გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ვლადიმერ ემუხვარი - ქართულ-აფხაზური ერთობისათვის მებრძოლი აფხაზი მამულიშვილი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია, რითაც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი საქართველოს სახელმწიფოებრივი მართვა-გამგებლობის სისტემა ხასიათდება აშკარად და მკაფიოდ, ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის არაქართველ მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობაა. ქართველებსა და აფხაზებს შორის ბოლო ხანს განსაკუთრებით გამწვავებული ურთიერთობის ფონზე მეტად დიდ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ რუსული კოლონიალიზმის კირთებისგან ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისათვის ბრძოლისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში ქართველებთან ერთად აფხაზებიც იყვნენ აქტიურად ჩართული.
ამ თვალსაზრისით, მეტად ფასეული და მნიშვნელოვანია ის წვლილი, რაც გასული საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიაში აქვს შეტანილი ცნობილ აფხაზ პოლიტიკურ მოღვაწესა და პუბლიცისტს ვლადიმერ ემუხვარს (1890-1961 წწ. დაკრძალულია საფრანგეთში, აბონდანის სასაფლაოზე). სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის თავდადებით მებრძოლი ამ გულმხურვალე პატრიოტის ცხოვრება და მოღვაწეობა  დღემდე არ არის საფუძვლიანად შესწავლილი და სათანადოდ დაფასებული (ვ. ემუხვარის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ ჩემი ნაშრომი „ვლადიმერ ემუხვარი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი აფხაზი პუბლიცისტი და პოლიტიკოსი.“  ნიკოლეიშვილი, 2010: 366–405).
აღნიშნული ხარვეზის შესავსებად, უაღრესად საინტერესოა საქართველოს პარლამენტის ქართული ემიგრაციის განყოფილებაში დაცული პირადი წერილები, რომელთა ადრესატიც ცნობილი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე აკაკი ჩხენკელი იყო. როგორც ამ წერილებიდან ნათლად ჩანს, მიუხედავად სხვადასხვა პარტიებში ყოფნისა (ა. ჩხენკელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, ვ. ემუხვარმა კი 1917 წელს პარტიული მრწამსი შეიცვალა, სოციალ-დემოკრატიული პარტია დატოვა და ეროვნულ-დემოკრატი გახდა) და მსოფლმხედველობრივი პრინციპების განსხვავებულობისა, ვ. ემუხვარსა და ა. ჩხენკელს საქართველოში ცხოვრების დროსაც და ემიგრანტობის პერიოდშიც ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ ერთმანეთთან.
როგორც ხსენებული წერილებიდან ირკვევა, ვ. ემუხვარი თბილისის ახლადგახსნილი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ყოფილა. 1920 წელს, რამდენიმე წარჩინებულ სტუდენტთან ერთად, უნივერსიტეტს, ხელისუფლების დაფინანსებით, იგი ორი წლით სწავლის გასაგრძელებლად ბერლინის უნივერსიტეტში გაუგზავნია. სამწუხაროდ, 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგად გართულებული ვითარების გამო უცხოეთში მყოფი ვ. ემუხვარი და მისი მეგობრები უმძიმეს ეკონომიკურ გაჭირვებაში ჩავარდნენ. ისინი თბილისიდან არათუ სწავლის გასაგრძელებლად საჭირო თანხას ვეღარ ღებულობდნენ, არამედ სამშობლოში დასაბრუნებელი ფულის მოძიებასაც  კი ვერ ახერხებდნენ.
გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ვ. ემუხვარმა დასახმარებლად ა. ჩხენკელს მიმართა. გარდა იმისა, რომ იგი მისი უფროსი მეგობარი იყო, მან ეს ნაბიჯი იმიტომაც გადადგა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, მიუხედავად ემიგრაციაში გახიზვნისა, უფლებამოსილება ოფიციალურად ჯერ კიდევ არ ჰქონდა შეწყვეტილი. როგორც ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, ა. ჩხენკელი ამ დროისათვის პარიზში იმყოფებოდა. ვ. ემუხვარიც წერილებს თავის მეგობარს სწორედ იქ უგზავნიდა და დაბეჯითებით თხოვდა, ასეთ რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი სტუდენტებისათვის მას გაეწია დახმარება. თუმცა, მკითხველისთვის ადვილად გასაგებ გარემოებათა გამო, მის ამგვარ მცდელობას რეალური შედეგი არ მოჰყოლია და იგი იძულებული გახდა, ემიგრაციაში, კერძოდ კი საფრანგეთში, დარჩენილიყო.
მოგვიანებით, 1934 წლის 22 აპრილს, ა. ჩხენკელისადმი გაგზავნილ წერილში ემიგრაციაში დარჩენასთან და საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვ. ემუხვარმა შემდეგნაირად დაასაბუთა: „უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება არ წარმოადგენს თავის ერის წინაშე დანაშაულს, ასეთ დანაშაულს წარმოადგენს მხოლოდ მოქმედება თავის ერის წინააღმდეგ... რომ არსებობდეს დღეს ქართული ლეგაცია, როგორც დამოუკიდებელ საქართველოს იურიდიული წარმომადგენლობა, მაშინ ჩემ მიერ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება ენიშნებოდა საქართველოს მოქალაქეობის დატოვებას... ჩემთვის საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება არის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ჩემი ბრალი არ არის, რომ მე ასეთ მდგომარეობაში ჩავვარდი... ჩემი ბრალი არ არის, რომ ქართველი ერის ისტორია წაგებულ იქნა. მიზეზი ამისა არის სწორედ ის, რასაც შენ „ცხოვრების დუღილს“, რასაც მე „სიგიჟეს“ ვუწოდებ. ჩემის აზრით, შეუძლებელიც არის, რომ ერმა არ წააგოს თავის ბედ-იღბალი, როდესაც მაგალითად „ცხოვრების დუღილის“ მიერ ერის სათავეში წამოსკუპულნი არაფერს ეკითხებიან ისეთ პირს, როგორიც იყო ივანე ჯავახიშვილი, რომლის თავი უფრო დიდი იყო, ვინემ ყველა ჩვენი პარლამენტის წევრთა თავების საერთოდ აღებულის. ის გზა, რომელსაც ჩემი თეორია უჩვენებს ქართველ ერს, შეუძლებელს ყოფს ასეთ ნაირ ცხოვრების დუღილის ბატონობას. თუ ჩვენმა ახალგაზრდობამ მიიღო ეს ჩემი თეორია, მაშინ მისი გამარჯვება შესაძლებელია. ამით კი შეიძლება მომავალში მაინც ქართველ ერს ასცდეს წარსულის მსგავსი ხიფათნი...
ჩემს წინაშე საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება შეიქმნა როგორც აუცილებელი საჭიროება იმ აბსოლუტურ იზოლიაციის შემდეგ, რომელშიც მე ქართულმა ემიგრაციამ ჩამაყენა. მე მომივიდა კონფლიქტი აქაურ ქართულ ასოციაციისგან“.    
როგორც დამოწმებული ფრაგმენტიდანაც თვალნათლივ ჩანს, უცხო ქვეყანაში საბოლოოდ  დამკვიდრების მიუხედავად, ვ. ემუხვარი თავისი პოლიტიკური საქმიანობის უმთავრეს მიზნად კვლავაც ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად აქტიურ ბრძოლას ისახავდა. კერძოდ, მისივე ხაზგასმით, საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება არამც და არამც არ ნიშნავდა იმას, რომ ამ ნაბიჯის გადადგმით იგი „უარს ამბობდა თავის ვალზე ქართველი ერის წინაშე.“  პირიქით, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების სადარაჯოზე უღალატო ერთგულებით  მდგარი აფხაზი მამულიშვილი, რომელიც, მისივე თქმით, „ჯგუფურ ინტერესებზე მაღლა მუდამ ერის ინტერესებს აყენებდა“, დაბეჯითებით უსვამდა ხაზს იმ გარემოებას, რომ იგი გამუდმებით მხოლოდ „იმისთვის ლესავდა იარაღს, რომ ქართველი ერის სამსახურში მდგარიყო“.
ვ. ემუხვარის ასეთ გულმტკივნეულ საუბარს იმდროინდელი საქართველოს საჭირბოროტო პრობლემებზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს აფხაზი პუბლიცისტი და პოლიტიკოსი მხოლოდ სიტყვით კი არ იცავდა ასე აქტიურად, არამედ პრაქტიკული საქმიანობითაც. იგი უდიდესი აღშფოთებითა და სინანულით ხშირად წერდა ხოლმე იმ ტრაგედიაზე, რომელიც ბოლშევიკური აგრესიის შედეგად დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას. მისი შეფასებით, ამ ტრაგედიის შედეგად „ქართველი ერის ისტორია წაგებულ იქნა.“
ვ. ემუხვარის მთელი საზოგადოებრივი მოღვაწეობა და პუბლიცისტური მემკვიდრეობა  ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი  საქმიანობის უმთავრეს პრინციპად ქცეული მსოფლმხედველობრივი  თვალთახედვა – ჯგუფურ და ტომობრივ ინტერესებთან შედარებით ხალხის ინტერესების პრიმატი – უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისადმი უღალატოდ მსახურებაზე იყო დაფუძნებული. ნათქვამის დასტურად აქ მინდა იმ წერილის ფრაგმენტებიც დავიმოწმო, რომელიც ვ. ემუხვარს 1938 წლის 17 იანვარს გაუგზავნია ა. ჩხენკელისათვის. „ძვირფასო აკაკი.
იმ ღიას (იგულისხმება ღია ბარათი – ა. ნ.), რომელიც მე გუშინ გამოგიგზავნე, (მინდა) ზოგიერთი განმარტება გავუკეთო: მე მინდოდა, რომ ის ორი ბლოკი, რომელიც ჩვენს შორის არსებობდა, დარჩეს. შენ უნდა იმოქმედო შენებურად, დიპლომატიურად, მე კი ჩემებურად, ე. ი. ჩაქუჩით. მე ქართულ საზოგადოებას ვკარი წიხლი... თუ ამან მღელვარება გამოიწვია, მით უკეთესი საქმისათვის. მხოლოდ შენ უნდა იცოდე საქმის ნამდვილი მიზანი და... დიპლომატიურად უნდა დამიჭირო მხარი. შენ არა ხარ ვალდებული, რომ მე დამეთანხმო, მხოლოდ უნდა აუხსნა ხოლმე იქაურ ვირებს, რომ რასაც მე ვშობი, ვშობი პატრიოტულის განზრახვით. პატრიოტობა კი ფეხების ფხანას არ ნიშნავს და აგრესიული გამოსვლანი ჩემს წინააღმდეგ მოკლებულია ყოველ მნიშვნელობას. სიმართლე ჩემსკენ არის, და მე ამას ყოველთვის დავამტკიცებ. აქ სპეციალურად ჩემს გამო ჩამოვიდა ა. ასათიანი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი – ა. ნ.). მე იგი სამარცხვინო ბოძზე მივაკარი. მხოლოდ, აკაკი, ჩვენს შორის უნდა მოხდეს შეთანხმება ერთ კარდინალურ საკითხზე. უამისოდ ჩვენი თანამშრომლობა შეუძლებელია. ეს შეთანხმება ჩვენს შორის უნდა მოხდეს. შენ არა ხარ ვალდებული ამის საჯარო მანიფესტაცია მოახდინო. შენ შეგიძლია მხოლოდ ეცადო, რომ გაიგონ ჩემ მიერ აღებული პოზიცია. ეს არის საკითხი აბხაზ ინტელიგენტების ვალდებულებაზე. ასეთ ინტელიგენტად მე შენ მიმაჩნიხარ. შენ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ აბხაზეთის მიწა-წყალმა გამოგზარდა შენ და აბხაზეთმა გაგიკეთა შენ შენი პოლიტიკური კარიერა (აქ ვ. ემუხვარი, ეტყობა, ა. ჩხენკელის ცხოვრებასთან დაკავშირებულ ორ მთავარ ეპიზოდს გულისხმობს: პირველი, იმას, რომ მამამისი, როგორც სასულიერო პირი, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აფხაზეთში იყო მღვდლად განმწესებული და მეორე, 1912 წელს, მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს წევრად, იგი სწორედ აფხაზეთიდან იქნა არჩეული – ა. ნ.). მაშასადამე, რა არის ვალდებულება აბხაზ ინტელიგენტების: მე ვშიშობ, რომ ეს შენ ცალმხრივად გესმის. საქმე მარტო იმაში არ არის, რომ მოგებულ იქმნას ქართული საქმე აბხაზეთში; არამედ იმაშიც, რომ მოგებულ იქმნას აბხაზური საქმე საქართველოში. მაშასადამე, ვალდებულობა აბხაზ ინტელიგენტის არის, რომ ორ ფრონტზე ურტყას ჩაქუჩი. ჩემი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ 1918 წელს მე მხოლოდ პირველ ფრონტზე ვურტყამდი ჩაქუჩს, მეორე ფრონტზე კი მხოლოდ დიპლომატიურის გზით, პირადი მოლაპარაკებით ვმუშაობდი. ნამდვილად კი უნდა გამოვსულიყავი საჯაროთ. საჯაროთ უნდა დამერტყა ჩაქუჩი. სამწუხაროდ, მე ნაკლებათ ვიყავი მომზადებული პოლიტიკურ ბრძოლისათვის საერთო ქართულ ფრონტზე. მე ჩემი მისია აბხაზეთში გავათავე 1918 წლის მიწურულში, როცა დამარცხებულ იქმნა მეორე შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, შეთქმულება ძალიან მაგარი, აბხაზეთის საბჭო დახურული და საერთო საარჩევნო უფლების ნიადაგზე ნამდვილი აბხაზეთის საბჭოს არჩევნები გამოცხადებული. ამავე დროს, საქართველოში მზადდებოდა არჩევნები დამფუძნებელ კრებისათვის. ამა დროს ჩემმა სუხუმელმა ქართველ მეგობრებმაც მითხრეს მე, რომ მე სამოქმედო ასპარეზი გადამეტანა საქართველოში... მე მინდოდა თანამშრომლობა გამოცდილ ქართველ ინტელიგენტებთან ოპოზიციურ სფეროში და თანაც აბხაზეთის ფრონტზე არა როგორც აბხაზთა საბჭოს წევრი, არამედ როგორც დამფუძნებელ კრების წევრი... შენ დიპლომატიურად მხარი უნდა დამიჭირო. ერთმა შესანიშნავმა კონსტიტუციონალისტმა გამოსთქვა ერთი დებულება: ყველაზედ დიდი უბედურება სახელმწიფოსთვის არის ოპოზიციის უარსებობაო. ეს არის ერთი შეიძლება მთავარი მიზეზი საქართველოს დაღუპვის. აი ასეთი ოპოზიციისათვის, გაერთიანებულ კონსტრუქტიულ ფრონტისათვის ვიბრძოდი მე, ქართველმა მოღვაწეებმა უნდა დამაკმაყოფილონ მე ამ საკითხში, თუ მათ სურთ, რომ მე დავიცვა აბხაზეთში საქართველოს ინტერესებიც. ამ საკითხს მე კატეგორიულად ვსვამ. მიიღე ჩემგან მეგობრული სალამი. იმედი მაქვს, რომ გაიგებ ჩემს პოზიციას“.
მრავალმხრივ საინტერესო ეს წერილი განსაკუთრებულ ყურადღებას, პირველ ყოვლისა, იმით იმსახურებს, რომ მასში ქართველებსა და აფხაზებს შორის იმხანად არსებულ სირთულეებზეც არის ყურადღება გამახვილებული. დღევანდელი ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ აფხაზი პუბლიცისტი ამ პრობლემებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მსჯელობს და პრინციპულად შორს დგას ყოველგვარი სეპარატიზმისგან.
ყოველივე ზემოთქმული რომ სიმართლეა და ვ. ემუხვარის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მრწამსის ამგვარ შეფასებაში გადაჭარბებული არაფერია, ამის დასტურად  აქ ხსენებული წერილის ის ფრაგმენტები მინდა გავიხსენო, სადაც აფხაზი პუბლიცისტის პოლიტიკური თვალთახედვის განმსაზღვრელი პრინციპებია წარმოჩენილი.
ვ. ემუხვარის ხაზგასმით, მისი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის უმთავრესი მიზანი „აბხაზეთში საქართველოს ინტერესების დაცვა“ იყო, „ქართული საქმის მოგება აბხაზეთში“. თუმცა ყოველივე ზემოთქმული იმას არამც და არამც არ ნიშნავდა, თითქოს, ქართული ინტერესების ამგვარი ქომაგობით ვ. ემუხვარი საკუთარ ხალხს ღალატობდა. რასაკვირველია, არა. როგორც დამოწმებულ წერილშიც არაერთგზის არის აღნიშნული, თავისი ამგვარი პოლიტიკური მოღვაწეობით ვ. ემუხვარი მიზნად ისახავდა არა მარტო „ქართული საქმე ყოფილიყო მოგებული აბხაზეთში, არამედ აბხაზური საქმეც საქართველოში.“
ვ. ემუხვარი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და მისგან განშორებულად ვერ იარსებებდა. ამ იდეას იგი მარტო სიტყვით კი არა, საქმითაც რომ ემსახურებოდა, ეს იმითაც დადასტურდა, რომ ვ. ემუხვარმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული იმ აჯანყების ჩახშობაში, რომელიც აფხაზმა სეპარატისტებმა მოაწყვეს 1918 წელს რუსი ბოლშევიკების ორგანიზებითა და ხელშეწყობით.  ვ. ემუხვარის შეფასებით, ამ ფაქტით მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქვეყნოდ, რომ  იგი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე,  „ორ ფრონტზე ურტყამდა ჩაქუჩს“ და ერთნაირი ერთგულებით ემსახურებოდა მის მშობელ ხალხსაც და ქართველ ერსაც.
იმისათვის, რომ მის ამ საქმიანობას მეტი მასშტაბები შეეძინა, ვ. ემუხვარს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც ჰქონია გადაწყვეტილი და ამ საქმეში დახმარებისათვის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ სპირიდონ კედიასთვის მიუმართავს. მისივე თქმით, დამფუძნებელი კრების წევრად არჩევის შემთხვევაში, იგი უფრო აქტიურად იბრძოლებდა „აბხაზეთში საქართველოს ინტერესების დასაცავად“. მაგრამ შიგაპარტიულ ინტრიგათა და დაპირისპირებათა გამო, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა.
მიუხედავად ამისა, ვ. ემუხვარს ენერგიული ქართული საქმიანობა არც ამის შემდეგ შეუწყვეტია და იგი „ორ ფრონტზე“ წარმოებულ თავის ადრინდელ პოლიტიკურ მოღვაწეობას ემიგრაციაში ცხოვრების პერიოდშიც განაგრძობდა ძველებური აქტიურობით.
თავისი აქტიური პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მოღვაწეობით ვლადიმერ ემუხვარმა წარმატებით განაგრძო ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი თანაცხოვრების ის დიდი ტრადიცია, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ერთ სახელმწიფოში ჩვენი ხალხების უკონფლიქტოდ მკვიდრობის შედეგად. სწორედ ამ ტრადიციის ნათელ გამოხატულებად იქცა ის ფაქტი, რომ აფხაზი ხალხის ეს სახელოვანი შვილი, მთელი თავისი პარტიულ-პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში, აქტიურად იდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად მებრძოლი ქართველი მამულიშვილების გვერდით და თავდადებით იღვწოდა ამ მიზნის რეალურად მისაღწევად.
როგორც ითქვა, განახლებული რუსული იმპერიის მიერ ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ ოკუპაციის შემდეგ იგი იძულებული გახდა სამუდამოდ დაეტოვებინა საქართველო და მშობლიურ ნიადაგს მოწყვეტილი ადამიანის ტრაგიკული ცხოვრებით ეცხოვრა.
ამ შემთხვევაში, ხაზგასმით აღსანიშნავი ისიცაა, რომ საქართველოში ბოლშევიკური აგრესიის შედეგად შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამო, უცხოეთში გადახვეწილი აფხაზი პატრიოტი იქაც უმთავრესად ქართველების გვერდით განაგრძობდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას საბჭოთა რუსეთის კოლონიური უღლისაგან ჩვენი ქვეყნის გასათავისუფლებლად და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად.
საქართველოშიცა და ემიგრაციაში ყოფნის დროსაც, ვლადიმერ ემუხვარის პოლიტიკურ მოღვაწეობას ძალასა და ენერგიას, უპირველეს ყოვლისა, იმის დაუეჭვებელი რწმენა სძენდა, რომ ქართული სახელმწიფოს აღსადგენად და განსამტკიცებლად გამართულ ბრძოლაში თავისი აქტიური მონაწილეობით იგი იმავდროულად აფხაზეთის გასაძლიერებლადაც იბრძოდა. როგორც ვ. ემუხვარის ცხოვრება და მოღვაწეობა ადასტურებს, აფხაზი ხალხის ეს სახელოვანი შვილი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ დასაბამიდან ქართული სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად ქცეულ აფხაზეთს არსებობისა და განვითარების სხვა გზა ვერც მომავალში ექნებოდა.
როგორც ითქვა, სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლის პირველ წლებში ვ. ემუხვარი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მაგრამ შემდგომში მსოფლმხედველობრივი თვალთახედვა შეიცვალა და 1918 წლიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი გახდა. ახალ პარტიაში მისი გადასვლის განმაპირობებელ უმთავრეს ფაქტორად, უპირველეს ყოვლისა, ის ფაქტი იქცა, რომ მისთვის პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა ის ნიჰილისტური ეროვნული თვალთახედვა, რაც სოციალ-დემოკრატების პარტიული საქმიანობის უმთავრეს მიმართულებად იყო ქცეული.
ამ საფუძველზე უთანხმოება თავის ძველ პარტიულ მეგობრებთან მას ჯერ კიდევ ხსენებულ პარტიაში ყოფნის პერიოდშიც ჰქონია. აი, რას წერს თავად ვ. ემუხვარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართულ ემიგრანტულ ჟურნალ „სამშობლოში“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში (1937 წლის №21-22): „ჯერ კიდევ 1916 წელს, როცა მე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ვიყავი, დავიწყე თანამშრომლობა ქუთაისის ეროვნულ-დემოკრატიულ ორგანო „სამშობლო“-ში და ამ ორგანოს ფურცლებზე ვაკრიტიკებდი სოც.-დემ. პარტიის ოფიციალურ ხელმძღვანელთა პოზიციას ეროვნულ საკითხში. რასაკვირველია, ჩემი პოზიცია ეროვნულ საკითხში ბევრად უფრო ზომიერი იყო, ვინემ ეროვნულ-დემოკრატების...
1918 წელს, როცა გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩემთვის ზნეობრივად შეუძლებელი გახდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობა, ვინაიდან პარტია არ იწყნარებდა იმ კონსტრუქციულ ამოცანებს, რომელიც პარტიის წინაშე დაისვა. ერთადერთ კონსტრუქციულ ძალას მაშინ მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წარმოადგენდა. მაშასადამე, ჩემი ალაგი იყო სწორედ ეროვნულ-დემოკრატიულ ბანაკში და არა ანტისახელმწიფოებრივ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს სათავეში მოექცა და მის გონებრივ არსენალში კი გარდა მარქსის ფორმულირებისა, არაფერი მოიპოვებოდა.“
როგორც დამოწმებული ფრაგმენტითაც ნათლად ჩანს, ვლადიმერ ემუხვარი, ეროვნულ საკითხში პრინციპული უთანხმოების გამო, მის ძველ თანაპარტიელებს იმ დროს გამიჯვნია, როცა ისინი დამოუკიდებლობააღდგენილი ქვეყნის სათავეში მოვიდნენ. ეს მოვლენა აშკარა დადასტურებაა იმისა, ვ. ემუხვარის საზოგადოებრივ მოღვაწეობას საფუძვლად, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული თვალთახედვა რომ ედო და არა კარიერისტულ-კონიუნქტურული მისწრაფებანი.
ემიგრაციაში ცხოვრების პერიოდში, ვლადიმერ ემუხვარის პოლიტიკური მოღვაწეობის უმთავრეს ასპარეზად პუბლიცისტური საქმიანობა იქცა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა ქართულ ემიგრანტულ პრესაში გამოქვეყნებული მისი ის წერილები, რომლებშიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი ჩვენი ეროვნულ-პოლიტიკური ყოფის პრობლემური საკითხებია გაანალიზებული. ამ წერილებისადმი ინტერესს არსებითად ზრდის ის გარემოება, რომ ხსენებული საკითხები მათში უშუალოდ ავტორის მიერ სამსჯელოდ ქცეულ მოვლენათა თანამონაწილე პიროვნების მიერაა შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული მოვლენები ავტორს ცალკეულ შემთხვევებში პარტიულ-სუბიექტური თვალთახედვითაც აქვს გააზრებული, ვ. ემუხვარის პუბლიცისტურ წერილებში მაინც ბევრი რამაა უაღრესად საინტერესო იმჟამინდელი პოლიტიკური ვითარების გასარკვევად და გასაანალიზებლად.
ვ. ემუხვარის შეფასებით, გასული საუკუნის ათიან წლებში ფაქტობრივად „ორი საქართველო არსებობდა – საქართველო სოციალ-დემოკრატიული, რომელსაც ქართულ კულტურა-ისტორიასთან და ტრადიციასთან საერთო არაფერი ჰქონდა და მეორე საქართველო, სადაც სჩქეფდა ნაციონალური სული, საქართველო, რომელიც სცდილობდა შეენახა ქართული კულტურა, საუკუნოებით გარდმოცემული წარსულ მოქმედების ნაშთები“ (გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. I, 2001 წ. გვ. 501).
ვ. ემუხვარის პოლიტიკურ-პუბლიცისტური მოღვაწეობის შეფასების დროს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ აფხაზი ხალხის ეს დიდი წარმომადგენელი ამ „ორი საქართველოდან“ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უღალატო ერთგულებით იყო ჩამდგარი „იმ საქართველოს“ სამსახურში, რომელიც ეროვნული სულის, კულტურისა და ტრადიციების უმტკიცესად დაცვასა და შენარჩუნებას ცდილობდა.
ვ. ემუხვარის იმ პუბლიკაციათაგან, რომლებიც სიღრმისეულად წარმოაჩენს მის ეროვნულ-მსოფლმხედველობრივ თვალთახედვას, უაღრესად საინტერესოა ემიგრაციაში ცხოვრების პერიოდში საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობის ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ამავე სახელწოდების გაზეთის (გამოდიოდა 1926-1939 წლებში პარიზსა და ბერლინში) 1928 წლის XII და XIII, 1929 წლის XVII და XXI და 1930 წლის XXIV ნომრებში გამოქვეყნებული წერილი „ნაწყვეტი მოგონებიდან“ (ხსენებული პუბლიკაცია იხ. აგრეთვე: გ. შარაძე,  ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. I, 2001 წ. გვ. 500-524).
დასახელებული წერილი პირადად ჩემთვის ორი უმთავრესი თვალსაზრისითაა განსაკუთრებით საინტერესო: პირველი იმით, რომ იგი ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე გამოხატავს ავტორის ქართულ თვალთახედვას და მეორე, ხსენებული პუბლიკაციით ვ. ემუხვარმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქართველი სოციალ-დემოკრატების ანტიეროვნული პარტიული პრინციპებისადმი. ნათქვამის ნათელსაყოფად დავიმოწმებ შესაბამის ფრაგმენტებს დასახელებული წერილიდან.
1917 წლის შემოდგომაზე  საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების იმჟამინდელ თავმჯდომარეს გიორგი ყაზბეგს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ხარლამოვისთვის თბილისის ცენტრში მდებარე ალექსანდრეს ბაღში საქველმოქმედო სეირნობის გასამართად ნებართვა უთხოვია. სეირნობის გამართვის ორგანიზატორები ფიქრობდნენ, რომ ამ გზით მათი საზოგადოების მძიმე ფინანსური მდგომარეობა რამდენადმე მაინც გაუმჯობესდებოდა.
ამ ნაბიჯის გადასადგმელად მათთვის სტიმული იმასაც მიუცია, რომ მანამდე მსგავსი სახის საქველმოქმედო სეირნობები თურმე რუსულ და სომხურ საზოგადოებებსაც გაუმართავთ და საკმაოდ კარგი შემოსავალიც მიუღიათ. ხსენებული სეირნობის ჩასატარებლად ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარესთან მისვლა იმით ყოფილა განპირობებული, რომ მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვა მისი ნებართვის გარეშე აკრძალული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ხარლამოვს ყაზბეგის თხოვნა დაუკმაყოფილებია, სეირნობა მაინც ვერ გამართულა. ვ. ემუხვარის ინფორმაციით, ამის მიზეზი გამხდარა ის ფაქტი, რომ „საქმეში მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასრულებელი  კომიტეტი ჩაერია და ბაღს ვეტო დაადვა. კომიტეტის ხელმძღვანელნი კი ქართველები იყვნენ და მათში პირველი ალაგი ნ. ჟორდანიას ეჭირა. კომიტეტმა გადასწყვიტა, რომ არც ერთ კერძო საზოგადოებას უფლება არ უნდა მიეცეს, ბაღით ისარგებლოს და იგი მხოლოდ რევოლიუციონურ მიზნებისთვის უნდა იქმნეს გამოყენებულიო“. ამ გადაწყვეტილების მიღებით ნ. ჟორდანიამ და მისმა თანამოაზრე ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა უყოყმანოდ გააუქმეს არაქართველი ხარლამოვის მიერ იმ ქართული საზოგადოებისათვის მიცემული ნებართვა, რომელიც, ვ. ემუხვარის შეფასებით, „ქართული კულტურის მთავარ ცენტრსა და მის უძვირფასეს ლამპარს“ წარმოადგენდა. ვ. ემუხვარის შეფასებით, ამ ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისიც იყო, რომ ზემოთ აღნიშნულ ვითარებაში „ქართველების ინტერესს ქართველების წინააღმდეგ რუსი ხარლამოვი იცავდა.“
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, მიღებული გადაწყვეტილებით შეურაცხყოფილმა ხარლამოვმა თურმე უკან მაინც არ დაიხია და ამიერკავკასიის შინაგან საქმეთა კომისარს – აკაკი ჩხენკელს საქველმოქმედო აქციის მონაწილეთა დასაცავად ბაღთან შეიარაღებული მცველების დაყენება დაავალა. თუმცა, ვ. ემუხვარის ინფორმაციით, ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარის ეს მცდელობაც უშედეგოდ დამთავრებულა, რადგანაც ჩხენკელი, როგორც თავადაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მისი თანაპარტიელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უჭერდა მხარს და „ხარლამოვის თანახმა არ იყო.“
ქართველი სოციალ-დემოკრატები თავიანთ ამგვარ ქმედებას პირველ ყოვლისა „საქართველოში არსებული განსაკუთრებული პირობებით“ ხსნიდნენ. „ასეთი განსაკუთრებული მდგომარეობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოში ქართველების გარდა სხვანიც ცხოვრობდნენ, მაგ., სომხები, რომელნიც უმცირესობაში იმყოფებოდნენ“. მათი აზრით, ამგვარი „პატრიოტული პოლიტიკის“ გატარება  უმცირესობის დაჩაგვრას გამოიწვევდა. ვ. ემუხვარის შეფასებით, პირველ ყოვლისა, სწორედ საქართველოში მცხოვრები უმცირესობებისადმი სოციალ-დემოკრატების ასეთი ლოიალური დამოკიდებულებით იყო განპირობებული ის პოლიტიკა, რასაც ისინი მათ საამებლად ატარებდნენ.
ვ. ემუხვარის ეროვნულ-პოლიტიკური თვალთახედვის გასააზრებლად მეტად საინტერესოა ის შეფასება, რომელსაც იგი ილია ჭავჭავაძისა და ნოე ჟორდანიას მოღვაწეობას აძლევდა ერთმანეთთან შეპირისპირებული ფორმით. მისი აზრით, ამ ორი პიროვნების ეროვნულ-მსოფლმხედველობრივი მრწამსი არსებითად განსხვავდებოდა ერთიმეორისაგან. კერძოდ, განსხვავებით ი. ჭავჭავაძისაგან, რომელიც „საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეოლოგი იყო“ და მთელი თავისი მოღვაწეობის უმთავრეს მიზანს „ამ სახელმწიფოებრიობისთვის ნიადაგის მომზადება“ წარმოადგენდა, ნ. ჟორდანია „ქართველი ერის ნაციონალური გადაგვარების იდეოლოგი იყო“, პიროვნება, რომელიც თავისი „მოღვაწეობის განმავლობაში ნიადაგს უთხრიდა საქართველოს პოლიტიკურ თავისუფლების შესაძლებლობას და მისი პარტიის ბატონობა დამოუკიდებელ საქართველოს არსებობის დროს იყო თავგასული ფლანგვა და განადგურება იმისა, რაც ილია ჭავჭავაძის საქართველოს მიერ იყო შექმნილი“ (გ. შარაძე,  ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. I, 2001 წ. გვ. 508).  
ნ. ჟორდანიას პარტიულ-სახელმწიფოებრივი მოღვაწეობისადმი ვ. ემუხვარის  ამგვარ ნეგატიურ დამოკიდებულებას არსებითად განაპირობებდა ის ფაქტი, რომ თაობათა პერმანენტული, 117 წლოვანი, ბრძოლის შემდეგ, სწორედ ილიას საწინააღმდეგო გზით მავალი ის და მისი თანაპარტიელები აღმოჩნდნენ  მოქცეული სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობააღდგენილი ქვეყნის სათავეში.
ბუნებრივია, ვ. ემუხვარისათვის, როგორც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეების ერთგული მამულიშვილისათვის, ნაციონალურ ნიჰილიზმზე დამყარებული ის პარტიული პრინციპები, რომელნიც ნ. ჟორდანიასა და მისი თანაპარტიელების მოღვაწეობას ედო საფუძვლად, არსებითად იქნებოდა მიუღებელი. ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, აქ ხაზგასმით აღსანიშნავი ისიცაა, რომ ყველაფერს ამას აფხაზი ეროვნების კაცი წერს, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში აქტიურად მდგარი პიროვნება.
იმის გამო, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქვეყნის მმართველ უმთავრეს ძალად სოციალ-დემოკრატიული პარტია იქცა, ეროვნულ-დემოკრატები კი უმცირესობაში აღმოჩნდნენ, ვ. ემუხვარი, მსგავსად მისი პარტიელი მეგობრებისა, ოპოზიციონერის როლში გამოდიოდა და თავის წერილებში ყურადღებას პირველ ყოვლისა იმ ნაკლოვან მხარეებზე ამახვილებდა, რასაც, მისი აზრით, სოციალ-დემოკრატები უშვებდნენ ქვეყნის მართვა-გამგებლობის პროცესში.
ერთ-ერთი ასეთი დიდი შეცდომა, რაც, პუბლიცისტის აზრით, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა – საქართველოს დაპატრონებულმა ამ ბოროტმა სულმა“ (მისი სიტყვებია) – ქვეყნის სათავეში მოსვლის დროს დაუშვა, იმაში მდგომარეობდა, რომ სახელმწიფოებრივი მმართველობის დროს ნ. ჟორდანია და მისი თანაპარტიელები კადრებს ფაქტობრივად მხოლოდ პარტიული ნიშნის მიხედვით არჩევდნენ.
ვ. ემუხვარის ემიგრანტული პერიოდის პუბლიცისტიკა უაღრესად საინტერესო იმ თვალსაზრისითაცაა, რომ ავტორი ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებად და დაჯგუფებებად დანაწილებულ თავის თანამემამულეებს ეროვნული კონსოლიდაციისკენაც მოუწოდებდა აქტიურად. მაგალითად, „საქართველოს, – წერდა ის ერთგან, – ამჟამად აქვს ორი ფრონტი. მთავარია საგარეო ფრონტი, ბრძოლა მოსკოვის წინააღმდეგ საქართველოს განთავისუფლებისათვის. ამ ფრონტზე იბრძვის მთელი ერი და ყველა მისი პარტიები. საჭიროა ყველა ამ ფრონტის კიდევ მეტად განმტკიცება“ („სამშობლო“, 1938 წ. №25-26, გვ. 36).
როგორც წარმოდგენილი მასალებითაც თვალნათლივ ჩანს, თავისი პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მრწამსითა და მოქალაქეობრივი ცნობიერებით, ვ. ემუხვარი ქართულ ყოფასთან განუყოფელად შესისხლხორცებული ის პიროვნება იყო, რომელსაც აფხაზი ხალხის მომავალი მხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში ჰქონდა წარმოდგენილი. მისი არაერთგზისი ხაზგასმით, თავის „პოლიტიკურ კონცეფციებს იგი ქართველი ერის სიყვარულზე აგებდა და არა მიწიერ ვნებათა ღელვაზე ან ღვარძლიანობაზე.“
მართალია, ვ. ემუხვარი ეთნიკური წარმომავლობით ქართველი არ ყოფილა, მაგრამ თავისი ცნობიერებითა და ყოველდღიური ყოფით ისე განუყოფელად იყო შესისხლხორცებული ქართულ ისტორიულ და თანადროულ რეალობას, რომ იგი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა მივიჩნიოთ ამ რეალობის ღვიძლ ნაწილად. ასე რომ, ეთნიკურ არაქართველობას მისთვის სულაც არ შეუშლია ხელი, თავი ქართული სამყაროს განუყოფელ ელემენტად რომ მიეჩნია და მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
თუმცა ამ გარემოების ხაზგასმა ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ამით ვ. ემუხვარი თავის აფხაზურ ინტერესებს ივიწყებდა. რასაკვირველია, - არა. აფხაზი ხალხის დიდი შვილების მსგავსად, იგი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ ქართული სახელმწიფოს აღსადგენად და გასაძლიერებლად ბრძოლა იმავდროულად აფხაზთა თავისუფლებისა და ბედნიერი მომავლისათვის ბრძოლასაც ნიშნავდა.
ქართულ ისტორიულ რეალობასთან ამგვარი სისხლხორცეული სიახლოვე ვ. ემუხვარს კარგად რომ ჰქონდა გააზრებულ-გაცნობიერებული, ამის ნათელსაყოფად აქ  თუნდაც მისი ამ სიტყვების გაახსენებაც იქნება საკმარისი: „როდესაც ჩვენ უკეთებთ წარსულ საუკუნეების ისტორიას ინტერპრეტაციას, ერთ დოკუმენტს ვეყრდნობით, რომელიც ჩვენის აზრით ძალიან მჭევრმეტყველურად ღაღადებს იმას, თუ რა ტრაღიკული როლი ითამაშა ჩვენს წარსულში იმან, რასაც ერთხელ ბატონმა ივანე ჯავახიშვილმა... „უკაცობა“ უწოდა. ეს დოკუმენტი არის 1783 წელს ირაკლის მიერ რუსეთთან დადებულ ხელშეკრულების დამატება. იქიდან ჩანს, რომ ირაკლი რუსეთს სთხოვდა ექვს ზარბაზანსა და ორ ბატალიონ ჯარს. გული მიკვდება, როდესაც ამ დოკუმენტს ვკითხულობ ხოლმე. რამდენად სუსტი უნდა ყოფილიყო საქართველო, რომ მას თავის სუვერენიტეტზე ექვსი ზარბაზნისა და ორი ბატალიონი ჯარისათვის ეთქვა უარი!“ (ჟურნ. „კავკასია“, 1938 წ. №6-13, გვ. 18).
დამოწმებულ ფრაგმენტში ჩემთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, პირველ ყოვლისა, ის უდიდესი გულის ტკივილი იძენს, რითაც აფხაზი ერის ეს ერთ-ერთი გულმხურვალე შვილი აფასებს გარეშე მტრებისაგან აკლებულ-აწიოკებული საქართველოს სახელმწიფოებრივ უმწეობას. გული მიკვდება, როცა ამ უძლურების გამო მიღებულ დოკუმენტს ვკითხულობო, – ამბობს ვ. ემუხვარი გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ და ამ სიტყვების გახსენებაზე, მასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ის აფხაზებიც მახსენდებიან, რომელნიც ქართველებს მათ ყველაზე დიდ ეროვნულ მტრებად მიიჩნევენ.
განსხვავებით თავისი დღევანდელი თანამემამულეების დიდი ნაწილისაგან, ვ. ემუხვარი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ აფხაზი ხალხის სახელმწიფოებრივი მომავალი, მსგავსად გარდასული საუკუნეებისა, განუყოფელად უნდა ყოფილიყო დაკავშირებული საქართველოსთან. სწორედ ამ რწმენით სჯიდა და აფასებდა იგი ისტორიულ მოვლენებსაც და სამომავლო პერსპექტივებსაც.
მოკლედ, ასეთია უმთავრესი შტრიხები ვლადიმერ ემუხვარის ეროვნულ-პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მრწამსისა. სამწუხაროდ, აფხაზი ხალხის ამ თვალსაჩინო წარმომადგენლისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის თავდადებით მებრძოლი პოლიტიკოსის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტების დიდი ნაწილი, ჯერჯერობით, გამომზეურებული არ არის და თვით სპეციალისტებისთვისაც კი უცნობია.
მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ხელმისაწვდომი მასალების საფუძველზე მაინც შეიძლება იმის დაუეჭვებლად თქმა, რომ თავისი აქტიური პრაქტიკული მოღვაწეობითა და პუბლიცისტური შემოქმედებით ვლადიმერ ემუხვარმა უთუოდ შეძლო საგულისხმო ადგილის დამკვიდრება მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ქართული პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი აზროვნების ისტორიაში.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ქართული რეალიები ბულატ ოკუჯავას რომანში „გაუქმებული თეატრი. ოჯახური ქრონიკა“ ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ქართული რეალიები ბულატ ოკუჯავას რომანში „გაუქმებული თეატრი. ოჯახური ქრონიკა“ ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული მარიამ მარჯანიშვილი - ევროპის გზის სათავეებთან მარიამ მარჯანიშვილი - ევროპის გზის სათავეებთან ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ისტორია / მომხმარებლები გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები ცისკარა ფაჩულია -  ნაწყვეტი წიგნიდან:  ,,ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პრობლემები და კონფლიქტის მოგვარების  პერსპექტივები“ ცისკარა ფაჩულია - ნაწყვეტი წიგნიდან: ,,ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პრობლემები და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები“ ჟურნალი / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული ევგენი ბლიაძე  -  პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ისტორია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge