიყვარხარ, თუმცა ზაფხულში დარჩი,
ჩემი ზამთრიდან ვერ გეფერები.


***
სევდაა ჩემთვის წარსულთან შებმა,
თოვლის სინათლე წარსულს ანათებს.
ჩემს ბავშვობიდან მოდიხარ შენ და
მახსენებ დროის  ძველ მისამართებს.

რა იოლია გაექცე შენს თავს,
ჩაკვდე სურვილში და განისვენო,
სიყვარულისგან მოკლული გერქვას,
მაგრამ ვინ მოგკლა, არ გაიხსენო.

სევდაა ჩემთვის გახედვა უკან,
რომ არსებობს და აღარ ბერდება,
შენ ხარ ტკივილი, სამგლოვიარო,
დროს რომ არასდროს არ დანებდება.


***
დაგიძახე, შემომხედე, ვერ მიცანი,
გაიკვირვე სითამამე არნახული,
მოგონება ჩემი თუა, შენიც არი,
შენიც არი წვიმიანი გაზაფხული.

ბევრი მახსოვს გაწბილების მწარე წუთი,
არ გიყვარდი, რომ არ გძულდი, შეგამჩნიე
და სანამდე უსულგულოდ გამრიყავდი,
მოვახერხე, ჩემი თავი შეგაჩვიე.

დაგიძახე, შემობრუნდი, გაიკვირვე,
ვერ მიცანი, ვწუხვარ, თმები დამცვენია,
რაგინდაო, საყვედური დამიპირე,
გაგრძნობინე, სითამამის არ მრცხვენია.

არ დაბერდა ეს ოხერი ჩემი გული,
თუმც სიბერე ბევრი რამის დამშლელია,
ძველებურად, შენს სიყვარულს ისე ვუვლი,
სურვილები სიკვდილს ეთამაშებიან.

***
ლექსი სულია, არ შეიძლება
გაიგივება ხორცის და სულის,
ლექსი გრძნობაა, ემორჩილება
მარადისობის წამიერ სურვილს.

მე ლექსში ბევრჯერ ჩავიხრჩვე თავი
და არ გავხადე ოცნების მონა
და მე ვიყავი ტკივილით მთვრალი,
მონანიების უსიტყვო გლოვა

და ვიწონებდი თავს არნახულით,
ფიქრით, ჩემში რომ ხსოვნად ესვენა,
წლებმა მომპარეს მე გაზაფხული,
დაასამარეს ხსოვნა ლექსებმა.

საკუთარ ჩრდილში ოცნებებს ვმალავ,
საოცარ სიზმრებს ფარდა ავხადე,
გაუგებრობას სიხარულს ვპარავ,
ვცახცახებ, სანამ დაგინახავდე.

ხომ, ამაყია სასჯელი სულის,
არუტოლდება სიამე განსჯას,
ფრთა ეკვეცება ყოველგვარ სურვილს
და შენზე ფიქრის მოთმენა მტანჯავს.


***
წუხელ რუსთაველს ვესაუბრე,
ამხედ-დამხედა,
ქართველი ვარო,
სიამაყით ვეღარ ამხელდა.
გაწბილებული კაცი სჩანდა
მისი ამ ხედვით,
გვრცხვენოდა ვინც ვართ,
რომ ვმალავდით
და ვერ ვამხელდით.
საუბედუროდ, დიდი მგოსნის
არვგავდით გმირებს,
მეორედ მოსვლის
სული მცემსო, გონებას მირევს,
თქვა დანანებით,
საგზლად სიბრძნე გამომატანა,
არ შეიძლება, რომ ქართველი იყოს პატარა.
P.S.
დროს ვუერთგულოთ,
თუ სიმშვიდე ისევ გვეღირსა,
ვიყოთ ერთგული
სამშობლოს და რუსთაველისა.


***
სისხლის ნიაღვარს დრო შეეჩვია,
ჩაკვდა იმედი, ტკივილი ჰყვავის
და სისხლისფერი, რომ შეგვემჩნია,
გადასდო მისი სიწითლე ყვავილს.

დაბზარულია სამყარო, ბორგავს,
დარცხვენილია თითქოს ნუგეში,
პატარა გული ბეღურას მოჰგავს,
ჩამალულია წყნარად უბეში.

ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა ყოფის,
თვითგვემა გვმართებს ხშირად რწმენისთვის,
ძალიან ცოტა იმედი გვყოფნის
გათავხედებულ ბედისწერისთვის.

ჩასაფრებია ეშმა სამყაროს,
თვალყურს ადევნებს, ურცხვად ამ ლოდინს.
მშვენიერებას რომ არ გაგვყაროს,
მწვანე ბალახი მაინც ამოდის.


***
ჩემი ოჯახის მე ვარ აფიშა,
მოვა დრო, ჩემი შვილი ჩამომხსნის,
ჩემით მოხდება დროის აღნიშვნა
მიწაზე ჩემი ციდან ჩამოსვლის.

აღინიშნება თუ ჩემთან ერთად
ვინ ითამაშა როლი გულწრფელად,
გაუგებრობას ჩამითვლის ღმერთად.
დრომ საწამლავი გამომიწერა.

ჩემი ოჯახის მევარ აფიშა,
დროის იმედით დამპურებელი,
ვარ მსახიობი ახალი დროის
და უბილეთო მაყურებელი.



***
რა სულელი ვარ, ვერ ვისწავლე როგორ მოვიქცე,
ვამბობ მადლობას, როცა ჩემსას აქებენ ნაწერს,
არ გავამხელ-თქო შენს სიყვარულს, ხომ შემოგფიცე
და სიხარული მდუმარებით გაჩუქე ამ წელს.

რა სულელი ვარ, დავიჯერე, რომ ვარ პოეტი,
შემრცხვა, ვყიდულობ, რომ ავუნთო ღმერთებს სანთელი,
მარტო აღმოვჩნდი, აღსარების დადგა მომენტი,
ვთქვი, ხატების წინ, მდუმარებით, ჩემი სათქმელი.

რა სულელი ვარ, ვერ ვისწავლე, როგორ მოვიქცე,
თავდახრილი ვარ შენს წინაშე, მიქებ ნახელავს,
არ გაგამხელ-თქო, უდარდელად, რომ შემოგფიცე,
ოცამდე ლექსი შევალიე დარდის გამხელას.




***

დამიხატეს სამოთხე,
სამოთხეში შენ ხარ,
ახლა მეკითხებიან
- სამოთხეში შეხვალ?

***
ვის რა უგროვებია, ნეკროლოგში მოჩანს,
ოქრო რჩება მუზეუმს, მოგონება - ოჯახს.
სახსოვარი ჭიქაში წარმატებებს ითვლის,
მერე ხსოვნაც ნელდება, ავიწყდებით თითქმის.

ერთადერთი ღმერთია, აღდგომის და კვერცხის,
არსებობას ამქვეყნად ვერავინ რომ ვერ ცვლის.
ცოცხლობს დროებითობა და ხსოვნაში რჩება,
ის, რაც ღმერთმა ინება და დრომ აიჩემა.

მოდი, ძმაო, დამირტყი! ძალა ვიგრძნოთ კვერცხის,
წითელ კვერცხს და აღდგომას ვერაფერი ვერ ცვლის.



***
ნუ შემახსენებთ, რომ უნდა მოვკვდე,
ვერც თანაგრძნობა ვერ დამამშვიდებს,
საჭირისუფლო სეფაში მდგარი,
თავის გასართობ ვგმობ პანაშვიდებს.




***
შენა ხარ თოვლის ფიფქი ფარფატა,
ჯერ თოვლი არ ხარ, ჯერ ფიფქი გქვია,
თუ შევიძელი, მაინც დაგხატავ,
თოვს უსაშველოდ, იანვრის თვეა.

ფიფქის გარეშე, გარეშე თოვლის,
ზამთარს არა აქვს გემო და ფერი,
თოვს უსაშველოდ, ეს იმას ნიშნავს,
იწყება თოვლის ლამაზი რთველი.

ბუხართან სძინავს შეცივნულ სიზმარს,
კარებთან სველი ჩექმები ყრია,
თოვს ძველებურად და უსასრულოდ,
თოვს, ღამეგრძელი იანვრის თვეა.


***
გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება,
ჩიტი მოკვდა, ჩიტი აღარ ნავარდობს,
გაღიმებით აღარ კმაყოფილდება,
აღარ უნდა სიხარული გადაგვდოს.

რახანია ძველებურად არ მალხენს,
აპარატში დამწყვდეული ჩიტები,
შემოგხედავ, სინანული გამამხელს,
სიხარულშიც დაღვრემილი მჭირდები.

გაიღიმეთ, თავი დამამახსოვრეთ,
გამამხნევეთ სიხარულის დაჩვევით,
როცა ჩიტი აღარ გამოფრინდება,
ჩემთან ერთად, ჩემს სურათში დარჩებით.



***                              
მომეწყინა გართობა და მასკარადი,
იყო დრო, რომ ლამაზ გოგოს ქმარს ვპარავდი.
იყო დრო, რომ სიკვდილისთვის არ მეცალა,
ვჩალიჩობდი დღე  ღამეში გამეცვალა.
ხმავტკბილობდი, მომხიბვლელად ვციმციმებდი,
ლამაზ გოგოს გვერდიდან არ ვიცილებდი.
იყო ლხენა, აღტაცება არნახული,
ჩემს საწოლში გიზგიზებდა გაზაფხული,
ჩემი ვნება მოლოდინებს აწყურებდა,
მუდმივების სინაზეში მარწმუნებდა.
იყო თურმე მოჩვენება ყველაფერი,
ყველა ფერი გამოხუნდა, აღარ ნათობს,
ჩამორეცხეს ზეცის გუმბათს ვარსკვლავები
და სიკვდილი მიუსაჯეს ყველა მნათობს.
ახლა, როგორც ლომი საწყლად გალიაში,
ვზივარ, ვიცდი, იწერება განაჩენი,
ყველაფერი გაქრა ტრფობის არიალში,
სხვაც მრავალიც, განადგურდა.
მომეწყინა გართობა და მასკარადი,
ვის ვპარავდი, რას ვპარავდი, აღარ მახსოვს,
ფასი ჰქონდა სიყვარულს და ისიც გაქრა,
წარსულიდან არაფერი აღარ მახსოვს.



***
ახლა ისე შორს ხარ
და ხარ ისე ახლოს,
ჩემი გული, მგონია,
შენს სხეულში სახლობს.
ოცნებების ბურუსში
სათქმელს ცრემლში ახვევს,
მალავს თავდავიწყება,
შენს გვარსა და სახელს.
შეუძლია ოცნებამ
გულის სამოსახლოს
გაუჩინოს ხანძარი
და შიშველი გნახოს.
შეიძლება სათქმელი
ნაცარტუტად იქცეს,
შერჩეს უიმედობა,
გამოუცნობ სივრცეს.
ახლა ისე შორსა ხარ
და ხარ ისე ახლოს,
ჩემი გული მგონია,
შენს სხეულში სახლობს.



***  
არის  მთელი საქართველო
პოეტური ეზო,
რეზო ამაშუკელი და
მიშველაძე რეზო,
რეზო თაბუკაშვილი და
გაბრიაძე რეზო,
რეზო ინანიშვილი და
ჯაფარიძე რეზო.
იმდენია, ვეღარ დათვლი.
ვერც სიმრავლეს ვერ გრძნობ,
რეზო, რეზო, კიდევ რეზო,
მადლით გხიბლავს ეგზომ.
ორმოცამდე გვარია და
სახელია ერთი,
ყველას თავის მკითხველი ჰყავს,
ყველას თავის ღმერთი.
ერთობლივი სიხარული,
უამრავი ჯამში,
ყველა ჯარისკაცი გახლავთ,
საქართველოს ჯარში.


***
ღვთის წყალობით არსებობდი,
ვარდებს კრეფდი მთვარიდან,
რომ გეგონა, მთავრდებოდი,
იწყებოდი თავიდან.

ბედისწერის განაჩენის
ხელში გეპყრა რეცეპტი,
შენს სიხარულს ვერ ხედავდი,
სხვაგან, სხვაში ეძებდი.

ზეცას ამტვერიანებდა
ბუღი შენი ეტლისა,
ისე ჩაითავდაღმართე,
არაფერი გეღირსა.

მეგობრები გინახავდნენ
გამოუცნობ განძვით,
საკუთარ თავს შორდებოდი
ტყვიის სასროლ მანძილით.

წახვალ, თითქოს არც ყოფილხარ
აქეთ ყოფნა აღარ ღირს,
მოვა ვიღაც, საფლავს გათხრის,
გულზე მიწას დაგაყრის.

არ იკითხავს, ვინ იყავი,
რად წახვედი ადრიან,
შეშურდებათ ნეკროლოგშიც,
სითბოს დაგამადლიან.




***
მისახსოვრა კაცმა ქუდი,
ჩემს თავს ქუდი წავართვიო,
მოიჯავრა, მე კი ვფიქრობ,
სად ეშმაკში წავათრიო.

იმ თავიდან ამ თავამდი
კაიხელა მანძილია,
კი ვერ ხვდება, დალოცვილი,
კარგი თავი რა ძვირია.

ვდგავარ, როგორც პანაშვიდზე,
ქუდით ხელში ვთავდახრილობ,
იმ კაცის ქუდს რომ ვატარებ,
სად ეშმაკში გავამხილო.



***
გადავათეთრე ტელეფონის ნომრების სია,
ზოგის ვალი მაქვს, ზოგის დარდი, ზოგის ნისია,
ზოგს მისალოცი გაუგზავნე, ჯერ არ მისვლია,
ბევრთან არც ვრეკავ, არის, მაგრამ, რა ვქნა, ისეა...
ვინც ვერ ვიპოვე, დავიწყების ალბათ ღირსია,
გადავათეთრე ტელეფონის ნომრების სია.


***
შენ რომ გგონია ვიმარჯვებ,
მე სწორედ მაშინ ვმარცხდები,
რამდენი წელი ვიტანჯე,
ვმალე გრძნობა და განცდები.
რამდენჯერ ციდან ჩამომხსნეს,
ღრუბლებზე ფრთებით ვეკიდე,
ცაში რად აგვასწარიო,
ამისთვის გადამეკიდნენ.
რამდენჯერ ქარმა წამართვა
აალებული ფურცელი,
ამითვალწუნა წარმართმა,
ბოლომდე დავრჩი უცვლელი.
შენ რომ გეგონა ვლხინობდი,
მე მაშინ გულით ვტიროდი,
ტკივილით გადაგაჯობე,
სიმაღლეს არ მპატიობდი.
სხვის სამარეში ვწვებოდი,
ვინმე რომ გადამერჩინა,
ღმერთს ვუხმობდი, ვერ ვწვდებოდი,
სხვა, ვინ ოხერთან მეჩივლა.
რამდენჯერ ყულფი შემაჭრეს,
სიცოცხლეს სიკვდილს ვპარავდი,
რამდენჯერ შენი ტირილი
მიმყვა სამარის კარამდი.
ცრემლს ვყიდი, ტკივილს ვყიდულობ,
მაინც ვარ ბედის ერთგული,
სულ ტყვილ-უბრალოდ დიდვგულობ,
ბედნიერებას ვემდური.



***
თუ მოისურვებთ და ნებას დამრთავთ,
ჯოჯოხეთშიაც დაგემგზავრებით,
მე თქვენს მზერაში აღმოვაჩინე
თუ არ გიყვარვართ, არც გეზარებით.

წუთისოფელი თუკი წუთია,
რამეფრად წუთში უნდა ჩამტიოთ,
უნდა შემინდოთ ეს სითამამე,
უნდა შემინდოთ და მაპატიოთ.

ვეღარ ავიტან თქვენს გულგრილობას
ვერც თქვენ ნებართვას დაველოდები,
არ დაგარწმუნებთ, მარადიულად
ვიარსებებ და განვმეორდები.

მოულოდნელი ჟინია წამში,
ცეცხლი ჩააქრეთ ჩემში რაც ბუდობს,
გაადაარჩინეთ პატარა ბავშვი,
ტრფობის ალმურში არ გაიგუდოს.

გთხოვთ, უთანაგრძნოთ ვნებიან გრძნობებს,
იწვის, ანათებს და იფერფლება,
თორემ ერთხელაც ეგ მოთმინება,
მოულოდნელად ამიფეთქდება.

აღიბეჭდება ხსოვნაში წამი,
დაეკისრება დროს განაჩენი,
ნუ მოიხედავთ, მხოლოდ შეჩერდით,
ამოვისუნთქავ და გადავრჩები.


მისალოცი წერილები:


თეიმურაზ ლანჩავა - 75
თეიმურაზ ლანჩავას თხზულებების საზრისი, სამყაროს აპოთეოზით, - ადამიანურ სრულქმნილებაში მდგომარეობს, სადაც ცხოვრებისეული დეტალებისაგან იქმნება ესთეტიკური სიუჟეტი, რომლის ცენტრალური ფიგურა ჩვეულებრივი ადამიანია. ადამიანს აინტერესებს ადამიანური არსებობის საზრისი, ცდილობს ამაღლდეს საკუთარ გრძნობებზე, საკუთარ ემოციებსა და განცდებზე. გონების ფენომენი ლანჩავას თხზულებებში უდავოდ დომინანტია, რაც ჰუმანისტურ ნატურალიზმში გადადის და ფორმალურ იდეალებს ამკვიდრებს. მასთან დრო გააზრებულია, როგორც სუბიექტური კატეგორიის ილუზია, რომლის მოხელთების საშუალებებს ეტაპობრივად ეძიებს. ავტორისთვის დომინირებს აწმყო, რამდენადაც წარსულის მნიშვნელობა და მომავლის შესაძლებლობითი არსებობა ერთ მთლიანობად ესახება. თავის ტექსტებში ამჟღავნებს სამყაროს საზრისში წვდომის სურვილს... ასახავს რა მოვლენებსა და ფაქტებს ინტერპრეტირებული სიტყვებით, ცდილობს, ადამიანებს დაანახოს ყოველდღიურობის ესთეტიკურად მშვენიერი და მახინჯი მხარეები. მისთვის ყოველი ნიუანსი ყურადღებაგასამახვილებელია, რადგან თუნდაც უმნიშვნელო დეტალი შეიძლება აღმოჩნდეს ტრანსცენდენტალური სამყაროს ,,გასაღები“, რომლის იმაგინაციური აღქმა ცალსახა, ვიწრო შეფასებებს უპირისპირდება.
ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, ბრწყინვალე მწერალმა - თეიმურაზ ლანჩავამ 75 წელი მიითვალა ამ მყოფობაში არსებობისა. მსურს, მივილოცო მას საიუბილეო თარიღი, ვუსურვო მხნეობა და შემოქმედებითი მღელვარება!
საუკეთესო სურვილებით,

გორვანელი

ფილოსოფოსი, პოეტი, არტ-კრიტიკოსი, ჟურნალი ,,აფინაჟის“ რედაქტორი, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი.




ქართული მწერლობის რჩეული რაინდი

ძნელია, ძალიან ძნელია დიდი ტრადიციების მქონე ქართულ ლიტერატურაში, რომელსაც არაერთი ბრწყინვალე სახელი ამშვენებს, დაიმკვიდრო შენი გამორჩეული ადგილი, შენი ისეთი ნიშა-გამოჭრა, გემოვნებიან მკითხველს თავი დაამახსოვრო და მისი მოწონება დაიმსახურო. საქართველოს სახალხო პოეტი, კულტურის ამაგდარი და დესპანი, ქართული კულტურის რაინდი თემურ ლანჩავა თანამედროვე ქართული მწერლობის ერთ-ერთი რჩეულთაგანია. მის ლექსებსა და მოთხრობებს ყოველთვის ჰყავს მკითხველი და დამფასებელი. მრავალჯილდოთაგან: ბრწყინვალების საპრეზიდენტო და ღირსების ორდენი, დავით აღმაშენებლის ოქროს მედალი, ილია ჭავჭავაძი, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიები, ყველას ჩამოთვლა ალბათ გამიჭირდება, ბატონი თემური ყველაზე დიდი პრემიის - ხალხის სიყვარულის ლაურეატია. მშობლიური ქუთაისიდან უნატიფესი სტრიქონებით ეფერება მთელ საქართველოს და თამამად შეუძლია გაიმეოროს გალაკტიონის სიტყვები მცირედი ცვლილებით თბილისის ნაცვლად თუ ამ ლექსში ქუთაისს მოვიხსენიებთ:
და ვით ქრისტე გალილეა აირჩია,
ქუთაისი ავირჩიე ბებერი.
ინდოელი ფილოსოფოსი ვივეკანანდა წერდა: „ყოველ ერს, ისევე როგორც ყოველ ცალკეულ ადამიანს, აქვს ერთი თემა, ერთი ცენტრალური ბგერა, რომლის გარშემოც ჰარმონიის ყველა ბგერა იკრიბება. თუ ერი მას უარჰყოფს, თუ იგი საუკუნეების მიერ გამოდცემულ გეზს უკუაგდებს, ეს ერი კვდება“.
ქართველი კაცისთვის ქართული მწერლობა იყო მთავარი თემა, დრო-ჟამისგან მინიჭებული მთავარი გეზი, დიახ, მწერლობაშია ერის უკვდავების გასაღები.
ბედნიერი ბრძანდებით, ბატონო თემურ, რომ თქვენ, ქართული მწერლობის დიდი საგანძურის ერთ-ერთი რჩეული რაინდი ხართ. მუზის ერთგულება და მკითხველის მარადიული სიყვარული არ მოგშლოდეთ. დღეგრძელობას და მზეგრძელობას გისურვებთ.

პატივისცემით,

მაყვალა გონაშვილი

მწერალთა კავშირის თავმჯდომარე,
რუსთაველის პრემიის ლაურეატი.











შენი ჯიუტი ერთგულება მეხარბება


ძვირფასო თეიმურაზ,
გილოცავ 75-ს.
არ შეგეშინდეს, 75 სიჭარმაგის ასაკია.
80 ჯერ კიდევ წინ არის.
საკუთარი გამოცდილებით ვიცი: 80-ის მერე ცოტათი მძიმდება წუთისოფლის დოლაბი, მაგრამ შენი სულიერი წყობის კაცს 80-იც ვერაფერს უზამს.
შენ, ჩემო თემურ მუხლჩაუხრელად, ერთგულად ემსახურე ქართულ სიტყვას და მწერლობაში ვაჟკაცურად გალეწე შენი კალო.
ლიტერატიურას შენი კალმით ისეთი მკაფიო კვალი დაამჩნიე, არასდროს რომ არ წაიშლება.
ერთი სკოლა დავამთავრეთ მე და შენ.
შენ რომ პირველ კლასში შემოხვედი, მე მეშვიდე კლასელი ვიყავი, მაგრამ მოწიფულობაში კიდე ერთი სკოლა დავამთავრეთ მე და შენ-აკაკის და გალაკტიონის, დავით კლდიაშვილის და ნიკო ლორთქიფანიძის სკოლა.
ყმაწვილკაცობაშიც ყველასგან გამოირჩეოდი შენი სიალალით, მიმნდობი, მაგრამ ვაჟკაცური ხასიათით, ქვეყნის შველის მამულიშვილური სურვილით.
მე რომ ბედმა დედაქალაქს შემხიზნა, მოგისაკლისე და ეგოისტურმა სურვილმა შემიპყრო: მინდოდა ჩემი სულიერი ძმა თბილისში მყოლოდი.
ხან ჟურნალ “კრიტიკის“ მოადგილის თანამდებობა შეგთავაზე, ხან „ცისკრის“ პოეზიის განყოფილების გამგეობა, ქვა ააგდე და თავი შეუშვირე: მე ქუთაისს ვერ დავტოვებო.
მახსენდება თბილისში ერთ-ერთ საღამოზე კულისებში დები იშხნელების ერთ-ერთ დას, ქალბატონ თამარს რომ ჩავჩურჩულე: მეც ქუთაისელი გახლავარ-მეთქი, შემომხედა და სინანულგარეული ხმით მიპასუხა: „ქუთაისიდან არ უნდა წამოვსულიყავით, ქუთაისიდან არ უნდა წამოვსულიყავით, ქუთაისიდან არ უნდა წამოვსულიყავით.“|
ჩემო თემურ, შენი ბევრი რამ მეხარბება: შენი მშვენიერი ლექსები, დაუვიწყარი მოთხრობები და პიესები, მაგრამ ყველაზე მეტად შენი ჯიუტი, თავგადაკლული ერთგულება ქუთაისისადმი.
რომ იცოდე, რა ბედნიერი ხარ რომ შეგიძლია ყოველდღე ამოიარო ჩვენი ნინოშვილის ქუჩა, გადაიარო თეთრი ხიდი, გახედო სოლომონ მეფის სასახლეს, თვალი შეავლო ულამაზეს ქართულ გიმნაზიას, მესხიშვილის თეატრს და მიხვიდე იმ მოკრძალებულ (კიდევ კარგი თბილისის მწერალთა სახლის მსგავსად რომ ისიც არ წაგვართვეს), შენობაში, სადაც გელიან თანამოაზრენი, იმერეთის მწერალთა მეთაურს და საზოგადოება „ქუთაისელის“ პრეზიდენტს.
32 წელია ერთგულად ეწევი ქუთაისის მწერალთა ამქრის ჭაპანს.
ამ ხნის მანძილზე რაოდენი რუდუნებით შეუნარჩუნე გალაკტიონის ქალაქს საქართველოს კულტურის ფლაგმანის სითბო და ეშხი.
რამდენი ეროვნული საქმის მოთავე და წამომწყები ხარ. მობილური რომ გაიწკრიალებს და შენს ნომერს შევნიშნავ, ვიცი რასაც მეტყვი: „რეზო, სადაა რომ დამპირდი ის ახალი ნოველები. გიგზავნი ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტების საბუთებს, უნდა მივიღოთ მწერალთა კავშირში აუცილებლად, იმსახურებენო...
ჰო, მართლა, არ დაგავიწყდეს, შენს და ჩემს მასწავლებელს ბატონ სიმონ არველაძეს ასი წელი შეუსრულდა, აუცილებლად უნდა ჩამოხვიდე, არ მოგენატრა ქუთაისი?“
ჩამოვალ ჩემო თემურ.
სად წავალ უკეთეს ადგილზე.
ათასგზის მადლობელი ვარ, რომ ჩემი ძვირფასი მეგობრების მოფერების და ჩემი ქუთაისის მონატრების წყურვილის მოკვლის საშუალებას მაძლევ.
ხომ ქვეყანა იქცევა, ხომ 80 წელი კარგა ხანია შემისრულდა, მაგრამ შენს იუბილეზე აუცილებლად ჩამოვალ.
და ბოლოს ერთსაც დავძენ:
ახლა, როცა კომპიუტერის ასოებს ვკენკავ, თოვს თბილისშიც და ქუთაისშიც, მაგრამ არსებობს ერთი დიდი ქვეყანა, სადაც უმოწყალოდ ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს, ანგრევენ სოფლებსა და ქალაქებს, ფრთოსან რაკეტებს ესვრიან სამშობიარო სახლებს.
თურმე ამაოდ გვეგონა, რომ მსოფლიო წინა ომებისგან ჭკუას ისწავლიდა.
თურმე ამაოდ დაშვრა ყველა პროგრესული ხელოვანი ადამიანში მხეცური საწყისების აღმოსაფხვრელად.
თურმე ჯერ კიდევ დიდი შრომა დაგვჭირება იმისათვის, რომ კეთილმა საწყისმა საბოლოოდ გაიმარჯვოს.
თურმე ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ.
ამიტომაც დაბეჯითებით შეგახსენებ, ჩემო 75 წლის კოლეგავ და მეგობარო, არ დაიღალო, არ ჩაგთვლიმოს, მკითხველს სწორედ ახლა, როგორც არასდროს სჭირდება შენი გამხნევება, თბილი სიტყვა, ვაჟკაცური შეძახილი და გვერდით დგომა.
მაგრად სდექ, ჩემო თეიმურაზ!


რეზო მიშველაძე
საქართველოს სახალხო მწერალი,
რუსთაველის პრემიის ლაურეატი.








კაი ყმას ყველა ასაკი შვენის


ცხოვრების საფეხურზე აღმა-დაღმა სვლას თეიმურაზ ლანჩავასათვის არასოდეს შეუცვლია მრწამსი და თავისი სამყარო, მწერლობისადმი უდიდესი სიყვარული.
მას ნაღდი კალამი შემორჩა დღემდე.
ბატონ თეიმურაზის გასაცნობად მხოლოდ წუთია საჭირო... ოდნავ მეტიც და, ეჭვიც არ შეგეპარება, რომ მთელი ცხოვრება იცნობდი. მასთან ურთიერთობაში ხალასი, თავისუფალი და გულწრფელი ხარ.
დაბრძენებულ კალმოსანს გულს უთბობს და სულს უფაქიზებს ახალგაზრდა  შემოქმედთა მოღვაწეობა, რომლის დასტურია მათდამი გულწრფელი მასპინძლობა და თანამდგომა, რითაც იგი გამორჩეული პიროვნებაა და ამიტომაც სჯერათ მისი და ენდობიან.
მწერლის ინტერესთა სფერო ისეთივე ფართო და მრავალფეროვანია, როგორც მისი ნიჭი, რომელიც აჟღერებულია პოეტურ სტრიქონებსა თუ პროზაში.
ფრთიანი თქმით, ორიგინალობით, გაბედულებითა და სინაზით, უშუალობითა და გულწრფელობით გამოირჩევა მისი სტრიქონები:
,,ლექსი სულია, არ შეიძლება
გაიგივება ხორცის და სულის,
ლექსი გრძნობაა, ემორჩილება
მარადისობის წამიერ სურვილს.“

ბატონი თეიმურაზი იმერეთში ატმის ყვავილობისას დაიბადა და ამიტომაც იუბილისადმი მიძღვნილი ლექსი მზის სხივითა და ნათლის სხივებით არის გამთბარი:
,,აპრილის თვე მოაბღავლებს ჭიშკარს,
შემახსენებს დაბადების ხალისს,
სახლის კარებს მოუთმენლად წიხლს კრავს,
სურნელებას შემომაფრქვევს ხვალის.“

წლების სიმრავლე თქვენს შემოქმედებას ვერაფერს დააკლებს.
კაი ყმას ყველა ასაკი შვენის...


მარიამ მარჯანიშვილი
ფილოლოგიის დოქტორი
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge